საქართველოს გაერთიანების ხედვა
2026 წლის აგვისტოს თვეში ქართულ პოლიტიკურ წრეებში აფხაზეთის კონფლიქტის ირგვლივ საჯარო დისკუსია დაიწყო. პროცესი პარტია “ახალი”-ს ლიდერის ნიკა გვარამიას ინტერვიუმ გამოიწვია. მან აფხაზეთის დაბრუნების იდეა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასა და შუა დერეფნის სავაჭრო გზის პერსპექტივებს დაუკავშირა. თუმცა კრიტიკისა და დებატების მიზეზი ომის ტრავმებზე საუბარი გახდა. გვარამიას თქმით, ომის ტრავმა საზოგადოების განვითარებას აფერხებს. მან ანალოგი ყარაბაღის სახით მოიყვანა.
გთავაზობთ მასალების სერიას, რომელშიც მნიშვნელოვანი ინტერვიუები და განცხადებებია თავმოყრილი. პირველ ნაწილში წარმოგიდგენთ ნიკა გვარამიას ინტერვიუს ტექსტურ ვერსიას. ინტერვიუ ტვ ფორმულას ეთერში 15 აგვისტოს, ირაკლი კიკნაველიძის გადაცემაში გავიდა.
ირაკლი კიკნაველიძე: ამ დღეებში ძალიან მინდოდა, რომ ჩვენ აფხაზეთის თემაზე სიღრმისეულად გვესაუბრა. მე არ მჯერა, რომ არსებობს ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც ამაზე არ ფიქრობს ან არ ესიზმრება თავისი თავი თუ, როგორ მოაგვარებს ამ პრობლემას. მე მჯერა, რომ არსებობენ გამორჩეული პოლიტიკოსები, რომელთათვისაც ამაზე ფიქრი ყოველდღიურობის ნაწილია. მგონია, რომ ასეთი ხართ, რადგან ხართ სოხუმიდან.
ნიკა გვარამია: მეექვსე სკოლიდან.
ირაკლი კიკნაველიძე: 34 წელი გავიდა ამ ომის დაწყებიდან. პირველ რიგში ამაზე მინდა გკითხოთ. 34 წელი ბევრი რამით იყო დატვირთული და როგორ გაიხსენებდი მთელ ამ პერიოდს? პირადი მეხსიერება როგორია?
ნიკა გვარამია: შემიძლია ვთქვა, რომ თბილისში ორჯერ უფრო დიდი ხანია ვცხოვრობ, ვიდრე – სოხუმში. 16 წლის ვიყავი, როდესაც იქიდან წამოვედი. ალბათ ყველა ადამიანს აქვს „ჩემი ქალაქი“-ს ან „ჩემი სოფლი“-ს განცდა. ჩემთვის ჩემი ქალაქი არის სოხუმი. ზოგჯერ ვამჩნევ, რომ ზოგი რამე მავიწყდება: როგორ უნდა მივიდე სადმე, ის სად იყო, ეს სად იყო. 34 წელი გავიდა უკვე.
მე მგონია, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქართული სახელმწიფოს დანაკარგი გაცილებით უფრო დიდია ვიდრე ყველა მსგავსი ნაღმი, რომელიც პოსტ-საბჭოთა სივრცეში აფეთქდა. მაგალითად ყარაბაღი. იქ ანტე-ბელუმ სტატუს-კვო აღდგენილია. თუნდაც დნესტრისპირეთი და ყირიმი უკრაინისთვის. აფხაზეთი ბევრად მეტია ვიდრე სხვა რაც ჩამოვთვალეთ.
სხვათა შორის, 2008 წლის ომმა პირადად მე მასწავლა ის, რომ სტრატეგიული თვალსაზრისით სამაჩაბლოს ტერიტორია, რომელიც ბევრად უფრო მცირეა, განვითარების ბევრად ნაკლები პერსპექტივა აქვს [გასაგები მიზეზის გამო – იქ ზღვისპირეთზე ვსაუბრობთ და აქეთ – ანკლავზე, კავკასიონსა და ცენტრალურ საქართველოს შორის ტერიტორიაზე] – მიუხედავად ამის სტრატეგიულად ეს რეგიონი ბევრად სახიფათო შეიძლება იყოს.

დესტაბილიზაციის საფრთხის გარდა, მთავარი პრობლემა რომელმაც 2008 წლის ომი პრაქტიკულად ჩვენს საწინააღმდეგოდ გადაწყვიტა იყო ის, რომ საქართველო პრაქტიკულად შუაზე გაწყდა. ომის დროს დასავლეთ საქართველო პრაქტიკულად მოწყდა აღმოსავლეთს. ამას აფხაზეთიდან ვერ იზამდი. ამას სამაჩაბლოდან თუ იზამდი.
გეგონება რომ ეს ორი დიდი პრობლემა პრაქტიკულად შეერთდა. აქამდე ასე არ იყო. 2008 წლის ომამდე ესე არ იყო. მანამდე აფხაზეთი იყო სხვა, სამაჩაბლო იყო სხვა. სხვადასხვა დინამიკა ქონდა ორივე პრობლემას. აღქმაც განსხვავებული იყო. ჩემთვის ეს [სამაჩაბლო] არ იყო ემოციურად მტკივნეული. აფხაზეთის აღქმა ჩემთვის გაცილებით უფრო მაღლა იყო. ეს ძველი მიდგომა არასწორი იყო. სუფთა პრაგმატული გათვლითაც სრულიად არასწორი აღმოჩნდა.
აფხაზეთი ჩემთვის სამშობლოა. საქართველოა ჩემი სამშობლო, მაგრამ უფრო ლოკალური გაგებით აფხაზეთია ჩემი სამშობლო. მე ამაზე ვფიქრობ როგორც ამ ქვეყნის შვილიც, და როგორც ადამიანი რომელსაც პრეტენზია აქვს რომ პოლიტიკაში შემიძლია რაღაცის გაკეთება. მანამდე სხვა ტიპის საზოგადოებრივი აქტივობები მქონდა. მოღვაწეობა – მე ესე ვიტყოდი, ეს სიტყვა უფრო მიყვარს და უფრო გადმოსცემს აზრს.
ირაკლი კიკნაველიძე: შენ ახსენე მეხსიერება სოხუმთან დაკავშირებით. ეს არის რაღაც ხატი. ქალაქის, ადგილის ხატი. ეს ხატი გიშლის თუ არა ხელს დაინახო დღეს აფხაზეთი ისეთი როგორიც ის არის?
ნიკა გვარამია: არა, ხელს არ მიშლის, მაგრამ ეს დამიჯდა დიდ შრომად. ამ 34 წლიდან 26-27 წელი, მეტი თუ არა, მასე იყო.
ადრე ჩემი ფიქრები უფრო მეტად ემოციაზე დამყარებული იყო, სამართლიან ბრაზზე დამყარებული, ისტორიულ პრეტენზიებზე დამყარებული, მე ვფიქრობ უმძიმეს ტრავმებზე დამყარებული.
მე მეზობლები მომიკლეს გვერდით და ისინი საკუთარ ეზოებში დაკრძალეს. ეს საერთოდ სათქმელიც არ არის იმასთან შედარებით თუ რაც ხდებოდა.
პროკურატურაში მე დაკითხული მყავს ხალხი. ის ქალი, რომელსაც შვილის თვალი გადააყლაპეს – პირველად ჩვენ დავკითხეთ. მე ვაწარმოებდი ამ დაკითხვას და ჩემთვის უბრალოდ იმდენად წარმოუდგენელი იყო ეს ამბავი, რომ ვერ შევძელი და ჩემს თანამშრომლებს ვთხოვე, რომ გაეგრძელებინათ დაკითხვა. ეს პროცესი რამდენიმე კვირა გრძელდებოდა. შემდეგ პატარა კრებულიც გამოვიდა, უფრო პუბლიცისტურ სტილში გაკეთებული. ჩვენებები ძალიან ბევრია და მისი სრული მოცულობით გამოქვეყნება მკითხველისთვის ნაკლებად საინტერესო შეიძლება ყოფილიყო.
იქ იმდენად წარმოუდგენელი ამბები იყო, რომ შეუძლებელია იმ ადამიანში ვინც იქიდან არის, იქაურ ხსოვნას ატარებს, იმ მეხსიერებით ცხოვრობს შეუძლებელია წინასწარი განწყობები არ გამოიწვიოს.
