აფხაზეთი სოხუმი
ტექსტი მომზადებულია აფხაზურ მედიასა და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე. ტერმინები, ტოპონიმები, შეფასებები და მოსაზრებები მოცემულია იმ ფორმით, რომლითაც ისინი მიმოხილვის მასალების ავტორებმა გამოიყენეს.
აფხაზეთში 27 სექტემბერს აფხაზური ძალების მიერ სოხუმის აღების 33-ე წლისთავი აღნიშნეს. ქალაქი 1992 წლის 18 აგვისტოდან მოყოლებული ქართული ძალების კონტროლის ქვეშ 407 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. გადამწყვეტი სამხედრო ოპერაცია 16 სექტემბერს დაიწყო. ამ დღემ არა მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობა შეცვალა, არამედ, ფაქტობრივად, მთელი ომის შედეგიც განსაზღვრა: სულ რაღაც სამი დღის შემდეგ, 30 სექტემბერს, აფხაზურმა ჯარებმა მდინარე ენგურს მიაღწიეს.
გთავაზობთ აფხაზური მედიისა და სოციალური ქსელების მიმოხილვას იმის შესახებ, თუ როგორ აღინიშნა ეს დღე აფხაზეთში და რა განწყობები და ნარატივები დომინირებდა აფხაზურ საზოგადოებაში.
საზეიმო ღონისძიებებმა სამი ძირითადი ნარატივი გამოკვეთა, რომლებიც ამ დღეების საერთო ატმოსფეროში იგრძნობოდა.
2026 წლის 25–28 სექტემბერს დაგეგმილმა ოფიციალურმა სამახსოვრო ღონისძიებებმა მემორიალური ცერემონიები საზოგადოებრივ, კულტურულ და სპორტულ ცხოვრებას ორგანულად დაუკავშირა.
საზეიმო დღის დილა დიდების პარკში ყვავილებით შემკობის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო. დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგეს აფხაზეთის პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ, ვიცე-პრეზიდენტმა ბესლან ბიგვავამ, პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ დელბამ, პარლამენტის თავმჯდომარემ ლაშა აშუბამ, რუსეთის ელჩმა ვიაჩესლავ გლადკოვმა, ასევე დეპუტატებმა, ვეტერანებმა და დაღუპულთა ოჯახის წევრებმა. ყვავილები და გვირგვინები მიიტანეს სოხუმის მთაზე მდებარე მემორიალთანაც, რომლის გავლითაც 1993 წლის სექტემბერში ქალაქზე შეტევის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გადიოდა.
ბადრა გუნბას მისალოცი მიმართვა პრეზიდენტის ვებგვერდზე აფხაზურ და რუსულ ენებზე გამოქვეყნდა: „33 წლის წინ სამშობლოს მამაცი დამცველების მიერ გამოვლენილი სიმამაცისა და გმირობის წყალობით გათავისუფლდა ჩვენი დედაქალაქი – ჩვენი მშობლიური, უძველესი და მშვენიერი სოხუმი, რომელიც 13 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ოკუპაციაში იმყოფებოდა.“ გუნბამ ხაზი გასუვა, რომ მებრძოლები, „რომელთაც ვლადისლავ არძინბა მეთაურობდა, მტკიცედ იყვნენ დარწმუნებულნი, რომ მშობლიური ქალაქი გათავისუფლდებოდა. უმძიმესი განსაცდელებისა და სოხუმის გათავისუფლების წარუმატებელი მცდელობების მიუხედავად, ჩვენმა დამცველებმა უკან არ დაიხიეს და გამარჯვების რწმენა არ დაუკარგავთ.“
გუმისთის ხიდთან „აფხაზეთის დამცველების“ რესტავრირებული მემორიალი გაიხსნა. სოფელ გუმისთის (ყოფილი ცუგუროვკა) გამგებლის, ლევან ჩხეიძის თქმით, მემორიალი „თავდაპირველად დაღუპული მებრძოლების მშობლებმა შექმნეს – თავად აწყობდნენ მას და ფოტოები მოჰქონდათ.“ რესტავრაცია ადგილობრივი მცხოვრებლების ინიციატივით, რუსეთის პრეზიდენტის გრანტების ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა. გახსნის ცერემონიაზე სოხუმის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალხას ჭითანავამ განაცხადა: „ვისურვებდი, რომ არცერთი ხალხის ისტორიაში არ ყოფილიყო ისეთი მოვლენები, რომლებიც მრავალრიცხოვან მსხვერპლზე მოგვითხრობდა.“
მემორიალზე წარწერა ორ ენაზეა შესრულებული: „Хашҭра рықәымзааит Аҧсны афырхәцәа! მარადიული დიდება აფხაზეთის გმირებს!“
ქალაქის ხელმძღვანელობამ დაღუპულთა ხსოვნას პატივი სოხუმის მთაზე მდებარე მემორიალთან მიაგო. 1993 წლის სექტემბერში სწორედ ამ მთის გავლით მიიწევდნენ ძალები ქალაქისკენ. ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ აგრბამ განაცხადა: „სოხუმის გათავისუფლების დღე მხოლოდ გლოვის დღე არ არის — ეს სიამაყის დღეცაა. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება ისინი, ვინც სიცოცხლე შესწირა ჩვენი ქალაქის, ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებას.“
პოლიტიკურმა პარტიამ „ამცახარამ“ 27 სექტემბერს „ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი“ უწოდა. მისალოც განცხადებაში ნათქვამი იყო: „ამ ისტორიულ ბრძოლასა და მთლიანად განმათავისუფლებელ ომში განსაკუთრებული, გადამწყვეტი როლი შეასრულა პირველმა პრეზიდენტმა და მთავარსარდალმა ვლადისლავ გრიგორის ძე არძინბამ.“ მოხალისეებთან დაკავშირებით პარტიამ დაწერა: „მოხალისეთა ეს ურყევი ძმობა ნამდვილი სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.“ განცხადება ასე დასრულდა: „1993 წლის 27 სექტემბერი სამართლიანობის, სიმამაცისა და ჩვენი ხალხის შეუდრეკელი ნების ტრიუმფის დღეა.“
საზეიმო ღონისძიებების კულტურული და სპორტული ნაწილი მრავალფეროვნებითა და ღრმა სიმბოლიზმით გამოირჩეოდა.
