ცვლილებები ქართულ-რუსულ ურთიერთობებში: რას უნდა ელოდეს აფხაზეთი სპეცწარმომადგენლის დანიშვნისგან. მოსაზრება სოხუმიდან

FacebookXMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

ქართულ-რუსული ურთიერთობები

21 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა პირველი მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი რუსეთთან ურთიერთობის სპეცწარმომადგენლად დანიშნა. წინა ფორმატისგან, „აბაშიძე — კარასინისგან“, განსხვავებით, მისი მანდატი კონფლიქტების მოგვარებასაც მოიცავს, რასაც ქართველი ექსპერტების ნაწილი ჟენევის ფორმატისთვის საფრთხედ მიიჩნევს. 19 ნოემბერს მინსკში ქართულ და რუსულ მხარეებს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა: ზურაბაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან მოლაპარაკებები გამართა. ჩვენ აფხაზ რესპონდენტებს ვთხოვეთ, ეს მოვლენები შეეფასებინათ და ეთქვათ, რას უნდა ელოდეს აფხაზეთი.

ძირითადი თეზისები:

  • დანიშვნა ქართულ-რუსულ ურთიერთობებში ახალი, უფრო ინსტიტუციური ეტაპის დაწყებაზე მიანიშნებს. რესპონდენტები ამ გადაწყვეტილებას მოულოდნელად არ მიიჩნევენ და ვარაუდობენ, რომ ეს პროცესი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენამდე მივა. მათი შეფასებით, ეს არის ჩიხში შესული დიალოგის „გადატვირთვისა“ და რუსეთთან დაკავშირებული ყველა საკითხის ერთ ქვაბში მოქცევის მცდელობა.
  • დაახლოების მთავარი დაბრკოლება, რომელიც აფხაზეთსაც ეხება, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონია. სანამ ეს კანონი მოქმედებს, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შეუძლებელია. რესპონდენტების შეფასებით, კანონი აფხაზეთის იზოლაციას უწყობს ხელს და მას სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს უქმნის. ისინი არ გამორიცხავენ, რომ კანონის გაუქმების ან რეფორმირების საკითხი ზურაბაშვილისა და გალუზინის მოლაპარაკებების დღის წესრიგში მოხვდეს.
  • ახალი ფორმატის შეფასებები არაერთგვაროვანია. ერთი მხრივ, გამოითქმის შეშფოთება ჟენევის პროცესის მომავალთან დაკავშირებით, მოთხოვნაა მეტ გამჭვირვალობაზე და ხაზგასმულია აფხაზეთის სუბიექტობისა და ქართულ-აფხაზური კონფლიქტისთვის ცალკე ფორმატის შენარჩუნების აუცილებლობა. მეორე მხრივ, ახალი ფორმატს, როგორც მოლაპარაკებების სტაგნაციიდან გამოყვანის შესაძლებლობას მხარს უჭერენ.

კითხვები ექსპერტებს და მათზე პასუხები :

კითხვა: როგორ აფასებთ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლის მანდატის გაფართოებას და გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნას?

რესპონდენტი 1: თავად ზურაბაშვილის ფიგურაზე რაიმეს თქმა რთულია: ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კონტექსტში ეს სახელი აქამდე არ გაჟღერებულა. მაგრამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ასეთი თანამდებობის გაჩენის ფაქტი ახალი პროცესის დასაწყისზე მიუთითებს – დიპლომატიური ურთიერთობების დალაგებაზე. ეს მოულოდნელი არ ყოფილა: ბოლო დროს ორივე მხრიდან შესაბამის რიტორიკას ვხედავდით — როგორც რუსი პოლიტიკოსებისა და მოხელეების, ისე ხელისუფლებაში მყოფი ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან. გასაგები იყო, რომ ურთიერთობები ახალ დონეზე გადადიოდა. ამ თანამდებობაზე დიპლომატის დანიშვნა იმას მოწმობს, რომ სწორედ დიპლომატიური ურთიერთობები დალაგდება.

