არაბული სამყარო საქართველოს კონფლიქტებზე და სამშვიდობო დიალოგის პერსეპექტივები. მოსაზრება თბილისიდან

FacebookXMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

სირია და აფხაზეთი

მიმდინარე წლის სექტემბერში ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „კოალიცია ცვლილებისთვის“ გაგზავნილ წერილში დაადასტურა, რომ ევროკავშირი სირიასთან კომუნიკაციისას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმების საკითხს დააყენებს.

სირიის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება მხოლოდ დამასკოს პოზიციის გამო არ არის მნიშვნელოვანი. სირია არაბული სამყაროს ნაწილია, ამიტომაც საინტერესოა საქართველოს კონფლიქტის თემაზე არამხოლოდ სირიის, არამედ ზოგადად არაბული ქვეყნების განწყობების გაანალიზება.

ამ თემებზე აღმოსავლეთმცოდნე და დოჰას ინსტიტუტის კონფლიქტის მართვის მაგისტრ გიგა გიგაურთან ინტერვიუს გთავაზობთ.

არაბულ სამყაროზე საუბარი სირიით დავიწყოთ. ასადის ხელისუფლებამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2018 წელს აღიარა. რამ იქონია ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა?

გიგა გიგაური: არაბული სამყარო მრავალ განსხვავებულ ქვეყანას მოიცავს და თითოეულ მათგანს თავისი სპეციფიკა გააჩნია. ყოველი მათგანის საგარეო პოლიტიკა საკუთარ ეროვნულ და რეგიონულ ინტერესებზეა დაფუძნებული.

თვითონ სირიის შემთხვევა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა ამ მხრივ. ეს ქვეყანა არაბულ სამყაროს განეკუთვნება, მაგრამ დღემდე ერთადერთ არაბულ ქვეყნად რჩება, რომელმაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის, დამოუკიდებლობა აღიარა. ერთი შეხედვით ეს გადაწყვეტილება თანამედროვე რუსულ-სირიული ან ასადისა და პუტინის შეთანხმება იყო, თუმცა ჩვენ უნდა გვესმოდეს ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სპეციფიკა და წარსული. ეს ურთიერთობა მხოლოდ ასადისა და პუტინის პირად კავშირებზე არ იდგა. იგი ათწლეულების განმავლობაში იყო ინსტიტუციონალიზებული სამხედრო ხელშეკრულებებით, იარაღითა და სამხედრო განათლებით, დიპლომატიური მხარდაჭერით, ფინანსური შეთანხმებებითა და სტრატეგიული ინფრასტრუქტურით.

ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს გადაწყვეტილება სირიელი ხალხის ინტერესს გამოხატავდა. თუმცა ეს ნაბიჯი ნამდვილად გამოხატავდა რუსეთსა და სირიას შორის ათწლეულობით ნაშენებ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სამხედრო კავშირებს. საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული სირიასა და მოსკოვს შორის, გარკვეული რყევების მიუხედავად, მჭიდრო სამხედრო და პოლიტიკური ურთიერთობები ჩამოყალიბდა.

ეს ურთიერთობა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან იწყება, მას მერე რაც სირიის რესპუბლიკა მეოცე საუკუნის შუა წლებში დამოუკიდებელი გახდა. კავშირები კი კიდევ უფრო მეტად გამყარდა ასადის რეჟიმის დროს. ჰაფეზ ალ-ასადის პერიოდში სირიამ საბჭოთა კავშირთან განსაკუთრებით მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა დაამყარა და ტარტუსში საბჭოთა საზღვაო უზრუნველყოფის პუნქტიც განთავსდა. მოგვიანებით, უკვე რუსეთის ფედერაციის პერიოდში, ურთიერთობა სამხედრო თანამშრომლობასთან ერთად ფინანსურ შეთანხმებებსა და სირიის საბჭოთა ვალის მნიშვნელოვანი ნაწილის ჩამოწერასაც მოიცავდა.

2018 წლის აღიარებაც ამ ხანგრძლივი პოლიტიკური ურთიერთგაცვლისა და ასადის ხელისუფლების რუსეთზე ძლიერი დამოკიდებულების კონტექსტში უნდა განვიხილოთ. რუსეთი სირიის სამოქალაქო ომში ასადის ხელისუფლების მთავარი სამხედრო და პოლიტიკური მოკავშირე იყო. მოგვიანებით, 2022 წელს, სირიამ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებიც აღიარა, რაც იმავე საგარეო-პოლიტიკური ხაზის გაგრძელებად შეიძლება განვიხილოთ.

