ორიგინალი სტატია გამოქვეყნდა გამოცემაში The New Union Post
ავტორი: ფედერიკო ბაჩინი [Federico Baccini], The New Union Post-ის მთავარი რედაქტორი
მას შემდეგ, რაც კვიპროსი 2004 წელს ევროკავშირს შეუერთდა, მისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას „ევროკავშირისთვის, როგორც ერთიანი ორგანიზმისთვის, არანაირი ეგზისტენციალური პრობლემა არ შეუქმნია“, განმარტავს დენის ჩენუშა, გეოპოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ცენტრის ასოცირებული ექსპერტი, თურქეთთან არსებულ სპეციფიკურ ურთიერთობაზე მითითებით. თუმცა, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შემთხვევაში ვითარება შესაძლოა რადიკალურად განსხვავებული იყოს.
არსებობს ერთი გამოწვევა, რომელიც საერთოა უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის – ევროკავშირში გაწევრიანების ბოლო სამი კანდიდატისთვის. უფრო ღრმა დაკვირვება აჩვენებს, რომ იგივე საკითხი მათ კვიპროსთანაც აკავშირებს, რომელიც უკვე ოც წელზე მეტია ევროკავშირის წევრია.
თითოეულ ამ უნიკალურ შემთხვევაში, ცენტრალური ხელისუფლებები საკუთარი ტერიტორიის ნაწილებზე სრულ კონტროლს მოკლებული არიან.
უკრაინისთვის ეს არის დონბასი და ყირიმი; მოლდოვისთვის – დნესტრისპირეთი; ხოლო საქართველოსთვის – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. სამივე ასპირანტი ქვეყნისთვის სეპარატისტული რეგიონების ან რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა მწვავე ეროვნულ პრობლემაა. ევროკავშირისთვისაც ეს შემთხვევები უაღრესად კომპლექსურ საკითხს წარმოადგენს.
კუნძულის კვიპროსის რესპუბლიკასა და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას შორის გაყოფიდან ოცდაათი წლის შემდეგ, სწორედ პირველი მათგანი გახდა კავშირის წევრი 2004 წელს – მეორესთან გაერთიანების გარეშე.
ეს აჩენს მნიშვნელოვან კითხვას: რამდენად შეიძლება ნიქოზია გამოდგეს პრეცედენტად ბრიუსელისთვის ამ სამი ახალი კანდიდატის გაწევრიანების განხილვისას?

„ჩემი ხედვით, ძალიან რთულია კვიპროსს პოზიტიური გამოსავალი ვუწოდოთ. ვიტყოდი, რომ ეს არის ერთადერთი გზა ევროკავშირისთვის რომ წინ გადადგას ნაბიჯი“, – განმარტავს დენის ჩენუშა, გეოპოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ცენტრის (GSSC) ასოცირებული ექსპერტი The New Union Post-თან ინტერვიუში.
ევროკავშირის გაფართოების მიმდინარე პროცესის კონტექსტში საკითხი კიდევ უფრო ფაქიზი ხდება. ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორია ის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა გახდეს უკრაინისთვის შეთავაზებული „უსაფრთხოების გარანტიების“ ნაწილი რუსეთთან ნებისმიერ მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებაში.
დილემის არსი იმაში მდგომარეობს, უნდა მიისწრაფოდნენ თუ არა კიევი და ბრიუსელი დაჩქარებული გაწევრიანებისკენ ისეთი უკრაინისთვის, რომელიც — ყოველ შემთხვევაში დე ფაქტო — ვერ აკონტროლებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებს, თუ გაწევრიანება უნდა გადაიდოს მანამ, სანამ კიევი სრულ სუვერენიტეტს არ აღადგენს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში?
„როდესაც ევროკავშირმა უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, მას არ გაუვლია ზღვარი კიევის მიერ კონტროლირებად რეგიონებსა და რუსული ოკუპაციის ქვეშ მყოფ ტერიტორიებს შორის“, — აღნიშნავს ჩენუშა. გაწევრიანება, როდესაც არ უნდა მოხდეს ის, გავრცელდება ქვეყანაზე მთლიანობაში — „და იგივე პრინციპი ეხება საქართველოსა და მოლდოვას“.
დამატებითი კითხვაა, შეიძლება თუ არა კვლავ მიმდინარეობდეს აქტიური საომარი მოქმედებები, მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელმა „უკვე დაუშვა პრეცედენტი“ წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებით იმ ქვეყანასთან, რომელიც ომშია თავად ევროკავშირის უსაფრთხოების პირდაპირ საფრთხესთან? „ეს უპრეცედენტოა გაფართოების ისტორიაში“, — ხაზს უსვამს ჩენუშა. ამ დიპლომატიური კვანძის გახსნაში კვიპროსის მაგალითიც კი ვერ დაგვეხმარება.
