როგორ იმოქმედებს “აგენტების კანონი” სამშვიდობო დიალოგზე? | ინტერვიუ მედეა ტურაშვილთან

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

აგენტების კანონი და სამშვიდობო დიალოგი

საქართველოს პარლამენტმა მიიღო ე.წ. “აგენტების კანონი”, რომელიც სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებზე პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს. მსგავსი კანონის მიღება იგეგმება სოხუმშიც, სადაც მას სამოქალაქო საზოგადოება 2014 წლიდან უპირისპირდება.

თბილისში მიმდინარე დემონსტრაციებთან დაკავშირებით მედიაში ისეთი ინფორმაციაც ვრცელდება, რომ “ქართული ოცნება” საზოგადოების პროდასავლური ნაწილის უკმაყოფილების დაბალანსებას წინასაარჩევნოდ ტერიტორიული მთლიანობის თემის წინ წამოწევით შეეცდება.

რა გავლენას მოახდენს “აგენტების კანონი” არაფორმალურ სამშვიდობო დიალოგზე? უნდა ველოდოთ თუ არა მმართველი პარტიისგან ტერიტორიული მთლიანობის შემოთავაზებას დასავლური ინტეგრაციის ნაცვლად? რას ნიშნავს აფხაზური საზოგადოების ნაწილის სოლიდარობა თბილისის დემონსტრაციებში მონაწილეებისადმი? ამ კითხვებზე “ქართულ-აფხაზურ კონტექსტს” მშვიდობისა და კონფლიქტების მკვლევარი მედეა ტურაშვილი პასუხობს.

საქართველოში მიიღეს ე.წ. „აგენტების კანონი“, რასაც საზოგადოების დიდი პროტესტი მოჰყვა. გარდა ზოგადი გავლენისა სამოქალაქო საზოგადოებაზე, როგორ შეიძლება ამ კანონმა მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებზე იმოქმედოს?

2008 წლის შემდეგ, როდესაც საქართველომ მიიღო კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეწყვიტეს პირდაპირი დიალოგი აფხაზ და ოს კოლეგებთან. ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური საზოგადოებების ერთმანეთისგან სრული იზოლაციის თავის არიდების მიზნით, დიალოგი სამოქალაქო ორგანიზაციებმა გააგრძელა.

ეს კანონი პირდაპირი დარტყმაა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე და ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ სამოქალაქო დიალოგზე

ეს სამოქალაქო დიალოგი, რასაც სახალხო დიპლომატიასაც უწოდებენ, დღემდე რჩებოდა კონფლიქტებით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის კომუნიკაციის არხად, მაშინ როდესაც ურთიერთობების სხვა შესაძლებლობები, მაგალითად, ფორმალური მოლაპარაკებები ან გადაადგილება საოკუპაციო ხაზზე, წლიდან წლამდე სუსტდებოდა.

საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის, მოლაპარაკებების, კონფლიქტების ტრანსფორმაციის, სამოქალაქო დიალოგის, ჰუმანიტარული თუ განვითარების პროგრამების პოლიტიკური მხარდამჭერი და ფინანსური გარანტორები ყოველთვის იყვნენ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები, ასევე, ბრიტანეთი და აშშ.

შესაბამისად, ეს კანონი პირდაპირი დარტყმაა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე და ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ სამოქალაქო დიალოგზე. პირველი, საქართველოს ხელისუფლება კონფრონტაციაში შევიდა ყველა დასავლელ პარტნიორთან და მხარდამჭერთან და ქვეყანა დასავლური სამყაროსგან იზოლაციის რისკის ქვეშ დააყენა. ამას პირდაპირი უარყოფითი გავლება ექნება, როგორც საქართველოს ევრო-ინტეგრაციის პროცესზე, ისე სამშვიდობო პოლიტიკაზე.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება აღარაა სანდო პარტნიორი, დასავლური პოლიტიკური და ფინანსური ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის სამშვიდობო პოლიტიკაში, არის კითხვის ნიშნის ქვეშ.

