ვაჭრობა და ტრანზიტი
ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირებაში ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას ბევრი ცენტრალურ მნიშვნელობას ანიჭებს. ამგვარი კავშირებით ბუნერივად ჩნდება თანამშრომლობა, რაც თავის მხრივ დიალოგის მეტ პერსპექტივას აჩენს. ენგურზე ვაჭრობის დარეგულირება დღემდე არ მომხდარა, თუმცა მიმდინარე წლის აგვისტოში ქართული მხრიდან აფხაზეთში ბენზინის შეტანის ფაქტმა ცხადყო, რომ პოლიტიკური ნების შემთხვევაში ეს ურთიერთობები შესაძლებელია რეგულარული გახდეს. აფხაზეთის გავლით სატრანზიტო მიმოსვლის აღდგენის საკითხი პერიოდულად ჩნდება მედია სივრცეში. ამ პერსპექტივებზე საუბრობდა აფხაზური ოპოზიციის ლიდერი ადგურ არძინბაც.
პარალელურად რუსულ-ქართული ურთიერთობებიც ახალ ფორმას იძენს. მტრული რიტორიკა თბილისისა და მოსკოვის განცხადებებში გაქრა. ქვეყნებს შორის პრინციპული უთანხმოება და კონფლიქტი კვლავ არსებობს, თუმცა კონფრონტაციის დონის კლებამ გააჩინა მოლოდინი, რომ აფხაზეთის საკითხზე რუსეთი კვლავ მოლაპარაკებების იდეას შეიძლება უჭერდეს მხარს.
ვაჭრობისა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების საკითხზე ვესაუბრეთ აფხაზ ექსპერტებს. ისინი შემდეგ ძირითად საკითხებსა და გარემოებებს უსვამენ ხაზს:
კითხვა: დღევანდელი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მდგომარეობისა და სპეციფიკის შეფასებისას, რუსულ-ქართული ურთიერთობების დათბობის ფონზე (რაზეც პოდკასტ „სრეზის“ მონაწილეები ადგურ არძინბასთან ერთად საუბრობდნენ), შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ქართულ მხარესთან დიალოგისთვის ახლა ხელსაყრელი მომენტია?
რესპონდენტი 1
იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებები საერთოდ არ მიმდინარეობს – ჟენევის დისკუსიები ხმედველობაში არ უნდა მივიღოთ – თუკი მოლაპარაკებები არსებობს ნებისმიერი დრო შეიძლება ჩაითვალოს მოსახერხებლად. ხოლო თუ შედარებისთვის კონკრეტულ დროის მონაკვეთს ავიღებთ, მაგალითად, საქართველოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე და მის შემდეგ, მე მიმაჩნია, რომ ახლა პოლიტიკური მოლაპარაკებების წარმართვისთვის ნაკლებად ხელსაყრელი პერიოდია, ვიდრე მანამდე იყო.
ჩემი აზრით, რუსეთთან დაახლოება საქართველოს მოქმედი მთავრობის საგარეო პოლიტიკის სტაბილურ ტრენდად იქცა. შესაბამისად, მათი ურთიერთინტერესების გადაკვეთის წერტილები, მათ შორის, შესაძლოა, ჩვენი ინტერესების საზიანოდაც, თეორიულად იზრდება. ხოლო იმაზე, თუ რაში მდგომარეობს საქართველოს საბოლოო ინტერესი რუსეთის მიმართ, ისევე როგორც იმაზე, თუ რაში მდგომარეობს რუსეთის საბოლოო ინტერესი საქართველოსა და აფხაზეთის მომავალთან დაკავშირებით, დღეს ცალსახა პასუხის გაცემა მიჭირს.
შეიძლება იყოს სხვადასხვა ვარიანტი, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც ჩვენთვის მაინცდამაინც მისაღები არ იქნება. მით უმეტეს, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში პოლიტიკური პროცესები ძალიან რთულ პირობებში მიმდინარეობს და ხშირად უკიდურესად გამწვავებულია. არ ვფიქრობ, რომ ამჟამად რუსეთი დაინტერესებულია აფხაზეთსა და საქართველოს შორის დიალოგით.
