საწვავის კრიზისი აფხაზეთში
2026 წლის აგვისტოში რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის დეფიციტმა აფხაზეთში კრიზისი გამოიწვია. თავდაპირველმა დროებითმა შეზღუდვებმა შედეგი ვერ გამოიღეს და რეგიონში ბენზინგასამართ სადგურებზე გრძელი რიგები წარმოიშვა. კრიზისის დაძლევაში მოულოდნელად ქართული მხარეც გამოჩნდა. რეგიონში ენგურის მხრიდანაც შევიდა საწვავი, თუმცა კრიზისის აღმოსაფხვრელად ეს რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა. ამ ეტაპზე გაურკვეველია ქართული მხრიდან გაგრძელდება თუ არა საწვავის მიწოდება. ასევე უცნობია თუ რა გავლენას იქონიებს ეს ნაბიჯი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე.
აფხაზეთში საწვავის დეფიციტის ძირითადი მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომია. კიევმა რუსულ ენერგო სექტორზე შეტევები ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში დაიწყო. თავდაპირველად სამიზნედ უშუალოდ უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედი რუსული არმიის მომარაგებისთვის განკუთვნილი ნავთობსაცავები იყო, მაგრამ მომდევნო წლებში მიდგომა და სტრატეგია შეიცვალა. უკვე 2024 წლის იანვრიდან უკრაინელები რუსეთის სიღრმეში არსებულ ნავთობტერმინალებზე ახერხებდნენ თავდასხმებს. 2024-2025 წლებში კი დრონებითა და სხვა საშუალებებით დარტყმები ფრონტის ხაზიდან 1200-1500 კილომეტრს მიღმა ხორციელდებოდა.
მიმდინარე წლის ივნისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მშვიდობისკენ იძულების 40-დღიანი სამხედრო კამპანია იწყებოდა. ამ შეტევების ფარგლებში რუსეთის ნავთობის წარმოების სექტორზე უპრეცედენტო და ორგანიზებული თავდასხმები დაიწყო. ივნისში ნავთობ პროდუქტების წარმოება გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 21.7%-ით შემცირდა. რუსეთი ისტორიაში პირველად იძულებული გახდა საწვავის იმპორტი დაეწყო, რათა კონკრეტული რეგიონებისთვის საწვავის მიწოდების პრობლემები მოეგვარებინა.
ნავთობსაცავებისა და ნავთობ პროდუქტების წარმოების ვარდნამ მძიმე ვითარება შექმნა ნავთობის დამუშავების, შიდა მიწოდებისა და ექსპორტის მიმართულებით.
ეს პრობლემა განსაკუთრებით რუსეთის სამხრეთ ფედერალურ ოლქში იგრძნობოდა. ერთის მხრივ ამ რეგიონებში არსებულ რუსულ ნავთობ ინფრასტრუქტურას უკრაინელები უტევდნენ, მეორეს მხრივ კი უკრაინასთან და შავ ზღვასთან სიახლოვის გამო რუსეთის ამ მხარეში ხშირად ხდებოდა სარკინიგზო ხაზების გადატვირთვა. ეს კი საწვავის მიწოდებას აგვიანებდა.
პარალელურად კი აფხაზეთსა და კრასნოდარის მხარეში ტურისტული სეზონი დაიწყო. ეს პერიოდი კი ისედაც გამოირჩევა საწვავის მომატებული მოთხოვნით.
სწორედ ამ საომარი და ლოგისტიკური ფაქტორების შედეგად აფხაზეთმა ტურისტულ სეზონზე დროულად ვერ მიიღო იმ რაოდენობის საწვავი რაც მას სჭირდებოდა. შედეგად დაიწყო საწვავის კრიზისი.
კრიზისი თავდაპირველად კრასნოდარის მხარეში მაისი-ივნისის თვეში დაიწყო.
