რუსი პოლიტტექნოლოგების სკანდალი აფხაზეთში | რა მოხდა?

FacebookXMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

რუსი პოლიტტექნოლოგების სკანდალი აფხაზეთში

2025 წლის 8 ნოემბერს აფხაზეთში დე-ფაქტო ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა. ჯამში ადგილობრივი ორგანოების 160-ზე მეტი მანდატისთვის 280-ზე მეტი პარტიული თუ დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძოდა. მოქმედი დე-ფაქტო პრეზიდენტის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატებმა წარმატებას მიაღწიეს თითქმის ყველა ოლქში, გარდა გაგრისა და გუდაუთის რაიონისა. ეს ორი რაიონი ოპოზიციურად განწყობილად მიიჩნევა.

ამრიგად, რეგიონში ხელისუფლების ყველა რგოლი – ადგილობრივი თუ ცენტრალური სრულად არის კონსოლიდირებული ერთი პოლიტიკური გუნდის ხელში, რომლის ლიდერი ბადრა გუნბაა.

ადგილობრივმა არჩევნებმა ჩვეული დაძაბულობით ჩაიარა, თუმცა არჩევნების წინა დღეს სერიოზული პოლიტიკური სკანდალი მოხდა.

როგორ ჩაერივნენ რუსი პოლიტტექნოლოგები აფხაზურ არჩევნებში?

7 ნოემბერს, არჩევნების წინა დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან ახლოს ორგანიზაცია „აიდგილარა“-ს ლიდერმა კან კვარჭიამ თანამოაზრეებთან ერთად „აღმოაჩინა“ ოფისი, რომელშიც გუნბას მხარდამჭერ გაზეთს – აბხაზსკი ვესტნიკს [Абхазский вестник] აქვეყნებდნენ და კოორდინაციას უწევდნენ „აფხაზეთის გუნდის“ საარჩევნო საქმიანობას. ოფისში დააკავეს რუსეთის სამი მოქალაქე – ივან რევა, პაველ ტიმოფეევი და დმიტრი ბუდიკინი. კვარჭიას თქმით ისინი რუსი პოლიტ. ტექნოლოგები იყვნენ. სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები და „აღიარებითი ჩვენებები“, სადაც რევა საუბრობს, რომ ადგილობრივ არჩევნებში თავის კოლეგებთან ერთად „აფხაზეთის გუნდს“ ფინანსურად და ინტელექტუალურად ეხმარებოდა.

რევას თქმით მათი გუნდი თავად გამოსცემდა გაზეთს, კოორდინაციას უწევდა როგორც „აფხაზეთის გუნდის“ საარჩევნო აგიტაციას, ასევე მოწინააღმდეგე კანდიდატების საზიანო კამპანიასაც [პლაკატების ჩამოხევისა თუ სხვა ფორმებით]. დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებზე ფიზიკურად იძალადეს და შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გადასცეს. მალევე სამივე მოქალაქე აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთში გადაიყვანა, თუმცა მათ მიმართ სამართლებრივი დევნა ან გამოძიება არ დაწყებულა. რუსეთში მყოფმა რევამ კი თავდასხმასა და ძალადობაში ბრალი დასდო კან კვარჭიას. რევას თქმით მათ 40-მდე ადამიანი მიუვარდა, იარაღით დაემუქრნენ, ცემეს და ტვინის შერყევაც მიიღო.

პრო-სახელისუფლებო კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანია ეჭვებს ოპოზიციაში არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრეც აღძრავდა. ერთის მხრივ „აფხაზეთის გუნდი“ აქტიურად იყო ჩართული კონკრეტული კანდიდატების მხარდასაჭერად, ხოლო მეორეს მხრივ თავად ეს ჩარევა და აქტიურობის ფორმები მიანიშნებდა, რომ მათი ინტელექტუალური მხარდაჭერა აფხაზეთის გარედან მოდიოდა. ამ ეჭვებზე საუბრობდა ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაა“-ს ლიდერი თემურ გულია. არაადგილობრივი პოლიტტექნოლოგების ხელი „აფხაზეთის გუნდი“-ს ქმედებას ნამდვილად ეტყობოდა.

