აფხაზეთის ინერტულობა საქართველოსა და რუსეთის დაახლოების კონტექსტში | ვიდეო

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

აფხაზეთის ინერტულობა

საქართველოს ხელისუფლება დასავლეთიდან რუსეთისკენ მათი გეოპოლიტიკური შემობრუნების ფონზე, აქტიურად იყენებს „აფხაზურ“ თემას და მიანიშნებს, რომ მათი ყველა ქმედება „ტერიტორიული მთლიანობის“ აღდგენის გეგმის ნაწილია. სულ მცირე, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ 2030 წლისთვის საქართველო შეუერთდება ევროკავშირს „თავის აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად“.

ამავდროულად, ზოგიერთი რუსული მედია აქტიურად ამხნევებს თბილისს, ავრცელებს აფხაზეთის თემას ქართველებისთვის საინტერესო პერსპექტივიდან. ამასობაში აფხაზეთის ხელისუფლება დუმს, ვითომ მათ გარშემო არაფერი ხდება. თუმცა, სამთავრობო შენობების კომპლექსის ირგვლივ რკინის ჯებირები რაოდენობა გაიზარდა.

„ჩეგემსკაია პრავდას“ რედაქტორი ინალ ხაშიგი ოფიციალური აფხაზეთის ხელისუფლების ინტერტულ ქცევაზე სახალხო კრების ყოფილ დეპუტატს, ახლა კი ფონდ „აამთას“ ექსპერტ ილია გუნიას ესაუბრა.

ინტერვიუს ტექსტური ვერსია:

ინალ ხაშიგი: გამარჯობა, ეთერშია „ ჩეგემსკაია პრავდა“. სამთავრობო შენობების კომპლექსის გარშემო რკინის ჯებირი შენდება. საზოგადოება აღშფოთებულია. ამასობაში საქართველომ მიიღო კანონი უცხოური აგენტების შესახებ და სულ ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ განაცხადა, რომ 2030 წლისთვის საქართველო მოძმე აფხაზ და სამხრეთ ოს ხალხებთან ერთად ევროკავშირს შეუერთდება.

დღეს ჩვენი სტუმარია ილია გუნია და ვისაუბრებთ არსებულ ვითარებაზე.  საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცხრა თვეზე ნაკლები რჩება. ახლა კი  პრეზიდენტის სასახლის წინ მაღალი ღობე ააშენეს.

ზოგი  ფიქრობს, რომ ეს ალბათ საპრეზიდენტო არჩევნებისთვისაა. მაგრამ  რა საპრეზიდენტო არჩევნები, როცა პრინციპში ჩვენთან   ცენტრალური საარჩევნო კომისია იღებს გადაწყვეტილებებს, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, უმრავლესობა მაინც ფიქრობს, რომ ღობე აშენდა კონკრეტული მიზნით.

შესაძლოა  რაღაც არაპოპულარული კანონების მიღება იგეგმება. აქ, რა თქმა უნდა, მახსენდება ყველა სახის შეთქმულების თეორია და, რა თქმა უნდა, პარალელები ჩნდება მაგალითად,  იმასთანაც, რაც საქართველოში ხდება. დავიწყოთ საუბარი და  ერთგვარად დავფიქრდებით იმაზე, რაც ახლა ხდება.

ღობე, პირველ რიგში, ხელისუფლების შიშის გამო გაჩნდა.

ილია გუნია: საღამო მშვიდობისა. მე არ ვიტყოდი, რომ სამთავრობო შენობების ირგვლივ ღობის აშენება რამენაირად  უკავშირდება საქართველოში  მიმდინარე მოვლენებს. არა მგონია, ამას რაიმე კავშირი ჰქონდეს. საქართველოს არაფერი აქვს საერთო ჩვენს ღობესთან. და მით უმეტეს,  როგორც პრეზიდენტის წარმომადგენელმა პარლამენტში განაცხადა, ამ ღობეს არანაირი კავშირი არ აქვს უსაფრთხოებასთან და ეროვნულ უსაფრთხოებასთან.