20 ივნისს აფხაზეთის დე-ფაქტო ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ რეგიონში საწვავის საკმარისი მარაგი იყო დაგროვებული, თუმცა რუსეთიდან ლოგისტიკური შეფერხებების ნიშნები უკვე არსებობდა. მეტიც, იმავე დღეს აფხაზეთის ზოგიერთ ბენზინ გასამართ სადგურზე საწვავის გაცემის ლიმიტები დააწესეს.
ივლისის განმავლობაში სწორედ ნაწილობრივი შეზღუდვების ფონზე აფხაზეთში საწვავის დეფიციტის კონტროლს ახერხებდნენ. დე-ფაქტო ენერგეტიკის მინისტრი ბატალ მუშბა საწვავთან დაკავშირებულ პრობლემებს დროებით ხარვეზად აფასებდა. თუმცა აგვისტოს დასაწყისიდან მარაგების ამოწურვის შედეგად ვითარება კრიზისში გადაიზარდა. დე-ფაქტო პრემიერთან საუბრისას მუშბამ აღნიშნა, რომ აგვისტოს პირველ დღეებში აფხაზეთში რუსეთიდან 1 600 ტონა საწვავი შევიდა და დამატებით საწვავს მომდევნო ორი კვირის მანძილზე ელოდებოდნენ.
თუმცა, როგორც ჩანს რუსეთიდან მიღებული საწვავი ან საკმარისი არ აღმოჩნდა, ან მიწოდების ტემპები კრიზისის უფრო გამწვავებას პროგნოზირებდნენ. სწორედ ამ ფონზე, 12 აგვისტოს, გახდა ცნობილი, რომ აფხაზეთში საწვავი ქართული მხრიდანაც შევიდა.
12 აგვისტოს საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ აფხაზეთში საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან საწვავი შევიდა. „ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა. გავიმეორებ: თუკი ასეთი ნაბიჯი იდგმება, იდგმება კანონის ჩარჩოებში. თუ მომავალშიც გვექნება ამის შესაძლებლობა, რომ იქ მცხოვრებ მოსახლეობას მდგომარეობა შევუმსუბუქოთ, ამას მომავალშიც გავაკეთებთ, — განაცხადა კობახიძემ.
ქართული ოცნების დეპუტატმა რატი იონათამაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფხაზეთში 3 000 ტონა საწვავი შევიდა. ამ რიცხვმა დაბნეულობა გამოიწვია, რადგან „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილის მიხედვით მსგავსი რაოდენობის საწვავის მიწოდება მხოლოდ ზღვით იქნებოდა შესაძლებელი.
გაურკვეველი რჩებოდა ასევე ამ გადაზიდვის აღმსრულებელი კომპანიის ვინაობა და სხვა დეტალები.
როგორც რადიო თავისუფლებამ დაადგინა, ოკუპირებულ აფხაზეთში თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან საწვავი ქართულმა კომპანია „სოლიდუსმა“ შეიტანა.
„სოლიდუსი“ „სპეციალური საწარმოს სტატუსს“ ფლობს. ეს სტატუსი კომპანიებს საშუალებას აძლევს, საქმიანობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განახორციელონ. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ 11 აგვისტოს ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, „სოლიდუსს“ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება კიდევ სამი თვით გაუგრძელდა, რაც უკუქცევით 18 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე ვრცელდება.
კომპანიის მფლობელმა, გიორგი არველაძემ, გამოცემასთან საუბარში განაცხადა, რომ ტვირთი დაახლოებით 300 ტონა საწვავს შეადგენდა, რომელიც მისმა კომპანიამ აფხაზ პარტნიორებს ენგურის ხიდის მეშვეობით მიაწოდა.
ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას, არველაძემ განაცხადა, რომ მისმა კომპანიამ მხოლოდ ბენზინი შეიტანა, არა დიზელი, და რომ ტრანზაქცია „აფხაზ ბიზნესმენებთან“ ერთად განხორციელდა და ეს იყო პირველი ასეთი ტრანზაქცია 33 წლის მანძილზე.