მთავარი საარჩევნო სლოგანი „აფხაზეთის გუნდი – პრეზიდენტის გუნდი“ [Команда Абхазии – Команда Президента] ამ ეჭვების ერთ-ერთი მაჩვენებელია, რადგან მსგავსი პოლიტიკურად მომგებიანი და კარგად გათვლილი სლოგანი აფხაზეთის საარჩევნო პრაქტიკაში თითქმის არ მოიძებნება. კან კვარჭია არაერთხელ აცხადებდა, რომ საარჩევნო პროცესში იყვნენ ჩართული უცხო პირები, რომელთაც წვდომა ქონდათ საარჩევნო სიებთან, ქონდათ ფინანსური რესურსები, აქტიურად იყენებდნენ პროპაგანდას მხარდამჭერებთან და ეტყობოდათ რომ მათი ქმედება მეთოდური, კარგად გააზრებული იყო.

ოპოზიცია საუბრობდა ადმინისტრაციული რესურსი გამოყენებაზე, მოსყიდვასა თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე რომლებსაც საარჩევნო კამპანიაში გუნბას გუნდი აქტიურად იყენებდა. მათი თქმით მოსყიდვები სხვადასხვა ფორმით ხდებოდა – უბნის ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება, რემონტი, გარე განათებების დაყენება და ა.შ. თუმცა ეს კრიტიკა და ბრალდებები წინასაარჩევნო დაპირისპირების ფონზე ჩვეულებრივ პრაქტიკად მიიჩნეოდა, რადგან ერთის მხრივ პრეზიდენტ გუნბასა თუ მისი ადმინისტრაციის ჩარევის პირდაპირი მტკიცებულებები არ იყო, ხოლო მეორეს მხრივ ინფრასტრუქტურული პროექტები მანიპულაციის მიღებული პრაქტიკა იყო და მასში საზოგადოება პროტესტის გარდა რაიმე სახის ახალ, სერიოზულ პრობლემას ვერ ხედავდა.

ამ სკანდალს ჯერჯერობით რაიმე სახის პოლიტიკური თუ სამართლებრივი განვითარება არ მოჰყოლია. ბრალდებებზე გუნბას ადმინისტრაციიდან კომენტარი არ გაკეთებულა, ხოლო „აფხაზეთის გუნდი“-ს დირექტორმა გიორგი გაბუნიამ უარყო ნებისმიერი სახის კავშირი დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებთან. ამასთანავე არის ვარაუდი, რომ შესაძლოა თავად კვარჭიასა და მისი კოლეგების მიმართ დაიწყოს გამოძიება შეიარაღებული და ორგანიზებული თავდასხმის გამო, თუმცა ოფიციალურად მსგავსი პროცედურები დაწყებული არ არის.

ამ ინციდენტის მთავარი მონაწილეები აფხაზ ოპოზიციონერებთან და რუს პოლიტ. ტექნოლოგებთან ერთად არის „აფხაზეთის გუნდი“, რომელიც ფორმალურ დონეზე დამოუკიდებელ ორგანიზაციას წარმოადგენს და არ უნდა მონაწილეობდეს ამგვარ პოლიტიკურ პროცესებში. თუმცა ამ პლატფორმის რეალური დანიშნულებისა და გავლენის გასაგებად მისი შექმნისა თუ პოლიტიკური კავშირების გაგებაა საჭირო.

რა არის „აფხაზეთის გუნდი“ და რა კავშირი აქვს რუსეთთან?

