2025 წელი აფხაზეთში
2025 წელი ოკუპირებული აფხაზეთისთვის პოლიტიკურად დატვირთული იყო. გთავაზობთ ხუთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას, რამაც 2025 წელს აფხაზური პოლიტიკური ცხოვრება განსაზღვრა.

2025 წლის 1 მარტს გამართული მეორე ტურის შედეგებით, აფხაზეთის ახალი დე-ფაქტო პრეზიდენტი ბადრა გუნბა გახდა. მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ რეკორდულ 70%-ს მიაღწია, რაც 100 ათასზე ოდნავ მეტ ადამიანს შეადგენდა. ბადრა გუნბამ ხმების 55,6% მიიღო, მაშინ როცა მისმა ოპონენტმა, ოპოზიციის ლიდერმა ადგურ არძინბამ – 42,3%.
ბადრა გუნბას წინასაარჩევნო კამპანია კრემლის უპრეცედენტო მხარდაჭერით მიმდინარეობდა – მოსკოვი არც ფინანსურ და არც ადმინისტრაციულ რესურსებს არ იშურებდა მისი გამარჯვებისთვის. ამასთან, რუსული მედია აქტიურად ცდილობდა ოპოზიციონერი კანდიდატის, ადგურ არძინბას დისკრედიტაციას – მას ანტირუსულ ელემენტად, “პროდასავლელად“ და ანკარის მფარველობაში მყოფ ფიგურად წარმოაჩენდა.

2025 წლის 8 ნოემბერს აფხაზეთში დე-ფაქტო ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა. ჯამში ადგილობრივი ორგანოების 160-ზე მეტი მანდატისთვის 280-ზე მეტი პარტიული თუ დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძოდა. მოქმედი დე-ფაქტო პრეზიდენტის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატებმა წარმატებას მიაღწიეს თითქმის ყველა ოლქში, გარდა გაგრისა და გუდაუთის რაიონისა.
არჩევნების წინა დღეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა აღმოაჩინეს ოფისი, რომელშიც რუსი პოლიტტექნოლოგები კოორდინაციას უწევდნენ გუნბას მიერ მხარდაჭერილ კანდიდატეს. დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებზე ფიზიკურად იძალადეს და შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გადასცეს. მალევე სამივე მოქალაქე აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთში გადაიყვანა, თუმცა მათ მიმართ სამართლებრივი დევნა ან გამოძიება არ დაწყებულა.

სოხუმის აეროპორტმა საცდელ რეჟიმში მუშაობა 2025 წლის 7 თებერვალს განაახლა. სწორედ ამ დღეს მოსკოვიდან სოხუმში შესრულებული პირველი საცდელი რეისის მთავარი მგზავრი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრა გუნბა იყო.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ სოხუმის აეროპორტმა მიიღო თვითმფრინავი, რომელსაც ასე დიდხანს ველოდით. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთთან საჰაერო მარშრუტების გეოგრაფია გაფართოვდება,“ – განაცხადა ბადრა გუნბამ აეროპორტის გახსნის ცერემონიაზე. აეროპორტმა სრული ფუნქციონირება პირველი მაისიდან დაიწყო.
სოხუმის აეროპორტი უმოქმედო იყო 1992-93 წლების აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ. თუმცა 2023 წელს რუსეთმა და აფხაზეთმა აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
აფხაზეთი საერთაშორისო დონეზე აღიარებული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ აეროპორტს არ გააჩნია აუცილებელი საერთაშორისო ლიცენზია და მასში სხვა ქვეყნების ავიაკომპანიები ფრენებს ვერ განახორციელებენ.

დეკემბრის პირველ ნახევარში ცნობილი გახდა, რომ გალში, ენგურის ხიდთან სავაჭრო ტერმინალის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება და ის ფუნქციონირებისთვის პრაქტიკულად მზად არის. ტერმინალი კერძო სატრანზიტო და ლოჯისტიკურ კომპანიას ეკუთვნის.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის დასაწყისში ოჩამჩირის პორტში ამოქმედდა საკონტეინერო ტერმინალი, რომელიც მთავარ სარკინიგზო ხაზზეა მიერთებული და 1 200 კონტეინერის შენახვა შეუძლია. იმავე წლის მაისში კი ფუნქციონირება განაახლა სოხუმის აეროპორტმაც.
ოფიციალური თბილისი ამ პროცესებში მონაწილეობას უარყოფს და პრემიერმა ირაკლი კობახიძემ აფხაზეთზე სატრანზიტო მიმოსვლის აღდგენა სპეკულაციად შეაფასა. საქართველოს ოპოზიციური წრეების შეფასებით, საბაჟო-სამონიტორინგო ინფრასტრუქტურის გადმოტანა ფსოუდან ენგურზე საოკუპაციო ხაზის სახელმწიფო საზღვრად ლეგიტიმაციასა და სეპარატისტული რეჟიმის ირიბ აღიარებას ნიშნავს.
ეს ლოგისტიკური ჯაჭვი, რომელიც ოჩამჩირის პორტსა და სოხუმის აეროპორტსაც აკავშირებს, არ ფლობს რეალურ ეკონომიკურ პოტენციალს საქართველოსთვის და მხოლოდ კრემლის პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება.
ტრანზიტის ამოქმედების მიმართ კრიტიკა ისმის სოხუმიდანაც. საზოგადოების წარმომადგენლები, ოპოზიციონერები თუ ექსპერტები თვლიან, რომ ამ სქემით მოგებული მხოლოდ ქართული და რუსული მხარეები იქნებიან და აფხაზეთი ვერც ეკონომიკურ და ვერც პოლიტიკურ დივიდენდებს ვერ მიიღებს.

2025 წლის იანვარში რუსეთმა ორ აფხაზ ოპოზიციონერს – კან კვარჭიასა და ლევან მიქაას რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვა. 2025 წლის ნოემბერში კი რუსეთის მოქალაქეებზე თავდასხმისა და ძალადობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა კან კვარჭიაზე, ესშოუ კაკალიასა და ხინა დუმააზე.
2025 წლის მარტში რუსეთმა სამი აფხაზი ჟურნალისტი უცხო ქვეყნის აგენტებად გამოაცხადა. საუბარია ჩეგემსკაია რავდა-ს რედაქტორ ინალ ხაშიგზე, ნუჟნაია გაზეტას რედაქტორ იზიდა ჭანიასა და ტელეგრამ-არხის ალაშარა-ს ავტორ, ჟურნალისტ ნიზფა აშბაზე.
აღნიშნული სანქცირებული პირები ოპოზიციურად და კრიტიკულად არიან განწყობილი ადგილობრივი დე-ფაქტო ხელისუფლების მიმართ და არის მოსაზრება, რომ რუსულ გადაწყვეტილებებში აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერების ხელიც ურევია.