დასავლეთის ზეწოლა და რუსეთის შესუსტებული გავლენა: რატომ გაიწვია ნაურუმ აფხაზეთის აღიარება? მოსაზრება თბილისიდან

FacebookXMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

ნაურუმ აფხაზეთის აღიარება უკან გაიწვია

მიმდინარე წლის 29 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ნაურუმ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება უკან გაიწვია. გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან მანამდე არც ქართულ და არც საერთაშორისო მედიაში არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა. ასევე არც რაიმე მიმდინარე პოლიტიკური თუ დიპლომატიური პროცესის შესახებ იყო ცნობილი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო სამართლის პრინციპებისადმი პატივისცემის გამოხატულება უწოდა და დამატებითი დეტალები არ გაუჟღერებია. იმავდროულად, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნაურუს გადაწყვეტილების მიზეზად საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების მხრიდან განხორციელებული უპრეცედენტო ზეწოლა დაასახელა.

გთავაზობთ ქართველი პოლიტიკური ექსპერტების მოსაზრებებს. ისინი რამდენიმე ურთიერთშემავსებელ და კონტრასტულ პერსპექტივას გვთავაზობენ იმის შესახებ, თუ რამ განაპირობა ნაურუს გადაწყვეტილება. მიზეზებს შორის ნახსენებია საერთაშორისო სამართლის გავლენა, უკრაინის ომის შემდეგ გლობალური წესრიგის ფუნდამენტური ცვლილები და სხვა.

ძირითადი თეზისები:

  • მიზანმიმართული დასავლური ეკონომიკური და საკანონმდებლო ზეწოლა: ნაურუს გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი არის არაღიარების მტკიცე პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს დასავლელი პარტნიორები, განსაკუთრებით შეერთებული შტატები, ახორციელებენ.
  • ტრანზაქციული დიპლომატია და „აღიარებებით მოვაჭრის“ მოდელი: ზოგიერთი ექსპერტი ნაურუს ახასიათებს, როგორც „აღიარებებით მოვაჭრეს“ და აღნიშნავს, რომ ეს პატარა კუნძულოვანი სახელმწიფო დიპლომატიური აღიარებას ხშირად სერვისების, დაფინანსების ან დიდ სახელმწიფოებთან ხელსაყრელი ურთიერთობების უზრუნველსაყოფად იყენებს.
  • „რუხი ზონების“ შემცირება და გლობალური გეოპოლიტიკური ცვლილებები: უფრო ფართო საერთაშორისო კონტექსტი მკვეთრად 2014 წლიდან შეიცვალა. ეს პროცესი განსაკუთრებით 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გამოიკვეთა. ეს ცვლილებები ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის სასარგებლოდ მიმდინარეობს.
  • რუსული გავლენის შემცირება და პრიორიტეტების ცვლილება: ექსპერტები თანხმდებიან, რომ რუსეთის პრესტიჟი და საერთაშორისო გავლენა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო მნიშვნელოვნად დაზარალდა. შედეგად მოსკოვს საზღვარგარეთ ამ აღიარებების შენარჩუნება გაურთულდა.
  • ქართული დიპლომატიის როლი და დემოკრატიული სოლიდარობა: ზოგიერთი ექსპერტი საქართველოს ბოლოდროინდელ დიპლომატიურ ძალისხმევასაც უსვამს ხაზს. მართალია თბილისი პროაქტიული სტრატეგიის ნაცვლად „ინერციით“ მოქმედებს, მაგრამ არაღიარების ხანგრძლივი პოლიტიკა თავის შედეგებს აღწევს.
ოლესია ვართანიანი საქართველოს მთავრობას აღწერს, როგორც „უფასო მგზავრს“ (free-rider), რომელიც შედეგებს განსაკუთრებული დიპლომატიური ძალისხმევის გარეშეც კი აღწევს.
ოლესია ვართანიანი

ოლესია ვართანიანი, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარი, გვთავაზობს მრავალშრიან ანალიზს. მისი ხედვით ეს გადაწყვეტილება გამოხატავს, როგორც მცირე მცირე კუნძულოვანი სახელმწიფოების სპეციფიკურ დიპლომატიურ ქცევას, ისე – გლობალურ გეოპოლიტიკაში უფრო ფართო და სისტემურ ცვლილებს.

