წრიულად ფრენა აეროპორტ “ანექსიის” თავზე – პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის ახალ რეგიონულ სტრატეგიაზე

FacebookXMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

რუსეთის ახალი პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში

უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიანმა ომმა მოსკოვი აიძულა გადაეხედა პოსტსაბჭოთა სივრცეში, კერძოდ კი სამხრეთ კავკასიაში, საკუთარი გავლენის შენარჩუნების მექანიზმებისთვის. პაატა ზაქარეიშვილი საავტორო სტატიაში აანალიზებს კრემლის ახალ, „კონტროლირებადი გაურკვევლობის“ სტრატეგიას და იმ ინსტიტუციურ ცვლილებებს, რომლებიც რეგიონში რუსეთის პოლიტიკის ფუნდამენტურ ტრანსფორმაციაზე მიუთითებს.

მთავარი თეზისები:

  • რუსეთი პირდაპირი ფედერალური მართვის მოდელზე გადადის, რაც ოკუპირებული რეგიონების ისედაც მწირ ავტონომიას საბოლოოდ ანადგურებს და ადგილობრივ ელიტებს რეალურ სუბიექტურობას ართმევს.
  • ანექსიით მუდმივი შანტაჟი მოსკოვისთვის პოლიტიკური იარაღია, რათა ე.წ. „წრიული ფრენის“ რეჟიმით თბილისზე, სოხუმზე, ცხინვალსა და სხვა რეგიონულ მოთამაშეებზე ერთდროულად მოახდინოს ზეწოლა.
  • საქართველოს დეოკუპაციის სტრატეგია გადახედვას საჭიროებს და იგი, ტერიტორიების დაბრუნებასთან ერთად, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან ნდობისა და პირდაპირი კომუნიკაციის აღდგენაზე უნდა გახდეს ორიენტირებული.

2022 წლის თებერვლიდან საერთაშორისო ურთიერთობების მთელი სისტემა ღრმა და შეუქცევადი ცვლილებების ეტაპზე გადავიდა.

რუსეთის სრულმასშტაბიანმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ არა მხოლოდ ევროპული უსაფრთხოების კონსტრუქცია შეცვალა, არამედ მოსკოვიც აიძულა გადაეხედა პოსტსაბჭოთა სივრცეში საკუთარი ადგილის შენარჩუნების მექანიზმებისთვის.

ეს სიახლე ყველაზე მკაფიოდ სამხრეთ კავკასიაში გამოვლინდა — რეგიონში, სადაც რუსეთი ათწლეულების განმავლობაში წამყვან სამხედრო-პოლიტიკურ პოზიციებს ინარჩუნებდა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მოსკოვმა რეგიონში შექმნა ურთიერთობების ისეთი სისტემა, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სტაბილურად ფუნქციონირებდა. გარდა ამისა, რუსეთმა შეძლო სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებების უსაფრთხოებისა და ფინანსური დახმარების უზრუნველყოფა, ხოლო საერთაშორისო არაღიარებამ ეს ტერიტორიების კრემლზე სრულ დამოკიდებული გახადა.

საქართველოს შემთხვევაში, ასეთი მოდელი რუსეთს საშუალებას აძლევდა ერთდროულად ეკონტროლებინა ვითარება ადგილზე, შეეზღუდა თბილისის საგარეო-პოლიტიკური არჩევანი და თავად დარჩენილიყო ყველა დონის მოლაპარაკებების შეუცვლელი მონაწილე.

დღეს სწორედ ეს მოდელი თანმიმდევრულად კარგავს ეფექტიანობას.

