საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში და საკონსტიტუციო რეფორმა | ახრა ბჟანია და ინალ ხაშიგი

FacebookXMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

არჩევნები აფხაზეთში

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ახაცას“ ხელმძღვანელი ახრა ბჟანია იმ ჯგუფშია, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმისა და მათი შემდგომი პოპულარიზაციის წინადადებებს ამუშავებს. ეს საზოგადოება 15 თებერვალს მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებისგან დისტანცირებულია და ამბობენ, რომ მათი კანდიდატი არის რეფორმები.

ახრა ბჟანია მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო რეფორმამდე არჩევნების ჩატარება უაზროა, რადგან მათ შემდეგ არც ახალი პრეზიდენტი და არც პარლამენტი არ იქნება მზად პოლიტიკურ სისტემაში რადიკალური ცვლილებებისთვის.

არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით ახრა ბჟანიას გაზეთ „ჩეგემსკაია პრავდას“ რედაქტორი ინალ ხაშიგი ესაუბრა.

ინტერვიუს სრული ტექსტი:

ინალ ხაშიგი: გამარჯობა! ეს ჩვენი პირველი გადაცემაა წელს, ამიტომ მინდა ყველას მივულოცო ახალი წელი. მადლობა ღმერთს,  არდადეგები დასრულდა, თუნდაც არა ისე, როგორც ჩვენ გვსურდა. დღეს 15 იანვარია და ეპიზოდს სწორედ ამ დღეს ვიწერთ. საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო.

ამრიგად, ჩვენ  გადავედით ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე. დღეს ჩვენი სტუმარია ახრა ბჟანია. ვისაუბრებთ არა მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნებზე, არამედ აფხაზური საზოგადოების წინაშე არსებულ ამოცანებზე, მიზნებსა და გამოწვევებზე. ახრა, მოგესალმებით.  ნება მომეცით დავიწყოთ კითხვით. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აფხაზეთში არჩევნები ტარდება. ბევრი ცნობილი ადამიანი, საზოგადო მოღვაწე,

ყოველთვის მკაფიოდ აფიქსირებდნენ თავიანთ პოზიციას: მხარს უჭერდნენ ამა თუ იმ კანდიდატს. მაგრამ ახლა საინტერესო სიტუაცია შეიქმნა. თქვენ და  კიდევ სხვა ადამიანების ჯგუფმა ოფიციალურად განაცხადეთ, რომ თქვენი კანდიდატი რეფორმაა. ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ უჭერთ მხარს კონკრეტულ კანდიდატს და არ მონაწილეობთ უშუალოდ საარჩევნო კამპანიაში. თქვენ ორიენტირებული ხართ მხოლოდ რეფორმების განვითარებასა და ხელშეწყობაზე. მითხარით, რა არის ამ პოზიციის მიზეზი? რატომ არ დადე ფსონი კონკრეტულ კანდიდატზე, რომელსაც შეეძლო გამოეცხადებინა მზადყოფნა რეფორმების გასატარებლად? ბოლოს და ბოლოს, განხორციელდება თუ არა ეს რეფორმები, დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი კანდიდატი მოვა ხელისუფლებაში. როგორ ხსნით თქვენს პოზიციას?

ახრა ბჟანია: მადლობა მოწვევისთვის და ყველას გილოცავთ ახალ წელს. თქვენ ახსენეთ სიტყვა “მოულოდნელად”, მაგრამ ჩემი აზრით, ეს ვითარება მოულოდნელად არ გაჩენილა. დღევანდელი პოლიტიკური ვითარების აღწერას რომ ვცდილობდე, შემდეგ ანალოგიას გამოვიყენებდი: ჩვენ ვგავართ ადამიანებს, რომლებიც მრავალრიცხოვანი პრობლემის მქონე ნავში სხდებიან იმ იმედით, რომ ახალი ნიჩბოსნები  მის საჭირო გზაზე დაბრუნებას შეძლებენ.

