ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს ბევრი საერთო ღირებულება გააჩნიათ – მოსაზრება თბილისიდან

FacebookXMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

ქართულ-აფხაზური დიალოგი

სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობას ყოველთვის განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა ჰქონდა. ამ თაობის დახასიათებისას მუდმივად ხაზი ესმევა იმ გარემოებას, რომ მათ შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღიათ, თუმცა ომმა მათ ბავშვობასა და ცხოვრებაზე თავისი ნეგატიური კვალი მაინც დატოვა. დღეს სამშვიდობო პოლიტიკა გარკვეულ კრიზისში იმყოფება, ხოლო ახალგაზრდების ამ საკითხების მიმართ დაინტერესება თუ ჩართულობა რიგი გამოწვევების წინაშე დგას. ახალგაზრდების როლზე, მათ ინტერესებსა და ხედვებზე ვესაუბრეთ ელეონორა ჭანიას – მშვიდობისა და კონფლიქტების მკლევარს.

ელეონორა ჭანია

კითხვა: დღევანდელ სამშვიდობო პროცესებს როგორ შეაფასებდი? სად ვიმყოფებით და რა პრობლემებს ამჩნევ?

ელეონორა ჭანია: ვფიქრობ, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სამშვიდობო პოლიტიკის სხვადასხვა დონე გავმიჯნოთ და შემდეგ შევაფასოთ, ამ დონეების ერთმანეთთან დამოკიდებულება, ურთიერთქმედება.

პირველ რიგში მნიშვნელოვანია შევხედოთ, თავად სახელმწიფო ინსტიტუტებს სამშვიდობო პოლიტიკისადმი როგორი დამოკიდებულება აქვთ. როგორ აფასებენ აქამდე არსებულ მიდგომებს, ცდილობენ მათ გაგრძელებას თუ შეცვლას? შეიძლება მათ მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ნაკლები ყურადღება დაეთმოს ამ საკითხს. ასევე მნიშვნელოვანია, იმის გარკვევა თუ რამდენად ცდილობენ ან ახერხებენ გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით პოლიტიკის შეცვლას ან გარდაქმნას.

მეორე დონე სამოქალაქო სექტორსა და აკადემიურ წრეებს მოიცავს. ამ ე.წ. არაფორმალურ სივრცეს სამშვიდობო პოლიტიკაზე სხვადასხვა დროს გარკვეული გავლენა ჰქონდა. თუმცა დღეს საკითხავია, რამდენად არის ეს ჯგუფი წარმოდგენილი როგორც სამშვიდობო პოლიტიკის ნაწილი, ინსტრუმენტი თუ აქტივისტური ელემენტი? აქვს კი მას სამშვიდობო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის რესურსი?

მესამე დონე  საზოგადოებაა და მოქალაქეები, ქართული შიდა საზოგადოებრივი ველი, თავისი განწყობებით, გამოცდილებებით და კონფლიქტების მიმართ დამოკიდებულებებით.

დღევანდელი მდგომარეობით, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს სამი დონე ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად არის გათიშული. წინა წლებში არსებობდა მცდელობები, შესაძლებლობის ფარგლებში მათ შორის კავშირი ჩამოყალიბებულიყო, თუმცა დღეს ურთიერთქმედების ეს სივრცე შესუსტებულია. ჩემი ხედვით, ამას მიზეზი ბოლო წლებში მიღებული სხვადასხვა  კანონი და შიდა პოლიტიკური პროცესებია. ფაქტორი იყო ასევე გეოპოლიტიკურ  ცვლილებებთან სახელმიწიფო ინსტიტუტების ადაპტაცია.

მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, მუშაობის შესაძლებლობები ჯერ კიდევ არსებობს. ვგულისხმობ კვლევებსა და ინიციატივებს, რომლებიც ნდობის აღდგენას უკავშირდება,  ასევე იმას, რაც კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების გამოცდილებებს, საჭიროებებსა და მათ მიმართ საზოგადოებრივ დამოკიდებულებებს შეეხება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „გამყოფ ხაზთან“ მცხოვრებ თემებთან, მათ შორის ახალგაზრდებთან, მუშაობის გაგრძელება. სწორედ ეს ადამიანები განიცდიან უშუალოდ კონფლიქტის ყოველდღიურ შედეგებს და სხვადასხვა პროცესის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადები არიან, მათ შორის ინფორმაციული უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ყურადღებას საჭიროებს ამ ტერიტორიებიდან მოსახლეობის გადინების პროცესიც: ეს ერთდროულად ეხება ადამიანების ცხოვრების პირობებს, თემების მომავალსა და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სივრცეების დაცლას.