რეგიონში ძალთა ბალანსის ცვლილება რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფაქტორმა განაპირობა:

  • უკრაინაში გაჭიანურებულმა ომმა მოსკოვი აიძულა მნიშვნელოვნად გადაანაწილებინა რესურსები;
  • სომხეთი ცდილობს საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაციას და რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური მფარველობიდან გამოსვლას;
  • ყარაბაღის რეგიონის დაბრუნების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა აზერბაიჯანის დომინანტური როლი სამხრეთ კავკასიაში, რამაც არსებითად გააძლიერა თურქეთის გავლენა რეგიონში;
  • ევროკავშირმა გააფართოვა საკუთარი მონაწილეობა სამხრეთ კავკასიურ პროცესებში;
  • საქართველო, მიუხედავად რყევებისა, ჯერ კიდევ ინარჩუნებს ევროპული ინტეგრაციის ინსტიტუციურ კურსს;

ამ ახალ პოლიტიკურ გარემოში კონფლიქტების „მართვის“ ძველი მექანიზმები მოსკოვისთვის უკვე აღარ არის ისეთი შედეგიანი, როგორიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ იყო. შესაბამისად, რუსეთი იძულებულია რეგიონში საკუთარი ყოფნის ახალი მოდელი ჩამოაყალიბოს.

ექსპერტულ წრეებში ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ რუსეთის სტრატეგიის საბოლოო მიზანი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სრული ანექსიაა. თუმცა, კრემლის ბოლო ნაბიჯები უფრო რთულ სურათს აჩვენებს.

შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის გეოპოლიტიკური თვითმფრინავი დიდი ხანია იმყოფება აეროპორტ „ანექსიის” თავზე წრიული ფრენის რეჟიმში, თუმცა ჯერ კიდევ არ აპირებს პირდაპირ დაშვებას. სწორედ ამ კონტექსტში უნდა შეფასდეს კრემლის ბოლო საკადრო გადაწყვეტილებები.

მაღალჩინოსანი ფედერალური მოხელის, მარატ კამბოლოვის, ცხინვალში ხელმძღვანელ თანამდებობაზე დანიშვნა და ბელგოროდის ყოფილი გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის, რუსეთის ელჩად აფხაზეთში გაგზავნა ძნელად შეიძლება ჩაითვალოს ჩვეულებრივ საკადრო გადაადგილებებად.

ორივე ფიგურის პოლიტიკური მასშტაბი აშკარად აღემატება ორი მცირე ტერიტორიის მიმდინარე ადმინისტრაციული მართვის საჭიროებებს.

მოსკოვი, როგორც აფხაზეთში ისე სამხრეთ ოსეთში, ტრადიციულად ადგილობრივ ელიტებს ეყრდნობოდა. შესაბამისად, ყოველდღიური ადმინისტრირებისთვის ცხინვალის რეგიონის სამართავად სრულიად საკმარისი იქნებოდა რეგიონული დონის ნებისმიერი რუსი მოხელე მიევლინა.

არც აფხაზეთში ყოფილა ოდესმე ფედერალური პოლიტიკური წონის მქონე პირის ელჩად განმწესება საჭირო.

ამ ორი გადაწყვეტილების სინქრონულობა მიუთითებს, რომ საქმე გვაქვს არა ცალკეულ დანიშვნებთან, არამედ რუსეთის ინსტიტუციური მოდელის გადახედვასთან.

აღსანიშნავია, რომ ცენტრის ასეთი აქტიური ჩართულობა ერთდროულად ხდება ორ სრულიად განსხვავებულ პოლიტიკურ სისტემაში.

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდებიან როგორც შიდა პოლიტიკური კონკურენციის ხარისხით, ისე რუსეთისადმი დამოკიდებულების ფორმითა და ადგილობრივი ინსტიტუტების ავტონომიის დონით.

შესაბამისად, ახალი დანიშვნები რეგიონების შიდა სპეციფიკით კი არა, თავად რუსეთის საერთო სტრატეგიის ცვლილებით არის განპირობებული.

თუ მოსკოვის ერთადერთი მიზანი ანექსიაა, მაშინ ყველაზე ლოგიკური გზა ძველი მოდელის შენარჩუნება იქნებოდა: ადგილობრივი ხელისუფლება თავად წამოიწყებდა მორიგ „რეფერენდუმს“, ხოლო მოსკოვი მხოლოდ „გაითვალისწინებდა მოსახლეობის ნებას“ და შეინარჩუნებდა პოლიტიკურ დისტანციას.

ფედერალური დონის წარმომადგენლების პირდაპირი დანიშვნა სრულიად განსხვავებულ ლოგიკაზე მიუთითებს.