თუმცა, ამავდროულად მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკის ზოგიერთი მიმართულებით (მაგალითად, ენერგეტიკა და/ან ტვირთების შესაძლო ტრანზიტი) სავარაუდო თანამშრომლობის მიღწევისთვის გარკვეული პოლიტიკური დათბობის მოთხოვნილება არსებობს ან შეიძლება მომავალში გაჩნდეს.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს დროშიც კი, სხვადასხვა სახის შეთანხმებებისთვის ე.წ. „შესაძლებლობების ფანჯრები“ ყოველთვის არსებობს, შესაბამისად, მოლაპარაკებები ყოველთვის საჭიროა. ხოლო შეთანხმება უნდა შეგეძლოს.
რესპონდენტი 2
ჩემი აზრით, ქართულ-რუსული ურთიერთობების დათბობამ შესაძლოა მხოლოდ გაართულოს აფხაზურ-ქართული ურთიერთობები. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი გადასახედიდან ეს სწორედ ასე გამოყურება.
ამიტომ, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ივანიშვილის მთავრობა ჩვენთვის უფრო საშიშია, ვიდრე პირობითად სააკაშვილის მთავრობა. აქ, რა თქმა უნდა, არის ჩვენი მეზობლებისთვის არც ისე სახარბიელო ნიუანსები, რომლებიც უკავშირდება საქართველოსთან ყოფილი სსრკ-ის კონტექსტს გარეთ დამოკიდებულებას, მაგრამ ეს უკვე გეოპოლიტიკის სიღრმეებია, რომლებიც უშუალოდ არ უკავშირდება მოცემულ კითხვას – ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით…
სინამდვილეში სხვა რამ არის უფრო მნიშვნელოვანი: არანაირი შიდა რუსულ-ქართულ-აფხაზური მიზეზები არ ახდენს გავლენას ორმხრივი დარეგულირების პროგრესზე.
პირველი, დარწმუნებული არ ვარ, რომ არსებული სტატუს-ქვოს შეცვლა პროცესის ყველა მონაწილეს აწყობს.
მეორეც, ვთქვათ, ჟენევის პროცესის ფარგლებში არ ჩანან ძალები, რომლებსაც შესწევთ უნარი ქართულ ისტებლიშმენტში პოლიტიკურ ინერციას ებრძოლონ. ამიტომ, თუ აფხაზოცენტრისტული თვალთახედვიდან ვიმსჯელებთ, საჭიროა საკმარისად აღქმადი გარეგანი ფაქტორები, რომლებიც შეძლებდნენ ჩვენი ურთიერთობების პერსპექტივის გადაფორმებას.
დღეს ქართველი პოლიტიკოსები თავს საკმაოდ კომფორტულ პოზიციაში გრძნობენ იმისთვის, რომ არაფერი დათმონ: აფხაზეთის გაგრძელებული იზოლაცია, ფინანსურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ინსტიტუტებთან წვდომის ქრონიკული დეფიციტი და აქედან გამომდინარე ყველაფერი დანარჩენი. „რატომ უნდა მოველაპარაკოთ სუსტ მოწინააღმდეგეს, დაველოდოთ და ის თვითონ მოვა ჩვენთან ან ჩვენკენ უბიძგებენ“ – ასე ფიქრობენ ისინი.
მაგრამ აი, თუ ამ კონფიგურაციაში გამოჩნდებიან ახალი ცვლადები ან მოთამაშეები, მაშინ ქართულ-აფხაზური დიალოგი შესაძლოა სხვა დონეზე გადავიდეს. ასეთი მოთამაშეები შეიძლება იყვნენ როგორც რეგიონის ქვეყნები, ისე ჩერქეზული დიასპორა, რომლებსაც აქ შეიძლება ჰქონდეთ და, სავარაუდოდ, აქვთ კიდეც თავიანთი ინტერესები.
მოკლედ, თუ თქვენ ვითარდებით დამოუკიდებელ კონტექსტში და არ განიცდით სტაგნაციას, საქართველოს ტაქტიკა, რომელიც შეიძლება დახასიათდეს როგორც „ისინი ვერსად წავლენ“, აზრს კარგავს. სამაგიეროდ აზრს იძენს სხვა რამ: ნაწყენი სტუმრის პოზაში განუსაზღვრელად დიდხანს ლოდინი, თანაც მაშინ, როდესაც ეს სტუმარი კარგავს როგორც პოლიტიკურ, ისე – ეკონომიკურ ინტერესებს.
