საწვავის კრიზისი და ქართულ საზოგადოებაში კონფლიქტის მოგვარების შესახებ დისკუსია. ხედვა აფხაზეთიდან – ვიდეოდისკუსია

FacebookXMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

საწვავის კრიზისი აფხაზეთში

გაზეთ „ჩეგემსკაია პრავდას“ რედაქტორი ინალ ხაშიგი და პოლიტოლოგი ასტამურ ტანია განიხილავენ საწვავის კრიზისს, ბოლო განცხადებების ფონზე საქართველოსთან ურთიერთობებს, ასევე თურქეთში აფხაზეთის დეიზოლაციის კამპანიას. ისინი ხაზს უსვამენ, რომ აფხაზეთი რთულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში იმყოფება და მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გარე ფაქტორებზე. თანამედროვე გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის საჭიროა პროაქტიული, პრაგმატული საგარეო პოლიტიკა, რომელიც ეფუძნება ალტერნატიული ეკონომიკური კავშირების მოძიებასა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სფეროების დივერსიფიკაციას.

ძირითადი თეზისები და არგუმენტები:

  • საწვავის კრიზისი აფხაზეთში და კომერციული კონტაქტები საქართველოსთან: ექსპერტები ბეზნინის მიწოდებებს დეესკალაციისა და ნდობის ატმოსფეროს ჩამოყალიბებისკენ გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯად განიხილავენ. ისინი აფხაზეთისთვის მონოპოლისტური ზეწოლის თავიდან ასაცილებლად საწვავის იმპორტის დივერსიფიკაციის აუცილებლობას უსვამენ ხაზს. საერთო არასტაბილურობის პირობებში პრაგმატიზმისა და არასტანდარტული ეკონომიკური გადაწყვეტილებების აუცილებლობაზე საუბრობენ.
  • კონფლიქტის ისტორიული გააზრება და საქართველოს შიდა პოლიტიკა: სპიკერები აღნიშნავენ, რომ ომის დროს ძალადობას ორივე მხარე ახორციელებდა, თუმცა ამ პროცესის გაჩაღებაზე პასუხისმგებლობა კონფლიქტის ინიციატორებს ეკისრებათ. მათი შეფასებით, საქართველოში კვლავ არსებობს ტაბუ აფხაზეთის ომის დაწყებამდე ქართული შეიარაღებული ფორმირებების მიერ ჩადენილი სისასტიკის განხილვაზე, თუმცა ამ ფაქტების აღიარება ტრაგედიის მიზეზების გასააზრებლად აუცილებელია.
  • თურქეთში აფხაზეთის დეიზოლაციის კამპანია: აფხაზეთის დეიზოლაცია რეგიონის გრძელვადიან ინტერესებს შეესაბამება და საქართველოს ინტერესებს არ ეწინააღმდეგება, მიუხედავად იმისა, რომ თბილისი ამ გზაზე დაბრკოლებებს მუდმივად ქმნის. რეალური შედეგის მისაღწევად აფხაზეთს სჭირდება სისტემური მუშაობა და კონტაქტების დამყარება არა მხოლოდ თურქეთის ოპოზიციასთან, არამედ თურქეთის სამთავრობო წრეებთანაც.

დისკუსიის სრული ტექსტური ვერსია:

ინალ ხაშეგი: გამარჯობა! ეთერშია „ჩეგემსკაია პრავდა“.

გასული კვირა მოვლენებით ძალიან დატვირთული იყო. სწორედ ამაზე ვისაუბრებთ. ბევრი მოვლენა მოხდა როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკაში. დღეს კი სტუმრად გვეწვია ჩვენი მუდმივი პოლიტიკური ექსპერტი, ასტამურ ტანია.

ასტამურ, გამარჯობა!

ასტამურ ტანია: გამარჯობა!

ინალ ხაშეგი: ბენზინისა და საწვავის პრობლემა მხოლოდ აფხაზეთში არ იყო. საწვავის დეფიციტი რუსეთშიცაა. დღეს მე საწვავი ლიტრში 110 რუბლად ჩავასხი.

ასტამურ ტანია: შეიძლება მოგილოცოთ.

ინალ ხაშეგი: დიახ, ორი ან სამი კვირის წინ ეს, ალბათ, არაბუნებრივ რამედ მოგვეჩვენებოდა.

ასტამურ ტანია: იქნებ შეინახოთ ეს ბენზინი და ერთ კვირაში 150-ად გაყიდოთ.

ინალ ხაშეგი: დიახ. ბენზინი ჩავასხი და ბედნიერი ვარ. თურმე ადამიანს ბედნიერებისთვის ბევრი არ სჭირდება.

ამ დეფიციტის გარშემო ბევრი დისკუსიაა. დეფიციტის გარკვეული ნაწილი საქართველოდან მოწოდებებით კომპენსირდა.

ეს არ არის ჰუმანიტარული დახმარება; ეს წმინდა ბიზნესია, მაგრამ მაინც, უამრავი მითქმა-მოთქმა მოჰყვა ამ ამბავს. სხვათა შორის, პირადად გადავხედე თუ ვინ რა თქვა ოფიციალურად. აფხაზეთის მთავრობამ აღიარა დეფიციტი და თქვა, რომ საქართველოდან საწვავის შემოტანას ხელს არ შეუშლის. საქართველოში ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას ამ პროცესთან არაფერი აქვს საერთო; ბიზნესი მოქმედებსო.

ასტამურ ტანია: მათაც თქვეს, რომ საწვავის მიწოდებას ხელს არ შეუშლიან.

ინალ ხაშეგი: ხელს არ შეუშლიან, დიახ.

ჩვენი საზოგადოების ნაწილი საქართველოსთან ნებისმიერ კონტაქტს ქრონიკულად ეწინააღმდეგება.

იცით, ყველა კონტაქტი ერთნაირი შინაარსის არ არის. როდესაც საკურორტო სეზონის პიკზე ბენზინის არქონის გამო მთელი შენი ეკონომიკა გაჩერებულია და შენ გაქვს შესაძლებლობა იყიდო, შეიძინო ეს ბენზინი საქართველოში, მაშინ, მე მგონია, რომ აქ უნდა განისაზღვროს, რა არის უფრო მნიშვნელოვანი — გარკვეული წინაპირობები და ფორმალობები, თუ ის ფაქტი, რომ ბენზინის ნაკლებობა პირველ რიგში ქვეყნის უსაფრთხოებას ურტყამს. მე მგონია, რომ ეს მეორე გარემოება უფრო მნიშვნელოვანია.