ეს, ჩემი აზრით, უკიდურესად მოკლევადიანი მიდგომაა. ბევრად უფრო სწორი იქნებოდა, ჯერ ჩვენი გემი მოწესრიგებულიყო, შესაძლოა ცვლილებები შეგვეტანა მის კონსტრუქციაში  და მხოლოდ ამის შემდეგ შევარჩიოთ გუნდი, რომელსაც შეუძლია მისი მართვა. უფრო მეტიც, მეჩვენება, რომ საზოგადოებაში ასეთი „სარემონტო სამუშაოების“ მოთხოვნა ახლა ძალიან აქტუალურია. საზღვაო ანალოგიებიდან რეალურ პოლიტიკაზე გადასვლისას მინდა წარმოგიდგინოთ რამდენიმე ფაქტი. ცოტა ხნის წინ, შემოდგომის მოვლენების შემდეგ, გადაუდებელი რეფორმების საჭიროების შესახებ ინიციატივით გამოვიდა რამდენიმე საზოგადოებრივი გაერთიანება, ასევე ცალკეული პირები. ხელმოწერები შეგროვდა, ბევრმა  მხარი დაუჭირა.   ვეტერანებმა, საზოგადო მოღვაწეებმა, მეცნიერებმა, ბიზნესმენებმა და მოქმედმა პოლიტიკოსებმა. თუ შევაჯამებთ მათ  პოზიციას  ასე ჟღერს: „რეფორმების გარეშე განვითარება არ იქნება, მაგრამ სტაგნაცია გარანტირებულია. და არც ერთი არჩევნები არ დაეხმარება სიტუაციის შეცვლას“. მე მაქვს შესაბამისი ტექსტი, რომელიც მინდა წავიკითხო.

ინალ ხაშიგი: წაგვიკითხე, თუ თან გაქვს.

ახრა ბჟანია: დიახ, მინდა წავიკითხო რათა  რაც შეიძლება ზუსტი ვიყო. მიმართვაში ნათქვამია: „სუპერპრეზიდენტული ძალაუფლების მქონე მმართველობის სისტემა და მაჟორიტარული წესით არჩეული პარლამენტი აღარ აკმაყოფილებს საზოგადოებრივ ინტერესებს. ეს ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას და წარმოადგენს კორუფციისა და პოლიტიკური საფრთხეების წყაროს. მხოლოდ ბრმა ადამიანი ვერ ხედავს იმ პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში არყევს აფხაზეთს. ეს საშიში ტენდენცია უნდა შეწყდეს. ახლა ამის იდეალური დროა. ცვლილებები უნდა შეეხოს კონსტიტუციას საარჩევნო კანონმდებლობისა და ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილების გადანაწილების ნაწილში, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოებრივი ტელევიზიის საქმიანობის მარეგულირებელ კანონებს. ამ გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელების გარეშე შეუძლებელია საპრეზიდენტო არჩევნების განახლებული კონსტიტუციის საფუძველზე ჩატარება. ეს არის ერთადერთი გზა, რომ შეაჩეროს  პოლიტიკური კრიზისების  განმეორება და აფხაზეთი პროგრესული და სტაბილური განვითარების გზაზე დააყენოს“.

ინალ ხაშიგი: მაგრამ ეს განცხადებები ხომ  ჯერ კიდევ ნოემბერში გაკეთდა, პრეზიდენტის სასახლის შტურმისა და ასლან ბჟანიას გადადგომისთანავე. მაშინ არჩევნების თარიღი ჯერ არ იყო დანიშნული. საარჩევნო კამპანია ახლა გაჩაღდა და პროცესის შეჩერება აღარ შეიძლება. თქვენი  ჯგუფი, რომელიც რეფორმებზე მუშაობს, რამდენად კორელაციაშია   მიმდინარე კამპანიასთან?

ახრა ბჟანია: არ ვეთანხმები, რომ არჩევნები გარდაუვალია. წესები, რომლითაც ის ტარდება, არ შეესაბამება მოქალაქეების ინტერესებს. მიმაჩნია, რომ 15 ნოემბრის მოვლენები, როდესაც ხალხი ქუჩაში გამოვიდა, გახდა სიმბოლო იმისა, რომ საზოგადოებამ უარი თქვა ცხოვრებაზე მოძველებული სისტემის ფარგლებში.