მაგრამ რამდენიმე წელიწადია მივხვდი, რომ ესე გაგრძელება არ გამოვა. ზოგადად ტრავმებთან დაკავშირებითაც მგონია, რომ ესე არ გამოვა. ისტორიული მეხსიერება მნიშვნელოვანია, მაგრამ ტრავმული მეხსიერება საფრთხის მატარებელია. ღუზასავით მუშაობს – წინ არ გიშვებს, განვითარებას ბლოკავს.
პაშინიანით აღფრთოვანებული ვარ იმიტომ, რომ მთავარი რაც მან გააკეთა [მე ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობების პოლიტიკოსები მინახავს და სომხეთში რეფორმების მხრივ ბევრი არაფერიც არ ხდება] ეს არის ტრავმების დამარცხება. ეს გააკეთა მოკლე ვადაში, რაც სინამდვილეში ძალიან რთული საქმეა. ამას დეკადები ჭირდება, რადგან ტრავმები მუშავდება საუკუნეების განმავლობაში. მან ეს გააკეთა უმოკლეს ვადაში.
მან არარატი წაშალა ბეჭდიდან. მან თქვა, რომ არარატი არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, მაგრამ არ არის ჩვენი გეოგრაფიის ნაწილი. თურქეთთან თუ გვინდა პრობლემები გვქონდეს მაშინ ეხატოს არარატი ბეჭედს, მაგრამ ვიქნებით ღარიბები და რუსეთზე მიბმულები. თუ ეს არ გვინდა, მაშინ მოდით შევთანხმდეთ – ამოვიღოთ შტამპიდან ეს არარატი, რომელიც მართლა არ არის ჩვენს ტერიტორიაზე, თურქეთთან ურთიერთობა დაგვილაგდება, აზერბაიჯანთანაც, გვექნება მეტი ფული, პერსპექტივა რომ წავიდეთ ევროკავშირისკენ და რუსეთთან აღარ ვიქნებით.
იგივე და კიდევ უფრო მძიმე რამ გააკეთა ყარაბაღთან დაკავშირებით. ყარაბაღი ხომ რეალურად ჩაბარება იყო. იყო ომი მაგრამ საბოლოო ჯამში სომხეთმა თქვა, რომ „მომაშორეთ“, „წაიღეთ“ ყარაბაღი.
მართლა მათი, აზერბაიჯანელების იყო. ისტორიულ ყარაბაღს თუ ვიტყვით, მაშინ ლორეზეც შეგვიძლია ქართველები ვედავოთ სომხებს. ეს არ არის მთავარი.
ირაკლი კიკნაველიძე: ყველა საუბრობს იმაზე, თუ როგორი იყო საზღვრები როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა.
ნიკა გვარამია: საკმაო რაოდენობით სომეხი პოლიტიკოსი მეგობარი მყავს. ალბათ 10 წლის წინ ვსაუბრობდით და მათ ამ ყარაბაღის გაგონებაც კი არ უნდოდათ.
ამბობდნენ, რომ ყარაბაღმა სომხეთი ჯერ ერთი რუსეთს მიაბა. ჩვენთან შევარდნაძეს ქონდა მცდელობა, რომ აფხაზეთიც რუსეთთან რაღაც რუხ ზონად გადაექცია და თანახმა იქნებოდა რუსეთთან ყოფილიყო. შევარდნაძემ საბოლოო ჯამში მაინც არ გააკეთა ეს არჩევანი.
ჩვენ რომ სომხეთივით მოვქცეულიყავით რაღაც მსგავსი ვითარება გვექნებოდა აქაც. უბრალოდ ეს არჩევანი აფხაზებმა გააკეთეს და ამიტომ არიან ისინი იქ ადგილზე, და არა – ჩვენ.
ეს სომეხი პოლიტიკოსები ამბობდნენ, რომ ამ ყარაბაღმა ჯერ ერთი რუსეთს მიგვაბა და განვითარების შანსი მოგვისპო. რეალურად სომხეთი ხომ იგივე იყო რაც აფხაზეთი [რუსეთთან დამოკიდებულების მხრივ], უბრალოდ გულწრფელები უნდა ვიყოთ და ვაღიაროთ რომ, სომხეთში უფრო უნარიანი ხალხი იყო. ბოლო-ბოლო დიდ ცივილიზაციაზე ვსაუბრობთ. საქართველოზე არაფრით ნაკლებზე. ეს უდიდესი კულტურის ქვეყანაა და პირველი ქრისტიანი ერია. სხვათა შორის ეკლესიის მხრივაც დიდი ძვრები მოხდა სომხეთში.
სომხეთის პრობლემა იყო, რომ თავზე აჯდა ყარაბაღის კლანი. პოლიტიკური გავლენა ქონდა ამ ჯგუფს. ეს კლანი ამით ფულსაც აკეთებდა. აი ეხლა ვინც არიან მილიარდერები. ბიძინა ივანიშვილიც კი უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებს ვიდრე წარუკიანი. ეს ხალხი ყველა ყარაბაღიდან არის წამოსული. შავი ფულით, ნარკო ტრაფიკით და იარაღის ვაჭრობით გამდიდრებული ხალხი. ეს წრეც მოიკვეთა პაშინიანმა.
აფხაზეთთან და ყარაბაღთან პარალელი არ გამიგოს ვინმემ არასწორად. აფხაზეთი ჩვენი ტერიტორიაა ყველა აღიარებით, ხოლო ყარაბაღი არ ყოფილა სომხეთის ტერიტორია. რაც სახელმწიფოების თანამედროვე ატრიბუტები არსებობს ყარაბაღი სომხეთის ნაწილი არასდროს არ ყოფილა. უბრალოდ იქ ცხოვრობდნენ სომხები. ეს ხდებოდა მე-19 საუკუნესა და საბჭოთა პერიოდში.
პაშინიანს არ შეეშინდა და დაარტყა ეკლესიასაც. ჩვენგან განსხვავებით იქ რამდენიმე ეკლესია არსებობს. კონკრეტული ორი საკათალიკოსო რუსეთზე სრულად მიბმული იყო.
უნდა გვესმოდეს, რომ მეორე საკათალიკოსო რომელიც იერუსალიმშია ბევრად უფრო გავლენიანია. ის უფრო მეტად გავლენიანია ვიდრე ქართული ეკლესია ან რომელიმე სხვა მართლმადიდებლური ეკლესია. იერუსალიმში ოთხი კვარტალია: არაბების, კათოლიკეების, ბერძნების და სომხების. სომხებს აქვთ ეს ისტორია, უზარმაზარი განფენილობის ისტორია. თავისი ინტერესთა სფეროების, სავაჭრო გზების და სახელმწიფოს ისტორია. როდესაც ყველზე დიდი იყო სომხეთი ის გაცილებით უფრო დიდი იყო ვიდრე ბევრი სხვა სახელმწიფო ამ რეგიონში.
ირაკლი კიკნაველიძე: დიდი სომხეთის იდეის ტყვეობაში იყვნენ.
ნიკა გვარამია: მათ ქონდათ ამის წინაპირობები. დიდი ისტორიის ხალხია.
ჩვენც ვართ ტყვეობაში, „ნიკოფსიიდან-დარუბანდამდე“ იდეის ტყვეობაში. მე ამ იდეას კიდევ დავუბრუნდები, რადგან მგონია რომ ეს იდეა ეხლა შეგვიძლია განვახორციელოთ – არა ფიზიკურად, არამედ – გეოპოლიტიკურად. ამას კიდევ დავუბრუნდები.
ჩვენც გვაქვს ჩვენი ტრავმები, მაგრამ ჩვენ განსხვავებულად ჩამოგვიყალიბდა ჩვენი ტრავმები. ეს ქართულმა ოცნებამ ჩამოაყალიბა. ჩვენ ამ ტრავმების ტრანსლირება გავაკეთეთ ომის შიშში. იმაში კი არა, რომ ეს ჩვენი ტერიტორიებია, წაგვართვეს, ამ ტრავმით ვმოძრაობთ და არ ვაპატიებთ აფხაზებს. ეს ცუდია, ეს მე დამემართა. ვგულისხმობ იმას, რომ აფხაზებს არ უნდა დაელაპარაკო, უნდა შეხვიდე და დაამთავრო. მქონდა. არ მაქვს.