„კვიპროსის ტერიტორიული მთლიანობის არქონას არასოდეს შეუქმნია ეგზისტენციალური პრობლემა ევროკავშირისთვის. სავარაუდოდ, იგივე დაშვება გაკეთდა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიებთან დაკავშირებითაც“, — აღიარებს ჩენუშა. როდესაც ამ ქვეყნებს კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ, „ევროკავშირმა კარგად იცოდა, რას აკეთებდა“, თუმცა არჩია წინსვლა იმ წევრი სახელმწიფოს მაგალითზე დაყრდნობით, რომლის ტერიტორიულ დავას „არსებითი პრობლემები არ შეუქმნია კავშირისთვის მთლიანობაში“.
1974 წელს კუნძულის ჩრდილოეთ რეგიონის თურქული ოკუპაციის შემდეგ, რეინტეგრაციის მიღწევის ვერცერთმა დიპლომატიურმა მცდელობამ ვერ გამოიღო შედეგი, მათ შორის ვერც ევროკავშირში გაწევრიანებამ. იმ დროს ჩატარებული რეფერენდუმი ჩაიშალა ბერძნული თემის წინააღმდეგობის გამო — მოსახლეობისა, რომელიც საბოლოოდ შეუერთდა კავშირს. ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა კვლავ გარიყულია ევროკავშირის პროექტიდან და მას მხოლოდ თურქეთი აღიარებს.

მიუხედავად ამისა, კუნძულის გაყოფა — რაც უნიკალური შემთხვევაა ევროკავშირში — ბრიუსელში უსაფრთხოების რისკად არასოდეს მიუჩნევიათ.
„ეს გამოდგა ერთგვარი სასწავლი გამოცდილება, რომელმაც გამოკვეთა შესაძლებლობების ზღვარი იმ პრობლემასთან მიმართებით, რომელიც ეგზისტენციალურია ქვეყნისთვის, მაგრამ არა ევროკავშირისთვის მთლიანობაში“, — აღნიშნავს GSSC-ის ასოცირებული ექსპერტი.
თუმცა, რთულია იგივე ლოგიკის მისადაგება მოლდოვასთან, საქართველოსთან ან, უპირველეს ყოვლისა, უკრაინასთან. პირველ რიგში, დაპირისპირებული მხარე არის „მესამე, არაკანდიდატი სახელმწიფო, რომელსაც ოკუპირებული აქვს მეზობლების ტერიტორიები“ — და არა კანდიდატი სახელმწიფო, როგორიცაა თურქეთი (თუმცა გაყინული გაწევრიანების პროცესით).
მეორეც, საფრთხის გეოგრაფიული სიახლოვე მას ეგზისტენციალურ საფიქრალად აქცევს ევროკავშირის აღმოსავლეთ და ბალტიისპირელი წევრებისთვის, რაც რუსეთს მთელი კავშირის მთავარ საფრთხედ გარდაქმნის. „ეს არასოდეს ყოფილა თურქეთის შემთხვევაში“, — აცხადებს ჩენუშა.
მართალია, „კვიპროსის შემთხვევა“ აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს გამოიყენოს ევროპული ინტეგრაცია, როგორც „მამოძრავებელი ძალა“ ამ თემების კონსტიტუციურ ხელისუფლებასთან ხელახალი დაახლოების წასახალისებლად. თუმცა, არსებობს არსებითი განსხვავება სამ კანდიდატ ქვეყანასთან მიმართებით.
კვიპროსში თურქეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია სარგებლობს „განვითარების გარკვეული დონით“, რადგან თურქეთი მიუხედავად მისი მრავალი გამოწვევისა და სისუსტისა რეგიონული ძალაა ფუნქციონირებადი ეკონომიკით.
ამის საპირისპიროდ, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს რუსეთის მიერ კონტროლირებად ან სეპარატისტულ ტერიტორიებზე, რუსეთს უცაბედად სწრაფი ეკონომიკური ზრდაც რომ ჰქონდეს, ეს რეგიონები სავარაუდოდ დარჩებიან „ნაცრისფერ ზონებად, სადაც ინვესტირებით რეალურად არავინ იქნება დაინტერესებული“ და განვითარების გაცილებით ნაკლები შესაძლებლობა ექნებათ.