მიწოდების სქემა შემდეგია:
„სოლიდუსმა“ საწვავი [ბენზინი] ქართულ ბაზარზე კომპანია „რეპსოლისგან“ შეიძინა. ეს კომპანია საქართველოში ბენზინგასამართი სადგურების ქსელ „ქონექთს“ ფლობს. „რეპსოლის“ თქმით ისინი „სოლიდუსისთვის“ დამატებით საწვავის მიწოდებას არ გეგმავენ. ამავე დროს, კომპანიის განცხადებით ის, თუ სად განახორციელებს შპს „სოლიდუსი“ ნაყიდი ნავთობპროდუქტების რეალიზაციას, მათთან არ თანხმდება და სცდება მათი პასუხისმგებლობის ფარგლებს.
ბაზარზე საწვავის შესყიდვის პრობლემის წინაშე აღმოჩნდა თავად კომპანია „სოლიდუსიც“. „ადგილობრივ ბაზარზე რთულია ბენზინის მოპოვება. არ არის ჭარბი ბენზინი აქაც, მარტივი არაა საწვავის შოვნა“, – განაცხადა არველაძემ.
„სოლიდუსმა“ საწვავი აფხაზეთში კომპანია „აზიდს“ მიაწოდა, რომელიც რეგიონში ბენზინგასამართ სადგურებს ფლობს. კომპანიის განცხადებით საწვავის კრიზისის დროს მოახერხეს „ალტერნატიული წყაროების“ მოძიება და რეგიონში საწვავის შეტანა. კომპანია ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ბენზინი ჩვეულზე უფრო მაღალ ფასად შეიძინეს, თუმცა ბენზინზე ფასების გაზრდისგან თავის ასარიდებლად საწვავის რეალიზაცია შესასყიდ ფასზე დაბალ ფასად მოახერხეს და ეს ზედმეტი ხარჯი კომპანიამ თავის თავზე აიღო.
აფხაზური მხრიდან საწვავის მიმწოდებლად ქართული მხარე არ დასახელებულა. ამის ნაცვლად, ადგილობრივი დე-ფაქტო ოფიციალური პირები იყენებენ ტერმინს „ ალტერნატიული წყარო“.
18 აგვისტოს ბრიფინგზე საქართველოს პრემიერმა განაცხადა, რომ იმ ეტაპზე აფხაზეთში ქართული მხრიდან 680 ტონა ბენზინი შევიდა. ამ რაოდენობაზე ასევე საუბრობდა „სოლიდუსის“ მფლობელი გიორგი არველაძეც.
მიუხედავად რუსეთიდან და ქართული მხრიდან აფხაზეთში შეტანილი საწვავისა რეგიონში კრიზისი კვლავ გრძელდება. ადგილობრივი დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით პრიორიტეტი ე.წ. სახელმწიფო ორგანოებსა და სამედიცინო დაწესებულებებს აქვთ მინიჭებული. შედეგად ბენზინგასამართ სადგურებზე კვლავ გრძელდება შეზღუდვები და რიგები.
სავარაუდოდ რუსეთიდან ეტაპობრივად შემოსული საწვავისა და ტურისტული სეზონის დასრულების შედეგად ბენზინზე დეფიციტი ნელ-ნელა აღმოიფხვრება.
აღსანიშნავია, რომ საწვავის დეფიციტი აფხაზეთში 2024 და 2025 წლებში სწორედ აგვისტოს თვეში ფიქსირდება. ამ დეფიციტის მთავარ მიზეზად მაშინაც რუსეთ-უკრაინის ომი მიიჩნეოდა. რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ სექტორზე თავდასხმებმა მაშინაც შეანელეს ბენზინის წარმოება. ხოლო ტურისტული სეზონის პიკზე გადატვირთულმა სარკინიგზო სისტემამ საწვავის დროული მიწოდება ვერ უზრუნველყო.