პაატა ზაქარეიშვილი აფხაზეთის ომის დროინდელ სამხედრო ტყვეებისა და მძევლების საკითხის შესახებ

FacebookXMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

აფხაზეთის ომი

მიმდინარე წლის 18 ივლისს YouTube არხზე “საქართველოს დაბადება” საქართველოს ყოფილ სახელმწიფო მინისტრ გია ბარამიძესთან ინტერვიუ გამოქვეყნდა . მან აფხაზეთის ომზე საუბრისას განაცხადა, რომ ომის პირველ ეტაპზე ქართულ მხარეს მოწინააღმდეგე ტყვედ არ აჰყავდა, რადგან ტყვედ ჩავარდნილებს ხვრეტდნენ. მისმა ამ განცხადებამ როგორც ქართულ, ისე აფხაზურ საზოგადოებაში დიდი დისკუსია გამოიწვია. მეტიც, ამ განცხადებას საქართველოში სისხლის სამართლის საქმის აღძვრაც მოჰყვა. 11 სექტემბერს ბარამიძე სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლით დააკავეს.

შვიდ აგვისტოს იგივე იუთუბ არხზე გამოქვეყნდა ინტერვიუ პაატა ზაქარეიშვილთან, რომელიც აფხაზეთის ომის დროს ტყვეთა გაცვლის კომისიის წევრი იყო. ინტერვიუში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ტყვეთა და მძევალთა საკითხებს, ომის დროს მომხდარ სხვადასხვა ტრაგიკულ მოვლენებს.

ძირითადი თეზისები და არგუმენტები:

  • პრობლემები სამხედრო დისციპლინაში ტყვეთა დახვრეტას არ ნიშნავს – ზაქარეიშვილი აღიარებს, რომ ომის დროს ქართულ მხარეს დისციპლინის პრობლემები იყო. ერთ-ერთ მტავარ პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ სამხედრო ნაწილები ტყვეებს ზოგჯერ მალავდნენ. სარდლობა ამ შემთხვევებს მკაცრად ებრძოდა. აფხაზურ მხარეს ტყვეების მკვლელობის მასშტაბი დიდი იყო. ამავე დროს აფხაზური მხარე ხშირად მიმართავდა მძევლების აყვანის პრაქტიკას, რაც ქართულ მხარეს პრაქტიკულად არ ხდებოდა
  • სიმართლის დადგენა დოკუმენტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე – ის მიიჩნევს, რომ აფხაზეთის ომის შესახებ გავრცელებული განცხადებები კრიტიკულად უნდა შემოწმდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კონკრეტული პირები საკუთარ როლს ან პასუხისმგებლობას აღწერენ.
  • ომი სასტიკია თავისი ბუნებით, მაგრამ ეს მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობას ვერ ამართლებს – ზაქარეიშვილისთვის ომის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ადამიანური და მორალური საზღვრების რღვევაა. იგი არ ამართლებს ქართული მხარის მიერ ჩადენილ დარღვევებს, თუმცა მიიჩნევს, რომ აფხაზური მხარის მიერ სამხედრო ტყვეების დახვრეტა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.
  • ომის დროს მომხდარ ტრაგედიებზე ღიად უნდა ვისაუბროთ – საუბრისას ზაქარეიშვილი იხსენებს ისეთ საკვანძო მომენტებს, როგორიცაა გაგრის აღება და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა, ლათას ტრაგედია, ტყვედ ჩაბარებული შარტავასი და მისი კოლეგების/თანამებრძლების დახვრეტის ფაქტზე, ჭუბერის გზასა და სხვას. მისი აზრით საჭიროა ამ ტრაგიკულ მოვლენებზე გულწრფელი საუბარი, რომ მხარეებმა ერთმანეთს დაუსაბუთებელი ბრალდებები არ წაუყენონ.

იაგო ხვიჩია: ჩვენ დეტალურად ვილაპარაკებთ აფხაზეთში, აფხაზეთის მოვლენებზე ტყვეთა გაცვლა-გამოცვლის საკითხებთან დაკავშირებით. როგორ იმართებოდა და როგორ იყო ეს პროცესი? პირობითად ტყვეების მიმართ არასათანადო მოპყრობაში რა ბრალი მიუძღვით, როგორც ქართულ, ისე – აფხაზურ მხარეს?

დიდი მადლობა, რომ ჩემი სტუმარი ხართ.

პაატა ზაქარეიშვილი: დიდი მადლობა, იაგო! მოგესალმები. მივესალმები ჩვენს მაყურებელს.

ქართულ საზოგადოებაში რაც ახლა განიხილება მართლაც მტკივნეული თემა არის. 90-იან წლებში აფხაზეთში არსებული პრობლემები, ტყვეების… არამხოლოდ ტყვეები, ასევე – მძევლების საკითხი, გადმოსვენება, დევნილები. უამრავი ჰუმანიტარული საკითხი იყო და მათ შორის შედიოდა ტყვეები, სადაც მე სახელმწიფოს მხრიდან უშუალოდ ვიყავი ჩართული. მაშინ სახელმწიფო მოხელე ვიყავი და ამიტომ ეს მტკივნეული თემა, რაკი გაიხსნა, კარგი იქნება თუ მაქსიმალურად ყველაფერს ვიტყვით.

მე როგორც ყოველთვის გულწრფელად ვამბობ სიმართლეს და მინდა, რომ საზოგადოებამ იცოდეს რა ხდებოდა მაშინ.

იაგო ხვიჩია: კარგით მაშინ დავიწყოთ. ღმერთი ჩვენსკენ!

გამარჯობა მეგობრებო. დღეს გამოდის, რომ სპეციალურ რეჟიმში ვიწერთ გადაცემას. დღეს 7 აგვისტოს, ჩემი სტუმარი არის პაატა ზაქარიშვილი, რომელიც ჩემი სტუმარი აქამდე ორჯერ იყო.

ჩვენ დაწვრილებით ვილაპარაკეთ “საქართველოს დაბადების” ფორმატში და მათ შორის შევეხეთ ისეთ მტკივნეულ თემებს, როგორიც არის აფხაზეთის ომი, გადატრიალება, ეგრეთწოდებული პუტჩი და ასე შემდეგ.

მაგრამ დღეს ბატონი პაატას მოწვევა… ბატონი პაატას მოწვევა “ცხრა წლის” ფორმატში ისედაც მინდოდა. ბოლოს და ბოლოს ჩვენ ამ პერიოდში გავიცანით ერთმანეთი, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ცხრა წლიან პერიოდში და მე მაშინაც მოსმენილი მაქვს თქვენი მოსაზრებები. ახლაც ეს ძალიან საინტერესო იქნებოდა.

თუმცა ამ გადაცემის დაჩქარება ჩვენს წინა გადაცემაში, ერთ-ერთ წინა გადაცემაში, ბატონ გიორგი ბარამიძესთან გასულმა სიუჟეტმა განაპირობა, რომელიც სკანდალის თემა გახდა ჩვენს საზოგადოებაში. ამ თემასთან დაკავშირებით ძალიან დიდი ხმაური არის გამოწვეული.

სათითაოდ, რომ არ მომიწიოს ყველაფერზე კომენტარის გაკეთება, რაღაც თვალსაზრისით ამ გადაცემით ჩემი პოზიცია მინდა დავაფიქსირო და ჩამოვიყალიბო ეს პოზიცია. მათ შორის თქვენთან საუბრის განმავლობაში.

მე თქვენთან საუბრამდე ველაპარაკე ბატონ გია ყარყარაშვილს. ამ თემასთან დაკავშირებული პოზიცია მისგანაც მოვისმინე. რადგანაც ვუთხარი, რომ ბატონ პაატასთან მქონდა დღეს ინტერვიუ, მითხრა, რომ პაატამ ყველაფერი იცის ამ თემასთან დაკავშირებით და ის ენდობა იმ ინფორმაციას, რასაც თქვენ იტყვით.

მოდი დავიწყებ პირდაპირ აფხაზეთის ომიდან.

როგორ იწყება აფხაზეთის ომი? თქვენ როგორ იგებთ ამის შესახებ და ბატონმა გია ბარამიძემ, როგორც თქვა, რომ ჩვენ ტყვეები არ გვყავდა ომის დასაწყისში – ეს ამბავი რას ნიშნავდა და ზოგადად ამ სიტუაციას თქვენ როგორ უყურებთ ?

მე მინდა, რომ ბატონი გია ბარამიძის განცხადება კი არ იყოს ჩვენი გადაცემის საგანი ამ ნაწილში – ჩვენ მოვყვეთ ისტორია, საიდანაც პასუხი ისედაც გაეცემა რა იყო ამ განცხადებაში მართალი.

პაატა ზაქარეიშვილი: როგორ იწყება ომი?

უშუალოდ საომარი მოქმედები 1992 წლის 14 აგვისტოს იწყება. მაშინ ჯერ კიდე სახელმწიფო საბჭოა. შევარდნაძე ახალი ჩამოსულია. შევარდნაძე ჩამოვიდა მარტში. შევარდნაძე საქართველოში 1992 მარტში ბრუნდება.

მიმდინარეობს პირდაპირ გაგებით გამძინვარებული ომი არა, მაგრამ საკმაოდ დაუნდობელი და არაპატიოსანი ომი ცხინვალში. გაუკვეველი ომი.

ზვიად გამსახურდიას უწევს საქართველო იანვარში დატოვოს და მარტში ჩამოდის შევარდნაძე. კიტოვანისა და იოსელიანის სახით არსებობს სამხედრო საბჭო. ძირითადად ეს ორი მართავდა ყველაფერს. სიგუაც ითვლება მესამედ, მაგრამ სიგუა არაფერზე ხელს არ აწერდა და როგორც ჩანს მხოლოდ პრემიერ-მინისტრი იყო და უშუალოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებს კიტოვანი და იოსელიანი ღებულობდნენ.

მარტში ჩამოდის შევარდნაძე და ივნისში ყველასთვის გამაოგნებლად სწრაფად საომარი მოქმედებები ცხინვალში სრულდება. იმდენად სწრაფად, რომ შევარდნაძე პრაქტიკულად ადასტურებს, რომ რაღაცის გაკეთება სერიოზულად შეუძლია.

მე ამ დროს რესპუბლიკური პარტიის წევრი ვარ. პოლიტიკური საკითხები მაინტერესებს, ჩართული ვარ ამ პროცესებში და ამიტომ რაც ჩემს გარშემო ხდება პარტიიდანაც ვგებულობ. ჩვენი პარტიის წევრები უკვე სახელმწიფო საბჭოს წევრები არიან. შევარდნაძის ხელში სამხედრო საბჭო გადაიქცა სახელმწიფო საბჭოდ. ის არის ხელმძღვანელი. გვერდში უდგანან კიტოვანი და იოსელიანი. ასევე სიგუაც – ის წამყვანი პრემიერ მინისტრია და აშკარად ანგარიშგასაწევი ძალაა.

შევარდნაძე რაკი “ევროპელია” და პოპულარული ფიგურაა მაისში საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ქმნის. ეს სახელმწიფო სტრუქტურაა და მას სანდრო კავსაძე უდგება სათავეში. სანდრო კავსაძე ძირითადად ახალგაზრდების შემოკრებას იწყებს.

მე მაშინ სასულიერო აკადემიაში ვსწავლობ. ზურაბ კიკნაძეა ჩემი პროფესორი. ღმერთმა აცხონოს. მართლაც ფანტასტიკური ადამიანი. ერთ-ერთი იყო ვინც ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

აკადემიაში რელიგიურ თავისუფლებებზე გვქონდა კამათი: ვის რა უფლებები აქვს, ამათი ეკლესია, იმათი ეკლესია, ისლამი, ქრისტიანობა. მე ყოველთვის გამოვირჩეოდი ჩემი ლიბერალური ხედვებით, თანასწორობაზე, სამართლიანობაზე დაფუძნებული ხედვებით.

ზურაბ კიკნაძემ თქვა, რომ ჩვენთან კომიტეტი შეიქმნა. ზურაბ კიკნაძე კავსაძის მოადგილედ დაინიშნა და მიმიწვია. ხელფასი იყო, რაღაცა იყო, ოჯახი მყავდა… მართლა გაუბედურებული ქვეყანაა, ჩამოქცეულია ყველაფერი. რაღაცა ორი კაპიკი მექნებოდა. უნდა ვყოფილიყავი რელიგიური განყოფილების ხელმძღვანელი. ახლა სადაც ინტერვიუს ვწერთ ჩვენს უკან პარლამენტის შენობაა. ამ დანგრეულ შენობაში მოგვცეს რამოდენიმე ოთახი და იქ ვიწყებ მუშაობას. ეს არის მაისის თვე.

აი აქედან იწყება ჩემი ის მოღვაწეობა, რაც დღემდე მომყვება და საზოგადოებაში რაღაც ხილვადობას წარმოვადგენ.

ჩვენ დავიწყეთ ახალგაზრდების აყვანა. მე ერთ-ერთი პირველი ვიყავი ვინც მუშაობა დაოწყო. მე და ზურა კიკნაძე ვიყავით კომისია, რომელიც ვღებულობდით ახალგაზრდებს და ერთ-ერთი, შემდეგ ალბათ ვილაპარაკებთ ამაზეც, ახალგაზრდა ვინც მივიღეთ სამსახურში იყო ბატონი მიხეილ სააკაშვილი. ეს ანეგდოტური სიტუაცია იყო…

იაგო ხვიჩია: რა სამსახურში მიიღეთ სააკაშვილი?

პაატა ზაქარეიშვილი: სამსახურში ავიყვანეთ და მერე აღარ მახსოვს რომელი განყოფილება იყო. მაშინ ყველაფერი იმდენად ჩამოუყალიბებელი იყო, რომ ყველა ადამიანის უფლებებში ვიყავით. მერე ნელა-ნელა გაიშალა ყველაფერი და აღარ მახსოვს რომელ დეპარტამენტში ან რომელ სამმართველოში იყო. მაგრამ ჩვენ ორმა ადამიანმა მივიღეთ გადაწყვეტილება და მერე მოვყვები საიდან და როგორ მოვიდა.

ამასობაში სანდრო კავსაძეს, ჩვენს შეფს, გაიტაცებენ ზუგდიდში. დაძაბულობაა, სამოქალაქო ომია ქვეყანაში. მართლაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ჩვენი უფროსი სანდრო კავსაძე გატაცებულია. გალშია თუ ზუგდიდში არ ვიცით. მარტო ვარ დარჩენილი. ზურა კიკნაძე არის წამყვანი, ანუ მისი მოადგილი დარჩა წამყვანი. არ ვიცით როგორ მოვიქცეთ, რა გავაკეთოთ?

ამასობაში იწყება საომარი მოქმედებებიც, ანუ ჯარების შეყვანა. განცდა არის იმისი, რომ ყველაფერი არის სამოქალაქო ომის ნაწილი.

მერე ამ სფეროს სპეციალისტი გავხდი. გაზეთები წავიკითხე, არქივი მაქვს უნიკალური და გაზეთებში… ტელევიზიების ჩანაწერები არა მაქვს, მაგრამ გაზეთებს რომ გაანალიზებ 12, 13, 14 აგვისტო – აფხაზეთზე ლაპარაკი საერთოდ არ არის. საუბარია სამოქალაქო ომზე, სამოქალაქო დაპირისპირებაზე სამეგრელოში [ეს თქვენი გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი თემაა] და რომ იქ ფეთქდება ხიდები, ფეთქდება საპოლიციო დატესებულებები, არის დაპირისპირება, რკინიგზა გაჩერებულია.

ამ დროს ყარაბაღში გაგანია ომი მიდის. თუ სადმე ომი მიდის – მიდის ყარაბაღში. ამ დროს სომხეთი მთლიანად ჩაკეტილია. აზერბაიჯანისგან ჩაკეტილია. ერთადერთი გზა ჩვენზე გადის. სასიცოცხლო გზაა. პროდუქტები, ყველაფერი ჩვენგან შედის და ჩვენთან იწყება რკინიგზის მუდმივი აფეთქებები. ამიტომ შევარდნაძე ღებულობს გადაწყვეტილებას, რომ შეიყვანოს და მოაწესრიგოს ეს ვითარება.

10 აგვისტოს არის სახელმწიფო საბჭოს სხდომა და იქ არის სხვადასხვა მოსაზრებები, სხვადასხვა დაძაბულობები. როგორც ამბობენ ჯაბა იოსელიანი წინააღმდეგი იყო, ვიღაცა მომხრე იყო. საბოლოო ჯამში შევარდნაძე… ეს უკვე ჩვენი პარტიის წევრებისგან მახსოვს, რომლებიც სახელმწიფო საბჭოს წევრები იყვნენ. მათგან მახსოვს ეს დეტალები, რომ შევარდნაძის დასკვნითი სიტყვა იყო, რომ თქვენ აქ წამოწოლილი ხართ, აქ თბილისში ხართ და აზრზე არა ხართ იქ რა ხდება. იქ კიდევ ჩვენს თანამოძმეებს პრობლემები აქვთო.

გონი უზენაესი საბჭოს რამოდენიმე წარმომადგენელი ჩამოიყვანა, შეიძლება ნადარეიშვილიც კი, ზუსტად არ მახსოვს. თუმცა მე მგონი ახლოს ვარ სიმართლესთან. და მათ თქვეს, რომ აქ ჩვენი მდგომარეობა ძალიან დამძიმებულია, სოხუმში საჭიროა მხარდაჭერა და კარგი იქნება თუ რაღაცა მოხდება, მხარდაჭერა, რკინიგზის აღდგენა. გადაწყვეტილებას მიიღებენ რომ რკინიგზა უნდა აღდგეს. ამით ხდება შეიარაღებული ძალების შეყვანა.

ეხლა ძალიან ზერელედ ვყვები. ძალიან ბევრი დეტალია. რადგან ჩვენი თემა მაინც ტყვეებია – ამიტომ ამ თემებზე ცალკე შეიძლება საუბარი. უამრავი ადამიანია მოწმე…

იაგო ხვიჩია: ანუ თქვენ ამბობთ, რომ შევარდნაძემ როცა ამაზე ეს კომენტარი გააკეთა ამითი მან კურთხევა მისცა აფხაზეთში ომის დაწყებას, ოპერაციას ან რაღაცა ეგეთს თუ უბრალოდ რკინიგზის გათავისუფლებას?

პაატა ზაქარეიშვილი: სულ ლაპარაკი იყო რკინიგზაზე. თავში რა ჰქონდა სხვა საკითხია, მაგრამ პრესაშიც იქნებოდა თუ იგივე რესპუბლიკური პარტიის წევრების გასაგონად ამ სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე, როგორც ჩანს, ლაპარაკი რკინიგზაზე იყო.

როგორც კი შედიან იმავე დღეს არის შეტაკება ოჩამჩირის რაიონში თუ გულირიფშის რაიონში. პირველი მსხვერპლი მაშინ არის. პირველი ტყვეებიც მაშინ იქნა აყვანილი და მერე განთავისუფლებული უცებ. სოხუმის გზის მიმართულებით თამამად შეიძლება ითქვას არაორგანიზებულები შედიან . ჩვენი შეარაღებული ძალები კარგად ორგანიზებულები არ არიან.

მთავარი რამ – ყველამ იცის რომ ომში არ მიდიან! ვინც კი იმ დროს რაღაცას იხსენებს, ყველამ იცის, რომ მათი ოპერაცია არის დროებითი და მხოლოდ რკინიგზის დასაცავად. ანუ ბრძანება თბილისიდან მოდის ოფიცრამდე, ოფიცერი უხსნის მაგალითად მეომრებს და რკინიგზის კონტექსტი არის წამყვანი.

ეს უკვე ჩემი დასკვნაა. იქედან ხდება წინააღმდეგობის გაწევა: გზაზე აფხაზური მხარის ჩასაფრებას წააწყდებიან. ან გულირიფშია ან ოჩამჩირის რაიონი, გალის იქით. ზუსტად ვერ ვიხსენებ.

ხდება პირველი სროლა, პირველი მსხვერპლი და ეს მოულოდნელი იყო. ანუ არავინ არ ელოდა.

იაგო ხვიჩია: პირველი მსხვერპლი ქართველების არის?