ხალხი აპროტესტებდა არა მხოლოდ კონკრეტულ პრეზიდენტს, არამედ სისტემას, რომელიც განსაკუთრებულ უფლებამოსილებებს ანიჭებს ერთ ადამიანს. თუმცა, საზოგადოების ამ მოთხოვნაზე პასუხის გაცემის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობის მოწოდებას, რომელიც არაფერს შეცვლის. ჩემი აზრით, სისტემის შეცვლის გარეშე ვერც ერთი არჩევნები ვერ მოიტანს განვითარებას. უფრო მეტიც, ოპოზიცია რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, მათ იგივე სტრუქტურული პრობლემები შეექმნებათ, რაც მათ წინამორბედებს. 

მოვუწოდებ საარჩევნო კამპანიის ყველა პასუხისმგებელ მონაწილეს

დაფიქრდნენ თუ რა არის უფრო მნიშვნელოვანი: პრეზიდენტის პოსტის დაკავება თუ სისტემის შეცვლა მთელი საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით.

ინალ ხაშიგი:  მე მესმის, რომ ეს უფრო იდეალისტური სურათია, სურვილი იმისა, რომ ყველაფერი ზუსტად ასე მოხდეს. თუმცა, ვფიქრობ, თავადაც გესმით, რომ არსებულ სიტუაციაში პრაქტიკულად შეუძლებელია რაიმეს გამეორება.

ახრა ბჟანია: კითხვას მისვამთ თუ ცდილობთ მომაქციოთ  გარკვეულ მოდელის ფარგლებში? 

ინალ ხაშიგი: არა,  ჩარჩოში არ გაქცევ. აი, თქვენი ჯგუფი საუბრობს რეფორმების აუცილებლობაზე და ამტკიცებს, რომ ეს არის უპირველესი ამოცანა: ჯერ რეფორმები, შემდეგ არჩევნები. მაგრამ ახლა  მოვლენები სხვაგვარად ვითარდება –  „ეტლი ცხენის წინ დგას”. არჩევნები ტარდება და თუ  ვინ  იქნება არჩეული, მასზეა  დამოკიდებული შეძლებს თუ არა „ამ ეტლის შემობრუნებას“.  კანდიდატები უკვე საუბრობენ რეფორმის აუცილებლობაზე, მიუხედავად იმისა, რომ კამპანია ახლახან დაიწყო. მათ რიტორიკაში არის  თეზისები, რომლებიც სავალდებულო დაპირებებივით ჟღერს: გარდაქმნები აუცილებელია, რეფორმები მნიშვნელოვანია და ა.შ.

მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ლიდერები წარმოადგენენ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ გარკვეულ ინტერესთა ჯგუფებსაც. სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში ეს ჯგუფები დიდი ხანია იქცა ერთგვარ პირადი,  კერძო და ჯგუფური ინტერესების კლუბად. სახელმწიფო ინტერესები უკანა პლანზე რჩება, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ხელისუფლებაში – ხელისუფლება თუ ოპოზიცია. არსებობს მოსაზრება, რომ მაშინაც კი, თუ კანდიდატებს ნამდვილად სურთ რეფორმა, მათ გარშემო მყოფებმა შეიძლება ჩაშალონ ეს გეგმები საკუთარი ინტერესების გამო. ჩვენ უკვე გვაქვს ტრადიცია: არჩეული პრეზიდენტი ვადამდე ტოვებს თანამდებობას და პროცესი პრეზიდენტის სასახლეზე  შტურმით მთავრდება. ეს ისევ და ისევ მეორდება. თუ არაფერი შეიცვლება, ეს ტრადიცია გაგრძელდება. კანდიდატებს ესმით ეს. მაგრამ როგორ ფიქრობთ, აქვთ თუ არა მათ შესაძლებლობა, მოვლენების განვითარებასთან ერთად, შესთავაზონ არატრადიციული სვლები, გადააადგილონ კარტები, გააერთიანონ ძალები და თქვან: „ჩვენ ერთ ნავში ვართ, მოდი ერთად შევცვალოთ ყველაფერი“?

