სადავო საზღვარი ენგურის გასწვრივ
ორიგინალური სტატია გამოქვეყნდა პლატფორმაზე Visualising Conflict/Peace
ავტორი – გაელ ლე პავიჩი, გენტის საერთაშორისო და ევროპული კვლევების ინსტიტუტის პოსტდოქტორანტი მკვლევარი და ლექტორი; გაეროს უნივერსიტეტის (UNU-CRIS) ასოცირებული მკვლევარი.
ეს ნაშრომი არის პროექტის — „აღმოსავლეთ ევროპაში კონფლიქტებისა და თანამშრომლობის არასრული ატლასი“ — ნაწილი, რომელიც მომზადებულია ლაიბნიცის რეგიონული გეოგრაფიის ინსტიტუტის (IfL) VisLab-ის მიერ. სარედაქციო გუნდი: იაროსლავ ბორეცკი, გეორგ გარტნერი, სოფია გავრილოვა, სებასტიან ლენცი, ერიკ ლოსანგი, იანა მოზერი, მელა ჟულევიჩი.
სტატიის შესახებ: „სადავო საზღვრის ორივე მხარეს“ წარმოადგენს გაელ ლე პავიჩის სადოქტორო კვლევისა და საველე სამუშაოებიდან ამორჩეულ ფრაგმენტებს, რომლებიც ასახავენ სადავო სასაზღვრო ხაზებს დნესტრისპირეთსა და მოლდოვას, ასევე აფხაზეთსა და საქართველოს შორის. ამ შემთხვევის ვიზუალიზაციისას, ავტორები ცდილობდნენ დე ფაქტო სახელმწიფოებისა და მათი სადავო საზღვრების რეპრეზენტაციას ბუნდოვანი, ცვალებადი და გადამკვეთი სიმბოლოების გამოყენებით. მრავალშრიანი ინტერაქციული თხრობის (scrollytelling) მეშვეობით, მკითხველი მიყვება გაელის მოგზაურობას ველზე და თავად ხედავს კვლევის პროცესში როგორ ხდება სასაზღვრო ხაზები შესამჩნევი.
კონტექსტი
1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლას შედეგად თხუთმეტი დამოუკიდებელი რესპუბლიკის ჩამოყალიბება და ახალი სუვერენული საზღვრების გაჩენა მოჰყვა — ზოგი მათგანი აღიარებული იქნა, ზოგი კი სადავო გახდა, რამაც რამდენიმე შემთხვევაში კონფლიქტი და ომი გამოიწვია. სწორედ ეს ფართო პროცესი უდევს საფუძვლად 1990-იანი წლების დასაწყისში მოლდოვასგან დნესტრისპირეთის, ხოლო საქართველოსგან აფხაზეთის გამოყოფას.
თვით დასახელება „დნესტრისპირეთიც“ კი სადავოა. მოლდოვა ამ ტერიტორიას თავისი სუვერენული სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და მას „დნესტრისპირეთის რეგიონად“ მოიხსენიებს, ხოლო რეგიონის ხელისუფლება მას „დნესტრისპირეთის მოლდავურ რესპუბლიკას“ (PMR) უწოდებს.
2024 წლის სექტემბერში დნესტრისპირეთის ხელისუფლებამ ტერმინი „დნესტრისპირეთი“ (Transnistria) ოფიციალურად აკრძალა, გაუთანაბრა რა იგი „ფაშიზმსა“ და „ნაციზმს“. ამის ნაცვლად რუსულენოვანი დასახელების — „პრიდნესტროვიეს“ (Pridnestrovie) — პოპულარიზაციას შეუდგა.
საუკუნეების განმავლობაში მმართველობის ცვლილების შემდეგ, ტერიტორია, რომელსაც დღეს დნესტრისპირეთს უწოდებენ, საბჭოთა კავშირის ნაწილი გახდა და 1940 წელს მოლდავეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შეუერთდა. თუმცა, დღევანდელი მოლდოვას უდიდესი ნაწილისგან განსხვავებით, ის ომთაშორის პერიოდში რუმინეთის შემადგენლობაში არ შედიოდა.
საბჭოთა კავშირის დაშლის დაწყებისთანავე, მოლდოვა-რუმინეთის გაერთიანების შიშმა, დავებმა ენობრივი პოლიტიკის შესახებ და უთანხმოებამ რუსეთთან გეოპოლიტიკური ალიანსის თაობაზე, დნესტრისპირეთის ელიტებს 1990 წელს გამოყოფის გამოცხადებისკენ უბიძგეს.
1992 წელს შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა. ამ შეთანხმებამ რუსულ ჯარებს რეგიონში „სამშვიდობოების“ სტატუსით დარჩენის უფლება მისცა, რაც ფართო კრიტიკის საგანი გახდა. მიუხედავად სამხედრო ძალების ადგილზე ყოფნისა, რუსეთს დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობა ოფიციალურად არ უღიარებია. არც მის ანექსიაზე დათანხმებულა, მიუხედავად 2006 წლის რეფერენდუმისა, რომელშიც ამომრჩეველთა უმრავლესობამ, გავრცელებული ინფორმაციით, მხარი რუსეთთან მჭიდრო ინტეგრაციას დაუჭირა.
დღეს რეგიონში დნესტრისპირეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება კრიმინალიზებულია, ამიტომაც რეფერენდუმზე რუსეთთან ინტეგრაციის მხარდაჭერა კრიტიკულად უნდა შეფასდეს.
2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, გაჩნდა შეშფოთება, რომ დნესტრისპირეთი შესაძლოა მოსკოვის მხარდასაჭერად მეორე ფრონტის პლაცდარმად ყოფილიყო გამოყენებული. მსგავსი ესკალაცია არ მომხდარა.
ერთგვარი მოულოდნელობა იყო, როდესაც დნესტრისპირეთის ხელისუფლებამ ომსგამოქცეული უკრაინელებისთვის დროებითი თავშესაფრებიც გახსნა. საერთაშორისო ორგანიზაციებს ადგილობრივებთან ერთად მუშაობის უფლება მიეცათ, რათა იძულებით გადაადგილებული უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარება და შეზღუდული სოციალური მომსახურება გაეწიათ.
მიუხედავად იმისა, რომ დნესტრისპირეთ-მოლდოვას ურთიერთობებს გარკვეული მსგავსებები აქვთ აფხაზეთ-საქართველოს შემთხვევასთან, არსებობს ასევე მნიშნელოვანი განსხვავებები. აფხაზეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები იმპერიულმა კონკურენციამ და მე-18-19 საუკუნეებში კავკასიაში რუსეთის ექსპანსიის დროს ავტონომიის ხარისხის ცვალებადობამ ჩამოაყალიბა.
საბჭოთა მმართველობის პერიოდში აფხაზეთმა გამოიარა ინსტიტუციური სტატუსის ცვლილებები და პოლიტიკური რეპრესიების პერიოდები, რამაც ურთიერთგამომრიცხავი ისტორიული ნარატივებისა და უკმაყოფილებების ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო.
საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, განსხვავებულმა ნაციონალურმა პროექტებმა, დემოგრაფიულმა დაძაბულობამ და სსრკ-ის დაშლის შემდეგ ქართული დომინაციის შიშმა კულმინაციას 1992–1993 წლების ქართულ და აფხაზურ ძალებს შორის ომში მიაღწია. კონფლიქტს შედეგად ეთნიკური ქართველების მასობრივი დევნა და 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ საქართველოდან აფხაზეთის ფაქტობრივი გამოყოფა მოჰყვა.
ომის ინტერპრეტაციები კვლავაც ღრმად სადავოა. აფხაზი მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ მებრძოლთა უმრავლესობა ადგილობრივი იყო და სამხედრო შედეგს ლეგიტიმური თვითგამორკვევის გამოხატულებად წარმოაჩენენ. ქართველი მკვლევრები კი, პირიქით, ხაზს უსვამენ ჩრდილოეთ კავკასიელი მებრძოლების გადამწყვეტ მონაწილეობას და ამტკიცებენ, რომ მათი მხარდაჭერის გარეშე საქართველო ტერიტორიაზე კონტროლს შეინარჩუნებდა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა და რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის შემდგომმა აღიარებამ კიდევ უფრო გააღრმავა დავა. ამ გადაწყვეტილებამ მართალია განამტკიცა საქართველოს პოზიცია, რომ აფხაზეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიაა, მაგრამ ამავე დროს კონფლიქტის მოგვარების მცდელობები ჩიხში შეიყვანა.
მიმოსვლის შესაძლებლობა
აფხაზეთსა და დნესტრისპირეთში მიმოსვლის ფორმები დროთა განმავლობაში იცვლებოდა და ამჟამადაც ცვალებადია. მოლდოვასგან დნესტრისპირეთის გამოყოფის შემდეგ, რეგიონში შესვლა, როგორც რამდენიმე რესპონდენტმა აღნიშნა, „აეროპორტის უსაფრთხოების შემოწმების გავლას ჰგავდა“. ბოლო ათწლეულში შესვლის წესები გამარტივდა.
მე იქ ორჯერ შევძელი შესვლა — 2014 და 2021 წლებში. პირველი ვიზიტისას მომიწია საბუთების შევსება და დნესტრისპირეთში რეგისტრაციის გავლა; მეორედ პროცედურა უფრო მარტივი აღმოჩნდა. ორივე შემთხვევაში გადმომცეს ფურცელი, რომელიც „საიმიგრაციო ბარათის“ ფუნქციას ასრულებდა, რადგან დნესტრისპირეთის საბაჟო ოფიცრებს არ აქვთ უფლება პასპორტებში ბეჭედი ჩასვან.
2021 წელს ვიზიტისას, დაკვირვებებს ვაწარმოებდი ბენდერში, რიბნიცასა და ტირასპოლში და ვესტუმრე რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას (CSO), რომლებიც ამ ადგილებში სოციალურ მომსახურებას ეწევიან. ვაკვირდებოდი მათ მუშაობას და ვესაუბრე თანამშრომლებს.
ამ ვიზიტს უნდა მოჰყოლოდა უფრო ხანგრძლივი ყოფნა 2022 წლის მარტიდან მაისამდე, თუმცა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ ეს შეუძლებელი გახადა. ამის ნაცვლად, მე მოხალისედ ვმუშაობდი მოლდოვურ ადგილობრივ ორგანიზაციაში, რომელიც მოლდოვაში გაქცეულ უკრაინელებს საკვებით, ტანსაცმლით, მედიკამენტებითა და ჰიგიენური საშუალებებით ეხმარებოდა. ამ მტკივნეულ და ამაღელვებელ პერიოდზე ჩემი დაკვირვებები გავუზიარე მკითხველს გაეროს უნივერსიტეტის (CRIS) ბლოგ-პოსტში.
დნესტრისპირეთისგან განსხვავებით აფხაზეთში შესვლის პროცედურა COVID-19-ის პანდემიამდე უფრო მარტივი იყო, თუმცა პანდემიის შემდეგ მიმოსვლა მკაცრად შეიზღუდა. ამან ბევრ ადგილობრივს ნათესავების მონახულების შესაძლებლობა წაართვა, ხოლო (დასავლელი) მკვლევრებისთვის ადგილზე მუშაობა შეუძლებელი გახადა. შესაბამისად, მე ვერ შევძელი აფხაზეთში შესვლა.
სანაცვლოდ, მე სამეგრელოს მხრიდან აღვწერე თუ როგორ აყალიბებს გამყოფი ხაზი სოციალურ დინამიკას. სამეგრელო საქართველოს კონტროლირებადი რეგიონია. ამ „მიმოსვლის შესაძლებლობის არქონის“ შედეგებზე ჩემი მოსაზრებები გამოვაქვეყნე ტარტუს უნივერსიტეტის დე ფაქტო კვლევითი ჯგუფის ბლოგ-პოსტში.
2021, 2022 და 2025 წლებში სამი ვიზიტის განმავლობაში, ვაწარმოებდი დაკვირვებას სამეგრელოს სამოქალაქო ორგანიზაციებში, ვატარებდი ფოკუს-ჯგუფებს სოციალური მომსახურების მომხმარებლებთან ამ ორგანიზაციების შიგნით და გარეთ, ასევე დაინტერესებულ მხარეთა ფართო წრესთან ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუები და არაფორმალური საუბრები მქონდა. მათ შორის იყვნენ კონფლიქტის გამყოფ ხაზზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების წარმომადგენლები. ზოგიერთი მათგანი საერთაშორისო პერსონალი იყო, სხვები — საქართველოს ან მოლდოვის მოქალაქეები, ხოლო ერთი — აფხაზი, რომელიც აფხაზეთში მოქმედ გაეროს შვიდი სააგენტოდან ერთ-ერთში მუშაობდა.
ამ შეხვედრებმა და დაკვირვებებმა მოგვცა მდიდარი ემპირიული მასალა, რასაც თან ახლდა მუდმივი რეფლექსია ცოდნის წარმოების პროცესზე. ვაცნობიერებ, რომ სანამ მე ვაქვეყნებ ნაშრომებს (არასამეცნიერო) პლატფორმებზე და გამოვდივარ საერთაშორისო კონფერენციებზე, იმ რეგიონებში მცხოვრები მრავალი ადამიანი, რომლებსაც მე ვსწავლობ, გარიყულია მსგავსი სივრცეებიდან შეზღუდული (ფინანსური) რესურსების, ინგლისური ენის არასაკმარისი ცოდნისა და სხვა სტრუქტურული ბარიერების გამო. ამ დისბალანსის დაძლევის მცდელობის ფარგლებში, ამჟამად აფხაზ მკვლევართან ერთად ვმუშაობ აკადემიურ სტატიაზე, რომელიც ინგლისურენოვან რეცენზირებად ჟურნალში გამოსაქვეყნებლად მზადდება.
დნესტრისპირეთი