რესპონდენტი 3
ოფიციალურად არანაირი დათბობა არ ხდება. ჩვენ ვხედავთ უბრალოდ რაღაც პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომლებიც უკავშირდება კომუნიკაციების, ვაჭრობის განვითარებას და ა.შ. ოფიციალურად დიპლომატიური ურთიერთობები, როგორც ცნობილია, არ არსებობს.
რაც შეეხება ქართულ-აფხაზურ დიალოგს – თავისთავად დიალოგმა უნდა შექმნას პირობები კონფლიქტებით წარმოქმნილი პრობლემების გადასაჭრელად. ანუ დიალოგი არ არის თვითმიზანი, ის არის ინსტრუმენტი. ის უნდა იწარმოებოდეს ნებისმიერ პირობებში. იმიტომ, რომ დიალოგის ალტერნატივა არის კონფრონტაცია, ურთიერთპრეტენზიებისა და აგრესიული პროპაგანდის ზრდა.
ამ დიალოგის გზაზე, რა თქმა უნდა, არის დაბრკოლებები. უპირველეს ყოვლისა, საქართველოში მიღებულია კანონი („ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ — რედ.), რომელიც კრძალავს მოლაპარაკებების წარმოებას. ჩვენ გვაქვს ერთი ფორმატი, სადაც მხარეები წარმოდგენილნი არიან ექსპერტების სახით, ანუ არ არიან აღჭურვილნი უფლებამოსილებით, ხელი მოაწერონ რაიმე დოკუმენტს. აი ეს თვისებრივი განსხვავება გვაქვს მოლაპარაკებების პროცესისგან, რომელიც 2008 წლამდე გვქონდა.
2008 წლამდე ჩვენ წარმოდგენილნი ვიყავით კონფლიქტის მხარეებად, რომლებიც აღჭურვილნი იყვნენ შესაბამისი უფლებამოსილებით, ხელი მოეწერათ დოკუმენტებისთვის სხვადასხვა სფეროში და პასუხი აეღოთ მათ იმპლემენტაციაზე. შესაბამისი კანონმდებლობის მიღების შედეგად ამ ინსტრუმენტის ეს თვისება დავკარგეთ.
ახლა დიალოგი ჩვენთან შესაძლებელია მხოლოდ რაღაც არაფორმალურ დონეზე. ან ჟენევის დისკუსიების პლატფორმაზე. გვაქვს ის, რაც გვაქვს, მაგრამ უნდა ვისწრაფოდეთ სრულფასოვანი მოლაპარაკებების პროცესის გაცოცხლებისკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფორმალური დიალოგის ფარგლებში რამეზეც რომ შევთანხმდეთ, ვერ შევძლებთ მის რეალიზებას. ვერანაირად ვერ დავაფიქსირებთ და ვერ დავადასტურებთ მას ჩვენი ხელმოწერებითა და შესაბამისი შუამავლების ხელმოწერებით.
თუ ახლა ჩვენი შესაძლებლობა ჟენევის დისკუსიები და პლუს რაღაც არაფორმალური დიალოგია, მაშინ ჩვენ უნდა ვხედავდეთ უახლოეს მიზანს – ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების პროცესის რეანიმაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველთვის წავაწყდებით ელემენტარული პრობლემების გადაჭრის შეუძლებლობას.
კითხვა: ადგურ არძინბამ პოდკასტ „სრეზში“ ღიად ახსენა შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ თავისუფალი სატრანსპორტო მიმოსვლისა და ტრანზიტის შესაძლებლობა. შეიძლება თუ არა ასეთი პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარება წინ უძღოდეს ყოვლისმომცველ დარეგულირებას ან გახდეს მხარეებს შორის ურთიერთქმედების შესაძლებლობების თავისებური ტესტირება? შეიძლება თუ არა ეკონომიკური ურთიერთობები გახდეს ფაქტორი, რომელიც ხელს შეუწყობს შემდგომ პოლიტიკურ დარეგულირებას?
რესპონდენტი 1
სამწუხაროდ, ა. არძინბას მონაწილეობით პოდკასტი „სრეზი“ ჯერ არ მიხილავს, მაგრამ ჩემი მხრივ მოკლედ შემიძლია ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, დიახ, შეიძლება. შევეცდები ცოტა უფრო ფართოდ გავშალო ეს აზრი.