ახრა ბჟანია: არჩევნების შემდეგ გულისხმობთ?

ინალ ხაშიგი: დიახ, არჩევნებამდე, სიმართლე გითხრათ, მე ვერ ვხედავ რაიმეს შეცვლის შესაძლებლობას.

ახრა ბჟანია: პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ კანდიდატები მრავალფეროვან პოლიტიკურ სპექტრს წარმოადგენენ. თუმცა, არცერთი მათგანისგან  არ მსმენია, რომ  ღიად განეცხადებინა ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმების გატარების გეგმები. საუბარია პოლიტიკური სისტემის შეცვლაზე, უფლებამოსილების გადანაწილებაზე, პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვაზე, ხელისუფლების   შტოების დაბალანსებაზე, მაჟორიტარული სისტემიდან შერეულ სისტემაზე გადასვლაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. მართალი გითხრათ, კანდიდატებისგან ასეთი განცხადებები არ მსმენია და თუ ეს ასეა, ეჭვი არ მეპარება, რომ ეს საკითხები მომავალში არ დადგება. ჩვენ შევიმუშავეთ უმაღლეს სამთავრობო პოსტებზე ადამიანების დაწინაურების უცნაური ტრადიცია. მიმაჩნია, რომ მხოლოდ მათ, ვინც აქტიურად და საჯაროდ გამოხატა თავისი შეხედულებები სახელმწიფოს პრობლემებზე, მათი გადაჭრის გზებზე, ასევე პოლიტიკურ პოზიციებზე, უნდა ჰქონდეს უფლება, იყოს კანდიდატი ამ თანამდებობაზე .  საზოგადოება უნდა იცნობდეს კანდიდატს, მის ხედვას სახელმწიფოზე, ეკონომიკურ მოდელზე – იქნება ეს მემარცხენე, მემარჯვენე თუ ლიბერალური. როგორი  იქნება ჯარი  – საკონტრაქტო  თუ ისეთი, როგორც ახლაა? როგორ იმუშავებენ სპეცსამსახურები – დაიცავენ მოქალაქეებს თუ ხელისუფლებაში მყოფთა ინტერესებს? როცა ადამიანს არასოდეს არაფერი უთქვამს ამის შესახებ და შემდეგ უცებ ხდება საპრეზიდენტო კანდიდატი, ეს მაფიქრებს. ამიტომ, ასეთი ადამიანებისგან რეფორმების იმედი არ მაქვს. თუ ვინმეს რაიმეს შეცვლა სურს, წინასწარ უნდა გამოაცხადოს. რა თქმა უნდა, კანდიდატებს შორის არიან ისეთებიც, ვინც აქტიურ საჯარო პოზიციას იკავებდა. მაგრამ მათგანაც არ მომისმენია აფხაზეთის პოლიტიკური სისტემის რეფორმირების მკაფიო პროგრამები. ამის გაკეთებას შესაძლოა არჩევნების შემდეგ აპირებენ. მაგრამ რეალობა ისაა, რომ ძალიან ბევრი პრობლემაა და პოლიტიკური აპარატის არსებული სისტემა თითქოს ჩვენს საზოგადოებაში “გადაიზარდა”.  ფაქტობრივად  ფესვები გაიდგა.