„საიმიგრაციო ბარათი“, რომელიც 2021 წლის 6 ოქტომბერს დნესტრისპირეთში შესვლისას გადმომცეს. ბარათი გაცემულია 2021 წლის 16 ოქტომბრამდე „კერძო“ ვიზიტისთვის. ვინაიდან იმ მომენტში ჯერ კიდევ არ ვიცოდი ზუსტად სად დავრჩებოდი, დნესტრისპირეთის საბაჟოს წარმომადგენელმა ქალაქე ბენდერში შემთხვევითი მისამართი ჩაწერა – პანინის ქუაჩა №1.

დნესტრისპირული რუბლი გამოშვებულია ტირასპოლში მდებარე „დნესტრისპირეთის ცენტრალური ბანკის“ მიერ. ამ ვალუტის გამოყენება მხოლოდ დნესტრისპირეთშია შესაძლებელი. ამ რუბლების მისაღებად მე მოლდოვური ლეი გადავცვალე.
ბანკნოტზე გამოსახულია ალექსანდრე ვასილის ძე სუვოროვი (1729–1800), რუსეთის იმპერიის სამხედრო მეთაური, რომელიც რუსეთის სამხრეთ-დასავლეთ საზღვრის გამაგრებაში მონაწილეობდა. ტრადიციულად, სწორედ მას მიეწერება ტირასპოლის, როგორც ციხე-ქალაქის, დაარსება მდინარე დნესტრზე.