ქართულმა ოცნებამ რაც ცუდი ქნა ის არის, რომ ეს ტრავმა იმაში კი არ ტრანსლირდა, რაც კიდევ ერთხელ, რომ გითხრათ ერისთვის კარგი არ არის მაგრამ გასაგები მაინც არის, ნორმალურია და შანსებს მაინც ტოვებს, ასე თუ ისე, რომ ჩემია და ბოლომდე ვიბრძოლებ. ამის ნაცვლად ეს ტრავმა ტრანსლირდა იმაში, რომ „ომი არ მინდა“, „ოღონდ ომი არ იყოს და ყველაფერი“. ეს იდეაც იგივე ტრავმამ გააჩინა.
გულწრფელები ვიყოთ. ჩვენ ხალხს ნანახი აქვს ომი. ბოლოს 2008 წელს. 90-იანებისგან განსხვავებით ყველანი ვხედავდით რა ხდებოდა 2008 წელს. აფხაზეთში რა ხდებოდა იმას ვერავინ ვერ ხედავდა. ვიღაცამ შეიძლება დოკუმენტური კადრებით ნახა რაღაც დროის მერე, მაგრამ 2008 წელს ყოველ წუთს ვხედავდით რა ხდებოდა. ვხედავდით დაბომბილ გორს, გარდაცვლილ ადამიანებს ქუჩებს, თბილისშიც ეცემოდა ბომბები.
ამ ტრავმებზე კაპიტალიზაცია არის ტერორიზმი. როდესაც ხელისუფლება ადამიანებს მუდმივად ყურში ეძახის Memento Mori, გახსოვდეს სიკვდილი, ეს არის ტერორიზმი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. იმის ნაცვლად, რომ დაავიწყო არ შეიძლება ადამიანებს ყველაზე მძიმე შიშებს ყოველდღიურად უღვივებდე.
მეცინება, როდესაც ამბობენ რომ აფხაზებთან თანამშრომლობენ ბენზინის შეტანით. ფეხებზე კიდიათ მათ აფხაზეთიც და აფხაზებიც. ქართველებს რა თანამშრომლობაზე უნდა ელაპარაკო, როდესაც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს თემები საერთოდ ჩაიკეტეს ქართველებმა. ოღონდ ეს გააკეთეს იმის გამო კი არა, რომ ქართველები შეეგუენ აფხაზეთის დაკარგვას? არა. მაგას ქართველები არ შეგუებიან.
ეს იმიტომ მოხდა რომ ქართულმა ოცნებამ ომის ტრავმა გადააკონვერტირა შიშში და ეუბნებიან: ა, აფხაზეთის დაბრუნება გინდა? მაშინ ომი იქნება. ან რუსეთის ნაწილი უნდა გახდე და იქ გაერთიანდე აფხაზეთთან. რეალურად ეს ორი არჩევანი დატოვეს. ქართველს კი არც რუსეთის ნაწილად ყოფნა სურს, და არც ომი უნდა. ომი რომ არ უნდა – ეს ჩემთვის გასაგებია.
ჩვენ ხალხს, ადამიანებს უნდა ვიცნობდეთ ისეთს როგორებიც არიან. უნდა მივიღოთ ისეთები, როგორებიც არიან. თუ ჩვენ პოლიტიკოსები ვართ და ამ ხალხთან გვინდა მუშაობა უნდა ვიცოდეთ, რომ მათ აფხაზეთიც აღელვებთ, მაგრამ არც ომი არ უნდათ. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანების დიდ უმრავლესობაზე. გასაგებია, რომ რაღაც რაოდენობის ადამიანებს გული ისევ უფრიალებთ ბევრ რამეზე, მზად არიან და ა.შ.
ჯერ ერთი არავინ იცის ეს მზადყოფნა რისი მომტანია და მეორეც – ჩვენ ვსაუბრობთ ხალხის სახელით. ხალხს კი ომი არ უნდა. ეს არის ფაქტი. ამას ვერაფერს ვერ უზამ. ახალი თაობები მით უმეტეს. ისინი საერთოდ ვერ ხვდებიან რატომ ღირს ომად თუნდაც ის რაც ხდება. ეს თაობა ძალიან პაციფისტურად გაზრდილია. გინდა მიიღე ეს მოცემულობა, გინდა – არ მიიღე ეს მოცემულობა. ეს ასეა.
ამიტომაც უნდა ვეძებოთ გამოსავალი, რომელიც თან გამოსავალია და არა ცარიელი ტექსტები; მაგრამ თან უნდა ვიცოდეთ რომ ომი გამოსავალი ვერ იქნება ხალხის სურვილის გამო და ამ წუთში ვერ იქნება გამოსავალი, უბრალოდ იმის გამო რომ ამის არანაირი რესურსი არ გაგვაჩნია.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ლგიტიმური უფლება გვაქვს. ამაში ეჭვი არ შემაქვს. მაგრამ რომ შედიხარ და შედეგად შენი ჯარის ამჟამინდელი მდგომარეობის გამო [რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა] აფხაზი ქუთაისამდე არ მოვა – ეგ საიდან ვიცით? ემოციური დროშის ფრიალი ხშირ შემთხვევაში უპასუხისმგებლობაა.
ირაკლი კიკნაველიძე: პოლიტიკურ უპასუხისმგებლობას დიდი ზიანი მოაქვს. ნიკა, ახსენე რომ ქართველს უნდა აფხაზეთის დაბრუნება. მაგრამ არის ერთი საკითხი, რომელზეც ჩვენ ხმამაღლა არ ვსაუბრობთ. ახალგაზრდებიც ახსენე. ხდება ემოციური დისტანცირება და ემოციური კავშირიც. მაგალითად, მე რომ ვუყურებ, რომ ცეკვავენ ავტომატგადაკიდებულები, ვინ არიან რომ ვერ გაიგებ, სიმწარე აქვს ამ კადრებს. და ეს სიმწარე თაობიდან თაობას გადაეცემა. ეს მარცხის სიმწარეა. მაგრამ მე შემხვედრია ბევრი ადამიანი, რომელიც არ ამბობს რომ ეს კარგი ამბავია, მაგრამ უყურებს როგორც მოცემულობას, და ამბობს რომ მოცემულობაა, რომ ჩვენ აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ. ამბობენ, რა გაიყვანს იქიდან რუსეთს?
ნიკა გვარამია: მე არ მჯერა მაგისი.
ირაკლი კიკნაველიძე: არც მე არ მჯერა, მაგრამ ჩვენი საზოგადოების ნაწილი ხმამაღლა ამაზე არ საუბრობს. არ საუბრობს იმიტომ რომ არ უნდა, რომ ეს მოხდეს. შეიძლება ამ თემებზე სასაუბროდ არ იყოს ღია. რას ეტყოდი ამ ადამიანებს?
ნიკა გვარამია: მე ამ ადამიანების მესმის. ეს ადამიანები უყურებენ მეინსტრიმულ ნარატივს, რომ აფხაზეთის დაბრუნება შეიძლება მხოლოდ ომით. ამ საკითხს კრიტიკულად რომ შეხედო, არამხოლოდ სურვილების ნაწილში [რა უნდა ხალხს], არამედ შეფასების ნაწილში [შეგიძლია თუ არა შენ ეს გააკეთო] მაშინ სავსებით რეალური და ბუნებრივი დასკვნა არის, რომ ჩვენ აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ. მესმის, ამაში არის რაციონალური აზრიც.
მე ამას ვუყურებ განსხვავებულად. ჩვენ ბევრი უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ წარმოგვიდგენია საქართველოს გაერთიანება ისე რომ ომიც არ იყოს და თან გაერთიანება რეალური იყოს, არა შორეული მომავლის პერსპექტივაში.
ჩვენ თუ მეხსიერებით დავკარგეთ აფხაზეთი – ეგ არის სინამდვილეში ტერიტორიის დაკარგვა. მეხსიერება მხოლოდ ჩემი და შენი არ არის. მეხსიერება შემდეგი თაობების არის. ჩემი შვილი ამ მეხსიერებას არ დაკარგავს, იმიტომ რომ მე ვსაუბრობ ამაზე ხშირად. ეს ჩემი მოცემულობაა, რადგან მე ეს მაწუხებს, იქედან ვარ, ნათესავები იქედან არიან, ჩემი წრე ამაზე საუბრობს და გასაგებია.
