ქართულ-რუსული ურთიერთობები
მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა.
პრემიერმა სპეციალური წარმომადგენლის სამუშაო თემები დაასახელა – რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე დიალოგის წარმოება. მისი თქმით ამ “საკითხებზე მუდმივი დიალოგის წარმოება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.“
პრემიერის თქმით ზურაბაშვილი შეინარჩუნებს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას, თუმცა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ის პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი იქნება.
კითხვაზე, თუ რატომ გადაწყდა ამდენი თვის პაუზის შემდეგ პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა, პრემიერმა უპასუხა, რომ ბოლო თვეებში საქართველოს მთავრობამ აქცენტი შვეიცარიის დიპლომატიური წარმომადგენლობის სექციაზე გააკეთა. “თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში დავინახეთ, რომ დამატებით არის მნიშვნელოვანი სპეც წარმომადგენლის თანამდებობის კვლავაც არსებობა და თანამდებობის პირის დანიშვნა,” – განმარტა პრემიერმა.
ბრიფინგზე ჟურნალისტების მხრიდან ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ რუსეთი თბილისს სოხუმთან და ცხინვალთან ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმების გაფორმებას ბოლო პერიოდში აქტიურად მოუწოდებს.
ამაზე პრემიერმა უპასუხა: “ეს შეუძლებელია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვერანაირი ფორმით ვერ ვაღიარებთ ე.წ სახელმწიფოებს “აფხაზეთის რესპუბლიკა” და “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა”. ჩვენი მხრიდან ვერანაირად ვერ იქნება ვერც ირიბი ფორმით აღიარებული, შესაბამისად, მათთან ვერანაირი ხელშეკრულება ვერ დაიდება. ეს იქნება ის პოზიცია, რომელსაც გამოხატავს სპეც წარმომადგენელიც.“
რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ ზატულინის თქმით გადაწყვეტილება სწორია. რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უნდა განვითარდეს. „ეს ურთიერთობები, რა თქმა უნდა, გართულებულია საქართველოს ოფიციალური პოზიციის გამო, რომელიც არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და აფხაზეთისა და ოსეთის არსებობისთვის პასუხისმგებლობას არა საკუთარ თავს, არა წარსულში დაშვებულ საკუთარ შეცდომებს, არამედ – რუსეთის ფედერაციას აკისრებს.”
კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ. მან აქცენტი ჟენევის ფორმატის კრიტიკაზე გააკეთა. „ჟენევის ფორმატი საკმაოდ უმოქმედო ფორმატია. რამდენი შეხვედრა ჩატარდა, აბსოლუტურად უშედეგოდ.“ „რა იქნება სამომავლოდ არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ჩვენს პოზიციას საკმაოდ გამოცდილი დიპლომატი, თავისი საქმის მცოდნე, თავისი ქვეყნის მოყვარული ადამიანი ჩაუდგება. საქართველო უნდა იცავდეს თავის ინტერესებს, მათ შორის საერთაშორისო ფორმატში, განსაკუთრებით, ჟენევაში“ – განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „მზადდება, უახლოეს ხანში დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან, დეოკუპაციის გარეშე, რაც ოფიციალურ კაპიტულაციის გაფორმებას ნიშნავს“.
შეფასება გააკეთა საქართველოს დიპლომატთა საზოგადოებამ, რომელიც სხვადასხვა თაობის კარიერულ დიპლომატებს აერთიანებს. მათი შეფასებით მიღებული გადაწყვეტილება საკმაოდ სახიფათო ტენდენციის მაჩვენებელია:
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის თქმით ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია რამდენიმე მიმართულებით: იცვლება პრემიერის სპეც. წარმომადგენლის მანდატი და მას ემატება კონფლიქტების საკითხები; ამასთანავე საქართველოსა და რუსეთს შორის ოფიციალური დიპლომატიური კავშირის აღდგენის პირველი ნიშნები იკვეთება.