მეორეს მხრივ, თვით საქართველოშიც სკანდალია. ანუ, იქაც არიან უკმაყოფილო ადამიანები იმით, რომ ბენზინი აფხაზეთზე იყიდება. თან ეს მიწოდებულია იმ სოუსით, თითქოს ეს ბენზინი პირდაპირ რუსულ სამხედრო ბაზებზე მიდის. ასეთი სისულელის იქაც ბევრს ადვილად სჯერა.

მიუხედავად ამისა, ასეთია სიტუაცია. იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში, ამ კრიზისის დასასრული უახლოეს მომავალში საერთოდ არ ჩანს.

ზოგადად, როგორ უყურებთ მთელ ამ სიტუაციას ამ საწვავთან, საქართველოდან ამ მიწოდებებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ?

ასტამურ ტანია: წლების განმავლობაში, მე და თქვენ შესაშური რეგულარობით ვსაუბრობდით საქართველოსთან იმ სფეროებში კონტაქტების ძიებისა და გაფართოების აუცილებლობაზე, რომლებიც ორმხრივ ინტერესს წარმოადგენენ. კერძოდ, ვსაუბრობდით სასაზღვრო ვაჭრობის განვითარებაზე, სავაჭრო ურთიერთობების ლეგალიზაციაზე. ასე რომ, უცნაური იქნებოდა, ახლა რომ მეთქვა, ამ მიწოდების წინააღმდეგი ვარ-მეთქი.

თუ ჩვენი ურთიერთობების პოლიტიკურ კომპონენტზე ვისაუბრებთ – საკმაოდ ნაყოფიერი ურთიერთობები გვაქვს ენერგეტიკის სფეროში. დასამალი არც ისაა, რომ ჩვენს ბაზარზე ძალიან ბევრი ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტია. ამჟამად პრაქტიკულად პროდუქციის ასორტიმენტი გაფართოვდა.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც აფხაზეთის, ისე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელს არ უშლიან საწვავის იმპორტს და რომ ეს დაკავშირებულია ჰუმანიტარულ და სხვა საკითხებთან, აქაც კი ღიად იქნა აღიარებული, რომ ეს ბენზინი საქართველოდან მოდის.

ტერმინიც კი მოიფიქრეს: „ბენზინი ალტერნატიული წყაროებიდან“. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს დასავლეთით რუსეთს ვესაზღვრებით, ხოლო აღმოსავლეთით — ალტერნატიულ წყაროებს. ადგილობრივი გამოყენებისთვის ახალი ტერმინის მოფიქრებაც კი შეიძლებოდა: „შედგა აფხაზურ-ალტერნატიული წყაროების მოლაპარაკებები…“

ხუმრობა იქით იყოს და, ვფიქრობ, ეს საბოლოო ჯამში პოზიტიური ნაბიჯია. როდესაც მე და თქვენ ამას განვიხილავდით, სწორედ იქითკენ ვიყავით მიმართული, რომ აუცილებელია ჩვენი ურთიერთობების დეესკალაცია. ამ ყველაფერში ბევრი პროპაგანდა და სიძულვილის ენაა ჩართული, თუმცა ასეთი ნაბიჯები ნდობის კლიმატის შექმნას უწყობს ხელს — ამის უარყოფა შეუძლებელია.

სულ სხვა საკითხია, ეს ერთჯერად მოვლენად დარჩება თუ უფრო ფართო პროცესად გარდაიქმნება (რაც თავის მხრივ სხვა სფეროებში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს გამოიწვევს) – ამას დროს გვიჩვენებს.

ბუნებრივია, ვხედავთ, რომ აფხაზური მხარის რეაქციაც არაერთგვაროვანია. თუმცა, ჩვენმა ძირითადმა ოპოზიციურმა ძალებმა ამ სიტუაციის მთავრობის საწინააღმდეგოდ გამოყენებისგან თავი შეიკავეს. ვიცით, რომ ოპოზიციურ წრეებშიც არაერთხელ გაესვა ხაზი საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესის აუცილებლობას. ამ გაგებით, გარკვეული კონსენსუსი არსებობს. საქართველოში სიტუაცია, რა თქმა უნდა, სრულიად განსხვავებულია, რადგან იქ შიდაპოლიტიკური დაძაბულობა ბევრად უფრო მწვავეა.

ინალ ხაშეგი: იქ ხალხს ციხეში სვამენ.

ასტამურ ტანია: დიახ. ზოგადად, უკან თუ გავიხედავთ და თუნდაც შეიარაღებული კონფლიქტის საწყისებამდეც მივალთ, მგონია, რომ შიდაპოლიტიკური გარემოებები იყო ის ძირითადი მამოძრავებელი ძალა, რომელმაც ომი გამოიწვია.

იმ დროისთვის ხელისუფლებაში მყოფი სახელმწიფო საბჭოს არალეგიტიმური რეჟიმი ძალაუფლებას თითქმის მხოლოდ ძალის გამოყენებით ინარჩუნებდა. ჩამოგდებული პრეზიდენტის, გამსახურდიას მხარდამჭერების ჩახშობისას, მათ სისხლიანი დარბევები დასავლეთ საქართველოში განახორციელეს. მათი პოზიცია უკიდურესად მყიფე იყო, ამიტომ შიდაპოლიტიკური ამოცანების გადასაჭრელად ესკალაციის ცენტრი აფხაზეთში გადაიტანეს.

შედეგად მათ აფხაზეთზე კონტროლი დაკარგეს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ შევარდნაძის რეჟიმმა ძალაუფლების შენარჩუნება მოახერხა. ეს აფხაზეთის ფასად დაუჯდათ.

დღეს ქართულ-აფხაზური კონფლიქტი ძირითადად შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის კვლავ გამოიყენება.

ვნახეთ, როგორ უეცრად გააქტიურდა ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია. როგორც ჩანს, მთელი ეს ბენზინის მიწოდებისადმი კრიტიკული ტალღა მის მიერ იყო ინიცირებული. მან პროვოცირება გაუკეთა ამ დისკუსიას, დაეყრდნო რა თავის მნიშვნელოვან მხარდამჭერთა ბაზას. მან აფხაზეთში ბენზინის მიწოდების გარშემო კრიზისის გაღვივებას ფაქტობრივად მწვანე შუქი აუნთო.