ირაკლი კიკნაველიძე: ვერც ჩემი შვილი ვერ დაკარგავს. ჩემი მეუღლე სოხუმელია. ეს ბმა მნიშვნელოვანია.
ნიკა გვარამია: მაგრამ კითხვაა – როგორ? არსებობს ეს გამოსავალი. აი დავუბრუნდით „ნიკოფსიიდან-დარუბანდამდე“ იდეას. ნიკოფსია აფხაზეთია…
ირაკლი კიკნაველიძე: ომით დაკარგულს მშვიდობით ვინ დაგიბრუნებს?
ნიკა გვარამია: არავინ არაფერს არ დაგიბრუნებს.
როდის დაბრუნდებიან აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრები ადამიანები? როდესაც მათთვის ეს იქნება საინტერესო და ისინი იცხოვრებენ უკეთესად.
შეიძლება თუ არა მათ ერთიან ქართულ სახელმწიფოში [აფხაზთა და ქართველთა სახელმწიფოში] ერთად იცხოვრონ უკეთესად? შეიძლება!
ეს უკავშირდება ევროკავშირს, საქართველოს ევროკავშირის წევრობას.
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ იმ ვითარებაში როდესაც რუსეთი იქნება ჩამოშლილი, უკრაინასთან ომის შემდეგ თავისუფალი მიმოსვლა კი არა საერთოდ თავიანთი ქვეყნიდან ვერ გავლენ…
და აფხაზები არ არიან რუსებზე შეყვარებული ხალხი. არც არასდროს ყოფილან. ამას აქვს თავისი რაციონალური ახსნა: რუსებს ისინი მესამეხარისხოვან ადამიანებად მიაჩნიათ. ქართველები არ მიაჩნიათ, ისინი – მიაჩნიათ. აფხაზები ამას ძალიან კარგად გრძნობენ. მათ რუსები ძალიან არ უყვართ. ძალიან, ძალიან არ უყვართ. და თუ შეხედავთ რუსების ქვეშ აფხაზები არ წვებიან. პირიქით, უფრო აგრესიული შეტევები ხდება ხოლმე.
ირაკლი კიკნაველიძე: თუმცა ქართველები შეიძლება უფრო მეტად არ უყვარდეთ.
ნიკა გვარამია: გასაგებია, ომის შემდგომი ვითარებაა. არც ჩვენ გვიყვარს. ჩვენ ვიტყუებით, როდესაც ვამბობთ ძმები და ა.შ. არ გვიყვარს, ვერ გვეყვარება ჩვენი მეზობლების დამხოცი ხალხი. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ამ წუთში ჩვენ ერთმანეთი პრაგმატულად დაგვჭირდეს.
რატომ შეიძლება ერთმანეთი დაგვჭირდეს? ეს არის ევროკავშირის წევრი საქართველო, რომელიც მოწონს აფხაზეთს იმიტომ, რომ თავისუფალი მიმოსვლა აქვს, ევროპული პასპორტი აქვს, თავისუფალი და განვითარებული ეკონომიკა აქვს, რომელიც არის ნაციონალურ უმცირესობებზე ორიენტირებული. იქ გაჩნდება გარანტი. ცისფერჩაფხუტიანები და რუსები კი არა [რუსები როგორ შეიძლება მშვიდობისმყოფელები იყვნენ, როდესაც რუსეთი მთავარი მხარეა ამ ომის], არამედ გაჩნდება ინსტიტუციური გარანტია აფხაზებისთვის, რომ ისინი იცხოვრებენ მშვიდობიანად.
ჩვენც უნდა ვიცოდეთ, რომ თუკი გვინდა ჩვენი იურისდიქცია ამ ტერიტორიაზე კვლავ ვრცელდებოდეს ნებისმიერ ვარიანტში რაღაცეების დათმობა მოგვიწევს. ოღონდ ევროკავშირის წევრობა და სახელმწიფო სახელად საქართველო, მისი კონსტიტუციური დაფარვით აფხაზეთზე.
რატომ ჭირდებათ ეს აფხაზებს? ფულია ჯერ ერთი. აფხაზეთის აღდგენაში ევროკავშირი უზარმაზარ ფულს დახარჯავს. და ჩვენც გვაწყობს ეს.
მე სადღაც ვთქვი, რომ უკრაინაში მილიარდები და ტრილიონები დაიხარჯება და ჩვენ იქ არ ვიქნებითთქო. მეორე დღეს კომენტარები ვნახე, რომ უკრაინელების სისხლზე ფულის გაკეთება უნდაო. კონკრეტულმა ოპოზიციონერებმა თქვეს, ეხლა რაზე ფიქრობსო. რას ქვია რაზე ვფიქრობ? ქართველებმა უკრაინის აღმშენებლობაში რომ ბევრი ფული იშოვონ ამაზე თუ ქართველი პოლიტიკოსი არ ფიქრობს ის პოლიტიკოსი როგორც მოქალაქე ჩვეულებრივი სულელია და როგორც პოლიტიკოსი – არაფერს წარმოადგენს.
სხვათა შორის აფხაზებს უყვართ ფული. და ამ შემთხვევაში ოდნავ ცინიკურად თუ ვიტყვით ჩვენთვის ეს სასარგებლო ამბავია. აფხაზებს როგორ შეიძლება ეს არ აინტერესებდეთ, თუნდაც როგორც ინდივიდუალურად ფულის გაკეთების საშუალება. ასევე მათი ქვეყნისთვის, რასაც ისინი ეძახიან თავიან ქვეყანას, მისი აღმშენებლობისთვის.
აფხაზეთი უნიკალური ტერიტორიაა, რომელიც ახლა ნანგრევია, ცივილიზაციის ნანგრევი. იგივე შემიძლია ვთქვა სამაჩაბლოს მოსახლეობაზე. არ მინდა ეს გამომრჩეს. აფხაზეთზე საუბრისას მე ჩემს სახლზე ვლაპარაკობ.
ირაკლი კიკნაველიძე: ამას გარდა აფხაზეთის სპეციფიკა სხვა არის. ადამიანების რაოდენობითაც მასშტაბები სხვა არის. სამაჩაბლოში ძირითადად ერთ რუსულ ბაზაზე და იქ დასაქმებულ ხალხზე ვსაუბრობთ.
ნიკა გვარამია: დიახ. მთავარი ამბავი ისევ „ნიკოფსიიდან-დარუბანდამდეა.“ ნიკოფსია არის ტუაფსე. აფხაზეთის გარეშე „ნიკოფსიიდან-დარუბანდამდე“ არ გამოდის. დარუბანდი მერე ვიტყვი რა არის.
აფხაზეთის მიზიდულობის წერტილი უნდა იყოს ის, რასაც სააკაშვილის დროს ერქვა ლაზიკა, ახლა ქვია – ანაკლია და რაც არის მთავარი გრავიტაციული ცენტრი საქართველოში რომელიც აინტერესებს სამყაროს. ზოგჯერ მგონია, რომ ის ხალხიც კი, ვინც კარგად აცნობიერებს თუ რა მნიშვნელოვანია ანაკლია, ისინიც კი ვერ ხვდებიან ბოლომდე.
ჩემი მთავარი ამბავი პირდაპირ რომ გითხრათ არის ევროკავშირის წევრობა და შუა დერეფნის „დათრევაა“ [ხელში ჩაგდება]. პირდაპირ ვამბობ ამ სიტყვას. ეს ჩვენ უნდა დავითრიოთ.
ამ თაობების ვალია, რომ დავითრიოთ ახალ სავაჭრო გზათაგან მთავარი. ეს არის შუა დერეფანი. სავაჭრო გზა ცენტრალური აზიიდან შავ ზღვამდე. შავი ზღვა არის ევროპის კარიბჭე. ეს ესეა, დანამდვილებით.
ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თქვეს, რომ ეს არის სტრატეგიული ზღვა და შეუძლებელია ზღვა შენთვის იყოს სტრატეგიული და მხოლოდ დასავლეთ სანაპიროს აკონტროლებდე.
პრობლემები და სისუსტეებია სამხრეთ სანაპიროზე, თურქეთია იქ და თურქეთი ჯერჯერობით პრობლემური ქვეყანაა ევროპისთვის [ეჭვი მაქვს, რომ დიდი ხანი იქნება მასეთი], ხოლო ჩრდილოეთით რუსეთია. ასევე უკრაინა, რომელშიც ეხლა ომი მიდის.