კონკურსი „აფხაზეთის გუნდი“ 2025 წლის 12 თებერვალს ოფიციალურად გამოცხადდა. კონკურსის გაცხადებული მიზანია მაღალი კომპეტენციის, მენეჯერული თვისებებისა და გამოცდილების მქონე პერსპექტიული ხელმძღვანელების გამოვლენა და მხარდაჭერა და ამ გზით აფხაზეთში საკადრო რეზერვების შექმნა. ინიციატორი თავად ბადრა გუნბა იყო, რომელსაც იმჟამად საპრეზიდენტო კანდიდატის სტატუსი ქონდა. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ 18-55 წლის აფხაზეთის მოქალაქეებს, რომელთაც არ აქვთ ნასამართლეობა და ასევე გააჩნიათ სხვადასხვა დონეზე სულ მცირე ორწლიანი მენეჯერული გამოცდილება.

კონკურსის ორგანიზატორია აფხაზეთის ახალგაზრდობისა და სპორტის სახელმწიფო საბჭო. შეიქმნა სამეთვალყურეო საბჭო, რომლებიც კონკურსანტთა აქტივობას აფასებენ. საბჭოს წევრები აფხაზეთის აკადემიური და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები არიან.

კონკურსის პირველ ეტაპზე მონაწილეების ანალიზის უნარი შეფასდა და მათ სხვადასხვა თემატიკაზე ესსეს წერა დაევალათ. მეორე ეტაპზე გადავიდა 345 მონაწილე აქ მათ მენეჯერული უნარების ტესტირება 14-16 მარტს ონლაინ რეჟიმში ჩაუტარდათ. ფინალურ ეტაპზე 88 კონკურსანტი გადავიდა. ფინალი 11-13 აპრილს ჩატარდა. ამ სამი დღის მანძილზე მონაწილეებმა შეფასებით გამოცდა გაიარეს, შეხვდნენ სამეთვალყურეო საბჭოს და კონკურსის ექსპერტებს.

გუნბას გაპრეზიდენტების შემდეგ კონკურსის რამდენიმე მონაწილე აფხაზეთში სხვადასხვა პოლიტიკურ თანამდებობაზე უკვე დაინიშნა. მაგალითად: ბატალ მუშბა ენერგეტიკის მინისტრად, თეიმურაზ მიქვაბია ეკონომიკისა და ტრანსპორტის მინისტრად, იატირ აჟიბა – აფხაზეთის მთავრობის აპარატის მეთაურად, ტარას ხაგბა – ვიცე პრემიერად და ახალგაზრდობისა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ და სხვა.

კონკურსი რუსული პროექტის – რუსეთის ლიდერები – აფხაზური ანალოგია. ეს კონკურსი 2017 წლიდან ხორციელდება და მას ოფიციალურად რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანტონ ვაინო ხელმძღვანელობს. თუმცა კონკურსის არაფორმალური მეთვალყურე სერგეი კირიენკოა – რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, რომელიც პარალელურად სოხუმთან და ცხინვალთან მოსკოვის პოლიტიკას კურირებს.

რუსული მოდელი თითქმის იდენტურად მეორდება აფხაზეთშიც.  ორივეგან იდეა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მოდის. მსგავსია კონკურსების კონცეფცია და მიზანი – მონაწილეებსა და გამარჯვებულებს საჯარო უწყებებში სტაჟირებისა თუ სამსახურის დაწყების პერსპექტივა ეძლევათ და მიჩნეული არიან როგორც ადმინისტრაციის საკადრო რეზერვები. რუსეთში უშუალოდ კონკურსის ჩასატარებლად შექმნილია ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია – რუსეთი – შესაძლებლობების ქვეყანა [Россия — страна возможностей] , აფხაზეთში – ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შეიქმნა იგივე სტატუსის მქონე ორგანიზაცია – ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია – „აფხაზეთის გუნდი“. მისი სამეთვალყურეო საბჭოს მეთაურია ბადრა გუნბა, ხოლო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი დირექტორი – გიორგი გაბუნია.

მსგავსება და კოპირება ისეთია რომ „აფხაზეთის გუნდი“-ს ოფიციალურ გვერდზე, განყოფილებაში კონფიდენციალურობის პოლიტიკა, ატვირთულია არა მათი, არამედ – რუსული ორგანიზაციის [რუსეთი შესაძლებლობების ქვეყანა]  პერსონალური მონაცემების დამუშავების დოკუმენტი.