მთელ ამ დისკუსიებს შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში მანევრებად განვიხილავ. რამდენ თავშეკავებასა და მოთმინებას გამოიჩენს მოქმედი ხელისუფლება, ამას დრო გვიჩვენებს. რაც შეეხება ოპოზიციურ სპექტრს, ის ბუნებრივად არაერთგვაროვანია.

იმ სცენარის დაშვების შემთხვევაშიც კი, როდესაც საქართველოში ძალაუფლების ცვლა ხდება, გულუბრყვილობა იქნება იმის მოლოდინი, რომ ხელისუფლებაში ლიბერალები მოვლენ. მედიასივრცეში გამეფებული განწყობების მიხედვით, არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ პოპულისტ-შოვინისტები — ფიგურები, რომლებთან ურთიერთობაც ბევრად უფრო რთული იქნება ჩვენთვის და, ფაქტობრივად, ქართული საზოგადოებისთვისაც. ეს რისკი ნამდვილად არ არის ნულოვანი.

მთავარი რისკი ის არის, რომ აფხაზეთი შიეძლება კვლავ გახდეს ქართული აგრესიული შიდაპოლიტიკური პროპაგანდის იარაღი, და ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ.

არსებობს კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც უშუალოდ ჩვენ გვეხება: ჩვენ უნდა მოვახდინოთ საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა რისკის დივერსიფიკაცია. ქართული მხარე საწვავის ერთადერთი მომწოდებელი რომ გახდეს, ეს გარემოება სწრაფად გადაიქცევა ეკონომიკური იძულების ბერკეტად.

ჩვენ საწვავი დივერსიფიცირებული წყაროებიდან უნდა მივიღოთ – საქართველოდან, რუსეთიდან და სხვა გზებიდან, რომლებიც ჯერ კიდევ არ გამოგვიკვლევია.

ინალ ხაშეგი: როგორც ადრე. საწვავს ვიღებდით რუმინეთიდან, ბულგარეთიდან.

ასტამურ ტანია: დიახ. ყველა ეს შესაძლებლობა გამოსაკვლევია.

ზოგადად, უნდა შევეჩვიოთ იმ აზრს, რომ, სამწუხაროდ, სტაბილური ეკონომიკური პერიოდი (სტაბილური მიწოდებით, ფინანსური შემოდინებით და ა.შ.) ჩემი აზრით, წარსულს ჩაბარდა. ჩვენი ხელისუფლება და პოლიტიკური წრეები მზად უნდა იყვნენ არაორდინალური ნაბიჯებისა და ახალი, მოულოდნელი გამოწვევებისთვის.

ჩვენ უბრალოდ უნდა გავიაზროთ, რომ ასეთ დროში ვცხოვრობთ და სიტუაცია უკეთესობისკენ არ იცვლება.

ამ გაგებით, მეჩვენება, რომ ქართულ მხარესთან ეს წარმოქმნილი კონტაქტები მაინც უნდა გადავიყვანოთ პოლიტიკური განმუხტვის სფეროშიც. მჯერა, რომ საქართველოში არის ვინმე, ვისთანაც შეიძლება დაილაპარაკო.

ტრაგედია უბრალოდ იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კრძალავს თვით საქართველოს მიერ აფხაზეთთან მოლაპარაკებების წარმოებას. შედეგად, ჩვენი ურთიერთობები საჯარო სივრცეში ურთიერთპრეტენზიების გაცვლით შემოიფარგლება.

ბენზინთან დაკავშირებულ ამ გადაწყვეტილებაზეც კი ასეთი სიტუაცია 2008 წლამდე საკოორდინაციო საბჭოს არსებობისას რომ მომხდარიყო, არ მგონია, ასეთი რეზონანსი გამოეწვია. ორივე მხარე დაჯდებოდა, შეთანხმდებოდა, მოაწერდა ხელს ოქმს და დაურთავდა საერთაშორისო წარმომადგენლების ხელმოწერებს, როგორც ამას გაერო და სხვები აკეთებდნენ. ეს იქნებოდა ორმხრივი შეთანხმება და არცერთ მხარეს არ გაუჩნდებოდა კითხვები.

ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ: უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ აღვადგინოთ სრულფასოვანი მოლაპარაკებების ფორმატი, სადაც ორი მხარე იქნება წარმოდგენილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ პრობლემებს მუდმივად წავაწყდებით და მათი ყოველ ჯერზე მოგვარება მოგვიწევს.

ინალ ხაშეგი: საქართველოს თემა საკმაოდ აქტუალური იყო ბოლო დღეებში. არ ვიცი, უკავშირდება თუ არა ეს ომის დაწყების მორიგ წლისთავს, 8 აგვისტოს მოვლენებს თუ სხვა რამეს, მაგრამ მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ეს დისკუსია საქართველოში უშუალოდ ომის თემას არ ეხება – ის მაინც ყველას პირზე აკერია.

საქართველოს ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა გია ბარამიძემ ინტერვიუ მისცა ქართულ YouTube არხს. მასში მან განაცხადა, რომ ომის დროს მონაწილეობდა ქართული მხარიდან ტყვეების, ლტოლვილების გაცვლისა და დაკარგულ პირთა ძებნის კომისიაში — პაატა ზაქარეიშვილთან ერთად. ჩვენს მხარეს ბესლან კობახია წარმოადგენდა. ბარამიძემ განაცხადა, რომ ომის დროს ქართველები ვერ ახერხებდნენ ტყვეების გაცვლას აფხაზებთან, რადგან მათ არ გააჩნდათ ტყვეთა ფონდი. ისინი აფხაზ ტყვეებს ხვრეტდნენ.

ბუნებრივია, საქართველოში სკანდალი ატყდა, რასაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ძალიან მეტყველი რეაქცია მოჰყვა: ბარამიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს სახელმწიფო ღალატის მუხლით — არა ცილისწამების, არამედ სწორედ სახელმწიფო ღალატის მუხლით.

ასტამურ ტანია: იმიტომ, რომ ბარამიძე თანამდებობაზე მყოფი ოფიციალური პირი იყო, რომელიც საიდუმლო ინფორმაციას ფლობდა. მან კი ეს ინფორმაცია, რომელიც საიდუმლო იყო, ღია ფორმატში გაასაჯაროა. ამ ინფორმაციას ქართული ხმარე მალავს.