სუფთა გეოგრაფიულადაც რომ შევხედოთ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო და საქართველო უფრო მნიშვნელოვანია. რატომ? იმიტომ რომ ეს არის გასაღები ტრანსკასპიურ, კასპიის აუზის ქვეყნებში. ეს არ არის აზერბაიჯანი და მისი ნავთობი არც პირველ და ძალიან მალე არც მეორე რიგში იქნება. ეს არის თურქმენეთი თავისი გაზითა და ნავთობით, ირანი თავისი გაზითა და ნავთობით, მაგრამ რაც მთავარია იშვიათი მინერალებით და ახალი ტიპის ნავთობით მდიდარი ყაზახეთი და უზბეკეთი. ავღანეთი და მონღოლეთიც არის მათ შორის.
ეს რეგიონი ცოცხლდება. დასავლეთი დაიწყებს ამ სიმდიდრეების ექსტრაქციას. ახლაც მიდის ეს პროცესი, მაგრამ ვერც ყიდიან, რადგან გზა არ აქვთ. ერთ მხარეს ირანია, მეორე მხარეს – ჩინეთია, რომელიც თავად არის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი და კონკურენტი შუა აზიის სახით საერთოდ არ ჭირდება. სხვა მხარეს კი რუსეთია, რომელიც არაფერ ტვირთს არ გაუტარებს ისე, რომ თვითონ არ შეისყიდოს და უფრო ძვირად არ მიჰყიდოს უკან. ის ასე აკეთებს გაზზე, ხორბალზე, ყველა პროდუქტზე.
ასე რომ ტერიტორია ნიკოფსიიდან-დარუბანდამდე, ამ შემთხვევაში დარუბანდიდან-ნიკოფსიამდე არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ეს არის შუა დერეფნის მთავარი ნაწილი. ეს არის ევროპის გასაღები იმ ბაზარზე სადაც უნდა შევიდნენ ყველა ძალებით, რომ ჩინეთი და რუსეთი ერთდროულად ჩაანაცვლონ. შუა აზიას მონღოლეთთან და ავღანეთთან ერთად მართლა აქვს ის პოტენციალი, რომ შორეული აღმოსავლეთისთვისაც [კორეა-იაპონიისთვისაც] და ევროპის, ბრიტანეთისა და ამერიკისთვის ეს გააკეთოს.
ის მაცოფებს, რომ ეს ხაზი დღეს გადის საქართველოზე. ახალი მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის ხაზი. ეს ახდენს ყველაზე მეტ გავლენას გეოპოლიტიკაზე. სამყაროს ისტორია ამგვარია. ახალი ეკონომიკური წესრიგები ყოველთვის აყალიბებენ ახალ გეოპოლიტიკურ რუკებს, გავლენის ზონებსა და სურათებს.
ამ ვითარებაში ჩვენ როგორც კი გვექნება გავლენა ნიკოფსიიდან… იქ უნდა ვიდგეთ და სულ მცირე პორტი მაინც უნდა გვქონდეს აშენებული, რომელიც უნდა აინტერესებდეთ აფხაზებს, როგორც გრავიტაციის ზონა; რომელსაც ეყოლება ტყუპისცალი პორტი ოჩამჩირეში, რადგან სხვაგან შეუძლებელია. ოჩამჩირის პორტს არ აქვს დიდი დაღრმავება, მაგრამ შეუძლია მიიღოს გემების ის ნაწილი რომელთაც შეუძლიათ ფოთის პორტსა და ოჩამჩირეში შესვლა. [სუფსა/ყულევშია თუ არ ვცდები ასევე ღრმა ნაპირი]. ხოლო ანაკლიამ უნდა მიიღოს ყველაზე დიდი გემები. რატომ არის მნიშვნელოვანი დიდი გემები? დიდი წყალწყვის გემები თუ არ შემოვა ტვირთების დიდ ბრუნვაზე საუბარი შეუძლებელია. მაგრამ თუ შემოვა და ეს იქნება პარალელურად ამერიკულ-ევროპულ-ბრიტანული კონსორციუმის [საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში მაგრამ მათ მართვაში ერთი საუკუნე]…
ირაკლი კიკნაველიძე: სადაც ეს ტვირთები უნდა წავიდეს კიდეც, ვისაც სჭირდება ეს ტვირთები.
ნიკა გვარამია: ეს იქნება იმათი ვისაც მოაქვს ეს ტვირთები. თურქებს არ მოაქვთ ეს ტვირთები და რომც მოჰქონდეთ ყაზახეთამდე მისასვლელად თურქებს შავი ზღვა არ სჭირდებათ. როგორმე მიაღწევს მათი ტვირთი სხვა გზითაც. თუ ეს პორტი [ანაკლია] ააშენეს ამერიკელებმა და ევროპელებმა, სად გაატერებენ ისინი თავიანთ ტვირთს? საკუთარი პორტის მეშვეობით ხომ გაატარებენ. ზანგეზურით არ გაატარებენ, რომლის მოსაზღვრე ტერიტორიაზე [ირანში] ახლა ომი მიმდინარეობს. გულწრფელად გეტყვით, რომ ზანგეზური ჩემთვის უშანსო პროექტია. ირანში თუ ომია – ზანგეზური საფრთხის ზონაა, ხოლო ომი თუ არ არის – ვის სჭირდება ზანგეზური.
ირაკლი კიკნაველიძე: ქართული ოცნების მომხრეები რომ გისმენდნენ იტყოდნენ, რომ ამას ამბობს ჩვენი მთავრობაც. ჩვენ გარდა სხვა გზა არ აქვთ. მოუწევთ მაინც ბიძინასთან დალაგება. აი რას უპასუხებდი ამ კითხვას?
ნიკა გვარამია: ძალიან მარტივია. როგორ არ აქვთ? გაივლიან თურქეთზე.
ირაკლი კიკნაველიძე: გეოგრაფიაზე აქცენტი, რომ ჩვენ გარდა სხვა გზა არ აქვთ.
ნიკა გვარამია: ეს გზა მუშაობის მაშინ თუ ანაკლიის პორტი… და მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის გზაა. მე ამ ორს ვუყურებ. ეს არის საქართველოს მომავლის გზა. ტერიტორიული მთლიანობისკენ მიმავალი უმოკლესი გზაა და სიმდიდრისკენ მიმავალი უმოკლესი გზაა და უსაფრთხოებისკენ მიმავალი უმოკლესი გზაა. მარტო აზიასა და ევროპას შორის უმოკლესი გზა არ არის. საქართველოსთვის ეს ერთდროულად სამი გზაა.
თუ ეს არის ბრიტანულ-ამერიკული ან ევროპული პორტი… არ არსებობს რამეს ისე იცავდეს დასავლური სამყარო, როგორც კერძო საკუთრებას. არც ხელშეკრულებებს, არც დაცვასთან დაკავშირებით მიცემულ პირობებს, არც რომელიმე ალიანსის წესდებას. არა! საკუთრებას ნებისმიერი დასავლური საზოგადოება ყველაზე მეტად იცავს, რადგან ეს არის იდეოლოგიურად საკუთრებაზე აწყობილი საზოგადოება. ეს ერთი.
მეორე: გამორიცხულია, რომ დემოკრატიის გარეშე ამ გზამ იმუშაოს. ამ გზაზე უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის ლოგისტიკა. ამ პორტს ემატება რკინიგზის განახლებაც, რომლის ფული, არც რკინიგზისა და არც პორტის – ჩვენ არ გვაქვს. იქ სადაც ყველაფერს ერთი კაცი მართავს და არ არსებობს სასამართლო – გამორიცხულია, რომ ამხელა პროექტი შედგეს. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ აქ ეს ყველაფერი გადიოდეს და ბიძინა ივანიშვილი ისე იჯდეს და უყურებდეს. რამდენ რამეში ჩაერევა თუ ყველაფერში არა? თქვენ წარმოიდგინეთ, მერე ინვესტორს რამე დავა მოუწიოს და ეს დავა მურუსიძემ განიხილოს. როგორ წარმოგიდგენიათ?