როდესაც მხარეები რაიმე საერთო ეკონომიკურ პროექტებში მონაწილეობის ფარგლებში იღებენ სარგებელს და/ან ეკონომიკურ დივიდენდებს, ეს ყოველთვის ან ძალიან ხშირად იწვევს როგორც თვითონ მოლაპარაკებების პროცესის გააქტიურებას, ისე პოზიციების დაახლოებისა და პოლიტიკური დიალოგის კალაპოტში ურთიერთკომპრომისების ძიებას. შესაბამისად, შესაძლო ეკონომიკური ურთიერთობები, რომლებშიც ორივე მხარე იქნება დაინტერესებული და სადაც თითოეული მხარე მიიღებს გარკვეულ ეკონომიკურ დივიდენდებს, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს მხარეებს შორის შემდგომ პოლიტიკურ დარეგულირებას.
საკითხავი მხოლოდ ის არის, თუ როგორ და რა სტატუსით/ხარისხით იქნება აფხაზეთი ჩართული ამ ეკონომიკურ პროექტებში. თუ აფხაზეთის მონაწილეობა წარმოდგენილი იქნება არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ პოლიტიკურადაც, რა თქმა უნდა, ეს იქნება გარღვევა არა მხოლოდ ეკონომიკაში, არამედ პოლიტიკურ დარეგულირებაშიც. ხოლო თუ აფხაზეთის მონაწილეობა იქნება მხოლოდ ტერიტორიული, მაშინ იმისგან, რომ გარკვეული ადამიანები ან ადამიანთა ჯგუფები რუხი სქემებით ფულს საკუთარ ჯიბეში ჩაიდებენ და არა სახელმწიფო ხაზინაში, პირადად მე ვერანაირ სარგებელს ან ისეთ ფაქტორებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენ შორის ფართო პოლიტიკურ დარეგულირებას, ვერ ვხედავ. ისევე, როგორც ვერ დავინახავ რაიმე რეალურ სარგებელს ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ამგვარი პროექტებიდან.
ხაზს გავუსვამ და ვიტყვი, რომ ეკონომიკურმა ფაქტორებმა შეიძლება ხელი შეუწყოს პოლიტიკურ დარეგულირებას. რა თქმა უნდა, ძალიან ვისურვებდი, რომ ჩვენი ქვეყანა ჩართული ყოფილიყო ისეთ ეკონომიკურ მარშრუტებსა და პროგრამებში, რომლებშიც დაინტერესებული იქნება როგორც აფხაზეთი, ისე მოსაზღვრე სახელმწიფოები და მსოფლიოს ძლიერი მოთამაშეები. ასეთ შემთხვევაში უფრო დარწმუნებული შეიძლება იყოს კაცი ჩვენს ტერიტორიაზე სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში.
რესპონდენტი 2
რაც შეეხება ეკონომიკური პროექტების შესაძლებლობას, გავლენა იქონიონ პოლიტიკურ დარეგულირებაზე, მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ეკონომიკური, ლოგისტიკური, კულტურული თუ სხვა პროექტი წარმოადგენენ ზედნაშენს პოლიტიკური საკითხების გადაჭრაზე ან სულ მცირე პოლიტიკური საკითხების მოგვარებაში მამოძრავებელ ფაქტორს წარმოადგენენ. მათ გადაჭრაში ძვრების არსებობაზე. თუ ასეთი ძვრები არ არის, ყველა მსგავსი საკითხის განხილვა უსარგებლოდ და არარეალისტურად მიმაჩნია. მეტიც, ჩემი აზრით, ეს ეწინააღმდეგება ჩვენს სახელმწიფო და პოლიტიკურ ინტერესებს და მათთან კონფლიქტში მოდის.
რესპონდენტი 3
მე უკვე მრავალი წელია ვსაუბრობ სასაზღვრო ვაჭრობის განახლების, სასაზღვრო ვაჭრობის ლეგალიზაციისა და სატრანზიტო სატრანსპორტო მიმოსვლის გახსნის აუცილებლობაზე. ამ პროექტის რეალიზაციას უდავოდ შეიძლება ჰქონდეს მულტიპლიკაციური ეფექტი და ეკონომიკური შედეგები და შეძლოს ხელი შეუწყოს პოლიტიკური კლიმატის შეცვლას, მხარეებს შორის ნდობის ამაღლებას. ანუ, გახდეს ნაბიჯი კონფლიქტის ტრანსფორმაციის გზაზე.