პაატა ზაქარეიშვილი: ქართველების არის. პირველი მსხვერპლი ჩვენი მხრიდანაა. ჩვენებმა აიყვანეს ტყვეები. ძალიან უცნაური ეპიზოდია, როცა ჩვენები აიყვანენ ტყვეებს მგონი გალის რაიონში ან გალში შემოიყვანენ და პოლიციას ჩააბარებენ. მერე ერთ დღეში თუ ორ დღეში ეს ტყვეები ყველა გარეთაა. დღემდე რაღაც ამოუხსნელი მომენტია. ქართველები 20-30 ადამიანს აიყვანენ ტყვეებს და მერე მათ გამოუშვებენ.

იაგო ხვიჩია: დღეს ველაპარაკე გია ყარყარაშვილს და ვთხოვე უფლება, რომ მისი ციტირება მომეხდინა ამ გადაცემაში. მისი თქმით თავდაპირველად ტყვეები არ ყავდათ არა იმიტომ, რომ ხოცავდნენ, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ აჩუქეს მეორე მხარეს, რომ თავდაპირველი ესკალაციის შემდეგ სიტუაცია შერბილებულიყო.

პაატა ზაქარეიშვილი: ეს არის ცოტა მოგვიანებით. ეს პირველ დღეებსა და პირველ საათებს გიყვები. პირველ დღეს როცა ხდება პირველი რაოდენობა ტყვეების აყვანა სოხუმამდე ჯერ კიდევ მისულები არ არიან.

ეს კარგად მაქვს დოკუმენტებში. მე საკმაოდ დიდი არქივი მაქვს. იმდენი ეპიზოდია ამ ომში რომ ცალკე ეპიზოდებზე შეიძლება მთელი გადაცემების მოწყობა. ცალკე ლათა, დესანტი, მარტის შემოტევა, სოხუმჰესი… უამრავი, უამრავი. არა მარტო მე – უამრავი ადამიაბა ამ ამბებს და ძალიან მნიშვნელოვანი დეტალებია.

პირველი დღეები ყველაზე უფრო ბუნდოვანი. იქ ზვიად გამსახურდიას მომხრეების ფაქტორია სერიოზული, მათთან მოლაპარაკები. ჩვენ ყველამ ვიცით ომის ბოლო დღეებში მოლაპარაკებები. მათთან მოლაპარაკები ომის პირველ დღეებშიც მიმდინარეობდა.

იაგო ხვიჩია: ბატონმა გია ბარამიძემ პირველ ეტაპზეო ხაზი გაუსვა. ამიტომ ამ პირველ ეტაპზე ტყვეებთან დაკავშირებით რა ხდებოდა ეს მე მგონი მართლა მნიშვნელოვანია. თქვენ ამბობთ რომ საერთოდ გაუშვეს ისე, რომ ვერავინ ვერ გაიგო ვინ გაუშვა?

პაატა ზაქარეიშვილი: დიახ, ეს პირველ დღეებში. ეს იმდენად უცნობი ეპიზოდია, რომ სულ რამოდენიმე ადამიანმა იცის. მე შემიძლია ჩემს არქივში ვნახო მოგონებები მაგალითად რუდიკ ცატავასი. რუდიკ ცატავა გალის გამგებელი იყო. ის ყვება ამას პირდაპირ. მის ხელში იყვნენ ეს ტყვეები.

იაგო ხვიჩია: რატომ გავუშვითო, რას ყვება?

პაატა ზაქარეიშვილი: არა, მე წაკითხული მაქვს ეს, სადღაც მან დაბეჭდა. მე არ ვიცი რატომ გაუშვეს, მაგრამ თვითონ გაკვირვებული იყო. ტყვეები აიყვანეს და გადასცეს პოლიციას, მაგრამ შემდეგ…

მე ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ომი დაწყებულიც კი არაა. ეს ეპიზოდი რაღაც უფრო გაუგებრობას გავს.

ესაა პირველი ეპიზოდი ტყვეების, რომელიც მე მიმაჩნია ნორმალურად, რომ ქართულმა მხარემ…

იაგო ხვიჩია: იმათ ამ დროს ქართველი ტყვები არ ჩაუგდიათ ხელში?

პაატა ზაქარეიშვილი: ამ დროს არა.

თუმცა მე ისევ და ისევ მზად ვარ მოვისმინო ნებისმიერი სხვა მოსაზრება, იმიტომ რომ მე საკმაოდ მაინტერესებს ეს ეპიზოდები და ვაგროვებ მასალებს.

რასაც მე ეხლა ამ ხუთ წუთში ვყვები – მე ჯერ ჩართული არა ვარ პროცესში. მე პროცესში ვერთვები ოქტომბერში.

თამამად შეიძლება ითქვას რომ აგვისტოდან სექტემბრამდე ამ ომს აქვს რაღაც რომანტიული ხასიათი: რომ სულ მალე დამთავრდება ომი, რომ ეს არის რაღაც გაუგებრობა. ომის სტრუქტურა, როგორც ესეთი, ჯერ ჩამოყალიბებულიც კი არ არის. არის სროლები, არის თითო-ოროლა დაღუპვები, ჯერ კიდე არ არის ეს ჩვეულებრივი ამბავი.

ნამდვილი, სასტიკი, დაუნდობელი, გააზრებული ომი იწყება მათთვის გაგრის აღებისა და ჩვენი მხრიდან გაგრის დაცემის დროს, როცა ჩვენ მოგვიწია გაგრის დატოვება. გაგრამ აჩვენა რასთან გვქონია თურმე საქმე.

იაგო ხვიჩია: ეს ამბავი რასაც ბატონი ბარამიძე ყვება გაგრამდე არის და გაგრამდე ტყვეებთან ურთიერთობის რა შემთხვევები არსებობს?

პაატა ზაქარეიშვილი: გაგრამდე კომისია არ არსებობს. ძირითადად ყარყარაშვილი მუშაობდა.

ცნობილი ფილმია “იარე ლიზი”. იქ არის ერთი ეპიზოდი, როგორც ჩანს ყარყარაშვილის მიერ მონაყოლი, იმიტომ რომ თვითონ მსახიობი ყარყარაშვილს თამაშობს. ეს ჩანს მკაფიოდ, თუმცა ფილმში ეს გვარი არაა წარმოჩენილი. იქ აფხაზური გვარებიც შეცვლილია. იმ ეპიზოდში სხვა ადამიანი მონაწილეობდა. ეს ეპიზოდი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ფილმშიც მოხვდა. ყარყარაშვილისთვის როგორც ჩანს მტკივნეული ეპიზოდია და ფილმში ხვდება წამყვან მომენტად. რა არის ეს მომენტი?

ეს ყველაფერი ხდება გაგრამდე, როცა აყვანილი ყავთ ტყვეები და აჩადარის ხიდზე [გუმისთაზე ორი ხიდია. ქვემოთ სარკინიგზო და საავტომობილო ხიდია, და ზემოთ აჩადარის ხიდია, ზედა ხიდს ეძახიან სოხუმელები. ლამაზი ხიდია, არკებიანი] დანიშნეს საერთოდ პირველი თუ არა ერთ-ერთი პირველი ტყვეების გაცვლა.

მასში ერთი მხრიდან მონაწილეობდა ყარყარაშვილი და მეორე მხრიდან საკმაოდ მაღალი დონის პიროვნება. ეს იყო ალექსანდრე ანქვაბი, რომელიც აფხაზური მხარის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. თუ როგორ გახდა ის მინისტრი ეს კიდევ სხვა ისტორიაა. მთელი ამბები იყო, ლომინაძის ფაქტორი იყო და ძალიან საინტერესო ისტორია გვაქვს ამ ომის.

მოკლედ ანქვაბი იქედანაა და ხდება უნიკალური რაღაცა. რაღაც კავკასიური ლეგენდის ფენომენია. ხდება გაცვლა რაღაც ფორმით [ორი-ორზე თუ რაღაც] და როცა უკვე გაცვლა მოხდა და ორი ქართველი პიროვნება გადმოვიდა ჩვენსკენ და აფხაზები გადავიდნენ იქეთ – უცებ საიდანღაც ატყდება სროლა [მთიანი ადგილია აჩადარის ხიდი] და ჩვენი ორი უკვე გაცვლილი, უკვე ჩვენსკენ გადმოსული ტყვეები იხოცებიან.

აშკარად ჩანს რომ აფხაზები ხოცავენ.

ესეც შენი პასუხი კითხვაზე თუ ვინ უფრო ხშირად… ამაზე კიდევ ვილაპარაკებთ.

ეს იყო პირველი საჯარო შემთხვევა, რომლის ციტირება შეიძლება, რომლის მოწმეებიც არიან – პირველი შემთხვევა, როდესაც ხდება უკვე გათავისუფლებული ტყვეების მოკვლა.

აფხაზები მოკლავდნენ, აბა ქართულები ხო არ მოკლავდნენ თავის ტყვეებს?!

ეს ხომ საშინელებაა, მაგრამ მერე იწყება უნიკალური ისტორია:

ანქვაბი იმავე წუთას ხიდზე ფეხით გადმოდის, ბარდება ქართულ მხარეს, ყარყარაშვილს ბარდება და ამბობს, რომ ჩვენ პირობა ვერ შევასრულეთ, ეს გაუგონარია, წარმოუდგენელია რაც მოხდა და აი თქვენს ხელში ვარ. მოდი მოვილაპარაკოთ.

ყველა გაოგნებულია. მას სვამენ მანქანაში და მიჰყავთ სოხუმში. იქ ვიღაცეები არიან ვისაც უნდათ რომ გაუსწორდნენ. მართლაც იმ წუთში ხომ ორი ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს.

ჯერ კიდევ სად არის ეს სიკვდილები? ეს ყველაფერი არის პირველი ნაბიჯები. ყოველი სიკვდილი არის გამაოგნებელი არარეალობა. აი ამ ფონზე ხდება ეს ყველაფერი.

სოხუმში ბევრი იცნობს ანქვაბს და ბევრი ვერ იტანს, იმიტომ რომ მანამდე რაღაც ისტორიები ჰქონდა ლომინაძის კონტექსტში, რაღაც სხვა კონტექსტშიც.

მოკლედ ყარყარაშვილი, როგორც მე ვიცი საკმაოდ ღირსეულად, პრინციპულად მოიქცევა. თქვა რომ ეს კაცი გადმოვიდა თვითონ, აშკარად ჩანს რომ ეს მისი ბრალი არ იყოო… ეხლა შეიძლება რაღაცეებს ბოლომდე ვერ ვამბობ და არ ვამბობ ან და პირიქით ზედმეტს ვამბობ, მაგრამ ყარყარაშვილის გადაწყვეტილებით ხდება ანქვაბის გათავისუფლება.

ხმები უცებ გავრცელდა.

მეც იქ ვარ, მაგრამ მე ჯერ კიდევ არაფერი არა ვარ. რაც ხდება ყველაფერი არის ყურმოკრული. ამ ომში მე თუ შეიძლება ითქვას ასე შევდივარ, იმიტომ რომ თბილისიდან ვარ გაგზავნილი. შეიძლება ბარამიძე იყო მაშინ ჩემთან ერთად. არ მახსოვს. ეს იყო ჩემი, როგორც კომისიის წევრის პირველი ჩასვლა სოხუმში, რომ გავერკვე საქმეებში.

კომისია იქმნება პრაქტიკულად, როგორც კი ომი იწყება. კომისია იქმნება როგორ? შევარდნაძე მაინც საბჭოთა ადამიანი იყო. კავსაძეც ასევე საბჭოთა ადამიანი იყო. ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ. ძალიან დიდ პატივს ვცემ და მართლა მიმაჩნია, რომ ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი შეასრულა სანდრო კავსაძემ.

ეს კომისია შეიქმნა საბჭოთა ყაიდაზე. ერთი თავმჯდომარე ამ სამინისტროდან, იმ სამინისტროდან და შეიქმნა კომისია ამ ჩვენი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის საფუძველზე. ძირითადი მასა ვიყავით ჩვენ, თანამშრომლები: მე, ბარამიძე… ბარამიძე დარწმუნებული ვარ, რომ დაინიშნა კავსაძის მოადგილედ. სხვაგან წავიკითხე თითქოს მე ვიყავი მისი მოადგილე რაც სწორი არ არის. ამაში პრობლემა არაა, ვისი მოადგილეც გინდა ვიქნები, მაგრამ კავსაძის მოადგილე ის იყო. მე კომისიის რიგითი წევრი ვიყავი. კომისია დიდია, 15-20 კაცია რომლებიც საერთოდ აზრი არ არიან რა კომისიის წევრები არიან.

ჩემი ერთ-ერთი პირველი მივლინება იყო… ჩადი, გაერკვიე, რა კომისიის წევრი ხარ?! გამოვიდებდი ხოლმე თავს. ინიციატივიანი ადამიანი ეხლაც ვარ და მაშინ მითუმეტეს ახალგაზრდა ვიყავი.

ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი მახსოვს. პირველად რომ ჩავედი [სახელმწიფო დაჩაზე ვიყავი, სტალინის დაჩაზე] მანდარინები იყო ძალიან პატარა და მწვანეები. რა დროს ჩამოვედი მეთქი, მანდარინებს ვერ შევჭამ მეთქი. თურმე სადა ხარ, მთელი წელიწადი მანდარინის მეტი არაფერი არ მიჭამია აფხაზეთში.

იმდენად დარწმუნებული ვიყავით, რომ ორ კვირაში, სამ კვირაში მორჩებოდა ყველაფერი. ანუ არანაირი განცდა არ იყო, რომ სერიოზული რამე იყო. ყველას ჰქონდა განცდა, რომ სულ მალე დამთავრდებოდა ყველაფერი ეს. მეც მივლინებაში ვიყავი წასული, რათა აღგვენიშნა რომ ჩვენი კომისია ჩასული იყო და რაღაც რაღაცეები გააკეთა. ძალიან ზერელე სიტუაციაა ჯერჯერობით.

ამასობაში მოდის სწორედ გაგრის აღება. გაგრამდე იყო რამოდენიმე შეტაკება, რამოდენიმე ბიჭი აიყვანეს ტყვედ. ორი სვანი ბიჭი მახსოვს და მათ გაცვლაში მივიღეთ მონაწილეობა.

იაგო ხვიჩია: რაში გაცვალეთ ესენი?

პაატა ზაქარეიშვილი: ჩვენც გადავეცით ვიღაცეები.

იაგო ხვიჩია: ანუ ამ დროს ჩვენც გვყავს ტყვეები?

პაატა ზაქარეიშვილი: დიახ. დღევანდელი 2026 წლის გადმოსახედიდან სამხედრო ტყვე არის პირი, რომელსაც სამხედრო ფორმა ეცვა, იარაღი ეჭირა… უმრავლეს შემთხვევაში ვისაც ჩვენ დღეს ვიხსენებთ ტყვეებად ისინი მძევლები იყვნენ.

იაგო ხვიჩია: დაჭერილი მშვიდობიანი ხალხი?

პაატა ზაქარეიშვილი: მშვიდობიანი ხალხი ან იარაღი აიღო და სანადირო თოფი ეჭირა. ანუ ჯერ კიდევ ყველაფერი ჩამოყალიბებული არაა.

თუ არ ვცდები ეს ბიჭები გაგრელები იყვნენ. სვანური გვარები ჰქონდათ. ერთი ძლიერი, ღონიერი ბიჭი იყო. კარადასავით იყო. დაჭრილი იყო ფეხში. ეს იყო ჩემი პირველი თანდასწრება გაცვლაზე. მე ჯერ კიდევ მოლაპარაკებებში ვმონაწილეობ, მაგრამ მერე უკვე სულ ვმონაწილეობ მოლაპარაკებებში. ყველგან ჩემი ხელმოწერაა.

პირველი გაცვლები ესე ხდება.

გია ბარამიძე ძალიან ბევრს ლაპარაკობს კომისიაზე. კომისია რეალურად არ ფუნქციონირებდა. საბჭოთა კომისია იყო. საქართველოში ამასობაში ომის დროს საპარლამენტო არჩევნები ტარდება და გია ბარამიძე ხდება პარლამენტის წევრი. ამოვარდება კომისიიდან. ეს სამთავრობო კომისიაა.

ორი აზრი არ არსებობს – ის მართლა დაინტერესებულია. ჩვენ ვმეგობრობთ, მირეკავს, ვურეკავ, რომ აი ამ დროს გაცვლაა, იმ დროს გაცვლაა და ჩამოდის ხოლმე.

მაგრამ გულახადილად ვამბობ – არანაირ საკომისიო საქმიანობაში ის ჩართული არ იყო. თქვენ ვერ ნახავთ ვერსად ვერანაირ პროტოკოლს [ყველა პროტოკოლი მაქვს] სადაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები… როგორც წესი ორი ადამიანი ვმონაწილეობდით მოლაპარაკებებში – მე და ვალერი ვაშაკიძე. ვაშაკიძე იყო დევნილების თემაზე. ის დევნილების საკითხებზე პირველი მინისტრი იყო. მე ვიყავი ტყვეების თემაზე. ტყვეების, უგზო-უკვლოდ დაკარგულებისა და მძევლების თემაზე. თუ თემა ეხებოდა დევნილებს – აფხაზურ და რუსულ მხარესთან კომისიის მუშაობა ვალერ ვაშაკიძეს მიყავდა. სამმხრივი იყო ეს ურთიერთობები. და თუ ტყვეებს ეხებოდა – მე მიმყავდა. ყველა პროტოკოლში თუ მე მეხება – ჩემი ხელმოწერაა, თუ ვაშაკიძეს ეხება – ვაშაკიძის ხელმოწერაა.

ბარამიძეს ვერსად ვერ ნახავთ. აი რომ მოინდომოს დაამტკიცოს რომ კომისიის წევრია ერთადერთი შეიძლება მოიტანოს სამთავრობო გადაწყვეტილება, რომ კომისიის წევრია. იქ იმდენი გვარია. ბევრმა, ახლაც ცოცხალები თუ არიან, არც კი იციან რომ ამ კომისიის წევრები იყვნენ. ანუ ამის გარდა მას არანაირი მტკიცებულება არა აქვს.

თვეში ერთხელ საქმიანობაზე ანგარიშს ვწერდი. როგორც წესი შევარდნაძის სახელზე. შევარდნაძე სულ სოხუმში იყო, კავსაძე ძირითადად თბილისში. შევარდნაძე ხშირად იყო სოხუმში. პირდაპირ მეუბნებოდა კავსაძე – ეხლა ჩემს სახელზე რომ დაწერო მოხსენებითი ბარათი შევარდნაძესთან არ იქნება კორექტულიო. ამიტომ პირდაპირ შევარდნაძეს სახელზე ვწერდი. ვუტოვებდი მდივანს. სტალინის დაჩაზე ხდება ეს ყველაფერი. რაღაც მომენტში მდივანი მირეკავდა ან მპოულობდა. მობილურები არაფერი არ იყო. მაინც სულ შტაბში ან დაჩაზე ვიყავი. ბატონი ედუარდი გთხოვთ შესვლასო. შევიდოდი. სასტუმროს ოთახებივით იყო. მაგიდასთან ვუყვებოდი რა ხდებოდა. მერე ხშირად დავდიოდი გუდათაში და რომ ვბრუნდებოდი ანგარიშს ვაბარებდი.

ბარამიძე ვერ მოიტანს ვერანაირ დოკუმენტს ან ვიღაცის სახელზე დაწერილ ანგარიშს.

მე მივლინება მქონდა გაფორმებული. წამოსული ვიყავი სამთავრობო მივლინებით აფხაზეთში. მაშინ კუპონები იყო. ომი რომ დამთავრდა და დავბრუნდი – გადამიხადეს. საბოლო ჯამში მთელი ჩემი წელიწადნახევრიანი თუ წელიწადი და ორი თვის მუშაობის კუპონებით ვიყიდე ნახევარი ტომარა ფქვილი. ეს აფხაზეთის ომიდან თუ შეიძლება ესე ითქვას მთელი ჩემი ნადავლი იყო. კუპონები უფასურდებოდა და უფასურდებოდა. მთელი მივლინების ფული ერთად მომცეს და ვიფიქრე რა მაგარია, რამდენი ფული მაქვს და თურმე აღმოჩნდა რომ ნახევარი ტომარა ფქვილი ავიღე და სამი შვილი მელოდებოდა.

