აფხაზეთში “კრემლის პროტოკოლის“ ნამდვილობას ადგენენ და ასლან ბჟანიას გადადგომაზე საუბრობენ

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

რით ემუქრება ბჟანიას “კრემლის პროტოკოლი?”

აფხაზეთში ცდილობენ გაიგონ კრემლის ადმინისტრაციის სხდომის სკანდალური პროტოკოლის ავთენტურობა, რომელიც სოციალურ ქსელებში 29 აგვისტოს გამოჩნდა. თუ დოკუმენტის ნამდვილობა დადასტურდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომა. აფხაზეთის პარლამენტი ბჟანიას რუსეთში სამუშაო მოგზაურობიდან დაბრუნებას ელოდება, რათა დაიბაროს და პასუხი მოსთხოვოს.

პროტოკოლის ასლის მიხედვით, 19 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან, დმიტრი კოზაკთან გამართულ შეხვედრაზე ბჟანია დაჰპირდა მოსკოვს აფხაზი დეპუტატებისა და ოპოზიციონერების სიას, რომლებიც ხელს უშლიან ზოგიერთი აფხაზურ-რუსული პროექტების განხორციელებას. ასევე, დაგეგმილია ამ “მეამბოხე“ პოლიტიკოსებისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა (მათ საზღვარგარეთ გამგზავრების შესაძლებლობა მაინც არ აქვთ, რადგან აფხაზურ პასპორტს საერთაშორისო აღიარება არ აქვს).

გარდა ამისა, თუ პროტოკოლს დავუჯერებთ, მოსკოვი ემუქრება აფხაზეთს, რომ შეუწყვეტს ფინანსურ დახმარებას და ელექტროენერგიაზე ხელმისაწვდომ ფასებს აღარ დაუწესებს.

სანამ პარლამენტი ბჟანიას დაბრუნებას ელოდება, ოპოზიციამ მას ოფიციალური მოთხოვნა გაუგზავნა პროტოკოლის ავთენტურობასთან დაკავშირებით, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

2 სექტემბერს ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდნენ აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას და უშიშროების საბჭოს მდივანს, რაულ ლოლუას. მათ განაცხადეს, რომ კოზაკ-ბჟანიას შეხვედრის ოქმი დიპლომატიური არხებით არ მიუღიათ და ამიტომ, მის შინაარსზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.

მანამდე ოპოზიციამ თავის შეკრებაზე გადაწყვიტა სახალხო შეკრების მოწვევა სოფელ ლიხნის ისტორიულ ადგილას, სადაც აფხაზები ტრადიციულად წყვეტენ უმნიშვნელოვანეს საკითხებს – ამჯერად საკითხი პრეზიდენტ ბჟანიას ვადამდელი გადადგომა იქნება.

ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა დაურ არშბამ განაცხადა, რომ მას ეჭვი არ ეპარება პროტოკოლის ავთენტურობაში.

“სახელმწიფოს მეთაური არღვევს კანონებსა და კონსტიტუციას. ის არის ჩვენი ქვეყნის პირველი და უდიდესი საფრთხე. ის ძირს უთხრის ქვეყანას. ის მალე არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ თბილისშიც გაუგზავნის არასანდო პირთა სიებს. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ორგანო, რომელიც აიძულებს მას გადადგეს“.

ოპოზიციას პრეტენზია აქვს რუსეთის მიმართაც.

ამდენად, პარლამენტის ექს-სპიკერის, ვალერი ბგანბას განცხადებით, პარტნიორებს შორის ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია. მან დმიტრი კოზაკის ქმედებებს შანტაჟი და აფხაზეთზე ზეწოლა უწოდა.

ბგანბა ასევე მიიჩნევს, რომ აუცილებელია აფხაზეთში რუსეთის საელჩოსგან ოფიციალური პასუხის მიღება.

მსგავსი სტატიები

„ეხო აფხაზეთი“ აქვეყნებს ინტერვიუს საზოგადო მოღვაწესთან და ყოფილ პარლამენტის წევრთან ლეონიდ ჩამაგუასთან - იმის შესახებ, თუ რამდენად დაინტერესებულნი არიან აფხაზი პოლიტიკოსები არჩევნების შედეგით და როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს ამან აფხაზეთზე.
მოსკოვის გამოცხადებულმა მზადყოფნამ, დაეხმაროს თბილისს სოხუმთან და ცხინვალთან შერიგებაში, საქართველოში მორიგი მწვავე პოლემიკა გამოიწვია.