პაატა ზაქარეიშვილი: ეს გადაწყვეტილება არ არის უმნიშვნელო. წელიწადზე მეტია ეს თანამდებობა ვაკანტურია. მიმაჩნია, რომ თავის დროზე პრემიერის სპეც წარმომადგენლის პოზიციის შექმნა სწორი იყო. რუსეთთან არცერთი ფორმალური კომუნიკაციის არხი არ გვაქვს. ასეთ დროს, კრიტიკულ სიტუაციებშიც კი საჭიროა არაფორმალური არხები.
მე ვიყავი სახელმწიფო მინისტრი, როდესაც ეს თანამდებობა შეიქმნა. თავის დროზე, როდესაც ეს პოზიცია იქმნებოდა, რამდენიმე პრინციპული პოზიცია იყო გათვალისწინებული. პირველ რიგში ეს არ უნდა ყოფილიყო ოფიციალური; საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით არ უნდა მომხდარიყო. მეორე პოზიცია, იყო რომ ამ ფორმატში კონფლიქტებზე არ უნდა ემუშავათ. ამ პოზიციებიდან გამომდინარე მოიფიქრეს სპეციალური წარმომადგენლის პოზიცია. დღეს ეს პრინციპები იცვლება. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ანუ ოფიციალური პირი, პარალელურად პრემიერის არაოფიციალური წარმომადგენელი ხდება.
საზოგადოებას შემიძლია ვუთხრა, თუ როგორ ვმუშაობდით მე და ზურაბ აბაშიძე, რომ ერთმანეთს შორის არსებული წითელი ხაზები არ გადაგველახა. მე მასთან მქონდა საქმიანი ანგარიშვალდებულება და ზურაბ აბაშიძეს – ჩემთან. ორივეს კარგად უნდა გვცოდნოდა თუ რას ვაკეთებდით და ერთმანეთის საქმეებში არ ჩავრეულიყავით. კარასინ-აბაშიძის ფორმატი არ უნდა ჩარეულიყო კონფლიქტების მოგვარების საკითხებში. მაგალითად, სამხრეთ ოსეთში ბორდერიზაციის დროს აბაშიძე კარასინთანაც აყენებდა ამ საკითხს. კარასინის საჯარო პასუხები კი ის იყო, რომ მათი ფორმატი კონფლიქტის საკითხებს არ ეხებოდა.
ასევე მკაფიო იყო, რომ სპეციალური წარმომადგენელი არ უნდა ყოფილიყო მოქმედი დიპლომატი, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. ის პრემიერ მინისტრს უნდა დაქვემდებარებოდა. ახლა უცნაური ის არის, რომ ინიშნება ადამიანი და გაურკვეველია ვის ექვემდებარება ის – საგარეო საქმეთა მინისტრს, რომლის პირველი მოადგილეა თუ პრემიერ მინისტრს?
მაშინ საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებში კონფლიქტები და სხვა საკითხები მართლაც მკაცრად იყო ერთმანეთისგან გაყოფილი.
სწორედ ამ პარადიგმის ცვლილება ხდება ჩვენს თვალწინ – საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში კონფლიქტები და კონფლიქტებთან დაშორებული საკითხები ერთიანდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე.
მე ჟენევის ფორმატი მადარდებს. ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ჟენევა არაეფექტურად მუშაობს. ჟენევის ფორმატს პატრონაჟობს საგარეო საქმეთა სამინისტრო და აფიქსირებს რუსეთთან ოფიციალურ პოზიციას. ამ ფორმატში უნდა გვარდებოდეს საქართველო-რუსეთის კონფლიქტი. მართალია არ გვარდება, მაგრამ ფორმატი სადაც უნდა გვარდებოდეს – არსებობს.
ახლა ჟენევაში წარმოდგენილი უნდა იყოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმ პირით, რომელიც ასევე არაოფიციალური წარმომადგენელია პრემიერ-მინისტრის?! ამ არაოფიციალური ნაწილის დამატებით რა კეთდება, როგორ გაძლიერდება ჟენევის ფორმატი, რა უნდა გამოსწორდეს ჟენევის ფორმატში რაც დღემდე ვერ გასწორდა? ეს არის ჩემთვის მნიშვმელოვანი კითხვები.