მაგალითისთვის, საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებით ამაყობს სამშვიდობო ფონდით, რომელიც ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ეკონომიკური კავშირების გაზრდას ემსახურება. ეს ფონდი 100% დაფინანსებულია დასავლელი პარტნიორების მიერ. საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი პოლიტიკის გამო შესაძლოა ამ ფონდის დაფინანსების საკითხი გადაიხედოს.

ამ კანონით შემცირდება მშვიდობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების რაოდენობა და დაეცემა მათი მუშაობის ხარისხი

მეორე, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სამოქალაქო დიალოგიც პოლიტიკურად და ფინანსურად მხარდაჭერილია დასავლელი პარტნიორების მიერ. ისინი მხარს უჭერენ ამ დიალოგს, როგორც შეიარაღებული დაპირისპირების თავიდან არიდების და ნდობის აღდგენის ინსტრუმენტს.

ამის გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ გამყოფ ხაზთან მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული და დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური დახმარების მიმართულებით, რაც არა უცხო ძალის, არამედ უპირველეს ყოვლისა ქართველი ხალხისა და სამშვიდობო პოლიტიკის ინტერესებს ემსახურება.

ამ კანონით შემცირდება მშვიდობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების რაოდენობა და დაეცემა მათი მუშაობის ხარისხი – მათი დახმარება კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობისადმი შემცირდება, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დიალოგის სივრცეები კი დავიწროვდება.

მესამე, სამოქალაქო დიალოგი ეფუძნება ნდობას და კონფიდენციალობას. თუ აფხაზ და ოს მონაწილეებს აღარ ექნებათ ნდობა, რომ ქართული ორგანიზაციები მათ პირად მონაცემებს და კონფიდენციალობას ვერ დაიცავენ, მაშინ ისინი უბრალოდ უარს იტყვიან მონაწილეობაზე უსაფრთხოების რისკების გამო. ამ კანონით, შესაძლოა სრულიად გაქრეს სამშვიდობო დიალოგის ფორმატები, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ საზოგადოებებს შორის გაუცხოებას, ეს კი მხოლოდ რუსეთის ინტერესში შეიძლება იყოს.

„აგენტების კანონის“ მიღებას ევროკავშირი აფასებს, როგორც ჩამკეტ წინაღობას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის გზაზე, რაზეც არაერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა გააკეთა განცხადება. რა როლი შეიძლება შეასრულოს ევროკავშირთან დაახლოებამ საქართველოს კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრის კუთხით და რა პერსპექტივა შეიძლება დავკარგოთ ამ მიმართულებით?

საქართველოში ყოველთვის კარგად ესმოდათ, რომ თუ რუსეთი თავის სიძლიერეს მეზობელი ქვეყნების არასტაბილურობასა და ჩამორჩენილობაზე აშენებს, ევროპული ფორმულით მშვიდობის, უსაფრთხოების, კეთილდღეობის და დემოკრატიზაციის წინაპირობა სწორედ მეზობლების სიძლიერე, დემოკრატიზაცია და უსაფრთხოებაა.

ეს პირდაპირ არის ასახული ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების გლობალურ სტრატეგიაში, რომელიც ამბობს: „შინ ჩვენი უსაფრთხოება დამოკიდებულია მშვიდობაზე ჩვენს საზღვრებს მიღმა“. შემთხვევით არაა, რომ ქვეყნის ევროპეიზაცია და ევროინტეგრაცია ყოველთვის იყო საქართველოს კონფლიქტების ტრანსფორმაციის და მშვიდობიანი მოგვარების ქვაკუთხედი.

ასეთი საქართველო შეუძლებელია მიმზიდველი და საინტერესო იყოს აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისთვის

საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტები ევრო-ინტეგრაციას მიიჩნევს, როგორც ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვანი საზოგადოების კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გარანტს.

განსხვავებით რუსული პოლიტიკისგან, რომელიც ძალმომრეობას, ომს, ოკუპაციას და ანექსიას ეფუძნება, ევროკავშირის პოლიტიკური ჩართულობა საქართველოში, მათ შორის მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებით, ემსახურებოდა სახელმწიფო ინსტიტუტების და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვას, მოლაპარაკებებს, კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობისა და იძულებით გადაადგილებული პირების სოციალურ და ეკონომიკურ გაძლიერებას.

ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის დაზიანება პირდაპირ აზიანებს მშვიდობის პერსპექტივებს საქართველოში. ჩვენ უკვე ვხედავთ შეჩერებულ დემოკრატიულ რეფორმებს, გაურესებულ ადამიანის უფლებებსა და მედიის თავისუფლების მდგომარეობას, მზარდ ავტორიტარიზმსა და კლეპტოკრატიის თვალსაჩინო მაგალითებს. ასეთი საქართველო შეუძლებელია მიმზიდველი და საინტერესო იყოს აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისთვის.

ევროკავშირთან ურთიერთობის დაზიანებით საქართველოს ხელისუფლება რისკის ქვეშ აყენებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, სადაც ევროკავშირი არის ერთ-ერთი თანათავმჯდომარე; ასევე, ევროკავშირის სპეციალური და სადამკვირვებლო მისიები; ასევე, ფინანსურ დახმარებას სამშვიდობო ინიციატივებისათვის.

ეს პროცესები რამენაირად არაღიარების პოლიტიკაზეც იმოქმედებს?

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა ყოველთვის მხარდაჭერილი იყო ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ. 2018 წლიდან აშშ-ს სპეციალური რეგულაციებით, ამერიკული საბიუჯეტო დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის მთავრობა, რომელმაც აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა.

საქართველოს იზოლაციამ დასავლურ სამყაროსგან შესაძლოა კვლავ დააბრუნოს აღიარებების ტალღა

აშშ-ს ეს მხარდაჭერა საქართველოსადმი მნიშვნელოვანი იყო რუსეთის სატელიტი ხელისუფლებების მიერ აღიარებების შესაჩერებლად. საქართველოს იზოლაციამ დასავლურ სამყაროსგან შესაძლოა კვლავ დააბრუნოს აღიარებების ტალღა.

ევროკავშირის სამშვიდობო ინსტრუმენტები, რომელსაც ის საქართველოში იყენებს (მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი, მედიაცია, სადამკვირვებლო მისიები, უსაფრთხოების გაძლიერება, ნდობის აღდგენის მექანიზმები, ადამიანის უფლებები და განვითარება, ომით მიყენებული მატერიალური ზიანის აღმოფხვა/რეკონსტრუქცია და აშ.), უპირველესად შეიარაღებული დაპირისპირების განუახლებლობას და გაყოფილ საზოგადოებებს შორის მშვიდობიან თანაცხოვრებას ისახავს მიზნად.

ევროკავშირის ჩართულობის დასუსტებასთან ერთად გაიზრდება გაუცხოების, დაძაბულობების და კოფნლიქტის ესკალაციის რისკები. საქართველოს ხელიდან გამოეცლება მნიშვნელოვანი სამშვიდობო ინსტრუმენტები და მშვიდობის მხარდამჭერი პარტნიორები.

„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო დემონსტრაციებს თბილისში სოლიდარობა გამოუცხადა აფხაზმა ომის ვეტერანმა ლაშა ზუხბამ, რასაც აფხაზურ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თქვენ როგორ აფასებთ როგორც ზუხბას პოზიციას, ასევე იმ აჟიოტაჟს რაც ამ მოვლენას მოჰყვა?

აფხაზური საზოგადოება დიდი ხანია რუსეთის პირდაპირი ზეწოლის ქვეშ ცხოვრობს და დარწმუნდა, რომ რუსულმა პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა თუ სამხედრო მხარდაჭერამ მას განვითარება ვერ მოუტანა (საერთაშორისო აღიარებაზე რომ არაფერი ვთქვათ). უკრაინაში რუსეთის ქმედებებმა კი მათში ანექსიის საფრთხის განცდაც გააჩინა.

აფხაზებს სჭირდებათ სტაბილური, დემოკრატიული და ევროპული საქართველო იმისათვის, რომ მეტად დაცულად იგრძნონ თავი

ამ დროს, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე გაჩნდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ახალი იმპულსი, რომელიც მათი უსაფრთხოებისა და განვითარების საჭიროებებს და ინტერესებს ეხმიანება.