საინტერესოა, რომ დნესტრისპირეთის 50-რუბლიან ბანკნოტზე გამოსახულია ტარას შევჩენკო (1814–1861), გამოჩენილი უკრაინელი პოეტი. უკრაინული ენა დნესტრისპირეთში მოლდოვურთან და რუსულთან ერთად ოფიციალურად აღიარებულ სამ ენას შორისაა.

პირველი ციხესიმაგრე, რომელიც კიშინიოვიდან 30-წუთიანი მგზავრობის შემდეგ დნესტრისპირეთში შესვლისას ვნახე, იყო ბენდერის¹ ციხესიმაგრე — ერთადერთი მსხვილი ქალაქი დნესტრისპირეთის კონტროლის ქვეშ, რომელიც მდინარე დნესტრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. იგი აშენდა ოსმალეთის იმპერიის დროს, მე-15 საუკუნის ბოლოსა და მე-16 საუკუნის დასაწყისში, როგორც მნიშვნელოვანი საფორტიფიკაციო ნაგებობა დნესტრის საზღვრის დასაცავად.
მე-18 საუკუნის რუსეთ-თურქეთის ომების დროს ციხესიმაგრე რამდენჯერმე გადავიდა ხელიდან ხელში და საბოლოოდ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ციხესიმაგრე სამხედრო ობიექტად რჩებოდა 2000-იან წლებამდე, რის შემდეგაც ჩაუტარდა რესტავრაცია და გარდაიქმნა მუზეუმად და ტურისტულ ადგილად, რომელსაც მე ვესტუმრე.
რესტავრაციას ევროპულმა ფონდებმა დააფინანსეს, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია იქ არსად ჩანს.
¹ ბენდერი გამოიყენება დნესტრისპირულ და რუსულენოვან ნარატივში, ხოლო მოლდოვურ და რუმინულ ენებში უპირატესობა ენიჭება დასახელებას — ტიგინა.

ამის საპირისპიროდ, ევროპული მხარდაჭერა ბენდერში ბაზირებული დნესტრისპირული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის „ბავშვთა განვითარების ცენტრის“ მიმართ თვალსაჩინოა ევროკავშირის დროშითა და წარწერით: „პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ“.
2018 წლიდან დნესტრისპირეთში მოქმედი კანონი სამოქალაქო ორგანიზაციებს უკრძალავს უცხოური დაფინანსების მიღებას, თუ ისინი ეწევიან ნებისმიერი სახის ბუნდოვნად განსაზღვრულ პოლიტიკურ საქმიანობას. თუმცა, ორგანიზაციებს, რომლებიც სოციალურ მომსახურებას ახორციელებენ, შეუძლიათ მიიღონ უცხოური (დასავლური) დაფინანსება. მიუხედავად ამისა, მათგან ძალიან ცოტა თუ აცხადებს ამის შესახებ საჯაროდ.

ევროპა დნესტრისპირეთში იმითაც არის წარმოჩენილი. რომ მისი წევრი ქვეყნები სამუშაო ადგილებით მიმზიდველია. აქ ნახავთ მრავალრიცხოვან მცირე განცხადებებს, რომლებიც ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში დასაქმებას სთავაზობენ მოსახლეობას. მათზე ნახავთ წარწერებს, როგორიცაა “სამსახური ევროპაში”, ხოლო ზოგან დაზუსტებულია ქვეყნები – გერმანია და პოლონეთი.
ჩემმა ერთ-ერთმა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ ადრე დნესტრისპირეთში ბევრი რუსეთში მუშაობდა, თუმცა ვითარება შეიცვალა, განსაკუთრებით 2014 წლიდან, როდესაც მოლდოვის პასპორტის მფლობელებისთვის ევროკავშირთან 90-დღიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა. დნესტრისპირეთში ბევრი მცხოვრები მოლდოვის პასპორტს ფლობს.

ტირასპოლის რუკა — დნესტრისპირეთის ადმინისტრაციული, პოლიტიკური და სიმბოლური ცენტრი; ერთ-ერთ განცხადებაზე ვკითხულობთ: „სამშობლო არ იყიდება“.
2014 წელს ჩემი პირველი ვიზიტისას, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სუვერენიტეტის სიმბოლოების სიმრავლემ, როგორიცაა პოლიცია, დროშა, გერბები და რუსული ენის ფართო გამოყენებამ (როგორც ეს რუკაზეა ასახული).

