სოხუმის ნაბიჯები ზამთრისთვის მოსამზადებლად
ელექტროენერგიის დეფიციტი აფხაზეთში ქრონიკულ ხასიათს ატარებს. ბოლო რამდენიმე წელია, ზამთრის პერიოდში, სიტუაცია განსაკუთრებით მწვავდება. 2025 წლის ზამთრის დადგომამდე დე-ფაქტო ხელისუფლებამ საჯაროდ განაცხადა, რომ არ დაუშვებს ენერგეტიკულ კოლაფსს, თუმცა ამ განცხადებების მიღმა არსებული რეალური ვითარება ნაკლებად დამაიმედებელია. მეტიც, პოლიტიკურ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები, უმეტესწილად, გრძელვადიან პერსპექტივაზეა ორიენტირებული, რეგიონის ენერგოსისტემის ქრონიკული პრობლემები კი კვლავ გადაუჭრელია.
აფხაზეთს ელექტროენერგიით ძირითადად ენგურჰესი ამარაგებს. თუმცა, როგორც წესი, წლის ბოლოსთვის (დეკემბერში) წყალსაცავში წყლის დონე კრიტიკულად დაბალ ნიშნულამდე ეცემა, რის შედეგადაც ჰესის გამომუშავების სიმძლავრე მკვეთრად მცირდება. ამასთანავე, ენგურჰესი დანარჩენ საქართველოსაც ამარაგებს ელექტროენერგიით. მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის კრიზისის დროს გამომუშავებული ელექტროენერგია თითქმის სრულად აფხაზეთს ხმარდება – ადგილზე მოხმარება იმდენად დიდია, რომ კრიტიკული დეფიციტი იქმნება.
აფხაზეთის ზამთრის ენერგოკრიზისის მიზეზები სისტემურია და შეიძლება სამ ძირითად ჯგუფად დაიყოს:
მოძველებული ინფრასტრუქტურა – 2024 წლის ადგილობრივი სტრუქტურების შეფასებით ენერგოსისტემის 80%-ზე მეტი ავარიულ მდგომარეობაშია. ეს ქსელში სიმძლავრის 25-27%-ის დანაკარგს იწვევს, ხოლო ზამთარში მოხმარების ზრდასთან ერთად მატულობს ლოკალური ავარიები ადგილობრივ ქვესადგურებსა თუ გადამცემებზე, რაც მთლიან ენერგო სისტემას კიდევ უფრო არასტაბილურს ხდის.
არალეგალური კრიპტო მაინინგი – ეს ე.წ. ფერმები არაბუნებრივად ზრდიან ელექტრო ენერგიის მომხარებას. კრიზისის პერიოდში ისინი ენგურჰესის დღიურად წარმოებული ენერგიის ნახევარს მოიხმარენ, რაც ელექტროენერგიის დეფიციტის ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევი მიზეზი ხდება.
გადასახადების გადახდის დაბალი მაჩვენებელი – ტრადიციული პრობლემა, რომლის პირობებშიც ქსელების განახლება თუ რაიმე სახის ტექნიკური მოდერნიზაცია უპერსპექტივო ხდება. ადგილობრივი დ/ფ ხელისუფლების მიხედვით 2024-2025 წლებში ელექტრო ენერგიის საფასური მომხმარებლების საშუალოდ 48%-მა გადაიხადა, რაც 2023 წლის მონაცემებზე 10%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ ფიზიკური პირების მესამედიც კი არ იხდის ამ გადასახადს. უფრო მეტად ოპტიმისტური სტატისტიკა წარმოადგინა დე ფაქტო ენერგეტიკის სამინისტრომ. მათი თქმით 2025 წლის 9 თვის მონაცემებით ელექტრო ენერგიის გადასახადი მომხმარებელთა 52%-მა გადაიხადა, ხოლო ცალკე აღებულ სექტემბრის თვეში ეს მაჩვენებელი 85.4% იყო. მიუხედავად ამ რიცხვებს შორის სხვაობისა ორი რამ ცხადია – ბოლო წლებში გადასახადის გადახდის სტატისტიკა უმჯობესდება, თუმცა მაინც არასაკმარის ნიშნულზეა.
