აფხაზეთი ომის დაწყებიდან 34 წლის თავზე: რუსული ოკუპაციის ახალი ფორმები და შიდა გამოწვევები. მოსაზრება თბილისიდან

FacebookXMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

აფხაზეთის შიდა ამბები

2026 წლის 14 აგვისტოს ტვ ფორმულა-ს ეთერში აფხაზეთის თემაზე სატელევიზიო ინტერვიუ გავიდა. ჟურნალისტ ირაკლი კიკნაველიძისა და კონფლიქტების მკვლევარ ბადრი ბელქანიას საუბრის თემა თანამედროვე აფხაზეთს შეეხებოდა.

ძირითადი თეზისები:

  • რუსეთის ახალი პოლიტიკა – რეგიონის ახალი კურატორი სერგეი კირიენკო, რომელიც აფხაზეთშია დაბადებული, აფხაზური მენტალიტეტის ნიუანსების ცოდნით, უფრო მოქნილ მიდგომას იყენებს და რბილი ძალით ცდილობს პოლიტიკური მიზნების მიღწევას.
  • ახალი დე-ფაქტო ლიდერის გამოწვევები და თაობათა ცვლა – მოქმედი დე-ფაქტო პრეზიდენტი ბადრა გუნბა ამჟამად სტაბილურ მდგომარეობას ინარჩუნებს და მკვეთრ ნაბიჯებს არ დგამს, თუმცა ეს „თაფლობის თვე“ დიდხანს არ გაგრძელდება. პარალელურად მიმდინარეობს ადგილობრივ პოლიტიკურ წრეებში თაობათა ცვლა. ეს თაობა სრულად რუსულ სივრცეშია აღზრდილი, ამიტომაც ჩნდება კითხვა, თუ რამდენად იქნებიან ისინი აფხაზური სახელმწიფოებრიობის იდეის მიმართ ლოიალურები.
  • ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გამოწვევები – მზარდი ანტირუსული განწყობები ქმნის დიალოგის შესაძლებლობას, თუმცა ამჟამად ეს ანტირუსული განწყობები პროქართულ პოზიციებში არ ითარგმნება. აფხაზები აცნობიერებენ, რომ ხაფანგში არიან – ერთი მხრივ მიუღებელი საქართველო, მეორე მხრივ – რუსეთი, რომელიც მათ იდენტობას ემუქრება.
  • გალის ქართველების მდგომარეობა – აფხაზები გალის ქართველებს მეორე ხარისხოვან მოქალაქეებად მიიჩნევენ და “ნეოაპარტეიდის” პოლიტიკას მიმართავენ. გალელები მოკლებულნი არიან მოქალაქეობას, არჩევნებში მონაწილეობის, ქონების მართვის უფლებას და მუდმივი ინსტიტუციური წნეხისა და რეპრესიების ქვეშ არიან. ამის პარალელურად დემოგრაფიული პრობლემების გამო, აფხაზური მხარე გალში მცხოვრები მეგრელების “გააფხაზების” (ფესვებთან დაბრუნების) პროგრამებით ეთნიკური ბალანსის შეცვლას ცდილობს. ამ პროცესების ფონზე საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, გალელებს სათანადო დახმარება ვერ გაუწია.

დისკუსიის სრული ტექსტური ვერსია:

ირაკლი კიკნაველიძე: დღეს აფხაზეთში ომის დაწყებიდან 34 წელი გავიდა. რა ხდება დღეს აფხაზეთში ამ მხრივ? თქვენ როგორც კონფლიქტების მკვლევარი, როგორ უყურებთ როგორ ხვდება ოკუპირებული აფხაზეთი ომის დაწყების 34 წლისთავს?

ბადრი ბელქანია: მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის. ჩემთვის პატივია აქ ვიმყოფებოდე ჩვენთვის ესეთ ტრაგიკულ დღეს, რომელიც საქართველოსთვის 34 წლის წინ დადგა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს დღე გამარჯვების დასაწყისი არის აფხაზური მხარისთვის – მე მიმაჩნია, რომ სინამდვილეში მათთვისაც ტრაგიკული დღე არის. ის სახელმწიფოებრიობა, რომელზეც მათ აქვთ პრეტენზია და ის სახელმწიფოებრიობა, რომელზეც ისინი საუბრობენ – რუსული წნეხის ქვეშ არის და ეს წნეხი კიდევ უფრო ძლიერდება.

რუსეთმა აფხაზეთში ტაქტიკა შეცვალა. ეს ნათელია მას შემდეგ, რაც ერთი კურატორი მეორე კურატორით შეიცვალა.

კირიენკო უფრო ჭკვიანი და მოქნილი პოლიტიკოსია. ის აფხაზეთშია დაბადებული და კარგად ესმის აფხაზური მენტალიტეტის ნიუანსები. ის ამას ძალიან კარგად იყენებს. გეთანხმებით იმაშიც, რომ რაღაც კანონები, რომელთაც ჯერჯერობით აფხაზური საზოგადოება თავიდან ირიდებს [იგივე უძრავი ქონების პრივატიზაციის საკითხი, რომელიც მათი გაგებით მათი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ქვაკუთხედია; იგივე თუნდაც ჩვენთვისაც კარგად ნაცნობი აგენტების კანონი, ასევე ინვესტიციების კანონი, რაც რეალურად რუსული ბიზნესისთვის საქმის გამარტივებას ისახავდა მიზნად და ამ კანონს ბჟანიას გადაყენებაც მოჰყვა] – ეს კანონები ახლა მიჩუმათებულია, საუბარი მათზე აღარ მიდის.

