დრონებით შეტევა აფხაზეთზე
მიმდინარე წლის 4-5 მარტს აფხაზეთში ოცდაათამდე უპილოტო სამხედრო დრონი გამოჩნდა. როგორც დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ყველა მათგანი გაანეიტრალეს. ნაწილი ზღვაში ჩავარდა, ნაწილი – რამდენიმე სოფელში.
მარტის თვეში აფხაზეთში კიდევ რამდენჯერმე გამოაცხადეს საჰაერო განგაში. განადგურებული დრონების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ჩანს. დრონების გამოჩენას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
შეტევის სამიზნე სავარაუდოდ უშუალოდ აფხაზეთი ან რეგიონში არსებული რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურა არ ყოფილა.
გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს შესაძლოა დაზვერვითი ხასიათი ნაბიჯიც იყო, რაც აფხაზეთში რუსული თავდაცვის სისტემის გამოვლენას ისახავდა მიზნად.
აფხაზეთის ტერიტორიაზე უკრაინის სამხედრო დრონების გამოჩენა ან სამომავლოდ უშუალოდ რეგიონზე სამხედრო თავდასხმას პოლიტიკური განზომილება გააჩნია. ამჟამად აფხაზეთი დე იურე საქართველოს ნაწილია, თუმცა რეგიონზე ეფექტური კონტროლი რუსეთის ფედერაციას გააჩნია და ოფიციალური თბილისი ამგვარ ვითარებას ოკუპაციად აფასებს.
უკრაინის მხრიდან აფხაზეთზე შეტევა ფორმალურ დონეზე შეიძლება საქართველოს ტერიტორიაზე თავდასხმად შეფასდეს.
მსგავს ქმედებას პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე შეიძლება სხვადასხვაგვარი შეფასება მოყვეს, თუმცა გასათვალისწინებელია ობიექტური რეალობები და აფხაზეთის გარშემო ჩამოყალიბებული მრავალშრიანი გარემოებები.
რამდენად ღირებულია აფხაზეთში არსებული რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურა კიევისთვის, ან რა ნაბიჯები უნდა გადადგას ოფიციალურმა თბილისმა მსგავსი შემთხვევის დროს? – ამ და სხვა საკითხებზე მოსაზრებები უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტებს ვთხოვეთ.

შოთა უტიაშვილი, უსაფრთხოების ექსპერტი, მიიჩნევს, რომ ამჟამად აფხაზეთში უკრაინელების სამხედრო ინტერესს შეიძლება მხოლოდ ორი სამიზნე წარმოადგენდეს: ოჩამჩირის პორტი და რეგიონში განლაგებული რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები
მათზე თავდასხმას კიევისთვის სამხედრო ღირებულების გარდა, ფსიქოლოგიური ფასიც გააჩნია. ამ ნაბიჯით ისინი რუსეთს დაანახებენ, რომ შავი ზღვის ფლოტი უსაფრთხოდ ვერ იქნება ვერც რუსულ პორტებში და ვერც ოჩამჩირეში.
თუმცა აფხაზეთი რუსეთის ტერიტორია არ არის და მასზე თავდასხმამ შესაძლოა პოლიტიკური დაძაბულობა გამოიწვიოს.
უკრაინა რუსეთს გარეთ არსებულ სამხედრო ობიექტებზე შეტევისგან დღემდე თავს იკავებს. ამიტომაც სამხედრო თავდასხმები არ ხორციელდება ბელორუსის მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსული არმიის შეტევა 2022 წელს ერთ-ერთი სწორედ ამ მიმართულებიდან განხორციელდა.
უტიაშვილი მიიჩნევს, რომ არსებობს თვისებრივი სხვაობა ბელორუსსა და აფხაზეთს შორის.
რუსული არმია ბელორუსში მინსკის თანხმობით დგას და მოქმედებს, მაშინ როცა აფხაზეთში განლაგებული რუსული სამხედრო ძალა საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე და მისი ნების წინააღმდეგ არის რეგიონში წარმოდგენილი.
ეს კი ქნის ორაზროვნებას: აფხაზეთში არსებული რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურა უკრაინის ლეგიტიმური სამიზნეა და მასზე თავდასხმა საქართველოზე თავდასხმად ვერ ჩაითვლება, რადგან რუსული ძალები რეგიონში უკანონოდ იმყოფებიან.