მისი არგუმენტაციის ცენტრალური ელემენტის მიხედვით ნაურუ წარმოადგენს „აღიარებებით მოვაჭრე“ ერთ-ერთ ქვეყანას. ამ ტერმინით აღნიშნავენ სახელმწიფოებს, რომელთათვისაც დიპლომატიური აღიარების ან უკან გაწვევის აქტი „დიდ სახელმწიფოებთან ურთიერთობების ინსტრუმენტს წარმოადგენს”.

ის განმარტავს, რომ ნაურუსნაირი პატარა კუნძულოვანი სახელმწიფოსთვის ეს გადაწყვეტილებები ხშირად ტრანზაქციულია და განპირობებულია „გარკვეული სერვისების, დაფინანსების მიღების სურვილით ან უბრალოდ გეოპოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილებებით“.

ამ კანონზომიერების ილუსტრირებისთვის მას ნაურუს ტაივანთან ურთიერთობის მაგალითი მოჰყავს. მიუხედავად მაღალი დონის ვიზიტებისა, ამ სახელმწიფომ ტაივანის აღიარება საბოლოოდ გააუქმა, როდესაც გეოპოლიტიკური სიტუაცია ჩინეთის სასარგებლოდ შეიცვალა.

ვართანიანი უფრო დაწვრილებით განმარტავს ასეთი გადაწყვეტილებების უკან მდგარ პრაგმატულ ლოგიკას და ვარაუდობს, რომ მცირე ქვეყნებისთვის შედარებით „უფრო ადვილია რომელიმე შორეული ადგილის, მაგალითად, აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმება“, თუ ეს მათ „დიდ და ამჟამად მნიშვნელოვან“ ქვეყნებთან ურთიერთობებში ხელშესახებ სარგებელს მოუტანს.

იგი ვარაუდობს, რომ ასეთი ნაბიჯი შეიძლება იყოს :გააზრებული გადაწყვეტილება“ საგარეო პოლიტიკის ცვლილების სიგნალის მისაცემად ან უბრალოდ დიპლომატიური ჟესტი, რომელიც ნაურუს ძალიან იაფი უჯდება, მაგრამ „სიამოვნებას ანიჭებს ახალ პარტნიორებს“. ამ თვალსაზრისით, აღიარების უკან გაწვევა ნაკლებად ეხება ოკუპირებული ტერიტორიების კონკრეტულ სტატუსს. ეს ნაბიჯი უფრო მეტად დიდ საერთაშორისო აქტორებთან ნაურუს სტრატეგიულ დაახლოებას ასახავს.

თავისი ანალიზის გლობალურ დონეზე განვრცობით, ვართანიანი მიიჩნევს, რომ ეს ცალკეული დიპლომატიური აქტები ასევე ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისკენ მიმართული ზოგადი ტენდენციის ნაწილს წარმოადგენს. ის აღნიშნავს, რომ 2014 წლიდან, ხოლო განსაკუთრებით 2022 წელს უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საერთაშორისო სისტემა სწრაფად ჩამოშორდა არაღიარებულ რეგიონებთან მიმართებით „რბილი გადაწყვეტილებების“ პრაქტიკას. შედეგად ე.წ. „რუხი ზონები“ მნიშვნელოვანად დავიწროვდნენ.

იგი აცხადებს, რომ „მთელი მსოფლიო ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების სასარგებლოდ იწყებს მუშაობას, იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ამისგან მცირე სარგებელი არსებობს“. ეს სისტემური ცვლილება, მისი აღნიშვნით, მიმდინარეობს „ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობებში ლიბერალური მიდგომებიდან გადახვევის“ პარალელურად.

