აფხაზეთის დაბრუნების ხედვები. დებატები ქართულ პოლიტიკურ წრეებში. ნაწილი მესამე

FacebookXMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

საქართველოს გაერთიანების ხედვა

ნიკა გვარამიას ინტერვიუს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მოგვარების საკითხზე მისეულ ხედვებს ქართულ საზოგადოებაში ფართო დისკუსია მოჰყვა. მან აფხაზეთის დაბრუნების იდეა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასა და შუა დერეფნის სავაჭრო გზის პერსპექტივებს დაუკავშირა. 

გვარამიას მალევე უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა. მან აქცენტი კონფლიქტის რუსულ-ქართულ განზომილებაზე გააკეთა. მისი თქმით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რუსეთის დასუსტების პირობებში ნებისმიერი მეთოდით უნდა მოხდეს.

თავისუფალი ხალხის პარტია-ს მიხედვით ქართულ-აფხაზურ ურთიერთობების აღდგენაში ვაჭრობას ცენტრალური ადგილი უკავია, ქართული ოცნებისა თუ სააკაშვილის პოზიციები ან ილუზორულია, ან – მილიტარისტული.

ამ თემაზე დისკუსიას ცალკე გამოეხმაურა პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია.

ის პრობლემაზე საუბრისას შემდეგ თემებზე აკეთებს აქცენტს და ხაზს უსვამს მოქმედების შემდეგ აუციელებელ ნაბიჯებს:

  • კონფლიქტის არსი: რუსული აგრესია და არა ეთნიკური დაპირისპირება. ბოკერია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აფხაზეთში მიმდინარე ომი იყო რუსეთის პირდაპირი სახელმწიფო აგრესია ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ის უარყოფს პრობლემის ეთნიკური შემადგენლის მნიშვნელობას, რადგან ეს მიდგომა ზუსტად იმეორებს კრემლის ნარატივს, რომელსაც სურს რუსეთი წარმოაჩინოს არა აგრესორად, არამედ „მშვიდობისმყოფელად“.
  • მცდარი პარალელების (ფაშინიანი/ყარაბაღი) და „ტრავმების დავიწყების“ უარყოფა. ბოკერია განმარტავს, რომ სომხეთი დამარცხდა რუსეთის ღალატისა და სამხედრო წარუმატებლობის გამო, ხოლო ამ პარალელის საქართველოსთან გავლება უმძიმესი შეცდომაა. ის უარყოფს იდეას, თითქოს რუსული სამხედრო დანაშაულებების გახსენება ხელს უშლის შერიგებას – პირიქით, ისტორიული სიმართლის თქმა აუცილებელია მტრის პროპაგანდასთან დასაპირისპირებლად.
  • მშვიდობა ძალის, მზადყოფნისა და დასავლური ალიანსების მეშვეობით და არა პაციფიზმით. ბოკერია უარყოფს ფსევდო-პაციფიზმს, ძალის გამოყენების მზაობის გამორიცხვასა და გზავნილებს, თითქოს „ახალი თაობა პაციფისტურია“. მისი თქმით, ეს არის უმწეობისა და დემორალიზების ტირაჟირება, რაც ივანიშვილის რეჟიმისა და რუსეთის ინტერესებში შედის. რეალური მშვიდობა და აგრესიის შეკავება შესაძლებელია მხოლოდ ძლიერი ჯარით, თავდაცვისუნარიანობითა და ნატო-სთან, აშშ-სთან, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთთან მჭიდრო მოკავშირეობით.
  • სამოქალაქო ნაციონალიზმი „ქართულ-აფხაზური სახელმწიფოსა“ და ეთნიკური კვოტების სანაცვლოდ. ბოკერია აკრიტიკებს გვარამიასა და სააკაშვილის იდეებს „ქართულ-აფხაზური სახელმწიფოს“ შესახებ. ასეთი მოდელები სახელმწიფოს დაშლისა და დისფუნქციურობისთვის წირავს. სანაცვლოდ, ის გვთავაზობს სამოქალაქო ნაციონალიზმს: ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო, სადაც ყველა მოქალაქე თანასწორია (ეთნიკური წარმოშობის მიუხედავად), არსებობს ფართო რეგიონული თვითმმართველობა, ხოლო თავდაცვა და საგარეო პოლიტიკა ცენტრალური ხელისუფლების ხელშია.
  • რუსული ოკუპაციის, როგორც მთავარი ბარიერის, აღიარება. ბოკერია მოუწოდებს საზოგადოებას, გათავისუფლდეს ილუზიებისგან, თითქოს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ლოკალური პროტესტები რუსეთისადმი რეალურ წინააღმდეგობას ნიშნავს, ან თითქოს მხოლოდ ეკონომიკური შეთავაზებებით შესაძლებელია პრობლემის მოგვარება. მთავარი ბარიერი არის რუსული სამხედრო-პოლიტიკური ოკუპაცია, რომლის განეიტრალებაც არის პირველხარისხოვანი ამოცანა.
გიგა ბოკერია

ვიდეო მიმართვის სრული ტექსტი:

გიგა ბოკერია: რატომ არის ძალიან სერიოზული პრობლემა პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას გზავნილი აფხაზეთთან დაკავშირებით?

ფრაზები ნიკა გვარამიას ინტერვიუდან:

  • აფხაზთა და ქართველთა ერთიან სახელმწიფოში – კი ბატონო, ესე იყოს
  • ყარაბაღი ხომ ჩაბარება იყო? სომხეთმა თქვა, რომ „მომაშორეთ“.
  • არ შეიძლება ყველაზე უფრო მძიმე შიშებს ადამიანებს ყოველდღიურად უღვივებდე, ნაცვლად იმისა, რომ დაავიწყო.
  • ამიტომ ვარ აღფრთოვანებული ფაშინიანით. ამ კაცმა რაც შეძლო, ეს არის ტრავმების დამარცხება.
  • აფხაზებს ვთავაზობთ კარგ ცხოვრებას და არ არსებობს აფხაზი, რომელიც კარგ ცხოვრებაზე ამბობს უარს.

გიგა ბოკერია: და გარკვეული თვალსაზრისით რატომ არის ეს უფრო დიდი პრობლემაც კი ვიდრე ცალკე აღებული ივანიშვილის რეჟიმის მოღალატეობრივი პროპაგანდა?

ფრაზა ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლიდან: ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვუხადოთ.

გიგა ბოკერია: ან სხვა გზააბნეულების [იაგო ხვიჩიას, გირჩებისა თუ პაატა ზაქარეიშვილების] მავნებლური გზავნილები?

ფრაზა იაგო ხვიჩიას ინტერვიუდან: ჩემი აზრით ჩვენ ჯერ აფხაზეთთან შერიგების გეგმა უნდა შევთავაზოთ საქართველოს.

გიგა ბოკერია: იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მტრის ის პროპაგანდაა ყველაზე უფრო ეფექტური, რომელიც მისი გულწრფელი ოპონენტების რიგებში აღწევს. მე ნიკა გვარამია ასეთად მიმაჩნია. ის ჩვენი, პარტია ფედერალისტების პარტნიორია ოპოზიციურ ალიანსში. მან ამ პერიოდში მიიღო უამრავი სრულიად უსამართლო ცილისმწამებლური თავდასხმა ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისგან, რომ “აფხაზეთის დათმობა უნდა.” ამას აჰყვა სააკაშილი და მისი გარემოცვა, რომელიც უკვე კვირეებია პარტია “ახალის” წინააღმდეგ სრულიად ცილისმწამებლურ კამპანიას აწარმოებს. ეს უსამართლოა. ოღონდ, ამაზეა ნათვქამი, რომ მან თავის თავს უნდა დააბრალოს რომ ეს ამბავი დაემართა.

დავიწყოთ ერთ-ერთი საკვანძო საკითხით: სომხეთისა და ფაშინიანის მაგალითის ხსენებით.

ნაწყვეტი ნიკა გვარამიას ინტერვიუდან: მე ამიტომ ვარ სინამდვილეში ფაშინიანით აღფრთოვანებული. ამ კაცმა რაც შეძლო ეს არის ტრავმების დამარცხება.

გიგა ბოკერია: აქვე კიდევ ერთხელ ვაზუსტებ, რომ ბატონმა გვარამიამ იქვე თქვა, რომ არ ავლებს პარალელს სომხეთ-ყარაბაღისა და აზერბაიჯანის ვითარებას საქართველოსა და აფხაზეთს შორის. ანუ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აყენებს ეჭვქვეშ. ამაში მე ეჭვი ისედაც არ მეპარებოდა, მაგრამ კიდევ უფრო მძიმეა მაშინ მასშტაბი ამ სრულიად მავნებლური შეცდომის.

ამ პარალელს თუ არ ატარებ და თავადაც იძახის არ ვატარებო – რა შუაშია საერთოდ ფაშინიანის და სომხეთის ხსენება?! სად და რაში არის პოლიტიკური, ან გეოპოლიტიკური, მორალური თუ ნებისმიერი სახის პარალელი ამ ვითარებებში? რა შუაშია საერთოდ ფაშინიანი? საქართველოს ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიისა და მოქალაქეების, სახელმწიფოს პოზიცია ყოველთვის იყო აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება. ანუ იმ საზღვრების აღიარება, რომელიც ჩამოყალიბდა საბჭოთა ბოროტების იმპერიის რღვევის შემდეგ. რომლის ფარგლებში საქართველოს შემადგენლობაშია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ეს არის ჩვენი პოზიცია.