აქ მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ 2018 წლის აღიარების მიზეზები და ის ფაქტორები, რომლებიც დღეს ამ გადაწყვეტილების შენარჩუნებას უწყობს ხელს. აფხაზური მხარე სახელმწიფოს უწყვეტობის არგუმენტსაც იყენებს: ხელისუფლებები იცვლებიან, მაგრამ წინა ხელისუფლების ყველა საერთაშორისო გადაწყვეტილება ავტომატურად არ უქმდება. ეს არ ნიშნავს, რომ ახალი ხელისუფლება ვალდებულია აღიარება სამუდამოდ შეინარჩუნოს, თუმცა ასადის წასვლა თავისთავად მისი გაუქმებისთვის საკმარისი არ იყო.

ის ფაქტი, რომ ახალმა ხელისუფლებამ აღიარება არ გააუქმა, ასევე არ ნიშნავს, რომ იგი ასადის თავდაპირველ მოტივაციას სრულად იზიარებს. გადაწყვეტილების შენარჩუნება შეიძლება უკავშირდებოდეს სხვა პრიორიტეტებს, დიპლომატიურ ინერციას, რუსეთთან ურთიერთობის სრულად გაწყვეტის არმოთხოვნას ან დასავლეთთან მოლაპარაკებებში ამ საკითხის შესაძლო ბერკეტად დატოვებას, ან სულაც მარტივად ალ-შარას ახლა ამ გარდამავალ ეტაპზე სულაც არ სცალია აფხაზებისთვის, ბევრად უფრო დიდ თამაშს თამაშობს.

გიგა გიგაური

ხშირად ახსენებენ ხოლმე სირიაში მცხოვრებ მუჰაჯირების შთამომავლებს. ამ ჯგუფს რამე გავლენა თუ გააჩნია სირიის შიდა პოლიტიკაში?

გიგა გიგაური: ჩემი აზრით 2018 წლის გადაწყვეტილებებზე მუჰაჯირების შთამომავლებს დიდი გავლენა არ ქონიათ. ეს ჯგუფი ასადის მართველობის დროს აფხაზებთან კულტურულ კავშირებზე ზრუნავდა, თუმცა მათ პოლიტიკური გავლენა პროცესებზე არ ქონიათ.

მუჰაჯირების შთამომავლებს გამოკვეთილი პოლიტიკური ძალა არ გააჩნიათ. ჩვენ ეს ჯგუფი არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც ასადის მხარდამჭერი ან მის წინააღმდეგ მებრძოლი ჯგუფი. ამ თემს ერთიანი პოლიტიკური ორგანიზაცია ან გამოკვეთილი გავლენა სახელმწიფო გადაწყვეტილებებზე არ ჰქონია. მისი წევრები სირიის საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში სხვადასხვა ფორმით იყვნენ ინტეგრირებული. დიასპორული ორგანიზაციების ნაწილმა აღიარება კულტურული და ისტორიული კავშირების კონტექსტში დადებითად მიიღო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თემში ერთიანი პოზიცია არსებობდა.

კულტურული კავშირების გამო ბუნებრივია ამ ხალხის ნაწილმა აფხაზეთის აღიარება დადებითად მიიღო და მათი ნაწილი დღესაც აღნიშნავს, რომ სირიის ახალ ხელისუფლებას გადაწყვეტილება ოფიციალურად არ გაუუქმებია. მათი როლი ყველაზე მეტად დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტების დროს ჩანს, როდესაც მუჰაჯირების შთამომავლები მათ მასპინძლობენ და კულტურულ კავშირებს ინარჩუნებენ. თუმცა როგორც პოლიტიკური ძალა, მოთამაშე – არ ჩანს, რომ ამ ჯგუფს სირიის ძველი ან მოქმედი ხელისუფლების სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე რაიმე გავლენა ჰქონოდა.