ეჭვი ჩნდება, რომ ამ გადაწყვეტილებით სხვა რამეა დაგეგმილი. ეს სხვა კი შეიძლება იყოს ის, რომ ვინაიდან საქართველო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვერ ახერხებს ის ცდილობს დამატებითი საკონტაქტო არხის შექმნას. ყალიბდება ბუნდოვანება და არაფორმალური გარემო. მე ვხედავ, რომ რუსეთს საქართველოსთან უფრო მჭიდრო კონტაქტი ჭირდება და ამას საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მეტი დაახლოებით ცდილობს.
პარალელურად უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთიდან ცხინვალში ე.წ. პრეზიდენტად დაინიშნა მარატ კამბოლოვი, რომელიც მაღალი სტატუსის მატარებელი ადამიანია. ის განსხვავდება ადგილობრივი კლანური წრეებისგან და ის უფლებამოსილი იქნება გამართოს პირდაპირი, არაფორმალური კონტაქტები თბილისთან. მას შეუძლია მაგალითად მარტო, საიდუმლოდ ჩამოვიდეს თბილისში და შეხვდეს პრემიერის სპეც წარმომადგენელ ზურაბაშვილს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო ამ პროცესებში არ ჩანს. ჟენევაში წარმოდგენილი იყო ეს უწყება. თავის დროზე აბაშიძესთან აქტიური კონტაქტებიც მქონდა. დღეს ამ უწყებას ამ პროცესებში ვერ ვხედავ.
მე მენიშნა ზატულინის მყისიერი რეაქცია. ერთი კვირა მაინც, რომ დაეცადა ვიფიქრებდით, რომ ინფორმაცია თბილისიდან მოსკოვში ჩავიდა, შეისწავლეს და შემდეგ გააკეთეს კომენტარი. როგორც ჩანს ზატულინი მზად იყო განცხადება გაეკეთებინა.
მისმა ამ შეფასებამ აჩვენა, რომ კონფლიქტებზე რუსეთ-საქართველოს შორის მოლაპარაკებები აქამდეც მიდიოდა. თანაც ის მიმდინარეობდა ზატულინის დონეზე, მან ამის შესახებ იცოდა და მაშინვე მიესალმა ამ გადაწყვეტილებას. ამიტომაც მგონია, რომ ეს საკითხი მზადდებოდა და ჩათვალეს, რომ ამ პროცესისთვის მეტი მდგრადობისთვის ის ოფიციალურობით განამტკიცეს.
ოფიციალურმა მხარემ გააძლიერა ამ პროცესის არაოფიციალური ნაწილი და არა პირიქით. სათათბირო ორგანოს სახელმწიფო გადაწყვეტილებებთან დაახლოეს.
ნოემბერში იქნება ჟენევის შეხვედრა და ძალიან მნიშვნელოვანია თუ ვინ წარმოადგენს ქართულ მხარეს ამ შეხვედრაზე. ეს იქნება ზურაბაშვილი თუ ისევ ლაშა დარსალია? ეს გამოავლენს თუ რა სვლა გააკეთა ქართულმა მხარემ.
ლაშა დარსალიას რუსული მხარე მუდმივად აკრიტიკებდა. დარსალია ჟენევაში ძალიან მკაცრი იყო, მუდმივად იყენებდა ტერმინს „ოკუპაცია“, ჰქონდა მკაცრი ფორმულირებები და შეუვალი იყო. რუსულ მხარეს უკვირდა, რომ თუკი თბილისის პოლიტიკა შეიცვალა – ამ ცვლილებას რატომ არ გამოხატავს დარსალიაო. რუსებისგან განსხვავებით ოსები და აფხაზები კიდევ უფრო გამოხატავდნენ ამ უკმაყოფილებას. მნიშვნელოვანია ამჯერად ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი ვინ იქნება. ასევე მნიშვნელოვანია თუ როგორი იქნება ოსური და აფხაზური მხარის რეაქციები.
