შამბა: კონფლიქტის გადასალახად საჭიროა საუბარი. იცვლება თუ არა მიდგომა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მიმართ?

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

ონლაინ საუბარი შამბასა და ყოლბაის შორის

აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა მიიჩნევს, რომ “აუცილებელია მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობების მოძიება“, რადგან “ქართულ-აფხაზური კონფლიქტი შვილებსა და შვილიშვილებს არ უნდა გადაეცეს“.

შამბა ქართველი ჟურნალისტის ვანო ჩოკორაიას შეკითხვებს პირდაპირ ეთერში პასუხობდა. საუბარში მონაწილეობდა ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე და უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელი წევრი, ვახტანგ ყოლბაია.

ქართულ ჟურნალისტურს წრეებში ვანო ჩოკორაიას არ იცნობენ და მის შესახებ არც გუგლში იძებნება რამე

შამბამ თქვა, რომ კონფლიქტთან დაკავშირებით როგორც ქართულ, ისე აფხაზურ საზოგადოებაში ერთმანეთის მიმართ აგრესიული განწყობები ისევ არის, თუმცა მან იმედი გამოთქვა, რომ ეს დროებითია:

“ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ეს გაივლის, თუმცა ომიდან დიდი დრო გავიდა, უკვე 30 წელია. შეიძლებოდა როგორმე დაწყებულიყო გარკვეული მოძრაობები ურთიერთგაგებისკენ, მაგრამ ეს პროცესი ნელა ხდება,” – განაცხადა მან.

შამბამ ინტერვიუს განმავლობაში რამდენჯერმე გაუსვა ხაზი სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობას:

ყოველთვის ვემხრობოდი სახალხო დიპლომატიას და როცა საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, ჩვენი წარმომადგენლები ხშირად ხვდებოდნენ ქართველ ოპონენტებს. ეს იყო ერთმანეთის პოზიციების გაგების შესაძლებლობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა პრობლემა როგორღაც დაიძრას მკვდარი წერტილიდან”.

აფხაზი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ სხვადასხვა არხებით ერთმანეთთან კავშირების ამოქმედება აუცილებელია.

ჩვენს ხალხებს შორის არსებობს კონფლიქტი, ბევრი ისტორიული გარემოებით და განსაკუთრებით ომით წარმოშობილი და ამ კონფლიქტის გადასალახად საჭიროა საუბარი და ურთიერთგაგების გზების ძიება შემდგომი თანაარსებობისთვის“, – განაცხადა შამბამ.

ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა, რომ მისი ზომიერი პოზიცია კონფლიქტთან დაკავშირებით აფხაზეთში ბევრს არ მოსწონს.

მე არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე და აფხაზურ საზოგადოებაში ბევრს არ მოსწონს ჩემი პოზიცია, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ არის პრობლემა, პირველ რიგში უნდა ისაუბრო. არ არსებობს მეზობელი, ახლობელი ან თუნდაც მონათესავე ხალხები, რომლებსაც ერთმანეთთან არ უომიათ. მთელი ევროპა ამის მაგალითია“, – განაცხადა შამბამ.

ქართველი პოლიტიკოსი, ვახტან ყოლაბაია ეთანხმება შამბას მოსაზრებას, რომ სახალხო დიპლომატია და კავშირები აუცილებელია. ყოლბაიას თქმით, მსგავსი პოზიტიური სიგნალები სოხუმიდან ასლან ბჟანიას გაპრეზიდენტებისთანავე ისმოდა.

მესმის, საუბარი იყო ეკონომიკურ ურთიერთთანამშრომლობაზე, რომელიც შესაძლოა, კონკრეტულ საქმეში გადაზრდილიყო, მაგრამ, როგორც იტყვიან, ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის, სურვილი იყოს და“, – აღნიშნა ყოლბაიამ.

შეფასებები

ქართველ და აფხაზ პოლიტიკოსებს შორის მსგავსი ტიპის პირდაპირი დიალოგი, ბოლო წლებში იშვიათობაა. როგორც ვახტანგ ყოლბაია ამბობს, “შამბასთან ომის შემდეგ ეს პირველი საუბარი იყო”.

“ლაპარაკი იყო ძალიან მოკლე. 30 წელია ერთმანეთს არ დავლაპარაკებულვართ, პრაქტიკულად, პირველად მოხდა ასეთი პირისპირ შეხვედრა ონლაინ რეჟიმში და დამიდასტურა, რომ შესაძლებელია პირდაპირი დიალოგი. ჩვენ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაზეც ვლაპარაკობთ. როცა ლაპარაკია დიალოგზე, მოიაზრება ყველაფერი, რაც არის მტკივნეული და რაც არის შესაძლებელი”, – თქვა ვახტანგ ყოლბაიამ ფორმულასთან საუბრისას.

ყოლბაიას თქმით, შამბა ყოველთვის პრაგმატული პოლიტიკოსების რიცხვს მიეკუთვნებოდა და ამჯერადაც მან დაადასტურა, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის დიალოგი საჭიროა.

