ქართულ-აფხაზური დიალოგი
საქართველოს ხელისუფლების საგარეო თუ საშინოა პოლიტიკის მიმართ არაერთი კრიტიკა ისმის. ერთ-ერთი მთავარი ბრალდება კი კონფლიქტების თემისადმი უყურადღებობა და უმოქმედობაა. კონფლიქტების მკვლევარ ვანო აბრამაშვილთან ინტერვიუში შევეცადეთ შეგვეფასებინა ის რეალობა, რომელშიც სამშვიდობო პოლიტიკა დღეს იმყოფება; გაგვეგო ამ რეალობის გამომწვევი მიზეზები და რაც მთავარია, განგვეხილა მომავლის პერსპექტივები.

კითხვა: როგორ შეაფასებდით ამჟამად არსებულ სამშვიდობო პოლიტიკას? სად ვიმყოფებით ახლა, რა პროცესები მიმდინარეობს, როგორც ქართულ ისე აფხაზურ მხარეს?
ვანო აბრამაშვილი: ამჟამად უპარადიგმო მშვიდობაში ვიმყოფებით. ქართულმა ოცნებამ „სამშვიდობო პოლიტიკა“ სულ სხვა გაგებით გამოიყენა. ქართულ-აფხაზური ურთიერთობის საკითხები სრულად არის გარიყული. შედეგად პროცესი არის სრულად დინებაზე მიშვებული. ამ პოლიტიკის მიმართ ტოტალური უნდობლობაც არსებობს.
ერთის მხრივ ყველა იაზრებს, რომ უკრაინის ომის დასასრულს დიდი გავლენა ექნება იმაზე, თუ რა ვითარება იქნება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. მას დიდი გავლენა ექნება ჩვენს პოლიტიკაზეც. ჩვენ არანაირი გარანტია არ გვაქ იმისა, რომ ეს ომი სასიკეთოდ დასრულდება. ამიტომ ქართული მხარე უნდობლობის სპირალშია შესული.
შიდა პოლიტიკურ დისკურსში წამყვანი ნარატივია, რომ ჩვენ ციხე-სიმაგრესავით უნდა გავმაგრდეთ, ჩვენ არ გვყავს მეგობრები, ყველას თავისი ინტერესი აქვს. ეს მიდგომა შეეხო კონფლიქტების თემასაც.
აფხაზეთთან დაკავშირებული ყველა პოლიტიკა და გამოძრავება აღიქმება პოტენციური დესტაბილიზაციის წყაროდ. განწყობაა, რომ გამოსავალი ამ პრობლემების გადასაჭრელად არ არსებობს. განცდაა, რომ შიდა რესურსიც არ არსებობს ამ ნაბიჯების გადასადგმელად.
სასოწარკვეთის და უიმედობის მდგომარეობაა.
ჩვენი საზოგადოებისთვის ეს უცხო მდგომარეობაცაა, რადგან დღეს თითქოს ალტერნატიული ხედვები და იდეებიც კი არ არის. აქამდე არსებობდა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის იდეა და ამ ფონზე სამშვიდობო პოლიტიკის წარმოების ხედვა. თუმცა დღეს ეს დასავლური პოლიტიკა შეჩერებულია. ჩვენ ისიც არ ვიცით თუ რა დრო და რა მასშტაბის შრომა დაგვჭირდება, რომ ეს დაზიანებული ურთიერთობები აღდგეს.
ყველაფერ ამას ემატება შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარება რეგიონში, გლობალურად.
ამიტომაც მე ამჟამინდელ მდგომარეობას დავარქმევდი უპარადიგმო მშვიდობას.
კითხვა: ეს უპარადიგმო მდგომარეობა ხელოვნურად არის შექმნილი თუ ის უბრალოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩამოყალიბებული რეალობის გამომხატველია?
ვანო აბრამაშვილი: მე ვფიქრობ, რომ ასეთი არჩევანია გაკეთებული და თავისით არ შექმნილა ეს რეალობა.
ნებისმიერი სახელმწიფო, როგორი დარტყმაც არ უნდა მიიღოს მან, თავად წყვეტს რა პოზიციაში ჩაიყენებს თავს. მაშინ ომი თბილისისთვის არასასურველი შედეგით დასრულდა. სამხედრო ძალით რეგიონების დაბრუნების იდეა არაპოპულარული გახდა და კონფლიქტის საკითხები სრულად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ჭრილში გადავიდა.
ქართულმა ოცნებამ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამშვიდობო პოლიტიკა გადმოიბარა, და თავისებურად ეს პოლიტიკა საკუთარ კომფორტს მოარგო. აი ამ არაფერზე დაფუძნებული კომფორტით მოვედით დღევანდელ მდგომარეობამდე.