როგორც ცნობილია, პირველი შეხვედრა უკვე შედგა მინსკში, სადაც ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებს, მათ შორის კულტურასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავდნენ. ჰუმანიტარული და კულტურული საკითხები ჩვენთვის, შესაძლოა, ისეთი პრინციპული არ არის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კი აფხაზეთსაც შეიძლება შეეხოს, ვინაიდან ერთ-ერთი სავაჭრო გზა მის გავლით გადის. აქ ურთიერთობების განვითარებას ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ.

რესპონდენტი 2: აშკარაა ურთიერთობების გადატვირთვა — მათთვის უფრო ცოცხალი ხასიათის მიცემის მცდელობა. „ქართული ოცნების“ დროს ეს ურთიერთობები მოსკოვსა და თბილისს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარებას ეფუძნებოდა. ახლა ორივე მხარეს ერთგვარი ლიმიტები ცხადად ჩანს. მოსკოვისთვის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გარეშე ეკონომიკური ურთიერთობების აგება ნაკლებ საოცნებოა. ეკონომიკური პროექტები, არსებითად, პატიოსან სიტყვაზე დგას, რადგან დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს.

ზურაბაშვილის, საქართველოს მთავრობის ახალი სპეცწარმომადგენლის მოსკოვთან ურთიერთობის საკითხებში დანიშვნა შეჩერებული მოლაპარაკების პროცესის გადატვირთვისა და ახალ ეტაპზე გადაყვანის მცდელობაა. გასათვალისწინებელია წინა ფორმატი — აბაშიძე–კარასინის კომისია. თუ მხედველობაში არ მივიღებთ მოკლე პერიოდს, როცა წარმომადგენელი ქაჯაია იყო, ყველაფერი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კარასინისა და რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩის, აბაშიძის დონეზე დაიწყო, რომელიც განსაკუთრებული სტატუსის გარეშე აირჩიეს. ამ დონეზე რამდენიმე ეკონომიკური ურთიერთობა აიგო, ლოკალური საკითხები წყდებოდა, მაგრამ ამ ყველაფერს ერთიანობა აკლდა.

ჟენევის მოლაპარაკებებზე, სადაც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს, მათ შორის ქართულ-აფხაზურსა და ქართულ-ოსურს, განიხილავდნენ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია წარმოადგენდა, რომელიც, სხვათა შორის, ამ პოზიციაზე ჯერ კიდევ სააკაშვილის დროიდან იმყოფებოდა. იქ ცოტა რამ იცვლებოდა. მეორე მხრივ, არსებობდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხთა სამინისტრო, რომელიც ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტებს მართავდა და ამ საქმიანობასთან არანაირ შეხებაში არ იყო.

ჩემი შეგრძნებით, საკითხთა მთელ წრეს, სადაც, საქართველოს აზრით, რუსული ფაქტორი ამა თუ იმ სახით დგას, ახლა ცენტრალიზებას და კურატორისთვის გადაცემას ცდილობენ — ადამიანისთვის, რომელიც უშუალოდ ამ პრობლემატიკას მიხედავს. სწორედ ამით დაკავდება მოსკოვთან ურთიერთობის სპეცწარმომადგენელი ზურაბაშვილი.

ქართველი ოფიციალური პირები განსაკუთრებულ აქცენტს არ აკეთებენ და ნახევრად უარყოფენ, რომ საუბარია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დეოკუპაციის“ გარეშე დიპლომატიურ ურთიერთობებზის აღდგენაზე. მაგრამ, ჩემი აზრით, ამ ურთიერთობების განვითარების ვექტორი იქითკენაა მიმართული, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ამა თუ იმ გზით აღდგება.

კითხვა: ხედავთ თუ არა ამ დანიშვნაში ქართულ საგარეო პოლიტიკაში პრორუსული ვექტორის გაძლიერებას და რის პროგნოზირება შეიძლება ამასთან დაკავშირებით აფხაზეთის მიმართ?