ინალ ხაშეგი: მაგრამ, მეორეს მხრივ, ეს საქმის აღძვრა ნიშნავს, რომ ისინი მაინც აღიარებენ ამ ქმედებებს.

მე აქ კიდევ ერთ შესაძლებლობას ვხედავ. ომი და ის, რაც ომის დროს მოხდა — როგორ დაიწყო, როგორ განვითარდა, როგორ დასრულდა და ა.შ. — ქართულ საზოგადოებაში მუდმივად გამოიყენება როგორც იარაღი, რომელიც ხან შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგს ემსახურება, ხანაც – საგარეო აუდიტორიას.

თუ გახსოვთ, ომი თავდაპირველად დაიწყო როგორც ქართულ-აფხაზური კონფლიქტი. ახლა კი უარყოფენ, რომ ეს ქართულ-აფხაზური კონფლიქტია და ამჯობინებენ მას უყურონ მკაცრად, როგორც კონფლიქტს რუსეთთან, ხოლო აფხაზები წარმოჩენილნი არიან უბრალო მაყურებლებად.

ბარამიძის აღიარება შესაძლოა სინამდვილეში ათვლის წერტილი გახდეს მათთვის, რათა შინაგანად დაუპირისპირდნენ ომის ძირეულ მიზეზებს და საბოლოოდ აღიარონ, თუ რა ჩაიდინეს.

ფაქტებს თუ შევხედავთ, ახლავე შემიძლია დავასახელო ათობით აფხაზი, რომლებიც ტყვედ ჩავარდნენ და დახვრიტეს. მაგალითად, აგვისტოში, ომის დასაწყისში, ოლეგ აშბა შეიპყრეს და დახვრიტეს. იგივე დაემართათ ძმებ აქირთავებს, საშა მირზოიანს, ამიჩბას და ბევრ სხვა პირს, რომლებიც ტყვედ ჩავარდნენ და დემონსტრაციულად ხვრეტდნენ ქართველი ჯარისკაცების დაკრძალვებზე. ეს ფაქტები კარგად არის დადასტურებული. ჩვენს მხარეს, მადლობა ღმერთს, ეს ყველაფერი სრულად არის დოკუმენტირებული: არსებობს „თეთრი წიგნი“, ხოლო გენერალურმა პროკურატურამ თავის დროზე ოფიციალურად დააფიქსირა ეს შემთხვევები.

თუ ქართულ საზოგადოებაში ხალხს მართლაც სურს გაიგოს, რა მოხდა და როგორ, ამ დოკუმენტების წარდგენას წინ არაფერი უდგას. სახელები, გვარები, დატყვევებისა და დახვრეტის თარიღები — ეს ყველაფერი სრულად არის ჩაწერილი. ვფიქრობ, ეს შეიძლება გახდეს ჭეშმარიტი ათვლის წერტილი კონფლიქტის მოგვარების ძიებაში. აშკარაა, რომ ეს საკითხითხები ფართოა, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები აუცილებელია. თუ მათ სურთ გაიგონ, რატომ დაიწყო ომი და როგორ წარიმართა, სწორედ აქედან უნდა დაიწყონ — განსაკუთრებით ახლა, როდესაც არსებობს ყოფილი მაღალჩინოსანი ქართველი ოფიციალური პირის საჯარო აღიარება, რომელიც უშუალოდ განაგებდა დაკარგულ პირებსა და ტყვეთა გაცვლას. გამოიძიონ ეს; მჯერა, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

არსებობს კიდევ ერთი ინტერვიუ, რომელიც ამჟამად აქტიურ დებატებს იწვევს თვით ქართულ საზოგადოებაში — ინტერვიუ ნიკა გვარამიასთან, ყოფილ გენერალურ პროკურორთან და ოპოზიციის ლიდერთან, რომელმაც ახლახან მოიხადა სასჯელი და ახლა თავისუფალია. სხვათა შორის, ის წარმოშობით სოხუმიდან არის.

მან აღნიშნა, რომ ქართული საზოგადოება ძალიან დიდ დროს ხარჯავს მოგონებებზე ჩაბღაუჭებაში, იმაზე დარდში, თუ როგორი იყო აფხაზეთი ოდესღაც, მის დაკარგვაზე გლოვასა და ა.შ. ის ამტკიცებს, რომ მათ უნდა მიატოვონ ეს აზროვნება და ამის ნაცვლად კონცენტრირდნენ მომავალზე — იმის განხილვაზე, თუ რა ელის მათ წინ,.

ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი გზავნილია. როგორ წარმოუდგენია მას ეს პრაქტიკაში და როგორ განვითარდება ეს, სხვა საკითხია. მიუხედავად ამისა, ის ამტკიცებს, რომ აფხაზებს უნდა აჩვენონ საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვა, ამ გზაზე პროგრესი და დაანახონ, რომ ევროპულ საქართველოში ჩვენ თავს უფრო მეტად უსაფრთხოდ და დაცულად ვიგრძნობთ.

მჯერა, რომ ნებისმიერი რეალური საწყისი ნაბიჯი ნდობით უნდა დაიწყოს, ხომ ასეა? თუ ნდობაა მიზანი, მაშინ გარდაუვალად ვუბრუნდებით „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ იმ უბედურ კანონს, რომელიც ყოველმხრივ ზღუდავს ჩვენს უფლებებს. ეს კანონი, სავარაუდოდ, გაუქმებას საჭიროებს, თუ გსურთ მიაღწიოთ შედეგებს მეორე მხარეს…

ასტამურ ტანია: ამავდროულად, მან აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავის მიწოდების ფაქტიც მკვეთრად გააკრიტიკა.

ინალ ხაშეგი: დიახ, ქართულ საზოგადოებაში არ არსებობს ერთიანი მიდგომა.

ასტამურ ტანია: ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ძირითადად შიდაპოლიტიკურ დისკურსს ეკუთვნის. აფხაზეთი იქ უბრალოდ ემოციური ინტენსივობის ასამაღლებლად გამოიყენება. ეს ეხება გვარამიას განცხადებასაც და კიდევ ერთხელ გავუსვამდი ხაზს, რომ არავინ არ უნდა გააკეთოს შორსმიმავალი დასკვნები ცალკეული განცხადებების საფუძველზე. ჩვენ უნდა ვადევნოთ თვალი, თუ როგორ განვითარდება საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში.