აქედან გამომდინარე ჩვენი პოზიცია იყო, რომ სომხეთს ჰქონდა არამხოლოდ ყარაბაღი, მაგრამ ყარაბაღის მიღმაც აზერბაიჯანის რაიონები ოკუპირებული. აზერბაიჯანმა ეს ტერიტორიები დაიბრუნა და აღადგინა კონტროლი მის სუვერენულ ტერიტორიაზე. აქ რომ პარალელი არ არსებობს – უდავოა. აბა რაღაშია პარალელი?

აქ მე მოვისმინე საოცარი ფრაზა. ჩემთვის სრულიად გაუგებრად თვითონ ჟურნალისტიც აჰყვა და წამოჭრა ეს საკითხი, რომ თურმე ფაშინიანმა რაღაც ტრავმებს შეაგუა სომხური საზოგადოება და იმ ტრავმებს შეაგუა, რომლებიც პრობლემა იყო სომხეთის განვითარებისთვის. აქ რაღაც პარალელი გაატარეს სომხეთის ტრადიციულ პოზიციასთან, როდესაც ისინი თურქეთის ხელისუფლებას თხოვდნენ სომხეთა გენოციდის აღიარებას. და ამასთან ერთად ყარაბაღის დაკარგვასაც შეაგუა.

ნაწყვეტი ნიკა გვარამიას ინტერვიუდან: იგივე გააკეთა და კიდევ უფრო მძიმე იყო ეს ყარაბაღთან დაკავშირებით. ყარაბაღი რეალურად ხომ ჩაბარება იყო. იყო ომი და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში სომხეთმა თქვა – “მომაშორეთ, წაიღეთ”.

გიგა ბოკერია: მსგავსი აბსურდი იშვიათად მომისმენია. ჯერ ერთი, რას ნიშნავს შეაგუა ყარაბაღის დაკარგვას? აქ კიდევ ერთი სრულიად გაუგებარი, აბსურდული ბრადლება ისროლა მისდა უნებურად ბატონმა გვარამიამ ფაშინიანის მიმართ. რასაც მას პრო-რუსული ოპონენტები და რუსეთის პროპაგანდა აბრალებენ ის გაიმეორა, რომ არ იომეს და ფაქტიურად ჩააბარეს ყარაბაღი. საიდან მოიტანა, რომ არ იომეს? ორჯერ იყო სამხედრო მოქმედებები. სომხეთი დამარცხდა ამ მოქმედებებში. ეს უბრალოდ ფაქტია. ეს მოხდა იმიტომ, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, პრეზიდენტმა ალიევმა მილიარდები დახარჯა სამხედრო მომზადებაზე, გაამყარა კავშირი პარტნიორ და სტრატეგიულ მოკავშირე, ნატოს წევრ თურქეთთან, რომელთანაც აზერბაიჯანს ფაქტობრივად მეხუთე მხულის ტოლფასი ხელშეკრულება აკავშირებს. ისარგებლა მომენტით და ისარგებლა იმით, რომ რუსეთს განზრახული ჰქონდა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური აგრესია. ის იყო რუსეთის პუტინისტური იმპერიის პრიორიტეტი და არ გარისკა დაპირისპირება აქ აზერბაიჯანთან და მის მოკავშირე თურქეთთან და ჩააბარა თავისი პარტნიორი და პრაქტიკულად პოლიტიკური ვასალი სომხეთი. უღალატა იმ ვალდებულებებს, რომელიც მას სომხეთის წინაშე ჰქონდა აღებული. მოიქცა ისე, როგორც რუსეთი სულ იქცევა ხოლმე.

ეს მაგალითი თუ რამეში უნდა გამოვიყენოთ უნდა გამოვიყენოთ იმ პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელიც გვეუბნება რომ რუსეთთან დალაგება შეიძლება, მასთან პარტნიორობა შესაძლებელია. სომხეთი არის მაგალითი სწორედ იმისა, თუ როგორ გაწირავს თუნდაც ვასალობაზე დათანხმებულ სახელმწიფოს რუსეთი, როდესაც ეს მას იმ მომენტში დასჭირდება. ეს ამის მაგალითია და ამის ნაცვლად ამბობს “ჩააბარაო” და ვიმეორებ, უმძიმესი ბრალდება რასაც მისი პრო-რუსი ოპონენტები იმეორებენ ფაშინიანის წინააღმდეგ გაიმეორა დღეს ამ რეჟიმის გულწრფელმა ოპონენტმა.

რა კავშირშია ეს საქართველოსთან, ან წარსულთან, ან აწმყოსთან, ან მომავალ ეროვნულ ინტერესებთან? რას უნდა შევეგუოთ? ჩვენს შემთხვევაში რაში არის იოტისოდენა პარალელი მაინც? არაფერში! ამიტომ ეს არის ის შეცდომა, რომელიც დაუშვა გვარამიამ და მერე რა თქმა უნდა ამას უსინდისოდ გამოიყენებენ ოპონენტები. ოღონდ ჩვენ, ვინც მას ამ აზრისთვის გავაკრიტიკებთ ტალახი აქეთ არ უნდა გვესროლონ. აბა რა უნდა ვქნათ? ეს მცდარი, კატასტროფულად მცდარი პოზიცია ივანიშვილის ყველა ოპონენტის პოზიციად უნდა შეფასდეს, რომ ივანიშვილის პროპაგანდას კიდევ უფრო კარგი საკვები ჰქონდეს? ესე არ გამოვა მეგობრებო.

მაგრამ მე აქ დავსვი კითხვა სად არის პარალელიო? და სამწუხაროდ პარალელს სადაც ატარებს ბატონი გვარამია, და არა მარტო ის, სხვებიც არიან, [ჩვენს სამოქალაქო სექტორშიც არის ხალხი, მათ შორის გულწრფელი ხალხი ვინც ამ კატასტროფულ შეცდომას უშვებს], ეს არის ამ “შეგუებასთან” დაკავშირებით ყველაზე უკეთ გამოხატული მის კიდევ ერთ ძალიან მცდარ ფრაზაში, რომ თურმე კი ისტორია უნდა ვიცოდეთ, მაგრამ რეტრავმირების პრობლემა დააყენა მან.

ეს პირველად არ ხდება, ადრეც თქვა მან. პრაქტიკულად გაგვაკირიტიკა ჩვენ “ფედერალისტები”, ჩვენი პარტნიორები – “აფხაზთა კრება”, ტაბულა, თავისუფლების ინსტიტუტი – ვინც ვეწევით კამპანიას “ბუჩამდე იყო აფხაზეთი”, რომ თურმე აი ეს რაღაც თვალსაზრისითო [ზოგჯერ რბილად თქვა, ზოგჯერ – მკვეთრად] პრობლემა არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და შერიგების გზაზე.

ნაწყვეტი ნიკა გვარამიას ინტერვიუდან: ტრავმები ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მხესიერებაა ერისთვის. ძალიან, მაგრამ ტრავმული მეხსიერება საფრთხის მატარებელია. ღუზასავით მუშაობს. წინ არ გიშვებს. განვითარებას ბლოკავს.

გიგა ბოკერია: ანუ რა გამოდის ამ აბსურდული ლოგიკით? ჩვენი კამპანია, რომ ქართულ საზოგადოებას შევახსენოთ და საერთაშორისო ასპარეზზე გავიტანოთ რუსეთის სახელმწიფოს მიერ, არა რომელიმე ეთნიკური ჯგუფების, არამედ რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაორგანიზებული სამხედრო აგრესიისას კაცობრიობის წინაშე ჩადენილი სამხედრო დანაშაულებები. ეს არის ბარიერი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და აფხაზებთან შერიგებისა?

ჩემი აზრით ეს საკითხი, ჩვენი კამპანია პირიქით დაგვიანებულია და აქამდე იყო ეს გასაკეთებელი. ჩვენს საზოგადოებაშიც კი, 90-იანი წლების ტრაგიკული გარემოებების გამო ჩაპრესილია მეხსიერებაში და ბევრი რამე ჩვენმა შემდეგმა თაობებმა საერთოდ არც იციან. ამიტომ ეს აძლევს საზრდოს ჩვენი მტრის, არაკეთილმოსურნისა თუ სასარგებლო იდიოტების კამპანიას, რომ ეს კონფლიქტი ეთნიკურ კონფლიქტად წარმოაჩინონ, ისაუბრონ ორივე მხარის დანაშაულებებზე, ანუ ბოროტება არიონ სიმართლეში, საზოგადოების დემორალიზება და დეზორიენტაცია მოახდინონ. მაგრამ კარგი, ამას თავი დავანებოთ. ანუ ეს თუ არ იქნება და ამას თუ ჩვენ დავივიწყებთ, ან რეტრავმირებას არ მოვახდენთ – ეს გაგვიადვილებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას?