სწორედ ამ ნაბიჯებში გამოჩნდება შეიცვალა თუ არა საქართველოს პოლიტიკა ჟენევის ფორმატში და კონფლიქტების თემებთან დაკავშირებით.
მე არ ველოდები, რომ კონფლიქტების მოგვარების კუთხით რამე არსებითი ცვლილება მოხდეს.
რუსეთთან ინსტიტუციური ბმა და კავშირი არ გვაქვს. რუსეთი საქართველოზე ეჭვიანობს. მოსკოვისთვის მნიშნელოვანია საქართველოდან დამატებითი გარანტიების მიღება, რომ თბილისი არ ფარისევლობს და ნამდვილად რუსულ ნარატივში ზის. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს, რომ საქართველო რუსეთზე უფრო მეტად იყო ფორმალურად მიბმული. რუსეთთან არაფორმალური კონტაქტის არხი ძლიერდება ფორმალური ხაზით. მას მეტი პასუხისმგებლობა ენიჭება.
თეონა აქუბარდია, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე და პარლამენტის წევრი, ყურადღებას ამახვილებს იმ არსებულ კონტექსტს, რომლის ფონზეც გადაიდგა ეს ნაბიჯი.

თეონა აქუბარდია: ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, თუ რა კონტექსტში ხდება პრემიერის სპეცწარმომადგენლის დანიშვნა. კონტექსტი შემდეგია: რუსეთი თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას მოითხოვს, რაც ოკუპირებული რეგიონების დე-ფაქტო აღიარებასა და ე.წ. საზღვრების გავლებას ნიშნავს. პარალელურად დასავლეთისგან იზოლაცია იზრდება.
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელით რუსეთის აგრესიის საკუთარ სამშობლოზე გადაბრალების პარალელურად, ირაკლი კობახიძე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში თავის სპეციალურ წარმომადგენლად ნიშნავს გიორგი ზურაბაშვილს – საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, რომელიც პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებში დასავლეთის ჩარევებზე აქტიურად სადებატოდ გვევლინება, ხოლო დაბარებულ ევროკავშირის ელჩებს საგარეო უწყების სახელით ელაპარაკება.
ამავე დროს, განსაკუთრებით საინტერესოა ვნახოთ თავად სპეცწარმომადგენლის მანდატის ტრანსფორმაცია. 2012 წელს შექმნილი ე.წ. აბაშიძე-კარასინის (ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის) ფორმატი თავიდანვე იყო ტექნიკური, „ტაქტიკური დიალოგის“ არხი და მხოლოდ სავაჭრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და სატრანსპორტო მიმართულებებს ეხებოდა. მასში ჩართულ პირებს არ ჰქონდათ საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი ოფიციალური დიპლომატიური სტატუსი და მთავარი პრინციპი იყო, რომ ამ ფორმატში კონფლიქტის მოგვარება და პოლიტიკურ-უსაფრთხოების თემები არ განხილულიყო.
დღეს კი სულ სხვა რეალობას ვხედავთ. როდესაც ირაკლი კობახიძემ სპეცწარმომადგენლის დანიშვნის შესახებ ბრიფინგიდან გვამცნო, მის სიტყვებში გაიჟღერა ფრაზამ: „კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებას… ამ ამოცანების შესრულებაში საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება“. მან ფაქტობრივად არაპოლიტიკურ, სავაჭრო-ჰუმანიტარულ არხს კონფლიქტის მოგვარების საკვანძო ინსტრუმენტის ფუნქციური დატვირთვა მიანიჭა. არადა, ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპაციის, დევნილთა დაბრუნებისა და უსაფრთხოების ერთადერთი ლეგიტიმური საერთაშორისო პლატფორმა არის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, სადაც ჩართულები არიან აშშ, ევროკავშირი, ეუთო და გაერო.