წინა პლანზე წამოწეულია ენის გადარჩენის კანონი.

ახალი დე-ფაქტო ლიდერი ბადრა გუნბა წყნარ და მშვიდ სიტუაციას ინარჩუნებს. ის მკვეთრ ნაბიჯებს არ დგამს. მაგრამ ამ მიძინებულ საკითხებს რუსეთი აუცილებლად დაუბრუნდება, მას შემდეგ რაც ამისთვის მოსამზადებელ ნაბიჯებს გადადგამს და უკეთ შეამზადებს საზოგადოებას იმისთვის, რომ აფხაზურმა საზოგადოებამ მათთვისვე მტკივნეული დათმობები გააკეთოს.

რომელ კანონს, რომელ თემას მოაბრუნებენ პირველს ამის გამოცნობა რთულია.

ჩემთვის ნათელია, რომ ეს ერთგვარი თაფლობის თვე, რომელშიც რუსეთის სახით კირიენკო და აფხაზური ელიტა იმყოფებიან – დიდხანს არ გაგრძელდება.

ირაკლი კიკნაველიძე: ტაქტიკის შეცვლის ნაწილი მათ შორის იყო შემდეგი. მაგალითად, ბჟანიასთან ბოლო დაპირისპირების დროს ადგილობრივი მასშტაბით ფინანსურად და პოლიტიკურად ძლიერი ძალები იყვნენ აქტიური. ამ ძალებს ყავდათ თავიანთი პატრონები. ეს დაპირისპირება რამდენიმე თვე გრძელდებოდა და მე სულ ვაკვირდებოდი ამ დაპირისპირებას. მიუხედავად იმისა, რომ კრემლის ოფიციალური პოზიცია ბჟანიას მხარდამჭერი იყო და მეტიც, ბჟანიაც აკეთებდა იმას რასაც კრემლი სთხოვდა [ეს შეეხებოდა საკუთრებისა და აპარტამენტების შესახებ კანონებს] – ძალიან თამამად მოძრაობდნენ ბჟანიასთან დაპირისპირებული ძალები. მათ ჰყავდათ საკუთარი მოკავშირეები მოსკოვში. ეს საბჭოთა მოდელი იყო, რომ იქ ვიღაცას პატრონი ჰყავდა მოსკოვში. ბოლო არჩევნების შემდეგ ვიცე-პრეზიდენტი გუნბა არსაიდან გამოიყვანეს, რადგან ის აქამდე პოლიტიკურად აქტიური არ იყო და ისე ჩანს, თითქოს მოსკოვში პრობლემის არსი დაინახეს – მისასვლელები ჩაკეტეს და ყველაფერს წყვეტს კირიენკო. სწორია ასე მსჯელობა თუ მაინც ჩანს, თუნდაც დაბალი ინტენსივობის წინააღმდეგობა?

ბადრი ბელქანია: მე ვფიქრობ რუსეთს წინააღმდეგობა დაძლეული არ აქვს და ამ მხრივ სამუშაო აქვს.

თუკი წინააღმდეგობა ქონდა დაძლეული მაშინ ლოგიკური კითხვა ჩნდება, თუ რაში სჭირდებოდა სტრატეგიის ცვლილება. რადგან სტრატეგიის შეცვლა გახდა საჭირო ესე იგი წინააღმდეგობა არის, უბრალოდ სხვანაირად მიუდგნენ საქმეს. ისინი ჭკვიანურად მოიქცნენ, რადგან გაითვალისწინეს აფხაზური მენტალიტეტი.

მათ გაითვალისწინეს ბჟანიას მდგომარეობაც – ის გახვეული იყო კორუფციულ სქემებში. ბჟანიამ აფხაზურ საზოგადოებაში ეროვნულობის ნიშანიც კი დაკარგა, რადგან ფაქტობრივად მისი პრეზიდენტობის ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველა ნაბიჯი რასაც დგამდა აშკარად, ღიად პრორუსული ნაბიჯი იყო. აფხაზური პერსპექტივიდანაც კი ზედმეტად პრორუსული ნაბიჯები იყო. მას რუსეთის კაცად აღიქვამდნენ. ირონიულადაც ამბობდნენ, რომ ბჟანია მოსკოვში უფრო დიდ დროს ატარებდა, ვიდრე – აფხაზეთში. ეს აფხაზური საზოგადოებისთვის მიუღებელი იყო. ინვესტიციების კანონი ამ პროცესში ბოლო წვეთი გამოდგა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოპოზიციას ჰყავს თავისი ფინანსური მხარდამჭერები. აქ ჩნდება კითხვა, თუ როგორ მიდის ეს ხალხი რუსული ინტერესების, თუნდაც ფინანსური ინტერესების წინააღმდეგ?

ამ მხრივ საინტერესო იყო ინვესტიციების კანონი. მაყურებელს რომ მოკლედ ავუხსნათ, ეს კანონი რუსულ ბიზნესს იმ გადასახადებისგან ფაქტობრივად ათავისუფლებდა, რომლის გადახდაც ადგილობრივ ბიზნესს უწევდა. ბიზნესის მარტივი წესია, რომ თუკი თქვენ გადასახადს არ იხდით – უფრო იაფად შეძლებთ ბაზარს თქვენი პროდუქტი მიაწოდოთ ვიდრე მე. შედეგად ჩემი ბიზნესი ჩავარდება. ამას კარგად მიხვდნენ აფხაზები. კარგად იმუშავა ე.წ. ოპოზიციურმა მედიამ, რომელიც დიდწილად იმ ევროპული ფონდებით ფუნქციონირებენ, რომლებიც აფხაზეთში ჯერ კიდევ ახერხებენ მუშაობას. გამოჩნდნენ ადგილობრივი ბიზნესმენები, რომლებიც მიხვდნენ რომ ეს კანონი მათ წინააღმდეგაც გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

ირაკლი კიკნაველიძე: ანუ ბჟანიას წინააღმდეგ გადატრიალება სწორედ აქედან დაფინანსდა?