აქედან რა გამომდინარეობს? რა და კიდევ ერთი უმძიმესი შეცდომა ბატონი გვარამიასი და ყველასი, ვინც მას აყოლილი არის: ამ პრობლემის, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების წარმოჩენა პრინციპიალურად ეთნიკურ კონფლიქტად. თუ ნახავთ მის ნარატივს სულ საუბარია, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა არის ეთნიკური და ტომობრივი, თემობრივი დაპირისპირების ჭრილში განხილული.

ნაწყვეტი ნიკა გვარამიას ინტერვიუდან: ჩვენი შემდგომი თაობები ისევ შეიყვარებენ ერთმანეთს. ჩვენ – ვერ!

გიგა ბოკერია: აქვე ხაზს ვუსვამ. ადრეც გვითქვია ჩვენ, “ფედერალისტებს” და მეც პერსონალურად. არავინ არ უარყოფს, რომ პრობლემა საქართველოს შგნით სხვადასხვა ეთნიკური იდენტობის მქონე ჯგუფების და ამ შემთხვევაში აფხაზეთში პრობლემა და ფაქტორი იყო. და ასევე იმის აღიარებაც, რომ ქართველი პოლიტიკური კლასის უმნიშვნელოვანეს ნაწილს ქვეყნის მშენებლობაზე წარმოდგენა ჰქონდა ეთნო-ტომობრივ, შოვინისტურ, ნაციონალისტურ ჭრილში [რაც ძალიან საზიანო იყო ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის], ანუ სამოქალაქო სამოქალაქო ნაციონალიზმის ნაცვლად [რომ საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორია და პოლიტიკურად, სახელმწიფოებრივად – ქართველია] უფრო ეთნიკურობისკენ მიდიოდნენ. და ეს მტერმა გამოიყენა.

ეს პრობლემა გასაგებია. ოღონდ, ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს და ამაზე ხშირად უნდა ვისაუბროთ, რომ აგრესია ცხინვალის რეგიონში გამსახურდიას პრეზიდენტობისას, აგრესია აფხაზეთში შევარდნაძის პრეზიდენტობისას, შემდგომში აგრესია 2008 წელს წინა ხელისუფლების დროს საქართველოს წინააღმდეგ – ყველა ეს კონფლიქტი იყო რუსეთის სახელმწიფო აგრესია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. და ყველა ამ კონფლიქტის დროს რუსეთმა სხვადასხვა მასშტაბით დააორგანიზა და ჩაიდინა კაცობრიობის წინაშე დანაშაულებები, ქართველების გენოციდი აფხაზეთში, ეთნიკური წმენდა ცხინვალის რეგიონშიც. ეს არის უბრალოდ სიმართლე. ის რომ ამ პროცესში, კერძოდ აფხაზეთში, იქაური თუ შეიძლება ეს ტერმინი ვიხმაროთ – პოლიტიკური ელიტისა თუ კლასის თითქმის ასი პროცენტი შეერწყა რუსეთის აგრესულ სამხედრო პოლიტიკურ პროპაგანდისტულ მანქანას – ეს რეალობაა, მაგრამ ეს არ ვცლის იმას რომ ეს ეთნიკური კონფლიქტი არ ყოფილა.

საქართველომ 90-იანი წლების დასაწყისში არამხოლოდ უმძიმესი დარტყმა მიიღო ამ რუსული აგრესიის შედეგად – ამ ტერიტორიების ოკუპირება, ასობით ათასი დევნილი, და სახელმწიფოებრიობის მორყევა, რომელიც რუსული სახელმწიფოს რეალურად ცენტრალური ამოცანა იყო და არის. რუსეთმა ამ ამოცანის მიღწევის გზაზე შეძლო ისიც, რომ დასუსტებული საქართველოს პირობებში, დასალური საზოგადოების ყურადღების ნაკლებობის, საბჭოთა კავშირის ნგრევის საზეიმო ბურუსში თუ მტვერში, გაურკვევლობაში მოახერხა დამკვიდრება იმ სტერეოტიპისა, რომ ეს იყო ეთნიკური კონფლიქტი. ამისთვის გამოიყენეს რეალური თუ მოგონილი და გაზვიადებული პრობლემები.

დამკვიდრდა, რომ ეს იყო ეთნიკური კონფლიქტი და რუსები გახდნენ სამშვიდობო ძალა. ამით მათ ძალიან ეფექტურად ისარგებლეს. ისინი ამცირებდნენ ან ანეიტრალებდნენ რუსეთის ფედერაციისთვის პოლიტიკურ ფასს საერთაშორისო ასპარეზზე. რუსეთის ფედერაცია მაშინ ბევრად უფრო სუსტი იყო ვიდრე პუტინის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციის შემდეგ, 2000-იანი წლების დასაწყისში.

ისინი დამოკიდებული იყვნენ დასავლეთის საზოგადოებრივ აზრზე და ამიტომ მათთვის საკვანძო იყო, რომ ეს კონფლიქტი ცალსახად მაინც არ გაფორმებულიყო როგორც მათი აგრესია, არამედ ყოფილიყო წარმოჩენილი როგორც ეთნიკური კონფლიქტი. ეს მათ საშალებას აძლევდა ამ აგრესიის მერეც მუდმივად ამ ოკუპირებული ტერიტორიებისა და ამ საკითხების გამოყენებით დესტაბილიზებისა და დივერსიების მოწყობის ქართული სახელმწიფოს წინააღდეგ.

ყველა ხელისუფლების დროს ეს მათი ინსტრუმენტი იყო და მათთვის უმნიშენლოვანესი იყო, რომ ეს კონფლიქტი წარმოჩენილიყო ეთნიკურ კონფლიქტად. რომ თავისუფალ სამყაროშიც ეთქვათ, რომ აქ რაღაც გაუგებრობაა, იქ ერთმანეთში ვერ თანხმდებიან. ნებისმიერი ლეგიტიმური სამშვიდობო ინიციატივის დაბლოკვაც ბევრად უფრო მარტივად ხდებოდა, მაშინ როდესაც ეს მათთვის აუცილებელი იყო.

ყველას მინდა გავახსენო ბოდენის ცნობილი გეგმა შედგენილი გაეროს ქოლგის ქვეშ, რომელიც რა კრიტიკაც არ უნდა არსებობდეს, საქართველოს ერთიან სახელმწიფოებრიობის ფარგლებში აფხაზეთის სტატუსთან იყო დაკავშირებული. რუსეთმა ის დაბლოკა არა თავისი ხელით, რადგან მისი ხელით დაბლოკვა პრობლემა იქნებოდა. ამის ნაცვლად თქვეს, რომ ჩვენ კი არ ვართ წინააღმდეგი, მაგრამ აფხაზები კონფლიქტის მხარე არიანო [მაშინ, ძველი ჟენევის ფორმატით აფხაზეთი მხარე იყო] და მათ არ უნდათ. ქართველებმა უნდა მოელაპარაკონო.

დღესაც ხომ გვესმის ეს გზავნილები როგორც სატყუარა, პუტინისგანაც კი, რომ ჩვენ წინააღმდეკი კი არ ვართ- მოილაპარაკეთ თქვენ ერთმანეთში და ჩვენ მას მხარს დავუჭერთ. ამას იყენებს ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდაც.

ანუ კიდევ ერთხელ ვუბრუნდები: ეთნიკურ ჭრილში ამის წარმოჩენა არის სიცრუე, არ წარმოაჩენს რეალობას და არის ჩვენი მტრის ინტერესში.

ამიტომ არის სრულიად საზიანო, როდესაც ჩვენ გვესმის ხოლმე ხაზგასმა იმისა, რომ აი აფხაზები გვებრძოდნენ, ყაბარდოელები, ჩეჩნები, ბაგრამიანის ბატალიონი – ანუ ეთნიკურობაზე აქცენტი. რა თქმა უნდა ყველა ამ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლების ან იქ არსებული თემის ლიდერების გამოყენება და სრულად ინკორპორირება რუსულ სამხედრო პოლიტიკურ პროპაგანდისტულ მანქანაში პრობლემა იყო. ეს უნდა ვაღიაროთ. ოღონდ ეს არ ვცლის იმ რეალობას, რომ რუსეთი იყო აგრესორი.

კამპანიის ფრაგლებში, რომელსაც “ფედერალისტები”, აფხაზთა კრება, ტაბულა და თავისუფლების ინსტიტუტი ვეწევით ზღვა მასალა გვაქვს მოგროვილი არაუბრალოდ პირდაპირი მონაწილეობის რუსეთისა ამ წინაპირობების შექმნაში, არა – სამხედრო შენაერთების პირდაპირი მოქმედებისა, სრული კოორდინაციის სამხედრო სტრატეგიისა თუ ტაქტიკის…

ნაწყვეტი ფილმიდან “ბუჩამდე იყო აფხაზეთი”. საუბრობს მიხაილ დემიანოვი, გრუს ოფიცერი, რომელიც ქართულმა მხარემ დაატყვევა. ორიგინალი ჩანაწერი 1993 წელს არის გაკეთებული: ეს სამეული – სოროკინი, ჩინდაროვი და სიგუტკინი ეს სამი მეთაური ენაცვლებოდა ერთმანეთს გუდაუთის ბაზაზე. ისინი ჩამოდიოდნენ გარკვეული ვადით და შემდეგ უკან მიემგზავრებოდნენ მოსკოვში.

