აფხაზეთი რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის მსურველ დეპუტატთა „შავ სიას“ ამზადებს

FacebookXMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

აფხაზი დეპუტატების შავი სია

კრემლის ბრძანებით აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოსკოვს აფხაზი დეპუტატების სია უნდა წარუდგინოს, რათა მათ რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვან. მათი განმარტებით, დეპუტატები “დამნაშავე“ არიან ბინების შესახებ კანონის არმიღებისა და რუსეთის მიერ ლობირებული სხვა პროექტების ჩავარდნაზე. ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმა მას არც უარყოფენ.

აფხაზეთის ოპოზიციური ტელეგრამის არხი “რესპუბლიკა“ იუწყება, რომ ასლან ბჟანიამ მიმართა მოსკოვს საჩივრით პარლამენტის წევრების, ოპოზიციისა და საზოგადო მოღვაწეების წინააღმდეგ და შესთავაზა მათ, ვინც ბინების შესახებ კანონს ეწინააღმდეგება, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვას.

ამ ინფორმაციას ასლან ბჟანიასა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, დმიტრი კოზაკის შეხვედრის ოქმის სკრინშოტიც ადასტურებს, რომელიც ინტერნეტში 19 აგვისტოს გავრცელდა.

ოქმში ნათქვამია, რომ სანამ ბჟანია არ შეასრულებს მოსკოვის წინაშე აღებულ ვალდებულებებს – სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ურთიერთ აღიარების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას, ბინების შესახებ კანონის მიღებას და რუსი ინვესტორებისთვის შეღავათების დაწესებას – რუსეთი შეწყვეტს აფხაზეთისთვის ფინანსურ დახმარებას.

მაგრამ ყველაზე შოკისმომგვრელი იყო პროტოკოლის მესამე პუნქტი, რომელიც ავალებს აფხაზურ მხარეს მოამზადოს ინფორმაცია იმ დეპუტატებისა და ოპოზიციონერების შესახებ, რომლებიც ხელს უშლიან ამ პროექტების განხორციელებას.

აფხაზურ პასპორტს პრაქტიკულად არ აქვს საერთაშორისო აღიარება. შესაბამისად, მოსახლეობის უმრავლესობას აფხაზურთან ერთად მეორე, რუსული მოქალაქეობაც აქვს, მისი დაკარგვა კი ნიშნავს მრავალი პრივილეგიის დაკარგვას, მათ შორის მსოფლიოში გადაადგილების შესაძლებლობის.

ჯერ არ არის ცნობილი პროტოკოლის სკანირება ნამდვილია თუ ყალბი. ოფიციალური კომენტარი ჯერ არ ყოფილა. მაგრამ თუ დადასტურდება, რომ პროტოკოლი რეალურია, ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შიდაპოლიტიკური კრიზისი აფხაზეთში და მოჰყვეს პრეზიდენტის გადადგომა.

აფხაზური გაზეთის, “ჩეგემსკაია პრავდას“ რედაქტორი ინალ ხაშიგი დარწმუნებულია, რომ ასლან ბჟანიამ პირადად ან მისი ოფიციალური წარმომადგენლების მეშვეობით რაც შეიძლება მალე უნდა უარყოს გავრცელებული ინფორმაცია.

“ვფიქრობ, აფხაზეთში რუსეთის ელჩის განცხადება ამ საკითხზე ძალიან სასარგებლო იქნება“, – ამბობს ხაშიგი.

გარდა ამისა, მისი აზრით, აფხაზეთის ძალოვანი უწყებები ვალდებულნი არიან ჩაატარონ გამოძიება და გაარკვიონ, საიდან გაჩნდა ეს დოკუმენტი. და თუ ის ნამდვილია, მაშინ ამას მოჰყვება პრეზიდენტის ვადამდელი გადადგომა ყველა შესაბამისი სისხლის სამართლის პროცესით.

მსგავსი სტატიები

აფხაზი სტუდენტები რუსულ უნივერსიტეტებში სამხედრო აღრიცხვაზე აჰყავთ. არის თუ არა საფრთხე, რომ მათ უკრაინაში საომრად გაგზავნიან?
„ეხო აფხაზეთი“ აქვეყნებს ინტერვიუს საზოგადო მოღვაწესთან და ყოფილ პარლამენტის წევრთან ლეონიდ ჩამაგუასთან - იმის შესახებ, თუ რამდენად დაინტერესებულნი არიან აფხაზი პოლიტიკოსები არჩევნების შედეგით და როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს ამან აფხაზეთზე.