როდესაც 2021 წლის ოქტომბერში ტირასპოლს ვესტუმრე, გადავიღე ეს ძეგლი — მხედარი და ციფრი 31, რაც აღნიშნავდა 1990 წელს მოლდოვასგან დნესტრისპირეთის ცალმხრივი გამოყოფიდან 31-ე წლისთავს.
დნესტრისპირეთი დღემდე არცერთ სხვა სუვერენულ სახელმწიფოს არ უღიარებია.

„დომ სოვეტოვი“ (Дом Советов, „საბჭოების სახლი“) წარსულში ადგილობრივ და რეგიონულ საბჭოებს მასპინძლობდა, დღეს კი მასში დნესტრისპირეთის დე ფაქტო სამთავრობო ინსტიტუტებია განთავსებული. ყოფილი საბჭოთა ინსტიტუტები გარდაქმნილია ახალი პოლიტიკური ფუნქციების შესასრულებლად. შენობის წინ მდგარი ლენინის ძეგლი ხაზს უსვამს დესოვეტიზაციის პროცესის წარუმატებლობას. პროცესის, რომელიც ყოფილი სსრკ-ის მრავალ წერტილში მიმდინარეობდა.

ლენინის ქანდაკებისგან განსხვავებით, უკრაინელი პოეტის, ტარას შევჩენკოს ძეგლი „ტარას შევჩენკოს სახელობის დნესტრისპირეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის (PGU)“ წინ დგას, რომელიც დნესტრისპირეთის მთავარი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. იგი განთავსებულია 1930 წელს დაარსებულ პედაგოგიურ ინსტიტუტში.
საინტერესოა, რომ ეს ქანდაკება დნესტრისპირეთში მცხოვრები უკრაინელების შეკრების ადგილად იქცა ისეთი დღესასწაულების დროს, როგორიცაა „ეროვნული დროშის დღე“. დნესტრისპირეთის მოსახლეობის დაახლოებით 25% თავს უკრაინელად მიიჩნევს. 2025 წლის მონაცემებით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, დნესტრისპირეთში დაახლოებით 9 000 იძულებით გადაადგილებული უკრაინელი იმყოფება.

ტარას შევჩენკოს ძეგლისგან მკვეთრად განსხვავებულ კონტრასტს ქმნის რიბნიცაში მდებარე ეს ბილბორდი წარწერით: „მომავლისთვის დიდ რუსეთთან ერთად“, რომელიც 2021 წლის ოქტომბერში გადავიღე. ბილბორდზე გამოსახულია რუსეთის (ზედა მარცხენა კუთხეში) და დნესტრისპირეთის (ქვედა მარჯვენა კუთხეში) გერბები. ეს სიმბოლურად გამოხატავს პრორუსულ განწყობას. ყოველ შემთხვევაში — დნესტრისპირეთის მმართველი წრეების მხრიდან.

ბილბორდი, რომელიც რიბნიცას სხვა ქუჩაზე, წინა ბილბორდიდან („მომავლისთვის დიდ რუსეთთან ერთად“) სულ რაღაც ერთ მეტრში მდებარეობს: ყვითელ ფონზე ვკითხულობთ: „გეპატიჟებიან საზღვარგარეთ სამუშაოდ? ნუ აღმოჩნდები მონობაში“; თეთრ ფონზე: „იცოდე მიგრაციის წესები“, „შესვენების გარეშე დილის 9-დან საღამოს 9 საათამდე“, „ანონიმური და უფასო“.
ბილბორდი რეკლამირებას უწევს ცხელ ხაზს, რომელიც ეხმარება ოჯახური ძალადობისა და ტრეფიკინგის (პოტენციურ) მსხვერპლებს. ეს სერვისები მხარდაჭერილი იყო მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM), USAID-ის, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ და მას ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია მართავდა.
თავდაპირველად, ტელეფონის ნომერი არ ითვალისწინებდა დნესტრისპირეთში არსებულ სატელეფონო კოდის განსხვავებას, რის გამოც დნესტრისპირეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის ამ ნომერზე დარეკვა უფრო ძვირი ჯდებოდა. დონორები დათანხმდნენ ნომრის შეცვლას იმ სამოქალაქო ორგანიზაციის მოთხოვნით, რომელიც ცხელ ხაზს ამუშავებდა. ეს მაგალითი სოციალურ მომსახურებაზე წვდომის პროცესზე არაღიარებული საზღვრებისა და სახელმწიფოებრიობის გავლენას აჩვენებს.
აფხაზეთი

განმუხურის პლაჟი, გადაღებული 2025 წლის აგვისტოში. შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ეს პლაჟი ერთდროულად წარმოადგენს კურორტსაც და საქართველოსა და აფხაზეთს შორის არსებულ სადავო საზღვრის მონაკვეთსაც. ეს ორი ფუნქცია ერთმანეთის გვერდიგვერდ თანაარსებობს.
შენიღბული ბუნკერი, რომელსაც ფოტოზე ვხედავთ, საქართველოს მიერ კონტროლირებადი უსაფრთხოების ზონის ნაწილია. ჩემმა ერთ-ერთმა რესპონდენტმა ამ ადგილს საქართველოსა და აფხაზეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს შორის „ბუფერული ზონა“ უწოდა. რამდენიმე რესპონდენტმა აღნიშნა, რომ 2012 წლიდან რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ძალების ყოფნამ სიტუაცია დაძაბა და ბოლო მოუღო არაფორმალური პრაქტიკების უმეტესობას. ამან გაწყვიტა კავშირები იმ სივრცეში, სადაც მჭიდრო ეკონომიკურ-სოციალური ურთიერთობები არსებობდა.

