სოხუმის რეკონსტრუირებული აეროპორტი სატესტო რეჟიმში გაიხსნა. პირველი მგზავრი კრემლის ფავორიტი იყო

FacebookXMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

სოხუმის აეროპორტმა, რომელიც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში უმოქმედო იყო, საცდელ რეჟიმში მუშაობა განაახლა. მოსკოვიდან სოხუმში შესრულებული პირველი საცდელი რეისის მთავარი მგზავრი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრა გუნბა გახდა. იგი კრემლის ფავორიტად და ოპოზიციაში მყოფი ყოფილი ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მემკვიდრედ მიიჩნევა.

გუნბასთან ერთად იმავე რეისით აფხაზი სტუდენტებიც ჩამოვიდნენ, რომლებიც რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ.

თუმცა, როგორც ჩანს, ეს ფრენა სწორედ ბადრა გუნბას მონაწილეობისთვის იყო ორგანიზებული. კრემლის ლოგიკით, აეროპორტის გახსნაში მისი ჩართვა შეიძლება დაეხმაროს გუნბას რეიტინგის ზრდაში და 15 თებერვალს დანიშნულ არჩევნებში გამარჯვებაში.

მოსკოვში, სადაც ბადრა გუნბა ვიზიტით იმყოფებოდა, იგი ოფიციალურად “აფხაზ პოლიტიკურ მოღვაწედ“ მოიხსენიეს. ამ ბუნდოვანი ფორმულირებით იმ ფაქტის დაფარვა მოხდა, რომ გუნბას ამ ეტაპზე არ აქვს არანაირი სამთავრობო თანამდებობა და, შესაბამისად, არც ოფიციალური შეხვედრების გამართვის უფლება. მიუხედავად ამისა, იგი ორი დღის განმავლობაში მაღალი რანგის რუს ჩინოვნიკებს შეხვდა, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.

გარდა ამისა, “გუნბასთან მიღწეული შეთანხმების“ საფუძველზე, მოსკოვმა 7 თებერვლიდან აფხაზეთისთვის უფასო ელექტროენერგიის მიწოდება განაახლა და სოხუმისთვის სოციალურ-ეკონომიკური დახმარების ყველა პროგრამის აღდგენის პირობა დადო.

მოკლედ, გუნბა კრემლის მხარდაჭერით მოქმედებს ისე, თითქოს უკვე არჩეული პრეზიდენტი იყოს.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ სოხუმის აეროპორტმა მიიღო თვითმფრინავი, რომელსაც ასე დიდხანს ველოდით. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთთან საჰაერო მარშრუტების გეოგრაფია გაფართოვდება,“ – განაცხადა ბადრა გუნბამ აეროპორტის გახსნის ცერემონიაზე.

სოხუმის აეროპორტი უმოქმედო იყო 1992-93 წლების აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ. თუმცა 2023 წელს რუსეთმა და აფხაზეთმა აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი – პირობებით, რომლებიც განსაკუთრებით ხელსაყრელი აღმოჩნდა რუსეთისთვის.

გუნბას თქმით, ტურისტული სეზონის დაწყებიდან სოხუმიდან რუსეთის სხვადასხვა ქალაქში რეგულარული რეისები შესრულდება, რომლებიც მთლიანად რუსულ ავიაკომპანიებზე იქნება დამოკიდებული.

მიუხედავად იმისა, რომ სოხუმის აეროპორტი კვლავ “საერთაშორისო აეროპორტის“ სახელით ფუნქციონირებს, რეალურად ის მხოლოდ რუსეთთან ორ მიმართულებას მოემსახურება. აფხაზეთი საერთაშორისო დონეზე აღიარებული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ აეროპორტს არ გააჩნია აუცილებელი საერთაშორისო ლიცენზია და მასში სხვა ქვეყნების ავიაკომპანიები ფრენებს ვერ განახორციელებენ.

მსგავსი სტატიები

აფხაზი სტუდენტები რუსულ უნივერსიტეტებში სამხედრო აღრიცხვაზე აჰყავთ. არის თუ არა საფრთხე, რომ მათ უკრაინაში საომრად გაგზავნიან?
„ეხო აფხაზეთი“ აქვეყნებს ინტერვიუს საზოგადო მოღვაწესთან და ყოფილ პარლამენტის წევრთან ლეონიდ ჩამაგუასთან - იმის შესახებ, თუ რამდენად დაინტერესებულნი არიან აფხაზი პოლიტიკოსები არჩევნების შედეგით და როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს ამან აფხაზეთზე.