აფხაზეთის სახელმწიფო სისტემა იმდენად ინერტულია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ პოტენციურ არჩეულ პრეზიდენტს გულწრფელად სურს რეფორმები, ქვეყანაში არსებულმა პრობლემებმა  შეიძლება არ მისცეს მას ერთდროულად  პრობლემების მოგვარებისა და პოლიტიკური ინსტიტუტების რეფორმირების საშუალება. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ჯერ ერთი, მაჟორიტარული პრინციპით არჩეული ჩვენი პარლამენტი ლოიალობის სისტემის ფარგლებში მუშაობს. მაშინაც კი, თუ ზოგიერთი დეპუტატი გულში ეთანხმება რეფორმის აუცილებლობას, მათი კორპორატიული ინტერესები ამაზე მაღლა დგას. ასეთი პარლამენტი არასოდეს დაუჭერს მხარს რეფორმების დღის წესრიგს. მხოლოდ პოლიტიკური წარმომადგენლობის პრინციპებზე ჩამოყალიბებული პარლამენტი შეიძლება გახდეს ცვლილებების  მამოძრავებელი.

თუ თქვენ წარმოადგენთ პარტიას კონკრეტული პროგრამით, მაშინ, როგორც კი მოხვდებით პარლამენტში, იმუშავებთ მის განხორციელებაზე. თუმცა, მაჟორიტარული პარლამენტი ამას არასოდეს გააკეთებს. ამიტომ, სისტემის რეფორმირების მცდელობები შიგნიდან პრაქტიკულად განწირულია.

რეფორმები შესაძლებელია მხოლოდ რევოლუციურ პერიოდებში, როდესაც ინიციატივა მოდის „ქვემოდან“. პარლამენტს ახლა აკლია მნიშვნელოვანი ზეწოლა აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან და ეს ხსნის რეფორმების წინსვლის შესაძლებლობის ფანჯარას. თუ ამ  დროს გამოვტოვებთ, პარლამენტი  დაუბრუნდება ჩვეულ  მოდელს: დაიწყება  ფრაქციების და ინტერესთა ჯგუფების ფორმირება,  რაც გაართულებს ნებისმიერი რეფორმის განხორციელებას. რაც შეეხება მომავალ პარლამენტს, რომელიც ორ წელიწადში ჩამოყალიბდება, დიდი ალბათობით, კვლავ ლოიალობის  პრინციპით ჩამოყალიბდება. ხელისუფლება ყოველთვის იბრძვის უფრო საიმედო უმრავლესობისთვის, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს წინააღმდეგობა.

ეს გამოიწვევს მოჯადოებულ წრეს: რეფორმების არარსებობა შექმნის ახალ პრობლემებს, რაც გამოიწვევს უკმაყოფილებას მოქალაქეებში და ოპოზიციაში და გადაიზრდება კრიზისში. ეს ყველაფერი ახალი ულტიმატუმით და ვადაზე ადრე გადადგომით დასრულდება.

ინალ ხაშიგი: მაგრამ არის სხვა გზა – მაგალითად, რეფერენდუმის ჩატარება. ეს არის უფრო დემოკრატიული ფორმა, რომელიც იძლევა პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის უფლებამოსილების გადანაწილების და საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანის საშუალებას. საზოგადოებაში ცვლილებების მოთხოვნა უკვე არსებობს: ადამიანებს ესმით, რომ ასე ცხოვრება აღარ შეუძლიათ და ტრანსფორმაციას უჭერენ მხარს. თუმცა, პარლამენტი, რომელიც თავდაპირველად სხვა მიზნებისთვის იყო არჩეული, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ მოთხოვნას ადეკვატურად უპასუხებს.

ახრა ბჟანია: არ ვეთანხმები. ეს ყველაფერი დამოკიდებულია მომენტზე და დროზე.

ინალ ხაშიგი: მაგრამ თუ ამ მომენტს გამოვტოვებთ, მაშინ პარლამენტი დაუბრუნდება ჩვეულ მოდელს: აღმასრულებელი ხელისუფლების, პოლიტიკური ჯგუფების, ფრაქციების გავლენას, რომლებიც ბლოკავს ნებისმიერ სერიოზულ რეფორმას. 

ახრა ბჟანია: თუ ამ მომენტს გამოვტოვებთ, პარლამენტი აუცილებლად დაუბრუნდება ჩვეულ პრაქტიკას. პოლიტიკური მასობრივი ცენტრები პარლამენტში ჯგუფების ჩამოყალიბებასა და ზემოქმედებას დაიწყებენ.