იგივე პლაჟი, წინა ფოტოს საპირისპირო მხრიდან სულ რაღაც 100 მეტრში; აქ ჩანს საგზაო ნიშანი „STOP“ და შენიღბული ბუნკერი. ეს მკვეთრი კონტრასტი ნათლად აჩვენებს, თუ როგორ გრძელდება ყოველდღიური ცხოვრება მილიტარიზებულ გარემოში.

იგივე პლაჟი ზემოდან — საქართველოსა და აფხაზეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს შორის არსებული სადავო საზღვარი ძლივს შესამჩნევია, თუმცა ის იქ არის. ჩანს ბუნკერის სახურავი, მოშორებით კი — რუსული სამხედრო ბაზა.

ავტობუსის გაჩერება სოფელ რუხში — ბოლო გაჩერება ენგურის (ქართული ვერსია) / ინგურის (აფხაზური ვერსია) „გამშვებ პუნქტამდე“. მას შემდეგ, რაც აფხაზეთსა და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს შორის არსებული სამი სხვა გადასასვლელი დაიკეტა, ენგური მთავარი პუნქტია, სადაც დღეში საშუალოდ 2500 ადამიანი გადადის, თუმცა ეს მაჩვენებელი სეზონურად საგრძნობლად იცვლება.

ზოგან სადავო საზღვარი თვალსაჩინოა — მაგალითად აქ, იგი მავთულხლართებითაა მონიშნული (გადაღებულია 2022 წლის აგვისტოში). საქართველო ამას განიხილავს როგორც „მცოცავი ბორდერიზაციის სტრატეგიის“ ნაწილს, რომელიც ძირს უთხრის ქვეყნის ტერიტორიულ სუვერენიტეტს. ამის საპირისპიროდ, აფხაზეთის ხელისუფლება და მოსახლეობის ნაწილი რუსეთს კვლავ საქართველოსგან „უსაფრთხოების გარანტად“ მიიჩნევს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც კი.
რუსეთის როლზე აფხაზეთში ჟურნალისტები, პოლიტიკური ანალიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც საჯაროდაც მსჯელობენ.

2022 წლის აგვისტოში გადაღებული მავთულხლართები და თხრილები ზემოთ აღწერილი დინამიკის ნაწილია.

ზოგ მონაკვეთზე გამყოფი ხაზი ბუნებას ერწყმის, როგორც ამ ფოტოზე. მხოლოდ ყურადღებით დათვალიერებისას თუ შეამჩნევთ ლითონის კოშკურას ზედა მარცხენა კუთხეში, რომელიც აფხაზურ მხარეს დგას და სათვალთვალოდ გამოიყენება.

ბუნებრივ ლანდშაფტში შერწყმული გამყოფი ხაზის კიდევ ერთი მაგალითი – ფახულანი/საბერიოს გამშვები პუნქტის სიახლოვეს (გადაღებულია 2022 წელს).

ფახულანი/საბერიოს გამშვები პუნქტი, 2022 წლის აგვისტო, საქართველო. ამ ტერიტორიაზე შესასვლელად საჭიროა საქართველოს პოლიციის სპეციალური ნებართვა; პოლიცია ფილტრავს წვდომას ამ მეორე „გამშვებ პუნქტზე“, რომელზეც მხოლოდ ფეხით გადაადგილებაა შესაძლებელი.
ფოტოზე ჩანს აფხაზური დროშა, აბრა კირილიცაზე წარწერით „Стоп контроль“, ბილბორდი აფხაზურ ენაზე და სათვალთვალო კოშკურა ზედა მარცხენა კუთხეში. ეს სურათი კარგად ასახავს ბორდერიზაციის ხელოვნურ ხასიათს. ის ტერიტორიული დავის პირობებში საზღვრის მშენებლობის პროცესსაც აჩვენებს .