ბარამიძე თვითონ ჩამოდიოდა. თუ პარლამენტი უშვებდა მივლებაში კი ბატონო, მაგრამ კომისია არასდროს…

იაგო ხვიჩია: მე მგონი იმაზე არავინ არ კამათობს, რომ ბარამიძე იქ რაღაც დროს დადიოდა, მაგრამ არც იმაზე არ კამათობს მემგონი არავინ რომ ტყვეების გაცვლა ხდებოდა. თქვენც ამაში მონაწილეობთ. მოდი ესე ვთქვათ – რა სად არის სიმართლის მარცვალი ბარამიძის ნათქვამში და სად არის შეცდომა ან ტყუილი? თქვენ როგორც გინდათ ისე შეაფასეთ.

პაატა ზაქარეიშვილი: ჩემი მეგობარი იყო და ნამდვილად არ ღირდა ამდენ ხმაურად მაგის ნათქვამი. უბრალოდ ყველას შეეხო იმიტომ, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა ყოველ მეომარს. პრაქტიულად გამოდის რომ დისციპლინა რადგან არ იყო…

ჩვენთან სუსტი დისციპლინა იყო ნამდვილად. აფხაზურ მხარეს მეტი დისციპლინა იყო. ამაში შევეთანხმები. ეს ერთადერთი სიმართლეა, რომ იქ იყო დისციპლინა და ჩვენთან დისციპლინა მნიშვნელოვნად მოიკოჭლებდა. რაკი დისციპლინა არ იყო ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მკვლელი იყო. აი ამაზე გამწარდა ხალხი.

წარმოიდგინე შენი თავი, რომ ხარ ომში, ჯარში და ოფიცერი არ გივარგა, დისციპლინა არაა. ვისაც უნდა მაშინ დგება, ვისაც უნდა მაშინ იძინებს, სადღაც მიდის, მოდის. შენ აიღებ ავტომატს, შევარდები ციხეში და დახვრეტ ტყვეებს? ანუ დისციპლინის არ ქონა ტყვეების დახოცვასთან პირდაპირ კორელაციაში არ არის. ეს ერთი და მეორე:

თამამად, როგორც კომპეტენტური ადამიანი ამ სფეროში, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აფხაზური მხრიდან მნიშვნელოვნად მეტი ტყვეები იხოცებოდა, იხვრიტებოდა ვიდრე – ქართულ მხრიდან.

ნამდვილად იყო რამოდენიმე ფაქტი. ქართული მხრიდანაც იყო თითო-ოროლა დახვრეტა და ამაზე იყო ძალიან მკაცრი რეაგირება, პროკურატურის ჩართვა. ყარყარაშვილი ცალკე გიჟს გავდა ხოლმე, ძალიან მკაცრად უსწორდებოდა, ძალიან ეჩხუბებოდა ხალხს.

ჩვენ თუ რამე პრობლემა გვქონდა ტყვეებზე ეს იყო ის, რომ ბატალიონები ტყვეებს არ გვაძლებდნენ. ბატალიონს აყავდა ტყვე და მალავდა. რატომ მალავდა? თუ დახვრეტაა დახვრეტავდა ხომ? რატომ ინახავდა?

იმიტომ ინახავდა, რომ ვინმე თავისი ტყვედ რომ ჩავარდებოდა ჩვენი იმედი არ ქონდათ, რომ მის გამოყვანაში ჩვენ მალე დავეხმარებოდით. ესეთი ფაქტები იყო. ტყვეები შენახული ყავდათ. ნამდვილად არ ყავდათ კარგ პირობებში და როცა ჩაუვარდებოდათ ტყვე – ცვლიდნენ უკვე არსებულ ტყვეში ან შეუთვლიდნენ, რომ ჩვენ ეს ტყვე გვყავსო.

პირადად მე და კავსაძე თუ რამეს ვებრძოდით იყო ეს და ამიტომ ყარყარაშვილთან მუდმივ გვქონდა კამათი. მე მაშინ ყარყარაშვილის ტოლი არ ვიყავი და თუ რამე პრეტენზები მქონდა კავსაძეს ვურეკავდი, კავსაძე – ყარყარაშვილს და იმას ვაგვარებდით, რომ ამ ბატალიონში არიან ტყვეები. თუ დახვრეტა უნდოდათ – დახვრეტდნენ, რა პრობლემა იყო! ესე არ არის.

დახვრეტები ხდებოდა იშვიათ შემთხვევაში: ან სადღაც ტყეში აიყვანეს და იმან წინააღმდეგობა გაუწია. სულ რაღაცა ოთხი-ხუთი ფაქტი მახსოვს მე. აფხაზური მხრიდან ესეთი ათეულობით ფაქტები იყო.

კამანის აღების დროს ყველა გვამი მე გამოვიყვანე. ყველა. სვანები იყვნენ. ფანტასტიკური ხალხი იყო. საშინელი სცენა იყო.

აფხაზებმა კამანიდან ორი სატვირთო მანქანა გვამები მომცეს. ორი სატვირთო მანქანა გამოვიყვანე და არცერთი ცოცხალი! ეს აბსურდია, იაგო.

შეუძლებელია ალყაში გყავდეს შენაერთი, ტყვია-წამალი გაუთავდეს, დაადგე თავზე და არ დაგნებდეს. ზღაპარია! ვინც მკვდარია – მკვდარია, ვინც ცოცხალია – ინსტინქტი მუშაობს: იარაღი არა მაქვს, ტყვია არა მაქვს, ხელს ვწევ და გბარდები. აზრი არა აქვს. კბილებით ხომ არ გაუწევ წინააღმდეგობას, არა?! როგორც წესი რაღაცა ნაწილი უკვე ალყაში მოქცეული ადამიანებისა, უკვე უიარაღო ადამიანებისა, უკვე უტყვიაწამლო ადამიანებისა ბარდებიან ტყვედ. თავს ვერ მოიკლავ. აბსურდულია. თავს ვერ იკლავენ და ეს ბუნებრივი ინსტინქტია, რომ ბარდები ტყვედ.

კამანის შემდეგ არცერთი ცოცხალი ადამიანი არ ჩამაბარეს მე. არცერთი. ყველა მკვდარი იყო.

შეუძლებელია იქ ვინმე არ ჩაბარებულიყო ტყვედ. შეუძლებელია! 100% დარწმუნებული ვარ რომ მოწმეების სახით ყველა… მეტიც, მაგ დროს იქ მღვდელი ჩაბარდა. მღვდელი იყო იქ. ცნობილი ეპიზოდია. კამანის მონასტრის მღვდელი ჩაბარდა ტყვედ. სადაა? მოკლეს! მოკლეს!

ყველაფერი იწყება გაგრიდან. გაგრის აღება იყო სასტიკზე სასტიკი.

ჩვენ აგვისტოში შევედით. გაგრა იქნა აღებული 2 ოქტომბერს, ორიდან ხუთ ოქტომბრამდე.

აი მაშინ მოხდა საშინელი მკვლელობები გაგრის ტერიტორიაზე. ეს ყველამ გავიგეთ. მართლა საზიზღარი ფორმებით ხდებოდა – სადარბაზოებიდან ხალხის გამოყვანა, ქუჩაში დახვრეტა…

ვიღაცისთვის თუ განსხვავება არის მძევალსა და ტყვეს შორის – ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის რომელმაც ყველაფერი ვნახე, განსხვავება არაა.

ვიღაცამ იცოდა რომ აი ის ბიჭი, რომელიც მეხუთე სართულზე ცხოვრობს, იბრძოდა ჩვენს წინააღმდეგ, აფხაზების წინააღმდეგ. აჰა, აბა გამოათრიეთ! არავითარი სასამართლო, არავითარი გარჩევა! დახვრიტეთ! ეზოში ხვრეტდნენ რომ სხვებს დაენახათ. ყველა ქართველს არ ხვრეტდნენ, მაგრამ იმათ ხვრეტდნენ ვისზეც რაღაცა ინფორმაცია ჰქონდათ.

გიამ არ იცის ეს? თანაც მინისტრი იყო, თავდაცვის მინისტრი იყო, შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. მას ხელი მიუწვდება საიდუმლო დოკუმენტებთან. გამოეძია, დოკუმენტები ენახა თუ ასე დარწმუნებულია.

ორივე მხრიდან იყო საშინელებები, მაგრამ შედარება არ შეიძლება. თამამად შეიძლება ვთქვა, რომ მასშტაბებით ერთი ხუთზე თუ არა ერთი 10-ზე აფხაზების სინდისზეა ეს ყველაფერი.

მიზეზი? რატომ? იმიტომ რომ ჩვენზე უფრო სასტიკები იყვნენ? არა!

ისენი ტერიტორიას ნელა-ნელა იღებდნენ, ნელ-ნელა მოდიოდნენ. გაგრა დავკარგეთ. მერე აქ კოჩარა იყო ოჩამჩირის რაიონში, იქაც ბევრი საშინელი რამე იყო. როცა ტერიტორიას იღებ იქ ხალხი გრჩება, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები. იქ არიან ქალები, მოხუცები, მოხუცი კაცები. ჰგონიათ, იმედი აქვთ რომ მათ ხელს არ ახლებენ. შევლენ და პირდაპირ ადგილზე დახვრეტენ.

ეს მძევალია კი ბატონო, მაგრამ იმ მძევალზეც ვრცელდება ის წესები და კანონები რაც ტყვეებზე ვრცელდება. კიდევ უფრო მკაცრია ხოლმე ეს ყველაფერი.

ამიტომ მე არ ვეთანხმები გიას ასეთ შეფასებაში, რომ ჩვენ თითქოს რაღაც უფრო…

იაგო ხვიჩია: გიამ თქვა, რომ ჩვენ საწყის ეტაპზე არ გვყავდა ტყვეები. ეს ზოგადად რას ნიშნავს? იმას, რომ მართლა არ გვყავდა ტყვეები? თუ იმას, რომ ბუნებრივია უფრო ნაკლები გვეყოლებოდა იმიტომ, რომ ისინი იკავებდნენ ტერიტორიებს?

პაატა ზაქარეიშვილი: ჩვენ ყოველთვის ნაკლები ტყვეები გვყავდა. ყოველთვის!

ჩემი პრინციპი იყო, რომ ყოველთვის ვცვლიდით ყველას ყველაზე. ამას ძალიან პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. ჩვენ გვყავდა 10, იმათ ყავდათ – 50 ტყვე. 50-10-ზე.

ყველა პროტოკოლი მე მაქვს. ერთი პროტოკოლი მაინც მაჩვენოს გიამ სადაც მისი ხელმოწერაა. ერთი პროტოკოლი მაინც მაჩვენოს, სადაც მისი გვარი წერია, რომ მოლაპარაკებში მონაწილეობდა ბარამიძე.

ბესლან კობახიას ახსენებს. ბესლანს ყველა დოკუმენტი ხელმოწერილი ჩემთან აქვს. ის კი არა სააკაშვილი ჩამოვიდა ერთხელ, ძალით ჩაგვიხტა მანქანაში და გაიცნო ბესლან კობახია იმისთვის, რომ ჩათვლოდა, რომ ბესლან კობახიას მეც ველაპარაკებოდიო. არავითარი გმირი არ ყოფილა. ის ჩვეულებრივი ადამიანი იყო, რომელიც აფხაზურ მხარეს წარმოადგენდა.

იქეთა მხრიდან კომისიის თავმჯდომარე ანქვაბი იყო, ჩვენი მხრიდან – სანდრო კავსაძე. ბესლან კობახია ჩემნაირი ტიპი იყო, რომლებიც უშუალო კონტაქტზე გავდიოდით და უფლებამოსილება გვქონდა მოლაპარაკებში მონაწილეობა მიგვეღო, ხელი მოგვეწერა გადაწყვეტილებაზე. წითელი ჯვარი, ყველაფერი სხვა მოგვიანებით გაჩნდა. ოპერატიულ ურთიერთობებში მარტო ჩვენ ორი ვიყავით.

ძალიან სწრაფად ვმუშაობდით. უცებ ხდებოდა გადაწყვეტილება. რაციით ველაპარაკებოდით ერთმანეთს და რაციით ვწყვეტდით ხოლმე. სულ თეთრი დროშით დავდიოდი, გადავდიოდი მეორე მხარეს. თავისუფლად გადავდიოდი ისე, რომ აფხაზები გაოგნებულები იყვნენ თუ როგორ ჩავდიოდი ხოლმე გუდაუთაში ყოველგვარი იმის გარეშე…

მე იარაღის ტარების უფლებაც კი მქონდა, მაგრამ არ ვატარებდი იმიტომ, რომ ვიღაცას არ გავეგორებინე. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. ვიღაცას რომ სცოდნოდა, რომ იარაღი მქონდა შეიძლება იარაღის გამო მოვეკალი. ამიტომ პრინციპულად ვამბობდი რომ იარაღი არა მაქვს და არც მქონია არასდროს იარაღი, არ დამქონდა. თუმცა მქონდა ამის საშუალება და მაძლევდნენ კიდევაც იარაღს. არ ამიღია.

მთავარი მომენტი რა არის? ბარამიძე იყო ძალიან, ვთქვათ ასე, გულანთებული ახალგაზრდა, რომელსაც უნდოდა ომში ჩართულობით რაღაცა მიეღო, რაღაცა გაეცა, რაღაცა თავი მოეწონებინა.

კი ბატონო, მაგრამ კომისიის მუშაობაში არ მონაწილეობდა. თამამად ვამბობ ამას. ვერ დაამტკიცებს.

ეხლა ხომ გამოძახებულია პროკურატურაში? პროკურატურამ კეთილსინდისიერად რომ წაიყვანოს საქმე პირველი რა უნდა გააკეთოს? უნდა დაამტკიცოს რომ ბარაბიძე იყო კომისიის წევრი. ვერ დაამტკიცებს. ვერ დაუმტკიცებენ. არსად არ არის მისი საქმიანობა, მისი ხელმოწერა არსად არ არის.

უხერხულია, მაგრამ მისი საუბარი უფრო ჭორაობას გავს. ჭორაობის გამო ადამიანი ციხეში არ უნდა ჩასვა.

იაგო ხვიჩია: პროკურატურას რაც შეეხება ეს სრულიად აბსურდია ჩემი აზრით.

პაატა ზაქარეიშვილი: კი ბატონო. მეც მიმაჩნია, რომ ეს არასწორია. იმიტომ რომ ასეთი ლაპარაკი უამრავი გამიგია.

ერთხელ ფოთში სუფრაზე ვართ. ტყვეები გამოვიყვანეთ. “სპარტაკი” იყო ესეთი გემი. ის გემი საბოლოო ჯამში აფხაზებს დარჩათ, მაგრამ ხალხი გამოვიყვანეთ. ფოთში სუფრა მოაწყვეს. ეს ბიჭები ფოთელები იყვნენ ძირითადად. სუფრაზე ერთი ტიპი ადგა და მე ვიყავიო გუდაუთის პატიმრების საიდუმლო ბაზაზე. ყურები ვცქვიტე უცებ. სულ ამას ვეძებ, სხვას კი არაფერს. ივაჟკაცა რა, მე ასეთი ვარ, ისეთი ვარ, საიდუმლო საქმეში ვიყავიო. მერე სადღეგრძელო როცა მორჩა გვერდზე გავიყვანე და ვუთხარი ესა და ეს ადამიანი ვარ, მე გამოვიყვანე ეს ხალხი ახლა ვინც არიან და თუ შეიძლება მითხარი სად და როგორაა ეს ყველაფერი? ბოდიში და ჩაისვარა ადგილზე. უცებ მიხვდა რომ მიქარა ძალიან. არაო იციო, ვიღაცა მომიყვაო. ვინც მოგიყვა მოდი ის მაჩვენე მეთქი. ყველაფერი უარყო. არამხოლოდ ის, რომ თვითონ იყო იმ ბანაკში, ეს ერთი, არამედ ისიც, რომ ვიღაცამ მოუყვა.

ეს ლეგენდები როგორ ვრცელდება? მე მომიყვეს და ასე შემდეგ.

ფილმში “მე ვხედავ მზე” გენიალურადაა. ტყუპი ბიჭების სურათები რომ არის. სიმინდს რომ ყიდიან და ოჯახში სურათს რომ დაინახავენ. ვინ არიანო და ჩემი შვილები არიან, ომში წავიდნენო და დაიკარგნენო. უცებ ადგილზე რომ თხზავენ ლეგენდას. კაი ლამაზი სცენაა. გახსოვსო იმან რომ გვითხრაო, რომ იქ იყო იმ ომშიო და ვიღაცამ ნახაო ტყუპებიო და აბა თქვენ… რომ აგულიანებენ და დედას გულს უთბობენ, რომ ტყუპები შეიძლება ცოცხლები იყვნენ.

აი ესეთი ლეგენდები დაფარფატებენ მუდმივ. ახლა უკვე აღარ, მაგრამ მაშინ დაფარფატებდნენ.

მეტიც – ფულს აკეთებდა ამაზე ხალხი. ურეკავდნენ მშობლებს, ეუბნებოდნენ: ბევრს კი არ გთხოვთო, იქ სოჭში ხომ მოლაპარაკები გვაქვსო და თქვენს შვილზე იქნება ლაპარაკიო. ბევრი არ გვინდა, 300$-400$ დოლარი გზისთვისო. მარტო გზაში, რომ წავიდეთ, წამოვიდეთო და თუ შვილი გამოვიდაო მერე კი ბატონო თუ პატივისცემა იქნებაო. და ამ საცოდავებს ასე 300$, 400$, 100$… ანუ არიან ადამიანები ვისაც [ამაზე უფრო ფსიქოლოგებმა უნდა ისაუბრონ] სიამოვნებს რაღაც ლეგენდის გმირი იყოს, ლეგენდის დადებითი პერსონაჟი იყოს. შენც იცნობ ასეთებს, მეც ვიცნობ და ჩვეულებრივი ამბავია, ჩვეულებრივი ფსიქოლოგიურ ტიპაჟია. ეს აბსოლუტურად გასაგებია.

აი მე სხვა ახსნა არ მაქვს თუ რატომ დაჭირდა მას ასეთი ტყუილი.

“სოვმინის” დახვრეტა. “სოვმინში” ყველა ტყვეები იყო. შარტავა და მისი გუნდი.

ჩემი მეგობარი იყო მიშა კოკაია, ვისთანაც ცხოვრობდა გია. როცა გია ჩამოდიოდა ცხოვრობდა მიშა კოკაიას ბინაში. კოკაიების ოჯახში ვცხოვრობდით ჩვენ. მე სახლი არ მქონდა, კარი არ მქონდა სოხუმში. ან შტაბში მეძინა, სოვმინში მეძინა, ან როგორც წესი მეძინა კოკაიების ოჯახში. იქ ვცხოვრობდი მიშასთან ერთად.

მიშა დაიკარგა. სამწუხაროდ როგორც ჩანს დაიღუპა კიდევაც. დღემდე ვერ ვიპოვეთ მისი ასავალ-დასავალი.

სოხუმიდან ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი ეს არის მიშა კოკაიას, ჩემი უძვირფასესი მეგობრის დაკარგვა. იქ გავიცანი.

ტყვე არ იყო მიშა?

40 თუ 50 კაცი დახვრიტეს მაშინ პირდაპირ ერთ გასროლაზე სოხუმის აღების დროს. რამდენი სხვა დაიხვრიტა სოხუმის აღების დროს სხვა მიმართულებით.

ომი არ არის კარგი. ომი არის საშინელება! ომი ავლენს ადამიანის ყველაზე უფრო უზნეო თვისებებს, უსაზიზღრეს თვისებებს. ბევრი ადამიანი რაღაცეების მკადრებელია. მაგრამ არ შეიძლება ასე ერთ მხარეს უკეთესი სიტუაციაა და მეორე მხარეს – უარესი სიტუაციაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მხარეს არ იყვნენ ანგელოზები და ნამდვილად საბრძოლოდ იყო ბევრი.

ძალიან მნიშვნელოვანია კომისიაზე რომ დავიწყე. კომისიამ საბოლოო ჯამში ამოწურა თავის თავი პირველივე დღედან, როგორც კი დაიწერა… მე იქ ჩავედი და იქ ვნახე, რომ თუ ადგილზე არ იმუშავე არაფერი არ გამოვა. ამიტომ აღარ დავბრუნებულვარ თბილისში. ეს ერთი. ეს არაა მთავარი.