“ვილაპარაკეთ, არის თუ არა საჭირო დიალოგი და მან დაადასტურა, რომ დიალოგს არაფერი ჯობს. შევთანხმდით, რომ დიალოგი საჭიროა… რაც შეეხება ამ დიალოგში რუსეთის ადგილს, რუსეთის თემა არ იყო, რუსეთი საერთოდ არ გვიხსენებია. მხოლოდ აფხაზურ-ქართულ ურთიერთობაზე ვილაპარაკეთ. მან მითხრა, რომ დიალოგს წინ არაფერი უდგას”, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ყოლბაიას თქმით, შამბამ ერთ-ერთ საკითხად სოხუმსა და თბილისს შორის ეკონომიკური ურთიერთობის დამყარება დაასახელა.

“შამბასა და ყოლბაიას დიალოგი დაემთხვა ენგურზე სამუშაოებს და ხიდის გახსნაზე საუბარს – აქამდე პოლიტიკა იყო პირდაპირი ფორმატები არ გვქონოდა. იწყება თუ არა პოლიტიკის ცვლილება, რომელიც სადღაც კულუარებში იძერწება?!” – ასე ეხმიანება შამბას და ყოლბაიას დიალოგს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია.

ის აღნიშნავს, რომ პრობლემაა არაფორმალური პოლიტიკა და ის, რომ საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, იცვლის თუ არა საქართველო პოლიტიკას პირდაპირ დიალოგთან დაკავშირებით.

„მე დიალოგის წინააღმდეგი არ ვარ, მათ შორის, ბჟანიას მხრიდან იყო შემოთავაზება პირდაპირ დიალოგზე, რაზეც ხმა არ ამოუღია „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ძალიან უცნაური იყო, ფორმა როგორ გასაჯაროვდა და რა დროს ამ ონლაინ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია. აქამდე „ქართული ოცნება“ დიალოგის შეთავაზების პასუხად დუმდა და უცებ ვხედავთ, რომ დიალოგი დისტანციურად შედგა. შესაბამისად, მე მაქვს კითხვები პოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით… იცვლება პოლიტიკა, როცა ამ ტიპის დიალოგის შესახებ ვიგებთ, თუ არ იცვლება?… აქამდე პოლიტიკა იყო, რომ ამ ტიპის ფორმატები არ უნდა ყოფილიყო, ახლა რა ხდება?.. პოლიტიკა სადღაც კულუარებში ისე იძერწება, რომ პარლამენტმა არ იცის, მთავრობის ძალიან ბევრმა წევრმა არ იცის, არაფორმალური პოლიტიკა არის მთავარი პრობლემა და დრო, რა დროსაც ეს ხდება,“ – განაცხადა აქუბარდიამ.

“ჩვენ ერთადერთი გზა გვაქვს, ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან დიალოგის, შერიგების, ურთიერთპატიების და კიდევ უფრო ზოგადი გზა, რომელსაც ვადგავართ ჩვენი ქვყანა –  ეს არის განვითარებისა და მშვიდობის გზა. ეს მათთვისაც მესიჯია, ამიტომ ჩვენ მათ პირდაპირ უნდა ველაპარაკოთ, ჩვენ მათ უნდა შევურიგდეთ, აი ამ ხალხს, ჩვენს ძმებს უნდა შევურიგდეთ,” – ასე უპასუხა მამუკა მდინარაძემ სერგეი შამბასა და ვახტანგ ყოლბაიას შორის გამართული შეხვედრის შესახებ ჟურნალისტების დასმულ კითხვას.

“როგორც ოჯახში შეიძლება რაღაც კონფლიქტი მოხდეს ადამიანებს შორის სერიოზული და შემდეგ პატიება ხდება საჭირო იმისათვის, რომ ისინი კვლავ გაერთიანდნენ და ეს ოჯახი არ ჩამოიშალოს და არ ჩამოინგრეს, ასევე ჩვენ ოჯახურად უნდა შევხედოთ იმიტომ, რომ ისინი ჩვენი ნაწილი არიან, ძალიან ხშირად ჩვენ ტერიტორიებს ვახსენებთ ხოლმე, მაგრამ არასდროს უნდა დაგვავიწყდეს იმ ხალხზე ლაპარაკი, რომლებსაც ჩვენ ერთმანეთისთვის საპატიებელი გვაქვს რაღაცები… ძალიან მნიშვნელოვანია, არანაკლებ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ერთმანეთის დაბრუნება. აი ამ გზაზე, აი ამ საერთო კალაპოტში სწორი მესიჯის და სწორი მოქმედების, რაც კი ჩაჯდება ყველაფერს გავაკეთებთ.” – აღნიშნა მდიმარაძემ.

მსგავსი სტატიები

„ეხო აფხაზეთი“ აქვეყნებს ინტერვიუს საზოგადო მოღვაწესთან და ყოფილ პარლამენტის წევრთან ლეონიდ ჩამაგუასთან - იმის შესახებ, თუ რამდენად დაინტერესებულნი არიან აფხაზი პოლიტიკოსები არჩევნების შედეგით და როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს ამან აფხაზეთზე.
მოსკოვის გამოცხადებულმა მზადყოფნამ, დაეხმაროს თბილისს სოხუმთან და ცხინვალთან შერიგებაში, საქართველოში მორიგი მწვავე პოლემიკა გამოიწვია.