ირაკლი კიკნაველიძე: შუა დერეფნის გზამ ბევრ ქვეყანაზე უნდა გაიაროს. არ არსებობს ერთგვაროვანი ტარიფები…
ნიკა გვარამია: არ არის ბევრი ქვეყანა. ყაზახეთიდან, აქტაუს პორტიდან არის მხოლოდ აზერბაიჯანი და საქართველო. ეგ არის მანდ მთავარი ამბავიც. ეს ამარტივებს ამ მარშრუტს. თითქოს სახმელეთო მიმოსვლა უფრო მარტივია, მაგრამ ეს ესე არ არის. ზღვა უფრო სწრაფია და ამოკლებს მანძილსაც.
წარმოიდგინეთ ანაკლიიდან ტვირთი კონსტანცაში რომ ჩავა, მორჩა – ის უკვე ევროპაშია. აბა ეხლა წარმოიდგინე, რომ ანაკლიაც ევროკავშირის ტერიტორიაა. და ჩვენ თუ ევროკავშირში ვიქნებით – აზერბაიჯანს საქართველო კი არა ევროკავშირი დაელაპარაკება. ევროკავშირი დაელაპარაკება საქართველოს პირით.
საქართველო 21-ე საუკუნის პირველი ნახევრის მთავარ ეკონომიკურ პროექტში მთავარი სპიკერი ხდება. თქვენ წარმოიდგინეთ ეს რა სიმდიდრეა ყველა ქართველისთვის.
ბიძინა ივანიშვილი თუ იქნება – ეს სიმდიდრე იქნება მისთვის. ამიტომ მასთან არ გააკეთებენ. ივლიან თურქეთის გავლით, რომელიც არ არის კომფორტული პარტნიორი, არის კორუმპირებული ქვეყანა. მას ლოგისტიკა საუკეთესო ნამდვილად არ აქვს, რადგან ეს ქვეყანა ჯერჯერობით არ არის ევროპული ხარისხის.
ქართველების უპირატესობა არის ის, რომ ეს არის მკაფიოდ ევროპელი ხალხი. რაც არ უნდა ხდებოდეს ესე იქნება. რუსეთი მოახდენს გავლენას? – მაინც ევროპელი ხალხია. ვიღაც ოლიგარქი ევროპიდან გასვლას აანონსებს? – მაინც ევროპელი ხალხია. ქართული ოცნების ამომრჩეველი, რომელიც ხმას აძლევს ბიძინას – მაინც ევროპელია. ეს არის სხვაობა. ამ ქვეყანას აქვს დემოკრატიის პერსპექტივა. ეს პერსპექტივა აზერბაიჯანს არ აქვს. ეს იმ ხალხის არჩევანია.
ირაკლი კიკნაველიძე: ანუ აფხაზებს ამას ვთავაზობთ?
ნიკა გვარამია: აფხაზებს ვთავაზობთ კარგ ცხოვრებას. და არ არსებობს აფხაზი, რომელიც კარგ ცხოვრებაზე ამბობს უარს.
ოღონდ ამას არ ვთავაზობთ იმის ფასად, რომ ის სადმე მეორეხარისხოვანი იყოს. ის უნდა იყოს საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქე.
ჩვენი ერთმანეთთან შეჩვევა იქნება რთული და ხანგრძლივი პერიოდი.
ჩვენი შემდეგი თაობები ისევ შეიყვარებენ ერთმანეთს. ჩვენი თაობები – ვერ.
ამ ურთიერთობების განვითარების პირველი ეტაპი, ალბათ 20-30 წელი იქნება ურთიერთსაჭიროებიდან გამომდინარე. არ არის ეს შეუძლებელი. ურთიერთსაჭიროებას ჰქვია ორმხრივად სასარგებლო ეკონომიკური ურთიერთობები. ეს რეალისტურია.
ირაკლი კიკნაველიძე: როგორც სამართალმცოდნესაც მინდა გკითხო. როდესაც ვსაუბრობთ შერიგებაზე – არსებობს რამდენიმე ვარიანტი. არის ძალიან ცუდი მოდელები, როგორიც იყო ლიბანში და რომელიც სრული კატასტროფით დამთავრდა. სხვათა შორის 90-იანი წლების აფხაზეთშიც იგივე ხდებოდა – თანამდებობების ეთნიკური გადანაწილება. არსებობს ბოსნიის მოდელი, რომელიც წარმატებული მოდელი არ არის.
ნიკა გვარამია: ბოსნია დასავლეთის ბრალია.
ირაკლი კიკნაველიძე: არსებობს წითელი პარასკევის შეთანხმება ირლანდიაში. არსებობს კვიპროსის მაგალითი კონფლიქტის გაყინვის მიმართულებით.
ნიკა გვარამია: კვიპროსზე გამოსავალი ნაპოვნი იყო, უბრალოდ ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით თვითონ კვიპროსელებმა თქვეს უარი. თურქი მოსახლეობა რესტიტუციის გარეშე, ქონების დაბრუნების თუ ანაზღაურების გარეშე ევროკავშირში ერთიანად შესვლაზე თანახმა იყო. ზუსტად არ მახსოვს საკუთრების დაბრუნება შეიძლებოდა თუ არა, მაგრამ სამხრეთ კვიპროსმა უარი თქვა ამაზე.
ირაკლი კიკნაველიძე: მაშინ ამ კუთხით ძალიან დიდი შანსი გაუშვეს ხელიდან.
ნიკა გვარამია: მე არ ვამბობ რომ აფხაზეთში დევნილების დაბრუნება არ უნდა იყოს და საკუთრების დაბრუნებაზე უარი უნდა ვთქვათ. მე თვითონ დევნილი ვარ. მაგრამ იქნება რაღაცეები, რისი დათმობაც მოგვიწევს. იქითა მხრიდანაც მოუწევთ დათმობა. დათმობების გარეშე შეხორცება ვერ მოხდება. გამორიცხული ამბავია.
ირაკლი კიკნაველიძე: სხვათა შორის თავად შევარდნაძის მონაყოლით, როდესაც თავის დროზე არძინბა ჩამოიყვანეს, მას თხოვდნენ რომ უნდა ყოფილიყო საქართველოს კონსტიტუცია, აფხაზეთის კონსტიტუცია და შემდეგ უნდა ყოფილიყო საერთო კონსტიტუცია, სადამფუძნებლო აქტი. შევარდნაძემ ამაზე თქვა უარი. არის თუ არა ეს მიუღებელი?
ნიკა გვარამია: მე არ ვიცი ამ სქემის ამბავი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ევროკავშირის წევრობა სამართლებრივი თუ პროცედურული კუთხით ძალიან ბევრ შესაძლებლობას იძლევა.
ჩვენ ვერ გამოვალთ და ვერ ვიტყვით, რომ ახალი ხელშეკრულებით ხელახლა ვაფუძნებთ ჩვენს სახელმწიფოს. ასეთი რამე არ ხდება. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ამ საზღვრებშია აღიარებული საერთაშორისო სამართლის მიერ. ამ მხრივ არავისთვის სათხოვნელი არაფერი გვაქვს. საკითხი დახურულია. მაგრამ ფაქტია, რომ ამ ტერიტორიის სრულ კონტროლს ვერ ვახორციელებთ. რა უნდა იყოს ამ პროცესის დამწყები პლატფორმა ისეთი, რომ არც ჩვენ გვეტკინოს და არც იმათთვის გახდეს რამე სპეციფიური?
ირაკლი კიკნაველიძე: ევროკავშირი არის უსაფრთხოების საბაზისო განცდა.
ნიკა გვარამია: მე ეხლა ხმამაღლა ვფიქრობ. ევროკავშირში შესვლის დროს საქართველოს სახელით შეიძლება საქართველოსთან ერთად აფხაზური მხარის წარმომადგენელმაც და სამაჩაბლოს წარმომადგენელმაც… მე ახლა პირველად ვამბობ ასეთ რამეს და ზოგადად პოლიტიკოსებს არ უყვართ ამაზე ლაპარაკი.
ჩემთვის ამოცანა არის ერთადერთი რამ: ჩემს შვილიშვილს არ დაავიწყდეს აფხაზეთი. გამორიცხულია ჩვენ იმდენი ვქნათ, რომ ჩვენ შვილიშვილებს აფხაზეთი ახსოვდეთ.
ირაკლი კიკნაველიძე: ჩვენ სამწუხაროდ არც სომხები არ ვართ და არც ებრაელები. მათ მეხსიერების სხვა ბერკეტები აქვთ.
ნიკა გვარამია: იცით რა, შეიძლება ეს არც იყოს სამწუხარო. ერს აქვს თავისი ეროვნული თვისებები. საქართველო აქამდე მოვიდა საკუთარი ხასიათის, ეროვნული თვისებების, მათ შორის ეროვნული მოქნილობის გამო.
ამბობენ, რომ საქართველოში ეთნო-ნაციონალიზმი არ უნდა ყოფილიყო და ბალტიისპირეთის გზა აერჩია. უკაცრავად, მაგრამ ამ ქვეყანას სამოქალაქო ნაციონალიზმის გამოცდილება არ ჰქონდა. საბჭოთა კავშირის დაშლაზე საქართველომ ბალტიისპირეთზე არანაკლები როლი ითამაშა. რა სახასიათო თვისებაც ჰქონდა, ეს ქვეყანა საბჭოთა კავშირიდან იმის მეშვეობით გამოვიდა. ზემოთ ასასვლელად ფეხი რამეს ხომ უნდა დაარტყა? დასარტყმელი კი [სამოქალაქო საზოგადოება] არ იყო და რისთვის უნდა დაგერტყა ფეხი? იპოვა საყრდენი წერტილი ნაციონალიზმის სახით, დაარტყა ფეხი და წავიდა. წინ გაქვს მთელი საუკუნეები დამოუკიდებლად რომ იმუშავო, რომ სამოქალაქო თანასწორობა და პატრიოტიზმი იყოს თანასწორი. მაგრამ მაშინ რა მეხსიერებაც ქონდათ…
ამიტომაც არ იყო მამარდაშვილი ქართველების სიმბოლო და არც არასდროს არ იქნება. იმიტომ რომ მაშინ იყო ზვიად გამსახურდია, ის გრძნობდა საკუთარი ერის პულსაციას. ეს კაცი [მამარდაშვილი] კი ვერ გრძნობდა საკუთარი ერის პულსაციას და არ იყო ქართველებისთვის არც დიდი, არც საშუალო და არც – არანაირი.
ირაკლი კიკნაველიძე: სხვათა შორის ქართველების ხასიათზე, ამ სილაღეზე, ყველაზე კარგად წერდა მამარდაშვილი და ზუსტად ჰქონდა დაჭერილი ეს დეტალები.
ნიკა გვარამია: რა აქვს მამარდაშვილს ნათქვამი ისეთი, რომელიც ან უნდა დაგვეჯერებინა ან არ უნდა დაგვეჯერებინა? დერიდა რომ დაგეყენებინათ მის გვერდის [სხვათა შორის დროში დიდი სხვაობაც არ იყო, მასშტაბში – იყო], გვერდიდან რომ ეყურებინა დერიდაც იგივეს დაწერდა ქართველებზე. ზოგადსაკაცობრიოებო იდეალებიდან მაყურებელი კაცისთვის არ იყო რთული იმის დაწერა, თუ რას შვებოდნენ ქართველები არასწორად. რთული იყო ის რაც გამსახურდიამ გააკეთა. იპოვა საყრდენი წერტილი და დამოუკიდებლობა მოუტანა ამ ერს. ეს იყო რთული.
ირაკლი კიკნაველიძე: ამ ენერგიის გაღვიძება ახლა ხელახლაა საჭირო. ეს ნაღვერდალი ცოცხალია…
ნიკა გვარამია: არ ვუყურებ ეგრე. როდესაც რამეზე ამბობ, რომ ცოცხალია – ეჭვი გვაქვს რომ შეიძლება მკვდარია. ეს საერთოდ არ არის საეჭვო.
ცოცხალია კი არა – ჩვეულებრივი ვითარება გვაქვს. გვაქვს რამდენიმე კონკრეტული პრობლემა. მათ შორის ისეთი ტრივიალური, როგორიცაა უფულობა. გვაქვს არამხოლოდ საზოგადოების სიღარიბე, არამედ – პოლიტიკური სპექტრის, სამოქალაქო საზოგადოების სიღარიბე. არავინ თქვას რომ ამ პრობლემას გავლენა არ აქვს. მას გავლენა აქვს.
გვაქვს ისეთი პრობლემა როგორიცაა გადაღლა. გვაქვს ისეთი პრობლემა როგორიცაა თავსმოხვეული ინფორმაცია პროპაგანდის სახით, ოღონდ იმიტომ კი არა რომ ჩვენ რამეს ვიჯერებთ. ომი გინდათ და მსგავსმა გზავნილებმა თავი ამოწურეს. პროპაგანდა ჩვენზე ყველაზე ძლიერ ენერგიის გამოცლით მუშაობს.
როდესაც იტყვი, რომ ქალს მესამე ძუძუ გამოუვიდა – გასაგებია, რომ სისულელეაო საზოგადოება მთელი დღე ილაპარაკებს. რატომ? იმიტომ, რომ სისულელე ყურადღებას ყოველთვის იქცევდა. მითუფრო ესეთი. ეს ხომ სიღრმითი არ არის, ზედაპირულია. მაგრამ ეს ზედაპირულობა იწვევს ბევრ საუბარს, წივილ-კივილს. ვიღაც გამოჩნდება და იტყვის, რომ მესამე ძუძუ შეიძლება იყოს, სხვა იტყვის, რომ არ შეიძლება; ვიღაცა იტყვის, რომ იგივე უფლებები უნდა ჰქონდეს სამძუძუიან ქალს რაც ორძუძუიანს და ეს იქნება ერთკვირიანი თემა.
ადამიანები ვართ. არ შეიძლება სტერილურად ვუყუროთ ჩვენ თავს, რომ რაღაც არ უნდა გვაინტერესებდეს, რაღაცაზე არ ვლაპარაკობდეთ. დიახ, ადამიანებს სისუსტეები გვაქვს. იმიტომ რომ ადამიანები ვართ. ამით პროპაგანდა სარგებლობს. ის გვღლის. ვერ გვატყუებს, მაგრამ – გვღლის. კი, უნდა ვეცადოთ, რომ ამას ყურადღება არ მივაქციოთ, მაგრამ ყოველთვის არ გამოგვივა.
ირაკლი კიკნაველიძე: აფხაზეთზე საუბრისას მხოლოდ წარსულზე, ტკივილზე, ომზე არ უნდა ვილაპარაკოთ.
ნიკა გვარამია: ორი სიტყვით ამ ხელისუფლებაზეც ვიტყვი რასაც შვება.
ამ ხელისუფლებას ფეხებზე ჰკიდია ქართველები და აფხაზები მითუმეტეს. ბიძინა ივანიშვილს აფხაზეთი კრიმინალური ანკლავის სახით სჭირდება. რატომ? ესეც ძალიან მარტივი და ტრივიალური ამბავია.
ელექტრო ენერგია. ბიძინა ივანიშვილი ელექტრო სკამზე ზის. ის ძალიან სარისკო თამაშებშია და ეს ელექტრო ენერგიას უკავშირდება ძირითადად.
მას სჭირდება უკონტროლო აფხაზეთი რადგან ენგურჰესის 90% მიდის იქით. ეს წილი იქ არ უნდა მიდიოდეს. მეტიც – აფხაზეთს არ სჭირდება ეს რაოდენობა ელექტრო ენერგია. შეგახსენებთ, რომ იქ ელექტრო ენერგია უფასოა. ძვირფასო ქართველებო გაიხსენეთ თქვენთან რამდენი ღირს. აფხაზებს ელექტრო ენერგი აქვთ უფასოდ. მიეწოდებათ ორჯერ მეტი ვიდრე სჭირდებათ და მაინც ელექტრო ენერგიის დეფიციტი აქვთ.
რატომ? იმიტომ რომ ეს ელექტრო ენერგია მიდის კრიპტო ქარხნებზე. ფულის კეთებაზე. ვინ აკეთებს ამ ფულს? – ორი მხარე: ვინც ოფიციალურად აკონტროლებს ამ ზონას – რუსები და აფხაზი კრიმინალები. ძირითადად გალშია ეს კრიპტო ქარხნები ჩალაგებული.
გამოიცანით თუ ვინ არის მეორე მხარე? – ის ვინც წყვეტს, რომ ენგურჰესიდან იქით ნაცვლად 50%-სა უნდა წავიდეს 90%. იმედია არ მკითხავთ თუ ვინ არის ის? ეს რიტორიკული კითხვაა. ეს ბიძინა ივანიშვილია. ასე მიდის იქით ელექტრო ენერგია. ნულოვან ფასად. ჩვენ არაფერს ვიღებთ, გარდა ჩვენი ენერგო სისტემის დანაკლისისა.
სამაგიეროდ ბიძინა ივანიშვილი იმ ხალხთან ერთად ვინც მე დაგისახელეთ იქ ნულოვან ფასად ფულს აკეთებს. იგივეს აკეთებს აქეთაც უფრო ძვირად, რადგან ენერგიის საბაზრო ფასს იხდის [სანაცვლოდ გადასახადებს არ იხდის].
კორუფცია მხოლოდ ის არ არის, რომ თანხა საიდანღაც აიღო და ჯიბეში ჩაიდო. არა. ეს „საიდანღაც“ არის თქვენი ჯიბე. ზოგჯერ, რომ ვიძახით რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოიპარეს ფული და გვგონია, რომ არარსებული ადგილიდან წაიღო. არა, სახელმწიფო ბიუჯეტი თქვენი ჯიბეა. ბიუჯეტი უბრალოდ გამტარია.
პირდაპირ ჯიბეს რომ ურტყამს იქიდანაც იპარავს. მაგალითად ტარიფებს გიძვირებთ. თვითონ არ უძვირდება, ჩვენ გვეზრდება და ჩვენ ვიხდით.
კორუფცია კლავს კიდევაც. კლავს ბავშვს, რომელიც მივიდა დაუსრულებელ ფანტანთან, დენმა დაარტყა და გარდაიცვალა; სადღაც ჩავარდა იმიტომ, რომ კალაძემ არ დააგო; გიფუჭებთ სახლებს, ვერ დადიხართ მანქანებით – გიფუჭებთ მანქანებს. რატომ? იმიტომ რომ კალაძე ფულს რომ იპარავს ხეებში იპარავს. ხეების დარგვაში უფრო მარტივად შეიძლება ფულის მოპარვა. ამიტომაც ძირითადად ხეებს რგავენ, მაგრამ სამაგიეროდ წყალგაყვანილობას არ აკეთებს იმიტომ, რომ ის ჩანს და თან ძვირია.
კორუფცია აფუჭებს ცხოვრების ხარისხს და ზოგჯერ კლავს კიდევაც. ეს უნდა დავამთავროთ ჩვენ! რასაც იპარავენ ის ჩვენია. თუ არ მოიპარავენ – იქნება ჩვენი. ბიძინა ივანიშვილი ათეულობით წელია [ჩვენ დროსაც სხვათა შორის] არ იხდის გადასახადებს.
ირაკლი კიკნაველიძე: პრინციპული გადაწყვეტილება აქვს რომ კაპიკი არ უნდა გადაიხადოს გადასახადებში.
ნიკა გვარამია: ესეთი პრინციპული გადაწყვეტილება მეც მექნება და აბა ვნახოთ თუ არ გადამახდევინებენ.
ირაკლი კიკნაველიძე: გეტყვიან მილიარდი დახარჯა, ბაღი აგიშენა და ამ დროს გადასახადებს არ იხდის.
ნიკა გვარამია: იმაზე ასჯერ იმაზე მეტი აქვს გადასახადების გადაუხდელობით მოპარული რაც ყველანაირ ქველმოქმედებასა თუ პროექტში ერთად დაუხარჯავს. სულ მცირე ასჯერ მეტი.
მხოლოდ გადასახადები ხომ არ არის. ყველაფერს ისრუტავს. ეს ხომ ჩვენი ფულია. ეს ხომ პენსიონერის პენსიის ფულია, როდესაც ბიძინა გადასახადს არ იხდის. სად მიდის თუ პენსიონერს არ ემატება და ბიუჯეტში თუ არ მიდის? – ბიძინას ჯიბეში.
მე თუ 100 ლარიდან 20 ლარს არ გადავიხდი მრჩება 100 ლარი. მაგრამ რომ გადავიხადო ის 20 ლარი წავა ბიუჯეტში და გადაუნაწილდება პირობითად პენსიონერს, ან განათლების სისტემას.
ეს არის ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაც და წესიერებაც. ეს კაცი არის ქურდი და მისი მთელი სისტემა არის ქურდი. იპარავს ფულს, ოღონდ ამ ფულს იპარავენ ჩვენი ჯიბეებიდან.
ქალაქებს ითვისებს. აბასთუმანი არის ბიძინა ივანიშვილის ქალაქი. დახურული ზონაა. აი ეს არის ეს კაცი. სანამ არის – მანამდე არაფერი არ გამოვა.
როგორ არ იყოს? – მე ვფიქრობ, რომ უნდა მოვემზადოთ, რადგან მძიმე პერიოდი მოდის. ქართული ოცნების მოსრიალება იმაზე ახლოსაა, რა დისტანციაზეც შენ ზიხარ ჩემს წინ.
შეიძლება ჩვენ ახლა არ გვაღელვებდეს ბენზინის შეტანა, მაგრამ ეგ ბენზინი ისეა ახლა აფხაზებისთვის, როგორც ჩემთვის ჩინეთის ბალეტის თეატრში გაკეთებული დადგმა. მითუმეტეს ქართველებისთვის ვინც გალში ცხოვრობს. ჯერ ერთი 4 ლარი ღირს იქ ერთი ლიტრი ბენზინი. რომელი ქართველი ყიდულობს ბენზინს გალში. რა სისულელეა.
მეორეც – ქართული კანონმდებლობით ამ საქონლის შეტანა აფხაზეთში არ შეიძლება. სააქციზო საქონელი სიგარეტისა და ღვინის გარდა არ შეიძლება, რომ აფხაზეთში შევიდეს. ამის თანხმობას ვერანაირი მთავრობა ვერ გასცემს. საგადასახადო კოდექსში პირდაპირ წერია.
და მესამე – სად მიდის ეს ბენზინი, ან განბაჟება როგორ ხდება, ან ფული საიდან შემოდის, ტრანზაქცია როგორ ხდება? ეს არ ვიცით. და რა ვიცით, რომ მხოლოდ ბენზინია? ეს ბენზინი მიდის ან სოჭში, იქაური პრობლემის მოსაგვარებლად, ან რუსულ ბაზებზე ან რაც უფრო მეტად შესაძლებელია – ორივეგან.
ჩვენ ნუ გვავიწყდება, რომ მხოლოდ ტანკში საწვავის ჩასხმა არ არის ომის ეკონომიკის დახმარება. ნებისმიერი ლოგისტიკური დახმარების გაწევა არის ომის დახმარება.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის მთავარი საომარი დარტყმა ახლა რუსეთზე არის ზუსტად იმის გაჩერება რისი შევსებაც საქართველოდან მიწოდებული ბენზინით ხდება. საუბარია რუსეთის გამართული ფუნქციონირების დაზიანებაზე.
დიახ, ქვეყანა რომელიც გეომება უნდა დააზიანო ისე, რომ არც ბენზინი ჰქონდეს და არც არაფერი სხვა. ომის მხარდაჭერა მხოლოდ ის არ არის, რომ ტანკში ბენზინი ჩაუსხა. ომის მხარდაჭერა, ისიც არის, რომ უკრაინამ რუსეთი უბენზინობის პრობლემამდე რომ მიიყვანა – იმ პრობლემას უგვარებ. ეს ალბათ კიდევ უფრო ფუნქციური მხარდაჭერაა ომისა ვიდრე უბრალოდ ტანკის დაქოქვა.
ირაკლი კიკნაველიძე: მადლობა ნიკა. საინტერესო იყო ამ თემებზე საუბარი.
ნიკა გვარამია: დიახ, უნდა მოვემზადოთ. ქართული ოცნების დასუსტება წინ არის.
მე ვერ ვხედავ პრობლემას იმაში, რომ იჯდე და უყურებდე თუ რა შეცდომას დაუშვებენ. დიახ, ველოდები მათ შეცდომას. მე ვფიქრობ, რომ ვისაც უნდა ბრძოლა და არა უბრალოდ ყიყინი, წივილ-კივილი, იმ პარალელების მოყვანა რომელიც ამ კონტექსტში აღარ მუშაობს – ეს მეორეხარისხოვანია ჩემთვის. მე რაციონალურად და ცივად ვუყურებ იმას, რაც ხდება.
ჩვენ ერთიანობა და ქართული ოცნების შეცდომებზე კაპიტალიზაცია გვჭირდება. ასევე გვჭირდება გამბედაობა, რადგან იქნება სერიოზული შეტევები.