ვართანიანის ანალიზის გამორჩეული ასპექტია საქართველოს დახასიათება, როგორც „უფასო მგზავრისა“ (free rider) არსებულ საერთაშორისო კლიმატში. იგი ამტკიცებს, რომ ტერიტორიული მთლიანობის სასარებლო გლობალური ტენდენცია იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ თბილისმა „სპეციალური დიპლომატიური ძალისხმევის გარეშე და დასავლელ პარტნიორებთან რთული ურთიერთობების ფონზეც კი“ წარმატებულ შედეგებს მიაღწია. ამის მაგალითია თუნდაც გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიური რეზოლუციები. მისი აზრით, თავად გლობალური სიტუაცია საქართველოს მთავრობისგან დიდი ძალისხმევის გარეშეც საქართველოს სასურველ შედეგებს იწვევს.

თუმცა, ვართანიანი ხაზს უსვამს იმასაც, რომ მხოლოდ გლობალური ტენდენციები ყოველთვის არ არის საკმარისი. ამას სირიისა და ვენესუელას შემთხვევები მოწმობს. მიუხედავად იმისა, რომ სირიამ ევროკავშირთან, კერძოდ საფრანგეთთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარების მიზნით ახლახან აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა, მას ჯერ კიდევ არ მიუცია მკაფიო სიგნალები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით. ვენესუელა მეტისმეტად არის კონცენტრირებული საკუთარ შიდა „მართველობით კრიზისსა“ და საშინელი მიწისძვრის შედეგებზე. ამ შეფერხებების მიუხედავად, ვართანიანი ასკვნის, რომ ამ სახელმწიფოების მიერ აღიარების უკან გაწვევა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის ამჟამინდელი დომინირების გამო შესაძლოა, „მხოლოდ დროის საკითხი იყოს“ .

თუ ასეთი გადატვირთვა მოხდება ეს იქნება კონკრეტული ნიშანი იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ და მისმა დასავლელმა პარტნიორებმა საბოლოოდ დაიწყეს წარსული პრობლემების გვერდზე გადადება.

სერგი კაპანაძე

სერგი კაპანაძე, საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ამტკიცებს, რომ ნაურუს გადაწყვეტილების ზუსტი მიზეზები კონფიდენციალური რჩება, მაგრამ ამ გადაწყვეტილების გაგება შესაძლებელია სამი ფაქტორის კომბინაციით:

  • ნაურუს ცვალებადი საგარეო პოლიტიკა;
  • რუსეთის გავლენების შემცირება;
  • ქართული დიპლომატიური ძალისხმევის ინერცია.

კაპანაძე აღნიშნავს, რომ ნაურუ რუსეთზე ნაკლები დამოკიდებულებისკენ მიიწევდა. ამავე დროს ის ავსტრალიასა და სხვა დასავლელ პარტნიორებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ცდილობს. ეს ნაბიჯები კი „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკასთან თანხვედრაშია. კაპანაძეს სრულიად დასაშვებად მიაჩნია, რომ ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა და ავსტრალიამ წაახალისეს ეს გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნავს რომ ამ გარიგების საჯარო მტკიცებულებები არ არსებობს.

იგი განსაკუთრებით სკეპტიკურად არის განწყობილი იმ აზრის მიმართ, რომ ამ გადაწყვეტილებაში საქართველოს მოქმედმა მთავრობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. „ქართული ოცნების“ ადმინისტრაციასა და დასავლელ პარტნიორებს შორის გაუარესებული ურთიერთობებია. ეს კი მსგავსი დიპლომატიური შედეგებისთვის საჭირო პოლიტიკური ბერკეტების მობილიზებას ართულებს.

რაც შეეხება საქართველოს ძალისხმევას, კაპანაძე აღიარებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო იმსახურებს გარკვეულ დაფასებას. მაგრამ ამ გადაწყვეტილებას უკან დგას ინერციით მიმდინარე და არა პროაქტიულად მხარდაჭერილი სტრატეგია. იგი მიუთითებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან პოლიტიზებული გახდა. უწყებამ პროევროპული შეხედულებების გამო ათობით პროფესიონალიც კი გაათავისუფლა. ეს კი ქვეყნის გრძელვადიან დიპლომატიურ შესაძლებლობებს ასუსტებს.