აფხაზებს სჭირდებათ სტაბილური, დემოკრატიული და ევროპული საქართველო იმისათვის, რომ მეტად დაცულად იგრძნონ თავი, იმისთვის, რომ შექმნან განვითარების ევროპული მოდელი, იმისთვის, რომ ააშენონ დემოკრატიული, თავისუფალი და თანასწორი საზოგადოება. ეს ყოველივე კი სრულად შეესაბამება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

ბოლო პერიოდში აქტიურად მიდის საუბარი როგორც აფხაზურ, ისე ქართულ საზოგადოებაში და საექსპერტო წრეებში, ე.წ. შესაძლო კონფედერეციაზე, რომელსაც თითქოს რუსეთი საქართველოს დასავლურ კურსზე უარის თქმის შემთხვევაში სთავაზობს. არის თუ არა ეს რეალური და რა საფრთხეს ხედავთ ამ შემოთავაზებაში თუ ესეთი არჩევანი მართლაც დადგა?

ეს არის საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ტაქტიკა და მისი დასაყრდენი აღმოჩნდა “ქართული ოცნების” ხელისუფლება. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ საინფორმაციო სპეცოპერაცია წამოიყო ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ: ომში გვითრევენ დასავლელი პარტნიორები, შვეიცარული ბანკები, გლობალური ომის პარტია და მასონები.

სტრატეგიული პარტნიორები მტრებად შეირაცხნენ, მტრები მოკეთეებად, ოჯახის მოღალატეები ოჯახის სიწმინდის დამცველებად, ფარისევლები ეკლესიის ქომაგებად და აშ. სწორედ ამ სპეცოპერაციის ერთ-ერთი ახალი ჟანრია რუსეთის “დახმარება” ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით.

ამ მტკიცების აბსურდულობა თვალსაჩინოა: საქართველოს ბოლო 200 წლიანი ისტორია არის რუსეთის მიერ საქართველოს არაერთგზის მოტყუების ისტორია, მათ შორის აფხაზეთში ომის დროს ცეცხლის შეყვეტის ხელშეკრულების არაერთი დარღვევის სახით.

რუსეთს მხოლოდ არსებული მოუგვარებელი მდგომარეობის შენარჩუნების ინტერესი აქვს, ის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის აღიარებას საკუთარი ნებით უკან არ წაიღებს

რუსეთი თავის სამეზობლოში ქმნიდა და ასაზრდოებდა კონფლიქტებს სწორედ იმიტომ, რომ არ დაეშვა მეზობელი ქვეყნების ისეთი განვითარება და პროგრესი, რაც მათ პოლიტიკურ და ეკონომიკურ დამოუკიდებლობას გამოიწვევდა.

ამიტომ, საქართველოში რუსეთს მხოლოდ არსებული მოუგვარებელი მდგომარეობის შენარჩუნების ინტერესი აქვს, ის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის აღიარებას საკუთარი ნებით უკან არ წაიღებს. სხვა დანარჩენი კი მხოლოდ ლირიკაა.

რუსეთის დახმარებით „მოგვარებული“ კონფლიქტის ერთ-ერთი მაგალითია მთიანი ყარაბაღი: ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაცვლად, რუსეთმა მისი სტრატეგიული პარტნიორი – სომხეთი მიატოვა ბრძოლის ველზე, ხოლო მოგვარების ფორმულა კი რეგიონის მოსახლეობისგან სრულ დაცლაში გამოიხატა.

მსგავსი სტატიები

„ეხო აფხაზეთი“ აქვეყნებს ინტერვიუს საზოგადო მოღვაწესთან და ყოფილ პარლამენტის წევრთან ლეონიდ ჩამაგუასთან - იმის შესახებ, თუ რამდენად დაინტერესებულნი არიან აფხაზი პოლიტიკოსები არჩევნების შედეგით და როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს ამან აფხაზეთზე.
მოსკოვის გამოცხადებულმა მზადყოფნამ, დაეხმაროს თბილისს სოხუმთან და ცხინვალთან შერიგებაში, საქართველოში მორიგი მწვავე პოლემიკა გამოიწვია.