რესპონდენტი 1: აშკარაა, რომ თუ ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების განხილვა დაიწყეს, რაღაც მომენტში პოლიტიკურამდეც მივლენ. მნიშვნელოვანია, რაზე არის მზად საქართველო რუსეთთან დიალოგისთვის. მზადაა თუ არა, მაგალითად, დათმობებზე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონთან დაკავშირებით, რომელიც, არსებითად, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დალაგების საშუალებას არ იძლევა? სანამ ეს კანონი არსებობს, ეს შეუძლებელია.

ამ კანონის გაუქმების შემთხვევაში დღის წესრიგში საპასუხო ზომად რა დადგება ახლა რთულია იმაზე საუბარი. გარდა ამისა, კანონი სულაც არ გაუქმდება სრულად — შეიძლება, ის შესწორდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს გავლენას იქონიებს როგორც ჟენევის პროცესზე, ისე ამ პლატფორმაზე წარმოებულ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე დიალოგზე. ჟენევის პლატფორმა, უპირველეს ყოვლისა, ქართულ-რუსული დიალოგია, სადაც საქართველოს სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან კონფლიქტების საკითხები განიხილება. ჩვენი კონფლიქტი იქ პირველხარისხოვან როლს არ თამაშობს, მაგრამ ეს ყველაფერი, უდავოდ, ურთიერთდაკავშირებულია.

ახლა ძალიან საპასუხისმგებლო მომენტია. ვუცდით ინფორმაციას იმის შესახებ, რა ხდებოდა ჟენევის დისკუსიების ბოლო რაუნდის ფარგლებში, რადგან ახალი ფაქტორები გაჩნდა: ახალი დანიშვნა, ახალი პროცესი რუსეთსა და საქართველოს შორის. როგორი იქნება ჟენევის პროცესის ბედი? აქტუალური დარჩება თუ არა? ის უპირველესად ქართულ-რუსულ ურთიერთობებს ეხება და 2008 წლის მოვლენების შედეგად წარმოიშვა.

შესაძლოა, ეს ფორმატი გარდაიქმნას ან სხვა პლატფორმაზე გადავიდეს. სრული ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ, ვფიქრობ, ამ რაუნდის დროს უკვე გამოიკვეთა რაღაც ტენდენციები. სწორი იქნებოდა, რომ ჩვენს საზოგადოებას ეს ინფორმაცია ჰქონოდა და ესმოდეს, რისკენ მიდის პროცესი და რას უნდა ელოდოს.

ახლა მნიშვნელოვანია, ძალიან ყურადღებით ვიყოთ და ყოველ ნაბიჯს ვადევნოთ თვალი, რათა ჩვენს ბედთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მივიღოთ. ჩვენი მნიშვნელოვანი ამოცანაა, ყველა საკითხში, რომელიც ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებსა და ზოგადად რეგიონის ურთიერთობებს ეხება, საკუთარი სუბიექტობა დავიცვათ. აუცილებელია ქართული მხარის დარწმუნება იმაში, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტი დამოუკიდებელია და უნდა გადაწყდეს ცალკე ფორმატში, სადაც აფხაზური მხარე კონფლიქტის მხარედ გამოდის.

რესპონდენტი 2: ახალი ფორმატების გაჩენა, როცა სამოლაპარაკო პროცესი აშკარად სტაგნაციაშია, ახალი იმპულსები, შესაძლებლობები და პერსპექტივებია. ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, მე პრინციპში მხარს ვუჭერ. მგონია, ყველაფერი რაღაც საერთო მნიშვნელამდე დადის — როგორც თბილისის, ისე მოსკოვის მხრიდან: ერთი მხრივ, ჟენევის ფორმატი, მეორე მხრივ — გალუზინი, როგორც სპეცწარმომადგენელი საქართველოს წარმომადგენელთან მოლაპარაკებებზე. ხატოვნად რომ ვთქვათ, ამ ურთიერთობებში „გაფუჭებული ტელეფონი“ აღარ იქნება, არც გედი, კიბორჩხალა და ქარიყლაპია იქნება, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით იქაჩებიან: ორივე მხრიდან მთელი პრობლემატიკა ერთად მოიყრის თავს.