ენგურის „კონტროლირებადი გამშვები პუნქტი“ — ხიდზე გადასვლამდე — 2025 წლის აგვისტო.
ეს მთავარი გამშვები პუნქტია და განსაკუთრებით დატვირთულია ზაფხულში ნათესავების მონახულების, თხილის მოსავლის აღებისა და სავაჭრო საქმიანობის გამო. ენგური ერთადერთი გამშვები პუნქტია, სადაც ავტომობილებს გადასვლის უფლება აქვთ.
ბევრი მგზავრობს ე.წ. „მარშრუტკით“, ზოგი კი ფეხით გადადის. ნებისმიერმა ავტომობილმა გადაკვეთისას უნდა შეცვალოს სახელმწიფო ნომერი. საქართველოს მიერ კონტროლირებად მხარეს მდებარე მაღაზია ყიდის ქართულ ნომრებს და, სავარაუდოდ, მეორე მხარესაც არსებობს მსგავსი მაღაზია, რაც სადავო საზღვარს (მცირე) შემოსავლის წყაროდ აქცევს.
2022 წლის ვიზიტისას, „შესაძლო მეორე ფრონტის“ შესახებ საომარი რიტორიკის ფონზე აფხაზეთის მიერ კონტროლირებად მხარეს გაიხსნა ე.წ. „duty-free“ მაღაზიები. აფხაზმა ჟურნალისტმა იზიდა ჭანიამ „ეხო კავკაზაზე“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „Воюем или торгуем?“ (ვომობთ თუ ვვაჭრობთ?). ეს მმართველი უმცირესობის ანტაგონისტური მიზნებისთვის ტერიტორიული დაყოფის ინსტრუმენტალიზაციას უსვამს ხაზს. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის ტერიტორიული დაყოფა ტვირთად რჩება.

ენგურის „კონტროლირებადი გამშვები პუნქტი“ ხიდზე — 2025 წლის აგვისტო. ხიდზე „მარშრუტკა“ და ფეხით მოსიარულე გადადიან.

ენგურის „კონტროლირებადი გამშვები პუნქტი“ ხიდზე გადასვლამდე — 2021 წლის ოქტომბერი.
პარასკევს საღამოს ხიდი თითქმის ცარიელია — ჩემი ერთსაათიანი დაკვირვებისას მხოლოდ ორმა ქვეითმა გადაკვეთა იგი. ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოს პოლიციასთან ხიდის ამ მონაკვეთამდე ჩვენი დაშვება წინასწარ შეათანხმა. იმ დროს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდა და ორივე მხარე ერთმანეთს ხიდის ჩაკეტვაში ადანაშაულებდა, რათა აფხაზეთის მხარეს მცხოვრებ ქართველებს არ მისცემოდათ ხმის მიცემის შესაძლებლობა. ისინი, როგორც წესი, ხმას აძლევენ „ნაციონალურ მოძრაობას“ — ამჟამინდელი მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ოპოზიციას.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მონიტორი აკვირდება იმას, რასაც ევროკავშირი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები (მაგ. გაერო) „ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს“ (ABL) უწოდებენ (გადაღებულია 2025 წელს).
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია 2008 წლის სექტემბერში, სამხრეთ ოსეთის გამო რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეიქმნა და ის აფხაზეთის მიმართულებასაც ფარავს. მიუხედავად იმისა, რომ მისიის მანდატი ვრცელდება როგორც აფხაზეთის, ისე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, რეალურად მისია მხოლოდ საქართველოს მიერ კონტროლირებად მხარეს აწარმოებს დაკვირვებას.
მისია აღრიცხავს ბორდერიზაციის ახალ ნიშნებს, როგორიცაა სათვალთვალო კოშკურების აღმართვა ან დამატებითი მავთულხლართები, თუმცა მას არ შეუძლია რაიმე ზომის მიღება მათ აღსაკვეთად ან მოსაშლელად.
ამის საპირისპიროდ, რუსეთის მიერ აფხაზეთის სახელმწიფოდ აღიარება ხელს უწყობს რუსეთის ჩართულობას არა მხოლოდ პოლიტიკურ და სტრატეგიულ, არამედ ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებშიც.
1994 წლის 14 მაისს მოსკოვში ცეცხლის შეწყვეტისა და ძალების დაშორიშორების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან სამ ათწლეულზე მეტი გავიდა, თუმცა აფხაზეთი და საქართველო კვლავ დაშორიშორებულნი რჩებიან.
გამყოფი ხაზი, რომელიც სადავო საზღვრად იქცა და რომელსაც მხარეები სხვადასხვანაირად განმარტავენ, უსაფრთხოების ზონაში გადის. აქ მიმდინარეობს ისეთი საქმიანობა, როგორიცაა თხილის კრეფა, თევზაობა და მეფუტკრეობა, თუმცა ყველა სახლი, რომელიც ვნახე, მფლობელების მიერ იყო მიტოვებული, რაც „უსაფრთხოების სახელით შექმნილ სიცარიელეს“ წარმოშობს.
ქართულ-აფხაზურ კონტექსტში, უსაფრთხოების ზონა გულისხმობს სივრცითი, სამართლებრივი და სამხედრო შეთანხმებების ერთობლიობას, რომელიც 1992-1993 წლების ომის შემდეგ ჩამოყალიბდა ძალების დაშორიშორების, საომარი მოქმედებების განახლების თავიდან აცილებისა და ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე გადაადგილების მართვის მიზნით, რაც გათვალისწინებული იყო 1994 წლის მოსკოვის შეთანხმებით.
ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება „დროებითი“ უსაფრთხოების ზომები მუდმივი რეჟიმი. ბუფერული სივრცე დაცლილია მოსახლეობისგან და მოფენილია გამშვები პუნქტებით, საპატრულო მარშრუტებითა და სათვალთვალო წერტილებით.
ეს მოცემულობა გავლენას ახდენს სოფლებზე, სასოფლო-სამეურნეო მიწებსა და ყოველდღიურ მობილობაზე. თუმცა, ზონა ასიმეტრიულად ფუნქციონირებს: ის გაურკვევლობის განცდას თესავს საქართველოს მიერ კონტროლირებად მხარეს, ხოლო აფხაზურ მხარეს ტერიტორიული კონტროლის ერთგვარ გარანტიად აღიქმება.