კამბოლოვისა და გლადკოვის დანიშვნა ნიშნავს, რომ რუსეთი ამ ეტაპზე არ ჩქარობს ტერიტორიების საბოლოო სტატუსის გაფორმებას. პირიქით, იგი ცდილობს საკუთარი პოლიტიკური შესაძლებლობების გაფართოებას.

აეროპორტ „ანექსიის” თავზე წრიული ფრენა არ არის გაუბედაობის გამოხატულება. ეს კონტროლირებადი გაურკვევლობის შეგნებული სტრატეგიაა, რომელიც ამ ეტაპზე მოსკოვისთვის სამხრეთ კავკასიაში ყველაზე ხელსაყრელ პოლიტიკურ პოზიციას ქმნის.

ანექსიით შანტაჟი ზეწოლას ერთდროულად რამდენიმე აქტორზე ახდენს:

  • თბილისისთვის ეს არის ტერიტორიების საბოლოოდ დაკარგვის მუდმივი საფრთხე;
  • სოხუმისა და ცხინვალისთვის – შეხსენება, რომ მათი მომავალი მთლიანად კრემლის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული;
  • სომხეთისთვის, თურქეთისა და აზერბაიჯანისთვის – სიგნალი, რომ რუსეთი კვლავ ინარჩუნებს შესაძლებლობას გავლენა მოახდინოს სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების კონსტრუქციაზე;

ამა თუ იმ ტერიტორიის საბოლოო ანექსია თავად მოსკოვისთვისაც შეამცირებდა პოლიტიკური მანევრის სივრცეს, რადგან ისინი რუსეთის შიდა სუბიექტებად გადაიქცეოდნენ.

ამის ნაცვლად, კრემლი, ჩემი ვარაუდით, ცდილობს გაატაროს საქართველოსთან ურთიერთობის სრულიად ახალი პოლიტიკა.

წლების განმავლობაში მოსკოვი ამტკიცებდა, რომ თავად არ იყო კონფლიქტის მხარე და საკუთარ თავს მხოლოდ უსაფრთხოების გარანტად წარმოაჩენდა თბილისსა, სოხუმსა და ცხინვალს შორის. დღეს საქართველოსთან პირდაპირი პოლიტიკური დიალოგის დაწყება ამ მრავალწლიანი იურიდიული კონსტრუქციის დანგრევას ნიშნავს.

ახალ მოდელში მოსკოვზე მთლიანად დამოკიდებული დე-ფაქტო ხელისუფლებები შეიძლება ფორმალურ საკომუნიკაციო არხებად გადაიქცნენ. ფორმალურად კონტაქტი შეიძლება წარიმართოს თბილისსა და ცხინვალს ან თბილისსა და სოხუმს შორის, თუმცა რეალურად ამ პროცესის უკან უშუალოდ მოსკოვი დგება, რომელიც უკვე არა მხოლოდ ცალკეულ კონფლიქტებს, არამედ მთლიან ქართულ პოლიტიკურ სივრცეს საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მართავს.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუბიექტურობის ფაქტორი

თანამედროვე კვლევების უმრავლესობა ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირებაზე ან საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე. შედეგად, აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი ხშირად მხოლოდ რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტებად აღიქმებიან.

ეს რეალობის უაღრესად გამარტივებული აღქმაა.

საერთაშორისო-სამართლებრივი სტატუსის მიუხედავად, ამ საზოგადოებებში ცხოვრება გრძელდება. იქ იზრდება და ყალიბდება თაობები, რომლებსაც არასოდეს უცხოვრიათ ერთ სახელმწიფოში ქართველებთან ერთად. არსებობს საკუთარი ელიტები, შიდა პოლიტიკური პროცესები, სოციალური მოლოდინები და ინტერესები.

მათი სუბიექტურობა შეზღუდულია და მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსეთზე, მაგრამ სრულად არ გამქრალა.

ამ თვალსაზრისით იქმნება საინტერესო პარადოქსი:

მოსკოვი – ფორმალურად აღიარებს მათ სახელმწიფოებრიობას, მაგრამ პრაქტიკაში თანმიმდევრულად ამცირებს მათ რეალურ ავტონომიას და ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ფედერალურ ინსტიტუტებით ახორციელებს. ხოლო თბილისი – მტკიცედ იცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა ხშირად უგულებელყოფს ამ საზოგადოებების შიდა რეალობას და პრობლემას მხოლოდ ოკუპაციის ჭრილში განიხილავს.

პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ მოსკოვი აღიარებს სახელმწიფოებრიობას, მაგრამ ანადგურებს სუბიექტურობას, ხოლო თბილისი იცავს ტერიტორიას, მაგრამ დისკურსიდან ხშირად გამოდევნის იმ ადამიანების ინტერესებსა და შიშებს, რომლებიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობენ.

ამგვარად, საქართველო უნებლიედ იღებს რუსეთის მიერ შექმნილ ჩარჩოს და ერთმანეთისგან განსხვავებულ რამოდენიმე კონფლიქტს ერთ საქართველო-რუსეთის დაპირისპირებაში ათავსებს.

თუ მომავალში რუსეთის გავლენა შესუსტდება, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ აფხაზებსა და ოსებს საქართველოს მიმართ ნდობა დაუბრუნდებათ.

ისტორია გვიჩვენებს, რომ გეოპოლიტიკური გარემოს ცვლილება თავისთავად არ აღადგენს ნდობას. საზოგადოებებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის გარეშე ნებისმიერი პოლიტიკური შეთანხმება მხოლოდ გარედან შექმნილი, მყიფე კონსტრუქცია დარჩება.

აქედან გამომდინარე, დღევანდელი გეოპოლიტიკური ტრანსფორმაცია საქართველოსგან მოითხოვს დეოკუპაციის მთელი სტრატეგიის გადახედვას.

წლების განმავლობაში თბილისი სრულიად სამართლიანად ეყრდნობოდა საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. თუმცა, თუ იცვლება რუსეთის ქცევის მოდელი, საქართველოს პასუხი არ უნდა დარჩეს მხოლოდ რეაქტიული.

თბილისმა უნდა ჩამოაყალიბოს საკუთარი დამოუკიდებელი სტრატეგია, რომელიც ორ პარალელურ მიმართულებას დაეფუძნება:

  • პირველი — რუსეთის ზეწოლის შეკავება, დასავლურ კურსზე მტკიცედ დარჩენა და ევროპული ინტეგრაციის გაგრძელება.
  • მეორე — უშუალო ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობების აღდგენა და გაღრმავება.

დეოკუპაცია მხოლოდ ტერიტორიების დაბრუნება არ არის. ეს, პირველ რიგში, ადამიანური ურთიერთობების, ნდობის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და კულტურული კავშირების აღდგენას ნიშნავს.

იმ დროს, როდესაც მოსკოვი ადმინისტრაციულ მართვას ამკაცრებს, თბილისს შეუძლია სოხუმსა და ცხინვალს შესთავაზოს ის, რასაც რუსეთი ვერასოდეს შესთავაზებს:

  • არა მკაცრი კონტროლი, არამედ – გრძელვადიანი ურთიერთობები;
  • არა საზოგადოებებისა და ტერიტორიების გამოყენება გეოპოლიტიკური რესურსის სახით, არამედ – მათი ადამიანური და პოლიტიკური რეალობის პატივისცემა.

დღევანდელ რეალობაში რუსეთი აგრძელებს მკაცრი დამოკიდებულების სისტემის მშენებლობას და კვლავ წრეზე დაფრინავს აეროპორტ „ანექსიის”  თავზე. თუმცა ეს ფრენა უსასრულოდ ვერ გაგრძელდება.

უკრაინაში გაჭიანურებული ომის პირობებში რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური „საწვავი“ თანდათან იწურება.

საქართველოს ამ პირობებში შეუძლია გააძლიეროს საკუთარი განვითარების მოდელის მიმზიდველობა და შესთავაზოს ალტერნატივა, რომელიც დაფუძნებული იქნება ნდობაზე, უსაფრთხოებაზე და საერთო ევროპული მომავლის პერსპექტივაზე.

მსგავსი სტატიები

დენის ჩენუშა: კვიპროსის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას ევროკავშირისთვის, არანაირი ეგზისტენციალური პრობლემა არ შეუქმნია. უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შემთხვევაში ვითარება შესაძლოა რადიკალურად განსხვავებული იყოს,