ამ ყველაფრის შედეგებს ჩვენ წინასწარ ვერ განვჭვრეტთ, ეს, ჩემი აზრით, იქნებოდა პოზიტიური გადაწყვეტილება საერთო რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, როგორც აფხაზეთისთვის, ისე საქართველოსთვის. იმიტომ, რომ საქართველოსაც წარმოექმნა საკომუნიკაციო – რაც გეოპოლიტიკურის ტოლია – პრობლემების სერია სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში საკომუნიკაციო სისტემის განვითარების ფონზე.
ჩვენ ჯერ არ ვიცით, მაგრამ პროცესი იქაც გაჭირვებით, მაგრამ დაიძრა. ხანგრძლივი წლების განმავლობაში იქაც სრული უკუსვლა/სტაგნაცია იყო, ახლა კი — „ტრამპის გზა“ (ოფიციალურად — Trump Route for International Peace and Prosperity, TRIPP), სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების აღდგენა ხდება. ეს ყველაფერი ტრანსფორმირდება საკომუნიკაციო, ანუ გეოპოლიტიკურ პროექტებში. ეს კი იწვევს სხვადასხვა მოთამაშის ინტერესების დისბალანსს. იქ წარმოდგენილნი არიან როგორც რეგიონული, ისე არარეგიონული მოთამაშეები – ირანი, რუსეთი, თურქეთი.
თუ სადმე ხდება ასეთი დისბალანსი ვიღაცის სასარგებლოდ, ის შეიარაღებული კონფლიქტების განახლების პოტენციურ საფრთხეს შეიცავს.
ამიტომ, მეჩვენება, რომ ეს პროექტი, ერთი მხრივ, ითამაშებდა სტაბილიზატორის როლს მთლიანად სამხრეთ კავკასიისთვის. იმიტომ, რომ ის გაითვალისწინებდა სხვადასხვა მოთამაშის ინტერესებს.
მეჩვენება, რომ კავკასიაში სტაბილურობაზე საუბარი შესაძლებელია, თუ საკომუნიკაციო კომპლექსი მთლიანად არ ამოქმედდება, არ გაიხსნება რკალები თავისუფალი ვაჭრობისთვის. ეს უშუალოდ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების ტრანსფორმაციას შეუწყობს ხელს. ეს საქართველოსთვისაც ხელსაყრელია. იმიტომ, რომ ის აღადგენს თავის შერყეულ როლს, როგორც ყველაზე მთავარი სატრანზიტო ქვეყნისა სამხრეთ კავკასიაში. საქართველო ისტორიულად თამაშობდა ასეთ როლს.
ანუ, თუ მთლიანობაში სამხრეთი კავკასია გადაიქცევა ხიდად ევროპასა და დასავლეთ აზიას შორის, ამან შეიძლება მოგვიანებით სხვა რეგიონებში პრობლემების მოგვარების ათვლის წერტილადაც კი იმოქმედოს. იმიტომ, რომ ჩვენ მაინც გლობალური არასტაბილურობის პერიოდში ვიმყოფებით და ასეთ წერტილებს, სადაც მსხვილი მოთამაშეები შეთანხმდებიან, შედეგები შეიძლება სხვა რეგიონებშიც ჰქონდეს.
თუ აქ მიღწეული იქნება რაიმე ურთიერთმისაღები შედეგი, გარკვეული კომპრომისი ამ აქტორებს შორის: ევროკავშირი, აშშ, თურქეთი, ირანი, რუსეთი და ა.შ., შეიძლება მოგვიანებით ეს პრეცედენტი გადატანილ იქნას სხვა რეგიონებზეც. იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან მსოფლიოში დამყარდება ძალთა ბალანსი. ხოლო ძალთა ბალანსს ყოველთვის მიჰყავს საქმე ახალი საერთაშორისო წესრიგის დამყარებამდე.