იქ შეიქმნა გუნდი. თავდაცვის სამინისტრომ, ყარაყაშვილმა თუ შეიძლება ასე ითქვას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურს მიმაკუთვნა. სოსო მარგიშვილი იყო ხელმძღვანელი. ღმერთმა აცხონოს მისი სული. ომის შემდეგ ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა.

ყოველ დღე გამოდიოდა საინფორმაციო გადაცემები, სადაც ამბობდნენ: ჩვენ გამოვავლინეთ ერთი კატარღა და ქართველებმა ჩაძირეს, მერე გამოვავლინეთ ტანკი და ავაფეთქეთ. მერე დაგვცინოდნენ სხვები – რამდენი ტანკი და კატარღახა ყავთ ამ აფხაზებს რომ ყოველდღე უძირავთო. მერე შევამცირეთ და მერე სამ დღეში ერთხელ ვამბობდით. ანუ ვწევდით ფსიქოლოგიურ განწყობას.

იაგო ხვიჩია: ანუ ომის პროპაგანდა.

პაატა ზაქარეიშვილი: დიახ, ომის პროპაგანდა. ნორმალურია. აი ამ შტაბში ვიყავი მე. აქ იყნენ დღესაც ცნობილი ჟურნალისტები. მაგალითად ირაკლი ალადაშვილი – სამხედრო ექსპერტი, კობა ლიკლიკაძე – რადიო თავისუფლების წამყვანი იყო. მალხაზ თოფურია – გიჟი სამხედრო. “ვითარცა უხორცოო” ქართველები რომ იტყვიან ხოლმე. ბრძოლაში შედიოდა და გამოდიოდა – ერთი ნაკაწრი არ ჰქონდა.

თუ ვინმე მუშაობდა და მე ვიყავი კოორდინატორი ამის – იყო ეს ხალხი. მანქანა მე არ მყავდა, ბენზინი მე არ მქონდა, ფული მე არ მქონდა, ჩასაცმელი მე არ მქონდა, სად მეძინებოდა იქ მეღვიძებოდა. აი ამათთან ერთად… ხან სოსოს ვეუბნებოდი მანქანა მომეცი, ხან… უამრავი ეპიზოდები გადაგხვდა მის მანქანასთან დაკავშირებით. დაგვბომბეს. მოკლედ აი ეს ხალხი…

თუ რამე კომისია ნამდვილად მუშაობდა, ყოველგვარი ქაღალდის გარეშე, ყოველგვარი ხელმოწერის გარეშე, ეს იყო აი სოსო მარგიშვილის გარშემო არსებული ჯგუფი. ეს ბიჭები, რომლებიც ნამდვილად ერთი ოჯახი ვიყავით, ერთი გუნდი ვიყავით, ერთი რაზმი ვიყავით.

დიდი ბოდიში – იქ გია არ იყო!

მას ჰქონდა თამამი რაღაც ნაბიჯები გადადგმული. ერთხელ შარტავას დროს გუდაუთაში ჩავედით. აფხაზები გვაძლევენ ტყვებს. ტყვეების მორიგი გადმოცემაა. მე უკვე ვიცი, წინასწარ მითხრეს, რომ დღეს არ გამოვა გადმოცემა. შარტავა კი ჩამოვიდა, თქვენ კი ჩამოხვედით, მაგრამ დღეს არ გამოვა გადმოცემა, ამიტომ რამოდენიმე დღეში გადმოგცემთო. უკვე გამოცდილები ვართ. უკვე ერთი ფუთი მარილი გვაქვს ნაჭამი აფხაზებთან და უკვე ვიცი, რომ არ მომატყუებენ. და თანახმა ვარ. გია ჩამოვიდა. თქვა, რომ არა, თუ არ მოგვცემთ არ წავალო აქედან. დარჩა! ყველას გაგვიკვირდა. თამამი ნაბიჯი იყო ნამდვილად, მაგრამ არაფრის მომტანი. იმ ტყვეებს მაინც მოგვცემდნენ ჩვენ, მაგრამ მან ჩათვალა, რომ მის სინდისთან ეს შეუსაბამო იყო და დარჩა. ორი დღის შემდეგ ტყვებიც მოგვცეს და გიაც დაბრუნდა.

გულახდილად ვიტყვი: გიას იქ ყოფნით ან არ ყოფნით არაფერი არ შეცვლილა, არც არაფერი მომატებია საქმეს, არც არაფერი დაკლებია საქმეს.

გულახდილად გეტყვი: ჩემი და იმ ბიჭების გარეშე ძალიან ბევრი ადამიანი დღეს ცოცხალი არ იქნებოდა, ძალიან ბევრი გადმოსვენებული არ იქნებოდა და ოჯახებს თავისი შვილების გვამები არ იქნებოდათ საფლავში. იმიტომ რომ ჩვენ აი ამ ხელებით ვთხრიდით ჩვენი ბიჭების გვამებს და გადმოგვქონდა.

დევნილების უმრავლესობა თავისი რისკით არის გამოსული. არავითარი სახელმწიფო არ იყო. დევნილები, განსაკუთრებით გუმისთის იქით სოფლები. მაგრამ ვიღაცა ჩვენც გამოვყავდა, სახელმწიფოს. მე ვიყავი ამის კოორდინატორი.

სოფლები ბზიფი, ალახაძე, ლიძავა, ლიხნი, ახალსოფელი გუდაუთაში, მესამე კილომეტრი [ასე ერქვა სოფლებს – მესამე, მეშვიდე კილომეტრი] – სულ ჩემი გამოყვანილია. მაგრამ ეს არის ზღვაში წვეთი. ვინც სახელმწიფომ გამოიყვანა ეს არის დევნილების 20%. დანარჩენები თავისით გამოვიდნენ, თავისი რისკით.

თქვას გიამ პატიოსნად, რატომ გამოგვყავდა ჩვენ სოფლები?

კვირა არ გავიდოდა, კვირა რომ ვიღაც არ მოეკლათ იქ. კვირა არ გავიდოდა, რომ ახალგაზრდა ბიჭები, როგორც წესი საომარი წლოვანების ბიჭები გაყავდათ, მძევლად აყავდათ, ყავდათ რაღაც დრო და მერე მკვდარი. მერე მკვდარს უბრუნებდნენ ოჯახს. უკვე აუტანელი იყო.

ამიტომ დიახ, მე ვმონაწილეობდი ამ ევაკუაციაში, იმიტომ, რომ სხვა გზა არ გვქონდა. როგორც წესი ვინც აქეთ გვყავდა იმ მეომრების მშობლებს ხოცავდნენ. გაიგებდნენ რომ მეომარი იბრძოდა, სოხუმში იყო, პოულობდნენ მათ მშობლებს ალახაძეში იქნებოდა თუ სხვაგან…

იაგო ხვიჩია: ისინი აკონტროლებდნენ ამ სიტუაციას იმ სოფლებში?

პაატა ზაქარეიშვილი: არ იყო ძალიან ძნელი გამოცნობა ვისი შვილი სად იბრძოდა.

იაგო ხვიჩია: არა, არა. თვითონ ისინი აკონტროლებდნენ იმ წესრიგს იმ პერიოდში იმ სოფლებში?

პაატა ზაქარეიშვილი: აფხაზები? რა თქმა უნდა. მათი მხარეს, მე ვგულისხმობ გუმისთის იქით. ანუ გუდაუთის რაიონი, ბიჭვინთა. გაგრის რაიონი. რა თქმა უნდა აფხაზი აკონტროლებდა.

იაგო ხვიჩია: კარგი. გაგრიდან სოხუმამდე რა ხდება? მესმის რომ დიდი პერიოდია, მაგრამ რაღაცნაირად კონტექსტი რომ წარმომადგენინოთ, ჰუმანიტარული მათ შორის.

პაატა ზაქარეიშვილი: მე გეტყვი ჩემს ასე ვთქვათ არასამხედრო აზრს. კონტექსტი იყო, რომ უკვე პოზიციური ბრძოლები იყო. პრაქტიკულად თითქმის არავითარი მოძრაობა არ არის. იანვარში იყო რაღაც მცდელობები და მარტში იყო ძლიერი შემოტევა.

იქ ვიყავი. სულ იქ ვიყავი, მაგრამ ერთი-ორჯერ თბილისში დავბრუნდი ტანსაცმელი რომ გამომეცვალა. იქ ვიყავი ვგულისხმობ გუმისთაზე ვიყავი, შტაბში ვიყავი. იქ რაჭველი კაცი იყო შტაბის უფროსი. ხომ არ გამოვიქცეოდი?! შტაბში ვიძინებდი ხოლმე. სხვა გზა არ მქონდა.

იქ ვიყავი და ამ დროს იწყება შემოტევა. ღამეა, მარტია. ჯერ კიდევ თოვლი იდო. მძიმე ზამთარი იყო მაშინ. პირდაპირ ვხედავ ცეცხლის ხაზი როგორ გრძელდება, გრძელდება, და უკვე ალყაში ვხვდებით. მაშინ ვთქვი, რომ მე სროლა ვიცი მეთქი, ჯარში ნავყოფი ვარ და ერთი ავტომატი მეც მომეცით მეთქი, ჩემს გამო თქვენ რატომ უნდა მოკდე მეთქი. პირველად ვიყავი მზად იარაღი ამეღო და თავი დამეცვა. მომიჩინეთ მეთქი ჩემი პოზიცია. მთელი ღამე სროლები იყო.

ჩვენმა ბიჭებმა, განსაკუთრებით არტილერისტებმა ფანტასტიკურად იმუშავებს. პირდაპირ ვუყურებდი ჭოგრიტში მაჩვენებდნენ ხოლმე, როგორ ფეთქდებოდა მანქანები.

ეს იყო ყველაზე დიდი წარმატება. მაგრამ ეს იყო თავდაცვითი წარმატება. ეს იყო შემოტევა, რომელიც ჩვენ მოვიგერიეთ. აი ამ მარტის შემდეგ აფხაზები მიხვდნენ, რომ სოხუმის აღება შეუძლებელია და ეს იყო სერიოზული დარტყმა.

მარტის შემდეგ იწყებენ სოხუმჰესიდან, ზემოდან, ჩრდილოეთიდან [ბარათაშვილის ხიდი არის სოხუმში] იქედან გზის გაყვანას. ხალხი ბარათაშვილის ქუჩიდან სულ ჩამოდიოდა და ამბობდნენ, “ტრაქტორი მუშაობს, ტრაქტორი მუშაობს! რაღაც გააკეთეთ, რაღაც იმოქმედეთ!” . გზა გამოიყვანეს იქედან. და ჩვენ პრაქტიკულად სოხუმი დავკარგეთ აი ამ ბარათაშვილის ხიდიდან. ჩემი აზრია ეს. ჯობია ამაზე სამხედროებმა უფრო დეტალურად თქვან.

ვიდრე ქალაქში არ შემოვიდნენ სულ პრაქტიკულად იქ ვიყავით. მე გადამარჩინა ჩემმა ტყვეებმა. აი მიშა კოკაია რომ ვთქვი – მე სულ შარტავას გვერდში ვიყავი.

ეხლა ნამდვილად არაა ლამაზი ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ძალიან ახლოს ვყავდი შარტავას. მაგალითად მასთან ერთად მეძინა მის ოთახში. ანუ როცა არც მას ჰქოდა არსად დასაძინებელი და არც მე – გვეძინა სოვმინში. ერთი-ორჯერ ერთად გვეძინა. ერთი-ორჯერ კი არა რაღაც გარკვეული პერიოდი. გუდაუთაში მოლაპარაკებებზე სულ მე დავყვებოდი. როცა მივდიოდით მის მანქანაში მე ვიჯექი ხოლმე. მანქანა მაინც არ მყავდა. მის მანქანაში მე ვიჯექი. მივდიოდით. მოლაპარაკებები მიდიოდა. მე მხოლოდ ტყვეებზე ვლაპარაკობდი. ტყვეები ძალიან ცენტრალური თემა იყო. ამიტომ როცა ტყვეების თემა დადგებოდა მე ვერთვებოდი. ყველა მოლაპარაკება სოჭში და გუდაუთაში ტარდებოდა.

იაგო ხვიჩია: შარტავას როლზეც მითხარით რამოდენიმე წინადადება. ამ ომში გაცნობილ შარტავაზე და იმ პერიოდზე და პროცესზე, როცა თქვენ მოგიწიათ მასთან ურთიერთობა. რა მიზნით მოძრაობდა ის იქ?

პაატა ზაქარეიშვილი: გამსახურდიას დროს, როცა პირველი არჩევნები იყო, კომუნისტების დროს მე და შარტავა კენჭს ერთად ვიყრიდით რუსთავში. მაშინ მე და ჟვანია ვიყავით და შარტავა კომუნისტებიდან იყო. და როცა იქ გამიცნო “ო, პაატა, შენ ის პაატა არ ხარო რუსთავში, რომ მებრძოდიო?!” საბოლოო ჯამში გამსახურდიმ გაიმარჯვა, მრგვალმა მაგიდამ. მეც წავაგე და შარტავამაც. ასე გავიცანით ერთმანეთი.

უკეთილშობილესი ადამიანი.

საერთოდ შევარდნაძის ორ უძვირფასეს მეგობარს ვიცნობდი, რომლებიც პირობით ვთქვათ აღმერთებდნენ შევარდნაძეს, რომლებიც დიდ პატივს სცემდნენ მას. შარტავას და კავსაძეს ვიცნობდი. კავსაძე ცოცხალია და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს. სვეტიცხოვლის წინამძღვარია დღეს. სხვა ისტორიაა, უნიკალური ისტორიაა კავსაძის ისტორია. ფანტასტიკური ისტორია.

ორივეს სულ რაღაცაზე ვეჩხუბებოდი. უფროსები კი იყვნენ, მაგრამ შევარდნაძე არ მიყვარდა ძალიან. რა არის ამ შევარდნაძეში ასეთი, რომ მოგწონსთქო? კაი რა, ნუ მეკითხებიო, შარტავა მეუბნებოდა, არა ხარ მართალიო. შენ არ იცნობ მაგ კაცსო და ეს ესე არ არიო.

მოკლედ ძალიან ახლოს ვიყავით. ამ მოლაპარაკებების დროს ძალიან მალე დავვახლოვდით. მოლაპარაკებებში ხედავდა თუ როგორ ვზრუნავდი ტყვეებზე.

მეც გული დამწყდა ბარამიძეზე იმიტომ, რომ ყველაფერს ვაკეთებდით, რომ აფხაზ ტყვეებს თმა არ ჩამოვარდნოდათ. მე მაინც მგონია, რომ ჰუმანისტი ადამიანი ვარ, ნამდვილად კაცმოყვარე ვარ და ადამიანის უფლების დამცველი ვარ, მაგრამ ამას პოლიტიკური განსაზღვრებაც ჰქონდა: აქედან რომ წავიდოდა გაცვლილი უკვე იქ არ უნდა ელაპარაკა, რომ მაწამებდნენო.

დიახ, როცა ტყვედ აყავდათ თავშიც წამოარტყამდნენ და შეიძლება სამწუხარო რაღაცეებიც ხდებოდა, მაგრამ როგორც კი ჩვენთან მოხვდებოდნენ – მორჩა, გამორიცხული იყო მათთან ზემოდან საუბარი.

ჩემთან ძალიან ახლოს იყო ავთო იოსელიანი – აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და თემური, გამახსენდება გვარი. გენერალი იყო. სამწუხაროდ კოვიდით გარდაიცვალა. სვანური გვარი აქვს. ის იყო…უსაფრთხოების სამსახურის ეს ხალხი იყო ვინც გვერდში მედგა. მე რომ მივდიოდი გუდაუთაში ამ კაცს, გენერალ კაცს, ღამე არ ეძინა, რამე არ მოგსვლოდა იქო.

შარტავა იყო არ ვიცი, ასეთი კეთილშობილი კომუნისტი ცხოვრებაში არ მინახავს. კომუნისტებზე არასდროს არ მქონდა კარგი წარმოდგენა და მართლაც უაღრესად კეთილსინდისიერი ადამიანი იყო, პატიოსანი ადამიანი.

სულ მიკვირდა – რიგითი კომუნისტები კი იყვნენ ნორმალური ადამიანები, მაგრამ ასეთ მაღალ თანამდებობაზე [რუსთავის რაიკომის მდივანი იყო თუ არ ვცდები] ვერ წარმომედგინა. ასეთი დონის ადამიანებს ვიცნობდი, როგორც ადამიანებს, რომლებიც… კავსაძეც გორის რაიკომის მდივანი იყო თუ არ ვცდები და მიუხედავად ამისა მართლა ძალიან…

მაღალი რანგის კომუნისტებზე წარმოდგენა აი ამ ორმა ადამიანმა შემიცვალა.

ძალიან ახლოს ვიყავით. მენდობოდა. როგორც კავსაძე, ისე – შარტავაც მენდობოდა. “როგორც შეთანხმდები – ისე იყოს”. კავსაძე მეუბნებოდა “თუ შენ აღმოაჩენ, რომ ბოლო სიტყვა შენია და რაღაცა უნდა გაკეთდეს თუ არა და საქმე ფუჭდება – ჩემი სახელით მიიღე გადაწყვეტილება და გააკეთე რაც საჭიროა.” როგორც წესი ამას ვაკეთებდით.

შარტავამდე იყო ნადარეიშვილი. იმას რატომღაც არ მოვწონდი. არ ვუყვარდი იმიტომ, რომ მე სულ აფხაზებზე ვლაპარაკობდი, აფხაზებთან მოლაპარაკებებზე, თანასწორობაზე და ეს მას აღიზიანებდა. მაგრამ მერე რაღაც პერიოდში ნადარეიშვილი წავიდა, შევარდნაძემ გაუშვა და მოიყვანა შარტავა.

შარტავამ ვითარება ძალიან შეცვალა.

იაგო ხვიჩია: შარტავა რა პრინციპით მოძრაობს ამ ომში? მისი პოზიცია რა არის? რა უნდა მოხდეს? რისი მიღწევა უნდა მას ამ ომში?

პაატა ზაქარეიშვილი: მე მოლაპარაკებებს ვესწრებოდი, თვითონ არ ვმონაწილეობდი.

მე მგონია, რომ შარტავას მთავარი ამოცანა იყო დაეჯერებინა აფხაზები, რომ მოლაპარაკებებით მათი ინტერესების დაცვა შეიძლებოდა.

ჩვენი ხედვები ერთმანეთს ემთხვეოდა. მეც ასე ვფიქრობდი. შეიძლება მისგან ბევრი ავიღე, არ გამოვრიცხავ.

ომით ვერაფერს ვერ მივაღწევთ. ეს ომი არის ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელი, ეს იყო დიდი სამარცხვინო რამ რაც… ადამიანი ცოცხალი არაა და ძნელია მის ნაცვლად ლაპარაკი, არ გამოვა ლამაზად… და უნდა როგორმე ვიპოვოთ საერთო ენა.

აფხაზებს მოსწონდათ მასთან ლაპარაკი, აფხაზები ენდობოდნენ მას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩემთან მიმართებაში ეს მომენტია რაც დღემდე მომყვება. როცა გაქვს ნდობა იოლად მოგყვებიან ბევრ რაღაცეებზე. არ უნდა უღალატო. ანუ შენ ნდობა არ უნდა გაუცრუო. თუ ნდობას ინარჩუნებ…

აი 30 წელი გავიდა და მე ჯერ აფხაზური მხარიდან ჩემს მიმართ გაბზარული დამოკიდებულება არ მინახავს.

შარტავაც აი ამ კატეგორიის ადამიანი იყო. მე არ გამოვრიცხავ რომ შარტავასგან რაღაც რაღაცეები ავიღე ვნახე რა, როგორ ელაპარაკებოდა ის აფხაზურ მხარეს.

მისი მთავარი კონცეფცია იყო რომ შევარდნაძე ყველაფერზე მოდის, თანახმა ვართ… ლაპარაკი არ იყო დამოუკიდებლობაზე. დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი მხოლოდ ეხლა წამოვიდა 2008 წლის კონტექსტში. მაშინ მიხვდნენ, რომ შეიძლება შანსები გაუჩნდათ. მანამდე ყოველთვის ძალიან ზერელედ ლაპარაკობდნენ.

