აფხაზეთში ჟურნალისტ ნიზფა არშბას სარჩელის განხილვა დახურულ რეჟიმში გაგრძელდება

FacebookXMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

აფხაზეთში ჟურნალისტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უჩივის

აფხაზეთში ჟურნალისტ ნიზფა არშბასა და სახელმწიფო უშიშროების სამსახურს შორის მიმდინარე სასამართლო პროცესი დახურულ ფორმატში გაგრძელდება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რადგან საქმეში სახელმწიფო საიდუმლოებებთან დაკავშირებული ინფორმაცია არ ფიგურირებს.

ნიზფა არშბა აფხაზური საინფორმაციო პლატფორმის, “აიაშარას“ რედაქტორია. ის უსაფრთხოების სამსახურს ცილისწამებაში, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს.

საქმე 2024 წლის აგვისტოს განცხადებას უკავშირდება, როდესაც აფხაზეთის სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს არშბამ უწყებას მიმართა საქართველოსკენ მოკლევადიანი გამგზავრების ნებართვის თხოვნით, რაც, მათივე განცხადებით, უარყოფილ იქნა.

ჟურნალისტი ამ განცხადებას სიცრუედ და ცილისწამებად აფასებს და ამტკიცებს, რომ სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ის რუსეთში „უცხოური აგენტების“ რეესტრში შეიყვანეს.

არშბა სასამართლოს მეშვეობით სუს-სგან მოითხოვს მტკიცებულებებს, რომლებიც დაადასტურებდა, რომ მან მართლაც შეავსო გამგზავრების ნებართვის თხოვნის ფორმა. მისი თქმით, მსგავსი დოკუმენტი უბრალოდ არ არსებობს.

სასამართლო პროცესები უკვე ორი თვეა გრძელდება. სუს-ის თხოვნით რამდენიმე სხდომა გადავადდა. მათ შორის, ბოლო მიზეზი იყო უწყების შუამდგომლობა პროცესის დახურულ ფორმატში გადატანის თაობაზე. უწყება ამტკიცებს, რომ სასამართლოში წარსადგენი მასალები საიდუმლო ხასიათისაა.

მოსამართლე ბელა ხასაიამ სუს-ის მოთხოვნა დააკმაყოფილა, თუმცა არშბა გადაწყვეტილებას არ ეთანხმება:

“მხოლოდ იმ ანკეტის წარდგენას ვითხოვ, რომლის მიხედვითაც მე თითქოს ვთხოვე გასვლა საქართველოში, და ასევე იმ ოფიციალურ უარს, რაც მათ, თითქოს, მომცეს. ეს არ არის საიდუმლო დოკუმენტები“, — აცხადებს ჟურნალისტი.

არშბას თქმით, სუს-ს ეს დოკუმენტები არ გააჩნია, რის გამოც საქმეს ხელოვნურად ხურავენ:

“როცა არაფერი აქვთ, უბრალოდ იგონებენ საჭიროებებს დახურული სხდომისთვის.“

აღსანიშნავია, რომ სუს-ის ადვოკატმა ფრიდა ლაზბამაც კი დაადასტურა, რომ უწყებას არ აქვს ის კონკრეტული დოკუმენტები, რომლებიც სასამართლომ მოითხოვა. ამის ნაცვლად, უწყება მზადაა წარადგინოს “სხვა სახის მტკიცებულებები“, მაგრამ მხოლოდ დახურულ ფორმატში.

მიუხედავად ამისა, იმავე სხდომაზეც, სადაც სუს-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, უწყებამ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი დოკუმენტი. საბოლოოდ, სუს ამტკიცებს, რომ როგორც თხოვნა, ისე უარი, „ზეპირი“ იყო და არცერთ დოკუმენტში არ არის დაფიქსირებული.

თუმცა პასუხი იმაზეც არ აქვთ, ზუსტად რა ფორმით იყო “ზეპირი“ კომუნიკაცია — სატელეფონო ზარი იყო, პირადი ვიზიტი, თუ სხვა ფორმა. უწყება აცხადებს, რომ ამ საკითხს შემდეგ სხდომაზე განუმარტავენ.

მსგავსი სტატიები

ჟურნალისტ ინალ ხაშიგის მოსაზრება იმის შესახებ, თუ რატომ არ არის ოლეგ ბარციცის მოსკოვში ვიზიტი უბრალო ფორმალობა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 4-5 მარტს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდი გაიმართა, სადაც ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე გააკეთა.