რაც შეეხება ბარამიძის განცხადებებს, ჩვენთვის ახალი არაფერია. ნებისმიერ შეიარაღებულ კონფლიქტში მხარეები ცხოვრობენ სტანდარტული ნარატივით — სულ მცირე, საზოგადოებრივი მოხმარებისა და პროპაგანდისთვის შექმნილი ნარატივით — სადაც შენს მხარეს აივენჰო და უილფრედი იბრძიან, ხოლო მეორე მხარე – ველურები არიან.

ამ კონფლიქტის გაგებისთვის, მიუხედავად ქართველებთან ჩვენი ომამდელი პოლიტიკური ურთიერთობების მთელი სირთულისა (რომელიც, სხვათა შორის, ყოველდღიურ დონეზე ძლივს შეიმჩნეოდა, მაგრამ პოლიტიკურად ნამდვილად არსებობდა განსხვავებული ეროვნული პროექტების გამო) – ძირითადი პასუხისმგებლობა ყოველთვის ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ძალადობის გამოყენების სასარგებლოდ მორალური არჩევანი გააკეთა.

თუ მხარემ გააკეთა ეს მორალური არჩევანი, უნდა ველოდოთ, რომ ბარამიძის მიერ აღწერილი სამხედრო დარღვევები ძირითადად მათგან მომდინარეობს. მათ არ გაუგზავნიათ რეგულარული ნაწილები აფხაზეთში უმიზეზოდ; ესენი იყვნენ ადამიანები, რომელთა ხელებიც უკვე სისხლში იყო გასვრილი. ისინი ომამდე მცირე ხნით ადრე ყველაზე სასტიკი ფორმით გაუსწორდნენ ზვიადისტების მხარდამჭერებს სამეგრელოში. მიიღეს დიდი გამოცდილება უკანონო დაკავებებში, დაპატიმრებებსა და დარბევებში. ისინი კარგად იყვნენ გაწაფულნი ამ მეთოდებში და, ბუნებრივია, აფხაზეთში მათი ქცევა მათთვის ჩვეული იყო.

აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის ეს იყო აბსოლუტური შოკი — არა მხოლოდ აფხაზებისთვის, არამედ ადგილობრივი ქართველებისთვისაც. მათ უჭირდათ იმის დაჯერება, რომ მათ თანამემამულეებს შეეძლოთ ასეთი ნაბიჯების გადადგმა. ქართული ძალების ლიდერებს და ბევრ წარმომადგენელს კრიმინალური წარსული ქონდათ.

რა თქმა უნდა, როდესაც კონფლიქტი ფართოვდება და მწვავდება, დარღვევები გარდაუვლად ხდება ყველა მხარეს. გულუბრყვილობა იქნება იმის წარმოდგენა, რომ აფხაზები არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ასეთ სიტუაციაში მეორე ლოყას მიუშვერენ; ეს სრულიად განსხვავებული რეალობაა და ეს უნდა იქნას გააზრებული.

დანაშაულები ჩადენილი იყო ორივე მხარეს, მაგრამ ამ პროცესის წამოწყებაზე ფუნდამენტური პასუხისმგებლობა ეკისრება იმ მხარეს ვინც ეს დაიწყო.

რაც შეეხება მათ მეთოდებს… რატომ უნდა ჩავრგოთ თავი ქვიშაში? ის მეთოდები კარგად არის ცნობილი არა მხოლოდ იმით, რაც მოხდა აფხაზეთში, არამედ იმითაც, რაც ხდებოდა თვით საქართველოს ტერიტორიაზე.

ნათელია, რომ საქართველოში არსებული შიდაპოლიტიკური პრობლემების გამო, მათ ურჩევნიათ ეს თემა მიჩქმალონ. მე ფაქტობრივად ვერ ვხედავ საჯარო დისკურსს იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა დასავლეთ საქართველოში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის წინარე პერიოდში. ამ თემაზე ტაბუა დადებული გასაგები მიზეზების გამო — არავის სურს ამ მძიმე იარების ხელახლა გახსნა, როდესაც საზოგადოებას ისედაც უამრავი პრობლემა აქვს. ჩვენ ესეც უნდა გავითვალისწინოთ.

ადრე თუ გვიან, ისტორია მაინც ბრუნდება თავის ბნელ გამოვლინებებში. ჩვენ ეს ისტორია სრულადუნდა ვიცოდეთ. ეს ალბათ ყველაფერია, რისი თქმაც მინდოდა ამ საკითხზე. დიახ.

ჩვენ ვმოქმედებთ ძალიან მძიმე ისტორიულ ფონზე, თუმცა ხანდახან არის ნათელი გაელვებები, რომ ადამიანები ცდილობენ პრობლემას მეორე მხრიდან შეხედონ. ეს ხდება ხელისუფლების მხრიდანაც.

მაგალითად, გამოდის საქართველოს პრემიერ-მინისტრი კობახიძე. ჩვენ ალბათ არ ველოდებით, რომ ის გვეტყვის, თუ რამდენად დიდებულები ვართ, რომ მათ სურთ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება და ა.შ., მაგრამ მას ჰქონდა ფრაზა ნდობის აღდგენის შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ხანდახან გამოჩნდება ხოლმე სტატიები, რომლებიც მეტ-ნაკლებად ობიექტურ მზერას გვთავაზობენ ჩვენი ურთიერთობების ისტორიაზე უძველესი დროიდან. გარდა ამისა, ინგოროყვას ამ ცნობილ მეცნიერულ თეორიაზე, რომელმაც მრავალი თაობის გონება მოწამლა, ქართველებიც წერენ.

ანუ, ქართულ საზოგადოებაში წარსულის გააზრების მცდელობები და იმედის ნაპერწკლები პერიოდულად ჩნდება.

ჩვენ ასევე გვჭირდება გარკვეული დასკვნების გამოტანა ჩვენს პოლიტიკასთან დაკავშირებით — მაგალითად, გალის რაიონთან დაკავშირებით. ეს იქნება ჩვენთვის აუცილებელი გასაკეთებელი.

მაგრამ, ძნელია ასეთი დაბალი ნდობის ფონზე რაიმე აქტიურობა. ასეთ დროს ნებისმიერი ნაბიჯი მეორე მხარის მიერ აღიქმება როგორც ოპონენტებისთვის გაუმართლებელი უპირატესობების ჩუქება.