მთავარი კონცეფცია იყო, რომ ჩვენ მოვახერხებთ თქვენი ისეთი ღირსეული პირობების შექმნას საქართველოში რაც თქვენ გეკადრებათ და ამას ერთად გავაკეთებთ. ამას ცალკე ჩვენ არ შემოგთავაზებთ. ძალიან ცუდი პრაქტიკა იყო, როდესაც ჩვენ, თბილისი ან მოსკოვი, თქვენ გთავაზობდით თქვენთვის კარგ რაღაცეებს. ეს გამოირიცხება. აწი ყველაფერი იქნება თქვენთან შეთანხმებით, თქვენგან წამოსული პირობებით.

აფხაზებს ესმოდათ, რომ საქართველოსან ვერ გამოძვრებოდნენ. ანუ საქართველოსთან ურთიერთობები მოუწევდათ აუცილებლად. არანაირად არ ჩანდა მათი დამოუკიდებლობის კონტურები. ამიტომ მათ უნდოდათ ომიდან მაქსიმალური ქულები აეღოთ, რომ მერე ჩვენთან ომის კონტექსტიდან გამომდინარე ლაპარაკი დაეწყოთ. ესე მოდიოდა დიდი ხნის განმავლობაში, პრაქტიკულად 2003-04 წლამდე ესე მოდიოდა და 2008 წელს ეს ყველაფერი დასრულდა, როცა უკვე რუსეთმა აღიარა.

იაგო ხვიჩია: მაშინ რამ გამოიწვია ის რომ შარტავა, ტყვე ჩავარდნილი შარტავა მოკლეს? თუკი ამ ადამიანის მიმართ არსებობდა ასეთი ტიპის დამოკიდებულება.

პაატა ზაქარეიშვილი: ეს ცნობილი ფაქტია. შემთხვევით მოხდა მისი მკვლელობა. როგორ მოხდა ეს?

სხვათა შორის ამას წინათ ფილმი გადაიღეს. ვნახე გამოსულა. “სოხუმი” ქვია ფილმს და იქ მეტ-ნაკლებად კარგად არის აღწერილი. ეს მართლა ესე არის.

მოკლედ აფხაზებმა და ჩრდილოკავკასიელებმა მინისტრთა საბჭოს ალყა შემოარტყეს და აშკარად ჩანდა, რომ უკვე ბარდებოდნენ ჩვენები. ძალიან დიდი შემოტევა იყო. იქედან რადიოთი თუ რაღაც ფორმით უთხრეს, რომ ჩვენ მოლაპარაკება გვინდა თქვენთან და შარტავამ მათი რამოდენიმე წარმომადგენელი შემოუშვა. ვინც შემოვიდა სამი თუ ოთხი კაცი იყო, მათ განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატეს შარტავას მიმართ და უთხრეს, რომ ჩვენ თქვენ გიცნობთ, პატივს გცემთ, თქვენს მიმართ გვაქვს დიდი პატივისცემა. ჩვენს ინტერესებში არ არის თქვენი, მაგალითად განადგურება, თქვენ უნდა დანებდეთ, უნდა ჩააბაროთ იარაღი, ცალ-ცალკე გამოხვიდეთ, ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს უსაფრთხოებას და გუდაუთაში გადაყვანას.

მე იქ არ ვყოფილვარ ბუნებრივია, არც შენ ყოფილხარ. ეს არის მუშა ლეგენდა. ყველა ამას ყვება, ვინც რაღაცა იცის.

იაგო ხვიჩია: ვინმე ცოცხალი მონაწილე არ არსებობს?

პაატა ზაქარეიშვილი: კი, კი არის. ცოცხალი ბევრი გადარჩა და ეს დადასტურებაა კიდეც იმისა, რომ მათი მოკვლა არ უნდოდათ.

ამ ხალხის გამოყვანა დაიწყეს. შეთანხმდნენ მართლაც, იარაღს დებენ, ხელებს წევენ და გამოდიან.

ეს მომენტი არ ვიცი ნამდვილად რა მოხდა. რაღაც ხდება და უცებ იწყება სროლა. იწყება აი საშინელი …კადრებიც არსებობს, როცა იქ გაბისკირიას და მთავრობის წევრებს ხოცავენ და პირდაპირ ვარდებიან მიწაზე. ეს ელემენტი დღემდე არ ვიცი რა მოხდა. ვიღაცას აღმოაჩნდა იარაღი თუ ვიღაცამ სპეციალურად გაისროლა არ ვიცი. რამოდენიმე ადამიანი, ოთხი-ხუთი ადამიანი გამოვიდა, ჩასვეს ტრანსპორტში და დანარჩენები მოდიან.

იაგო ხვიჩია: მათ შორის შარტავაც?

პაატა ზაქარეიშვილი: მათ შორის შარტავაც.

იაგო ხვიჩია: ანუ შარტავა ჩასმულია და გარეთ სროლა მერე იწყება?

პაატა ზაქარეიშვილი: ალბათ ესე იქნებოდა. თან შარტავამ პირობა დაუყენა, რომ ჩემი ხალხის გარეშე არ წამოვალო და ეს პირობა მიღებული იყო. მიდიან მანქანაში, სხდებიან და ამასობაში ხდება სროლა. ნაწილს ხვრეტენ ადგილზე, ესეც კიდე მტკიცებულება ტყვეების დახვრეტისა, და ვინც მანქანაში რჩება ეს მანქანა მიდის. მაგრამ შენობა დიდია და იქ ბევრი ადამიანი დარჩა და რაკი პირობაა აღებული ცოცხალს ვისაც პოულობენ ყველა გამოყავთ მანქანაში სვამენ და გუდაუთაში უშვებენ. არ ხვრეტენ. ანუ პირობა შარტავასთან, რომ არ დახვრიტოთ ტყვეები, მუშაობს.

შარტავას მანქანა დაადგა გზას. გაიარეს ახალი ათონი. ახალ ათონთან პოლიციის ტეკი თუ რაღაცა იყო და მათ იქ უკვე ჩრდილოკავკასიელები აჩერებენ .

ისევ და ისევ ეს არის ლეგენდა, რომლისაც მე მჯერა იმიტომ, რომ გადამოწმებულია, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ შენთან ეთერში მოვიდეს ვინმე და სხვა რამე მოყვეს. ამიტომ ესეც მნიშვნელოვანია. მაგრამ ეს არის ძირითადი, წამყვანი ლეგენდა, რომელიც დღემდე მუშაობს.

ჩრდილოკავკასიელები აჩერებენ მანქანას. მანქანა უნდათ. ქალაქი აღებულია, საძარცვად უნდათ მანქანა.

იაგო ხვიჩია: ეს მანქანა აფხაზების არ არის?

პაატა ზაქარეიშვილი: ხო მანქანა აფხაზებისაა, მაგრამ გარკვევა უნდათ რა მანქანაა. გარედან ხო არ აწერია რა მანქანაა? ჩრდილოკავკასიელები, რაც მე გავიცანი ისინი, არიან ძალიან “ძერსკები”, რუსულად რომ ამბობენ, აი ყველაფრის მკადრებლები. მე ტყვეებს მათთანაც ვცვლიდი. როგორც ჩვენს ბატალიონებს ყავდათ ტყვეები ისე მათაც ცალკე ჰყავდათ ტყვეები ამიტომ გაგრაში ჩავდიოდი მათთან სალაპარაკოდ. გაგრაში იყო დიდი სანატორიუმი “არმენია” და ჩრდილოკავკასიელები ძირითადად “არმენიაში” ცხოვრობდნენ.

მანქანა გამოვიდა. ო, ქართველები? რა ქართველები! წაარტყეს, წამოარტყეს. აფხაზებმა უთხრეს, არა, ესენი ტყვეები არიან. რა ტყვეები! და ისევ და ისევ – ამის მოწმე არ არსებობს. აფხაზები თვითონ ყვებიან. შეიძლება თავს იმართლებენ, რომ თითქოს ვიღაცას, შარტავას დაცვას აღმოაჩნდა იარაღი. რევოლვერი ჯიბეში თუ რაღაცა. შარტავას გაარტყეს, ამან დაიცვა როგორც დაცვამ, დაცვას დაარტყეს, დაინახეს იარაღი, ამოიღეს და ატყდა სროლა.

პირველი თურმე მოკლეს შარტავა და მერე უკვე, რადგან შარტავა მოკლეს სხვების სიცოცხლეს რაღა აზრი ჰქონდა და ყველა მიახვრიტეს.

ესეც ჩვენი ტყვეების მორიგი დახვრეტა.

რა ხდება არ ვიცი უკვე. გვამები იქვე სადღაც მიჩქმალეს.

იაგო ხვიჩია: იქ აფხაზები არ იყვნენ ამ მანქანაში?

პაატა ზაქარეიშვილი: კი მაგრამ ისინი არ მოუკლავთ. ამათ რა უნდა ექნათ? გვერდზე გადგნენ. თანაც აფხაზებში ჩრდილოკავკასიელების მიმართ ყოველთვის რაღაც გარკვეული პატივისცემი და შიში იყო, იმიტომ რომ ისენი მართლა თავზე ხელაღებული ხალხი იყო.

დანარჩენი ყველა ვინც ცალ-ცალკე მანქანებით გაუშვეს – ყველა ცოცხალი ჩავიდა გუდაუთაში. დახვრეტა რომ ნდომებოდათ ყველას დახვრეტნენ.

მე მაინც მგონია, რომ შარტავას დახვრეტა იყო დაუგეგმავი.

იაგო ხვიჩია: ამაზე ბოდიში ვინმეს არ მოუხდია?

პაატა ზაქარეიშვილი: მემგონი შევარდნაძეს პასტუხოვმა მოუხადა ბოდიში. პასტუხოვი უკვე ძალიან სერიოზული ფიგურაა მოსკოვში. მანამდე იყო კომკავშირის პირველი პირი საბჭოთა კავშირში და ამით იყო ცნობილი. პასტუხოვის პირადი თხოვნა იყო არძინბაზე, რომ თუ შეიძლება…

ისევ ისევ – ეს ყველაფერი ლეგენდებია. რატომ ლეგენდები? იმიტომ, რომ ამას ყვებიან ან აფხაზები, ან ვინც ვითომ მოესწრო. ამიტომაც ასეთი განცხადებები, რასაც იგივე ბარამიძე ამბობს, არ არის ბოლომდე სანდო. რასაც მე ვამბობ ისიც თუ გინდა, მაგრამ ეხლა მე არაფერს არ ვამტკიცებ. ჩემი პირით ვამბობ, რომ რაც ლეგენდაა – ლეგენდა.

ასეთი ზეპირი ისტორიები საინტერესოა.

შენ უამრავი ხალხი გყავს ჩაწერილი. მე ბევრს ვუსმენ. ბევრის არ მჯერა. ეს ჩემი საქმეა. ჩემს ლეგენდებს არ ემთხვევა მათი მონაყოლი, მაგრამ ძალიან უნიკალური გადაცემა გაქვს და ამისთვის დიდი მადლობა. იმიტომ კი არა, რომ ყველაფერ სიმართლეს ამბობენ? არა, რასაც ამბობენ მნიშვნელოვანია.

თუკი ადამიანი იტყუება ესე იგი მას სჭირდება ეს ტყუილი. თუ მე სპეციალისტი ვარ – უნდა გადავამოწო. ამან ეს თქვა – მე კორელაციას მოვახდენ ამასთან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რასაც ამბობენ, რაც არ უნდა თქვან, არ შეიძლება მათი შესწორება, უნდა თქვან ყველაფერი რასაც ფიქრობენ.

ასე რომ რასაც მე ვამბობ შარტავაზე ის აფხაზებიდან ვიცი. მათგან ვიცი, რომ პასტუხოვმა სთხოვა არძინბას, რომ თუ შეიძლება გადაგვირჩინე შარტავა. შარტავაც თავის დროზე საქართველოში კომკავშირის ერთ-ერთი ლიდერი იყო. შევარდნაძემ – პასტუხოვს, პასტუხოვმა – არძინბას, არძინბამ გასცა ბრძანება, რომ ჩამომივიყვანეთ შარტავა ცოცხალი. შარტავა ცოცხალი არ ჩაიყვანეს. აფხაზები ყვებიან თითქოს ძალიან დიდი სკანდალი ჰქონია პასტუხოვს არძინბასთან და არძინბას ბოდიში მოუხდია პასტუხოვისთვის და პასტუხოვმა – შევარდნაძეს.

ჩანს აშკარად, რომ შარტავას მოკვლა არ იყო გეგმაში. ვიდრე სხვა მტკიცებულებები არ მექნება მე ესე მგონია.

იაგო ხვიჩია: ბატონო პაატა, თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ან იმ ინფორმაციით რაც თქვენს თავშია – დაახლოებით რამდენი ცოცხალი ტყვე გაცვლილა? შეიძლება ზუსტი ციფრი არ გახსოვთ, მაგრამ საქართველოს მხრიდან დაახლოებით რამდენი აფხაზი მიგვიცია ჩვენ, როგორც ცოცხალი, ისე – გარდაცვლილი და პირიქით – რამდენი გადმოუციათ მათ?

პაატა ზაქარეიშვილი: ქართველები გამოყვანილი მყავს დაახლოებით 300. ერთხელ ძალიან რომ შემომიტიეს ჩემს მეგობართან ერთად დავთვალე ჩემი არქივის მიხედვით, გაცვლილების პროტოკოლების მიხედვით.

300-ზე მეტი, 300-დან 350-მდე გამოყვანილი მყავს სამხედრო ტყვე, ვინც ფორმით ჩაბარდა და იარაღით ჩავარდა ბრძოლის დროს. მძევლებს არ გულისხმობ. მძევალი არ ვიცი, 1000 ალბათ.

თითქმის ყოველ კვირა გამოგვყვავდა მძევალი. მძევალი არის, მაგალითად აიყვანეს გლეხი. ჩემთვის მძევალი უფრო მნიშვნელოვანი იყო გულახდად რომ გითხრა. ჩემი მეგობრები არიან სამხედროები, ვენაცვალე ყველას, მაგრამ ადამიანი, გლეხი რომელიც არ ომში მონაწილეობას გეგმავს და ომში ხვდება – ჩემთვის უფრო მტკივნეულია. ადამიანი როდესაც სამხედროა, შეგნებულად მიდის სამშობლოს დასაცავად – მან უკვე დაახლოებით იცის…

როდესაც მე წავედი ომში თავიდან გათვითცნობიერებული არ მქონდა. სადღაც შუაში, მარტის ბრძოლების შემდეგ მივხვდი, რომ “პაატა, აქ შემთხვევით არ მოხვედრილხარ. აწი იცოდე, რომ შეიძლება ცოცხალი არ დაბრუნდე.” და მართლაც, მაისში კინაღამ მოვკვდი. ხუთი მაისი ჩემი ხელახლა დაბადების დღეა. სოსო მარგიშვილთან ერთად სიკვდილს გადავურჩი. ერთი ყუმბარა ჩამოვარდა – ორი კაცი სრულიად დაიფლითა და სამი კაცი ნაკაწრის გარეშე გადავრჩით. სასწაული, რასაც ქვია! ერთმა ყუმბარამ ორი დაფლითა და სამი – გადავრჩით: მძღოლი, მარგიშვილი და მე.

გლეხი კი, რომელიც ადგილზე ცხოვრობს, შეუვარდება ვიღაც, ოჯახს აუწიოკებს, ქალი ან კაცი, ქმარს მოუკლავენ – საშინელებაა… ამიტომ მძევლის გამოყვანა ჩემთვის ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანი იყო.

როდესაც გია ტყვეებზე საუბრობს, მძევლებზეც ისაუბროს. ჩვენ სოფლები იმიტომ გამოვიყვანეთ, რომ მძევლების მთელი სალარო იყო მეორე მხარისთვის.

მძევლები აყავდათ და აყავდათ. პრობლემა არ ჰქონდათ. როდესაც ლათაში ვერტმფრენი ჩამოვარდა – აფხაზებმა მთელი სოფლები აიყვანეს მძევლად. კაცი მოკლეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გვარად იყო ნადარეიშვილი. ასეთი უამრავი ფაქტი იყო.

მძევლები ბევრი იყვნენ, არ დამითვლია. ტყვეები პროტოკოლებით ითვლებოდა და მათი დათვლა იოლია.

სამასზე მეტი ქართველი ტყვე გვყავს გამოყვანილი და გადაცემული გვყავს სადღაც 60-70 ტყვე.

იაგო ხვიჩია: მძევლებთან დაკავშირებით როგორი სიტუაცია იყო?

პაატა ზაქარეიშვილი: თვითონ აფხაზურ ხელისუფლებაში მძევლების აყვანა არ იყო პოპულარული. ამიტომ ებრძოდნენ იმათ, ვისაც მძევლები აყავდათ. მაგალითად ანქვაბი ამას ნამდვილად ებრძოდა. ანქვაბი ჩემი პარტნიორი იყო. სტატუსით იყო სანდრო კავსაძის ტოლი.

ძალიან საინტერესო რამ. ომის დროს ხარ შინაგან საქმეთა მინისტრი. წარმოიდგინე თუ რა სტატუსი გაქვს ადამიანს. მტრის მხრიდან ჩამოსული არის ასევე სტატუსიანი ადამიანი – ტყვეთა გაცვლის კომისიის თავმჯდომარე პაატა ზაქარეიშვილი. არის მისი კაბინეტი. მაშინ მობილურები არ არის, არის ტელეფონები. ის მუშაობს როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი და შენ გვერდზე უზიხარ და ამოწმებ გვარებს. ეს სოფელი გამოგვყავს. მოდი დღეს გამოვიყვანოთ სოფელი ალახაძე. ყველა სახელი და გვარი შენახული მაქვს. იქ მას ვიღაცა უზის ვინც სოფელ ალახაძეს საქმე იცის. ამბობენ ეს წასულია, ეს აქ არის, ის იქ არის…გვარებს ვათანხმებთ, მერე მე მივდივარ ალახაძეში, მანქანით მივყავარ ვიღაცას, იქ ვხვდები ადგილობრივებს, ვეუბნები, რომ მე ვარ პაატა ზაქარეიშილი, ამა და ამ დღეს შეიკრიბეთ აქ და ვისაც გინდათ წაგიყვანთ სოხუმში. როგორც წესი ყველას უნდოდა წამოსვლა. ვიღაცეები რჩებოდნენ. როგორც წესი მოსახლეობის 80% მოდიოდა.

მე სულ წერილები დამქონდა. წერილში ეწერა ხოლმე – ეს ადამიანი, ვინც თქვენ წერილს მოგიტანთ არის პაატა ზაქარეიშვილი. შეამოწმეთ, სხვა არ იყოს. გამოყევით აუცილებლად, რასაც გეტყვით ის გააკეთეთ. მაშინ ტელევიზიები არ იყო, ეს ხალხი არ მიცნობდა სახეზე. რა იციან ვინ ვარ, შეიძლება მოღალატე ვარ, შეიძლება სულაც აფხაზებზე ვმუშაობ. და ასე ბრმად მომყვებოდნენ.

ასევე იქცეოდნენ აფხაზებიც. აფხაზები წერილებს მატანდნენ მათ ნათესავებთან სოხუმში და ასე გამყავდა ეს ხალხი სოხუმიდან. ამის გამო გავხდი ომის შემდეგ მოლაპარაკებებსა თუ სამოქალაქო საქმიანობაში მათთვის მისაღები.

თითქმის ყოველდღე ვუშვებდით… მაგალითად ოჩამჩირეში სადაც მხედრიონი იდგა, ან ტყვარჩელის მიმართულებით სადაც აფხაზების აღმოსავლეთ ფრონტის შტაბი იყო რუსლან ქიშმარიას მეთაურობით.