ახლა მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ სანამ ძალთა ბალანსი არ არის დამყარებული და მიმდინარეობს კონკურენცია ეს სპონტანურად მოხდება. მიმდინარეობს ურთიერთობების გამწვავება. ეს შეიძლება გადაიზარდოს ძალიან სახიფათო მოვლენებში. ამასთან, არავისთვის არ არის სასურველი, რომ სამხრეთ კავკასია დენთის კასრად გადაიქცეს. ამიტომ ასეთი პროექტები ხელს უწყობს დეესკალაციას, თუნდაც რაღაც ლოკალურ დონეზე.
ბევრი რამ შეიძლება ახლა არარეალიზებადად ჩანდეს, მაგრამ თუ უბრალოდ დივანზე იჯდები, არასდროს არაფერი ამოქმედდება.
ამ გაგებით აფხაზური როლი როგორია? აფხაზური მხარის, ექსპერტული საზოგადოების, მთავრობის და ა.შ. როლი შეიძლება მდგომარეობდეს საინფორმაციო სივრცეში ჩვენთვის ხელსაყრელი დისკურსის ფორმირებაში. უნდა გავუწიოთ პროპაგანდა იმ მოდელებს, რომლებიც შეიძლება საინტერესო იყოს არა მხოლოდ შენთვის, არამედ, შესაძლოა, შენი ოპონენტებისთვის და, ბუნებრივია, შენი მოკავშირეებისთვის.
ყოველგვარი იდეოლოგიური შეზღუდვებისგან/ჩარჩოებისგან თუ გავთავისუფლდებით, ეს იქნება სასარგებლო გეოპოლიტიკური პროექტი, საინტერესო როგორც რუსეთისთვის, ისე საქართველოსთვის. ჩვენს შესაძლებლობებშია ამის შეთავაზება და გარკვეული მოდელების პიარი. ეს უნდა იყოს ჩვენი პროგრამა მინიმუმი. მათ შორის ჟენევის პლატფორმაზეც, სხვათა შორის. შეიძლება ჟენევის პლატფორმის შესაძლებლობების, საინფორმაციო შესაძლებლობების გამოყენება ამა თუ იმ იდეის წინ წასაწევად. აი, რისი გაკეთება შეგვიძლია ჯერჯერობით.
ჩვენზე ბევრი რამ არ არის დამოკიდებული. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ აფხაზეთი უნდა არსებობდეს, როგორც სახელმწიფო და ა.შ., მას უნდა ჰქონდეს საერთაშორისო ფუნქცია. აი, თუ შენ რაიმე გლობალურ პროექტში ჩაეწერე შენი, თუნდაც მცირე, მაგრამ ფუნქციით, მაშინ მაინც დაგელაპარაკებიან, აწარმოებენ დიალოგს, შენ იქნები რაიმე პროცესის სუბიექტი. ეს უკვე ამყარებს, სულ მცირე, უსაფრთხოების ფაქტორს.
თუ, ვთქვათ, აქ ამოქმედდა რაიმე მსხვილი პროექტი, ეს უსაფრთხოების ფაქტორია. ჩვენთვის ის პირველხარისხოვანია – საბრძოლო მოქმედებების განუახლებლობა.
აი, ჩვენ გვქონდა პრეცედენტი 1998 წელს, როდესაც ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების განახლების ზღვარზე ვიყავით – მათაც ეგონათ, რომ ძალიან სწრაფად გადაჭრიდნენ გალის რაიონის პრობლემას და დაიკავებდნენ გალის რაიონს. როგორც მაშინ ჩვენთვის გახდა ცნობილი, საქართველოში იმ სახელმწიფოების ელჩებმა, რომლებიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის რეალიზაციაში მონაწილეობდნენ, საქართველოს ხელისუფლებას ესკალაციის შეჩერება მოსთხოვეს, რადგან ეს შეუთავსებელი იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის განვითარებასთან, რადგან ყველა ისინი ამა თუ იმ ხარისხით იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში. ანუ ასეთი დიდი საკომუნიკაციო პროექტები ხელს უწყობს რეგიონულ სტაბილურობას.