უფრო მეტიც, იმას რასაც ჩვენ ახლა ვეძახით მუჰაჯირებს, ამ 150 წლის განმავლობაში ისინი უკვე სრულად ინტეგრირდნენ სირიულ საზოგადოებაში. რიგითი სირიეალი კი მთელს ჩრდილოეთ კავკასიელ თემს სირიაში აიგივებს უფრო ფართო ჩერქეზულ იდენტობასთან.

როგორია სხვა არაბული ქვეყნების დამოკიდებულება ან იქაური საზოგადოებების ცოდნა საქართველოს კონფლიქტების შესახებ? ჩვენს რეგიონშიც არაბები ბოლო რამდენიმე წელიწადია, როგორც ინვესტორები ისე გამოჩნდნენ და რაიმე სახის პოლიტიკურ მოთამაშეები არ არიან. მათთვის ჩვენი რეგიონი უცხო და უცნობია?

გიგა გიგაური: არაბულ საზოგადოებებში ძალიან ცოტა რამე თუ იციან საქართველოს კონფლიქტებზე. აფხაზეთის კონფლიქტი არაბული აკადემიური და საზოგადოებრივი დისკუსიის მნიშვნელოვან თემას არ წარმოადგენს. ფართო საზოგადოებაში კი საქართველოზე ხშირად მწირი ინფორმაცია არსებობს, ხოლო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების შესახებ ცოდნა კიდევ უფრო შეზღუდულია. ამიტომაც ვახსენე დასაწყისშივე, რომ 2018 წლის გადაწყვეტილება სირიელების გააზრების და ცოდნაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება არ ყოფილა.

აუცილებელია ავღნიშნოთ, არაჩვეულებრივი აღმოსავლეთმცოდნის და დიპლომატის, ბატონ აპოლონ სილაგაძის ინტერვიუ. ის იყო საქართველოს პირველი ელჩი კაიროში. 2000 წელს არაბულ გაზეთში გამოქვეყნდა მისი ინტერვიუ. იქ მას მოუწია განემარტა და მკაფიოდ გაესვა ხაზი, რომ აფხაზეთში მომხდარი კონფლიქტი არ იყო რელიგიური. 90-იან წლებში არაბული ქვეყნების ნაწილში მიაღწია იმ ინფორმაციამ, რომ სადღაც საქართველოში მუსლიმ აფხაზებსა და ქრისტიან ქართველებს შორის ომი მიმდინარეობდა.

ინტერვიუდან ჩანს, რომ არაბულ საინფორმაციო სივრცეში არსებობდა განზრახ გავრცელებული მცდარი წარმოდგენა, თითქოს კონფლიქტი მუსლიმ აფხაზებსა და ქრისტიან ქართველებს შორის რელიგიურ დაპირისპირებას წარმოადგენდა. სწორედ ამიტომაც ბატონ აპოლონს მოუწია ამ საკითხის წინ წამოწევა და განმარტების მიცემა.

ამგვარი იყო წარმოდგენები 20-30 წლის წინ. დღეს არაბული სამყაროდან მხოლოდ სირია წარმოადგენს გამონაკლისს, რომელმაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო და როგორც უკვე ვთქვით მათი გადაწყვეტილების მთავარი განმსაზღვრელი რუსეთთან პოლიტიკური და სამხედრო ურთიერთობა იყო და არა აფხაზეთის კონფლიქტის სიღრმისეული ცოდნა ან დამასკოს დამოუკიდებლად ჩამოყალიბებული კავკასიური პოლიტიკა. არაბული ქვეყნების პასიურობა მხოლოდ ჩვენს რეგიონში ჩაურევლობით და ნაკლები ცოდნით არ განიმარტება. ამ ქვეყნებისთვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია.

უშუალოდ ჩვენს კონფლიქტურ რეგიონებს რომ შევეხოთ – თქვენი დაკვირვებით ახლა რა მდგომარეობაშია სამშვიდობო პოლიტიკა?

გიგა გიგაური: ჩემს სამაგისტრო კვლევისას მე ვიმუშავე გაყინული კონფლიქტის ფენომენზე. ამ პრიზმიდან რომ შევხედოთ გვიჩვენებს, რა შედეგამდე შეიძლება მივიდეს კონფლიქტის ხანგრძლივი მართვა რეალური სამშვიდობო პროცესისა და პოლიტიკური ხედვის გარეშე.