ანეგდოტივით იყო: ყოველ ორშაბათს ტყვარჩელის მიმართულებით ვხსნიდით ფრონტის ხაზს. მათი შტაბი იყო სოფელ ჭლოუში. იქიდან გამოდიოდა რუსლან ქიშმარია. მე აქედან მივდიოდი. შუაში იყო თუთის ხე. თუთა ხომ დიდხანს მწიფდება და მერე დიდი ხანი მწიფედ ასხია. მე და რუსლან ქიშმარია დავდგებოდით ამ თუთის ქვეშ და ვჭამდით ამ თუთას. ამ დროს კი მიმოსვლა იყო. ვიღაცას ჭლოუდან ძროხა მოყავდა, ვიღაც იქით გადადიოდა. ორშაბათობით ხდებოდა ეს. ამ დროს კი ჩვენ მეომრებს რუსლან ქიშმარია ყავდათ მიზანში აყვანილი, აფხაზებს კი – მე. რამე შემთხვევით რომ მომხდარიყო – ორი კაცი თუთის ჭამის დროს მკვდარი იქნებოდა.

ასეთი პასტორალური სურათი იყო: მოლაპარაკებები, გაცვლები და ამ დროს ვიღაცას რამე რომ შეშლოდა და შემთხვევით გაესროლა – ცოცხალი არ ვიქნებოდი. ესე ხდებოდა ყოველ ორშაბათს.

მთელი კვირა დასავლეთ ფრონტზე ვმუშაობდი, გუმისთის მიმართულებით. კვირაში ერთი დღე, ორშაბათობით ვიყავი რუსლან ქიშმარიასთან ჭლოუს გზაზე. იქ ზოგან დანაღმული იყო და ა.შ.

მძევლების გაცვლა ასეთი ფორმით ხდებოდა. ლათაში რომ ვერტმფრენი ჩამოვარდა ასეთი ვერტფრენი დაფრინავდა რეგულარულად. ვერტფმრენი აფრინდებოდა ტყვარჩელში, დაჯდებოდა სოხუმში, ჩვენ მივდიოდით… ვინ ჩვენ ? უსაფრთხოება და მე, როგორც აფხაზების უფლებების დამცველი…

ძალიან სასაცილო რამეს ვყვები, როცა ვყვები ჩემი თავის თვითონ არ მჯერა. სანდრო კავსაძე გავლენიანი ფიგურა იყო, შევარდნაძის მარჯვენა ხელი იყო და მისი გაბრაზება არ შეიძლებოდა. მე კი მისი წარმომადგენელი ვიყავი და პრაქტიკულად ყველაფრის უფლება მქონდა. დღეს არც კი მჯერა იმდენი რამის უფლება მქონდა.

ჩვენ შევდიოდით, ესენი შეიხედავდნენ ვერტმფრენში. იქ უნდა ყოფილიყვნენ ქალები, ბავშვები, მოხუცი კაცები და მეტი არავინ. არავითარი დაჭრილი, ახალგაზრდა ბიჭი – არავინ უნდა ყოფილიყო. შეამოწმებდნენ. ყველაფერი წესრიგშია? აფხაზებთან შეთანხმებულ ხალხს ვამატებდით ვერტფრენში, სოხუმიდან ვისაც წასვლა უნდოდა იმ აფხაზებს ვამატებდით. ვერტმფრენი აფრინდებოდა, ძალიან დაბალი ფრენით ნაპირ-ნაპირ სოხუმიდან გუდაუთაში ჩაფრინდებოდა.

ლათას ტრაგედია ეს სხვა თემაა.

იაგო ხვიჩია: იქ რა მოხდა?

პაატა ზაქარეიშვილი: დეკემბერში მოხდა საშინელება. ეს ძალიან მტკივნეული თემაა და ამაზე ადრე თუ გვიან საუბარი თუ ბოლომდე გამოძიება საჭიროა.

ტყვარჩელში ორი ვერტმფრენი აფრინდა. წესით უნდა წამოსულიყვნენ ჩვენსკენ. როგორც წესი ერთი ვერტმფრენი იყო ხოლმე. ორი ვერტმფრენი აფრინდა, ძალიან დიდი სიმაღლე დაიკავეს და პირდაპირ გუდაუთისკენ გაფრინდნენ. ნამდვილად ვერ ვიტყვი როგორ, მაგრამ ერთ-ერთი ვერტფმრენი იქნა ჩამოგდებული.

იაგო ხვიჩია: ვისი მხრიდან?

პაატა ზაქარეიშვილი: ბევრი ფიქრობ, რომ ქართული მხრიდან, მაგრამ ვინაიდან არ ჩატარებულა გამოძიება მე ვერ…

იაგო ხვიჩია: ვინ იჯდა შიგნით? აფხაზები ისხდნენ?

პაატა ზაქარეიშვილი: იქ იჯდა სამოცამდე ქალი და ბავშვი.

ეს არის აფხაზებისთვის ყველაზე დიდი ტრაგედია. როგორც ჩვენთვის არის 9 აპრილი – მათთვის 14 დეკემბერი არის ყველაზე დიდი ტრაგედია.

იქ იყვნენ ქალები და ბავშვები. და ოთხი ბოევიკი. ანცუპოვი, სხვები. ცნობილი ბოევიკები. ვიღაცამ იცოდა, რომ ამ ორი ვერტმფრენიდან იმ ერთში ისხდნენ ბოევიკები და ჩამოგდებულ იქნა ქალებიან-ბავშვებიანად.

ეს არის უდიდესი ტრაგედია, რომელსაც აფხაზები დღემდე ვერ გვპატიობენ. მათი აზრით ჩვენ ჩამოვაგდეთ.

ვინაიდან არანაირი დასკვნა არ არსებობს მე ჩემს თავს ვერ მივცემ უფლებას ესე საჯაროდ ვთქვა, რომ აი ამან და ამან ჩაიდინა, ამ მხარემ და იმ მხარემ.

შევარდნაძე ძალიან შეწუხებული იყო. მან ისეთი განცხადებები გააკეთა, რომელიც აჩვენებდა რომ ის შეწუხებულია და ამ საქმეს გამოიძიებს. ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია.

იაგო ხვიჩია: ესეც თქვენს ფორმატშია, როდესაც ვიღაც ხალხი უნდა გადავიდეს და მათ ნათესავები ელოდებიან? თუ ასეა ბოევიკებს რა უნდათ ამ ვერტფმრენში?

პაატა ზაქარეიშვილი: ჩემი აზრია, რომ რაკი ბოევიკები ვერტმფრენში არ უნდა ყოფილიყვნენ მათ გადაწყვიტეს ძალიან მაღლა აფრენილიყვნენ. ქალებს ხომ არ ჩამოაგდებენ? – ალბათ ეს ვარაუდი ჰქონდათ.

იაგო ხვიჩია: მაღლა აფრენა რატომ იყო საჭირო?

პაატა ზაქარეიშვილი: რაკეტა რომ არ მიწვდომოდა.

იაგო ხვიჩია: ვერტმფრენის ჩამოგდება ადვილია.

პაატა ზაქარეიშვილი: არ ვიცი ზუსტად. შეიძლება არ იფიქრეს, რომ ჩამოაგდებდნენ. ასეა თუ ისეა, გადაწყვეტილება ძალიან არასწორი იქნა მიღებული. ისინი ძალიან მაღლა აფრინდნენ და პირდაპირ გუდაუთისკენ გაფრინდნენ. ერთი ჩამოაგდეს. მეორეში მერე გაირკვა, რომ ბოევიკები არ იყვნენ.

დაღუპულების მემორიალი დღემდე არსებობს, სადაც ამ ბოევიკების გვარიც არის ამოტვიფრული. აფხაზებიც აღიარებენ, რომ ისინი ვერტმფრენში იყვნენ.

ნებისმიერ შემთხვევაში ეს საშინელი ტრაგედიაა.

ამ შემთხვევამდე ვერტმფრენები დაფრინავდნენ ჯერ სოხუმში და მერე იქიდან – გუდაუთაში. მათ ეს პრინციპი დაარღვიეს. ამ შემთხვევის მერე არ მახსოვს ზუსტად… არა, მას მერეც იყო ერთი შემთხვევა, გაზაფხულზეც.

იაგო ხვიჩია: ეს ამბავი ხდება იქამდე, სანამ ჩვენს თვითმფრინავებს აგდებენ თუ მერე?

პაატა ზაქარეიშვილი: არა, ეს ბოლო დღეებში მოხდა.

ერთ-ერთ თვითმფრინავში მეც უნდა ვყოფილიყავი. ტყვეები ჩამოვიყვანე და უკან უნდა დავბრუნებულიყავი. აეროპორტიდან ველოდებოდი შეტყობინებას, თუ როდის იქნებოდა თვითფრინავი სოხუმში. მაშინ ტყვეები გადმოვიყვანე და თბილისში ვიყავი. ამან გადამარჩინა. შარტავას ისტორიაც იმიტომ მოვყევი, რომ მის გუნდში ვიყავი და ალბათ მეც იქ მოვკვდებოდი. მაგრამ ვინაიდან ტყვეების გადმოყვანა, ევაკუაცია იყო აუცილებელი…

ესეც დახვრეტის თემას უკავშირდება – დავხვრეტდით, რა პრობლემა იყო. ტყვეების გამო მთელი თვითმფრინავი მომცეს. გენერალი გურგენიძე ჩამოფრინდა ЯК-42-ით. მანამდე სოფელ ფსხუში ვიყავი. ჩვენი ბიჭების 6 გვამები ამოვთხარეთ იქ. გაგრის აღების შემდეგ ტყეში მოდიოდნენ და გზაში დახვრიტეს აფხაზებმა. ისინი დამარხეს ფსხუში. ჩამოასვენეს გვამები. ექვსი კუბო. კუბოებზე დავსვით ტყვეების ნაწილი. მეორე ნაწილი ცალკე წამოვიდა, ნაწილი კი მე წამოვიყვანე.

ასე გადავრჩი ცოცხალი. ჩემმა ტყვეებმა გადამარჩინეს მე. ამ მიზეზით აღმოვჩნდი თბილისში, თორემ თბილისში ვერაფრით დავრბუნდებოდი.

იაგო ხვიჩია: ქართველ ტყვეებს გულისხმობთ?

პაატა ზაქარეიშვილი: არა, აფხაზებს! შემდეგ ისინი ხომ უნდა გაგვეცვალა. აფხაზი ტყვეები წამოვიყვანე თბილისში და განვარიდე სოხუმს, რომ შემდეგ გაცვლის მასალა გვქონოდა.

ვინაიდან აფხაზებმა არ იცოდნენ ომის დროს რამდენ მძევალს ავიყვანდით…

ჩვენ არ აგვყავდა მძევლები. მძევლები შეიძლება აგვეყვანა სოხუმში, მაგრამ არ გვიკადრებია ეს. მართლა არ გვიკადრებია ის რასაც აფხაზები კადრულობდნენ სოფლებში.

სოხუმში უამრავი აფხაზი იყო. მე მათ ვიცავდი. მათ ნამდვილად ერჩოდნენ. უვარდებოდნენ, ბინებს ართმევდნენ. იყო ესეთი შემთხვევები.

იაგო ხვიჩია: ქართველები?

პაატა ზაქარეიშვილი: ქართველები. ძირითადად გაგრიდან გადმოსული დევნილები. გამწარებულები იყვნენ, ამათმა სახლები წაგვართვეს და როგორ იტანთო?! არ იყო ლამაზი ისტორიები, მაგრამ ამიტომ ვარსებობდი მე და არსებობდა ეს კომისია, რომ მსგავსი რამეებისთვის წინააღმდეგობა გაგვეწია.

მაგალითად იყო შემთხვევები, როცა აფხაზების ბინებზე წარწერები იყო გაკრული [მე ვხსნიდი ამათ და დღემდე შენახული მაქვს] – ეს ბინა დაკავებულია ამა და ამ ადამიანის მიერ [გვარს არ დავასახელებ, ზეპირად ვიცი, უხერხულია], ბატალიონი ეს და ეს. ანუ თუ რამე შნო გაქვს – მოდი და მეჭიდავე. სოხუმის სადარბაზოებში რომ შეხვიდოდი იქ ნახავდი ასეთ რამეებს.

სად ეს ბოროტება და სად დახვრეტები. სხვადასხვა რამეა.

თანაც ჩვენ ამ ხალხს ვებრძოდით. პირადად მე 10-15 ძარცვა გავაჩერე. როცა ტელეფონით გვირეკავდნენ ადგილზე მივდიოდით. ქალაქის ტელეფონი სოხუმში ფანტასტიკურად მუშაობდა. ბოლო დღემდე მუშაობდა. მიშა კოკაიას ბოლო დღეს ვესაუბრე ტელეფონით. თბილისიდან დავურეკე და ტელეფონი აიღო, იმდენად კარგად მუშაობდა ეს სისტემა.

მე როგორც ადგილზე ადამიანის უფლებათა დამცველ სახელმწიფო წარმომადგენელს ორი დიდი პრობლემა მქონდა: პირველი – ტყვეები წაგვერთმია ბატალიონებისთვის და შეგვეგროვებინა, რომ შემდეგ გაგვეცვალა; და მეორე – აფხაზების ძარცვა. არა მძევლად აყვანა – არამედ ძარცვა. იყო ტელევიზორების წართმევა, მაცივრების წართმევა, კრიმინალი, მოროდიორობა იყო და ამ საქმეში სამხედრო პოლიციაც და ჯარიც გვერდში მედგა.

იყო პრობლემები, მაგრამ ეს პრობლემები მეტ-ნაკლებად გვარდებოდა. პრობლემებზე უნდა ვისაუბროთ, მაგრამ ისე არა თითქოს რაღაც…

იაგო ხვიჩია: 1993 წლის ზაფხულში შეთანხმებაა მიღწეული, რომელიც სექტემბერში დაარღვიეს. ამ ხელშეკრულების ხელმოწერის კონტექსტი მაინტერესებს. ამ ხელშეკრულებასთან ერთად ამ ტყვეებსა და მძევლებს რა ემართებათ? რატომ განახლდა ომი? რა განწყობით ხართ თქვენ – რამდენად გჯეროდათ იმ ზავის და რა დადებითი და უარყოფითი ამბავი მოჰყვა ამ ზავს?

პაატა ზაქარეიშვილი: მთელი ომის განმავლობაში მე მქონდა განცდა, რომ ჩვენ ვაგებთ და ვაგებთ. შევარდნაძე მუდმივად ქმნიდა განცდას, რომ ყველაფერი კარგადაა და ვითარება გამოსწორდება. აფხაზეთის ადგილობრივი მთავრობა სხვები ყველა ერთად ვიხარშებოდით…

სოვმინში რომ ვიძინებდით 11 სკამის პრინციპი გვქონდა. ხომ არის 12 სკამის პრინციპი? თუ 11 სკამს მოაგროვებდი – კარგად დაიძინებდი. ხუთ-ხუთ სკამს ჩაალაგებდი და მეთერთმეტე სკამს თავის ქვეშ დაიდგამდი. ბედნიერი კაცი იყავი. გაბისკირიას ყოველთვის მიქონდა ჩემი რამდენიმე სკამი. კაბინეტში შევიხედავდი, ვეკითებოდი – სკამები გაქვს? სამი სკამი ჩემზე იყოს. ამ ფონზე ბევრი იუმორიც იყო.

სულ მქონდა განცდა, რომ შევარდნაძე ცდებოდა. კი არ გვატყუებდა, მას ზედმეტი იმედები ქონდა, რომლებიც არაფრით არ მართლდებოდა.

14 აგვისტოს შევედით და პირველ ზავს ხელი მოეწერა 3 სექტემბერს. ეს მოსკოვის ცნობილი, სერიოზული ხელშეკრულებაა. ელცინმა არძინბას შევარდნაძესთან ძალით ჩამოართმევინა ხელი. ხელშეკრულებით ეს ფაქტობრივი გამარჯვება იყო, მაგრამ ერთ თვეში გაგრა აიღეს. მოგვატყუეს!

ამის შემდეგ ომის განმავლობაში სულ მცირე ორჯერ, სამჯერ იყო მცდელობები ხელი მოეწერათ ხელშეკრულებისთვის. სამივეჯერ მოხდა მისი ანულირება.

ერთხელ ხელშეკრულებაზე ხელი უკვე იყო მოწერილი, როდესაც ჟვანიამ გაიგო და პარლამენტში თქვა, რომ ჩვენთვის მიუღებელიაო. შევარდნაძემ უკან დაიხია და თქვა, რომ არავითარი ხელშეკრულებისთვის ხელი არ მომიწერიაო. არადა მე მაქვს ეს ხელშეკრულება. ხელმოწერილია.

იაგო ხვიჩია: ჟვანიამ გადააფიქრებინა? რა არგუმენტით?

პაატა ზაქარეიშვილი: ჩვენს ზურგს უკან როგორ მუშაობთო? რა დროს ხელშეკრულება, განიარაღება არისო?!

ჩემი მხრიდან ცოტა უსინდისობაა დღეს იმაზე საუბარი, რომ ეს მოგვიწევდა. მაგრამ მაშინაც იგრძნობოდა, რომ ადრე თუ გვიან ჩვენ ჯარების გამოყვანა მოგვიწევდა. ეს შევარდნაძე და კავსაძესთან საუბრებშიც ჩანდა.

როდესაც შევარდნაძეს პირისპირ ვესაუბრებოდი, ის თითქოს მენდობოდა სულ, და ამბობდა – ნუ, რა ვქნათ. როდესაც გუდაუთიდან ჩამოვდიოდი მომქონდა ხოლმე ინფორმაცია აფხაზებიდან ვინ რას ფიქრობდა. აფხაზებს ვესაუბრებოდი მხოლოდ. რუსებს არ ველაპარაკებოდი არასდროს. ასე ფიქრობს ანქვაბი, ოზგანი და სხვები. მეკითხებოდა ხოლმე ვინ რას გეუბნებაო? მერე თვითონაც მიაყოლებდა – ხო, ესენი შეიძლება მართლები იყვნენ თუ რაღაც მსგავსს. რთულია როდესაც გარდაცვლილი ადამიანის ციტირებას ახდენ და ვერ ახერხებ ეს დაამტკიცო. ბოლომდე დარწმუნებული არ იყო თავის თავში. შარტავაშიც ვხედავდი იმას, რომ ბოლომდე არ იყო თავის თავში დარწმუნებული. ნადარეიშვილი და მისი გუნდი ძალიან იყო თავის თავში დარწმუნებული.

აფხაზეთის ქართულ მთავრობაში ორი გამოკვეთილი ჯგუფი იყო. ერთი ჯგუფი იყო ზვიად გამსახურდიას მომხრეები, მეორე ჯგუფი – ნადარეიშვილის მომხრეები, თბილისისა და შევარდნაძის მომხრეები.

გულახდილად გეტყვით. მე გამსახურდიას ოპონენტი ვიყავი სულ და მისი მომხრეების დიდ ნაწილს დღემდე არ ვუყვარვარ. მაგრამ ზვიად გამსახურდიას მომხრეები მშვიდობასა და შერიგებაზე უფრო მეტად იყვნენ მზად. იქ იყვნენ კიმ ჯაჭვლიანი, კაკო გასვიანი, [ორგანიზაცია “ლემი” ჰქონდა] და სხვები.

ზვიად გამსახურდიას მომხრეები მოლაპარაკებასა და ურთიერთობებზე უფრო მეტად იყვნენ მოტივირებულები და პირობითად თბილისის, ნადარეიშვილის მომხრეები უფრო პრინციპულები იყვნენ, უფრო შეტევაზე აკეთებდნენ აქცენტს, არდათმობაზე. ეს სხვაობა პირდაპირ თვალშისაცემი იყო.

დღეს როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს ჩემი მხრიდან – მე ზვიად გამსახურდიას მომხრეებთან უფრო ვმეგობრობდი და მათთან უფრო ვპოულობდი საერთო ენას, ვიდრე – თბილისის მომხრეებთან.

ერთხელ თუ არ ვცდები გენერალმა ავთო ცქიტიშვილმა მოაწერა ხელი აფხაზურ მხარესთან და ჟვანიამ ჩააგდო; მეორეჯერ კი…

ახლა ბევრი ხუმრობს, როცა ამბობს ორი რუსეთიო. მაგრამ მართლა იყო ორი რუსეთი. ერთი იყო რუსეთის დუმა და მეორე იყო – ელცინი. ელცინი იყო უფრო მეტად მშვიდობის მომხრე და ავტონომიების მოწინააღმდეგე. დუმის ლიდერი კი იყო ხაზბულატოვი. ის ჩეჩენი იყო და ავტონომიების მომხრე. მათ შორის დაპირისპირება იყო. ეს დაპირისპირება დაამკიცა ოქტომბერმა, როდესაც ელიცნმა დუმა დაბომბა. ორი რუსეთი თამაში არ იყო. ნამდვილად იყო შიდა დაპირისპირება.