გიგა ბოკერია: …ავიაციის, საზღვაო ძალების. უამრავი შენაერთის პერსონალური შემადგენლობით მონაწილეობისა ამ სამხედრო აგრესიაში. ვისაც წინაპირობები აინტერესებს შეუძლია ნახოს მაშინდელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კოზირევის [რომელსაც ეხლა “გაუნათდა” და ახლა ნახევარ სიმართლეებს მაინც იძახის] ნიშანდობლივი ინტერვიუ, სადაც ის იხსენებს თუ როგორ შექმნეს ჩრდილოეთ კავკასიის კონფედერაცია, რატომ შექმნეს [და შექმნეს იმიტომ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა უნდოდა] – პირდაპირ ამბობენ ამას. მართლაც, მაშინ სწორედ საბჭოთა კავშირის დაშლის საკითხი იყო მთავარი. ჩვენი მტრები პროპაგანდისთვის ეთნიკურ ელემენტს ამისთვის იყენებდნენ.

ნაწყვეტი ფილმიდან “ბუჩამდე იყო აფხაზეთი”. ანდრეი კოზირევის, რუსეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერვიუს ნაწყვეტი: გაჩნდა იდეა, რომ საჭირო იყო ავტონომიური რესპუბლიკების გააქტიურება, რათა ფაქტის წინაშე დაგვეყენებინა ისინი. თქვენ გსურთ საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა? მაშინ თქვენ გამოგეყოფათ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

გიგა ბოკერია: მაგრამ ვუბრუნდები კიდევ ერთხელ: აგრესია იყო რუსეთის მიერ ორგანიზებული მთლიანად. და უზარმაზარი შეცდომაა ნებისმიერი გულწრფელი ადამიანისგან კრიტიკა საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლებებისა ამ ჭრილში. უამრავი კრიტიკა შეიძლება არსებობდეს გამსახურდიას ხელისუფლების მიმართ, მით უმეტეს, როდესაც კიტოვანის მსგავს ფიგურაზე როდესაც ვსაუბრობთ სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, შევარდნაძის ხელისუფლების მიმართ, ან წინა ხელისუფლების მიმართ – ნებისმიერ კონტექსტში მათ შორის რა ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო ან არ უნდა გადადგმულიყო რუსეთის აგრესიის გასანეიტრალებლად ან მის წინააღმდეგ აფხაზეთის აგრესიისას, ცხინვალის რეგიონში აგრესიისას გამსახურდიას დროს ან 2008 წელს.

ოღონდ ამ კრიტიკისას ჩარჩო ყოველთვის უნდა გვქონდეს მყარი: ყველა ამ ხელისუფლებების პირობებში აგრესორი იყო რუსეთი. და ყველა ვინც ამ ჩარჩოს გაცდება და აურევს, ან ბრალეულობის საკითხს დააყენებს და ისვრის ფრაზას, რომ იმან დაიწყო ან ამ ხელისუფლებამ დაიწყო – ნებით თუ უნებლიეთ სიცრუეს ემსახურება და მტრის წისქვილზე ასხამს წყალს.

რაღაც თვალსაზრისით ეს შეცდომები, როგორც ეს შეცდომები გამოიყენა ქვეყნის შიგნით ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდამ და ქვეყნის გარეთ რუსეთის პროპაგანდამ, გავს იმას რაც გია ბარამიძეს მოუვიდა, როდესაც სრულიად უპასუხისმგებლო, მავნებლური სისულელე თქვა. როგორც ჩამოაყალიბა ფრაზა.

ნაწყვეტი გია ბარამიძის ინტერვიუდან:

– აღარ გვაძლევდნენ ისინი ტყვეებს და ჩვენ ტყვეები არ გვყავდა. ჩვენებს ტყვეები არ აყავდათ.

– რატომ?

– ხვრეტდნენ.

გიგა ბოკერია: შემდეგ კი უარყო ეს და დააკორექტირა, მაგრამ მისი აფხაზეთში ყოფნის რაღაც ეპიზოდი ისე თქვა, რომ განაზოგადა და ქართველების სისტემური დანაშაული გამოუვიდა. რა თქმა უნდა ივანიშვილის რეჟიმი ამას ჩააფრინდა, ყველაფერი დააბრალეს, ლამის აფხაზეთში საომარ მოქმედებებში მონაწილეობა ცოდვად ჩაუთვალეს, სრულიად უსამართლოდ. მაგრამ რა თქმა უნდა ეგეთი სისულელე, რომ მოგივა შიგნით ოპონენტი და გარეთ შენი მტერი…

ნაწყვეტილი გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის ვასილი ბერენზიას გამოსვლიდან: საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ ქართული მხარის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე ისაუბრა. განაცხადა, რომ ქართველებს ტყვეები არ აჰყავდათ.

გიგა ბოკერია: …და ამ მტრის საქმის მკეთებელი ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდა ამას გამოიყენებს.

ნაწყვეტი ტვ იმედის საინფორმაციო გადაცემიდან, წამყვანის ხმა: გიორგი ბარამიძემ ქართველებს აფხაზეთის ომში ტყვეთა დახვრეტა დააბრალა…

გიგა ბოკერია: … და მაგ დროს არ უნდა დაიწყო სხვისკენ ტალახის სროლა, რომ თქვენ ქოცების საქმეს აკეთებთო თუ ამ სიტყვებისთვის რეჟიმის სხვა ოპონენტები გაგაკრიტიკებენ.

ზუსტად იგივე პრობლემაა, როდესაც ეთნიკურობაზე აკეთებს აქცენტს ნებისმიერი პოლიტიკოსი ან პასუხისმგებლობის მქონდე საზოგადოებრივი ფიგურა ამ კონფლიქტებზე საუბრისას.

ხაზს ვუსვამ, რომ ეს არ ნიშნავს იმ პრობლემების უარყოფას, რომლებიც დადგება როდესაც საქართველოს ექნება [მე მწამს რომ ეს აუცილებლად ექნება] შესაძლებლობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა. როგორი ქვეყანა ვართ, როგორ ლაგდება ამ მძიმე რუსული აგრესიისა და იქ დამკვიდრებული ეთნიკური, ანტიქართული ფაშიზმის მემკვიდრეობის საკითხები? გასაგებია და ამაზე შეგვიძლია ცალკე ვისაუბროთ, მაგრამ როგორც კი კონფლიქტის გადაჭრაზე საუბრისას სულ ახსენებ – აფხაზებმა ეს ქნეს, აბა აფხაზებს როგორ უნდა ვუპასუხოთ? და შეგიძლიათ ნახოთ ბატონ ნიკა გვარამიას ინტერვიუში ასჯერ არის ეს ნახსენები და რუსეთი ერთი-ორჯერ.

ნაწყვეტი ნიკა გვარამიას ინტერვიუდან: აფხაზებს როგორ შეიძლება ეს არ აინტერესებდეთ? ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ამ წუთში ჩვენ პრაგმატულად ერთმანეთი დაგვჭირდეს. პორტი მაინც უნდა გვქონდეს აშენებული, მინიმუმ, რომელიც უნდა აინტერესებდეს აფხაზებს. აფხაზებს ვთავაზობთ კარგ ცხოვრებას.

გიგა ბოკერია: ეს არის მტრის წისქვილზე წყლის დასხმა.

აქ შეიძლება მივიღო მე პასუხი, რომ იცი რა, ეს ლაპარაკი შეიძლება იყოს მას შემდეგ რაც რუსეთის ფაქტორი განეიტრალდებაო. ეს მკაფიო პოზიცია არ არის ხოლმე. უფრო ხშირად ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდა რუსეთის საკითხის ნიველირებისთვის იყენებს ხოლმე ეთნიკურ კონფლიქტს. ივანიშვილის ის სკანდალური და სამარცხვინო სიტყვები, რომ ბოდიში უნდა მოვიხადოთო, სწორედ ისე მიეწოდება ხალხს, რომ ეს არის გზა.

ფრაზა ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლიდან: ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვუხადოთ.

გიგა ბოკერია: არა რუსეთის ოკუპაციისა და მისი გავლენის განეიტრალება არამედ პირდაპირ ხიდების გადება იქ მაცხოვრებლებთან და ამით თითქოს გვერდს ავუვლით რუსულ ამბავს. ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის მიხედვით ეს შეიძლება რუსეთის კურთხევითაც მოხდეს. ეს ორივე სხვადასხვა ხარისხის მაგრამ ერთი და იგივე მავნებლური სიცრუის ნაზავი არის.

ეს გზა არ არსებობს. ჩვენი მთავარი ბარიერი იქ არის რუსული სამხედრო-პოლიტიკური ოკუპაცია. და ამ ვითარების განეიტრალების შემდეგაც მემკვიდრეობა ამ ყველაფრის მაინც დარჩება და ამის განეიტრალება სერიოზული პრობლემა იქნება.

