ევროკავშირი და აფხაზეთი
როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი აფხაზეთს? JAMnews-ის ინტერვიუ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ტოივო კლაართან.
● JAMnews-ზე 2024 წლის 26 იანვარს გამოქვეყნებულმა კომენტარმა დიდი ინტერესი გამოიწვია. იყო უამრავი რეაქცია და მხარდაჭერა, როგორც სოხუმში, ასევე თბილისში. ელოდით ასეთ რეაქციას?
„მინდოდა საჯაროდ მესაუბრა აფხაზეთში წვდომის სირთულეებზე, რომლებიც ახლახან შემექმნა (ეს არ იყო დაკავშირებული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ვიზიტებთან).
ადრე მე რეგულარულად შემეძლო ჩამოსვლა და ყველა დაინტერესებულ თანამოსაუბრესთან განმეხილეა, თუ რა კონკრეტული დახმარება შეიძლება ყოფილიყო აფხაზეთისთვის ევროკავშირისგან.
მინდოდა გამეზიარებინა ჩემი შთაბეჭდილებები და ემოციები კონსტრუქციული ურთიერთობის მრავალი დადებითი მაგალითის შესახებ, რომელიც გვქონდა აფხაზეთში სხვადასხვა თანამოსაუბრესთან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.
მე მესმის სიტუაციის სირთულე, რომელიც დაკავშირებულია მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებთან. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო ურთიერთქმედების სივრცის შემცირება ან საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მათი ადგილობრივი პარტნიორების საქმიანობის შეზღუდვა – და, შესაბამისად, აფხაზეთში შემოდინებული დახმარებაც – მხოლოდ გაამწვავებს პრობლემებს.
ნამდვილად არ ველოდი, რომ ჩემი აზრი ამხელა ინტერესს გამოიწვევდა, განსაკუთრებით აფხაზეთში. ძალიან კარგი იყო იმის დანახვა, რომ ადამიანებს შეუძლიათ თავისუფლად გამოხატონ თავიანთი შეხედულებები და ჩაერთონ საინტერესო დებატებში, განსაკუთრებით სოციალურ მედიაში“.
● შეგიძლიათ უფრო ზუსტი ინფორმაცია მოგაწოდოთ აფხაზეთში განხორციელებულ სხვადასხვა პროექტში საერთაშორისო მონაწილეობის მოცულობის შესახებ?
„მე შემიძლია ვისაუბრო მხოლოდ პროგრამებზე, რომლებსაც აფინანსებს ან მხარს უჭერს ევროკავშირი. როგორც იანვარში ჩემს კომენტარში ვთქვი, ევროკავშირი 15 წელზე მეტია აფინანსებს მნიშვნელოვან პროგრამებს აფხაზეთის მოსახლეობის მხარდასაჭერად. ეს ძირითადად ხდება აფხაზეთში მყოფი პარტნიორების მეშვეობით, როგორიცაა გაეროს სააგენტოები, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება.
როგორც მაშინ აღვნიშნე, ეს პროგრამები მხარს უჭერს ჯანდაცვის, განათლების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორებს და სხვა. ეს არის ასევე პროექტები დაკარგული ადამიანების მოსაძებნად და ასაფეთქებელი მოწყობილობების გასანეიტრალებლად.
ჩვენი მონაწილეობა მოიცავდა არა მხოლოდ ინტერაქციას საერთაშორისო პარტნიორებთან და ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, არამედ ჯანდაცვის, განათლების, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის და სხვა სექტორების წარმომადგენლებთან“.
● კონკრეტული ციფრები შეგიძლიათ?
„ზუსტი რიცხვები არ მაქვს თითოეული პროგრამისთვის. შემიძლია ვთქვა, რომ 2008 წლიდან მოყოლებული, სულ დაახლოებით 80 მილიონი ევრო დაიხარჯა იმ მხარდაჭერის პროგრამებზე, რაც ახლა აღვნიშნე. ასევე ნდობის აღდგენის ღონისძიებებსა და დიალოგზე. ეს ყველაფერი გამჭვირვალობის საფუძველზე ხდებოდა და ამის შესახებ იცოდნენ როგორც თბილისში, ისე სოხუმში.
ვფიქრობ, სამართლიანი იქნება ასევე აღვნიშნო დამატებითი თანხა – დაახლოებით 100 მილიონი ევრო, რომელიც ევროკავშირმა სესხებისა და გრანტების სახით გამოსცა ენგურჰესის შეკეთებასა და მოდერნიზაციაზე. ამის გარეშე დღეს აფხაზეთში სინათლე არ იქნებოდა.
და სხვათა შორის, სესხებს იხდის ექსკლუზიურად საქართველოს მთავრობა, ანუ ის ასევე დიდად უჭერს მხარს აფხაზეთის ენერგომომარაგებას.
ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საბოლოო ჯამში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მრავალი პროექტი და აქტივობა აფხაზეთში მიზნად ისახავს აფხაზური იდენტობის შენარჩუნებას და განვითარებას, განსაკუთრებით აფხაზურ ენას, ისტორიულ არქივებს, კოლხური ბზის და თუნდაც აფხაზური ღვინოების გადარჩენას.”