ღორები უსაფრთხოების ზონაში (2025 წლის აგვისტო). საინტერესოა, რომ სამეგრელოს რეგიონში ცხოველები ძირითადად თავისუფლად გადაადგილდებიან. მათთვის ხშირად უფრო ადვილია გამყოფი ხაზის გადაკვეთა, ვიდრე ადამიანებისთვის. ღორის ჭირის წინა ეპიდემიის დროს, დაავადების გავრცელების შესაჩერებლად ქართველი და აფხაზი ვეტერინარები საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერით თანამშრომლობდნენ.

ძროხები უსაფრთხოების ზონაში (2022 წლის აგვისტო).

ენგურის კაშხალი (ფოტოზე აღბეჭდილი ნაწილი უსაფრთხოების ზონაში მდებარეობს — 2022 წლის აგვისტო). 1961-1987 წლებში აშენებული კაშხალი დღესაც რჩება საქართველოსა და აფხაზეთს შორის ომისშემდგომი ურთიერთდამოკიდებულების მთავარ ობიექტად, რადგან იგი ერთიანი საბჭოთა სისტემის ნაწილად შეიქმნა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის აღნიშვნით, ენგურის წყალსაცავი კაშხლის ზემოთ, საქართველოს მიერ კონტროლირებად სამეგრელოს რეგიონში მდებარეობს, ხოლო ენგურჰესის ელექტროსადგური და გენერატორები ქვემოთ — აფხაზეთის მხარეს, გალის რაიონშია განთავსებული, სადაც წყალი კაშხლიდან გრძელი მიწისქვეშა გვირაბით მიედინება.

ენგურის კაშხალი ქართულ-აფხაზური ურთიერთდამოკიდებულების მაგალითია და განიხილება როგორც თანამშრომლობის ხელშემწყობი ფაქტორი, ასევე პოტენციური ბერკეტი კონფლიქტის დროს. 1997 წლის შეთანხმებით, ელექტროენერგიის 40% აფხაზეთს მიეწოდება, ხოლო 60% — საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას.

კაშხალი ინარჩუნებს ტექნიკურ, ყოველდღიურ მშვიდობას ფუნდამენტური კონფლიქტის გადაჭრის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ობიექტის ნაწილები მკაცრად არის დაცული ყველა მხარის ძალების მიერ, საქართველოს კონტროლირებადი მხარე ტურისტულ ობიექტადაც განვითარდა.
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები აფხაზეთსა და დნესტრისპირეთს ხშირად „გაყინულ კონფლიქტებად“ მოიხსენიებენ, ჩემი ბოლო ექვსწლიანი კვლევა მიუთითებს მუდმივ სოციალურ, პოლიტიკურ და სივრცით დინამიკაზე, რომელიც ორივე კონტექსტში განსაზღვრავს ყოველდღიურ ცხოვრებას. ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების არარსებობა არ ნიშნავს სტატიკურობას.
ქართულ-აფხაზურ სასაზღვრო ზოლში ყოველდღიური ცხოვრება მიმდინარეობს მზარდი უსაფრთხოების ზომების — თვალთვალის, მკაცრი რეგულაციებისა და შეზღუდული გადაადგილების პირობებში. დნესტრისპირეთმა, პირიქით, განსხვავებული გზა გაიარა: თუ ადრე რეგიონში წვდომა მკაცრად იყო შეზღუდული, ახლა მობილობა უფრო რუტინული გახდა, რაც ხელს უწყობს ვაჭრობას, მგზავრობას და საერთაშორისო აქტორების მუშაობას.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში ორივე ტერიტორიაზე ახდენს გავლენას, რაც აჩენს ვარაუდებს შესაძლო „მეორე ფრონტებზე“. თუ დნესტრისპირეთის სიახლოვე უკრაინასთან მას უშუალო საომარ საფრთხეებთან აკავშირებს, აფხაზეთის საზღვარი რუსეთთან (რასაც ადგილობრივად ხშირად „გარე სამყაროსთან ერთადერთ ფანჯარას“ უწოდებენ) მას გეოპოლიტიკურ დამოკიდებულებაში აქცევს, რაც თავად აფხაზეთშიც დავის საგანია.
ორივე შემთხვევაში, ის, რასაც ხშირად „გაყინულ კონფლიქტს“ უწოდებენ, სინამდვილეში არის მართვადი გაურკვევლობის მდგომარეობა და მუდმივი მოლაპარაკება ყოველდღიური არსებობისთვის, ვიდრე უძრაობა ან სტატიკური მოცემულობა.