ღობე არის  განსახიერება. კარგად გვესმის, რატომ და საიდან გაჩნდა ღობე.  ღობე, პირველ რიგში, ხელისუფლების შიშის გამო გაჩნდა. რატომ? იმიტომ, რომ ხელისუფლებას მშვენივრად ესმის, რომ ამ პერიოდის განმავლობაში აბსოლუტურად არაფერი, ფაქტობრივად, არაფერი, ვთქვათ, პოპულარული არ გაკეთებულა იმისათვის, რომ აფხაზეთის მოსახლეობა,  ხალხი და ზოგადად  სახელმწიფო, რაიმე დაპირებულ გზაზე წასულიყო.

ხელისუფლებას ესმის, რომ  დაპირებები  ჯერ არ არის შესრულებული. ყველა საკითხი, როგორიცაა ბიჭვინთა, აპარტამენტები, კანონი უცხოური აგენტების შესახებ და მრავალი სხვა, არაპოპულარული იყო და არ შეუწყო ხელი სახელმწიფოს მშენებლობას და ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებას. ამიტომ, ნეგატიური  განწყობების გაცნობიერებით,  თავი შემოიღობეს.

ინალ ხაშიგი: ნეგატივი წარსულისთვისაა, არ მგონია, რომ ამ კედელს რაიმე კავშირი ჰქონდეს წარსულთან.

ილია გუნია: ის საკითხები, რომლებზეც მე ვსაუბრობ, არ დასრულებულა. ასევე განიხილება სხვა არაპოპულარული გადაწყვეტილებები. ამიტომ, სავარაუდოდ, ხელისუფლება ცდილობს თავის დაცვას.

ინალ ხაშიგი: თუმცა, ღობე დგას. ეს ჩემთვის სიმბოლურია. ჩვენ დიდი ხანია ვამაყობთ, რომ მიუხედავად სახელმწიფოში არსებული არეულობისა, ჩვენ ყოველთვის გვქონდა ხალხის ხელისუფლება. აფხაზეთის ხელისუფლება თავისი მოქალაქეებისთვის ერთი ხელის გაწვდენაზე იყო. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიმართოს პრეზიდენტს ან მინისტრს. დღეს ამ ღობის უკან პრობლემები ჩნდება.

დარღვეულია ჰორიზონტალური კავშირი ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის. ახლა, ხელისუფლებასთან მისასვლელად, მნიშვნელოვანი მიზეზები  გჭირდება. საგანგაშოა, რომ ღობეებს აგებენ.  საკუთარი  პოზიციების ახსნის ნაცვლად, ხელისუფლება ღობეებს აგებს. მე  ვუყურე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

იქ აფხაზეთთან დაკავშირებით ბევრ რამეზე  აკეთებენ კომენტარს. ერთი-ორჯერ კომენტარი გააკეთა უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა სერგეი შამბამ, მაგრამ მეტი არაფერი. ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, კობახიძემ განაცხადა, რომ 2030 წლისთვის საქართველო შეუერთდება ევროკავშირს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად. მაგრამ კარგი,  როგორც წესი, ასეთ დღეს ქართველი პოლიტიკოსები თავიანთი მოქალაქეებისთვის სასიამოვნო რაღაცებს ​​ამბობენ, ზოგჯერ სრულიად შეუსრულებელს.

ჭორებისა და ექსპერტული შეფასებების კონტექსტში, რომლებიც უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებას უკავშირებენ თბილისსა და მოსკოვს შორის დაახლოებას და აფხაზეთისა და ოსეთის საქართველოში შესვლას, ეს საგანგაშოა. თუმცა, აფხაზეთის მხრიდან არანაირი რეაქცია არ არის. რუსულ მედიაში ამ საკითხზე ბევრი კომენტარია. რატომ დუმს ჩვენი ხელისუფლება?

ჩვენ ვიყავით მხარე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოლაპარაკების პროცესში, მაგრამ ახლა მონაწილეებიც კი არ ვართ.