მაგრამ დღეს ამაზე აქცენტის გაკეთება როგორც ხსნასა და პანაცეაზე, გარდა იმისა რომ შინაარსშიც მცდარია [ამასაც დავუბრუნდები ერთი-ორ წუთში] არის სახედარზე წინ ურემის დაყენება. ანუ მთავარი პრობლემა რუსული სამხედრო-პოლიტიკური აგრესიის განეიტრალება გადადებულია, ეს რაღაცა თავისით მოხდება და მისი მემკვიდრეობის განეიტრალებაც თავისით მოხდება და აქ დაგვრჩა მხოლოდ “ხიდები ასაშენებელი.” ბრჭყალებში ვხმარობ სათნოების სიგნალირებისთვის დამახასიათებელ ფრაზებს ძმებს შორის თუ საზოგადოებებს შორის. ეს არის სწორედაც რომ სახედარზე წინ ურემის დაყენება.

და კიდევ ერთი რბილად რომ ვთქვათ ძალიან პრობლემური გზავნილი, რომელიც ცნობიერების ნიაღვარში ბატონ ნიკა გვარამიას ჰქონდა. ეს არის ე.წ. ტერიტორიული მთლიანობის ძალის გამოყენებით აღდგენა.

ნაწყვეტი ნიკა გვარამიას ინტერვიუდან: ამ ხალხთან თუ გვინდა ჩვენ მუშაობა და პოლიტიკოსები ვართ უნდა ვიცოდეთ, რომ მათ აფხაზეთიც აღელვებთ, მაგრამ არც ომი არ უნდათ.

გიგა ბოკერია: აქ პატარა წინასიტყვაობა უნდა წავუმძღვარო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ივანიშვილის რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მანკიერი მაგრამ ეფექტური გზავნილი არის ომის შიშთან დაკავშირებული. ის საზოგადოებას ეუბნება, რომ ეს რეჟიმი, ეს სტატუს კვო მას იცავს რუსეთის აგრესიისგან. პერეფრაზს ვახდენს – როგორი ცუდიც არ უნდა ვიყოთ ომი ხომ არ არის, მშვიდობა ხომ გაქვთ? ამას ეუბნება ხალხს.

და იმის გამო, რომ რუსული აგრესიის საფრთხე რეალური საფრთხეა ეს გზავნილი, რომელიც ეყრდნობა მცდარ წინაპირობას და შემდეგ სიცრუეშია გახვეული – მაინც ეფექტურია. და ქართულმა პოლიტიკურმა ოპოზიციამ, მისმა უდიდესმა ნაწილმა უმძიმესი შეცდომა დაუშვა მაგალითად წინა არჩევნების წინ, როდესაც ეს თემა მთლიანად დააიგნორა. და მარტივი გზავნილი ქონდათ – ომი აღარ იქნება.

ბატონი ნიკა გვარამია ერთ-ერთი ლიდერი იყო ამ თვალსაზრისის ჩვენი პოზიციის საწინააღმდეგოდ. მაშინ ჩვენ უმცირესობაში აღმოვჩნდით. ბატონი გვარამია მაშინაც ამაყად იძახდა რა მაგრად მოვიქეცით ეს თემა გავაქრეთო.

ნაწყვეტი ნიკა გვარამიას ინტერვიუდან: დასრულებული ამბავია ეს. ეს მესიჯი მოკვდა. ყველამ იცის, რომ ეს არ არის არავითარი რეფერენდუმი ომსა და მშიდობას შორის. ეს თემა მოკვდა, მინავლებულია. ქართულმა ოცნებამაც ეს იცის. ვულოცავ მათ ამას, იმიტომ რომ მათ უბრალოდ დრო არ აქვთ იმისთვის, რომ ახალი მესიჯი ჰქონდეთ. მედია მოიქცა ძალიან გამართულად, ჩემი აზრით აბსოლუტურად სწორად იარა რთულ გზაზე სხვათა შორის. იგივე გააკეთეს პოლიტიკურმა პარტიებმა და ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველები ამ მიმართულებით.

გიგა ბოკერია: როგორი გულუბრყვილობა და მიამიტობაა, რომ თემას გააქრობ რომელიც ყოველდღე ეთერშია უკრაინაში რუსული აგრესიი პირობებში; როდესაც ჩვენ თვითონ ვიძახით სამართლიანად, რომ ის დაპირისპირება რომელშიც არის რუსეთი თავისუფალ სამყაროსთან – ამის ნაწილია მათ შორის ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურების სურვილი მისი მხრიდან. ანუ შენ თვითონ უკავშირებ ამას და მერე იძახი, რომ ომი არ იქნებაო. და ამით ივანიშვილის რეჟიმს მანიპულაციის სრულიად ნოყიერ ნიადაგს აძლევ, რომ შემდეგ შეცდომაში შეიყვანოს ქართული საზოგადოების ნაწილი მაინც, რომ თითქოს დალაგებადია რუსეთთან ურთიერთობა ისე, რომ სახელმწიფოებრიობაც გვქონდეს და ომი არ იყოს; ან შემდგომ ნაბიჯზე გადავიდეს, რომ იცი რა – სახელმწიფოებრიობა ნაწილობრივ უნდა დავთმოთ იმისთვის რომ მშვიდობა იყოს [რაც მთლიანად დათმობის ტოლფასია].

სიმართლე არის ის რაც ჩვენ უნდა გვეთქვა, რასაც “ფედერალისტები” და ჩვენი პარტნიორები სულ ვამბობთ, რომ სიცრუეა რუსეთთან რაციონალური დალაგების შესაძლებლობა. ეს რომ შესაძლებელი იყოს აქამდე ეს პრობლემებიც არ იარსებებდა არც საქართველოსთან, არც უკრაინასთან, არც მოლდოვასთან, არც თავისუფალ სამყაროსთან.

რუსეთს ქართული სახელმწიფოებრიობის დაშვება არ უნდა, მას სურს ჩვენი განადგურება და როცა ამას ჩათვლის შესაძლებლობად ამას აუცილებლად გააკეთებს. და გააკეთებს მაშინ თუ ჩვენ ვართ სუსტები, დემორალიზებულები, უსუსურები, მათი გავლენის აგენტებით ქვეყნის შიგნით ინფილტრილებულები და პარტნიორებისა და მოკავშრეების გარეშე თავისუფალ სამყაროსა და რეგიონში. ანუ მარტოები. ანუ ზუსტად ის რასაც ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს.

ეს უნდა ყოფილიყო ჩვენი პასუხი. ამის ნაცვლად ოპოზიციის მნიშვნელოვანმა ნაწილმა, ოპოზიციური ტელემედიის უდიდესმა ნაწილმა ეს თემა დააიგნორა თითქოს ეს ძალიან მაგარი ილეთი იყო. და ჩემი აზრით იმ არალეგიტიმურ, გამყალბებლურ მეთოდებთან ერთად ამის ფასი ყველამ გადავიხადეთ იმ შედეგებით რაც დადგა არჩევნებზე.

ახლა, იმის მაგივრად რომ ამ შეცდომის შემდეგ საკუთარ შეცდომაზე მაინც ესწავლათ ისევ იგივეს გამეორება ხდება კიდევ უფრო მანკიერი ფორმით. ახლა ბატონმა გვარამიამ გადაწყვიტა რომ ჯერ ჩვენ გვესროლოს ტალახი – აი ამათ ომი უნდათო, რადგან ჩემს გზავნილს არ ეთანხმებიანო. თუ სადმეა ქართული ოცნების პროპაგანდასთან პარალელი სწორედ აქ არის. და თან აგვზილა სააკაშვილთან. ესეც როგორც ჩანს ტაქტიკურად მას აწყობს. მაშინ როდესაც ირონიული ის არის, რომ თვითონაც იცის რომ სააკაშილმა ახლა საკუთარი ცილისმწამებლური კამპანიისთვის უბრალოდ ისარგებლა მისი შეცდომით, თორემ არსებითად ისინი არიან თანამოაზრეები. სულ ცოტა ხნის წინ სააკაშილიც აფხაზურ-ქართულ სახელმწიფოზე და კვოტებზე, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე აფხაზეთთან განაწილებაზე საუბრობდა, რაც კატასტროფული შეცდომაა.

ნაწყვეტი ნიკა გვარამიას ინტერვიუდან: შეიძლება თუ არა მათ ერთიან ქართულ სახელმწიფოში, აფხაზთა და ქართველთა სახელმწიფოში – კი ბატონო, ესე იყოს…

გიგა ბოკერია: ისინი დაგვესხნენ თავს და ძალის გამოყენებაზე ვრცლად უნდა ვისაუბროთ.

ჯერ ერთი ეს სახედარზე წინ ურემის დაყენების კიდევ უფრო კარგი მაგალითია.

ჩვენს საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური საფრთხის განცდა რუსული აგრესიის მიმართ, რომ რუსეთი ქართული სახელმწიფოებრიობის გასანადგურებლად ჩვენს წინააღმდეგ კიდევ ერთხელ მიმართავს ფართომასშტაბიან აგრესიას. უახლოესი გამოცდილება გვაქვს ამისი და უკრაინაში ეს აგრესია გრძელდება და დამარცხებული, დასუსტებული რუსეთის შემთხვევაშიც ეს საფრთხე არ ქრება მთლიანად.