„აფხაზეთის გუნდი“ – პოლიტიკური ინსტრუმენტი გუნბას ხელში

ერთი შეხედვით „აფხაზეთის გუნდი“ ახალგაზრდა თაობაზე ორიენტირებული კონკურსი და ორგანიზაციაა.  მათ მიერ ჩატარებული სხვადასხვა სპორტული ღონისძიება, სოციალური და კულტურული აქციები ამაზე მეტყველებენ. ორგანიზაცია ცდილობს მოხალისეობრივი აქტივობების ერთიანი პლატფორმაც გახდეს და იზრუნოს ქალაქების სისუფთავეზე, მათ კულტურულ სახეზე, შშმ პირთათვის მოსახერხებელი ინფრასტრუქტურის შექმნასა და სხვა საკითხებზე.

ამ კონკურსის პარალელურად ჩაშვებულია კიდევ ორი პროექტი – აფხაზეთის ახალი მედია და სტუმართმოყვარე აფხაზეთი. ამ ორიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედია პროექტი, რომელიც ახალგაზრდა ჟურნალისტების რეკრუტირებაზეა ორიენტირებული. გამარჯვებულ კანდიდატებს ერთ-ერთ ჯილდოს სახით რუსულ მედია ორგანიზაციებში სტაჟირების საშუალება მიეცემათ. საუბარია ისეთ მედიებში სტაჟირებაზე, როგორიცაა ვლადიმირ სალავიოვის სტუდია და სხვა.

ამ ახალგაზრდული და სამოქალაქო პროექტების მიღმა იმალება მისი პოლიტიკური დანიშნულებაც.

კონკურსის გზით ბადრა გუნბა ახალგაზრდებში მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს. კონკურსის მხოლოდ პირველ წელს სამი ათასზე მეტი კანდიდატი დარეგისტრირდა. ამ მონაწილეებს შიგნით სოციალური კავშირების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ კონკურსის მონაწილეები თავიანთი რაოდენობით ახალგაზრდა მოსახლეობაში დომინანტურ ჯგუფს ქმნიან. ერთ-ერთი პოლიტიკური მიზანი სწორედ ესეც შეიძლება იყო – მომავალში გუნბასგან დამოუკიდებელი, ალტერნატიული ახალგაზრდული ჯგუფების მარგინალიზება და ამ მიმართულებით პოლიტიკური გართულებების თავიდან არიდება ან შემცირება.

2024 წელს ბიჭვინთის აგარაკების გარშემო აგორებული პოლიტიკური კრიზისის დროს ახალგაზრდულმა ჯგუფმა „ჩვენი პიცუნდა“ საზოგადოებრივ წინააღმდეგობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მომავალში მსგავსი წინააღმდეგობრივი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში კი გუნბას ადმინისტრაცია წინასწარ მომზადებული იქნება და ახალგაზრდულ წრეებშიც შეძლებს თავისი პოზიციის დაცვას ან გატარებას.

გარდა ამისა „აფხაზეთის გუნდი“ საარჩევნო კაპიტალია აქტივისტების, აგიტატორების, კანდიდატებისა თუ გავლენების მხრივ. მათი ეს ფუნქცია საპრეზიდენტო და ადგილობრივ არჩევნებზეც წარმატებით დაიტესტა.

მნიშვნელოვანია ის მომენტიც, რომ კონკურსი ბადრა გუნბასთვის ერთგული კადრების შერჩევას უზრუნველყოფს, რომელიც მართვის აპარატშია საჭირო. შერჩეულ საკადრო რეზერვში ბუნებრივია არის კონკურენცია, რაც გუნბას მიმართ ლოიალურობას კიდევ უფრო ზრდის და მყარ საფუძვლებს უქმნის. „აფხაზეთის გუნდ“-ს შეიძლება არაერთი პოლიტიკური დანიშნულება გამოუჩნდეს.