ბადრი ბელქანია: დიახ. მე გამიჭირდება ზუსტი რიცხვები დავასახელო, მაგრამ – დიახ.

ირაკლი კიკნაველიძე: ამ პროცესების სახე იყო ადგურ არძინბა, რომლის უკან რაულ ხაჯიმბა იდგა.

ბადრი ბელქანია: ადგურ არძინბაზე მეტად სამოქალაქო საზოგადოებამ, კერძო ბიზნესმა იმუშავა და მათ მოახერხეს მედია კამპანიის აგორება, რომელსაც მათ შორის ომის ვეტერანებიც შეუერთდნენ. აგენტების კანონზეც იგივე იყო.

ამ კანონთან დაკავშირებით მახსოვს ერთ-ერთი ცნობილი ომის ვეტერანის, ასლან კობახიას ნათქვამი. მისი ძმა ან ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს ან მისი ხელმძღვანელია, ზუსტად არ მახსოვს. მაგრამ როდესაც ბჟანიამ ეს კანონი განსახილველად შემოიტანა კობახიამ თქვა – ვინ გამიბედავს იმის თქმას, რომ ჩემს ძმას აგენტის სახელი უნდა ეწოდოს?!

სამწუხაროდ ჩვენგან განსხვავებით აფხაზურ საზოგადოებაში ომის ვეტერანებს საკმაო გავლენა აქვს. მაშინ აქტიურობდა სამოქალაქო საზოგადოება, ბიზნესი, რამდენიმე მედია საშუალება…

ირაკლი კიკნაველიძე: იქ ტელეგრამის ჯგუფებია ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო…

ბადრი ბელქანია: დიახ, ტელეგრამის ჯგუფები. ჩვენთან ის პოპულარული არ არის. ჩვენთან უფრო მეტად ფეისბუქი და მეტას პროდუქტებია პოპულარული. იქ ტელეგრამია სოციალური მედიის წამყვანი პლატფორმა. ის ერთის მხრივ ინფორმაციის მიღების მთავარი წყაროა, და მეორეს მხრივ რუსებიც აქტიურად იყენებენ დეზინფორმაციის გასავრცელებლად.

ადგურ არძინბას და სამოქალაქო საზოგადოების გაშავების ძლიერი კამპანიები მიდიოდა ტელეგრამის არხებზე. მათ უკან მდგარი გამოააშკარავეს და აფხაზეთშივე იპოვეს. ისინი რუსი პოლიტიკური ტექნოლოგები იყვნენ. ეს დიდი სკანდალი იყო. ყველამ იცოდა, რომ ეს ტელეგრამ არხები რუსების მიერ ფინანსდებოდა. ყველა ხვდებოდა, რომ ეს კანონები რუსულ ინტერესებში იყო და მის წინააღმდეგ მებრძოლი ძალების გაშავება ასევე რუსებისგან მოდიოდა. ეს ყველამ იცოდა, მაგრამ ამ ფაქტის დადასტურებამ საზოგადოებაზე დამატებითი ეფექტი მოახდინა.

რუსეთის სტრატეგიას რომ დავუბრუნდეთ – ეს პროცესები აჩვენებს, რომ რუსეთს ბოლო წლებში პოლიტიკური ნაბიჯების თვალსაზრისით წარუმატებლობები ქონდა აფხაზეთში. ბჟანიამ რუსებს ის ფუნქცია ვერ შეუსრულა რისთვისაც მოიყვანეს. მის ნაცვლად მოიყვანეს ბადრა გუნბა, რომელიც ვფიქრობ რომ უკეთესი მენეჯერული თვისებებით არის დაჯილდოებული და ამავე დრო არის ტექნოკრატი.

ირაკლი კიკნაველიძე: გუნბა ვიცე-პრეზიდენტი იყო და ბჟანიას გადადგომის შემდეგ ავტომატურად მოუწია პრეზიდენტობის მოვალეობის დროებით შესრულება. ბაღაფშისა და ხაჯიმბას კონფლიქტის შემდეგ ამ თანამდებობას რეალური პოლიტიკური გავლენა არ ქონდა. რუსები ამ პოსტზე გუნბას ინახავდნენ სამომავლო მიზნებისთვის, თუ თავად გუნბამ დაანახა მათ თავისი ფასი და ღირებულება? როგორ გამოიყურებოდა გუნბას დაწინაურება შორიდან?

ბადრი ბელქანია: გუნბას საინტერესო ბიოგრაფია აქვს. მას განათლება რუსეთში აქვს მიღებული. იქვე მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ მას მაღალი თანამდებობი ეჭირა – გუნბა კორუფციულ სქემებთან ასოცირებული არ იყო.

გუნდი, რომლის წევრიც გუნბა იყო კორუფციულ სქემებში იყო გარეული და აფხაზების პროტესტს იწვევდა, მაგრამ თავად გუნბა სუფთად გამოვიდა ამ მდგომარეობიდან. ის არ იყო პოლიტიკოსი, უფრო მეტად ტექნოკრატი იყო.