კითხვა: ამ თანამედროვე რეალობის აღწერისას ძირითადი ყურადღება და პასუხისმგებლობა ქართულ მხარეზე გადადის. მაგრამ თუკი კონფლიქტს მეორე მხარეც ყავს – უნდა შევაფასოთ აფხაზური მხარე და მისი ნაბიჯებიც. მათი მიდგომა და პარადიგმა როგორია? რას აკეთებენ ან არ აკეთებენ ისინი ისეთს, რაც ამ უპერსპექტივობის შექმნას ემსახურება?
ვანო აბრამაშვილი: ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის მთავარი განსხვავება თანმიმდევრულობაშია. აფხაზებმა იციან რა უნდათ. გამოსდით, არ გამოსდით? – ამას არ აქვს მნიშვნელობა. მათი თანმიმდევრული ნაბიჯები ლოგიკას ექვემდებარება.
ქართულ მხარეს ასე არ არის. აქ პოლიტიკები იცვლებოდა, პიროვნებები იცვლებოდნენ.
ბოლო ოცდაათი წლის მანძილზე ნათლად დავინახეთ თუ ვინ არის თანმიმდევრული. ჩვენ ეს საკითხიც სწორად უნდა გავიგოთ. შენ შეიძლება შენს ილუზიებშიც იყო თანმიმდევრული. აფხაზებს არ აქვთ რესურსები და საშუალებები, რომ თავიანთ მიზნებს მიაღწიონ. დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა არის შეუძლებელი. ისინი ამას ფაქტია რომ ცდილობენ, თუმცა ისიც ცხადია, რომ ეს არ გამოსდით.
რუსებსაც აქვთ თანმიმდევრული ხედვა და გეგმა. უნდა მოხდეს ქართველებისა და აფხაზების ერთმანეთისგან გაუცხოება და აფხაზეთის მხოლოდ ტერიტორიად გადაქცევა. ამ ტერიტორიას საბოლოოდ არ ექნება რაიმე ეთნიკური შინაარსი და დანიშნულება.
როდესაც ქართული პოლიტიკური კლასი ამის საწინააღმდეგოდ მასშტაბურად არაფერს აკეთებს და უსაფრთხოების რისკებისა და შიშების გამო არ დგამს პოტენციურ პოლიტიკურ ნაბიჯებს – ეს რუსეთს ამ გრძელვადიანი მიზნის მიღწევას უადვილებს.
კითხვა: სამშვიდობო პოლიტიკა ორმხრივი უნდა იყოს. აფხაზურ პოლიტიკურ წრეებში ან სამოქალაქო საზოგადოებაში თუ ამჩნევ რაიმე სახის ინტერესს, ცვლილებას ან რეფლექსიას იმ პოლიტიკაზე, რომელსაც თავად ატარებენ საქართველოსთან მიმართებით? ჩანს თუ არა რაიმე ნიშნები იმისა, რომ სასურველი პოლიტიკური გარემოს და სურვილის შემთხვევაში სამშვიდობო პოლიტიკა ორმხრივი გახდება?
ვანო აბრამაშვილი: მათთან სიტუაციური მოკავშირეობა ბევრ რამეზე შეიძლება. ჩვენ ვამბობთ, რომ სამშვიდობო პოლიტიკას ორი მხარე ჭირდება, თუმცა ჩემი არგუმენტია, რომ ამჟამად ერთი მხარეც კი არ არსებობს.
ორივე მხარე დღეს ჩვენ-ჩვენი ცხოვრებით ვცხოვრობთ, პარალელურ რეალობებში ვართ.
ავიღოთ თუნდაც გალის მოსახლეობა, რომელიც ჩვენი და აფხაზების ბუნებრივი გადაკვეთის წერტილია და შევაფასოთ რა განსაკუთრებულ ყურადღებას გრძნობენ ჩვენი მხრიდან.
პოზიტიურ სამშვიდობო პოლიტიკაში რეალურად არცერთი მხარე არ არის დაინტერესებული. რაც გვაქ ეს არის ნეგატიური მშვიდობა. ეს კი არის მხოლოდ ომის არარსებობა. რეალურ მშვიდობას ჭირდება იმის გარკვევა თუ სად ვართ, რა სალაპარაკო პოზიციები გვაქვს, ვინ რის დასათმობად არის მზად და ა.შ.
აფხაზური საზოგადოება ჩვენსაზე კიდევ უფრო პატარაა და მათ გაცილებით ნაკლები რესურსი აქვთ. შექმნილი პოლიტიკური კანონზომიერებიდან გამომდინარე არც მიკვირს, რომ პირველი ნაბიჯები იქიდან არ მოდის.
სამშვიდობო ნაბიჯები რომ შევაფასოთ ჯერ ეს ნაბიჯები უნდა არსებობდეს. ჩვენ ვერ შევაფასებთ იმას რაც უბრალოდ არ არსებობს. და ამ არარსებობას თავისი გასაგები მიზეზები აქვს.