ეს პროექტი შესაძლოა იმის ნიშანიც იყოს, რომ გუნბა სულ სხვა ვადითა და გავლენით აპირებს აფხაზურ პოლიტიკაში ყოფნას. საქმე იმაშია, რომ აფხაზურ პოლიტიკაში ამჟამად მიმდინარე თაობათა ცვლა აქამდე ბუნებრივი პირობების გამო დღის წესრიგში არ მდგარა. ომის დროს აქტიური სამხედრო/პოლიტიკური ლიდერები ასაკიდან და გალენებიდან გამომდინარე სრულიად ბუნებრივად მოექცნენ აფხაზეთის პოლიტიკის ელიტაში. თაობათა ცვლა შეუქცევადი პროცესია, ხოლო გუნბას პოლიტიკა ამ პროცესის კონტროლს, მის პროგნოზირებადობას უზრუნველყოფს.

ახალი სახეები არა ქაოტურად – არამედ გარკვეული ფილტრის შედეგად მოდიან საპასუხისმგებლო პოზიციებზე. ეს ფილტრი კი საჯარო კონკურსია, რომელიც სამართლიანი შეჯიბრობითობის ელფერს ატარებს. ახალი სახეები გუნბას გარშემო იკრიბებიან და მის პოლიტიკურ ინვესტიციას წარმოადგენენ.

არასწორი იქნება იმის თქმა, რომ ამგვარი მიდგომა ადგილობრივი გამოგონებაა. მეტიც, არათუ კონკურსია რუსული პროექტის კალკი – ის უშუალოდ რუსული ინტელექტუალური მხარდაჭერითა და ტექნიკური ნაწილის დახმარებითაც ხორციელდებოდა. რუსეთში ამ პროცესს ადმინისტრაციის მოადგილე სერგეი კირიენკო კურირებს, ხოლო მისი როლი გუნბას საპრეზიდენტო კამპანიაში ნათლად გამოიკვეთა. კრემლის ღია მხარდაჭერა ყველასთვის ცხადი იყო. გუნბას პიარ კამპანიას პრაქტიკულად რუსული მხარე წარმართავდა: სოხუმის აეროპორტის გახსნა, პირველი რეისი მოსკოვისკენ – ყველაფერი გუნბას საარჩევნო კამპანიის ნაწილი გახდა ან მის სახელს დაუკავშირდა.

კრემლის გრძელვადიანი სტრატეგია

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ პროექტ „აფხაზეთის გუნდი“-ს წარმატება კრემლის სტრატეგიულ წარმატებასაც ნიშნავს. ამ ფორმით რუსეთმა წარმატებით შეძლო გრძელვადიანი, სტრატეგიული კავშირების დამყარება აფხაზეთის პოლიტიკურ წრეებთან.

თაობათა ცვლა მათი ყურადღების, დაკვირვების, კონტროლისა და კოორდინაციის პირობებში მიმდინარეობს და ის არ არის სტიქიური, ქაოტური და უკონტროლო. ამგვარი პოლიტიკა კრემლის მიმართ ლოიალური აფხაზური პოლიტიკური ელიტების არსებობას რამდენიმე წლითა თუ ათწლეულით წინასწარ უზრუნველყოფს.

კრემლი ამ ფორმებით მხოლოდ უშუალოდ გუნბას არ უჭერს მხარს. მას ფსონი არა კონკრეტულ პიროვნებაზე, არამედ – პოლიტიკოსების მომავალ თაობაზე აქვს დადებული, რომლის ფორმირებასაც თავადვე ახორციელებს.

მსგავსი სტატიები

სირია აფხაზეთის დამოუკიდებლობას ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც აღიარებს. ჟურნალისტი ინალ ხაშიგი მიიჩნევს, რომ ეს დიასპორის გავლენაა.
"ჩეგემსკაია პრავდას" მორიგ ვიდეოში ჟურნალისტი და წამყვანი ინალ ხაშიგი ისტორიკოს ასტამურ ტანიასთან ერთად კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავს.
თუ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, შესაძლოა, აფხაზეთსა და სირიას შორის პირდაპირი საზღვაო კომუნიკაცია დამყარდეს.