სექტემბრის ბოლოს აფხაზეთი დავტოვეთ. 27-ში დავტოვეთ სოხუმი და სამი დღის მერე დაიკავეს გალი.

აფხაზეთიდან სრულად 30 სექტემბერს გამოვდივართ და ხუთ ოქტომბერს, ხუთ დღეში ელცინი ბომბავს თეთრ სახლს. ანუ იმდენად ძლიერი დაპირისპირებაა იქ.

ჩემი ვარაუდია, რომ ჩვენ კიდევ 10-15 დღე რომ გაგვეძლო გამორიცხული არ არის ახლა სხვა რეალობა იქნებოდა.

ჩავარდა ცქიტიშვილის ხელმოწერის ამბავია. მეორე – აქ ჩამოვიდა ხაზბულატოვის ხალხი. შეთანხმდნენ ჯარების გაყვანაზე. ესეც ჩააგდო ჟვანიამ. ეს სამშვიდობო მოლაპარაკებების ორი ეპიზოდია.

იაგო ხვიჩია: ეს მეორე ეპიზოდი, როდესაც ჟვანიამ ჩააგდო – რომელი პერიოდია?

პაატა ზაქარეიშვილი: ეს არის 1993 წლის აპრილი-მაისი. ბოლო არის 27 ივლისი. სოჭში ეწერება ხელი შეთანხმებას.

მოსკოვის ხელშეკრულება დაიდო შევარდნაძესა და ელცინს შორის, რომელსაც შეუერთდა არძინბა. 3 სექტემბერს იყო სახელმწიფოთა შორის ხელმოწერა. სოჭში, ივლისში უკვე შევარდნაძესა და არძინბას შორის ეწერება ხელი. ეს ქართულ-აფხაზური დონის შეთანხმებაა.

ჩვენ ვალდებულება ავიღეთ ჯარები სრულად გაგვეყვანა აფხაზეთიდან. ჯარში ძირითადად იგულისხმება მძიმე ტექნიკა. ამ მოლაპარაკებებში ჩართული არ ვიყავი, მაგრამ რადგან ტყვეების საქმე მაქვს… მოლაპარაკებები მიდის სოჭში. რუსეთის წარმომადგენელი შოიგუ იყო. ჩვენგან არის შარტავა და კავსაძე. აფხაზებიდან ვინ იყო აღარ მახსოვს. არძინბა არ მონაწილეობდა. სოჭი-გუდაუთა-სოხუმი – აი ამ სამ ქალაქში დავდიოდით რეგულარულად. მე ჩემი სეგმენტი მქონდა – ტყვეები. როდესაც უფლებას მომცემდნენ მე ტყვეებსა და მძევლებზე ვსაუბრობდი.

27 ივლისს ეწერება შეთანხმებას ხელი. მაშინ ვხდები საქართველოში ცნობილი. გამოგვყავს და გამოგვყავს ტყვეები, მძევლები, ხდება გადმოსვენებები. ყოველდღე ტელევიზორში ვარ, ყოველდღე რაღაცას ვლაპარაკობ. მაშინ მშვიდობის განცდები გაჩნდა. ივლისის ბოლოა, გადის აგვისტო და სექტემბერში იწყება სოხუმზე შეტევა. ზემოდან.

იაგო ხვიჩია: შეტევა რომ იწყება წინაპირობა არაფერი აქვს?

პაატა ზაქარეიშვილი: არა, წინაპირობა არაფერი აქვს. შემდეგში აფხაზებმა რაღაც კუდები მოაბეს.

ჩვენ გავიყვანეთ მძიმე ტექნიკა: მთელი ტანკები, ჰაუბიცები, ყველაფერი. დაგვრჩა მარტო ავტომატები. აფხაზებმა კი ეს ყველაფერი გაიყვანეს სადღაც ტყეებში და უცებ იწყებენ შეტევას.

მარტის შემოტევის დროს აფხაზები მიხვდნენ, რომ ქართველების მოგება, სოხუმის აღება შეუძლებელია. მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ამ ტექნიკის გაყვანა. ამიტომ აფხაზებთან დღემდე გვაქვს კამათი.

კი ბატონო, ომში მოტყუება მოსულა, გამარჯვებისთვის ღირს მოტყუება და პრობლემა არ არის. ძალიან ბევრი გმირი გენერალი თავს იმით იწონებს, რომ მოწინააღმდეგე მოატყუა, მანევრი განახორციელა და მიზანს მიაღწია. მაგრამ ჩვენ რომ მძიმე ტექნიკა გვქონოდა გამორიცხულია, თქვენ ვერ აიღებდით სოხუმს. ეს ესე იყო.

მე ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკოსების შეცდომა იყო და არა სამხედროების. სამხედროებს ბევრი პრობლემა ჰქონდათ. ვხედავდი ამას. პრაქტიკულად მათთან ვცხოვრობდი. ე.წ. ლინეიკაზე, მართალია მე არ მეხებოდა, მაგრამ მეც მათთან ერთად ვდგებოდი.

ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილების შეცდომა. ჟვანია მაინც მართალი იყო, როდესაც შეთანხმება ორჯერ ჩააგდო, რადგან ხედავდა რომ ეს არასანდო სიტუაცია იყო. ეს ორი შეთანხმება, რომელიც ჟვანიამ ჩააგდო თითქმის არავის არ ახსოვს. 27 ივლისის ამბებმა უკვე მთლიანად…

იაგო ხვიჩია: ანუ თქვენ ამბობთ, რომ ჩვენგან პირობის დარღვევა არ მომხდარა თუნდაც ომის საბაბის დონეზე. აფხაზებმა ომის განსაახლებლად რა მიზეზი გამოიყენეს? რუსების პოზიცია რა არის ამ შემთხვევაში?

პაატა ზაქარეიშვილი: რუსები ელცინის სახით, ოფიციალურად, თითქმის სულ ჩვენ მხარეს იყვნენ.

ელცინი და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან მკაცრ განცხადებებს აკეთებენ როდესაც შემოტევა იწყება. ამბობენ, რომ მათთვის უცნაურია თუ რა ხდება.

ამ დროს გამსახურდია ჯერ კიდევ გროზნოშია და იქიდან აკეთებს თბილისის, შევარდნაძის საწინააღმდეგო განცხადებას. აფხაზებმა ჩათვალეს, რომ გამსახურდია ერთვება ომში და ქართული მხარე რაღაცას მანიპულირებს. მაგრამ შემოტევა უკვე დაწყებული იყო, როდესაც გამსახურდია დაბრუნდა საქართველოში და სენაკის აეროპორტში ჩადის. ეს უფრო ამძაფრებს სიტუაციას. მაშინ არძინბა პირდაპირ გვაბრალებდა, რომ თქვენ მოგვატყუეთო. არადა ეს ტყუილია.

იაგო ხვიჩია: ზვიადის ჩამოსვლა რა კავშირშია ამ ყველაფერთან?

პაატა ზაქარეიშვილი: ეს ღრმა თემაა და სხვა გადაცემაში სხვებსაც კითხე ამაზე.

ის სენაკში რომ ჩამოფრინდა მაშინვე მიდის ზუგდიდში და გადადის გალში. ის იქ ხვდება სამხედროებს. ეს ყველაფერი ხდება ერთ დღეში. აფხაზები თვლიან რომ ჩვენ რაღაცას ვამზადებთ.

იაგო ხვიჩია: ამ დროს განახლებულია სამხედრო მოქმედებები?

პაატა ზაქარეიშვილი: დიახ.

იაგო ხვიჩია: მაშინ დაბრალებას რა აზრი აქვს?

პაატა ზაქარეიშვილი: მათ ხომ საბაბი უნდოდათ.

თუ არ ვცდები ზვიადი სენაკში 24 სექტემბერს ბრუნდება და 27-ში ჩვენ ვკარგავთ სოხუმს.

მე ამას პირდაპირ ერთმანეთთან არ ვაკავშირებ, მაგრამ ეს დეტალია რომელიც ჩვენ უნდა ვიცოდეთ. ამ თემაზე მსჯელობებია საჭირო.

აფხაზებმა თავისი პოზიციების დასამტკიცებლად ეს ძალიან ეფექტურად გამოიყენეს. ფაქტია რომ მათ შეთანხმების დარღვევა უნდოდათ.

იაგო ხვიჩია: სანამ ზვიადი ჩამოვიდა დარღვეული ყოფილა კიდევაც.

პაატა ზაქარეიშვილი: ზვიად გამსახურდიას მომხრეები თუ კარგად აგვიხსნიან თუ რატომ ჩამოვიდა გამსახურდია ეს კარგი იქნებოდა, რომ ეს კითხვები მოიხსნას. ეს კითხვები ჰაერში ტრიალებენ. აფხაზებმა ეს ამბები ძალიან ეფექტურად გამოიყენეს.

იაგო ხვიჩია: სამხედრო თვალსაზრისით ერთი ადამიანის ჩასვლას რა გავლენა შეიძლება მოეხდინა ბრძოლის ფრონტზე? ზვიადისტების რეაქცია როგორია ამ პერიოდში?

პაატა ზაქარეიშვილი: მიტინგები მიდის ზუგდიდში. თან სოხუმში გვიტევენ. გამსახურდია ჩადის გალში, ოჩამჩირეში, ხვდება სამხედროებს. ფორმა აცვია. სურათები, ვიდეო ყველაფერია. ეს ცნობილი კადრებია თუ როგორ ხვდება სახმედროებს.

აფხაზებს რჩებათ შთაბეჭდილება, რომ ქართველები მეორე ფრონტს უხსნიან. ეს ესე არ იყო. შიგნით დაძაბულობა იყო. გვახსოვს ეს ცნობილი საუბარი შარტავასი. მაგრამ როდესაც გინდა მაშინ ასეთ ამბებში არგუმენტებს პოულობ. ამ კითხვებზე თქვენს გადაცემებში სასაუბროა.

იაგო ხვიჩია: რა ხდება სოხუმის დაცემის შემდეგ? ორი რამის გამო გეკითხებით.

სოხუმის დაცემას და ზოგადად ასეთ რამეს ახალი ტყვეები მოყვება. ომის დამთავრების შემდეგ ტყვეთა გაცვლის საკითხები როგორ გვარდება?

მეორე რაც მაინტერესებს ეს უკანაა გზაა. ჩვენ ბევრი გაგვიგია თუ რა ტანჯვით და გაჭირვებით გადაიტანა ხალხმა ეს მთიანი გზა. ეს რატომ გახდა საჭირო? რატომ არ შეიძლებოდა ცივილურად? თუ ომი წაგებული გაქვს და მაინც უნდა გაიქცე – გაქცევა რატომ არ შეიძლება ცივილურად. ეს თემაც შეიძლება სკანდალის საკითხი გახდეს, მაგრამ ამ გზის შესახებ არის მოროდიორობასა და ბევრ ცუდ ფაქტებზე მითქმა-მოთქმა. ამ თემაზე საუბარი არ ხდება.

მე მესმის რომ რისკია ყველა გაილანძღოს, მაგრამ მე მესმის რომ დამნაშავე ყველა ვერ იქნება. მე ასევე არ მესმის კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ აი ბარამიძის შემთხვევაზეც თქვეს მათ შორის ჟურნალისტებმა, რომ რატომ არ ამოჭრა გადაცემიდან ეს ნაწილიო. მე ვქფირობ ქართული ჟურნალისტიკის პრობლემა ისიც არის რომ ისინი ესე უყურებენ ამ საკითხს. ანუ შენ უნდა გადაწყვიტო შენი რესპოდენტის რომელი ნათქვამი უნდა გაუშვა ეთერში, და რომელი – არა. ეს რატომღაც ჟურნალისტიკა ჰგონიათ.

მაგრამ მე ჟურნალისტობის პრეტენზია არ მაქვს. მე მინდა რომ საქართველოს ისტორიის მომავალი მკვლევარებისთვის კარგი წყაროები შევაგროვო. ცხადია, რომ ჩემს გადაცემაში იქნება სხვადასხვანაირი შეხედულებები. არ შეიძლება ყველას ვეთანხმებოდე, ან ვინმე მომწონდეს. ამიტომ ამ ყველაფერს მშვიდად ვუყურებ. პირიქით, მინდა ბევრი ასეთი მოსაზრება ითქვას გადაცემაში რაც პრევალირებს საზოგადოებაში და მათ შორის ე.წ. ჭუბერის გზაზე. ამ ეპიზოდს თითქოს თვალს ვარიდებთ. მე კი მინდა ეს წესივრად გამოვიკვლიოთ.

რატომ გახდა ეს გზა სჭირო? და რატომ იყო ეს გზა ისეთი როგორიც იყო?

პაატა ზაქარეიშვილი: ეს მტკივნეული თემაა.

ეს ჭუბერის გზაა და იყო მეორე გზა – სანაპირო გზა, რომელიც მოდის სოხუმიდან, მიუყვება სანაპიროს, გაივლის დრანდას, ოჩამჩირეს და გალს. მშვენიერი გზაა, ტრასაა. შეიძლებოდა ტანკებს და ტექნიკას გაევლო ამ მიმართულებით.

ზუგდიდში გამსახურდიას მომხრეები იყვნენ და ალბათ ამიტომ ჩაითვალა…

ეს ვიცი როგორც ლეგენდა. როგორც თქვენ გაწუხებთ ეს კითხვა ისე მეც მაწუხებს. სამხედროებს ვკითხე – რატომ გააკეთეთ?

იაგო ხვიჩია: მაშინ რა მიზეზებზე საუბრობდნენ? მაშინ რას ამბობდნენ, რატომ მიდის ეს ხალხი მთაში, მათი ზუგდიდში გატარება რა პრობლემა იყო?

პაატა ზაქარეიშვილი: იმიტომ, რომ ჯარი წავიდა ზემოდან. ლოგიკურად სწორი იყო ეს, რადგან ვითომ ჩვენ აქ გამსახურდიას მომხრეებთან მომგვიწევდა შეტაკება. ისინი მოინდომებენ ჩვენთვის იარაღის ჩამორთმევას…

უკვე ცნობილი იყო, რომ მთავარი გზით ბევრი ადამიანი უკვე დაბრუნდა ზუგდიდში. ვინც კი ომჩამჩირიდან წამოვიდა ყველა ამ გზით წამოვიდა. მათ ჭუბერის გზა არ იცოდნენ. სოხუმის მერე ოჩამჩირე და გალი ხალხმა ამ გზით დატოვა.

იაგო ხვიჩია: იმათ ამ გზაზე რამე პრობლემა შეექმნათ?

პაატა ზაქარეიშვილი: არავითარი. ერთადერთი მათ ჩხრეკდნენ და თუ იარაღი ქონდათ – იარაღს ატოვებინებდნენ. ყველას ატარებდნენ, მაგრამ დაკითხვა იყო – იბრძოდი თუ არა?..

იაგო ხვიჩია: იბრძოდი სამოქალაქო ომში თუ აფხაზეთში?

პაატა ზაქარეიშვილი: დეტალები არ ვიცი. ალბათ უფრო აფხაზეთზე ეკითხებოდნენ.

იაგო ხვიჩია: აფხაზეთში მებრძოლებს რატომ უნდა წაართვა იარაღი?

პაატა ზაქარეიშვილი: მოკლედ ბევრ თუ რამდენიმე ადამიანს დაატოვებინეს იარაღი. ეს სამხედროებმა იცოდნენ. სად ავტომატს რომ დაგატოვებინებენ და სად – ტანკს?! სამოქალაქო ომი ხომ გრძელდება. თითქმის ქუთაისს აიღებენ. ეს ამბები გრძელდება. ეს კიდევ სხვა ისტორიაა, რომელზე საუბარიც ჩვენ არ გვიყვარს.

მე ფოთში დამაპატიმრეს ზვიადისტებმა. ეს აფხაზეთს ეხება, მაგრამ სხვა ისტორიაა. გუდაუთაში ომის შემდეგ გემით მივდიოდი, რომ ტყვეები გამომეყვანა.

იაგო ხვიჩია: საინტერესოა. მომიყევით ეგ ეპიზოდი.

პაატა ზაქარეიშვილი: მაშინ სხვათა შორის ასლან აბაშიძეც დამეხმარა. გემი მომცა.

ანუ ეს გზა თავისუფალი იყო. შეეძლოთ წამოსვლა. მაგრამ სამხედროებმა გადაწყვიტეს ჭუბერით წამოსვლა, რომ ზვიადისტებს ან არ შეტაკებოდნენ ან იარაღი არ ჩაებარებინათ. მძიმე ტექნიკა ცოტა ქონდათ ძალიან. ჰაუბიცებიც არ ქონდათ. მგონი ორ-სამი ბეტეერი თუ რაღაც ყავდათ. ძირითადად მძიმე სატვირთო მანქანები ყავდათ. თავისი პირადი იარაღი ქონდათ. ავტომატები და ტყვიამფრქვევები ბლომად ჰქონდათ.

შეტაკება რომ არ ყოფილიყო, იარაღი რო არ ჩაებარებინათ, აფხაზეთის ომს კიდევ ზემოდან ძმათამკვლელი ომი არ დამატებულიყო ზემოდან წავიდნენ, რომ შემდეგ სვანეთის გავლით ქუთაისისკენ უმტკივნეულოდ გადასულიყვნენ. ალბათ ეს გეგმა ჰქონდათ და ამან ალბათ გაამართლა კიდეც.

მაგრამ ვინაიდან მთელი ჯარი წავიდა ზემოთ – მოსახლეობაც გაყვა მათ ზემოთ.

ეს არის ალბათ სამხედროებისთვის ყველაზე რთული, მტკივნეული კითხვა. სამხედროებს თავისი ინფრასტრუქტურა აქვთ, ზურგის სამუშაოები და ასეთ დროში სამოქალაქოების დაცვაც მათი ფუნქციაა. ევაკუაციის სცენარები მგონია, რომ არ ჰქონდათ. იქ უნდა დამდგარიყო ვიღაცა და ეთქვა – თქვენ აქეთ წადით, თქვენ იქით. არავინ არ იყო ამის განმსაზღვრელი.

ისევ პოლიტიკოსებს უნდა მივადგეთ. როდესაც ომში ხარ პოლიტიკური მართველობაც ომის რეჟიმში გადადის და ვალდებული არიან რომ ეს ყველაფერი განახორციელონ.

მოკლედ მოსახლეობა მიყვა სამხედროებს იმ იმედით, რომ დაცულები იქნებოდნენ. გეთანხმები, იყო საშინელი შემთხვევები. ძარცვაც იყო, მგონი რამდენიმე მკვლელობაც იყო. როგორც ჭორი ისე ვიცი. მაგრამ უმრავლესობა მშვიდობიანად გამოვიდა.

იაგო ხვიჩია: ეს მკვლელობა ვისსა და ვის შორის არის? და რატომ ხდება?

პაატა ზაქარეიშვილი: ისევ და ისევ – ჭორის დონეზე ვიცი. ძარცვის დროს წინააღმდეგობის გაწევისას. იარაღი მომეცი – არ მოგცემ…

ბევრს იარაღი ჰქონდა. კაცებს, ვინც იქ მიდიოდა იარაღი ჰქონდათ. არ იყვნენ სამხედროები. იყვნენ ოჯახის კაცები, მაგრამ იბრძოდნენ. თავის ეზოს, უბანს, სოფელს იცავნდნენ და მოუწიათ იარაღის აღება. იარაღს სახლში ვერ დატოვებდნენ. იარაღი მოიკიდეს და წავიდნენ. ავტომატს ვერ დამალავ. გზაში კი გართმევენ, თანაც ქართველები. ღირსების ამბავია.

მაგრამ ეს ყველაფერი მონაყოლი ვიცი. ამიტომ ვინც იქ იყო ჯობია მათ ისაუბრონ მეტი. უამრავი ადამიანია ვინც ეს გზა გამოიარა. ეს ისეთი მნიშვნელოვანი თემაა, რომ მთელი გადაცემა შეიძლება მიუძღვნა მას.

