აფხაზეთის დეიზოლაცია
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის” თანადამფუძნებელი თამთა მიქელაძე საუბრობს ქართულ-აფხაზურ დიალოგზე, სამშვიდობო პოლიტიკაზე, აფხაზეთის დეიზოლაციის მნიშვნელობასა და რუსეთის მიერ გაძლიერებულ ანექსიურ პოლიტიკაზე რეგიონში, რის წინააღმდეგაც აფხაზური საზოგადოება იბრძვის.
თამთა მიქელაძის აზრით, უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელმა სამხედრო აგრესიამ და მოსკოვის მიერ მზარდმა წნეხმა აფხაზეთში აფხაზურ საზოგადოებაში ანტირუსული სენტიმენტები გაზარდა, რასაც ქართული მხრიდან შესაბამისი გამოხმაურება სჭირდება.
„ჟენევის დისკუსიებზე” მიქელაძე ფიქრობს, რომ ეს არ არის კონფლიქტის ტრანსფორმაციისკენ ან მოგვარებისკენ მიმართული ფორმატი, რადგან მას ამის შესაბამისი არც მანდატი გააჩნია და არც ინსტრუმენტები. „აგვისტოს ომის შემდეგ უფრო მკვეთრად ჩანს, რომ ჩვენს საზოგადოებებს შორის იზოლაცია და გაუცხოება გაიზარდა,” ასკვნის მიქელაძე.
მიქელაძე ასევე საუბრობს კონფლიქტების მრავალგანზომილებიანი აღქმის აუცილებლობაზე. „ამ კონფლიქტს აქვს როგორც საგარეოპოლიტიკური განზომილება, რაც საქართველოსა და რუსეთის ომს, რუსეთიდან მომდინარე აგრესიასა თუ გლობალურად რუსეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობას შეეხება, ასევე ადგილობრივი, ეთნოპოლიტიკური განზომილება,” ამბობს მიქელაძე.
აფხაზეთში მზარდი ანტირუსული სენტიმენტების განხილვისას, მიქელაძე აღნიშნავს, რომ აფხაზურ საზოგადოებაში „რუსეთმა დაკარგა სოლიდურობის განცდა”. მკვლევარის აზრით, ეს უკავშირდება, როგორც რუსეთის მიერ გამოვლენილ სისუსტეებს თუნდაც მთიან ყარაბაღში, ასევე რუსეთის „ბრუტალურ” საქციელებს უკრაინაში, რასაც აფხაზებიც ადევნებენ თვალყურს.
უკრაინის ომის ფონზე აფხაზეთში მიმდინარე ცვლილებებზე საუბრისას, მკვლევარი აღნიშნავს, რომ რუსეთი აძლიერებს ანექსიურ პოლიტიკას რეგიონში, რადგანაც სანქციების მას მეტი სატრანზიტო გზა და რესურსები სჭირდება. მიქელაძის თქმით, რუსეთის ანექსიურ პოლიტიკას აფხაზური საზოგადოება წინააღმდეგობას უწევს.
ამ ვითარებაში საქართველომ აფხაზურ საზოგადოებას უნდა მისცეს უსაფრთხოების გარანტიები და ასევე დაანახოს ალტერნატივა, მაგალითად, თუ რა სიკეთეს მოუტანს აფხაზეთს ევროკავშირი.
თამთა მიქელაძე ასევე ხაზს უსვამს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეიზოლაციის საჭიროებას, როგორც ერთ-ერთ ინსტრუმენტს ამ ტერიტორიებზე რუსული გავლენა შემცირდეს. „აფხაზეთის დეიზოლაციის ხელშეწყობა რუსეთის ანექსიური პოლიტიკის წინააღმდეგ წასვლაა,” ფიქრობს თამთა მიქელაძე და შესაძლებლობების ერაში ქართული მხარის ინერტულ მდგომარეობასაც უსვამს ხაზს.
ქართული პერსპექტივიდან განხილვისას, მიქელაძე ამტკიცებს, რომ საქართველოს ამ რეგიონების აღიარების შიში აღარ უნდა ჰქონდეს, რადგანაც უკრაინის ომის კონტექსტმა და ევროპული სასამართლოების მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ამის ალბათობა მინიმუმამდე დაიყვანა. შესაბამისად, მიქელაძე ქართული მხარისგან უფრო გამბედავი ნაბიჯების საჭიროებას ხედავს.
„ჩვენ ინერციით ვაგრძელებთ იზოლაციის პოლიტიკას, მაგრამ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ამით რეგიონების ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და სამხედრო დამოკიდებულების ხარისხი გაიზარდა რუსეთზე. ეს მუშაობს, როგორც აფხაზებისა და ოსების, ასევე ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების წინააღდმეგ”, ასკვნის მიქელაძე.