როდესაც პრემიერი სპეცწარმომადგენლის ორმხრივ ფორმატს „კონფლიქტის მოგვარების საკვანძო მექანიზმად“ მოიხსენიებს, ეს ირიბად ამცირებს ჟენევის საერთაშორისო ფორმატის როლს და რუსეთის სასარგებლო ნარატივს ამყარებს – თითქოს საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი შეიძლება დასავლელი პარტნიორების გარეშე, „პირისპირ/ორმხრივად“ მოგვარდეს.
პარალელურად, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ღიად ლანძღავს ჟენევის ფორმატს, რომლის პოლიტიკური მნიშვნელობაც — რომ საქართველო რუსეთთან ერთიერთზე არ დარჩეს — მან ძალიან კარგად იცის.
ახლადდანიშნული სპეცწარმომადგენლის პოლიტიზება და ორმაგი სტატუსიც ამის დასტურია. გიორგი ზურაბაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დატოვება ამ არაფორმალურ ინსტიტუტს უშუალოდ საგარეო უწყების სათავეში აყენებს.
ეს ნიშნავს, რომ რუსეთთან ურთიერთობა ფორმალური საგარეო პოლიტიკის მთავარ ხაზად იქცევა და აღარ ინარჩუნებს უბრალო სავაჭრო-ეკონომიკური ფორმატის იერსახეს.
ამავდროულად, გიორგი ზურაბაშვილის პროფესიული გამოცდილება ძირითადად სახელმწიფო პროტოკოლს (წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა მთავრობის კანცელარიისა და სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტებს) და დიპლომატიურ ადმინისტრაციას უკავშირდება (იყო ელჩი ირლანდიაში).
მას არ გააჩნია ოკუპანტ სახელმწიფოსთან, რუსეთთან რთული პოლიტიკური და უსაფრთხოების მოლაპარაკებების წარმართვის შესაბამისი კომპეტენცია. ანუ საქართველოში რუსეთის ინტერესების გასაფორმებლად ლოიალური და რუსეთთან ურთიერთობებში პოლიტიკურად არაკომპეტენტური ადამიანი დანიშნეს.
საინტერესოა, რუსეთთან არაფორმალური ურთიერთობების ფორმატში რა საკითხი დარჩა მოსაგვარებელი? უვიზო მიმოსვლა გვაქვს, პირდაპირი ფრენები გვაქვს, ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა გვაქვს. ერთადერთი, რაც ყოფილი აბაშიძე-კარასინის ფორმატიდან დაგვრჩა, არის სატრანსპორტო მიმართულება — ჟენევის 2011 წლის შეთანხმება, რომელიც შვეიცარიული ფირმის გავლით სატრანსპორტო დერეფნის გახსნას გულისხმობდა. ზურაბ აბაშიძე სწორედ ამ შეთანხმებაზე მუშაობდა.
მე ამ ნაბიჯს სწორედ რუსეთის მხრიდან ოკუპირებული რეგიონების გავლით სატრანსპორტო დერეფნის გახსნის ინტერესებს ვუკავშირებ. ჯერ კიდევ თებერვალში რუსეთის ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ აფხაზეთის რკინიგზის გახსნის ინტერესი აქვთ. ენგურზე რუსული ინვესტიციით ტერმინალი აშენდა. რუსეთს საქართველოს გავლით სამხრეთ კავკასიაში შემობრუნება სურს.
რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში ხისტად აღარ მოქმედებს. საქართველოს რუსეთის ორბიტაზე შენარჩუნება ამჯერად ეკონომიკური ინტერესებითა და „რბილი ძალით“ ხდება. ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას თბილისს პირდაპირ აგრესიულად არ აიძულებენ; ამის ნაცვლად პროცესი შეფარვით, „ეკონომიკური სარგებლისა“ და „ყალბი მშვიდობის“ იდეის წამოწევით მიმდინარეობს, რათა ქართული საზოგადოებისგან მწვავე რეაქცია არ მიიღონ.
ეს სამი კომპონენტი – საკონსტიტუციო სარჩელით ომის პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, ჟენევის ფორმატის დაკნინება და საგარეო უწყების პირველი პირისთვის რუსეთთან ორმხრივი პოლიტიკური მანდატის მინიჭება – ერთიანი სტრატეგიის ნიშნებს ატარებს.