ამიტომაც ამ ეტაპზე მე არ მჯერა რაიმე დიდი გადაწყვეტილებების. დიდი და მნიშნელოვანი საკითხების განხილვა პროდუქტიულადაც არ მიმაჩნია. ამათ ნაცვლად, მგონია, რომ ისეთი მიზნობრივი საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ტრანსპორტთან, კომუნიკაციებთან, ჰუმანიტარულ საკითხებთან და საზღვარზე ადამიანებისა და ტვირთების გადაადგილებასთან ორივე მიმართულებით — დიალოგისთვის საბაზისო პირობების შექმნას უფრო მეტად შეუწყობს ხელს.

ინალ ხაშეგი: გადავიდეთ სხვა თემაზე: აფხაზეთის დეიზოლაციაზე.

თურქეთში აფხაზეთის დეიზოლაციის კამპანია იკრებს ძალას. ერთის მხრივ, ეს მოიცავს აფხაზური პასპორტების სამოგზაურო დოკუმენტად აღიარებას; მეორეს მხრივ, ის მიზნად ისახავს პირდაპირი კომუნიკაციის — კერძოდ, საზღვაო მიმოსვლის — აღდგენას თურქეთსა და აფხაზეთს შორის, რომელიც უშუალოდ ომის დასრულების შემდეგ არსებობდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს კავშირები მოქმედებდა, ადამიანებს შეეძლოთ მგზავრობა, სამგზავრო გემები დადიოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოგვიანებით შეწყდა, მისი აღდგენის კამპანია ახლა იწყება.

თავდაპირველად, ეს იყო აფხაზური და ადიღეური სამოქალაქო სექტორიდან კერძო პირების ინიციატივა. შემდეგ ეს ინიციატივა გაიზარდა იმ დონემდე, რომ თურქეთის პარლამენტში წარმოდგენილი რვა პოლიტიკური პარტია ერთიანი ფრონტით გამოვიდა და განაცხადა, რომ აუცილებელია აფხაზეთის დეიზოლაცია. თავდაპირველად, თურქეთში აფხაზური თემების ჩვენი კონფედერაცია (აფხაზფედი) საკმაოდ ეჭვიანად მოეკიდა ამ იდეას. აცხადებდნენ, რომ თავად უნდა იყვნენ ამ იდეის ავტორები. გაჩნდა ასეთი სრულიად გაუგებარი ეჭვიანობა. მართალია, მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც აფხაზურმა საზოგადოებამ აქ ხამაღლა განაცხადა თავისი მხარდაჭერის შესახებ და ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, მოხდა გარკვეული კორექტირება: შეხვდნენ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები და აფხაზფედის წევრები, და მათ უკვე მიაღწიეს ერთიან კონსენსუსს, რომ ასეთი კონსოლიდირებული მოძრაობა დეიზოლაციისთვის აუცილებელია.

როგორ უყურებთ ამ პერსპექტივას ზოგადად? ერთის მხრივ, ეს რვა პოლიტიკური პარტია ოპოზიციას ეკუთვნის, რომლებიც მოიცავს მრავალფეროვან სპექტრს – მემარცხენებსაც და მემარჯვენეებსაც. რამდენად პერსპექტიულია ეს ინიციატივა და რამდენად შეიძლება იყოს ეს შიდა თურქული პოლიტიკური მანევრირების გარკვეული ელემენტი ამომრჩეველთა ხმების მისაღებად — კერძოდ, აფხაზებისა და ადიღეელების დიასპორისგან, რომლებიც სხვადასხვა შეფასებით ოთხ მილიონამდე აღწევენ? თურქეთში საპარლამენტო და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება.

თქვენი აზრით, ეს წმინდად შიდაპოლიტიკურია, თუ ნამდვილად არის რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ ეს მოძრაობა გადაითარგმნოს უფრო ფართო მოძრაობაში, რომელიც სათავეს იღებს სამოქალაქო სექტორიდან და ატაცებულია ოპოზიციის მიერ? შეეძლო თუ არა ანკარას გადაედგა ისეთი კონკრეტული ნაბიჯები, როგორებიცაა აფხაზეთის დეიზოლაცია, აფხაზური პასპორტების ცნობა და საზღვაო მიმოსვლის გახსნა?

ასტამურ ტანია: ბუნებრივია, მე მხარი დავუჭირე ამ ინიციატივას — ისევე როგორც თქვენ და ბევრმა სხვამ. სისულელე იქნებოდა მისი მხარდაჭერა რომ არ გამოგვეცხადებინა. მართლაც, ბევრმა ჩვენგანმა დაუჭირა მხარი.

ამავდროულად, უნდა გავიაზროთ, რომ, სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მოხდა ჩვენი ექსპერტული და საზოგადოებრივი მუშაობის აშკარა დეგრადაცია ყველა მიმართულებით, მათ შორის თურქულ მიმართულებაზეც.

ყურადღებით წავიკითხე, რა დაწერა ელჩინ აძინბამ. საბედნიეროდ, გვყავს ასეთი მაღალი დონის ექსპერტები, რომლებსაც ესმით შიდა თურქული პოლიტიკური სამზარეულო. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ მისი მოსაზრებები, რადგან ის იქ არის და ესმის წყალქვეშა დინებები. მაგრამ პოლიტიკაში არ ხდება ისე, რომ ყველაფერს პლიუს ან მინუს ნიშანი ჰქონდეს. ეს არის მუდმივი ბრძოლა. აძინბამ მოგვიწოდა იმ ადამიანთა წრის გაფართოებისკენ, რომლებთანაც გვჭირდება მუშაობა, რადგან გადაწყვეტილებები ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე — იქნება ეს კულისებს მიღმა თუ ოფიციალურად გაჟღერებული — საბოლოოდ მთავრობის დერეფნებში მიიღება. ეს სტრატეგია უზრუნველყოფს იმას, რომ ეს ძალისხმევა არ გამოიყურებოდეს თურქეთის შიდაპოლიტიკური კონკურენციის უბრალო პაიკად. აძინბამ სპეციალურად გაგვაფრთხილა ამის შესახებ და ეს უნდა გავითვალისწინოთ.

კვლავ რომ დავუბრუნდეთ ჩვენივე საზოგადოების რეაქციას: ის ხშირად წააგავს ბენგალურ სანთელს. რაღაც რეაქტიული ხდება, ყველაფერი მყისიერად აენთება, შემდეგ კი უცებ ქრება. ექვს თვეში არავის არც კი გაახსენდება ამ ინიციატივის შესახებ. აი ეს არის ტრაგედია.