რუსეთში არის ამის მაგალითი – პრემიერი მიშუსტინი, რომელიც პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებს, მაგრამ რუსეთის მართვის მენეჯერული ნაწილი პრაქტიკულად მის ხელშია. არის ხალხი, რომლებიც არ არიან პოლიტიკური ფიგურები, მაგრამ აქვთ პოლიტიკური პოზიცია, თანამდებობა. მასშტაბები განსხვავებულია, მაგრამ შედარებისთვის სწორედ ეს ფუნქცია ჰქონდა ბადრა გუნბას აფხაზეთში.

ამიტომაც იყო, რომ იმ ხალხმა ვინც ბჟანია ჩამოაგდო ბჟანიას გუნდიდანვე უმტკივნეულოდ აირჩია ბადრა გუნბა. რუსების დიდი დახმარების მიუხედავად გუნბამ როგორც ჩანს მოიგო ის არჩევნები. არც ოპოზიციას ქონია დიდი პროტესტი.

გუნბა ამ ეტაპზე მკვეთრ ნაბიჯებს არ დგამს, მაგრამ არ მგონია, რომ ასე დიდხანს გაგრძელდეს და მას მოუწევს კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმაც.

ირაკლი კიკნაველიძე: მენეჯერული ფუნქციები ვახსენეთ. არ ვიცი ბჟანიას დროს გუნბას მენეჯერული ფუნქციები რა იყო, რას კურირებდა. ამაზე ღიად არ საუბრობენ, მაგრამ 90-იანი წლებიდან მოყოლებული არძინბა ხანგრძლივად იყო პრეზიდენტი [ქმედუნარიანი თუ ქმედუუნარო სხვა საკითხია]. მის დროს არსებობდა მასთან და მის კლანთან დაპირისპირებული ხალხი, რომლებიც ომის ვეტერანები იყვნენ ასევე. ეს იყო ბაღაფში, ანქვაბი. ჯახიმბა არძინბას ბანაკის წევრად მიიჩნეოდა. ეს ძველი თაობა ახლაც იყოფა ასე კლანებად? ანქვაბი განსაკუთრებით უნდა ვახსენოთ, რადგან ის ყველაზე მეტად იყო ფუნქციური იგივე მენეჯერული თვალსაზრისით. ის მათ შორის ახალი კადრების შემოყვანაზეც ზრუნავდა. ანქვაბს მართალია ასაკი დაეტყო, მაგრამ – პრემიერ მინისტრი იყო. ის ასრულებდა მენეჯერულ ფუნქციებს. მთავრობის სხდომებს ის ატარებდა ბჟანიას პრეზიდენტობისას. ამ ჯგუფებს შორის დაყოფა ახლაც შეიმჩნევა თუ არა? ბადრა გუნბა რომელ ბანაკს მიეკუთვნება? თუ არც ერთის არ არის? სად არის თვითონ ანქვაბი ახლა?

ბადრი ბელქანია: ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება არ არის, რომ სწორედ ახლა ვადევნებთ თვალს ახალი გადანაწილების პროცესს.

ბადრა გუნბა ახალი თაობაა, ომის შემდგომი თაობაა. მართალია ომამდე დაიბადა, მაგრამ ომის დროს პატარა იყო.

შამბა, ანქვაბი და ეს თაობა ნელ-ნელა პენსიაზე გადიან. მოდის ახალი თაობა და უახლოეს წლებში გამოჩნდება თუ როგორ გადანაწილებდა ძალაუფლება მათ შორის.

ამბობენ, რომ ანქვაბის გუნდი უფრო დასუსტდა. ბჟანია, რომელიც გაქრა პოლიტიკიდან, მასზე ამბობდნენ რომ აფხაზეთის ელჩობა უნდოდა რუსეთში, რაზეც მან უარი მიიღო იმავე გუნდის მხრიდან რომლის ლიდერიც ერთ დროს თავად იყო. ძველი თაობის სახელი იმდენად დისკრედიტირებულია, რომ აფხაზები ახალ თაობას უფრო დიდი იმედებით უყურებენ. ახალ თაობასთან კი სხვა პრობლემებია.

ეს ახალი თაობა სრულად რუსულ სივრცეშია აღზრდილი. და ჩნდება კითხვა – რამდენად ლოიალურები იქნებიან ისინი აფხაზური სახელმწიფოებრიობის იდეის მიმართ? იქნებიან თუ არა უფრო მეტად ლოიალურები რუსული ანექსიური, იმპერიალისტური იდეების მიმართ?

ირაკლი კიკნაველიძე: აფხაზური ნაციონალისტური იდეა აფხაზურ წრეებში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა. ამ ახალმა თაობამ რამდენად იცის ეს ნაციონალისტური იდეები? რამდენად აქვთ საერთოდ წაკითხული თუნდაც შალვა ინალ-იფას წიგნები, რომლებიც თავისი არსით სეპარატიზმისა და ქართველთმოძულეობის საფუძვლებს წარმოადგენენ. აფხაზური ნაციონალიზმი საბოლოო ჯამში მაინც ახალი პროდუქტია. ძველი თაობა მეტნაკლებად ფლობდა ამ ცოდნას. ახალი თაობა?