თავდასხმის შემთხვევაში საქართველოს მთავრობას შეუძლია ყურადღება არ მიაქციოს ამ ნაბიჯს და არ გამოეხმაუროს მას. თბილისისთვის მნიშვნელოვანი აფხაზეთში სამოქალაქო პირების უსაფრთხოება, სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა თუ კულტურული ძეგლების დაცვა უნდა წარმოადგენდეს.
თავდასხმის შემთხვევაში შესაძლებელია რომელიმე დრონი ან რაკეტა სამხედრო მიზანს აცდეს და ამან სამოქალაქო მსხვერპლი გამოიწვიოს. ამიტომაც საქართველოს ხელისუფლებამ შეძლებისდაგვარად წინასწარ უნდა გააფრთხილოს ადგილობრივები და მოუწოდოს სამხედრო ობიექტებისგან თავი შორს დაიჭირონ.
შოთა უტიაშვილის თქმით უკრაინული დრონებისა და რაკეტების მოქმედების რადიუსი იზრდება. ეს რეალობა რუსეთს უბიძგებს, რომ შავი ზღვის ფლოტის ნაწილები ნოვოროსიისკის ზონიდან უფრო აღმოსავლეთით გადაიყვანოს.
შესაბამისად აფხაზეთში რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურა და სამიზნეები შეიძლება გაიზარდოს, რაც უკრაინელების მხრიდან უშუალოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე თავდასხმის რისკებს ზრდის.

თეონა აქუბარდია, 2014-2018 წლებში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე მიიჩნევს, რომ უკრაინის ღია პოზიცია ყველასთვის ცხადია – ნებისმიერი ადგილი, საიდანაც საფრთხე რუსეთის მხრიდან ემუქრებათ ამ ომის განმავლობაში მათთვის ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეა.
ეს სამიზნე შეიძლება იყოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ოჩამჩირის პორტიც, სადაც ომის მიმდინარეობისას რუსეთმა შავი ზღვის სამხედრო ფლოტის კატარღები გამოარიდა.
აქუბარდია იხსენებს, რომ ამ პორტში რუსული სამხედრო ფლოტის განთავსების ინიციატივის გახმოვანებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2023 წელს საქართველოს ორმოცდაათმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მისი ინიციატივით ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს განცხადებითაც მიმართა, რის შემდეგაც შავი ზღვის უსაფრთხოების ჭრილში ნატოს გენმდივნის საჯარო შეფასებაც ვიხილეთ.
სამხედრო სამიზნე შეიძლება გახდეს ნებისმიერი რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურა.
უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიც ჩართო. რამდენადაც ოკუპაციის პირობებში ამ რეგიონებზე რუსეთის ეფექტიანი კონტროლი ხორციელდება, ოფიციალური თბილისი თეორიულად ამ მიმართულებით შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში უნდა ითვალისწინებდეს ამ ფაქტორს.
დღეს საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის უწყებათშორისი მექანიზმი მოშლილია, არც საფრთხეების შეფასების დოკუმენტი გააჩნია ქვეყანას 2018 წლიდან.
საქართველომ თავისი ეროვნული ინტერესით უნდა იხელმძღვანელოს, ხოლო ეს ინტერესები ჯერ კიდევ ახლო წარსულში საქართველოს მშვიდობიანი გზით დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, ასევე ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაა. ამ მხრივ კი ჩვენი და უკრაინის ინტერესების სრული თანხვედრა არსებობს.
ვხედავთ თუ როგორ უტევს უკრაინა რუსეთის სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებს შორი რადიუსით, მათ შორის კრასნოდარის მხარეში.
როგორც აქუბარდია აღნიშნავს უკრაინამ შეძლო ომის გადატანა რუსეთის ტერიტორიაზე და ეს საგულისხმოა მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში მაცხოვრებელთათვისაც, რადგან ხედავენ თუ რამდენად სუსტია რუსეთი დღეს დაიცვას ამ პროპორციული თავდასხმისგან მისი ხალხი.
თეონა აქუბარდიას თმით, ამ მხრივ ნიშანდობლივი იყო ოკუპირებულ აფხაზეთში რამოდენიმეჯერ გამოცხადებული დრონების განგაში, რომლის წარმომავლობა ვერ დადგინდა.
ეს შემთხვევები მიუთითებს რუსეთის სისუსტეზე. ხოლო იმისთვის, რომ საქართველომ რუსული მხარის ეს სისუსტე უკვე თავის სიძლიერედ გარდაქმნას, ამისთვის საჭიროა ქვეყნის ინტერესების შესაბამისი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა.