აფხაზეთის გამოწვევები
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის” („რონდელის ფონდი”) ვებ-გვერდზე. სტატიის ტექსტი და ტერმინოლოგია გადმოტანილია უცვლელად. ყველა უფლება ეკუთვნის „რონდელის ფონდს”. გამოქვეყნების თარიღი: მაისი, 2023 წელი.
2023 წლის პირველი ნახევარი იწურება, წელი კი სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებისთვის საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს. ბლოგში მიმოხილულია ბჟანიას გუნდის მთავარ გამოწვევები და მათი მნიშვნელობა როგორც უშუალოდ აფხაზური საზოგადოებისთვის, ისე ქართული მხარისთვის.
ენერგოკრიზისი
2022 წლის ერთ-ერთი მთავარი სოციალური წუხილი აფხაზურ საზოგადოებაში ენერგეტიკის სფეროში არსებული მძიმე მდგომარეობა იყო, რომელიც მუდმივ ავარიებითა და დენის გრაფიკით მოწოდებით გამოიხატა. ოკუპირებულ რეგიონში ენერგეტიკული პრობლემები განსაკუთრებით ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დამძიმდა, როდესაც ენგურჰესში იკლო წყლის მოცულობამ, ერთ-ერთი ცენტრალური ელექტროსადგურის — „აჩიგვარას“ აღდგენითი სამუშაოები კი წარუმატებლად ჩატარდა. „აჩიგვარას“ რეაბილიტაციის პერიოდში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ელექტროენერგიის მიწოდება კიდევ ერთხელ სთხოვა რუსეთს. რუსეთმა კი მიწოდება იმაზე ადრე შეუწყვიტა აფხაზეთს, ვიდრე რეაბილიტაცია მთლიანად დამთავრდებოდა. დე ფაქტო ხელისუფლება იძულებული გახდა არასრულად აღდგენილი ელექტროსისტემა აემუშავებინა, რამაც ავარიების ახალი, მძიმე ტალღა გამოიწვია, წლის ბოლოსკენ რთული მდგომარეობა კი კიდევ უფრო მეტად დაამძიმა.
ენერგოკრიზისის ძირითად მიზეზებს – ომის შემდეგ გაუმართავ ინფრასტრუქტურას, „მაინინგის“ პრობლემას და გადასახადების მოუწესრიგებელ სისტემას თან დაერთო ენგურჰესში წყლის დონის დაწევა, რაც, თავის მხრივ, ელექტროენერგიაზე გაზრდილმა მოთხოვნამაც განაპირობა. აფხაზურ და ქართულ მხარეებს შორის არსებული შეთანხმების მიხედვით, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% ოკუპირებულ აფხაზეთს ეკუთვნის, 60% კი – დანარჩენ საქართველოს, თუმცა, ფაქტობრივად, აფხაზეთი განკუთვნილი 40%-ის ნაცვლად 80%-ს მოიხმარს.
მოხმარება კიდევ უფრო მეტად იზრდება და ეს რაოდენობაც რეგიონისთვის, რომელსაც ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, საკმარისი არ არის. 2020 წლის მონაცემებით, აფხაზეთი კაცზე 3.3-ჯერ მეტ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე დანარჩენი საქართველო, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ენერგოკრიზისს რეგიონში. ენერგოკრიზისი პირდაპირ გავლენას ახდენს ასევე აფხაზეთის შიდა პოლიტიკურ ველზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების ლიდერმა ასლან ბჟანიამ თავისი „პრეზიდენტობის“ დასაწყისში გასცა, სწორედ ენერგეტიკული საკითხის მოგვარება იყო. დე ფაქტო ხელისუფლებამ ეს დაპირება არ შესრულდა, რაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის უკმაყოფილებას იწვევს.
ენერგოკრიზისი პირდაპირ უკავშირდება აფხაზური საზოგადოებისთვის მტკივნეულ თემასაც – პრივატიზაციას. 2017 წელს აფხაზეთში ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვითაც, ენერგეტიკული სექტორის სრული რეაბილიტაციისთვის 326 მლნ აშშ დოლარია საჭირო, რისი შესაძლებლობაც სოხუმს არ გააჩნია. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ენერგეტიკაში კერძო ინვესტიციების მოზიდვაა აუცილებელი, რაც, სხვა ენაზე, ენერგოსექტორის რუს ბიზნესმენებზე გასხვისებას ნიშნავს.
დე ფაქტო ლიდერმა თებერვლის ბოლოს მოსკოვში შეხვედრები გამართა, მათ შორის, რუსეთის ეკონომიკის მინისტრ ალექსანდრ ნოვაკთან, სადაც რუსულ მხარეს პირობა მისცა, რომ ენერგეტიკასა და ინვესტიციებთან დაკავშირებით აფხაზეთი იმ კანონებს მიიღებდა, რომლებიც „ჰარმონიზაციის დოკუმენტშია“ გაწერილი და რომლებსაც აფხაზური საზოგადოება ეწინააღმდეგება.
ბიჭვინთა
ოკუპირებულ აფხაზეთში ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური სკანდალი, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება, „ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის“ რუსეთისთვის გადაცემის საკითხია. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას თქმით, ეს თემა 2020 წლის ნოემბერში ვლადიმერ პუტინთან სოჭში შეხვედრის დროს რუსეთის პრეზიდენტმაც წამოჭრა. ბჟანიას განმარტებით, საუბარია შენობისა და ინფრასტრუქტურის გადაცემაზე და არა – მიწის, რაზეც აფხაზური საზოგადოება ძალიან მტკივნეულად რეაგირებს. ბჟანიას თქმით, აფხაზური მხარისგან არასწორი იქნება, თუ მეგობრების თხოვნაზე რეაგირება არ ექნებათ.
მიუხედავად ასეთი განმარტებისა, „აგარაკის“ რუსეთისთვის გადაცემის საკითხზე აფხაზურ საზოგადოებაში მღელვარება არ შემწყდარა. ეს კანონპროექტი აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში რატიფიცირებისთვის არის შეტანილი, თუმცა 2022 წელს დე ფაქტო პარლამენტს საკითხისთვის კენჭი არ უყრია. ამ წელს ეს საკითხი ჯერ ისევ არ დაძრულა, რადგანაც ხელისუფლებას საზოგადოების უარყოფითი გამოხმაურება აშინებს.
ბიჭვინთის სააგარაკო კომპლექსის რუსეთისთვის გადაცემას ეწინააღმდეგება არა მხოლოდ აფხაზური საზოგადოება, არამედ ოპოზიციაც, რომელიც ამ საკითხზე რუსეთთან კომპრომისული შეთანხმების იდეით გამოდის. ბიჭვინთის თემასთან დაკავშირებით განსაკუთრებით აფხაზი ახალგაზრდობა და სამოქალაქო საზოგადოება აქტიურობს, რომელთაც „აგარაკის“ გადაცემის საწინააღმდეგოდ სოციალური კამპანია წამოიწყეს და არაერთი მსვლელობა გამართეს. გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამომსვლელთა მთავარი პრინციპია, რომ „აფხაზეთის მიწა და სახელმწიფო ქონება არ სხვისდება“.
სწორედ ასეთი შინაარსის ლოზუნგებით გამოდიან მსვლელობებზე აფხაზეთის მაცხოვრებლები, რომელთაც რუსეთთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, თუმცა „არა აფხაზეთის ტერიტორიების და სუვერენიტეტის ხარჯზე“. „აგარაკის“ გასხვისების წინააღმდეგ აფხაზმა ახალგაზრდებმა სოციალურ ქსელებშიც წამოიწყეს კამპანია ჰეშთეგით #ҳараҳпицунда. სოციალური კამპანიის ფარგლებში ვრცელდება გზავნილები, რომ აფხაზეთმა თავისი ტერიტორია არავის და არაფრის სანაცვლოდ არ უნდა გადასცეს.
ამ თემას აქვს რამდენიმე მიმართულება, მათ შორის, საგარეო ურთიერთობები რუსეთთან, სადაც უკმაყოფილებას გამოთქვამენ საკითხის ასე გაჭიანურების გამო და აფხაზეთის მხრიდან საბოლოოდ რატიფიცირებაზე უარის თქმა არამეგობრულ ჟესტად მიიჩნევა. მეორე მხრივ კი, დგას ოპოზიცია, რომელიც რუსეთთან მეგობრობის მნიშვნელობას არ აკნინებს, თუმცა ამ საკითხში საზოგადოების უმრავლესობის მოსაზრების გამეორებით პოლიტიკური ქულების დაწერასაც ცდილობს.
აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის სახელმწიფო-სამართლებრივმა კომიტეტმა თებერვლის დასაწყისში ეს თემა განიხილა, თუმცა საბოლოო კენჭისყრა ჯერ კიდევ არ ჩანიშნულა. არ არის გამორიცხული, საბოლოო ვერდიქტის გამოტანამ, ერთი მხრივ, ან აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისა და რუსეთის ურთიერთობები გააფუჭოს, ან საკითხის მოსკოვისთვის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, სერიოზული საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვიოს.
ორი თემის პოლიტიკური მნიშვნელობა
ასლან ბჟანიას ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება სწორედ ენერგეტიკულ სფეროში არსებული გამოწვევების მოგვარება იყო, თუმცა მისი დე ფაქტო პრეზიდენტობის პერიოდში მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდა. ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, თავად ასლან ბჟანია, ხშირად აღნიშნავენ, რომ ენერგეტიკაში არსებული მძიმე კრიზისის მოგვარებას სერიოზული ფინანსური სახსრები სჭირდება, რისი საშუალებაც სოხუმს არ გააჩნია. ამით ისინი ხაზს უსვამენ ენერგეტიკაში კერძო ინვესტიციების დაშვების აუცილებლობას, რაც, ცხადია, პირველ რიგში, რუსი ბიზნესმენების შემოშვებას გულისხმობს. ე.წ. „სახელმწიფო სექტორის“ პრივატიზაცია, განსაკუთრებით კი, ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის, როგორიც ენერგეტიკაა, აფხაზეთში არის კანონსაწინააღმდეგო და ასევე საზოგადოებისთვის მიუღებელი ნაბიჯი. საზოგადოება ბჟანიას გუნდისგან ითხოვს, რომ ენერგეტიკული საკითხი სექტორის გასხვისების გარეშე მოგვარდეს, რაც ამ ეტაპზე გადაუჭრელ ამოცანად ისახება.
შესაბამისად, ენერგეტიკის სფერო აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებისთვის ერთგვარი ჩიხური ვითარებაა, სადაც ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა მის პოპულარობას კიდევ უფრო მეტად დააზიანებს. თუ დე ფაქტო ხელისუფლება ენერგეტიკაში არსებულ მძიმე მდგომარეობას არ მოაგვარებს, ეს კიდევ უფრო მეტად გაზრდის სოციალურ უკმაყოფილებას, რაც ისედაც უკვე დღითიდღე იზრდება. მეორე მხრივ, ენერგეტიკული სექტორის პრივატიზაციამ, როგორც ხელისუფლების ვერსიით ერთადერთმა გზამ პრობლემის გადაჭრისა, შეიძლება დიდი სოციალური ძვრები გამოიწვიოს, რადგანაც აფხაზეთში „სახელმწიფო ქონების“ პრივატიზაციას მკვეთრი საზოგადოებრივი სენტიმენტები უკავშირდება. ეს საკითხი ასევე საკანონმდებლო ცვლილებებს საჭიროებს, რაც უმტკივნეულოდ არ ჩაივლის და უშუალოდ ე.წ. პარლამენტშიც ეყოლება ოპოზიციის მხრიდან მოწინააღმდეგეები.
ჩიხურ ვითარებად შეიძლება შეფასდეს ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის საკითხიც, რომელიც ასევე „აფხაზეთის ქონების არ გასხვისების“ პრინციპს ეწინააღმდეგება. ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ძალიან დიდი უკმაყოფილებაა, რაც საპროტესტო აქციებსა და სოციალურ კამპანიებში გამოიხატა, ფიზიკურად თუ ონლაინსივრცეში. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე სანდო სოციოლოგიური კვლევები არ არსებობს, სოციალურ მედიაზე, საპროტესტო გამოსვლებსა და სხვადასხვა გამოცემების შეფასებებზე დაკვირვებით აშკარაა, რომ აფხაზური საზოგადოების უდიდესი ნაწილი ბიჭვინთის აგარაკების გასხვისების წინააღმდეგია, რაც დე ფაქტო ხელისუფლებისთვის დიდი პრობლემაა. მიწის გასხვისების თემა აფხაზური საზოგადოებისთვის „წმინდა საკითხია“, რომლის დათმობასაც ის მარტივად არ აპირებს.
ასლან ბჟანიამ პირადად მისცა ვლადიმერ პუტინს პირობა, რომ ეს საკითხი რუსეთის სასარგებლოდ გადაწყდებოდა, რაც ერთ-ერთი გამოსვლისას თავადაც აღიარა. თუ ენერგეტიკის შემთხვევაში საქმე სოციალურ და ეკონომიკურ განზომილებას შეეხება, ბიჭვინთის აგარაკების თემა აფხაზეთის საგარეო კურსსა და ე.წ. „სახელმწიფოებრიობას“ აყენებს საფრთხის ქვეშ, რადგანაც ბიჭვინთის აგარაკების გადაცემაზე უარის თქმა დე ფაქტო ხელისუფლებას მის ერთადერთ პროტექტორ რუსეთთან და უშუალოდ ვლადიმერ პუტინთან გაუფუჭებს ურთიერთობას. შესაბამისად, ამ ვითარებიდანაც დე ფაქტო ხელისუფლებისთვის სასიკეთო გამოსავალი არ არსებობს და გარკვეულ ზიანს ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში მიიღებს.
მთლიანობაში, ამ ორმა საკითხმა, რომელსაც სხვა მრავალი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევაც ერთვის, საზოგადოების დამოკიდებულება ასლან ბჟანიას ადმინისტრაციისადმი უკიდურეს ნიშნულამდე შეიძლება მიიყვანოს. ამ ეტაპზე ბჟანიას გუნდისთვის ოპტიმალური გამოსავალი არცერთ საკითხში არ მოიძებნება, ამიტომაც დე ფაქტო ხელისუფლება აქტიურად მუშაობს საზოგადოების დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვან საკითხებზე იქონიოს გავლენა და მისი მნიშვნელოვანი სეგმენტი დაარწმუნოს, რომ პრივატიზაცია თუ რუსეთისთვის აგარაკების გადაცემა აფხაზეთის ინტერესებში შედის.
რა შეიძლება გამოიწვიოს ზემონახსენებმა ორმა კრიზისმა?
ოკუპირებულ აფხაზეთში მძიმე სოციალური ფონია. ენერგოკრიზისის გამო აფხაზურმა საზოგადოებამ საკმაოდ რთული ზამთარი გამოიარა, მაგრამ ამ საკითხს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ზაფხულში, ტურისტულ სეზონზე ექნება, რაც რეგიონის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის შემოსავლის მთავარი წყაროა. დენის მიწოდებაში არსებული პრობლემები ტურისტულ სეზონზე პირდაპირ აისახება, რაც საზოგადოების მხრიდან ადგილობრივი რეჟიმის მიმართ უკმაყოფილებას კიდევ უფრო გაზრდის.
დე ფაქტო ხელისუფლებით უკმაყოფილების ზრდის ალბათობა ძალიან მაღალია და გარდაუვალი, რადგანაც ენერგოკრიზისიდან გამოსვლების გზები ამ მომენტისთვის ოკუპირებულ რეგიონში უბრალოდ არ არსებობს. ამაზე საუბრობენ თავად აფხაზი ექსპერტებიც. აფხაზეთს თვითონ ამის მოგვარების რესურსები არ გააჩნია, დასახმარებლად მიმართვა კი არც თბილისისთვის და არც მოსკოვისთვის არ სურს.
როდის მიაღწევს პიკს საზოგადოების უკმაყოფილება, რთული სათქმელია, თუმცა თუ ყველაფერი ისევე განვითარდა, როგორც ახლა მიმდინარეობს, მნიშვნელოვანი საპროტესტო ტალღა ოკუპირებულ რეგიონში გარდაუვალი იქნბა. ეს გააჩენს პოლიტიკურ კრიზისს აფხაზეთში, რასაც სხვა არაპოპულარული გადაწყვეტილებებიც შეუწყობს ხელს, როგორებიცაა, მაგალითად, „კანონი ბინების შესახებ“, რაც უცხოელებს ნებას აძლევს ააშენონ და შეიძინონ უძრავი ქონება ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
ბიჭვინთის აგარაკების თემა მძიმე სოციალურ ფონს დამატებით პოლიტიკურ ფაქტორად ერთვის. როგორც ენერგეტიკის, ისე ბიჭვინთის საკითხი საბოლოოდ აფხაზეთზე რუსეთის გავლენების და კონტროლის მექანიზმების გაზრდას უკავშირდება, რის მიმართაც აფხაზურ საზოგადოებას უარყოფითი სენტიმენტები აქვს. განცდა, რომ მოსკოვი უფრო და უფრო დიდი წნეხის ქვეშ აქცევს რეგიონს, აფხაზურ საზოგადოებაში მძიმედ აღიქმება, ბიჭვინთის აგარაკების გადაცემა კი ამ განვითარების ერთ-ერთი კულმინაციაა. აფხაზურმა საზოგადოებამ აქამდე მოახერხა, რომ ოფიციალურად მიწის და ე.წ. „სახელმწიფო ქონების“ რუსი მოქალაქეებისთვის მიყიდვისგან თავი დაეზღვია, მაგრამ უფრო და უფრო ნაკლები რესურსები რჩება ამ სტატუს-კვოს შესანარჩუნებლად. შესაბამისად, ეს ორი ძირითადი საკითხი, სხვა სოციალურ-პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ საკითხებთან ერთად, მოჭიმული ზამბარასავითაა აფხაზურ საზოგადოებაში, რომლის გაშლაც მხოლოდ დროის საკითხია.
