აფხაზეთში ბიჭვინთის აგარაკის საკითხი კულმინაციას აღწევს

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

ბიჭვინთის აგარაკი

აფხაზეთის ხელისუფლებამ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები დივერსიაში დაადანაშაულა. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების თქმით, ამ გზით ხელისუფლება ცდილობს საპროტესტო მოძრაობის დისკრედიტაციას, რომელიც ხელს უშლის ხელისუფლებას ბიჭვინთაში მდებარე სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაში.

აფხაზეთის პარლამენტის სხდომა, რომელზეც სახელმწიფო აგარაკის შესახებ რუსეთ-აფხაზური შეთანხმების რატიფიცირების საკითხი განიხილება, 28 დეკემბერს არის დაგეგმილი.

გაერთიანებული ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან რატიფიკაციას და მიაჩნიათ, რომ შეთანხმების გარკვეული პუნქტები ეწინააღმდეგება აფხაზეთის მოქმედ კონსტიტუციას. თუ პრეზიდენტი ასლან ბჟანია დოკუმენტს არ გააუქმებს, ოპოზიცია მხარდამჭერების პარლამენტის შენობასთან მიყვანით იმუქრება.

საპასუხოდ, ხელისუფლებამ წამოიწყო კამპანია საპროტესტო მოძრაობის ცალკეული მონაწილეების, კერძოდ კი არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მიზნით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარის მოადგილემ, ზაალ ხვარცკიამ განაცხადა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული ყველა პროექტი კოორდინირებულია „საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად“.

მან ასევე დაასახელა გრანტის მიმღებების ვინაობა, რომელთა შორისაც მოიხსენია „ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის“ თანადირექტორები არდა ინალ-იპა და ლიანა კვარჩელია. ასევე ცნობილი ისტორიკოსი, აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ყოფილი თანაშემწე ასტამურ ტანია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებს ბრალდებები საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამაც წაუყენა. მისი თქმით, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციის ჰუმანიტარული პროექტი გამოიყენება როგორც შირმა USAID-ის ამოცანებისა და მიზნების დასაფარად, რომლის საქმიანობა აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთი თვის წინ აკრძალა.

„[USAID-ის] პირველი ამოცანაა საქართველოს ე.წ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა აფხაზეთის ე.წ. საქართველოში რეინტეგრაციით. რა თქმა უნდა, ეს ამოცანა აბსოლუტურად მიუღებელია და ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ მის განხორციელებას. მეორე ამოცანა კი არის კრემლის ე.წ. მავნე ზემოქმედებისთვის წინააღმდეგობის გაწევა“, – განაცხადა ინალ არძინბამ.

“ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის”

ბრალდებების საპასუხოდ ახალგაზრდული მოძრაობა „ჩვენი ბიჭვინთას“ წევრებმა განაცხადეს, რომ ორგანიზაციის არსებობის განმავლობაში მათ მრავალჯერ შეელახათ ღირსება, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა ასეთი „ამპარტავანი, ამაზრზენი და ადვილად გაქარწყლებადი ცილისწამების“.

„ჩვენ ვითხოვთ საჯარო მტკიცებულებებს მის მიერ მოყვანილი ფაქტების შესახებ, რადგან მზად ვართ პასუხი ვაგოთ ჩვენს ყოველ ქმედებაზე.

ჩვენ ამას ვუყურებთ, როგორც ბრძოლას ორ იდეოლოგიას შორის: მორალურ და ამორალურ, კეთილსა და ბოროტს შორის. ჩვენ ვითხოვთ საჯარო ბოდიშის მოხდას“, – ნათქვამია “ჩვენი ბიჭვინთის” განცხადებაში.

ორგანიზაციის აქტივისტის, ალექსანდრა ბარგანჯიას თქმით, ხელისუფლების მიერ არჩეულ ზეწოლის მეთოდებს არ შეუძლიათ ორგანიზაციის წევრების გატეხვა, დაშინება, შეურაცხყოფა ან გაჩუმება.

„იარლიყების მიწებება – ჩიხია“

საზოგადოების რეაქცია ასევე არ იყო ხელისუფლების სასარგებლოდ. სოციალური ქსელები სავსეა აღშფოთებული პოსტებით.

ეკონომისტი ახრა არისთავა მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ოპონენტების რეპუტაციის შელახვის მიზნით საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას ცდილობს.

„აფხაზეთის რესპუბლიკისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს არის ჩიხი, საშიში და ამას არაფერი კარგი არ მოჰყვება. ბიჭვინთაში სახელმწიფო აგარაკით ისედაც მუდმივად სარგებლობს რუსეთის ფედერაცია. აფხაზეთში არავის გამოუცხადებია რუსეთისთვის სახელმწიფო აგარაკის ჩამორთმევის შესახებ. ყველა მხოლოდ იმას ამბობს, რომ ახალი შეთანხმება უნდა იყოს ორმხრივად მომგებიანი და ასახავდეს აფხაზური მხარის ინტერესებს“, – განმარტავს ის.

ფსიქოლოგი ელანა კორტუა ამ ყველაფერს ადარებს იმას, რაც ხდებოდა 1930-იანი წლების საბჭოთა კავშირში – რეპრესიები, როცა აფხაზი ერის ფესვები საკუთარი თანამემამულეების ხელით გაანადგურეს.

მსგავსი სტატიები

„ეხო აფხაზეთი“ აქვეყნებს ინტერვიუს საზოგადო მოღვაწესთან და ყოფილ პარლამენტის წევრთან ლეონიდ ჩამაგუასთან - იმის შესახებ, თუ რამდენად დაინტერესებულნი არიან აფხაზი პოლიტიკოსები არჩევნების შედეგით და როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს ამან აფხაზეთზე.
მოსკოვის გამოცხადებულმა მზადყოფნამ, დაეხმაროს თბილისს სოხუმთან და ცხინვალთან შერიგებაში, საქართველოში მორიგი მწვავე პოლემიკა გამოიწვია.