გზაში მოხდა გაყინვა, სიკვდილი. მოხუცები იყვნენ, გულით ავადმყოფები იყვნენ. უამრავი რამ მოხდა. ათეულობით ადამიანი დაიღუპა. მიწერია მემგონი. ყველაფერი მეტნაკლებად დათვლილია.

ზემოთ მათ დახვდათ ვერტმფრენები, რომლებმაც ისინი სამშვიდობოს გადაიყვანეს. ერთი ვერტმფრენი ჩამოვარდა კიდევაც. უკრაინული ვერტმფრენი. ავარია მოხდა და დაიღუპა ხალხი. ეს ტრაგიკული მოვლენაც მოხდა.

ვინც კი ქვემოდან გადმოვიდა – ყველა გაჩხრიკეს, იარაღი ჩამოართვეს და გაუშვეს. არავითარი პრობლემა არ იყო.

მერე მთელ სამეგრელოში სამოქალაქო ომი გრძელდება. აიღეს სამეგრელოს სოფლები, ხობი აიღეს, იმერეთშიც გადავიდნენ, აიღეს წყალტუბო, მიადგნენ ზესტაფონს, ფოთი აიღეს.

და ამ დროს არის ჩემი ეპიზოდი.

ამ პერიოდში სანდრო კავსაძეს მოლაპარაკებები აქვს ჟენევაში. მეკი ვამზადებ ტყვეთა გაცვლას. ომის შემდეგ 12 დეკემბერს ყველა ტყვე ყველაზე გავცვალეთ.

არძინბამ მოქალაქეები აიყვანა მძევლად. 90 კაცი. ყოველი შემთხვევისთვის ქნეს ასე, იქნებ ქართველებმაც აიყვანონო. არძინბამომთან საერთო რომ არ ჰქონდა ისეთი ხალხი აიყვანა მძევლად. უნდა წავიდე მოლაპარაკებაზე. ჩაკეტილია საქართველო. ვერ მივდივარ. ზუგდიდამდე ვერ მივდივარ, რომ მერე იქიდან დავრეკო გალში. უკვე ვიცი ვის სად და როგორ დავრეკო.

კავსაძე მეუბნება, რომ ასლან აბაშიძეს მე ვერ დავურეკავო. სპეციალური არხით დაურეკე აბაშიძესო. ასევე დამავალა ენგურჰესი გაჩერებულიაო. არძინბასაც ვესაუბრე. ეს უკვე სხვა ეპიზოდია.

ვურეკავ აბაშიძეს. ბათუმში ჩამოდიო მეუბნება აბაშიძე. ჩავედი ბათუმში და მოვუყევი. გაუხარდა კიდევაც. მოგვიანებით მან მიიწერა კიდეც ეს ამბები. დაიმსახურა და მიიწერა ეს ამბავი. დღემდე ამბობენ რომ აბაშიძემ ტყვეები გაათავისუფლა.

მე ახლა ვყვები თუ როგორ მოხდა ტყვეთა გათავისუფლება. ჩავდივარ აბაშიძესთან და მეუბნება, რომ მოგცემ გემსო. კომეტა იყო, წყალქვეშა ფრთებით, ის მოგვცა. ოქტომბერია, ცივა უკვე. გამომაყოლა მისი ორი მოადგილე. ორივეს ბადრი ერქვა. გვარები არ მახსოვს. ცნობილი ადამიანები იყვნენ, მისი მარჯვენა ხელები. ისინი ახლა ალბათ მოსკოვში არიან. კიდევ ორი იყო გემის ეკიპაჟი. მივყვებოდით სანაპიროს.

ამ დროს ვიცით, რომ ფოთი გამსახურდიას მომხრეების მიერ არის აღებული. ხალხი პორტშია მომწყვდეული. ფოთიდან ვერ გახვალ, ფოთი ხომ ჩიხია. ორ გზას ჩაკეტავ და მორჩა, ფოთი ჩაკეტილია. ხალხი მიაწყდა პორტს. გამსახურდიას მომხრეები პასუხისმგებლიანი ადამიანები არიან. ამდენი ხალხი პორტში ყავთ და უცებ გემი მოდის. გამოვარდნენ კატერებით, სროლა აგვიტეხეს და დაგვაპატიმრეს. დაინახეს ცარიელი გემი. ამაზე უკეთესი რა იქნებოდა. ვინ ხარ? – მკითხეს. ზაქარეიშვილი. ეს პუტჩისტიო.

აბაშიძის ხალხმა გადამარჩინა. აბაშიძის სახელმა იმუშავა. ჩვენ გუდაუთაში მივდივართ ტყვეები უნდა გამოვიყვანოთო. მიხვდნენ, რომ სერიოზული საქმე იყო. მათ იცოდნენ ტყვეებზე რომ ვმუშაობდი. ძლივს გაგვიშვეს. ამასობაში დაღამდა. გუდაუთაში დროულად ვერ ჩავდივართ.

ეს ის პერიოდია, როცა არძინბა ჯერ კიდევ სოხუმში არ არის გადმოსული. ის ჯერ კიდევ გუდაუთაშია. აი ამ მოკლე პერიოდში ხდება ეს ყველაფერი. ის მალე სოხუმში გადმოდის და მანამდე გუდაუთაშია, იმიტომ რომ სოხუმში გადმოსვლა უსაფრთხო არ არის.

გუდაუთას რომ მივადექით ბნელდებოდა. ერთი თუ ორი რუსული კატერი მოგვადგა. 4-5 რუსი იყო. სად მიდიხართო? დარეკეს, გაარკვიეს, მაგრამ ახლა ვერ შეგიშვებთ, დილით მზე რომ ამოვა მერე შეგიშვებთო.

ოქტომბერში ღამე ზღვაში ყოფნა არის კატასტროფა. გავიყინეთ. არავის თბილი ტანსაცმელი არ გვაქვს. ასეთ სიცივეში ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. ვერ დაიძინებ, ვერაფერს ვერ გააკეთებ. არაყი გვქონდა ერთი ბოთლი. ის დავლიეთ. არაფერმა არ გვიშველა. დილით როგორც იქნა შევედით გუდაუთაში. მე ვინ მომაქცია ყურადღება. არძინბასთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ასლან აბაშიძის ორი ადამიანი იყო ჩასული.

იაგო ხვიჩია: იცნობდა ასლანს?

პაატა ზაქარეიშვილი: დიახ და ასლან აბაშიძეზე ძალიან კარგი წარმოდგენა ჰქონდა. ეს ორი ადამიანი კარგად მიიღეს. სუფრა გაგვიშალეს. იყო სადღეგრძელოები.

მთავარი ამოცანა რა იყო? 90-92 კაცი ყავდა მძევლები. არც ერთი არ იყო სამხედრო. მოგვეციო, რაში გჭირდება ეს 90 კაციო. მე მათ ვუთხარი, რომ ხალხი წამოსაყვანია, აფხაზები წინააღმდეგი არ არიანთქო. კი ბატონოო, შეთანხმდნენ.

მერე აბაშიძემ გააგზავნა თვითმფრინავი და თავითმფრინავით წამოიყვანა ეს ხალხი ბათუმში. ჩაიწერა დამსახურებული ქულები. მართლა ასე იყო. მე ამას არასდროს არ ვამადლიდი. მადლიერების განცდა მაქვს, რომ ეს 90 კაცი უპატრონოდ არ დაგვრჩა და ეს ხალხი გამოვიყვანეთ.

აი ეს ეპიზოდი იყო თუ როგორ დაგვაპატიმრეს ზვიადისტებმა და შემდეგ გაგვათავისუფლეს.

იაგო ხვიჩია: ესეთი კითხვა დამებადა. თქვენ ამბობთ, რომ ზვიადისტებმა მერე აქეთ შემოუტიეს და აქეთ წამოვიდნენ. არ ყოფილა მცდელობა, რომ აღმოსავლეთით წასვლის ნაცვლად მოდით ჯერ დასავლეთით ვიომოთ და სოხუმი შევინარჩუნოთ? შეიძლება ეს ყველაფერი კონტექსტის გამო არარეალურია. შეიძლება არარეალურია იმიტომ, რომ იარაღი იქ არ იყო, გამოტანილი იყო, ისეთი უერთიერთობები იყო რომ შეუძლებელი იყო მისი სწრაფად აღდგენა, რომ საერთო მტრის წინააღმდეგ ერთად ებრძოლათ. მაგრამ არ ყოფილა მცდელობა, რომ მოდით იმის ნაცვლად რომ ჩვენ სვანეთით წავიდეთ, რომ უკან ზვიადისტების ჯარი არ დაგვხვდეს – ამის ნაცვლად მოდით იმ ხალხს დაველაპარაკოთ, იქნებ ერთად გავაკეთოთ საქმე? ამის დისკუსიის ადგილი ან კონტექსტი არ ყოფილა თქვენი აზრით?

პაატა ზაქარეიშვილი: არა, არამგონია. ყარყარაშვილმა მოახერხა ხიდზე გადასვლა და გარკვეული ნაწილების გადმოყვანა. დეტალები არ მახსოვს. ეს სოხუმის დაცემის პერიოდზე ვყვები. რასაც ახლა ვყვებით ორი სამი დღის ამბებია.

გადასვლა-გადმოსვლა შეიძლებოდა, ლაპარაკი შეიძლებოდა, მაგრამ მემგონი კრიტიკულ მომენტებში გამსახურდიას მომხრეები უკან იხევდნენ. არ მინდა ასეთ თემებზე ზედაპირულად ვილაპარაკო. ამ ამბებზე ჯობია იმ ხალხმა ისაუბროს, რომლებიც უშუალოდ ჩართულები იყვნენ. უამრავი ხალხი დარჩა. ოფიცრები ვინც მოლაპარაკებებში იყვნენ ჩართულები.

მოლაპარაკებების მცდელობები ნამდვილად იყო. ლოთი ქობალიას კონტექსტში და სხვების კონტექსტშიც. იყო მცდელობა, რომ ერთიანი ხაზით წინააღმდეგობა გაეწიათ, მაგრამ არსებობს ორი სხვადასხვა ლეგენდა: იმან გვიღალატა, ამან გვიღალატა. როდესაც მხარეები ერთმანეთს ღალატში ადანაშაულებენ მე არ მაქვს მორალური უფლება რომელიმე მხარი გავამართლო. თუმცა მიმაჩნია, რომ ასეთ სიტუაციაში გამსახურდიას მომხრეებისგან უფრო მეტი კონსტრუქტციულობა უნდა ყოფილიყო.

მე მესმის მათი გულისტკივილი, რომ მართლაც სახელმწიფო გადატრიალება იყო, ზვიად გამსახურდია მართლაც უსამართლოდ ჩამოაგდეს. მაგრამ როგორც პოლიტოლოგი ვიტყოდი ასე: ცხოვრებას თავისი წესები აქვს. გემი რომ იძირება, კაპიტნის მოვალეობაა ნავებში ჩასვას ხალხი და გადაარჩინოს. და არა ის, რომ ჩემი ბრალი არ არის, გემი იძირება, ვიღაცამ გვესროლა და კარგად იყავით ყველა.

დიახ, უსამართლობა მოხდა და სახელმწიფო გადატრიალება ნამდვილად იყო. არ იყო ეს სამართლიანი. მაგრამ როდესაც სახელმწიფო განსაცდელშია მემგონი სხვა ღონისძიებებია გასატარებელი. აქ მეტი თანამშრომლობა უნდა ყოფილიყო, ვინაიდან შევარდნაძე და მისი მომხრეები იყვნენ სახელმწიფოზე პასუხისმგებლები. თუნდაც არალეგიტიმურები.

დღეს მოდაშია – ლეგიტიმურია, არალეგიტიმურია. სრული უაზრობაა ეს და დღემდე არ მესმის ვინ რას გულისხმობს ამაში. არსებობს რეალური პოლიტიკა. კეთილი ინებე და რეალურ პოლიტიკას მიხედე. და არა ის რომ ის არალეგიტიმურია და არ ველაპარაკები. რეალურ პოლიტიკაში უნდა შეხვიდე და იმუშაო.

მოლაპარაკებები იყო და ჩავარდა. შევარდნაძე გამსახურდიას ვერ გაუმკლავდა სანამ რუსეთი არ შემოვიდა. ისინი თითქმის ქუთაისამდე მივიდნენ. ქუთაისი თითქმის აღებული იყო და ელცინმა დასცინა კიდეც შევარდნაძეს, რომ საქართველო შუაში ხომ არ გავყოთო. მაინც ესე იყავით ყოველთვისო. დაახლოებით ესეთი ლეგენდა არსებობს. ორი საქართველო იყო ყოველთვის – დასავლეთი და აღმოსავლეთი.

იაგო ხვიჩია: მაგ პრინციპით ორზე მეტიც იყო.

პაატა ზაქარეიშვილი: ორი იყო როდესაც რუსეთმა მიიერთა. ქართლ-კახეთი ცალკე იყო და იმერეთი – ცალკე. ალბათ ეს იგულისხმა.

იაგო ხვიჩია: მაგ ლოგიკით აფხაზეთიც ცალკე იყო.

პაატა ზაქარეიშვილი: აფხაზეთი არ იყო სამეფო და მიბმული იყო იმერეთზე. იმერეთის კათოლიკოსს აღიარებდნენ აფხაზები. ჩანს რომ ბევრი რამ საერთო იყო. ამიტომაც იყო, რომ რუსეთმა შემდეგ ერთი გუბერნია შექმნა. აფხაზეთი ქუთაისის გუბერნიას მიუერთა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე ცუდი იქნებოდა რუსეთს გუბერნია გაეყო ცხენისწყალზე. ცალკე ყოფილიყო იმერეთის და ცალკე სოხუმის გუბერნია. ეს იქნებოდა ყველაზე დიდი კატასტროფა.

იაგო ხვიჩია: დამპყრობელი იმპერია თავის დაპყრობილ ტერიტორიებს როგორ ადმინისტრაციულ საზღვრებს მიანიჭებს მაგას მნიშვნელობა არ აქვს.

პაატა ზაქარეიშვილი: ეთნიკური კომპონენტები იყო და თავისი გარეწრობიდან გამომდინარე რუსეთს შეეძლო ეს გაეკეთებინა, მაგრამ არ გააკეთა. კიდევ კარგი, რომ ესეთი ბომბი არ აამუშავა.

ჩვენს კონტექსტს რომ დავუბრუნდეთ. შევარდნაძე რეკავს ელცინთან და ელცინი საქართველოში ყირიმის ფლოტს აგზავნის. მაშინ იყო ადმირალი ბალტინი. მაშინ იყო უკრაინა-რუსეთის ერთობლივი ფლოტი. ამ ერთობლივი ფლოტის მეთაური იყო ადმირალი ბალტინი. ბალტინი შემოდის ფოთში და ორ-სამ დღეში დასავლეთ საქართველოში დაალაგებს სიტუაციას.

ჩემთვის ომი მთავრდება 1994 წლის 1 მარტს, როდესაც პარლამენტში ჩვენ დსთ-ში შესვლას კენჭს ვუყრით. აი მაშინ საქართველოში ისადგურებს “ნანატრი მშვიდობა”. “რუსული მშვიდობა” ბრუნდება.

შევარდნაძეს ბევრი შეცდომა ჰქონდა, მაგრამ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა იყო.

იაგო ხვიჩია: რატომ, რას ცვლიდა მაშინ ეს გადაწყვეტილება?

პაატა ზაქარეიშვილი: ჩვენ ხომ საბოლოო ჯამში გამოვედით დსთ-დან და წლები დავკარგეთ. მანქანით რომ მიდიხარ სადმე შორს, გზას რომ აცდები და ძალიან დიდი წრე რომ უნდა დაარტყა, ნახევარ დღეს რომ დაკარგავ…

იაგო ხვიჩია: ხო მაგრამ ჩვენ თუ რამის გაკეთება გვინდოდა დსთ ხომ არ გვიშლიდა ხელს?

პაატა ზაქარეიშვილი: კი. შევარდნაძეს ჰქონდა დსთ-ს იმედი. მან ბევრი რამე გააკეთა დსთ-ში.

შევარდნაძე იყო დსთ-ს მამა. როგორც კი საქართველო შედის დსთ-ში ისეთ კანონებს ღებულობენ ყველა სახელმწიფო ბედნიერია. უკრაინა, ყაზახეთი, ყველა. რადგან შევარდნაძის დროს იქნა მიღებული ისეთი კანონები, როგორიცაა საზღვრების დაცვა, ურთიერთსუვერენიტეტის აღიარება. რუსეთი ყველამ აიძულა დაეცვა სახელმწიფოების სუვერენიტეტები. უკრაინა ძალიან ბედნიერი იყო.

ვერავინ ბედავდა ისეთ თამამ ნაბიჯებს, როგორსაც – შევარდნაძე. მაგრამ გზას აგვაცილა. მერე შევარდნაძე მაინც უბრუნდება ევროპას. იწყებს მოლაპარაკებებს ნატოსთან. ნატოსთან გაწევრიანებაზე პირველ საუბარს შევარდნაძე 2002 წელს პრაღაში იწყებს, ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადი შეაქვს. ჩართულობა იყო, მაგრამ ძალიან გვიან მოსდის თავში ყველაფერი ეს.

თებერვალში ჩამოდის ელცინი. ჩვენ ხელს ვაწერთ მეგობრობასა და ურთიერთმხარდაჭერაზე შეთანხმებას და პირველ მარტს შევდივართ დსთ-ში.

გია ბარამიძე ამოტივტივდა ხელახლა. გია ბარამიძე იყო ადამიანი, რომელსაც დსთ-ში შესვლის დროს გამოერთო პულტი. კენჭისყრა იყო. ხმები განათაბრდა. უცებ გამოვარდა გია ბარამიძე. იძახის – ჩემი ხმა, ჩემი ხმა არ არის გათვალისწინებულიო, პულტი არ მუშაობსო. მოკლედ გია ბარამიძე იყო დსთ-ს მომხრე და ხმა ვერ მისცა. გააპროტესტა. ჩემი ხმა დაიკარგაო. დსთ-ში გაწევრიანებას ასე ხმაურით მისცა ხმა.

იაგო ხვიჩია: დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მე თავიდან სხვა ჩანაფიქრი მქონდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს გადაცემა უნდა იყოს მხოლოდ აფხაზეთზე, აფხაზეთის ისტორიაზე. მათ შორის იმ ადამიანის თვალით ნანახ ისტორიაზე, რომელიც ტყვეების გაცვლას ხელმძღვანელობდა. და რომელსაც რეპუტაციულად ალბათ ყველაზე მეტად დაეჯერება ამ საკითხში თუ რა ხდებოდა იქ.

მადლობა რომ იყავით ჩემი სტუმარი და ამ სკანდალურ სიტუაციაში დამატებითი განმარტებები მოგვეცით. რამე ხომ არ არის ისეთი, რაზეც კითხვის დასმა გამომრჩა, თქვენ დაამატებდით და საინტერესო იქნებოდა იმ კონტექსტის ასახსნელად, რომელიც თავიდან ჩავიფიქრეთ?

პაატა ზაქარეიშვილი: მემგონი კარგად ამოვწურეთ ყველაფერი. მადლობა.

იაგო ხვიჩია: მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მე ვფიქრობ, რომ მაყურებელს, რომელიც გია ბარამიძის სიტყვებმა ცოტა დააბნია, უფრო მეტი სიცხადე შეემატება.

პაატა ზაქარეიშვილი: მას არ ჰქონდა ბოროტი განზრახვა, მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანს გული დაწყვიტა, რადგან არასწორი შეფასება ჰქონდა. მეც დამწყვიტა გული ამაზე.

მსგავსი სტატიები

ჩვენი მთავარი პრობლემა აფხაზეთის რუსული სამხედრო-პოლიტიკური ოკუპაციაა.
სირიაზე ევროკავშირის ზეწოლა აფხაზეთში ნეგატიურად აღიქმება, თუმცა თავად ამ თემის მიმართ მედია გაშუქებაც დაბალია
მუჰაჯირების შთამომავლებს გამოკვეთილი პოლიტიკური ძალა არ გააჩნიათ. ისინი უფრო მეტად ეკონომიკურ საქმიანობაში არიან ჩართული. ჩვენ ეს ჯგუფი არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც ასადის მხარდამჭერი ან მის წინააღმდეგ მებრძოლი ჯგუფი.