ეს არის რეალობა!

ამ რეალობას, როგორც უკვე ვთქვი, ივანიშვილის რეჟიმი მანკიერად და სიცრუეზე დაყრდნობით საკუთარი მოღალატეობრივი პოლიტიკის გასამართლებლად იყენებს და ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ.

მაგრამ ახლა ბატონი გვარამია და სხვები ამ საფრთხეს უკავშირებენ აფხაზეთის დაბრუნების საკითხს. თითქოს პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ქართულ საზოგადოებას ეშინია რომ ჩვენ, “ცხელთავიანები” შევარდნას რომ დავაპირებთ – აი ეგ არის საფრთხე თურმე.

რა სისულელეა!

საფრთხე მდგომარეობს იმაში, თუ როგორ იყენებს ამ საკითხს ივანიშვილის რეჟიმი და საფრთხე რეალურად მდგომარეობს იმაში, რომ თუკი მარტოები ვართ, დაუცველები, სუსტები, ინფილტრირებულები მაშინ მართლა იზრდება რუსული აგრესიის საფრთხე. და არა ამ ქიმერის შემოტანით, რომ საფრთხე თურმე იმაშია, როცა საქართველო დააპირებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ძალის გამოყენებით. და აქ სათნოების მაჩვენებელი ბატონი გვარამია საღი აზრის, სიმშვიდისა და გაწონასწორების მეტრად წარმოგვიჩნდება და არ მოგვცემს თავქარიანებსა და ცხელთავიანებს აფხაზეთში შევარდნის საშუალებას.

რომ შევვარდებით და მერე აქეთ ქუთაისამდე რომ შემოგვივარდნენ რას ვშებით მერეო, ესეთი ფრაზაც კი გამოიყენა.

ნაწყვეტი ნიკა გვარამიას ინტერვიუდან: რომ შედიხად და უკან, ქუთაისამდე არ მოდის ის აფხაზი შენი ამ ჯარის მდგომარეობის გამო [რაც ქართულმა ოცნებამ უქნა] – ეგ საიდან ვიცით?

გიგა ბიკერია: ანუ, წარმოგიდგენიათ როგორი უმწეობისა და დემორალიზების გზავნილია ეს?

თუ მტერს, მათ შორის დასუსტებული რუსეთის პირობებშიც კი შეუძლია, ჩვენ ფორმაში არ ვართ და ქუთაისში შემოვარდნა შეუძლია – ისე არ შემოვარდებიან? თქვენ გგონიათ ამ რეგიონში, ან იმ სამყაროში სადაც ვცხოვრობთ ძალის გარეშე არსებობს შანსი სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლების დაცვის?

ჯამში სწორედ ეგ არის ივანიშვილის რეჟიმის გზავნილი და ამ სრულიად უგუნური და ტაქტიკური, ვითომ ფსევდო მაკიაველური სვლებით ყველა მისი ოპონენტი, ვინც ამას აყვება რეალურად ივანიშვილის რეჟიმისა და რუსეთის პროპაგანდის საქმეს აკეთებს. უმწეობის, სასოწარკვეთის, დემორალიზებისა და უსუსურობის ტირაჟრებითა და პროპაგანდირებით. იქ ფრაზები თქვა – შემდეგი თაობა პაციფისტურიაო.

ნაწყვეტი ნიკა გვარამიას ინტერვიუდან: ეს თაობა ძალიან პაციფისტურად გაზრდილი ხალხია. გინდა მიიღე ეს მოცემულობა, გინდა – არ მიიღო ეს მოცემულობა.

გიგა ბოკერია: ანუ ჩვენ დღეს იმ პროპაგანდის პირობებში რასაც ივანიშვილის რეჟიმის ატარებს გუნდრუკს ვუკმევთ, რომ პაციფიზმია გამოსავალი?

რეალობა და სიმართლე არის სრულიად საპირისპირო.

სწორედ იმისთვის, რომ გვქონდეს მშვიდობის დაცვის შანსი… ჯერ რუსული აგრესიისგან ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაცვის და შემდეგ როცა ამას მოვახერხებთ ამასთან ერთად რა თქმა უნდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის. და თუკი სადმე არის შანსი, რომ მშიდობით გავიაროთ ეს ყველაფერი – ეს შანსი არსებობს მხოლოდ მაშინ თუკი ვიქნებით ძლიერები და თუ გვექნება მზაობა ამ ძალის გამოყენების.

აქ საკვანძო მნიშვნელობა მიმდევრობას აქვს. ანუ ჯერ საკითხი გვიდგას შემდგომი რუსული აგრესიის თავიდან აცილებისა. ეს საკითხი ავტომატურად ვერ გადაწყდება მაშინაც კი, როდესაც რუსეთი დამარცხება უკრაინის ომში.

ჩვენ გავლილი გვაქვს 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც დასუსტებულმა რუსეთმაც უზარმაზარი ზიანი მოგვაყენა, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიყავით ფორმაში.

ანუ პირველი – ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ამ სცენარისთვის იმისთვის რომ დიდი მსხვერპლი ავიცილოთ თავიდან. ეს არის თავდაცვის უნარიანობის ზრდა, ეს არის მოკავშირეების ძებნა რეგიონში და თავისუფალი სამყაროს – ნატოს, ევროკავშირისა და პირველ რიგში ამერიკის მოკავშირეობა. და ქვეყნის შიგნით მტრის ინფრასტრუქტურის განეიტრალება.

ერთ-ერთი ფაქტორი რის გამოც რუსეთმა ფართომასშტაბიანი აგრესია გარისკა უკრაინაში იყო ის გზავნილები რაც მას მოსდიოდა პრორუსული უკრაინელი პოლიტიკოსებისგან და მისივე დაზვერვისგან. რომ იქ საზოგადოება მზად იყო შეგუებოდა სახელმწიფოებრიობის ჩაბარებას და რუსულ ჩექმას. აი ზუსტად ის გზავნილები რაც აქ გვესმის პირდაპირ პუტინისტებისგან, რომლებიც შერწყმულები არიან ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდას და ზოგჯერ ირიბად, ზოგჯერ კი მკაფიოდ ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისგანაც.

ანუ ამის განეიტრალებაა აუცილებელი და არა პაცეფიზმის ქადაგება, რომელიც არის მტრის მოწვევა, რომ შენს ტერიტორიაზე სისხლი დაღვაროს, თუკი მან იცის რომ საზოგადოება პაციფისტურია და წინააღმდეგობისთვის მზად არ არის. სწორედ ეგ არის ომის, უბედურებისა და სისხლის ღვრის მოწვევა.

ამ საკითხს გადაახტა ბატონი გვარამია და მიადგა აფხაზეთის საკითხს. აქაც ესე აყენებს საკითხს, რომ ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ ძალის გამოყენება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდება მხოლოდ მაშინ, თუ ჩვენ ამას [ძალის გამოყენებას] გამოვრიცხავთ და გავუკეთებთ აფხაზებს [აქაც ეთნიკურობა შემოაქვს და ალბათ ოსებსაც გულისხმობს] ისეთ შეთავაზებებს, რომლებზეც ისინი უარს ვერ იტყვიან.

არ ვიცი ეს ფრაზა ბატონმა გვარამიამ საიდან აიღო. შეიძლება კლასიკური ფილმი აქვს ნანახი – ნათლიმამა. ორგანიზებული დანაშაულის ლიდერი ესეთ წინადადებებს სთავაზობს ხალხს, ვისთანაც რაღაც შედეგის მიღწევა უნდა. მაგრამ თუ ეს ფილმი იყო მისი შთაგონება, ბატონ გვარამიას არ უნდა დავიწყებოდა, რომ მთელი არსი ამ გზავნილისა ის არის, რომ მის უკან ძალა და ძალის გამოყენების მზაობა იდგა. ამიტომ იყო ის წინადადებები ისეთები, რომელზეც ისინი უარს ვერ იტყოდნენ.

სწორედ იმისთვის, რომ შანსი გვქონდეს [რაც მე მწამს რომ გვექნება] მშვიდობიანად ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა – ჩვენმა მტერმა, ან მტრიეს მიერ იქ დატოვებულმა ანასხლეტებმა, ან ნებისმიერმა ვისაც იქ იმ წამს ექნება ძალა და იარაღი ხელში – უნდა იცოდეს, რომ ძალის გამოყენების მზაობა გვაქვს. მშვიდობიანად დაბრუნების შანსი სწორედ ამაში მდგომარეობს. ამიტომ არის სრულიად ბრიყვული და უსინდისო ბრალდება, რომ ქართული ოცნების პროპაგანდის მსგავსად ჩვენ გამოგვაცხადა [თან სააკაშვილს მიგვაწება] ომის პარტიად.

აი თქვენ ომი გინდათო. პირიქით, ომის აცილება რომ გვინდა ამისთვის არის საჭირო ძალა და ძალის გამოყენების მზაობა, რომელიც ეცოდინება მტერს, ოპონენტსა თუ ვინც იქნება იქ.

ამის გარეშე შანსი არის ნოლი!