კითხვა: ჟენევის დისკუსიების არსებულ ფორმატში, როგორც ცნობილია, განიხილება 2008 წლის კონფლიქტის მიზეზები. იქ პრაქტიკულად არ ეხებიან უშუალოდ 1992–1993 წლების ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს. ამ ფორმატში ბევრი შუამავალია და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური კონტაქტები არ არის, არსებობს თუ არა რისკი იმისა, რომ ამ „რუსულ-ქართულ ტრეკზე“ აფხაზეთი, როგორც კონფლიქტის მონაწილე, საბოლოოდ განდევნონ/გამოთიშონ?
რესპონდენტი 3
ვფიქრობ, არის საკითხები, რომლებზეც ჩვენს გვერდის ავლით შეთანხმება შეუძლებელია. იმ ვალდებულებების გამო, რომლებიც ჩვენ ავიღეთ, როდესაც რუსეთმა ცნო აფხაზეთი, ხელი მოაწერა ჩვენთან შეთანხმებების მთელ პაკეტს – ეს ასე უბრალოდ ვერ გაქარწყლდება. და რუსეთის ხელმძღვანელობა ამასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებების უკან წაღება შეუძლებელია. ამიტომ, ისინიც (საქართველო — რედ.), იმის გამო, რომ შეზღუდულნი არიან ამ კანონმდებლობით, მუდმივად ჩიხში იმყოფებიან. მათ შეუძლიათ სიტუაციური რაღაცების გადაჭრა. იქ ხომ არის რუსეთის კვაზი-საელჩოს წარმომადგენლობა საქართველოში და საქართველოსი რუსეთში, შვეიცარიის დროშის ქვეშ.
მაგრამ ეს ყველა მექანიზმი ატროფირებული იქნება მანამ, სანამ არ გაუქმდება ეს კანონმდებლობა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. იგივეა ჟენევის პროცესზეც. ის თითქოს იმეორებს იმავე სამუშაო ჯგუფებს, რაც საკოორდინაციო საბჭოში იყო 2008 წლამდე, მაგრამ უფლებამოსილებები არანაირი არ არის, რადგან არ არის თვისებრივი მდგომარეობა იმისა, რომ არსებობს მოლაპარაკებების ორი სუბიექტი, როგორც ჩვენთან იყო.
სხვათა შორის, ეს პროპაგანდისტული დისკურსი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ოფიციალურად 2008 წელს დაფიქსირდა. ვფიქრობ, ეს გაკეთდა საქართველოში იმჟამინდელი შიდაპოლიტიკური გარემოებებიდან გამომდინარე.
მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი შეხვედრები და კონტაქტები საკმაოდ ინტენსიურ ხასიათს ატარებდა. ტარდებოდა საკოორდინაციო საბჭოს ოთხი შეხვედრა: ორი აფხაზეთში, ორი საქართველოში. მათ შორის ტარდებოდა სამუშაო ჯგუფების სესიები, ასევე მორიგეობით – ხან აფხაზეთში, ხან საქართველოში. ტარდებოდა რეგულარული შეხვედრები ჭუბურხინჯში, დელეგაციების, ჟურნალისტების ვიზიტები, ანუ ჩვენ საკმაოდ ინტენსიური დარეგულირების პროცესი გვქონდა. ახლა კი ეს აღიქმება როგორც ზღაპარი, არადა ეს ყველაფერი იყო, მაგრამ ვერ აღდგება, სანამ ეს დაბრკოლებები (კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ — რედ.) არ აღმოიფხვრება. მანამდე კი პრობლემები გროვდება იმიტომ, რომ რიტორიკა (აგრესიული — რედ.) ძლიერდება, პოპულისტები იკრებენ ძალებს.
ჩვენ ვხედავთ საქართველოში როგორი აქციები/მიტინგები ტარდება რეგულარულად. ეს, სხვათა შორის, შიდაპოლიტიკური პრობლემაცაა თვითონ საქართველოს ხელისუფლებისთვის. ეს ყველაფერი არის საკითხები, რომლებიც საზოგადოებაში დგას და რაიმე პასუხს ვერ პოულობს. პლუს ის პრობლემები, რომელთა გადაჭრაც ადრე მოლაპარაკებების გზით შეგვეძლო, ისინი, რომლებიც ჩვენ გვინტერესებდა, უბრალოდ გროვდება.
პუბლიკაციებში გამოყენებული ტოპონიმები და ტერმინოლოგია, აგრეთვე მათში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები, ყოველთვის არ ასახავს გამომცემლის შეხედულებებსა და პოზიციას.