სულ ვიხსენებ ინალ არძინბას შემთხვევას. ის კრემლში გამოჩეკილი და გამოზრდილი ახალგაზრდა კაცია. ის გააგზავნეს ბჟანიას მთავრობაში როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი. ჩანდა რომ რუსები გადაიღალნენ ამ ძველი თაობით და მათი ჩანაცვლების მცდელობა იყო ინალ არძინბა. კლასიკური საბჭოთა ამბავი ჩაიდინეს ანქვაბმა და ბჟანიამ: მიიღეს ეს კაცი, დანიშნეს მინისტრად, ბიუჯეტიც მისცეს. ინალმა სამინისტროში ტელევიზორები დაკიდა, აფხაზური ტანსაცმელი ჩაიცვა – თუმცა აფხაზური არ იცოდა. მაგრამ ვერ ჩაეწერა ადგილობრივ წრეებში. მიიღეს კარგად, დანიშნეს მაგრამ შემდეგ აშკარად შეუქმნეს ისეთი პირობები, რომ იქიდან გაქცეულიყო.

ამის შემდეგ ამ საკითხს უფრო სერიოზულად მიუდგნენ. კირიენკო უფრო მეთოდურად უყურებს საქმეებს, მათ შორის იგივე ახალი კადრების შექმნის საკითხს. ბჟანიას მთავრობაში კრისტინა ოზგანიც იყო. მას აეროპორტის საკითხი და ეკონომიკა ქონდა ჩაბარებული. მაგრამ გარდა ბადრა გუნბასი – ჩანს სხვა ახალი კადრი?

ბადრი ბელქანია: ვიღაცეები გამოჩნდნენ, მაგრამ სერიოზული ლიდერები არ არიან.

ინალ არძინბა ბევრი მიზეზის გამო გახდა აფხაზური საზოგადოებისთვის მიუღებელი. მათ შორის პიროვნული თვისებებითაც. ის საკმაოდ ტოქსიკური პიროვნება აღმოჩნდა. აფხაზები მის იდენტობასაც უსვამენ ხაზს, რადგან პრაქტიკულად რუსეთშია გაზრდილი. გვარი აქვს აფხაზებისთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელი, მაგრამ მასში რუსული იდენტობა უფრო მძლავრობს, ვიდრე – აფხაზური. მას აფხაზეთთან არანაირი შეხება არ ჰქონია. როგორც ამბობენ მას ქონდა ბჟანიას და ძველი თაობის ჩაჩოჩების მცდელობა, მაგრამ ამის რესურსები არ ქონდა. ისიც მნიშვნელოვანია, რომ მან რუსეთშიც დაკარგა პოზიციები და მოუწია აფხაზეთში წასვლა. თავიდან მან საკმაოდ ხმაურიანად დაიწყო კარიერა, როდესაც ახალგაზრდა კრემლში დაინიშნა. ის სურკოვის გუნდს ეკუთვნოდა, რომელიც უკრაინის თემაზე მუშაობდა. 2014 წლის შემდეგ რაღაც მომენტში პუტინისთვის სურკოვი მიუღებელი გახდა და ის მთელ გუნდთან ერთად მოიშორეს. არძინბას წარმოშობის გამო იფიქრეს, რომ აფხაზეთში მას გამოიყენებდნენ მაგრამ მან ეს ვერ შეძლო.

ირაკლი კიკნაველიძე: ერთ მნიშნელოვან საკითხზეც უნდა მოვასწროთ საუბარი. ვგულისხმობ ქართულ-აფხაზური შეხების წერტილებზე. იქ ეს თემა ტაბუდადებულია. ილაპარაკო ქართველებზე ან საქართველოზე ოდნავ პოზიტიურ ჭრილში – ეს ტაბუდადებული თემაა. ეს არ შეიძლება იქ. თემურ ნადარაიას გამოსვლა მახსოვს, იძახდა მარტო ენგურზე უნდა ველაპარაკოთ ქართველებსო, სხვა შეხების წერტილი არ უნდა გვქონდესო.

ბადრი ბელქანია: დიახ, ის იშვიათი ფაშისტია სხვათა შორის.

ირაკლი კიკნაველიძე: დიახ. ბჟანიას რომელიღაც დოკუმენტში ზოგადად ეწერა ქართველებთან რაღაც ზოგადი საკითხი…

ბადრი ბელქანია: საგარეო პოლიტიკის კონცეფციაზე იყო საუბარი. ამოაღებინეს შემდეგ ეგ წინადადება.

ირაკლი კიკნაველიძე: დიახ. ამოაღებინეს. მაშინ მახსოვს ნადარაიას გამოსვლა. არის შეხების წერტილები. ენგური არის ერთ-ერთი. სხვათა შორის ბოროტად იყენებენ ამ რესურსს. იქ გამრიცხველიანება არ არის და მაინინგში იყენებენ ელექტრო ენერგიას. აფხაზეთში 100 000 კაცი ცხოვრობს ალბათ და იგივე რაოდენობის ელექტრო ენერგიას მოიხმარს როგორც მილიონ ნახევრიანი თბილისი. არის ჯანდაცვის პროგრამაც. არის ვაჭრობის სურვილი. მათ აქვთ ინტერესი აქეთ გადმოსვლის და სავაჭრო ურთიერთობების. მეორე – თურქეთთან კავშირი და ვაჭრობის ინტერესიც აქვთ. მესამე – ევროპასთან უვიზო მიმოსვლის მიმართაც აქვთ ინტერესი. ჩემი ხედვით ესეა. თქვენ როგორ უყურებთ ამ შეხების წერტილებს? ფორმალური ფრაზების მიღმა თავად აფხაზები როგორ უყურებენ ქართველებთან ურთიერთობის აუცილებლობას?