ილია გუნია:  ხელისუფლება არ დუმს, უბრალოდ სხვა გზა აირჩია და არა მოლაპარაკება ან საგარეო პოლიტიკის განხილვა. ბოლო დროს მხოლოდ ყიდვა-გაყიდვით, მიწის, დასასვენებელი სახლების მოძიებით, ბინების აშენებით ვართ დაკავებული. ამას არანაირი კავშირი არ აქვს საგარეო პოლიტიკასთან. ამიტომ, ისეთი თემები, როგორიცაა აფხაზეთისა და საქართველოს ურთიერთობა, მოლაპარაკების პროცესი, ეს საკითხები არ არის წამოწეული. ჩვენ ვიყავით მხარე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოლაპარაკების პროცესში, მაგრამ ახლა მონაწილეებიც კი არ ვართ. ამ საკითხით საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა დაკავდეს  მაგრამ, სამწუხაროდ, პრაქტიკულად არ არსებობს.

მე  ვერ ვხედავ საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ ფორმაში, რომელშიც ის უნდა არსებობდეს. საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს  პრეზიდენტი,  მაგრამ ახორციელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. და ეს აბსოლუტურად  არ არის ასე. ჩვენ ვენდობით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, რუსეთს, ის დაკავებულია   საგარეო პოლიტიკით, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი არ გვაინტერესებს.

ბოლო დროს ამბობენ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება ჩვენზე უარყოფითად აისახება. შესაძლოა შეთანხმდნენ. ალბათ ასეც იქნება. რუსეთი და საქართველო  ააწყობენ  საკუთარ ურთიერთობებს. ეს ბუნებრივი პროცესია. პრობლემა ის არის, რომ ჩვენ არ ვაწყობთ არანაირ ურთიერთობას და არ ვაყენებთ რაიმე საკითხს.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები რომც გაუმჯობესდეს, ჩვენ შეგვიძლია დავაყენოთ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გადახედვის საკითხი. მაგრამ ჩვენ არ ვახმოვანებთ ჩვენს ინტერესებს, არავის ესმის. როდის გინახავთ, რომ პოლიტიკოსები ასეთ საკითხებზე საუბრობენ? ან ეკონომიკური ურთიერთობები?

ტრანზიტზე საუბრის  შესაძლებლობა გამოვტოვეთ. ჩვენ არც ტრანზიტი გვაქვს, არც ეკონომიკური კავშირები, არც პოლიტიკური დიალოგი. ჩვენი ამოცანაა აფხაზეთის აღიარება და აფხაზეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების მოგვარება. მაგრამ ეს თავისთავად არ ხდება. ამაზე ყოველდღე უნდა ვიმუშაოთ.

ჩვენ გადართული ვართ ფულის გამომუშავებასა  და სახელმწიფო აქტივების გაყიდვაზე. ჩვენ უნდა გავყიდოთ ჩვენი მთავარი ქონება, გავცეთ, მოვიყვანოთ  ოლიგარქები. ვინ ვიქნებით ამ სამყაროში? ვინ ფიქრობს ამაზე?

ინალ ხაშიგი:  ჩვენს პასიურობაში ჩვენ თვითონ ვართ დამნაშავე.  მახსოვს, ჩვენი მუდმივი ექსპერტი, ასტამურ ტანია, ყოველთვის მონაწილეობდა ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში,  ვლადისლავ არძინბას დროსაც კი, როცა ჩვენი საგარეო პოლიტიკა ამ მიმართულებით აქტიური იყო. მაშინ საზოგადოებას არ ეშინოდა, რომ აფხაზი მომლაპარაკებლები რაიმეს დათმობდნენ, ისეთი ძლიერი პოზიციები ჰქონდათ, მაგრამ 2008 წლის შემდეგ, როდესაც მოხდა აღიარება და გაეროს მისია გავიდა, პროცესი შეიცვალა, შეიქმნა ჟენევის ფორმატი, სადაც ჩვენ არ ვართ წარმოდგენილნი, როგორც მხარე, გაჩნდა ტენდენცია ნეგატიურად აღქმულიყო ნებისმიერი პირდაპირი მოლაპარაკების მცდელობა საქართველოსა და აფხაზეთს  შორის.  ბოლო 15-16 წლის განმავლობაში საზოგადოება მიეჩვია, რომ ქართველებთან მოლაპარაკება ცუდია. მიუხედავად იმისა, რომ ადრე ვსაუბრობდით.