ამასთანავე, აუცილებელია ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ საზოგადოებებს შორის დიალოგის გაძლიერება, ნდობის აღდგენა/შენარჩუნება.

ჩვენ ყველა ცვალებად პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ გარემოში ვცხოვრობთ და სასაუბრო ბევრი გვაქვს. მათ შორის ისეთ თემებზე თუ სად და როგორ ვხედავთ ჩვენ თავს, ურთიერთობების გაგრძელების პერსპექტივას, ან როგორ აღიქვამენ ეს საზოგადოებები თავიანთ თავს ამ ცვლილებების პროცესში? შეიცვალა თუ არა მათი საზოგადოებრივი ქსოვილი? როგორი განწყობებია ?

ამ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდულ დიალოგს უნდა დაეთმოს. დიალოგს ომის შემდეგ დაბადებულ თაობებს შორის, რომელთაც თანაცხოვრების გამოცდილება არ აქვთ. ისინი დაიბადნენ მტრის ხატის, მითებისა და ლეგენდების  წიაღში,  ყოველდღიურ ცხოვრებაში კი ერთმანეთის აღქმა ან ნდობა არ აქვთ.

მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს მიეცეთ შესაძლებლობა თავად ისაუბრონ საკუთარ გამოცდილებებზე, იდენტობებზე, ყოველდღიურ გამოწვევებსა და მომავალზე. მათ შორის იმაზე, თუ როგორი კავშირი შეიძლება ჰქონდეთ მათ საზოგადოებებს ერთმანეთთან.

რაც შეეხება სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობას, ეს პროცესი მრავალი გამოწვევით არის სავსე. დღეს ხშირად მრჩება განცდა, რომ კონკრეტული ინიციატივების გაგრძელება დიდწილად ინსტიტუტების კეთილ ნებასა და ცალკეულ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული.

გასაგებია, რომ ისინი სიფრთხილეს იჩენენ. ეს ამ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის ეს სიახლე არ არის, თუმცა უსაფრთხოების მოტივით მიღებული ზოგიერთი გადაწყვეტილება სამშვიდობო ინიციატივებს პრაქტიკაში აფერხებს. საუბარია მათ შორის დიალოგსა და აკადემიურ კვლევების შეფერხებაზე.

სწორედ აქ ჩნდება მთავარიკითხვა: უსაფრთხოების არსებული მიდგომა რამდენად ტოვებს სივრცეს იმ საქმიანობისთვის, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ნდობის აღდგენასა და მშვიდობას უნდა ემსახურებოდეს?

ყველაზე კრიტიკული კი ის არის, რომ ეს მოცემულობა საქართველოში თავად კონფლიქტებისა და მშვიდობის კვლევის სფეროს შენარჩუნებასა და გადარჩენას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. ცოდნისა და ინფორმაციის წარმოების შეფერხება საფრთხეს უქმნის ველს, რომელშიც ოცდაათ წელზე მეტია გროვდება განსხვავებული გამოცდილებები და ხედვები, ვითარდება სამშვიდობო მიდგომები და კონფლიქტების ტრანსფორმაციის პოლიტიკური პერსპექტივები, ხორციელდება ადგილობრივი თუ რეგიონული სამშვიდობო ინიციატივები და იქმნება ნდობის აღდგენისა და დიალოგის შესაძლებლობები.

ამ ველის მნიშვნელოვანი ნაწილია აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ურთიერთობები და კავშირები, მათ შორის ისეთი წვდომა და ნდობა, რომლებიც ხშირად მხოლოდ ამ სფეროში მომუშავე ინდივიდებსა და ორგანიზაციებს ჰქონდათ.

ამ კავშირების შესუსტება მხოლოდ ცალკეული პროექტების შეჩერებას არ ნიშნავს; ის საფრთხეს უქმნის დაგროვილ ცოდნას, ურთიერთობის გამოცდილებასა და დიალოგის გაგრძელების შესაძლებლობას.

ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია თავად ამ ველის შენარჩუნება,  ცოდნის, ადამიანური კავშირების, ინსტიტუციური მეხსიერების დაცვა. ეს ველი ერთგვაროვანი არ არის: მასში განსხვავებული, ზოგჯერ ურთიერთსაპირისპირო ხედვებიც თანაარსებობს. სწორედ ეს მრავალფეროვნება ქმნის კონფლიქტების გააზრების, არსებული მიდგომების კრიტიკული შეფასებისა და ახალი სამშვიდობო შესაძლებლობების ძიების საფუძველს.

კითხვა: ქართველი ახალგაზრდები რომ ავიღოთ – ამ კონფლიქტების შესახებ რამდენ აქვთ ცოდნა, ინფორმაცია? და რამდენად აქვს საზოგადოების ამ ნაწილს იმის პოტენციალი, რომ მომავალში სამშვიდობო პროცესებში ჩაერთოს?

ელეონორა ჭანია: ქართველ ახალგაზრდებისთვის კონფლიქტები უფრო ემოციური საკითხია და ნაკლები ინფორმირებულობა აქვთ. ამ თემის მიმართ ემოციური დამოკიდებულება ძლიერია, თუმცა ცოდნა ყოველთვის არ შეესაბამება ამ ემოციის ინტენსივობას. ამას ვხედავთ სხვადასხვა გამოვლინებით. იგივე სოციალურ ქსელებში, სპორტულ თუ კულტურულ აქტივობებზე. ამასთან მათი ემოციები უფრო მეტად ნეგატიურია, იმ მხრივ რომ ეს თემები მათთვის ასოცირდება ტკივილთან, დაკარგულ ტერიტორიასთან.

მათ აღქმებზე დიდ გავლენას ახდენს საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ სივრცეებში არსებული ნარატივები. ამავე დროს, როგორც აკადემიურ დისკუსიებში, ისე სოციალურ ქსელებში, ხშირად გვხვდება პოლარიზებული და ზოგჯერ რადიკალური მსჯელობა. ასეთ გარემოში ახალგაზრდებს უჭირთ განსხვავებული პერსპექტივების ერთმანეთთან დაკავშირება და იმ საფუძვლის პოვნა, რომელიც დიალოგში გააზრებულად ჩართვაში დაეხმარებოდათ.

ამიტომაც მათი აქტიურობის შემთხვევაში პირველადი მოტივაცია უფრო მეტად პიროვნულია. სურთ მეტი გაიგონ კონფლიქტის შესახებ, გადაამოწმონ აქამდე არსებული წარმოდგენები და უკეთ გაიაზრონ საკუთარი დამოკიდებულებები და თვითშემეცნებას შეუწყონ ხელი.

აფხაზ ან ოს თანატოლებთან პირველი შეხვედრისას ზოგიერთ ახალგაზრდას აქვს განცდა, რომ სახელმწიფოს წარმოადგენს და თითქოს მოლაპარაკებებში მონაწილეობს. ასეთი მოლოდინი პირველ გამოცდილებას ხშირად ართულებს და ზოგჯერ იმედგაცრუებასაც იწვევს. შემდგომ შეხვედრებზე ეს წარმოდგენა თანდათან იცვლება: ახალგაზრდები უკეთ პოულობენ საკუთარ ხმას და ერთმანეთთან უფრო უშუალო ურთიერთობას ამყარებენ.

კითხვა: თანამშრომლობის საკითხს რომ შევეხოთ. რა თემებს დაასახელებდი, რომლებზეც ქართველი ახალგაზრდები აფხაზ თანატოლებთან ითანამშრომლებდნენ? რა თემებია, რომლებზეც მუშაობა სამშვიდობო პროცესს გააცოცხლებდა?

ელეონორა ჭანია: ვფიქრობ, თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საფუძველი შეიძლება გახდეს ის გამოწვევები, რომლებსაც ახალგაზრდები საკუთარი საზოგადოებების შიგნით აწყდებიან. ამ საკითხებზე ერთობლივი მსჯელობა მათ საშუალებას მისცემდა, უფრო ფართო სურათი დაენახათ, ერთმანეთის გამოცდილებები გაეგოთ და თანამშრომლობის შესაძლებლობები ეპოვათ.