ბადრი ბელქანია: როდესაც აფხაზურ საზოგადოებაზე ვსაუბრობთ უნდა გვესმოდეს, რომ ქართული საზოგადოების მსგავსად ისიც მრავალფეროვანია.

იქ პრო-ქართული ან საქართველოს მიმართ რამე განსაკუთრებული სიმპატიის მქონე ადამიანის მოძებნა საკმაოდ რთულია. თუმცა რასაც იქაურ საზოგადოებას ვამჩნევთ არის მზარდი ანტირუსული განწყობები. ეს ტენდენცია ჩემთვის ძალიან ცალსახაა.

ჩვენ ამით დავიწყეთ კიდეც, რომ რუსეთს სტრატეგიის შეცვლა მოუწია. ეს ნაბიჯი სწორედ იქიდან არის განპირობებული, რომ რუსულმა ხისტმა პოლიტიკამ ანტირუსული განწყობების გაზარდა. მოუწიათ უფრო რბილ პოლიტიკაზე გადასვლა. ამ რბილ პოლიტიკაზე გადასვლის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ აფხაზეთში იზრდება უკმაყოფილება იმაზე, რომ რუსეთი ზრდის ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ფინანსურ წნეხს და აფხაზები მიხვდნენ, რომ ხაფანგში არიან.

ერთი ვარიანტი საქართველოა – საითკენაც გამოხედვაც არ უნდათ, მეორე მხარეს კი რუსეთია, რომელსაც ასჯერ უფრო უარესი რამე შეიძლება დამართოს მათ იდენტობას, მათ ავტონომიურობას, ვიდრე – საქართველოს.

არის ხალხი ვინც ამას იზარებს. რა თქმა უნდა ამას საჯაროდ არავინ იტყვის. ამ ხალხის ოპტიმიზმი თავის დროზე საქართველოს ევროკავშირისკენ სვლას უკავშირდებოდა. მსოფლიოში ცოტა ადგილი თუა სადაც ეთნიკური უმცირესობების უფლებები ისეა დაცული როგორც ევროპაში.

ირაკლი კიკნაველიძე: არც შეუქმნია კაცობრიობას უკეთესი სივრცე სადაც უმცირესობა ესე ყოფილიყო დაცული.

ბადრი ბელქანია: დიახ. იქ არიან ახალგაზრდები, რომელთაც ევროკავშირში უსწავლიათ. მონაწილეობა მიუღიათ ჩივნინგის პროგრამაში. და მათ კარგად ესმით რა სხვაობაა ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

აი ეს განწყობები რამდენად ითარგმნება პროქართულ განწყობებში – აი აქ ვაწყდებით დიდ პრობლემას. რაც არ უნდა განათლებული ადამიანი შეგხვდეს, ქონდეს ევროპული განათლება, კარგად ესმოდეს დემოკრატიის ფასი, კარგად ესმოდეს სახელმწიფო ინსტიტუტების ფასი და კარგად ესმოდეს თუ რამხელა ეგზისტენციური საფრთხეა რუსეთი აფხაზებისთვის – ეს ჯერჯერობით პროქართულ განწყობებში არ ითარგმნება.

არის წრეები, რომელთაც საქართველოსთან ბიზნესის წარმოება სურთ.

ჩვენ რომ ახლა ევროპული სტანდარტების დემოკრატიაში ვცხოვრობდეთ გეტყოდით, რომ დიახ უნდა წავახალისოთ ადამიანებს შორის ურთიერთობა, ბიზნესი; გადმოვიდნენ, ივაჭრონ, წაიღონ, ჩვენც გადავიდეთ და ვივაჭროთ. ამისთვის უნდა გვქონდეს სახელმწიფო, სადაც ამის გაკეთება უსაფრთხოდ შეიძლება და ეჭვი არ გაჩნდეს, რომ ამ პროცესებით მესამე ძალა არ იხეირებს. ამ შემთხვევაში პირიქით, წასახალისებელი იქნებოდა ეკონომიკური კავშირები, რადგან ეკონომიკაზე უკეთ ერთ ტერიტორიას მეორესთან არაფერი არ აბამს. ამაზე უკეთესი წამალი არ არსებობს. რაც ეხება უვიზო მიმოსვლას: ბევრმა არა, მაგრამ ზოგმა აიღო საქართველოს მოქალაქეობა, რომ ესარგებლა ამ პრივილეგიით. მათ ჩვენთან აახლოებთ ის სიკეთეები, რომლის შეთავაზებაც შეგვიძლია.

სამწუხაროა რომ ახლა ჩვენ თავად ვდგავართ ამ სიკეთეების დაკარგვის საფრთხის წინაშე.

ირაკლი კიკნაველიძე: რუსული ჭაობით როგორ უნდა მოხიბლო ის ვინც შენზე მეტად ცხოვრობს რუსულ ჭაობში?! შენ შეიძლება მოხიბლო ის იმით, რაც მას რუსულ ჭაობს დააშორებს.

ბადრი ბელქანია: დიახ, როდესაც მას შენზე უკეთ ესმის რა არის რუსული ჭაობი.

ირაკლი კიკნაველიძე: საინტერესო დაკვირვება მაქვს. ენგურის გამყოფი ხაზი ყველასთვის არსებობს: ქართველ მღვდლებს იქ არ უშვებენ, სახელმწიფოსთვის არსებობს, ექიმებისთვის არსებობს და ა.შ. ეს ხაზი ქართველი ქურდებისთვის არ არსებობს. ქურდული სამყარო ამ დაყოფას არ აღიარებს. კრიმინალი და ქურდული სამყარო დიდ როლს თამაშობს აფხაზურ საზოგადოებაში. ჩვენთან მომხდარი გარდატეხა ის საერთოდ არ მომხდარა. ისინი აკონტროლებენ ჩრდილოვან ეკონომიკას, ვხედავთ დაპირისპირებებს ჯგუფებს შორის, ვხედავთ სროლებს, მკვლელობებს და ა.შ. რა როლს თამაშობს კრიმინალი აფხაზეთში?