ჩვენ დავიწყეთ მოსკოვისთვის საგარეო პოლიტიკის დელეგირება, რადგან მოკავშირეები ვართ და ახლა, როცა თბილისი უახლოვდება რუსეთს, ჩვენ არ ვიცით რა ხდება.  შეიძლება  ვიცით, მაგრამ ხელისუფლებას ამის თქმის ეშინია. ჩვენ უცნაურ მდგომარეობაში ვართ, როდესაც გვჭირდება აქტიური საგარეო პოლიტიკა, მაგრამ ჩვენი კომპლექსები ხელს  გვიშლის.

ნებისმიერ სიტუაციაში არის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შესაძლებლობები. მთავარია ვისარგებლოთ კარგი შესაძლებლობებით. ჩვენ ინერტულები ვართ და არაფერს ვაკეთებთ. ერთის მხრივ, რუსეთისა და საქართველოს დაახლოებას აქვს უპირატესობები.

შეიძლებოდა ვითარება შეგვეცვალა, მაგალითად ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გადახედვით, მაგრამ მეორე მხრივ, მოსკოვსა და ბრიუსელს და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები უარესდება. ევროკავშირი აღიარებს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ავრცელებს სანქციებს ჩვენზე. შეიძლებოდა  აქტიური მოლაპარაკებების წარმოება ევროპულ ოფიციალურ პირებთან სანქციების შემსუბუქების შესახებ. მაგრამ ჩვენი ხელისუფლება ინერტულია და ცვლილებების ეშინია.

ილია გუნია:  პრობლემები გვაქვს და ღობე, რაზეც ვისაუბრეთ, ძალიან სიმბოლურია. ჩვენ ვხედავთ  მას და ბევრს არ მოსწონს. მაგრამ საგარეო პოლიტიკაშიც იგივე ღობე გვაქვს. ჩვენ თვითონ ავაშენეთ და  გვჯერა, რომ უსაფრთხოდ ვართ.

მაგრამ, როგორც რეალურ ცხოვრებაში ღობე შეიძლება გახდეს დაბრკოლება,  ასევე ეს სიმბოლური ღობე შეიძლება გახდეს დაბრკოლება. ოდესმე მოგვიწევს ღობის დატოვება, შეიძლება ნაჩქარევად, შეიძლება არა ნაჩქარევად, მაგრამ ეს ღობე იგივე დაბრკოლება იქნება მათთვის, ვინც მის უკან დგას. ჩვენ ავაშენეთ ღობე   საგარეო პოლიტიკაში და არ გვინდა მისი მოხსნა, ვფიქრობთ, რომ ასე ვართ დაცული. მაგრამ ეს არის უსაფრთხოების ილუზია.

საგარეო პოლიტიკაში აქტიურად ჩართვის ნაცვლად, შიდა პრობლემებზე ვართ ორიენტირებული და მისი დაცვისა და უსაფრთხოების იმედით, გარკვეული უფლებამოსილებები გადავეცით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს. ჩვენ კი ინერტულად ვიქცევით.

15-20 წლის წინ, როცა აფხაზეთი რუსეთის ფედერაციის მიერ ჯერ  არ იყო აღიარებული,  ჩვენ უფრო  თავისუფლად, აქტიურად და კომპეტენტურად ვიქცეოდით, ვცდილობდით დაგვეცვა ჩვენი ინტერესები და ღირებულებები. მაგრამ როგორც კი წარმოსახვითი უსაფრთხოება გამოჩნდა, ეს სურვილი დავკარგეთ.

სამყარო სწრაფად იცვლება და აფხაზეთი მზად უნდა იყოს ამ ცვლილებებისთვის. ჩვენ უნდა დავეყრდნოთ საკუთარ ძალებს და მზად ვიყოთ გამოწვევებისთვის უსაფრთხოების, საგარეო და საშინაო პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროში. თუ მზად არ ვიქნებით, სხვა სახელმწიფოს დანამატი გავხდებით, რაც მიუღებელია. ჩვენ გადაგვყლაპავს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ჩაგვყლაპავს.

