ევროკავშირი და აფხაზეთი
დასავლელი ჩინოვნიკების განცხადებები და ქართული ოპოზიციის ინიციატივები აფხაზეთის სტატუსის გარშემო რეგიონისკენ ყურადღებას კვლავ იპყრობს. აფხაზეთის იზოლაციის გააქტიურების მცდელობებზე აფხაზმა ანალიტიკოსებმა კომენტარი გააკეთეს და ამ პროცესში ევროკავშირის, რუსეთისა და საქართველოს შიდა ძალების როლი შეაფასეს.
ძირითადი არგუმენტები:
რატომ უნდა დასჭირდეს ქართულ ოპოზიციას, რომელსაც ხელისუფლებასთან ისედაც არაერთი პრობლემა აქვს, ახლა აფხაზეთის შემდგომი იზოლაციის პროცესის გააქტიურება? ხომ არ არის ეს ნაურუს გადაწყვეტილებით გამოწვეული ეფექტი?
რესპონდენტი 1
ამ საკითხში ქართული ოპოზიციის მოტივაციაზე მსჯელობა ძნელია . ვარაუდობ, რომ, როგორც ყოველთვის, აფხაზეთის საკითხი, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის საკითხი — ეს შიდაპოლიტიკურ პროცესების ნაწილია. აფხაზეთთან მიმართებით „ქართული ოცნება“, სულ მცირე საჯარო განცხადებების დონეზე, უფრო თავშეკავებულად იქცევა, ვიდრე საქართველოს წინა ხელისუფლება. მის საპირწონედ და თითქოს მეტი „პატრიოტიზმის“ დემონსტრირებით, უფრო მკვეთრ განცხადებებს აკეთებს ოპოზიცია, რომელსაც თბილისს გარეთ მოსახლეობაში ფართო მხარდაჭერა არ გააჩნია. ქართულმა ოპოზიციამ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ თავის უშედეგო ბრძოლაში, როგორც ჩანს გადაწყვიტა იარაღად გამოიყენოს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის საკითხი, ან როგორც თვითონ ამბობენ, „აფხაზური საკითხი“
ამასთანავე, ქართულ ოპოზიციაში ახლა სხვა ხმებიც ისმის. მაგალითად, ნიკა გვარამიამ ახლახან მისცა ინტერვიუ, რომელშიც ქართულ საზოგადოებას მოუწოდა „წარსულის ტრავმულ მეხსიერებაზე“ უარი თქვან. მისი აზრით, კონფლიქტები ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს დამაბრკოლებელი არ უნდა იყოს.
ასე რომ, ოპოზიციის წრეებში არიან როგორც აფხაზეთის ძალისმიერი „დაბრუნების“ მომხრეები, ასევე ისინიც, ვინც მისი „მშვიდობიანი დაბრუნების“ სასარგებლოდ გამოდიან. სხვა საქმეა, რომ საქართველოში ცოტას თუ ესმის, რომ აფხაზებისთვის მშვიდობა და „მშვიდობიანი დაბრუნება“ სულაც არ არის ერთი და იგივე. აფხაზეთში ასეთი მიდგომა აღიქმება როგორც პრინციპი — „თუ ნებით არა, ძალით“.
ჩვენ არ უნდა ვეცადოთ დროის უკან დაბრუნებას და იმის დავიწყებას, რაც უახლოეს წარსულში ყველამ გადავიტანეთ. ამის ნაცვლად უნდა მივიღოთ არსებული რეალობა და საერთო ინტერესების მატარებელ საკითხებში ვეძებოთ შეხების წერტილები. ასეთი საკითხები კი არსებობს, იმის გათვალისწინებით, რომ მეზობლები ვართ.
აფხაზეთის დაბრუნებაზე ლაპარაკი კი — მშვიდობიანი თუ ძალისმიერი გზით — სრულიად სხვა პარადიგმაა. აფხაზები წინააღმდეგობას გაუწევენ ამ ორი ვარიანტიდან ნებისმიერს. მაგრამ მშვიდობიანი გადაწყვეტილებებისადმი განწყობა მაინც იძლევა სტაბილურობის შენარჩუნების შესაძლებლობას.
სამწუხაროდ, თუ სიტუაცია საქართველოსთვის ხელსაყრელად წარიმართა, საქართველოში გიმარჯვებენ პარტიები, რომლებიც ძალისმიერი გადაწყვეტის მომხრენი არიან.
რესპონდენტი 2
ვფიქრობ, დიახ, ნაურუს მიერ აღიარების უკან გაწვევის სიტუაციამ უდავოდ წაახალისა ქართველი ურა-პატრიოტები. მაგრამ კიდევ, მეჩვენება, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, რომ უფრო ლიბერალური, უფრო პროდემოკრატიული ძალები საქართველოში — საუბარია ახლანდელ ოპოზიციაზე, რომლის ნაწილიც ოდესღაც საქართველოს ხელმძღვანელობაში იყო — ყოველთვის იყვნენ და რჩებიან უფრო მკაცრად, უფრო ნაციონალისტურად და საომრად განწყობილნი გაყინული კონფლიქტების მიმართ.