გარდა ამისა, არც თურქეთი და არც კვიპროსის თურქული კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიები არ ექვემდებარება საერთაშორისო სანქციებს, განსხვავებით რუსეთისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებისგან, რომლებიც „საერთოდ ვერ შეძლებენ განვითარებას“.
კვიპროსმა აჩვენა, რომ იმ ქვეყნის ინტეგრაციას, რომელიც სრულად ვერ აკონტროლებს საკუთარ ტერიტორიას, თან ახლავს თანდაყოლილი სტრუქტურული შეზღუდვები. „ეს არის როგორც უსაფრთხოების, ისე სოციალურ-ეკონომიკური საკითხი“, — განმარტავს ჩენუშა და მიუთითებს ტერიტორიებზე, რომლებიც არათანაბრად ვითარდება. ის მიანიშნებს ასევ დავებზე საჯარო ადმინისტრირების გარშემო, მოსახლეობის გადინებაზე თურქული კონტროლის ზონიდან და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებისთვის შემაკავებელ ეფექტზე.
ამავდროულად, როდესაც საქმე სეპარატიზმს ეხება, მსგავსმა სიტუაციებმა შესაძლოა დაძაბულობა წარმოშვას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და კანდიდატ ქვეყნებს შორის.
ანკარის პერსპექტივიდან, „ისინი ხშირად აცხადებენ, რომ ნიქოზია და ათენი არიან თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი დაბრკოლებები“ — და არა დემოკრატიული ინსტიტუტების ან კანონის უზენაესობის ნაკლოვანებები, არამედ მეზობელ სახელმწიფოებთან ცუდი ურთიერთობები.
მიუხედავად ამისა, ჩენუშა სკეპტიკურადაა განწყობილი რომ ეს ფუნდამენტურად შეცვლის ურთიერთობებს ანკარასა და ბრიუსელს შორის.

„თურქეთი არ წავა კომპრომისებზე, რადგან უსაფრთხოება ახლა ევროკავშირთან მისი დისკუსიების ერთ-ერთი მთავარი პუნქტია“. ევროპული უსაფრთხოების განმტკიცება მოითხოვს დიალოგს თურქეთთან და „თავდაცვა გახდა გადამწყვეტი ფაქტორი ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ფორმირებაში“.
კუნძულის პოლიტიკურად და ეკონომიკურად რეინტეგრაცია ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევა. მიუხედავად ამისა, ევროკავშირი აგრძელებს კვიპროსელი თურქების თემის მხარდაჭერას საკუთარი ბიუჯეტის ნაწილით, რაც 2028–2034 წლების მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს (MFF) პროექტში 438 მილიონ ევროს შეადგენს.
როგორც ჩენუშა განმარტავს, „ეს არის ერთგვარი ფარული ხელი, რომელიც მიზნად ისახავს კვიპროსში განვითარების მაქსიმალურ ბალანსს“. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ თურქეთთან მჭიდრო კოორდინაციით, „რადგან ის არ დაუშვებს იქ არაფრის განხორციელებას საკუთარი თანხმობის გარეშე“.
მსგავსი სცენარი შეიძლება მიესადაგოს მოლდოვას, მაგრამ არა საქართველოს ან უკრაინას. დნესტრისპირეთის საწარმოები უკვე ვაჭრობენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან — განსაკუთრებით რუმინეთთან — და შეუძლიათ ისარგებლონ ევროპულ ბაზარზე წვდომით. ეს ხორციელდება „არა სრულად სინქრონიზებული გზით“, არამედ ევროკავშირი-მოლდოვას ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მეშვეობით.
უკრაინაში, 2022 წლამდეც კი, დონბასი და ყირიმი ვერ ახერხებდნენ ევროკავშირთან ვაჭრობას, რადგან მათზე საერთაშორისო სანქციები ვრცელდებოდა. საქართველოში კი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი — რომლებიც მხოლოდ რუსეთისა და რამდენიმე სხვა ქვეყნის მიერ არის აღიარებული — დე ფაქტო დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არსებობენ.
„ევროკავშირს ნამდვილად არაფრის გაკეთება შეუძლია ამ ორ ტერიტორიაზე, რადგან საქართველოს ევროპული ნორმების დასანერგად არანაირი ბერკეტი არ გააჩნია “, განსხვავებით კიშინიოვისგან, რომელიც ინარჩუნებს გარკვეულ გავლენას დნესტრისპირეთზე, რომელიც მოქცეულია მოლდოვის კონსტიტუციურ ტერიტორიასა და უკრაინას შორის.