პროცესების ეს დინამიკა აჩვენებს, რომ შესაძლოა შეიქმნას ახალი პოლიტიკური რეალობა, სადაც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხები საერთაშორისო გარანტიების გარეშე, მოსკოვთან პირდაპირი და უთანასწორო გარიგებების სიბრტყეში გადავიდეს.
კონფლიქტების მოგვარების მხრივ რაიმე სახის ცვლილებებს არ ველოდები, თუმცა რამდენიმე ანკესს გადმოაგდებენ და ამ პროცესს ეკონომიკური სარგებლით შეფუთავენ.
ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მოგუდვის ნელი რეჟიმი, რომელიც კრემლში დაწერილი გეგმის მიხედვით ხორციელდება.
თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორი, ამ გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის ცვლილების ჭრილში ხედავს. მისი თქმით თბილისი ფორმალურ დონეზე მრავალვექტორული საგარეო კურსის ჩამოყალიბებას ცდილობს, თუმცა რეალურად რუსულ გავლენებს აძლიერებს. ეს ცვლილებები კი ცალმხრივად, საზოგადოების ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს.

თამთა მიქელაძე: გიორგი ზურაბაშვილის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშვნა მხოლოდ საკადრო ცვლილებად ვერ შეფასდება.
განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ მოსკოვთან კომუნიკაციის წარმართვა დაევალა საგარეო საქმეთა მინისტრის მოქმედ პირველ მოადგილეს, რომელიც პარალელურად საკუთარ თანამდებობასაც ინარჩუნებს. ამ გადაწყვეტილებით რუსეთთან პირდაპირი დიალოგი კიდევ უფრო მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს ოფიციალურ დიპლომატიურ სტრუქტურას.
შესაბამისად, ჩნდება კითხვა: დარჩება თუ არა ეს კომუნიკაცია ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების ფარგლებში, თუ თანდათან უფრო ფართო პოლიტიკური შეთანხმებების მიღწევის მექანიზმად ჩამოყალიბდება? მართალია, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა უცვლელია, თუმცა საქართველოს საგარეო პოლიტიკური დისკურსისა და პრაქტიკული გადაწყვეტილებების ცვლილება სულ უფრო თვალსაჩინო ხდება.
დღეს „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა არა მხოლოდ დაშორებულია კონსტიტუციით განსაზღვრულ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის მიზნებს, არამედ მისი მრავალვექტორულ და დაბალანსებულ პოლიტიკად დახასიათებაც სულ უფრო რთულია.
მრავალვექტორული პოლიტიკა გულისხმობს სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორთან ურთიერთობების განვითარებას, მათ შორის არსებული განსხვავებების მიუხედავად, და ქვეყნისთვის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების შესაძლებლობების გაფართოებას.
საქართველოს შემთხვევაში კი განსხვავებული სურათი იკვეთება: ევროკავშირთან ურთიერთობები ღრმა კრიზისშია, გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია, ხოლო აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია და ურთიერთობების აღდგენის კონკრეტული შედეგები არ ჩანს.
პარალელურად, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე გეოეკონომიკური ცვლილებები საქართველოს სატრანზიტო როლის მომავალთან დაკავშირებით ახალ კითხვებს აჩენს. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოწესრიგებისა და აშშ-ის მხარდაჭერით ახალი სატრანსპორტო მარშრუტების განვითარების პირობებში გაურკვეველია, რამდენად ეფექტიანად შეძლებს საქართველო რეგიონული დაკავშირებადობის ახალ პროექტებში საკუთარი ინტერესების დაცვას. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტის გაფორმების მიუხედავად, ამ ურთიერთობის შედეგები ჯერჯერობით არ იძლევა საფუძველს, ზუსტად დავინახოთ ის რა შინაარსს იძენს.