ამის უამრავი მაგალითია. მინდა უტრირებული მაგალითებიც მოვიყვანო. იქ რაღაც კომიკური ფრაზებია, რომ “არ არსებობს აფხაზი [აქაც სულ ეთნიკურობაზე საუბრობს], რომელსაც კარგი ცხოვრება არ უნდა”.

ნაწყვეტი ნიკა გვარამიას ინტერვიუდან: აფხაზებს ვთავაზობთ კარგ ცხოვრებას და არ არსებობს აფხაზი, რომელიც კარგ ცხოვრებაზე ამბობს უარს.

გიგა ბოკერია: თითქოს სხვა ერის წარმომადგენელი არსებობს, რომელსაც განზოგადებულად თუ ვიტყვით ცუდი ცხოვრება უნდა.

მაგრამ შემოაქვს აზრი, რომ როგორც კი ეცოდინებათ კარგი ცხოვრების ეს პერსპექტივა მაშინვე ის ბოროტი ძალები განეიტრალდებიან.

ნაწყვეტი ნიკა გვარამიას ინტერვიუდან: სხვათა შორის აფხაზებს უყვართ ფული. და ამ შემთხვევაში ეს ამბავი, ცინიკურად თუ ვიტყვით, ჩვენთვის სასარგებლოა.

გიგა ბოკერია: საიდან მოიტანა? კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ამის უტრირებული მაგრამ პრინციპიალურად სწორი მაგალითი არის ღაზა.

ღაზაში საერთაშორისო თანამეგობრობამ, თავისუფალმა სამყარომ პერ კაპიტა ალბათ ყველაზე მეტი ფული დახარჯა ბოლო 20 წლის მანძილზე. მილიარდები. ოღონდ იმის გამო, რომ იქ ადგილზე ინიციატივა გარე ძალის მხარდაჭერით ჰქონდა ტერორისტულ ორგანიზაცია ჰამასს – ეს ფული მოხმარდა გვირაბების მშენებლობას, ტერორიზმს და არა აყვავებას, თორემ ახლა იქ იქნებოდა სამოთხე. ასეთი მაგალითები ბევრი გვაქვს.

თუკი იქ რუსეთის დამარცხების ან დასუსტების მერეც ძალაუფლება ექნებათ იმ ძალებს რომელთაც სხვა განწყობა აქვთ და ეს რუსეთის მიერ დანერგილი ეთნო-ფაშიზმი ანტიქართული აქვთ – შანსი ამის მიღწევის იქნება ნოლი, როგორი წინადადებაც არ უნდა შესთავაზო მათ.

მე მახსენდება ერთ-ერთი ეპიზოდი და წესით ბატონ გვარამიას ეს უნდა ახსოვდეს.

ისტორიული მოლაპარაკებები ევროკავშირის ქოლგის ქვეშ. თავის დროზე სწორედ ამას ეუბნებოდნენ შამბას, რომ ევროკავშირის მომავალი როგორი კარგია აფხაზი ერისთვის [ისევ არასწორ ეთნიკურ ჭრილში იყო ეს საუბარი] და მეორე მხრიდან იყო ძალიან გულწრფელი პასუხი: რატომ გაქვთ ვინმეს ილუზია, რომ ჩვენ ჩვენს ეთნიკურ ჰეგემონიას დავთმობთო?! ეს იყო პასუხი.

სხვა მაგალითებიც გაიხსენეს ამ სათნოებისა და ინტელექტის სიგნალირების წიაღში. გაიხსენეს კვიპროსის მაგალითიც, სადაც ევროკავშირის მიერ აღიარებულმა კვიპროსის ბერძნულმა ნაწილმა უარი თქვა კვიპროსის მეორე ნაწილთან გაერთიანებაზე, რომელიც დე-ფაქტოდ თურქეთის კონტროლ ქვეშ არის. ოღონდ დაავიწყდათ ეთქვათ თუ რატომ თქვეს იქ უარი, იმიტომ რომ იქ რა შეთავაზებაც იყო გაკეთებული გულისხმობდა სწორედ კვოტებზე დამყარებულ სისტემას, რომელიც კარგ შემთხვევაში დისფუნქციურობისთვის არის განწირული, ან შემდგომი დაპირისპირებისა და ნაღმებისთვის [რასაც მაგალითად ბოსნიაში ვხედავთ] და იმ ხალხმა ჩათვალა, რომ ეს ერთიან სახელმწიფოებრიობაზე უარის თქმის ტოლფასია.

ეს გააკეთა ევროკავშირის წევრმა და გეოგრაფიულად ბევრად უფრო ნაკლებად სახიფათო ვითარებაში მყოფმა ქვეყანამ. და ჩვენ, ეს ხალხი, და მათ შორის ბატონი სააკაშვილი, რომელიც ამაზე გვარამიას თავს ესხმის და ბატონი გვარამია ისევ გველაპარაკებიან ქართულ-აფხაზურ სახელმწიფოზე და ეს მაგალითი [ევროკავშირის დროში ქვეშ] კარგ მაგალითად მოყავთ, რომელზეც გაეროს რეფერენდუმზე ბერძნებმა შემდეგ უბრალოდ უარი თქვესო.

ნაწყვეტი ნიკა გვარამიას ინტერვიუდან: კვიპროსში გამოსავალი ნაპოვნი იყო, ოღონდ უკვე კვიპროსელებმა უარი თქვეს. ჩემთვის ძალიან ცუდი ფაქტია ეს, გასაკვირიც.

გიგა ბოკერია: ავიწყდებათ თუ რამხელა ნაღმია ამ მიდგომაში: ეთნიკურ კვოტებსა და ძალაუფლების ასე დანაწილებაში. ჩვენ, “ფედერალისტები”, მაქსიმალური რეგიონული თვითმართველობის მომხრეები ვართ და ეს შეიძლება იყოს ფაქტორი მომავალში, როდესაც სხვა ბარიერებს გადავლახავთ, იმისი თუ როგორ მოხერხდება სამოქალაქო მშვიდობის დამყარება და რაც მთავარია კარგი ქვეყნის მშენებლობა. ოღონდ ნებისმიერ არ მოდელში უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა. და ის რომ საკააშვილი იძახის ამასაც დავუთმობთო – კატასტროფული გზავნილია. ეგ სახელმწიფოებრიობის დაშლის ტოლფასია.

მაგრამ ამ შემთხვევაში შეცდომა კიდევ უფრო მძიმეა, როდესაც აქ ვლაპარაკობთ ამაზე. იმიტომ რომ შემდეგ მყისიერად დგება საკითხი – თუკი ქართულ-აფხაზური სახელმწიფოა მაშინ რატომ არ არის ქართულ-ოსური სახელმწიფო, ან ქართულ-სომხური ან ქართულ-აზერბაიჯანული? გასაგებია, რომ აფხაზეთთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ჩანაწერი გვაქვს, მაგრამ ეს რატომ უნდა გავაღრმავოთ იმის მაგივრად, რომ გზავნილი იყოს, რომ საქართველო არის ყველა სახელმწიფოებრივად ქართველის, საქართველოს მოქალაქის ქვეყანა, სადაც არის ფართო რეგიონული თვითმართველობა და ზოგადად ფართო თვითმართველობა და ყველა მოქალაქე არის თანასწორი.

ამ გზავნილის გარდა ვერც ერთი სხვა გზავნილი სამშვიდობოს ჩვენ ვერ გაგვიყვანს. და ყველა ვინც გვერდის მოვლის გზებს ეძებს რეალურად ან ჩიხში მიდის, ან – ნაღმს უდებს საქართველოს მომავალს.

აქვე მინდა შევეხო კიდევ ორ საკითხს.

პირველი ეს არის რომანტიზება იმ ვითარების, რომელიც დღეს ოკუპირებულ აფხაზეთშია. ბატონმა გვარამიამ ქნა ეს და სხვებისგანაც მომისმენია, კარგი ადამიანებისგანაც ეს ჩემთვის სრულიად გაუგებარი, აბსურდული და საზიანო მიდგომა: ხედავ რა მაგრები არიან აფხაზები [ისევ ეთნიკურობაზე აქცენტით] – არ უწვებიან რუსებს, რუსული კანონი არ მიაღებინეს და რაღაცეებს უპირისპირდებიან. ვერ ხვდებიან თუ როგორი აბსურდია ეს განცხადებები.

ნაწყვეტი ნიკა გვარამიას ინტერვიუდან: აფხაზები არ არიან რუსებზე შეყვარებული ხალხი. არც არასდროს არ ყოფილან. მათ რუსები ძალიან არ უყვართ. ძალიან, ძალიან არ უყვართ სხვათა შორის. და თუ შეხედავთ რუსების ქვეშ გაწოლა აფხაზეთში თითქმის არ ხდება. პირიქით, უფრო აგრესიული შეტევები ხდება ხოლმე.