ჩვენ კვლავ გვყავს საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სპეციალიზებული ინსტიტუტები, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებაზე არსებობენ. ადრე პერიოდულად ვატარებდით კონფერენციებს, მათ შორის სამართლებრივ საკითხებზე, სადაც ჩვენი სიტუაცია განიხილებოდა საერთაშორისო სამართლის პერსპექტივიდან — კერძოდ, როგორ ვართ შეზღუდულნი ჩვენს უფლებებში გადაადგილების თავისუფლების, განათლებისა და სხვა საკითხებში.

საერთაშორისო პოლიტიკაში მხოლოდ ის არსებობს, რაც საინფორმაციო სივრცეში არსებობს. თუ ჩვენ თვითონ არაფერს ვიტყვით – არაფერი იქნება. მადლობა ღმერთს ამ კონკრეტულ საკითზე გამოჩნდნენ თურქი აფხაზები, რომლებმაც ეს თემა წამოწიეს. მაგრამ საწყისი იმპულსი ჩვენგან უნდა მოდიოდეს, რადგან თურქეთის აფხაზებს თავად არ აქვთ იზოლაციის პირდაპირი პრობლემები; მათ აქვთ პასპორტები, რომლებიც მთელ მსოფლიოში თავისუფალი გადაადგილების საშუალებას იძლევა. თუმცა ჩვენი მხრიდან არანაირი ინიციატივა არ წამოსულა.

როგორც წინადადება, შეიძლებოდა სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება — სამეცნიერო და რეალური საზოგადოებრივი რეზონანსის მატარებელი. იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ ისტორია აღვწეროთ, პირველ რიგში აღწერილი უნდა იყოს საკითხი: როგორ მოხდა ჭანჭიკების ეს დაჭერა და იზოლაცია? საერთაშორისო სამართლის რა ნორმებს ეწინააღმდეგება ეს? რა შედეგებამდე მივყავართ ამ იზოლაციას? გვერდზეც რომ გადავდოთ ქართული მხარის შიდაპოლიტიკური დაპირისპირება, აფხაზეთის დეიზოლაცია არც მათ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

ბარიერები ყოველთვის ქართული მხრიდან იქმნება. ჩვენ ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს. მაგალითად ომის შემდეგ ჩავატარეთ მოლაპარაკებები, ხელი მოვაწერეთ დოკუმენტებს ძალის გამოუყენებლობის, სამშვიდობო ძალების, ლტოლვილთა დაბრუნების პროცედურის შესახებ. შემდეგ მათ თქვეს, რომ ეს არ აწყობთ, რადგან დევნილთა დაბრუნების პროცესი ნელი იყო. ახლა მუდმივად პრეტენზიები აქვთ და ამბობენ რომ 300,000 დევნილი ჰყავთ, მაშინ როდესაც აფხაზეთში ამდენ ქართველს საერთოდ არ უცხოვრია. ამასობაში, ჩვენ დავაბრუნეთ 50,000-მდე დევნილი გალის რაიონში — რაც, როგორც ჩანს, მათი ნარატივისთვის მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი.

მოგვიანებით გქონდა მოლაპარაკებები კონფედერაციულ ურთიერთობებზე და კავშირის სტრუქტურებზე — გამოიყენებოდა სხვადასხვა ტერმინოლოგია 1997-დან 1998 წლამდე, მაისის მოვლენებამდე. შიდაპოლიტიკური გარემოებები კვლავ ჩაერია. საბოლოო ჯამში, ვინ მოიგო ამით? არც დევნილებმა მოიგეს და არც ქართულმა საზოგადოებამ. ზუსტად იგივე ლოგიკა ვრცელდება ამ დეიზოლაციაზეც.

პატიოსნად რომ ვთქვა, რაციონალურად მივიჩნევდი, თუ ქართული მხარე ხელს არ შეუშლიდა აფხაზეთის დეიზოლაციის საკითხს, რადგან ეს ასევე შეიძლება განხილული იყოს ურთიერთნდობის განმტკიცების ღონისძიებათა პაკეტში.

რაც შეეხება ანკარას. ყველას ესმის – ქართულ მხარეს რომ განეცხადებინა, რომ დეიზოლაციის წინააღმდეგი არ არის, ეს საკითხი ბევრად უფრო ადვილად გადაწყდებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ძნელია იმის პროგნოზირება, რამდენ დროს წაიღებს ეს და მოიტანს თუ არა რაიმე კონკრეტულ შედეგს.

მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ არის აქტივობა როგორც ჩვენი საზოგადოების, ისე ჩვენი თანამემამულეების მხრიდან ამ მნიშვნელოვანი საქმის გარშემო, უკვე თავისთავად შედეგია. იმის მიუხედავად, იქნება თუ არა ჩვენი პასპორტები თურქეთში აღიარებული, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოება ფიქრობს თავის პერსპექტივებზე, გარკვეულწილად ამოდელირებს თავის მომავალს. ეს ნიშნავს ცოცხალ საზოგადოებას.

ეს არ არის ჩვენი ერთადერთი პრობლემა; უამრავი სხვა პრობლემა გვაქვს. ხანდახან გახსენდება, როგორ ხდებოდა ეს 90-იან წლებში, 2000-იანების დასაწყისში, როგორი ცოცხალი და პროაქტიული რეაქცია იყო, და სხვადასხვა ადამიანებისა და ორგანიზაციების პოზიცია. ახლა ისეთი შეგრძნებაა, თითქოს რაღაც გაყინული ჭაობია, საიდანაც ხანდახან რაღაც ამოხეთქავს. ასეთ მდგომარეობაში შეუძლებელია რაიმე შედეგის მიღწევა.

მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს ყველა ფრონტზე, ყველა მიმართულებით. რაღაც გამოვა, რაღაც — ვერა. მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ თუ არაფერს გააკეთებ, არაფერი გამოვა.

ხედავთ, ცხოვრებამ გვაიძულა საწვავის საკითხებს შევხებოდით. ხომ ასეა? ჩვენ გვექნება ბევრი ასეთი გამოწვევა და მათთან გამკლავება მოგვიწევს. თუ საკუთარ თავს დამოუკიდებელი სახელმწიფო უწოდე, იმოქმედე კიდეც შესაბამისად. დამოუკიდებლობა არ არის მხოლოდ საკანონმდებლო აქტებისა და პოლიტიკური დეკლარაციების ერთობლიობა. ეს არის აქტივობა, ამ შინაარსის შევსება. ეს არის შემოქმედებითი პროცესი.