აფხაზური ინტერესი აქ სავსებით აშკარაა. ახლა თბილისის მიერ აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე საუბარი არ არის. საუბარია აშკარად დისკრიმინაციულ კანონზე ოკუპაციის შესახებ, რომელიც აფხაზეთისთვის სერიოზულ პრობლემებს ქმნის და დანარჩენი სამყაროსგან გვაიზოლირებს: ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რიგითი მოქალაქეების გადაადგილებაზე და ა.შ. მრავალი აკრძალვაა. ეს აკრძალვითი დებულებების მთელი პაკეტია, რომელიც ამა თუ იმ ფორმით გამოსაყენებლად მიიღეს, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებმაც.

შეგახსენებთ, როგორ აისახა ოკუპაციის შესახებ კანონი ჩვენზე. ჩვენი მობილური ოპერატორები — „აკვაფონი“ და „ამობაილი“ — „აკვაფონი“ მაინც ფინური კომპანია Nokia-ს აღჭურვილობით მუშაობდა. კანონის მიღებისთანავე კომპანიებს ამ აღჭურვილობის შეძენა აღარ შეეძლოთ და სასწრაფოდ ჩინურზე გადასვლა მოუხდათ. ეს უზარმაზარი ხარჯებია. მსგავსი პრობლემები წარმოიქმნებოდა და წარმოიქმნება კვლავაც.

თუ საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში პროგრესი გამოიკვეთება, ის აუცილებლად უნდა შეეხოს ოკუპაციის შესახებ კანონს — ეკონომიკური ურთიერთობებისა და ქართულ ეკონომიკაში რუსული ინვესტიციების გათვალისწინებით.

მიუხედავად ამისა, საქართველოში რუსეთის იმიჯური აღქმა საკმაოდ უარყოფითი რჩება და ასეთივე იქნება, სანამ ოკუპაციის შესახებ კანონი არსებობს. როცა ორგანიზმის ყოველი უჯრედით გახსენებენ, რომ რუსეთმა ვითომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაიკავა და რომ საქართველოს მომავლის მთელი პრობლემატიკა რუსეთს ებჯინება, ეს კანონი ამ აღქმას აძლიერებს.

ოკუპაციის შესახებ კანონი მოსკოვისთვის ხარისთვის წითელი ნაჭერივითაა. იქ მას არანაკლებ უარყოფითად აღიქვამენ, ვიდრე სოხუმსა და ცხინვალში.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი გაუქმდეს, მით უმეტეს, რომ ის მიმართულია არა მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის განვითარების, არამედ რუსეთის წინააღმდეგაც.

ახლა შესაძლებლობების ჭერი ჩამოყალიბდა, მათ შორის მოსკოვსა და თბილისს შორის ეკონომიკურ და სავაჭრო კონტაქტებშიც, და შემდგომი განვითარება ამ კანონის არსებობას ებჯინება. მგონია, რომ კანონის გაუქმების ან მისი არსებითი რედაქციის საკითხი ამა თუ იმ ფორმით რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების დღის წესრიგში ზურაბიშვილისა და გალუზინის დონეზე იქნება.

პუბლიკაციებში გამოყენებული ტოპონიმები და ტერმინოლოგია, აგრეთვე მათში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები, ყოველთვის არ ასახავს გამომცემლის შეხედულებებსა და პოზიციას.

მსგავსი სტატიები

ჩვენი მთავარი პრობლემა აფხაზეთის რუსული სამხედრო-პოლიტიკური ოკუპაციაა.
სირიაზე ევროკავშირის ზეწოლა აფხაზეთში ნეგატიურად აღიქმება, თუმცა თავად ამ თემის მიმართ მედია გაშუქებაც დაბალია