ასეთი ფრაქციების მეშვეობით რაიმე მნიშვნელოვანი წინსვლა ბევრად უფრო რთული იქნება, ვიდრე ახლა. რაც შეეხება რეფერენდუმს, მე ვარ ნების გამოვლენის პირდაპირი და დემოკრატიული ფორმების მომხრე, მაგრამ აფხაზეთში რეფერენდუმის ჩატარების პოლიტიკური ტრადიცია არ გვაქვს. დამოუკიდებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში რეფერენდუმი ჩატარდა მხოლოდ ერთხელ – 1999 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად და მისი მიზანი იყო აფხაზეთის დამოუკიდებლობის იურიდიულად დადასტურება.

ეს ასახავდა ყველა პოლიტიკური ძალის მსოფლმხედველობას. რაულ ხაჯიმბას ნდობის საკითხთან დაკავშირებული მეორე რეფერენდუმი წარუმატებლად დასრულდა.

მისი თემა ძალიან ვიწრო იყო და სოციალური და პოლიტიკური მომზადება აკლდა. ასეთ რეფერენდუმებს არ შეუძლიათ სისტემური ცვლილებების შეთავაზება, ისინი მხოლოდ შიდაპოლიტიკური ბრძოლის ელემენტად იქცევიან. ახლა რეფორმების იდეა არ არის დაკავშირებული კონკრეტულ პირებთან, არამედ ეხება აფხაზეთის მომავალს. აშკარაა, რომ არსებული პოლიტიკური მოდელი ვერ მუშაობს.  ჩვენ ჩაკეტილ წრეში ვართ: ძველი სისტემის ყოველ ჯერზე მოწესრიგება მორიგი კრიზისით მთავრდება. ყველას ესმის, რომ სერიოზული რემონტია საჭირო.

ინალ ხაშიგი: როდესაც რეფორმები არ არის მიბმული კონკრეტულ ფიგურაზე, არამედ ეხება ქვეყნის მომავალს, ადამიანები უფრო მეტად არიან მოტივირებულნი, მხარი დაუჭირონ ცვლილებებს. ახლა საზოგადოება მზად არის რეფორმებისთვის, რადგან ესმის მათი აუცილებლობა. საპრეზიდენტო კანდიდატებმაც კი, ახსოვთ რა , თუ როგორ დაასრულეს მათმა წინამორბედებმა, უნდა გააცნობიერონ, რომ ცვლილების გარეშე სისტემა გააგრძელებს დაშლას.

ახრა ბჟანია: არ მჯერა, რომ რეფერენდუმის იდეამ, როგორც საზოგადოების მოთხოვნის პასუხმა, იმოქმედოს ჩვენს სიტუაციაში.

ეს უფრო მეტად არის პასუხისმგებლობის გადატანის, პრობლემის თავიდან აცილების, მოგვიანებით გადადების მცდელობა. თუ პოლიტიკოსებს ნამდვილად სჯერათ, რომ რეფორმები აუცილებელია, ისინი ახლავე უნდა ჩაერთონ მათ განხორციელებაში. თუ პასუხისმგებელი პოლიტიკოსები არ არიან მზად დროებით გადადონ ამბიციები, რათა უპასუხონ საზოგადოების მოთხოვნას, მაშინ მათ უბრალოდ არ სჭირდებათ რეფორმები. რეფერენდუმის იდეა გადაიქცევა მორიგ „მოგვიანებით“, როდესაც აღმოჩნდება მისი არ ჩატარების ათობით მიზეზი: შიდა თუ გარე პრობლემები, პოლიტიკური კრიზისები. თუ გსურს რეფორმა, უნდა გქონდეს მზადყოფნა, მიიღო მონაწილეობა ამ პროცესში, გვერდზე გადადო წინასაარჩევნო კამპანია, რაც უფრო დიდია, ვიდრე ძალაუფლებისთვის ბრძოლა. მე არ მჯერა რეფერენდუმზე საუბრის, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არის პრობლემის გადაჭრის თავიდან აცილების მცდელობა. ადამიანები, რომლებსაც სურთ ცვლილებების დანახვა, ამას ისევე ხედავენ, როგორც მე.