ამგვარ ვითარებაში რეგიონი რუსეთზე ენერგოდამოკიდებული კიდევ უფრო მეტად ხდება. რუსეთი აფხაზეთს ელექტრო ენერგიას წლების მანძილზე უფასოდ აწვდიდა. მხოლოდ 2020-2024 წლებში რუსეთმა 10 მლრდ რუბლის ღირებულების ელექტროენერგია მიაწოდა რეგიონს უფასოდ. ეს დინამიკა ძირითადად პოლიტიკურ ურთიერთობებზე დგას და არასტაბილური ხასიათი აქვს.
ამის კარგი მაგალითია 2024 წლის მეორე ნახევარში შეცვლილი ვითარება, როდესაც რუსეთმა აფხაზეთს სექტემბრიდან ფინანსური დამხარება, მათ შორის სოციალური და უფასო ენერგო დახმარება შეუწყვიტა. ზამთრის კრიზისის დასაწყისში დ/ფ მთავრობას კომერციულ ფასად მოუწია დეფიციტური ენერგიის მიღება, თუმცა დეკემბერში თხოვნის საფუძველზე რუსეთმა თანხმობა განაცხადა 327 მლნ კვ/სთ ელ.ენერგიის უფასოდ მიწოდებაზე. ეს შეთანხმება შეეხებოდა 2025 წელს, თუმცა უცნობია რა სახის შეთანხმება არსებობს 2026 წლისთვის.
2025 წელს დ/ფ ხელისუფლებამ ენერგეტიკის სფეროსთან დაკავშირებით რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ეს გადაწყვეტილებები უფრო მეტად გრძელვადიანია და საეჭვოა მოახლოებული ზამთრის კრიზისის პრევენცია მოახდინოს.
ერთი გადაწყვეტილება უკანონო მაინინგის პრობლემას შეეხება. დ/ფ ხელისუფლების ბრძანებით 2026 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა მაინინგის აპარატურის რეგიონში შეტანისა და გამოყენების აკრძალვა. ეს მაინინგთან ბრძოლის მეთოდია, თუმცა ნაკლებად ეფექტური, რადგან კორუფცია ამ ბრძოლას პრაქტიკულად ფორმალურ პროცესად აქცევს.
მეორეს მხრივ აფხაზეთში გაიზარდა ელექტროენერგიის ტარიფები: 2025 წლის 1 იანვრიდან საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის ტარიფი 2 რუბლი და 20 კაპიკი განისაზღვრა, ხოლო კრიპტო მაინინგისთვის — 4 რუბლი და 20 კაპიკი. ტარიფების ზრდის ახალ ტალღას ელოდებიან 2026 წლის იანვრიდან. საუბარია ტარიფების სამმაგ ზრდაზე. დე-ფაქტო ენერგეტიკის სამინისტროსგან ჯერჯერობით კონკრეტული განცხადებები არ გავრცელებულა. ნოემბერში უწყებამ გამოაქვეყნა ტექსტი, სადაც საუბარია 2025 წლის მანძილზე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე. აქვე, ცალკე ყურადღება ეთმობა სატარიფო პოლიტიკას. დე ფაქტო სამინისტრო ღიად მიუთითებს, რომ არსებული ტარიფები არასაბაზროა, რაც ტარიფების სამომავლო ზრდის წინასწარ მინიშნებად შეიძლება ჩაითვალოს.
2024-2025 წლებში მცირე პროგრესია გადასახადების გადახდის მაჩვენებლებზე, თუმცა ინდივიდუალური მრიცხველების დაყენების პროცესი ნელა მიმდინარეობს და ფიზიკური პირების დიდი ნაწილი კვლავაც ახერხებს გადასახადებისგან თავის არიდებას. ამ მიმართულებითაც რაიმე სახის ძირეული ცვლილება 2025 წლის განმავლობაში არ მომხდარა.
