პაატა ზაქარეიშვილი ილია II-ზე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 2026 წლის 17 მარტის ღამეს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას 48 წლის განმავლობაში მეთაურობდა. პატრიარქი 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს. ექსპერტების უმეტესობა თანხმდება, რომ საზოგადოებაში ილია მეორის ავტორიტეტი განსაკუტრებული იყო. სხვადასხვა გამოკითხვებით ის წლების მანძილზე საქართველოში ყველაზე პატივსაცემ ფიგურად რჩებოდა. არც მისი ასაკის მატებასთან და არც საზოგადოებაში პოლარიზაციის ზრდასთან ერთად პატრიარქის ავტორიტეტი არ დაკლებულა.
გთავაზობთ ინტერვიუს კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილთან, სადაც შემდეგი თემები იქნა განხილული:

პაატა ზაქარეიშვილი: სხვა რეგიონების მსგავსად საქართველოს ეკლესიას აფხაზეთში დიდი გავლენა საბჭოთა პერიოდში არ ჰქონია. ილია მეორის წინამორბედს, პატრიარქ დავითს, საზოგადოება ნაკლებად იცნობდა. მაშინ, 1960-70-იან წლებში რიგით ადამიანს შესაძლოა ისიც კი არ სცოდნოდა თუ ვინ იყო პატრიარქი.
იმ დროს აფხაზეთის მიტროპოლიტი ახალგაზრდა ილია შიოლაშვილი გახლდათ, თუმცა ის ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ჩანდა. იმ დროს სხვა ეპისკოპოსები უფრო იყვნენ ცნობილები.
ვფიქრობ, რომ ბევრმა აფხაზმაც კი არ იცოდა თუ, ვინ იყო მათი მიტროპოლიტი.
ვითარება 80-იანი წლების ბოლოს შეიცვალა, როდესაც ეროვნული მოძრაობის გაძლიერებასთან ერთად ეკლესიის როლიც გაიზარდა. ამ პერიოდში აფხაზეთის მიტროპოლიტი დავით ჭკადუა იყო.
აფხაზების დიდმა ნაწილმა უკვე იცოდა მისი ვინაობა, თუმცა ბევრმა არ იცოდა, რომ ჭკადუამდე ეს კათედრა ილია მეორეს ეკავა. იმ დროს აფხაზები ილიას უფრო მეტად საქართველოს პატრიარქად აღიქვამდნენ, ვიდრე მათ ყოფილ მიტროპოლიტად. ამგვარი დამოკიდებულება სუფევდა აფხაზებში.
ამასთანავე აფხაზური მხარე ეკლესიის როლს იმ პერიოდში ცალსახად უარყოფითად აფასებდა და მიიჩნევდა, რომ ის რეგიონში ვითარებას ძაბავდა. თუმცა, აგრესია უშუალოდ დავით ჭკადუას მიმართ არ იგრძნობოდა.
მიტროპოლიტი ცდილობდა ყოფილიყო ზომიერი, გაწონასწორებული, შემრიგებელი და ამას გარკვეული შედეგები ქონდა.
მთელი ნეგატივი ძირითადად პატრიარქის პიროვნების გარშემო იყრიდა თავს. აფხაზების თვალში ის უარყოფით ფიგურად აღიქმებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მეუფე დავითი ვითარების დაწყნარებას ცდილობდა.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმ პერიოდში [1980-იანი წლების მეორე ნახევარი] რეალურად, აფხაზების მთავარი კრიტიკა და უკმაყოფილება მაინც ეროვნული მოძრაობისკენ იყო მიმართული და ეკლესიას ისეთ დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ, როგორც პოლიტიკურ პროცესებს. თუმცა თუკი უშუალოდ ეკლესიას ავიღებთ – მის მიმართ სწორედ ამგვარი დამოკიდებულებები არსებობდა.
ეკლესია პოლიტიკურ პროცესებში წამყვან ძალად 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ იქცა.
ამ პერიოდში აფხაზეთთან მიმართებაში ილია მეორის სახელს ორი მნიშვნელოვანი ეპიზოდი უკავშირდება. პირველი თუ არ ვცდები 1990 წელს მოხდა, როდესაც პატრიარქი აფხაზეთში ჩავიდა და მას აფხაზები პროტესტით დახვდნენ, გუთაუთაში არ გაატარეს.
თუმცა ამ მოვლენას წინ უსწორებდა პატრიარქის განცხადება. ოქტომბრის ბოლოს პატრიარქმა საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების შესაჩერებლად წირვისას განაცხადა, რომ ქართველთა მკვლელები არ ცხონდებოდნენ და მათ ანათემაზე გადაცემით დაემუქრა. ეს განცხადება შიდა ქართულ დაპირისპირებას ეხებოდა, თუმცა ის არასწორად და მძაფრად გაიგეს სხვებმა.