ბადრი ბელქანია: კრიმინალი უფრო დიდ როლს თამაშობს იქ ვიდრე ჩვენთან.

ჩვენ კრიტიკულები ვართ ჩვენი თავისა და სახელმწიფოს მიმართ, მაგრამ შედარებაც რთულია ამ ორ მხარეს შორის. მე დიდი ექსპერტი კრიმინალურ თემებში არ ვარ, მაგრამ როგორც ვიცი ეს ე.წ. ქურდული სამყარო პოსტ-ნაციონალისტური იდეოლოგიაა. ისინი ერებს არ აღიარებენ. ერთგვარად მარქსისტული არის და ლიბერალური, რაღაც აზრით. იქ კლანური გარჩევები ხშირი არის, განსაკუთრებით ბიზნესის გადანაწილებისას. სროლებს პარლამენტშიც ვხედავთ იქ. მართალია ეს შეთხვევა პიროვნულ საკითხებს ეხებოდა, მაგრამ მაინც სიმპტომატურია. ეს ძველი მენტალობა და გადმონაშთია, რომელთანაც ბრძოლას რეალური სახელმწიფო მიდგომა ჭირდება. ოკუპაციის პირობებშიც კი ტერიტორიის ეფექტური კონტროლისთვის მენეჯმენტი და ინსტიტუციები საჭიროა. როდესაც ეს ინსტიტუციები არ არის ძლიერი, როდესაც პოლიცია არ არის ძლიერი, მათ არ აქვთ შესაბამისი დაფინანსება და ბოლო-ბოლო ძალოვანი სტრუქტურები პირდაპირ არის დამოკიდებული რუსულ სტრუქტურებზე. რუსეთს თავის ტერიტორიაზე არ აქვს ეს პრობლემები მოგვარებული და მით უმეტეს ეს პრობლემა მის პროქსი რეგიონში არ მოგვარდება. კავკასიას, არც აფხაზეთია გამონაკლისი, 90-იან წლებში კრიმინალურ სამყაროში სამწუხაროდ წამყვანი პოზიციები გვეკავა. ეს დღემდე საკმაოდ ძლიერი პრობლემაა.

ირაკლი კიკნაველიძე: გალის ქართველობაზე მინდა გკითხო. რა ადგილი უკავია გალის ქართველობას იქ? თავის დროზე სალაპარაკო იყო, რომ ბაღაფში გალის ქართველების ხმებით გახდა პრეზიდენტი. სხვათა შორის პუტინის რუსეთზე ერთ-ერთ წიგნში არის მსჯელობა, რომ პრეზიდენტობის პირველ წლებში ის მოულოდნელი დახვდა ცვლილებებს სამეზობლოში. ასე იყო საქართველოში ვარდების რევოლუციის დროს. მათ შევარდნაძე არ უყვარდათ და მისი წასვლით არ უნერვიულიათ. პირიქით, საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან საერთო ენის გამონახვა დაიწყეს. მოგონებების მიხედვით ჩანს, რომ პუტინისთვის პირველი მიუღებელი სიგნალი სწორედ ბაღაფშისა და ხაჯიმბას არჩევნები იყო. ის არ ელოდა, რომ მის გავლენის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე მის მხარდაჭერილ კანდიდატს რამე შეაფერხებდა. მოგვიანებით უკრაინის რევოლუციამ სხვა შიშები გაუჩინა პუტინს, მაგრამ ეგ სხვა თემაა უკვე. ბაღაფშის არჩევისას გალის ქართველობის როლი იყო მნიშვნელოვანი. როგორ უყურებენ აფხაზები გალის ქართველებს და რა როლს ანიჭებენ მათ ეკონომიკაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში?

ბადრი ბელქანია: აფხაზურ მხარეს ყოველთვის ღიად ვეუბნები, რომ რასაც თქვენ აპროტესტებთ და რაზეც თქვენი ნაციონალისტური ნარატივი არის აგებული, რომ ქართველები გვჩაგრავდნენ, კოლონიალურ რეჟიმში გვამყოფებდნენ, უფლებებს გვართმევდნენ, ენას გვართმევდნენ – ზუსტად იგივეს აკეთებს თქვენ ქართველების მიმართ.

ჩვენ ქართველები მართლა ვაკეთებდით თუ არა იმას რასაც აფხაზები გვაბრალებდნენ ცალკე საკითხია, მაგრამ რასაც გვაბრალებენ იმას თავად აკეთებენ. რაღაც თვალსაზრისით უარესსაც კი. საკუთარ თავს სახელმწიფოს უწოდებდე, გქონდეს გარკვეულ ტერიტორიაზე კონტროლი და იქაურ ხალხს, რომელიც იქ ცხოვრობს მოქალაქეობასაც არ აძლევ – ამის ანალოგია შეიძლება სუდანში და სადმე იყოს. ნეო-აპარტეიდული მიდგომაა. ამ მხრივ გალელები ერთ-ერთი ყველაზე დაჩაგრულები არიან.