კაპანაძე დამატებით განმარტავს, რომ უფრო ფართო გეოპოლიტიკური კონტექსტიც შეიცვალა. რუსეთის საერთაშორისო პოზიცია დასუსტდა და მოსკოვი ახლა ნაკლებად არის კონცენტრირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გაფართოებაზე, ვიდრე თუნდაც ათი წლის წინ იყო. ამის ნაცვლად რუსეთის პრიორიტეტი ამ ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი დე ფაქტო ანექსია და საკუთარ პოლიტიკურ და სამხედრო სისტემებში ინტეგრაცია გახდა.

შესაბამისად, კაპანაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს სტრატეგიული პრიორიტეტი უნდა იყოს ანექსიის საწინააღმდეგო და არა არაღიარების პოლიტიკა. საქართველოს დემოკრატიულ პარტნიორებთან ჩამოშორება და რუსეთთან უფრო მჭიდროდ დაახლოება კი ყველაზე ნაკლებად ეფექტური სტრატეგიაა ანექსიის წინააღმდეგ.

სხვა ქვეყნების, მაგალითად, სირიისა და ვენესუელაზე მსჯელობისას იგი ვარაუდობს, რომ მათი აღიარებების უკან გაწვევის შანსები გლობალური დინამიკის ცვლილებისა და სირიის საკუთარი პოლიტიკური ტრანსფორმაციების გამო გაიზარდა. თუმცა სანამ ქართველი ლიდერები განაგრძობენ დასავლეთის დადანაშაულებას საქართველოს „ომში ჩათრევის“ მცდელობაში, მნიშვნელოვნად რთული რჩება ასეთი უკან გაწვევების უზრუნველსაყოფად საჭირო დასავლური დიპლომატიური გავლენის მობილიზება.

საბოლოო ჯამში, კაპანაძე ასკვნის, რომ დემოკრატიული სახელმწიფოები საქართველოს ყველაზე ძლიერი მოკავშირეები არიან, ხოლო ქვეყნის შიგნით დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარება არის საერთაშორისო არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნების ყველაზე ეფექტური გზა.

თეონა აქუბარდია

თეონა აქუბარდია, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე და პარლამენტის წევრი, ამტკიცებს, რომ ნაურუს გადაწყვეტილება აღიარების უკან გაწვევის შესახებ არის არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამარჯვება და საქართველოს დასავლელი პარტნიორების მიერ გაწეული მხარდაჭერის მკაფიო გამოვლინება.

ის განსაკუთრებით გამოყოფს დასავლელ პარტნიორებს, კერძოდ შეერთებულ შტატებს, და არა ზოგადად „საერთაშორისო პარტნიორებს“, როგორადაც ისინი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოიხსენია. აქუბარდიას თქმით, ამ გადაწყვეტილებაში ყველაზე კრიტიკული ფაქტორი შეერთებული შტატების კანონმდებლობა იყო, რომელიც მოქმედებს როგორც „ძლიერი ზეწოლის მექანიზმი“. ეს კანონმდებლობა ფინანსური დახმარების აკრძალვით ემუქრება ნებისმიერი მთავრობას, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს აღიარებს. აქუბარდია აღნიშნავს, რომ ეს ზეწოლა წლების განმავლობაში პერმანენტული იყო, და მოჰყავს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს აღიარებები იმის შესახებ, რომ ნაურუს წარმომადგენლები სოხუმშ ვიზიტისას წლების მანძილზე თავადვე საუბრობდნენ ამ ზეწოლებზე.

აქუბარდია აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ამჟამად რუსული რევიზიონისტული პოლიტიკის შეკავების დასავლეთის ერთიანი სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს. იგი ხაზს უსვამს, რომ სუვერენიტეტის პრინციპი წარმოადგენს დასავლელი პარტნიორების ფუნდამენტურ ღირებულებას. ამას მოწმობენ ეუთოს ფორმატში დიდი ბრიტანეთის ბოლოდროინდელი განცხადებები, რომლებიც უკრაინის სუვერენიტეტის საკითხს პირდაპირ უკავშირებენ საქართველოსა და მოლდოვას სუვერენიტეტთან. მისი აზრით, საქართველო არის არა ცალკეული შემთხვევა. ის რეგიონში რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ გადადგმულ უფრო ფართო ნაბიჯებთან ორგანულად არის დაკავშირებული.