ოსებს დიდი რეაქცია არ ქონიათ, თუმცა აფხაზებმა ეს განცხადება თავისებურად გაიგეს – ქართველის მოკვლა არ შეიძლება და გამოდის აფხაზის შეიძლება!
სწორედ ამ გაუგებრობამ გამოიწვია ის მძაფრი პროტესტი და დაძაბულობა, რაც პატრიარქის აფხაზეთში ჩასვლის მცდელობას მოჰყვა.
კითხვა: როგორი იყო ეკლესიის როლი უშუალოდ ომის მსვლელობისას და ომის შემდგომ პერიოდში?
პაატა ზაქარეიშვილი: ომის მსვლელობისას აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი იყო. ის მუდმივად რეგიონში იმყოფებოდა, დადიოდა ფრონტის ხაზზე და სარისკო ზონებში წირვა-ლოცვას ატარებდა. მეუფე დანიელი აფხაზების მიმართ აგრესიით არ გამოირჩეოდა, თუმცა ეკლესია მაინც არ იყო ჩართული უშუალო მოლაპარაკებებში.
აფხაზური მხარე ქართულ ეკლესიასთან სრულ გაუცხოებას გრძნობდა და მათი მხრიდან ამ კუთხით აქტიურობაც არ ჩანდა.
მოგვიანებით, 2010 წელს, პატრიარქმა თავად შეითავსა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტული. მას შემდეგ პატრიარქ ილია მეორის ოფიციალური ტიტული ასე ჟღერდა: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა.
ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო შიშით, რომ რუსეთს შესაძლოა აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალია ეღიარებინა. აღსანიშნავია, რომ რუსული მხარე დღემდე არ მოიხსენიებს პატრიარქს მისი სრული ტიტულატურით.
ომის შემდეგ სამშვიდობო პროცესი ეკლესიის გარეშე წარიმართა. საპატრიარქო ძირითადად თავისი იურისდიქციის შენარჩუნებაზე ზრუნავდა და ცდილობდა მოსკოვთან ურთიერთობის დალაგებას, რათა რუსეთს აფხაზეთის ეკლესიაზე პრეტენზია არ გამოეთქვა.
ჩემი დაკვირვებით აფხაზეთის საკითხს მოსკოვი საქართველოს ეკლესიის შანტაჟისთვის იყენებდა. თითქოს აღიარებდნენ საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას, მაგრამ მუდმივად ქმნიდნენ განცდას, რომ ეს პოზიცია ნებისმიერ დროს შეიძლებოდა შეცვლილიყო.
საპატრიარქოს მთავარი შიში სწორედ ის იყო, რომ რუსეთის ეკლესიას შეეძლო აფხაზეთის მიეტაცებინა და ეპარქიად მიიერთებინა ან ხელი შეეწყო მის საქართველოს ეკლესიისგან გამოყოფას. ეს უკანასკნელი საეკლესიო წესებიდან გამომდინარე ძალზე არარეალისტური მეჩვენება, თუმცა საფრთხე რომ ეპარქიას მიიერთებდნენ იყო და დღემდე ნარჩუნდება.
კითხვა: როგორი იყო თავად პატრიარქის პირადი დამოკიდებულება აფხაზეთისა და ამ კონფლიქტის მიმართ?
პაატა ზაქარეიშვილი: ილია მეორეს აფხაზეთის მიმართ მუდმივი ინტერესი და ემოციური კავშირი ჰქონდა, რადგან იქ თავისი ახალგაზრდობის წლები გაატარა.
ჩემი მინისტრობის პერიოდში მასთან ხშირად განვიხილავდით აფხაზეთის მოვლენებს. 2017 და 2019 წლის შეხვედრების დროსაც პატრიარქი მუდმივად კითხულობდა: „რა გავაკეთოთ, რომ აფხაზებთან საერთო ენა გამოვნახოთ? რით შემიძლია რომ მე ჩავერთო?“.
მას აშკარად ჰქონდა სურვილი და მზაობა, რომ ეკლესიას უფრო აქტიური და დადებითი როლი შეესრულებინა სამშვიდობო პროცესში.
ის ხშირად იმეორებდა, რომ აფხაზეთი მისი „ტკივილი და სიყვარული “იყო. მას მუდმივად ქონდა მცდელობა აფხაზეთის თემასთან ბმა ქონოდა და დადებითი როლი შეესრულებინა. რამდენად გამოუვიდა მას ეს საქმე ცალკე თემაა, თუმცა ეს დამოკიდებულება აშკარად ჩანდა.