ჩვენ ყოველთვის ვაქცევდით ყურადღებას ამ საომარ რიტორიკას, რომელიც ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ისმოდა, რომელიც, ერთი მხრივ, თითქოს დემოკრატიულს ხდიდა საქართველოს მართვის სისტემას, ხოლო მეორე მხრივ, სრულიად არალიბერალურად და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით სრულიად უგულებელყოფით ეკიდებოდა კონფლიქტების მოგვარების საკითხს. ოპოზიციის ახლანდელი მოთხოვნები, როგორც მეჩვენება, იმ პოლიტიკის გაგრძელებაა.
კიდევ ერთი ფაქტორი უკავშირდება იმას, რომ ახლა იმდენად გამწვავდა ურთიერთობები ევროკავშირსა და საქართველოს — მხედველობაში მაქვს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ — შორის, რომ ევროკავშირს საერთოდ არ დარჩა არანაირი ზემოქმედების ბერკეტი საქართველოში მიმდინარე არანაირ პროცესზე. ვინაიდან ევროკავშირი მოკლებულია საქართველოს შიდა პოლიტიკის საკითხებზე ზეგავლენის შესაძლებლობას, ის ამას ანაზღაურებს ამ მესიჯზე რეაგირებით, ქართული ოპოზიციის ასამოქმედებლად და საამებლად, რომელიც ევროპაში აღიქმება როგორც პროდემოკრატიული და ლიბერალური.
რესპონდენტი 3
ქართული ოპოზიცია ამ საკითხს აყენებს ტაქტიკური მიზნით — აჩვენოს, რომ მოქმედი ხელისუფლება არცთუ ისე პრინციპულად ეკიდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას და ამ საკითხში კომპრომისებისთვის მზადაა. ამრიგად, ის აძლიერებს უთანხმოების გრადუსს დასავლეთის ქვეყნებსა და ივანიშვილის მთავრობას შორის, წარმოაჩენს რა ამ უკანასკნელს მოსკოვის გლობალური დღის წესრიგის გამტარებლებად.
სინამდვილეში, საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრის მიდგომა საქართველოსა და ყოფილ ავტონომიებს შორის ურთიერთობის პრობლემასთან ერთი და იგივეა — საქართველოს სსრ ტერიტორიის ძალისმიერი ან დიპლომატიური გზით აღდგენა.
ხშირად გვესმის იმის შესახებ, რომ აფხაზეთის პრობლემატიკა დღეს საერთაშორისო დღის წესრიგის პერიფერიაზეა და სხვა კრიზისების ფონზე პრაქტიკულად არ ჩანს. რატომ ვხედავთ ასეთ შემთხვევაში ევროკავშირის მხრიდან ასეთ აქტიურ მხარდაჭერას სირიის მიერ აფხაზეთის აღიარების უკანხმობის ინიციატივისადმი?
რესპონდენტი 1
აქ ორი მომენტია. ერთი ის არის, რომ მართლაც აფხაზეთი მათ დღის წესრიგში ბოლო ადგილზეა, თუ საერთოდ არის იქ. აი რუსეთი და საქართველო კი არიან. და ამიტომ აღიარების უკან გაწვევის საკითხი — ეს არის, ერთი მხრივ, რუსეთთან დაპირისპირების პოლიტიკა, ხოლო მეორე მხრივ — ერთ-ერთი ნაბიჯი საქართველოს ლოიალობის დაბრუნების მცდელობაში. ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ ქართული ოპოზიციის მოთხოვნის მხარდაჭერა ასეთ მგრძნობიარე-პატრიოტულ საკითხში — ეს ასევე დახმარებაა ქართულ საზოგადოებაში ოპოზიციური ძალების პოზიციის განმტკიცებაში.
მთლიანობაში ის ფაქტი, რომ საკმაოდ მწვავე გლობალური და რეგიონული პრობლემების ფონზე ევროკომისიის თავმჯდომარე პოულობს დროს სირიის მხრიდან აფხაზეთის აღიარების უკან გაწვევის საკითხისთვის, ასახავს პოლიტიკურ მიკერძოებულობას და ასეთ მიკერძოებულობასთან დაკავშირებულ ორმაგ სტანდარტებს, რომლებიც, სამწუხაროდ, ყოველთვის ვლინდებოდა ჩვენდამი ევროპისა და მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.
აქ მართებულიც კია დავუსვათ ფონ დერ ლაიენს შეკითხვა: თუ ევროკავშირის წარმომადგენლები ლაპარაკობენ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი თავიანთ ერთგულებაზე, მაშინ რა შუაშია სირიის მიერ აღიარების უკან გაწვევა?! ეს რა გზით და საშუალებით გვაახლოებს მშვიდობასთან?! ეს უკუშედეგს იძლევა. მსგავსი ნაბიჯები არანაირად არ ეხმარება მოლაპარაკებების პროცესს, ნდობის განმტკიცებასა და ევროპელების მიერ დეკლარირებულ სხვა მიზნებს. მაგრამ სრულიად უდავოდ ეჭვქვეშ აყენებს ამ უკანასკნელთა შუამავლის როლს, ამცირებს რა რეგიონში ევროკავშირის ყოფნის ისედაც დრამატულად შევიწროებულ სივრცეს.