ამ საერთაშორისო წარმატებების მიუხედავად, აქუბარდია კრიტიკულად არის განწყობილი საქართველოს მოქმედი მთავრობის მიმართ და ამტკიცებს, რომ საქართველოს მთავრობა ეჭვქვეშ აყენებს არაღიარების პოლიტიკას.

იგი მიუთითებს თბილისის მხრიდან პროაქტიული აქტივობის ნაკლებობაზე, განსაკუთრებით სირიასთან მიმართებით, სადაც ახალი მთავრობა ამჟამად კავშირებს აყალიბებს როგორც რუსეთთან, ისე ევროპასთან. აქუბარდია აღნიშნავს, რომ სანამ საქართველოს მთავრობა უმოქმედოდ რჩება, დასავლელი პარტნიორები, როგორიცაა ლიეტუვა, აღიარების უკან გაწვევის ხელსაწყობად ევროკავშირსა და სირიას შორის საპარლამენტო დონეზე უკვე მუშაობენ.

აქუბარდია თვლის, რომ დასავლელი მოკავშირეების ასეთი ნაბიჯები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. ეს პროცესი საქართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან ძლიერი ინიციატივის არარსებობის პირობებშიც კი სასარგებლო შედეგებს მოიტანს.

თორნიკე შარაშენიძე

ტთორნიკე შარაშენიძე, საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი, არ მიიჩნევს, რომ ნაურუს გადაწყვეტილებაზე შეერთებული შტატები უშუალოდ ზემოქმედებდნენ. ის უფრო მეტად ევროკავშირისა და საქართველოს დიპლომატიური ძალისხმევის როლს უსვამს ხაზს. შარაშენიძე თვლის, რომ ამჟამად შეერთებული შტატები, მეტისმეტად არის დაკავებული მსხვილი გლობალური კრიზისებით [ომები უკრაინასა და ღაზაში, სავაჭრო ომები და დაძაბულობა ირანთან], იმისათვის რომ ფოკუსირება მოახდინოს ნაურუს საგარეო პოლიტიკის „წვრილმან საქმეებზე“.

სანაცვლოდ, შარაშენიძე ვარაუდობს, რომ ამ გადაწყვეტილებაში ევროკავშირს შესაძლოა უფრო აქტიური როლი ეთამაშა. მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელს დაძაბული ურთიერთობა აქვს თბილისთან, იგი მტკიცედ რჩება მოსკოვთან დაპირისპირებული და მანამდე უკვე წამოჭრა აღიარების ანალოგიური საკითხები სირიასთან ურთიერთობისას, მიიჩნევს შარაშენიძე.

საერთაშორისო აქტორების გარდა ქართული დიპლომატიური უწყები მუშაობაც სათანადოდ უნდა შეფასდეს, რადგან შარაშენიძის აზრით ნაურუს გადაწყვეტილებაზე ამან არსებით როლი ითამაშა.

ამ დიპლომატიურ წარმატებას ხელი შეუწყო უფრო ფართო გეოპოლიტიკურმა ცვლილებამაც. უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის საერთაშორისო პრესტიჟი დაკნინდა. შედეგად მსგავსი აღიარებების უკან გაწვევები უფრო შესაძლებელი გახდა.

შარაშენიძის აზრით კრიტიკული ეტაპი სირიის პოზიციებში ცვლილება იქნება. ის იმედს გამოთქვამს, რომ ამ საკითხის მოსაგვარებლად ქართული დიპლომატია ევროკავშირთან მჭიდროდ ითანამშრომლებს.

მსგავსი სტატიები

თორნიკე შარაშენიძე: პირველ რიგში ორივე მხარემ უნდა აღიაროს თავისი შეცდომა და დანაშაული. ამ ნაბიჯის შემდეგ ყველა სხვა პროცესი გაადვილდება
პაატა ზაქარეიშვილი: „თბილისს შეუძლია შესთავაზოს აფხაზეთსა და ცხინვალს ის, რასაც რუსეთი ვერასდროს შესთავაზებს: არა მკაცრი კონტროლი, არამედ გრძელვადიანი ურთიერთობები, მათი ადამიანური და პოლიტიკური რეალობის პატივისცემა“