კითხვა: ამჟამად არსებული უძრაობის შემოქმედები სამივე მხარეს არსებული პოლიტიკური ძალები არიან. პოლიტიკური ნების შემთხვევაში, რა თემები გგონიათ პრაქტიკული და მომავალზე ორიენტირებული, რაც ქართულ და აფხაზურ მხარეს დააინტერესებს და „აიძულებს“ ერთმანეთს დაელაპარაკონ?
ვანო აბრამაშვილი: ეს თემები უნდა უკავშირდებოდეს განვითარებას – სოციალურ-ეკონომიკურ და უფლებრივ განვითარებას, ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.
ყველაფერი სტატუსის გარდა.
მე ვფიქრობ, რომ აფხაზებთან არსებული ოკუპაციის პირობებშიც კი შეგვიძლია საუბარი. უბრალოდ ამას პოლიტიკური ნება და სწორი ფორმატები ჭირდება.
ჩვენს მხარეს ვერ ვხედავთ, რომ მართველმა პარტიამ პოლიტიკური სიმამაცე გამოიჩინოს, კარგი გაგებით რევოლუციურ ცვლილებაზე წავიდეს და რამე ნაბიჯი გადადგას.
თემები, რომლებითაც შეიძლება დიალოგის დაწყება და რომლებიც ორივე მხარის ინტერესშია შეიძლება იყოს საერთო სასიცოცხლო სივრცე. მაგალითად ენერგეტიკა, კლიმატი. ყველას უნდა პროგნოზირებად ბუნებრივ გარემოში ცხოვრება.
თუკი გაცხადებულად ვამბობთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ ერთიან სახელმწიფოში თანაცხოვრებას ვუმიზნებთ მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატია, როგორც პოლიტიკური სისტემა და პოლიტიკური კულტურა ადგილზე არსებობდეს. შესაბამისად ესეც საერთო შეხების საკითხი შეიძლება იყოს.
„ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაავლო ზღვარი ადგილზე დე-ფაქტო რეჟიმის გაძლიერებასა და ადამიანების უფლებებს დაცვას შორის და გადაწყვიტა, საჯარო პოლიტიკაში ამ თემას საერთოდ არ შეეხოს. ეს კი მცდარი მიდგომაა.
კითხვა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით რაიმე სახის ცვლილებებს თუ ელოდებით? უკრაინის ომიც გაურკვევლობას ბადებს. არ ჩანს პროცესები საბოლოოდ საითკენ მიდის.
ვანო აბრამაშვილი: ჩვენ ვხედავთ, რომ ომის წარმოება რუსეთს სულ უფრო ძვირი უჯდება. ეს ფასი არის ადამიანური, პოლიტიკური და ეკონომიკურიც. შესაბამისად რუსეთმა სავარაუდოდ დასასრულისკენ უნდა წაიყვანოს ეს კონფლიქტი, რაღაც ფორმით ის უნდა დაასრულოს.
ჩვენს რეგიონზე ბუნებრივია, რომ დიდ გავლენას მოახდენს უკრაინის ომის დასასრული – იქნება ეს დროებით კონფლიქტის გაყინვა, პაუზა თუ მისი საბოლოო დასრულება. მაგრამ თუკი პოლიტიკური ინიციატივა არ იქნა გამოჩენილი და განახლებული სამშვიდობო პოლიტიკის ხედვა ან ფორმატები შეთავაზებული, შეიძლება დობის აღდგენის პროცესის გასაძლიერებლად ეს ახალი გეოპოლიტიკური რეალობა კვლავ ვერ გამოვიყენოთ.
მშვიდობის პოლიტიკაში მნიშვნელოვანია ადამიანური განზომილება, როგორ გადმოითარგმნება ეს პოლიტიკა ადამიანების ცხოვრებაზე. ვსაუბრობთ ცოცხალ ადამიანებზე, მომავალზე. თუკი ჩვენი პოლიტიკა არ აისახა იქ მცხოვრები ხალხის ცხოვრებაზე, უპირველესყოვლისა კი გალის მოსახლეობაზე – მაშინ ეს არც ყოფილა ნამდვილი და გულწრფელი სამშვიდობო პოლიტიკა. ის უფრო პოლიტიკური გზავნილების მანიშნებელია.
თუკი საუბრობ სიღარიბის შემცირებაზე – ამას კონკრეტული ნაბიჯები და ინსტრუმენტები ჭირდება. მშვიდობაც კონკრეტული მექანიზმებით მიიღწევა და შეიგრძნობა ადამიანურ დონეზე: დაცულობით, სოციალური ყურადღებით და კულტურით. როცა ეს ადგილზე არ არის, ადამიანს მშვიდობის შეგრძნება მხოლოდ ტელევიზორიდან საუბრით ვერ გაუჩნდება.