რესპონდენტი 2
მართლაც, სიტყვებით ხშირად გვესმის იმის შესახებ, რომ ევროკავშირის გარშემო მიმდინარე დიდი ომების ფონზე, ქართულ-აფხაზური კონტექსტი არააქტუალურია. მაგრამ საქმით აღმოჩნდება ხოლმე, რომ როდესაც საქმე ეხება ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც ზღუდავენ აფხაზეთის მცხოვრებთა უფლებებს, ევროკავშირის ჩინოვნიკები აქტიურდებიან.
საინტერესოა, რომ თვითონ ურსულა ფონ დერ ლაიენს ახლა, რომელიც განზრახულია დაკავდეს სირიის არაბული რესპუბლიკის მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის აღიარების უკან გაწვევის საკითხით, მეჩვენება, რომ იოლი დრო არ უდგას ევროკავშირში. საინფორმაციო წყაროებიდან ვხედავთ, როგორ მიმდინარეობს ევროპარლამენტის სხდომები, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის ზოგიერთი დეპუტატი საკმაოდ მკაცრად აკრიტიკებს ფონ დერ ლაიენის საქმიანობას, მის მიმართ ბევრი პრეტენზია და შეკითხვაა.
ამ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, გასაკვირია, რომ ის პოულობს დროს, სერიოზული შიდა პრობლემებისა და გამოწვევების არსებობისას, ყურადღება მიაქციოს ერთი ქვეყნის (საქართველოს), რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, რომელიღაც პოლიტიკური ძალების მოთხოვნებს მეორე ქვეყანაზე (სირიაზე) ზემოქმედების შესახებ, რომელსაც ასევე არანაირი შეხება არ აქვს ევროკავშირთან. ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავდით ევროკავშირის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას საქართველოსადმი, ასეთ დამოკიდებულებას მე დავახასიათებდი როგორც „თავდავიწყებულ სიყვარულს“.
ევროკავშირმა დიდი წვლილი შეიტანა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს განვითარებაში, მხარს უჭერდა იქ სახელმწიფო სისტემის რეფორმების გატარებას. როგორც მეჩვენება, საქართველოს ეპატიებოდა ის, რაც არ ეპატიებოდა სხვა ქვეყნებს. როგორც ჩანს, ის, რაც ახლა ხდება, ეს არის ასეთი ნარჩენი, ფანტომური გრძნობები საქართველოსადმი, როდესაც მისმა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა შეწყვიტეს ურთიერთგაგებითა და საპასუხო გრძნობით პასუხი.
კიდევ, რა თქმა უნდა, როლს თამაშობს ევროკავშირის რუსეთთან ურთიერთობის ფაქტორი — მისი იგნორირება არ შეიძლება. აქ ევროკავშირი მოქმედებს პრინციპით: „ჩემი მტრის მეგობარი — ჩემი მტერია“. შესაძლოა ამიტომ, ისინი განსაკუთრებით არ ზრუნავენ იმაზე, თუ როგორ იქნება აღქმული ევროკავშირის გადაწყვეტილებები აფხაზეთში ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ, როგორ მოქმედებს ეს გადაწყვეტილებები აფხაზეთის მცხოვრებთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე, როგორ შეიძლება მათ საბოლოო ჯამში იმოქმედონ კონფლიქტის მდგომარეობაზე.
რესპონდენტი 3
ვფიქრობ, რომ ევროკომისიის მიერ ამ საკითხზე აქტიურ მხარდაჭერაზე საუბარი ნაადრევია. თუმცა მთლიანობაში ზომიერი აქტიურობა სირიის მიერ აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარების უკან გაწვევაზე მე არ გამაკვირვებდა. პირველ რიგში ეს არის განზრახვა გადაიხაზოს ასადის ეპოქის პოლიტიკური აქტები და უდავოდ კიდევ უფრო შესუსტდეს რუსეთის გავლენა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონში.
ქართული ოპოზიციის ჩივილები კი აქ მეათეხარისხოვანია. მაგრამ აი რა არის საინტერესო — შედის თუ არა თვითონ დასავლეთის ინტერესებში საქართველოს ჭკუაზე სიარული, იმის გათვალისწინებით, რომ ამ უკანასკნელის სისტემატური და დემონსტრაციული დრეიფი აღმოსავლეთისკენ მიმდინარეობს? აი ეს არის კითხვა. და არ მგონია, რომ მხოლოდ მე ერთს მომდიოდეს ეს აზრად.
პუბლიკაციებში გამოყენებული ტოპონიმები და ტერმინოლოგია, აგრეთვე მათში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები, ყოველთვის არ ასახავს გამომცემლის შეხედულებებსა და პოზიციას