ეს სხვა თაობაა, რომელსაც საკუთარი პრობლემები და საჭიროებები აქვს და მათი გადაჭრის გზების ძიებასაც თავად ცდილობენ. საერთო თემა სხვადასხვა სპექტრის  შეიძლება იყოს, როგორც  ყოველდღიური საზოგადოებრივი საკითხები, ასევე წარსულის ტრავმები და მათთან გამკლავება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევები.  ამ საკითხებზე ახალგაზრდებს ერთმანეთისთვის ბევრი გამოცდილების გაზიარება შეუძლიათ.

საუბარია თაობაზე, რომელიც ომის დროს ჯერ დაბადებულიც არ იყო. მათ კონფლიქტის წარმოშობაში მონაწილეობა არ მიუღიათ, თუმცა მისი შედეგებით განსაზღვრულ გარემოში ცხოვრობენ და ამ შედეგებთან გამკლავება უწევთ.

საინტერესო მიმართულება იქნებოდა კულტურული მემკვიდრეობის ერთობლივი კვლევაც. ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებში საერთო ისტორიის სხვადასხვა ნაწილი ინახება. მათი გაცვლა ახალგაზრდებს უფრო სრული და მრავალმხრივი სურათის დანახვაში დაეხმარებოდა. შესაძლოა, ჩვენთან დაცული საარქივო მასალა ან კულტურული არტეფაქტი მათთვის მნიშვნელოვანი იყოს, ან მათთან არსებობდეს ისეთი მასალა, რომელიც ჩვენთვის ღირებულია, მაგრამ ხელმისაწვდომი არ არის. ეს ეხება სამეცნიერო სფეროსაც: ხანგრძლივი ურთიერთკავშირების კვალი დღემდე არსებობს და თანამშრომლობის საფუძვლად შეიძლება იქცეს.

კიდევ ერთი მიმართულებაა ციფრული ტექნოლოგიები და ხელოვნურ ინტელექტთან, დეზინფორმაციისათან  დაკავშირებული გამოწვევები. ეს საკითხები ახალგაზრდების ყოველდღიურობას სულ უფრო მეტად განსაზღვრავს და საერთო ინტერესების პოვნის შესაძლებლობას ქმნის.

მნიშვნელოვანია მომავალზეც საუბარი. დღეს ის მრავალი ახალგაზრდისთვის ბუნდოვანია, როგორც ჩვენს საზოგადოებებში, ისე გლობალურად. სად ხედავენ საკუთარ თავს უახლოეს წლებში, როგორი ცხოვრება სურთ და რა შესაძლებლობები სჭირდებათ ამისთვის? ამ საკითხებზე საუბარი შეიძლება თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საწყისი გახდეს.

კითხვა: ქართველი და აფხაზი ახალგაზრდობა რითი ჰგავს ერთმანეთს და რითი განსხვავდებიან?

ელეონორა ჭანია: საერთო ის არის, რომ ორივე მხარეს ახალგაზრდებს აქვთ სურვილი, რომ გააჯანსაღონ და გააუმჯობესონ თავიანთი ცხოვრება. ხშირ შემთხვევაში მათ აერთიანებთ საერთო ღირებულებები, დემოკრატიული ხედვები, სოციალური სამართლიანობისა და კეთილდღეობისადმი ინტერესი.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ აფხაზი ახალგაზრდების შედარებით ვიწრო წრესთან მაქვს ურთიერთობა და ჩემს დაკვირვებებს მთელ თაობაზე ვერ განვაზოგადებ. თუმცა ამ ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი საზოგადოებრივი გარემოს გაჯანსაღება, ინსტიტუტების უკეთ ფუნქციონირება და სოციალური პირობების გაუმჯობესება.

საერთო ინტერესებს ვხედავ კულტურულ ცვლილებებთან, სტერეოტიპებთან და საზოგადოებრივ მოლოდინებთან მიმართებითაც.

მთავარი განსხვავება რასაც ვხედავ ის არის, რომ აფხაზი ახალგაზრდებისთვის უფრო მეტად დამახასიათებელია შიდა საზოგადოებრივი მუშაობა.