სახელმწიფო ფილარმონიაში გაიმართა თეატრალიზებული წარმოდგენა „ქალაქი, რომელიც ელოდა“, რომელიც ავთანდილ ღარწკიას, ეკატერინა ბებიასა და ნიკოლაი ხაშიგის ნაწარმოებებს ეფუძნებოდა. აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში აპოლონ გურგულიას შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა. სოხუმის ქუჩებში მოეწყო დაბრკოლებათა რბოლა „აფხაზეთის ძალა“. შეიკრიბნენ სერგეი ბაღაფშის ხსოვნისადმი მიძღვნილი კალათბურთის საერთაშორისო ტურნირის, 3×3 ფორმატში, მონაწილეები და მსვლელობის „გამარჯვების მემკვიდრეები“ მონაწილეები. ამავე დროს, საფეხბურთო მოედანზე ერთმანეთს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფრონტების ვეტერანები დაუპირისპირდნენ.
თუ ოფიციალური ღონისძიებები დღესასწაულს მკაფიო სახელმწიფოებრივ ჩარჩოს უქმნიდა, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ მასალებსა და ვეტერანებთან ინტერვიუებში სოხუმის გათავისუფლების ისტორია მთელი თავისი დრამატიზმით წარმოჩნდა – ცოცხალი ადამიანური ემოციებითა და არაფორმალური, პირადი დეტალებით სავსე.
აფხაზეთის გმირმა ასლან კობახიამ საკუთარ Facebook-გვერდზე მემუარული ნარკვევების სერია გამოაქვეყნა. კობახია აღნიშნავს: „თავისუფლება საჩუქრად არავის მოუცია ჩვენთვის. ის ჩვენი ხალხის საუკეთესო ვაჟებისა და ქალიშვილების, ჩვენი სახელოვანი მოხალისეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად მოვიპოვეთ.“
სერიის სხვა პოსტები ფრონტის ეპიზოდებსა და კონკრეტულ ადამიანებს ეძღვნება. გამარჯვების აღსანიშნავად გამართული პირველი ბანკეტის შესახებ პოსტში კობახია აღწერს, როგორ ცეკვავდნენ ლეკურს ჩეჩენი მოხალისე ალხაზურ სულეიმანოვი და სომხური ბატალიონის მეთაური გალუსტ ტრაპიზონიანი: „ორი სახელოვანი მეომარი ცალ ფეხზე ცეკვავს, რადგან მეორე ფეხი ბრძოლის ველზე დატოვეს. მთელი დარბაზი ფეხზეა, დიდ ვლადისლავს კი თვალზე ცრემლი ადგას!!!“
ცალკე პოსტი თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, მუჰამედ კილბას ეძღვნება, რომელიც სოსნალიევთან და დბართან ერთად სოხუმის გათავისუფლების გეგმას ამუშავებდა: „ისინი კაბინეტებში მოკალათებულ ჩინოვნიკებად არასოდეს ქცეულან — ისინი ნამდვილი საველე მეთაურები იყვნენ.“
მედიასთან ინტერვიუებში ბრძოლების მონაწილეები იერიშისა და ფრონტის ყოველდღიური ცხოვრების დეტალებს იხსენებდნენ. რაზმ „უჩიტელის“ წევრმა რისმაგ აჯინჯალმა აღიარა, რომ თავდაპირველად არ შეეძლო დაეჯერებინა ცნობა სოხუმის დაცემის შესახებ. კოდორის ხიდთან მებრძოლების შეხვედრით და მათი ჩახუტებით ბედნიერება განიცადა.
ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსული მოხალისე ასლან აბაევი მინისტრთა საბჭოს შენობისთვის ბრძოლებში მონაწილეობდა. მან სამთავრობო შენობაზე იერიშის აღწერა დააზუსტა: დროშა ცეცხლმოკიდებული შენობის სახურავზე კი არ აღმართეს, არამედ მის მარცხენა ფლიგელზე. საკუთარ მოტივაციაზე საუბრისას აბაევმა ძმური მოვალეობის არსი ყველაზე მარტივი სიტყვებით გამოხატა: „ასე გვზრდიდნენ, რომ აფხაზები ჩვენი ძმები არიან. ძმა თუ გასაჭირში ჩავარდა, უნდა დაეხმარო.“
ოფიციალური ცერემონიები, ისევე როგორც ვეტერანებისა და სხვა ცნობილი პირების მოგონებები ომის პერიოდის შესახებ, მოწმობს, რომ 27 სექტემბერს აფხაზებისთვის ღრმა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. აქცენტი კეთდებოდა ერთიანობაზე, შეუდრეკელ სულისკვეთებასა და აფხაზი ხალხის მებრძოლ ხასიათზე. სწორედ ასეთი განწყობები და ნარატივები დომინირებდა აფხაზურ საზოგადოებაში.