ასეთ ვითარებაში მოსკოვთან ურთიერთობის ახალი მექანიზმის შექმნა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ საფუძვლიან კითხვებს აჩენს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბაშვილი საქართველოს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებშიც წარმოადგენს. ეს გარემოება მის დანიშვნას დამატებით პოლიტიკურ დატვირთვას ანიჭებს, რადგან ერთ თანამდებობის პირთან იყრის თავს, როგორც რუსეთთან პირდაპირი კომუნიკაციის, ისე – საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმართულებები.
ამ კონტექსტში საყურადღებოა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ ჟენევის ფორმატის ეფექტიანობის კრიტიკა და მოლაპარაკებების სხვა სივრცეში შესაძლო გადატანის შესახებ დისკუსიები.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს, მიუხედავად შეზღუდული პრაქტიკული შედეგებისა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სამართლებრივი ფუნქცია აქვს. ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით მიმდინარე პროცესი უზრუნველყოფს, რომ რუსეთის სამხედრო ოკუპაციასთან დაკავშირებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები საერთაშორისო მოლაპარაკებების საგნად დარჩეს. ამიტომ ჟენევის ფორმატის ეფექტიანობის შესახებ ლეგიტიმური კითხვები არ უნდა გადაიზარდოს მისი საერთაშორისო მნიშვნელობის უგულებელყოფაში. მით უფრო, რომ რუსეთი კვლავ აყენებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებების საკითხებს.
ასეთ პირობებში აუცილებელია დაკვირვება, შეცვლის თუ არა ახალი წარმომადგენლის დანიშვნა საქართველოს პოზიციონირებას ჟენევის დისკუსიებში, როგორ გაიმიჯნება მისი ორი მანდატი და შენარჩუნდება თუ არა რუსეთის, როგორც კონფლიქტის მხარისა და ოკუპაციაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოს, როლის მკაფიო ხაზგასმა?
ამავე დროს, „ქართული ოცნება“ სულ უფრო აქტიურად უკავშირებს საკუთარ მშვიდობაზე ორიენტირებულ და პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას.
თუმცა ამ განცხადებებს არ ახლავს საჯაროდ წარმოდგენილი კონკრეტული სტრატეგია, რომელიც განმარტავდა, თუ რა პოლიტიკური მექანიზმებით უნდა მოხდეს რუსეთის პოზიციის შეცვლა, როგორ უნდა შენარჩუნდეს საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობა და რა გარანტიებით იქნება დაცული საქართველოს სუვერენიტეტი?
ამ ყველაფრის ფონზე ძლიერდება შთაბეჭდილება, რომ საქართველოში საგარეო პოლიტიკის არსებითი გარდაქმნა მიმდინარეობს, თუმცა ხელისუფლება ამ პროცესს სტრატეგიული კურსის ცვლილებად არ აცხადებს.
ცალკეული ნაბიჯები საზოგადოებას წარედგინება როგორც კონკრეტულ გარემოებებზე რეაგირება, ურთიერთობების დივერსიფიკაცია ან დიპლომატიური შესაძლებლობების გაფართოება, მაგრამ მათი ერთობლიობა ქვეყნის გრძელვადიანი საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ სულ უფრო მეტ კითხვას აჩენს.
სწორედ ეს არის პროცესის მცოცავი ხასიათი: სტრატეგიული პრიორიტეტები შეიძლება იცვლებოდეს თანდათან, ერთმანეთისგან თითქოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებით ისე, რომ საზოგადოებას არ წარედგინოს ამ ცვლილებების საერთო ლოგიკა და საბოლოო მიზანი.
განსაკუთრებით პრობლემურია, რომ ასეთი მნიშვნელობის შესაძლო გარდაქმნა არ ეფუძნება საჯაროდ წარმოდგენილ ახალ სტრატეგიულ დოკუმენტს, ფართო პოლიტიკურ განხილვას ან საზოგადოებრივ კონსენსუსს.
რუსეთთან ურთიერთობებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის პოზიცია 2012 წელს შეიქმნა. 2012-2024 წლებში ამ პოზიციაზე ზურაბ აბაშიძე იყო წარმოდგენილი. 2024-2025 წლებში – გიორგი ქაჯაია.