დასკვნის სახით: რას ნიშნავს ეს თბილისისთვის?
ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს თბილისის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. პირველ რიგში, ქართული მხარისთვის საინტერესოა რუსეთის კიდევ უფრო მზარდი გავლენა რეგიონზე, რასაც ადგილობრივი რეჟიმი, მიუხედავად სამოქალაქო საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულებისა, ვერ ან არ უმკლავდება. რუსული ბიზნესის შესვლა აფხაზეთში, მიწების გასხვისება რუსეთის მოქალაქეებზე და ასევე, სხვადასხვა საკვანძო სტრატეგიული მნიშვნელობის ეკონომიკური სექტორის მოსკოვის მიერ კონტროლირებული რუსი ბიზნესმენების ხელში გადასვლა, ეს ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯებია, რაც საქართველოსთვის სახელმწიფო უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული პირდაპირი საფრთხეა.
ამ თვალსაზრისით თბილისისთვის აფხაზური სამოქალაქო საზოგადოების ნებისმიერი სახის გაბრძოლება რუსული გავლენის და კონტროლის ზრდის წინააღმდეგ დადებით მოვლენად უნდა შეფასდეს, ისევე, როგორც მზარდი ანტირუსული სენტიმენტების მომძლავრება ოკუპირებულ აფხაზეთში. თუმცა, აქვე გასათვალისწინებელია, რომ ანტირუსული სენტიმენტები რეგიონში არ ნიშნავს დადებით განწყობას ქართული მხარის მიმართ.
ამ მიმართულებით ქართულ მხარეს მეტი მუშაობა სჭირდება, რადგან სამოქალაქო საზოგადოების გაუცხოება რუსეთის მიმართ ერთგვარ სივრცეს აჩენს, სადაც თბილისს თავისი პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია. ამისთვის, პირველ რიგში, აფხაზურ საზოგადოებაში თბილისისადმი შერყეული ნდობის აღდგენაა საჭირო, რასაც როგორც ხელისუფლების სხვადასხვა შტოს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კვლევითი ცენტრებისა და თუნდაც, სამეცნიერო წრეების აქტიური მუშაობა სჭირდება.
მძიმე სოციალური ვითარების ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ასევე აფხაზური მხარის მეტად ინტეგრაცია საქართველოს ეკონომიკურ სივრცეში. ქართულმა მხარემ მაქსიმალურად უნდა გაამარტივოს და მიმზიდველი გახადოს საქართველოს ბაზარი აფხაზი მუშახელისა და მეწარმეებისთვის, როგორც ადგილზე დასაქმების, ისე ნაწარმის გასაღების თვალსაზრისით. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია რეგიონის საერთაშორისო იზოლაცია, რისი გამოყენებაც თბილისს თავის სასიკეთოდ შეუძლია. უნდა მოიძებნოს გზები, აფხაზებმა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში არა რუსეთის გავლით, არამედ საქართველოს გავლით იმოგზაურონ (მაგალითად, თურქეთსა და სომხეთში, სადაც აფხაზები ძირითადად დადიან), რაც მათ ქართულ საზოგადოებასთან დაახლოებასაც შეუწყობს ხელს. ამ ნაბიჯების ერთობლიობა, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით, ერთადერთი გზაა, რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს აფხაზეთში დამატებითი რუსული გავლენების გავრცელებას.