ჩვენ, როგორც სახელმწიფო, მზად ვართ სხვებთან ერთად ვიცხოვროთ მშვიდობიანად,  თუ ვინმე  ომით მოვა, შესაბამისი რეაქცია გვექნება და თუ ვინმე მშვიდობით მოვა, მაშინ  თანასწორი უნდა იყოს და და ჩვენც ასევე ადეკვატურად  უნდა ვუპასუხოთ ყველა ამ საკითხს.

 გაუგებარია საერთოდ  რა გვინდა. ის, რომ გვაჭმევდნენ, გვასმევდნენ, ხელფასს გვაძლევდნენ, არაფერს გვეკითხებოდნენ, აყვავდეს კორუფცია, ვიპარავდეთ რამდენიც გვინდა. ეს არის ის, რაც ჩვენ გვინდა? თუ  უნდა ვესწრაფოდეთ ავაშენოთ სახელმწიფო, სადაც ხალხი თავისუფლად იცხოვრებს, ექნება შრომის უფლება და ღირსეული ცხოვრება.

საკითხავია რას ავირჩევთ. სადაც ჩვენ მივდივართ, ეს არ არის აფხაზეთის გზა. დღეს პატარა აფხაზეთის ნაწილ-ნაწილ ყიდვა ძალიან მარტივია. დღეს ჩვენ გაურკვევლობაში ვართ. ჩვენ უნდა ავირჩიოთ: ან გვინდა ვიყოთ სახელმწიფო  უფლებებითა და თავისუფლებით , ან დავრჩებით დამოკიდებულის მდგომარეობაში, სადაც ყვავის კორუფცია და უპასუხისმგებლობა.

თუ პირველს ავირჩევთ, აქტიურად უნდა დავიცვათ ჩვენი ინტერესები, რომ არ გადაგვყლაპონ. ჩვენთან  იჭერენ ჯაშუშებს, რომლებსაც ფულს უხდიან უძრავი ქონების შესაძენად. ჩვენ ამას არ ვაკვირდებით. ეს ჯაშუშები, რომლებიც დაიჭირეს და ტელევიზიით აჩვენეს, არიან აფხაზეთის მოქალაქეები, რომლებიც 1994 და 1996 წლებში მუშაობდნენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ეს მიუთითებს, რომ პროცესი მიმდინარეობს. საქართველო უცვლელად იბრძვის ამ ტერიტორიის დაბრუნებისთვის და ეს  ხშირად გაჟღერდება, განსაკუთრებით, მომავალი არჩევნების კონტექსტში. ქართული რიტორიკა მრავალი წელია უცვლელი რჩება.

ინალ ხაშიგი:  სამწუხაროდ, აფხაზეთი არ ავითარებს საკუთარ ხედვას, თუ ის არ ეხება ბიზნესს. უმთავრეს საკითხებზე, რაც აფხაზეთის საზოგადოებას აწუხებს, არც  გეგმა არსებობს და არც მისი შექმნის სურვილი.

ილია გუნია:  გეგმა არსებობს, ომისშემდგომ პერიოდში შემუშავდა, მივყვებოდით, მაგრამ გზა აგვებნა  და  გადავუხვიეთ ამ გზას. ის არსებობს, მაგრამ ჩვენ ამას უგულებელვყოფთ

ინალ ხაშიგი: გასაგებია რომ არსებობს. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, სადაც ყველაფერი გაწერილია, რას ვაშენებთ და სად მივდივართ, მაგრამ ვარღვევთ.

ილია გუნია:  ხშირად  თავად კონსტიტუციის დამცველი  არღვევს და ამას არანაირი წინააღმდეგობა არ აქვს.

ინალ ხაშიგი:  ეს უკვე ტრადიციაა. გეოპოლიტიკური ცვლილებების ასეთ პერიოდში აუცილებელია სამუშაო შეხვედრების გამართვა,  მიმდინარე მოვლენებზე რეაგირებისთვის.