თუ რეფორმებისადმი დამოკიდებულება ასეთი დარჩება, ეს გამოიწვევს უკუკავშირს, რომლის შედეგებსაც წინასწარ ვხედავ, მაგრამ მირჩევნია არ გავახმოვანო.

ინალ ხაშიგი: შევეცდები სიტუაციის პროგნოზირებას. არჩევნები ასე თუ ისე ჩატარდება. ჩვენ ავირჩევთ პრეზიდენტს, რომელიც აუცილებლად შეეჩეხება რეალობას.  ჯგუფები, რომელიც  მხარს დაუჭერს გამარჯვებულ კანდიდატს, თუნდაც  გრძნობდნენ  რეფორმების აუცილებლობას, დიდი ალბათობით დაემორჩილებიან ყოველდღიურობის მკაცრ რეალობას და საკუთარ ინტერესებს. ასეა თუ ისე, ისევ იმავე  წრეზე დავდივართ.  ყველაფერი დასრულდება მორიგი გადატრიალებით, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ რევოლუცია, მაგრამ არსებითად ეს მაინც გადატრიალებაა.ჩვენ უკვე სამჯერ გამოვიარეთ ეს და რაც არ უნდა ვეცადოთ მის დაფარვას, გადატრიალება რჩება გადატრიალებად, თუ მას არ მოჰყვება სისტემური ცვლილებები. რევოლუცია შეიძლება ეწოდოს მხოლოდ იმას, რაც იწვევს პოლიტიკური სისტემის ცვლილებას, არსებული წესრიგის რადიკალურ ტრანსფორმაციას. მაგრამ ეს ჩვენთან არ ხდება. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ გადატრიალებებს: ერთი მოხსნილია, მეორე ინიშნება, მაგრამ სისტემა უცვლელი რჩება. თუ ისევ ამ სცენარს მივყვებით, ავირჩევთ პრეზიდენტს და ცოტა ხნის შემდეგ  ისევ არაფერი შეიცვლება, მაშინ ყველაფერი მორიგი კრიზისით დამთავრდება. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვაჩვენებთ თავს, რომ ვითომ რეფორმებს ვახორციელებთ, მაგრამ რეალურად ეს იქნება იმიტაცია: ლამაზი სიტყვები და წარდგენილი კანონპროექტები, რომლებსაც არავინ უჭერს მხარს. ეს მახსენებს სამი ადამიანის გახმაურებული მკვლელობის სიტუაციას. შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მათ ჩაატარეს ფართომასშტაბიანი ოპერატიული ღონისძიებები და ეჭვმიტანილი დააკავეს, როდესაც ეს ადამიანი თავად ჩაბარდა. რატომ არის საჭირო თავის მოჩვენება,  ვითომ დიდი ძალისხმევა გაწიეს? ეს უბრალოდ მოტყუებაა.

ჩვენ ვმოძრაობთ ინერციით, როგორც  ლოკომოტივი, რომელიც დგას სათადარიგო გზაზე. თუ არაფერი შეიცვლება, ჩვენ კვლავ შევეჯახებით მორიგ გადატრიალებას.

თქვენმა ჯგუფმა თავი რეფორმატორებად გამოაცხადა და საკუთარი თეზისები გამოაქვეყნა. მაგრამ მიმდინარეობს თუ არა მუშაობა ამ იდეების იურიდიულ ფორმაში მოქცევაზე? არის რაიმე კონკრეტული კანონპროექტები?