გიგა ბოკერია: ანუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც რუსეთისთვის საჭირო ყველა გეოპოლიტიკურ, სამხედრო, უსაფრთხოების საკითხებში სრული კარტ ბლანშია, [ბუნებრივია, რადგან ყველაფერს აკონტროლებენ], სადაც მთელი პოლიტიკური კლასი სხვადასხვა დოზით მაგრამ რუსებს ერთგულებას ეფიცება; რომელიც ჯამში რაღაცაზე შეიძლება უპირისპირდებოდეს რუსებს – ეს შეუძლებელია რომ ამ პირობებში სხვანაირად იყოს; როდესაც სამწუხაროდ იქაური საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი და პოლიტიკური და ეგრედ წოდებული სახელისუფლებო ინფრასტრუქტურა მთლიანად შერწყმულია რუსულ სახელმწიფო მანქანას, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე აგრესიის ნაწილი არიან – რესურსებით ეხმარებიან, პროპაგანდით, ყველანაირად…

ფრაგმენტი ვლადიმირ პუტინთან ბადრა გუნბას სიტყვიდან: ჩვენი ბიჭები დღესაც აგრძელებენ ერთად ბრძოლას ჩვენი სიმართლისთვის სპეციალური სამხედრო ოპერაციის ველზე. ამ გაგებით, ეს ჩვენთვის საერთო გამარჯვება და საერთო მომავალია.

გიგა ბოკერია: ამ პირობებში ის რომ რაღაც საკითხზე, საკუთრების პრივატიზებაზე ადგილობრივი ტრაიბალისტური პროტესტი იყო და რაღაცა არ დაუთმეს ეს მოყავთ რაღაც გამბედაობის და სამაგალითო ამბავად? ესეთ კონფლიქტებს რუსეთის ძველ იმპერიასა და ახლა რაც მათი არის იქაც უამრავს ნახავთ. მათ შორის არა მარტო იქ სადაც ეთნიკურად სხვა იდენტობის ხალხი ცხოვრობს. რუსებიც რომ იყვნენ შეიძლება რაღაც წინააღმდეგობა გაუწიონ ცენტრალურ ხელისუფლებას მათ შორის ადგილობრივი თუ ტრაიბალისტური მოსაზრებებით. ეს რა მოსაყვანი მაგალითია!

რუსულ კანონთან დაკავშირებით – საქართველოში რატომ სჭირდებოდა ივანიშვილის რეჟიმს და რატომ აწყობდა ჩვენს მტერს, რუსეთს, ამ რუსული კანონის შემოტანა და ყველაფერი რაც ამას თან ახლდა – ეს გასაგებია. იქ კი ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა? მთლიანად ოკუპირებული ტერიტორიაა. სცადეს კანონის მიღება ვიღაცამ თქვა არ გვინდაო და ამის გამო დათმეს – ეს საერთოდ რა გასარომანატიზებელი მაგალითია? რა აფსურდია ამ ამბავში ძებნა იმ იმედების, რომ იქ რაღაც წინააღმდეგობა არსებობს, რომელიც შემდეგ ამოხეთქავს და ამით ჩვენ ვისარგებლებთ.

ჩვენ ვინც ვართ ამ რეჟიმის მკაფიო ოპონენტები და ვისაც გვსურს, რომ რუსეთის ბუნებრივი მოკავშირე ივანიშვილის რეჟიმი იქნას ჩამოცილებული ძალაუფლებას და შემდეგ ქართული სახელმწიფო ფეხზე დადგეს და თავიდან ავიცილოთ რუსული აგრესია და აღვიდგინოთ ტერიტორიული მთლიანობა – ჩვენ ყველა უნდა გავთავისუფლდეთ ამ ილუზიებისგან, სათნოების სიგნალირების ცდუნებას არ უნდა ავყვეთ და არ უნდა გვქონდეს რაიმე სახის ფსევდო-მაკიაველური ილუზიები, რომ გვერდს ავუვლით საფრთხეებს, რომლებიც ჩვენს რეგიონში საქართველოს წინაშე დგას. იმიტომ რომ ეს წინ დაგხვდება და ამას ჩვენი მტერი ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებს.

ჩვენ გვჭირდება ამ პროპაგანდის განეიტრალება სიმართლით და დიახ, არა ფსევდო პაციფიზმის ქადაგება, არამედ – სწორედ იმ გზავნილის მიტანა ქართულ საზოგადოებამდე, ყველა ადამიანამდე, რომ თავისუფლების, სახელმწიფოებრიობისა და მშვიდობის დასაცავად გვჭირდება, რომ ძლიერები ვიყოთ. უნდა გვყავდეს ძლიერი მოკავშირეები, რომ მტერს არ ჰქონდეს ჩვენს საყრდენი ჩვენს შიგნით და მტერმა იცოდეს, რომ საქართველოზე ნებისმიერი თავდასხმა დაუჯდება მაქსიმალურად ძვირი.

ამაშია სწორედ თავისუფლებისა და მშვიდობის დაცვის შანსი.

როდესაც ამ რეჟიმს შევცვლით ჩვენ მაშინვე, მყისიერად, ნახტომისებურად უნდა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა; ჩვენ უნდა შევიძინოთ რეგიონული ტაქტიკური მოკავშირეები და რაც მთავარია – ჩვენ უნდა ვიყოთ თავისუფალი სამყაროს, პირველ რიგში შეერთებული შტატების, ევროპის, დიდი ბრიტანეთის მოკავშირეები; ჩვენი გზა არის ნატოს წევრობისკენ, ევროკავშირისკენ. როგორი ბარიერებიც არ უნდა იყოს ამ გზაზე ეს სამყაროა ჩვენი ამოცანა, რადგან მაგ სამყაროშია ჩვენი გეოგრაფიის პირობებში ყველაზე მეტი შანსი სახელმწიფოებრიობის დაცვის, ჩვენი თავისუფლების დაცვის, ჩვენი იდენტობის დაცვის, ჩვენი ქართველობის, ქართული მოქალაქეობის დაცვისა.

ეს არის ჩვენი ამოცანა, და ყველა ვინც გვეტყვის, რომ იცი რა, მშვიდობა არის პირველ რიგში დასაცავიო – დიახ, მშვიდობის დასაცავად არის საჭირო, რომ გვყავდეს ძლიერი ჯარი, მშვიდობის დასაცავად არის საჭირო რომ მტერს შენს შიგნით არ ყავდეს საყრდენი, მშვიდობის დასაცავად არის საჭირო, რომ მტერი და მოყვარე გაარჩიო მკაფიოდ. და თუ რამე ტაქტიკური კომპრომისები გჭირდება მხოლოდ ამ პოზიციიდან უნდა გავაკეთოთ ეს და არა უსუსურობისა და უმწეობის გზავნილით.

ხოლო რაც შეეხება რუსული საფრთხის განეიტრალების შემდეგ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს.

აქაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, როგორც ქვეყნის შიგნით და განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ რომ ეს ყველაფერი განხილულ იქნას არა ეთნიკური დაპირისპირების მოგვარების ჭრილში, არამედ რუსული აგრესიის შედეგების განეიტრალების ჭრილში.

მორალურ სიცხადესთან ერთად ამას ემსახურება ის კამპანია, რომელსაც ფედერალისტები, აფხაზთა კრება, ტაბულა და თავისუფლების ინსტიტუტი ვაწარმოებთ – ბუჩამდე იყო აფხაზეთი.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ აქ იმ მთავარი საფრთხის განეიტრალების შემდეგ, როდესაც რუსეთი დასუსტდება, მისი აგრესიისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგების აღმოფხვრა უნდა მოხდეს.

ხოლო ის, თუ როგორ ვაგვარებთ შემდეგ ჩვენი ქვეყნის შიგნით სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის მოქალაქეებს შორის ურთიერთობებს თუ როგორი ქვეყანა ვართ – ეს არის ჩვენი სუვერენული საქმე და ჩვენი ამოცანაა არა აფხაზეთისთვის ან რომელიმე რეგიონისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის ვიყოთ თავისუფალი ქვეყანა, სადაც ყველა მოქალაქე არის თანასწორი, ყველა არის სახელმწიფოებრივად ქართველი და საქართველოს მოქალაქე, და სადაც არის ფართო თვითმართველობა, მათ შორის რეგიონული, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ვიცხოვროთ ერთიან საქართველოში, რომელიც არის ძლიერი, დაცული და რომლის შიგნითაც ყველა მოქალაქეს, განურჩევლად მისი ეთნიკური წარმოშობისა, აქვს განცდა რომ არის თანამესაკუთრე ამ ქვეყნის; არის სახელმწიფოებრივად ქართველი, საქართველოს მოქალაქე და აქვს უფლება სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერებისკენ სწრაფვის.

მსგავსი სტატიები

სირიაზე ევროკავშირის ზეწოლა აფხაზეთში ნეგატიურად აღიქმება, თუმცა თავად ამ თემის მიმართ მედია გაშუქებაც დაბალია
მუჰაჯირების შთამომავლებს გამოკვეთილი პოლიტიკური ძალა არ გააჩნიათ. ისინი უფრო მეტად ეკონომიკურ საქმიანობაში არიან ჩართული. ჩვენ ეს ჯგუფი არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც ასადის მხარდამჭერი ან მის წინააღმდეგ მებრძოლი ჯგუფი.
აფხაზეთის მშვიდობიანი ან ძალისმიერი დაბრუნება საქართველოს შემადგენლობაში — ეს აფხაზური საზოგადოებისთვის მიუღებელი პარადიგმაა.