თუ ერს აკლია ეს შემოქმედებითი პროცესი, ის იწყებს ქრობას, განელებას. სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვაკვირდებით. მე და თქვენ აფხაზურ ენაზეც ვსაუბრობდით — კარგია, რომ არის აქტივობა, თუმცა მოიტანს თუ არა ეს რაიმე შედეგს, არც მე ვიცი. საზოგადოება ცოცხალი უნდა იყოს. არავინ იზრუნებს ჩვენზე, თუ ჩვენ თვითონ არ გამოვავლენთ სიცოცხლის ნიშნებს. აი ეს მინდოდა მეთქვა.

ინალ ხაშეგი: ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენს ტურბულენტურ დროში — და არა მხოლოდ ტურბულენტურ დროში, ნებისმიერ დროს, მშვიდობიანში თუ ტურბულენტურში — უნდა არსებობდეს მომავლის მკაფიო გეგმები, და გარდა ამისა, რამდენიმე ვარიანტი ყველა მიმართულებით, სადაც უნდა იყოს გეგმა A, გეგმა B, გეგმა C, სიტუაციის გარკვეული მოდელირება და ა.შ.

მე კვლავ ამ ბენზინის კრიზისს ვუბრუნდები. ასლან ბჟანიას დროს უეცრად გადაწყვიტეს, რომ აუცილებელი იყო მთელი ეს საწვავის ბაზარი ერთადერთი ხელისთვის გადაეცათ. ამ შედეგებზეც წინასწარ უნდა ეფიქრათ და გაეთვალისწინებინათ, როგორ აისახებოდა ეს ყველაფერი — არა მხოლოდ იმაზე, რომ ჩვენი ავტოგასამართი სადგურები ასეთი ლამაზი და მოვლილი იქნება და ა.შ., არამედ იმაზე გააზრებით, რომ ძირითადი პრობლემა მაშინ წარმოიქმნება, როდესაც ამ სადგურებზე ბენზინი საერთოდ არ არის. ეს სიტუაცია ხაზს უსვამს ღრმა ანალიზის ნაკლებობასა და პრაგმატული, ჭეშმარიტად გათვლილი სტრატეგიის არარსებობას.

ასტამურ ტანია: ჩვენ არ ვართ სახელმწიფო მართვის ყველა სფეროს ექსპერტები.

ინალ ხაშეგი: არა, რა თქმა უნდა.

ასტამურ ტანია: ბენზინის საკითხში მე ნამდვილად არ ვარ ექსპერტი, არც ამ მონოპოლიებში. უბრალოდ საჭიროა ექსპერტული საზოგადოების ჩართვა იქ, სადაც არ გვესმის. პრობლემას საზოგადოებრივი რეზონანსი უნდა მიეცეს. ვხედავ, რომ ბევრი რამ კეთდება, მაგრამ აკლია კომპეტენტური საჯარო გაშუქება.

ინალ ხაშეგი: ასტამურ, ვთქვათ გაქვთ ფული, ხომ? არცერთი გონიერი ბიზნესმენი არ გეტყვით, რომ მთელი თქვენი ფული ერთ კონკრეტულ ბანკში უნდა ჩადოთ. ის მას სხვადასხვა ბანკში ანაწილებს.

საითკენ მიმყავს საუბარი: როდესაც საკუთარი ნავთობი არ გვაქვს — ნავთობი შეიძლება სადღაც იდოს, მაგრამ არც გადამუშავება გვქონდეს, არც მოპოვება, არაფერი — და ჩვენ ვყიდულობთ ამ ბენზინს… როდესაც ყიდულობ ამ ბენზინს, უნდა არსებობდეს სხვადასხვა წყარო.

ასტამურ ტანია: ახლა მე და თქვენ წრეზე ვტრიალებთ. დივერსიფიკაციაზე გეთანხმებით.

ინალ ხაშეგი: იმ ფაქტით, რომ ასტამური მეთანხმება დავასრულებთ ჩვენს საუბარს.

ასტამურ ტანია: ყველას თავისი გასაჭირი აქვს. რაც შემეხება მე – მანქანას არ ვმართავ.

ინალ ხაშეგი: მე ვმართავ. ისე გამოვიდა, რომ არა მხოლოდ მე, არამედ აფხაზი მძღოლების უმრავლესობა, ალბათ, საღამოს იმ ფიქრით იძინებს, თუ სად ჩაასხას საწვავი ხვალ, სად იშოვოს ეს ბენზინი. დილით კი იმავე ფიქრით იღვიძებს. და ვფიქრობ, რომ სახელმწიფოსთვის ეს რეალურად ყველაზე უკანასკნელი პრობლემა უნდა იყოს — როდესაც მისი მოქალაქეებისთვის მთავარი ფიქრი იმაში მდგომარეობს, თუ როგორ იშოვონ ბენზინი. დაე ასეთი პრობლემები არ გვქონდეს. ასტამურ, დიდი მადლობა.

ასტამურ ტანია: გმადლობთ. ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ.

პუბლიკაციებში გამოყენებული ტოპონიმები და ტერმინოლოგია, აგრეთვე მათში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები, ყოველთვის არ ასახავს გამომცემლის შეხედულებებსა და პოზიციას.

მსგავსი სტატიები

ნაურუს მიერ აფხაზეთის აღიარების უკან გაწვევა უკრაინის ომის დაწყების შედეგად გლობალურ წესრიგში მომხდარი ფუნდამენტური ცვლილების გამოვლინებაა.
თორნიკე შარაშენიძე: პირველ რიგში ორივე მხარემ უნდა აღიაროს თავისი შეცდომა და დანაშაული. ამ ნაბიჯის შემდეგ ყველა სხვა პროცესი გაადვილდება
პაატა ზაქარეიშვილი: „თბილისს შეუძლია შესთავაზოს აფხაზეთსა და ცხინვალს ის, რასაც რუსეთი ვერასდროს შესთავაზებს: არა მკაცრი კონტროლი, არამედ გრძელვადიანი ურთიერთობები, მათი ადამიანური და პოლიტიკური რეალობის პატივისცემა“