დღეს ვხედავთ მდგრად, მაგრამ გადაუწყვეტელ პოსტსაომარ წესრიგს, რომელიც მშვიდობის იდეისგან ძალიან შორს დგას. ფართომასშტაბიანი შეიარაღებული დაპირისპირების უშუალო ნიშნები შეიძლება არ ჩანდეს, თუმცა გადაუწყვეტელ კონფლიქტში ძალადობის განახლების რისკის სრულად გამორიცხვა შეუძლებელია.

ერთ-ერთ საუბარში ბატონმა პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ ეს გაყინული კონფლიქტები ერთგვარ მაცივარს წარმოადგენენ, ხოლო საერთაშორისო პლატფორმები [ჟენევის ფორმატი და სხვა] – საყინულეს ამ მაცივარში. ამ მეტაფორის არსი ისაა, რომ ფორმატები ხშირად არა კონფლიქტის გადაწყვეტას, არამედ არსებული მდგომარეობის შენარჩუნებას ემსახურება. აფხაზეთის კონფლიქტი არის მკაფიო მაგალითი, რა შედეგამდე შეიძლება მივიდეს კონფლიქტის ხანგრძლივი მართვა რეალური სამშვიდობო პროცესისა და პოლიტიკური ხედვის გარეშე. ყველა მხარეს აქვს საკუთარი ხედვები და მიზნები, თუმცა მათ შორის არსებითი პოლიტიკური დიალოგი პრაქტიკულად არ მიმდინარეობს. არსებული კომუნიკაცია იშვიათად გადადის ისეთ საკითხებზე, რომლებზეც საერთო ინტერესის გამოვლენა და თანამშრომლობა იქნებოდა შესაძლებელი.

თემატურად რა საკითხებს გამოყოფდით, რაზეც ქართულ და აფხაზურ მხარეებს შეუძლიათ დიალოგის, თანამშრომლობის დაწყება?

გიგა გიგაური: დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე შეიძლება ეს უტოპიურად ჟღერდეს, მაგრამ ამგვარი საერთო ინტერესის თემა შეიძლება იყოს განათლება — პროფესიული და აკადემიური კავშირები, ახალგაზრდების შეხვედრები, ენობრივი და კვლევითი პროგრამები. დღეს განათლების სისტემები ხშირად ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ისტორიულ ნარატივებს აწარმოებენ, რაც საზოგადოებებს შორის დისტანციას კიდევ უფრო ზრდის.

საზოგადოებებს შორის დიდი ნაპრალია გაჩენილი და ვამჩნევთ, რომ ამ ნაპრალს განათლების სისტემები უფრო მეტად აფართოებენ. ჯანდაცვა კიდევ ერთი შედარებით ნაკლებად პოლიტიზებული სფეროა, სადაც თანამშრომლობა ადამიანების ყოველდღიურ საჭიროებებს შეიძლება დაეფუძნოს. ვფიქრობ, აფხაზურ საზოგადოებას მეტი პოლიტიკური სუბიექტურობა უნდა მივანიჭოთ და პირდაპირი დიალოგის მონაწილედ აღვიქვათ. ეს არ ნიშნავს დამოუკიდებლობის აღიარებას; ნიშნავს იმის აღიარებას, რომ მშვიდობის პროცესი მათ გარეშე ვერ შედგება. საბაზისო აუცილებლობაა, რომ ერთმანეთთან საუბარი პრობლემა არ უნდა იყოს. ასეთი რამ არ უნდა აკვირვებდეს ვინმეს, მით უფრო არ უნდა აღიზიანებდეს. ეს საუბრები, შეხვედრები და დიალოგი ნორმად უნდა იქცეს.

მსგავსი სტატიები

ჩვენი მთავარი პრობლემა აფხაზეთის რუსული სამხედრო-პოლიტიკური ოკუპაციაა.
სირიაზე ევროკავშირის ზეწოლა აფხაზეთში ნეგატიურად აღიქმება, თუმცა თავად ამ თემის მიმართ მედია გაშუქებაც დაბალია
აფხაზეთის მშვიდობიანი ან ძალისმიერი დაბრუნება საქართველოს შემადგენლობაში — ეს აფხაზური საზოგადოებისთვის მიუღებელი პარადიგმაა.