ჩვენს  შემთხვევაში ამას ნაკლებად ვხედავ. ქართველი ახალგაზრდობისთვის გაღიზიანების მთავარი საგანი ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორია. ამ თემაზე კი თავად აფხაზები ნაკლებად საუბრობენ. ისინი გაურბიან რუსეთთან დამოკიდებულების საკითხებსა და მათზე მსჯელობას. უფრო მეტად ყურადღებას ამახვილებენ აფხაზეთის იზოლაციაზე. ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ევროინტეგრაციის გზაზე სიარული და ამაზე რეფლექსიაა. ვხედავთ ბოლო პერიოდის მნიშვნელოვანი სამოქალაქო მობილიზაციაც ამ საკითხს უკავშირდებოდა და არა რამე შიდა საზოგადოებრივ საკითხებს.

აფხაზური და ქართული ახალგაზრდა თაობა სხვადასხვა კონტექსტში გაიზარდა. აფხაზებს აქვთ რუსულ კულტურასთან თუ მასკულტურის ელემენტებთან მეტი შეხება, ისინი სწავლობენ რუსულ უნივერისტეტებში, ასიმილაციის მეტი ხარისხი აქვთ. ჩვენ დასავლურ განათლებასთან ჯერ კიდევ მეტი წვდომა გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის რუსული სივრცე უფრო მშობლიურია,  ღირებულებით და ყოველდღიური ინტერესების დონეზე საერთო წერტილებს მაინც ვხედავ. ვფიქრობ, ამას ხელს უწყობს ციფრული გარემო, მედია და სოციალური ქსელებიც, რომელთა საშუალებითაც ახალგაზრდები ხშირად მსგავს თემებსა და გამოცდილებებს ეცნობიან.

თუმცა, რა თქმა უნდა, არც ერთი საზოგადოება არ არის ერთგვაროვანი და ახალგაზრდებსაც ერთ ჯგუფად ვერ განვიხილავთ. მაგალითად სოცალური ქსელების დაკვირვებით, აფხაზ ახალგაზრდებთან უფრო მკაფიოდ ჩანს რუსული კულტურული სივრცისა და კავკასიური სივრცის  გავლენა, თუმცა ესეც კი  საერთო ინტერესებისა და ურთიერთგაგების შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

ჩემი პირადი გამოცდილებაც გარკვეულ თავისებურებას ქმნის. როგორც სოხუმიდან დევნილი ოჯახის წარმომადგენელს, დიალოგის დასაწყისში ხშირად მეტი საერთო სასაუბრო მქონდა, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. მათ ქართველებთან თანაცხოვრებისა და ურთიერთობის გამოცდილება აქვთ, რაც საუბრის დაწყებას აადვილებს. ახალგაზრდებს კი ასეთი უშუალო გამოცდილება ხშირად არ გაგვაჩნია.

ამავე დროს, შევამჩნიე, რომ ჩემი  აფხაზეთთან კავშირი ზოგჯერ საუბარს უფრო რთულსაც ხდის. მათ იციან, რომ აფხაზეთი ჩემთვის ემოციურად მნიშვნელოვანი სივრცეა და მის შესახებ მხოლოდ გარედან ჩამოყალიბებული წარმოდგენები არ მაქვს. ამიტომ ზოგიერთი აფხაზისთვის უფრო მარტივია ურთიერთობა ქართველ ახალგაზრდასთან, რომელსაც აფხაზეთთან ასეთი პირადი და ოჯახური კავშირი არ აქვს.

მსგავსი სტატიები

ჩვენი მთავარი პრობლემა აფხაზეთის რუსული სამხედრო-პოლიტიკური ოკუპაციაა.
სირიაზე ევროკავშირის ზეწოლა აფხაზეთში ნეგატიურად აღიქმება, თუმცა თავად ამ თემის მიმართ მედია გაშუქებაც დაბალია
მუჰაჯირების შთამომავლებს გამოკვეთილი პოლიტიკური ძალა არ გააჩნიათ. ისინი უფრო მეტად ეკონომიკურ საქმიანობაში არიან ჩართული. ჩვენ ეს ჯგუფი არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც ასადის მხარდამჭერი ან მის წინააღმდეგ მებრძოლი ჯგუფი.