2025 წლის აგვისტოში დე-ფაქტო პრეზიდენტმა მთავრობას ენერგო სფეროს განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება დაავალა. სტრატეგია შეეხება ქსელის განახლებას, ალტერნატიული წყაროების მოძიებასა და სხვა საკითხებს, თუმცა დოკუმენტზე მუშაობის ვადად 2026 წლის მარტი გამოცხადდა. გარდა ამისა ზაფხულში გალის რაიონში მდებარე ვარდნილჰესები რუსეთიდან ჩამოსულმა სპეციალისტებმა ტექნიკურად შეამოწმეს. დე-ფაქტო ენერგეტიკის მინისტრ ბატალ მუშბას თქმით, ეს ვიზიტი მიზნად ისახავდა ვარდნილჰესების ტექნიკური მდგომარეობის შემოწმებასა და მათი რეკონსტრუქციისა თუ ექსპლუატაციაში შეყვანის შესაძლებლობების განხილვას. ჯერჯერობით ტექნიკური შეფასების შედეგები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა. ეს ვიზიტი, ისევე როგორც სტრატეგიაზე მუშაობა უფრო მეტად გრძელვადიანი პროცესის ნაწილია, ვიდრე უშუალოდ 2025 წლის ზამთრისთვის მზადება.
რაც შეეხება რუსეთთან მოლაპარაკებებს – ვითარება აქაც უცვლელია. ჯერ კიდევ მოქმედებს გასულ წელს მიღწეული შეთანხმება უფასო, ე.წ. სოციალური ელექტრო ენერგიის მიწოდება, რომლის ვადა 2025 წლის ბოლოს იწურება. მიმდინარე წელს მოსალოდნელ ენერგო კრიზისთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი შეთანხმებისა თუ მოლაპარაკებების შესახებ საჯაროდ ინფორმაცია არც ერთ მხარეს არ გაუცია.
ამჟამად არსებული ინფორმაციით, შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთში მოსალოდნელი ენერგოკრიზისისთვის შინაარსობრივად ახალი და თვისებრივი ნაბიჯი მიმდინარე 2025 წელს არ გადადგმულა. დე-ფაქტო მთავრობა ებრძვის უკანონო მაინინგს და მუშაობს ტარიფების ზრდაზე, თუმცა კორუფციისა და სხვა პრობლემების ფონზე ეს გამოწვევები კვლავ გადაუჭრელია. 2026 წლის მარტისთვის დაგეგმილი სტრატეგია მიანიშნებს, რომ ენერგოსისტემის ინფრასტრუქტურაში არსებითი ცვლილება ამ ზამთარს არ მოხდება.
„ჩერნომორენერგო“-ს ხელმძღვანელობის მიხედვით, 2025 წელს ელექტრო ენერგიის მოხმარების კლება შეინიშნება. ამასთანავე გასულ წლის ამ პერიოდთან შედარებით ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დეფიციტი არ არის. ამ და სხვა ფაქტორებზე დაყრდნობით კომპანიის გენერალური დირექტორი თემურ ჯინჯოლია არ პროგნოზირებს 2025-2026 წლის ზამთარში ენერგო კრიზისსა და გრაფიკების დაწესებას. ამგვარი დამაიმედებელი პროგნოზი დგას იმ ვარაუდზე, რომ ზამთარში ელექტრო ენერგიის მომხარება არ გაიზრდება, ხოლო წყალსაცავში წყლის დონე კრიტიკულ მაჩვენებელს არ ჩამოსცილდება.
რამდენად სწორი პროგნოზია – ამას დრო გვაჩვენებს, თუმცა კრიზისის შემთხვევაში თავდაცვის უმთავრესი მეთოდი სავარაუდოდ კვლავ კრემლისთვის დახმარების თხოვნა იქნება. რუსეთისგან უფასო ელექტროენერგიის მიღება კი დიდწილად პოლიტიკურ ვითარებასა და ურთიერთობებზეა დამოკიდებული. ამ მხრივ კი წინასაარჩევნო პერიოდში ბადრა გუნბასადმი ღიად გამოხატული კრემლის მხარდაჭერა შესაძლოა ერთადერთი დამაიმედებელი ფაქტორი იყოს.
ამგვარ პოლიტიკურ დამოკიდებულებებს თავისი რისკიც ახლავს – ენერგოკრიზისი მოსკოვს ეფექტურ ბერკეტებს აძლევს, რათა უფრო აქტიურად მოითხოვოს სოხუმისგან ინვესტიციებთან ან სხვა პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღება.
მასშტაბური ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის გარეშე, აფხაზეთი ამ ზამთარსაც დიდი ალბათობით სერიოზული ენერგოკრიზისის რისკის წინაშე დგას.