ეს საზოგადოება მიტოვებულია ყველა მხრიდან. საქართველოს სახელმწიფომ, მთელი ჩვენი თანამედროვე სახელმწიფოს არსებობის პერიოდი რომ ავიღოთ, ვერ გავუწიეთ ჩვენ ის დახმარება, რომელსაც ისინი საჭიროებდნენ. მეორეს მხრივ ისინი აფხაზური მხრიდან არიან წნეხის ქვეშ. არც არჩევნებში მონაწილეობის უფლებას აძლევენ, არც უძრავი ქონების განკარგვის უფლებას. აფხაზებს თუ უძრავი ქონების გაყიდვა და ამით ბიზნესის წარმოების უფლება აქვთ – გალელებს ამის უფლებაც არ აქვთ. მეორე მხრივ ენგურის ხიდზე მათ განსაკუთრებული შემოწმებების გავლა უწევთ. სქილასა და ქარიბდას შორის გავლა უწევთ სამწუხაროდ მაშინ როსესაც იქ დაბრუნება უწევთ სადაც მათი სამშობლოა. ყველა მხრიდან არიან ძალიან დიდი ინსტიტუციური წნეხისა და რეპრესიების ქვეშ.

მათ ძალიან უჭირთ ამ პრობლემებზე საჯაროდ საუბარი. მათ ამის რესურსებიც არ გააჩნიათ. ეს სიტუაცია კიდევ უფრო მეტად გართულდება.

აფხაზები ახლა ენას კარგავენ და რაოდენობრივად მცირდებიან. ეს დემოგრაფიული ბალანსი აფხაზების საზიანოდ იხრება. ისინი ახლა გრძნობენ ეგზისტენციურ რისკს და ვის ან რას უნდა მიადგნენ ამის გამოსასწორებლად? ამიტომაც წამოიწყეს საუბარი იმაზე, რომ გალში სინამდვილეში ბევრი ეთნიკურად აფხაზია რომელიც გაქართველდა. წამოიწყეს პროგრამა რომელსაც ფესვებისკენ დაბრუნებას ეძახიან. ამით ცდილობენ რომ ეთნიკური ბალანსი შეცვალონ.

ირაკლი კიკნაველიძე: კარგად ესმით, რომ მათ რიგებშიც ბევრი გააფხაზებული მეგრელიცაა.

ბადრი ბელქანია: იმდენი საუკუნე გრძელდებოდა ჩვენი თანაცხოვრება, რომ რთულია დაადგინო ვის რა ფესვი აქვს.

ირაკლი კიკნაველიძე: საბჭოთა პერიოდში პოზიტიური დისკრიმინაციაც იყო ამ მხრივ. ბაზრის დირექტორი რომ გამხდარიყავი უფრო ხელსაყრელი იყო ყოფილიყავი აფხაზი…

ამ თემებზე საუბარი დაუსრულებლად შეგვიძლია გავაგრძელოთ. ბადრი, ძალიან დიდი მადლობა ამ კვალიფიციური მიმოხილვისათვის. უფრო მეტი უნდა ვილაპარაკოთ ჩემი აზრით და მედიას, პოლიტიკურ კლასს პულსზე უნდა გვედოს ხელი, რომ არ გამოგვრჩეს მნიშვნელოვანი მომენტები. ეს ცვლილებები ერთბაშად არ ხდება, ნელ-ნელა ხდება და რომ არ გავოცდეთ მუდმივად უნდა ვადევნოთ თვალყური.

ბადრი ბელქანია: ერთ პატარა კომენტარს გავაკეთებ. რაც აღნიშნეთ მედიასთან დაკავშირებით. ქართულ მედიას უამრავი პრობლემა აქვს, თქვენც კარგად იცით. მე ვაკვირდები რომ თქვენ აქცევთ ამ თემებს ყურადღებას და მადლობა მინდა გითხრათ. მინდა სხვა მედიასაც მოვუწოდო, რომ ამ თემებს უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს, რადგან ოკუპირებულ რეგიონებში ბევრი ისეთი რამეც ხდება რომელიც შემდეგ ჩვენთანაც მეორდება ხოლმე. ერთგვარი სახელმძღვანელოა ჩვენთვის და ყურადღება უნდა მივაქციოთ.

ირაკლი კიკნაველიძე: შვილებს ჯერ კიდევ ერთი და იგივე სახელებს ვარქმევთ. ბევრი ბადრი ცხოვრობს აფხაზეთში. ეს სახელი უყვართ. ასევე უყვართ სახელი ლაშა. საერთო სახელები ბევრია. მადლობა ძალიან დიდი. ბადრი ბელქანია, კონფლიქტების მკვლევარი იყო დღეს ჩვენთან ერთად.

მსგავსი სტატიები

ნაურუს მიერ აფხაზეთის აღიარების უკან გაწვევა უკრაინის ომის დაწყების შედეგად გლობალურ წესრიგში მომხდარი ფუნდამენტური ცვლილების გამოვლინებაა.
თორნიკე შარაშენიძე: პირველ რიგში ორივე მხარემ უნდა აღიაროს თავისი შეცდომა და დანაშაული. ამ ნაბიჯის შემდეგ ყველა სხვა პროცესი გაადვილდება
პაატა ზაქარეიშვილი: „თბილისს შეუძლია შესთავაზოს აფხაზეთსა და ცხინვალს ის, რასაც რუსეთი ვერასდროს შესთავაზებს: არა მკაცრი კონტროლი, არამედ გრძელვადიანი ურთიერთობები, მათი ადამიანური და პოლიტიკური რეალობის პატივისცემა“