ილია გუნია:  ქვეყნის ლიდერები პასუხისმგებელნი უნდა იყვნენ ქვეყნისა და ხალხის წინაშე, მაგრამ ეს პასუხისმგებლობა დღეს არ არსებობს. ჩვენ არ ვიქცევით როგორც ქვეყანა. მთავარ პრობლემებს  არ ვაგვარებთ არა იმიტომ,  რომ  არ არსებობს მოგვარების გზები,   არამედ სურვილის არ ქონის გამო. ჩვენ ვირჩევთ მინიმალური წინააღმდეგობის გზას.

ხელისუფლებაში უნდა იყვნენ პასუხისმგებელი ადამიანები, რომლებიც იმუშავებენ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისთვის. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, რუსეთის ფედერაციას, შეუძლია დაგვეხმაროს უკეთესი  დონის მიღწევაში. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს დახმარება. ჩვენ გვგონია , რომ ყოველთვის ასე იქნება, მაგრამ ასე არ იქნება.

ინალ ხაშიგი: მე მაინც იმედი მაქვს, რომ ყველაფერი უკეთესად იქნება.  იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის გარშემო ეს ღობე,  არ გახდება აფხაზეთის საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობის ცვლილების სიმბოლო. ახლა საზოგადოება ხმაურობს სერიოზულ პრობლემების შესახებ და ხელისუფლება ხან აგრესიულად რეაგირებს, ხან კი საერთოდ არ რეაგირებს.

ეს ღობე ჩემთვის არის საკუთარი საზოგადოებისგან იზოლირების მცდელობის სიმბოლო. თუ ხელისუფლება შეიცვლება, ვისურვებდი, რომ ახალი ლიდერები ამ ღობეს არ მიეჯაჭვონ და, პირველ რიგში, დაანგრიონ.

ილია გუნია: როდესაც გავიგე ღობის შესახებ, პირველი რაც ვიფიქრე, ვინ მოიგონა? რომელ  აფხაზურ თავში, თავისი ტრადიციული ცნებებით, როგორიცაა „ანამისი, აპატუ, აფსუარა“ (პატივი, სინდისი, ხალხი), შეიძლება დაბადებულიყო ამ ღობის იდეა? ღობე იცავს სამთავრობო სტრუქტურებს ხალხისგან და  სხვა არავისგან. ჩვენ არ გვყავს გარე მტერი აფხაზეთის ცენტრში. ეს ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ტრადიციებს. თუ ხელისუფლებას ეშინია ღიაობის, ეშინია ბევრ რამეზე საჯაროდ საუბრის, ეს ნიშნავს, რომ ის რაღაცას არასწორად აკეთებს და  ეს ესმის. ამიტომ უწევს შემოღობვა.

ინალ ხაშიგი:  ნებისმიერ შემთხვევაში, დგება დრო, როცა რაღაც უნდა შეიცვალოს. სწრაფად ცვალებად სამყაროში, იყო ინერტული და არ რეაგირებდე იმაზე, რაც ხდება, დაუშვებელი  ფუფუნებაა.  ჩვენ ვასრულებთ გადაცემას, იმედი მაქვს, რომ ღობე არ გახდება ბარიერი  ჩვენს თავში. შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენი სტუმარი იყო ილია გუნია. ვისაუბრეთ აფხაზეთზე და საქართველოზე, მოლაპარაკებებზე, ღობეზე, ჩვენს საგარეო პოლიტიკაზე. ჩვენ დავაფიქსირეთ , რომ პრობლემა გვაქვს. გემშვიდობები, ილია, დიდი მადლობა. ნახვამდის.

ილია გუნია:  ნახვამდის!

მსგავსი სტატიები

„ეხო აფხაზეთი“ აქვეყნებს ინტერვიუს საზოგადო მოღვაწესთან და ყოფილ პარლამენტის წევრთან ლეონიდ ჩამაგუასთან - იმის შესახებ, თუ რამდენად დაინტერესებულნი არიან აფხაზი პოლიტიკოსები არჩევნების შედეგით და როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს ამან აფხაზეთზე.
მოსკოვის გამოცხადებულმა მზადყოფნამ, დაეხმაროს თბილისს სოხუმთან და ცხინვალთან შერიგებაში, საქართველოში მორიგი მწვავე პოლემიკა გამოიწვია.