ახრა ბჟანია: პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ისტორიული პროცესი არ არის წრფივი. ჩვენ არ შეგვიძლია ფირზე გადახვევა წინ ან უკან, რათა დავინახოთ, როგორ შეფასდება ჩვენი ქმედებები მომავალში. არასწორია იმის თქმა, რომ მოვლენას შეიძლება ეწოდოს რევოლუცია, თუ ის იწვევს პოზიტიურ ცვლილებებს და გადატრიალება, თუ არ იწვევს. ჩვენ ვმოქმედებთ სამოქალაქო ვალდებულებების  შესაბამისად, ვცდილობთ გადავარჩინოთ საკუთარი თავი, ჩვენი შვილები და ჩვენი ქვეყანა. თუ ჩვენ არ მივიღებთ ადეკვატურ ზომებს დროის გამოწვევების დასაძლევად და არ შევცვლით სისტემას, მაშინ პრობლემები აუცილებლად გაიზრდება, გადაიქცევა სოციალურ დაძაბულობაში. ეს დაძაბულობა გამოიწვევს კრიზისს, რომელიც დასრულდება მორიგი გადადგომით. ახლა  გადავიდეთ მთავარ კითხვაზე. არის თუ არა კონკრეტული მასალები და სამართლებრივი საფუძველი რეფორმებისთვის? დიახ, ასეთი მასალები არსებობს. ამ საკითხზე  ექსპერტთა რამდენიმე  ჯგუფი მუშაობდა ჯერ კიდევ 2006 წელს,  ჩვენი პარლამენტის მოწვევამდე. მათ მოამზადეს ფუნდამენტური პროექტები, რომელთა მიღება ხანგრძლივი განხილვის გარეშე შეიძლებოდა. ცოტა ხნის წინ პარლამენტში გაიმართა შეხვედრა, რომელზეც პარლამენტის წევრებმა, მათ შორის სპიკერმა, გამოხატეს სურვილი ამ მიმართულებით სვლისთვის. ეს შეიძლება გაკეთდეს სწრაფად. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი, შევძლებთ თუ არა ამის განხორციელებას 15 თებერვლამდე. მაგრამ არჩევნები შეიძლება გადაიდოს 15 მარტისთვის, აპრილისთვის ან მაისისთვის. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, უფრო მნიშვნელოვანია კანონპროექტების განხორციელება, რათა შევცვალოთ მიდგომები მმართველობის, პოლიტიკური აზრის ხარისხისა და ძალაუფლების დელეგირების მიმართულებით.

ამ განახლებულ ფუნდამენტზე  შეიძლება ახალი გუნდის მოწვევა, რათა ჩვენი „გემი“ არ ჩაიძიროს.  ჩვენ, მოქალაქეებმა, უნდა  მოვთხოვოთ პოლიტიკოსებს დაძლიონ იმ კრიზისების ციკლური ხასიათი, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოს.

ინალ ხაშიგი: ამ პოზიტიურ ნოტაზე ჩვენ ვასრულებთ ჩვენს გადაცემას. დღეს განვიხილეთ, რისთვის  ვატარებთ არჩევნებს და  რატომ ვცხოვრობთ პოლიტიკური ცხოვრებით. ეს ყველაფერი არსებობის სრულყოფილი ფორმების ძიების, სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის დაცვის მიზნით. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ახაცას“ ხელმძღვანელი ახრა ბჟანია.

ჩვენი გამოშვებები  შეგიძლიათნახოთ YouTube-ზე და Rutube-ზე და ტელეგრამის არხზე “Инал Хашиг. Чегемская правда”. არდადეგები დასრულდა და სამუშაო დღეები დაიწყო. ვიმედოვნებ, რომ ეს სამუშაო დღეები ნაყოფიერი იქნება. ნახვამდის, შეხვედრამდე.

მსგავსი სტატიები

რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა, მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს საკითხზე
აფხაზი სტუდენტები რუსულ უნივერსიტეტებში სამხედრო აღრიცხვაზე აჰყავთ. არის თუ არა საფრთხე, რომ მათ უკრაინაში საომრად გაგზავნიან?
„ეხო აფხაზეთი“ აქვეყნებს ინტერვიუს საზოგადო მოღვაწესთან და ყოფილ პარლამენტის წევრთან ლეონიდ ჩამაგუასთან - იმის შესახებ, თუ რამდენად დაინტერესებულნი არიან აფხაზი პოლიტიკოსები არჩევნების შედეგით და როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს ამან აფხაზეთზე.