აფხაზური საზოგადოება აპარტამენტების კანონის წინააღმდეგ | დისკუსია

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

აფხაზური საზოგადოება აპარტამენტების კანონის წინააღმდეგ

აფხაზეთის ხელისუფლებას ე.წ. „ბინების კანონზე“ საზოგადოებასთან ბრძოლა უწევს. გულრიფშისა და ბიჭვინთის ადგილობრივი საკრებულოების შემდეგ, ბინების შესახებ კანონის მიღებას ახლა უკვე გუდაუთის რაიონის საკრებულოც ეწინააღმდეგება.

კანონის წინააღმდეგ გამოდიან მეცნიერები და შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები. გაზეთ „ჩეგემსკაია პრავდას“ რედაქტორი ინალ ხაშიგი ფონდ „აამთა“ ექსპერტთან ალხას ჯინჯოლიასთან და ადვოკატ საიდ გეზერდავასთან ერთად მსჯელობს ამ პროექტის ეკონომიკურ და სამართლებრივ კომპონენტებსა და საზოგადოების განწყობებზე.

გადაცემის წამყვანის ინალ ხაშიგის თქმით, მას არ ახსენდება აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის ისტორიაში ამაზე უფრო დიდი საზოადოებრივი აქტივობა, რაც “აპარტამენტების კანონმა” გამოიწვია. განსაკუთრებით აქტიურია ე.წ. აფხაზური ინტელიგენცია, რომელსაც კანონი აფხაზეთისთვის საზიანოდ მიაჩია.

ხაშიგმა იურისტ საიდ გერზედავას კანონის იურიდიული თვალსაზრისით შეფასებაც თხოვა. გერზედავას აზრით, კანონს უამრავი იურიდიული ხარვეზი აქვს, გარდა იმისა, რომ ის კონცეპტუალურადაც მიუღებელია და აფხაზეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

“აპარტამენტები, უფრო სწორია ვთქვათ აპარტ-ოტელები, ეს არის  კომპლექსი, რომელიც შეიძლება შედგებოდეს არა ერთი, არამედ რამდენიმე აპარტამენტისგან, შესაბამისად აპარტამენტს ეკუთვნის მიწის ნაკვეთიც და მთლიანი ინფრასტრუქტურა. ამ ნაწილში კანონის შემქმნელებმა ძალიან დეტალურად გაწერეს რა სახის ინფრასტრუქტურაა შესაძლებელი აპარტ-ოტელის ტერიტორიაზე. ეს არის საერთო მოხმარების მიწა, სასეირნო ტერიტორია. ასევე შეიძლება იყო კომერციული ფართები, კაფეები, შესაძლოა ბანკებიც. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რამხელა კომპლექსი შეიძლება შეიქმნას. ეს შეიძლება იყო მთელი მიკრორაიონები. იზოლირებული,” – ამბობს გერზედავა.

იურისტი ასევე ხაზს უსვამს შემდეგ პრობლემას, რაც აპარტამენტების ტერიტორიაზე სამართალდამცავების წვდომას შეეხება. “ნახეთ, როგორ არის ფორმულირებული ამ ტერიტორიაზე წვდომის შესაძლებლობა. მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში შეუძლიათ სამართალდამცავ და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებს მოხვდნენ ამ ტერიტორიაზე. ანუ ის, ფაქტობრივად, დაკეტილია უბრალო მოქალაქეებისთვის და ასევე სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებისთვის. ეს სერიოზული პრობლემაა,” – ფიქრობს ადვოკატი.

მას ეთანხმება ალხას ჯინჯოლიაც, რომელსაც ეს კანონპროექტი ძალიან დიდ საფრთხედ მიაჩნია და მასში აფხაზური საზოგადოებისთვის ვერანაირ მოგებას ვერ ხედავს. “ჩვენ შევეჯახეთ ყველაზე დიდ მტერს, რომელსაც ჯერ არ შევხებივართ. დიდი ფული, კაპიტალი, რომლისთვისაც არ არსებობს არც სინდისი, არც ქვეყანა, თავის თავის გარდა. ხალხი მისთვის არ არსებობს. მხოლოდ ერთმანეთის მოსმენა და ხელჩაკიდებული დგომა დაგვრჩენია,” – ამბობს ჯინჯოლია და ამატებს, რომ აფხაზეთი “სულ უფრო ახლოს არის უფსკრულთან”.

მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს მოსახლეობის შესაძლო შემოდინებაზე და დემოგრაფიული პრობლემის გაუარესებაზე, რაც აფხაზური საზოგადოებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მათი თქმით, საუბარია 70 ათას ადამიანზე, რომელთან დაკავშირებითაც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი არ გახდებიან აფხაზეთის საზოგადოების ნაწილი. თუმცა, ამ მტკიცებას არ იჯერებენ კანონის მოწინააღმდეგეები, რომელთაც ეშინიათ, რომ აფხაზი ხალხი აფხაზეთში კიდევ უფრო მეტად მოექცევა უმცირესობაში.

ალხას ჯინჯოლიამ ასევე ხაზი გაუსვა აფხაზეთის ინფრასტრუქტულ პრობლემებს, რამაც შეიძლება ამდენი ადამიანის შემოდინებას ვერ გაუძლოს: “აფხაზეთის წყლის მომარაგება ინგრევა. წყლის მილები მოძველებულია და ა.შ. ეს საკითხი მოსაგვარებელია. ასევე კანალიზაცია, როტავირუსული ინფექციასთან შეხება ყველას მოგვიწია. წყლის ხარისხი, ამ ქვეყანაში წყლის გამწმენდი საშუალებები არ არის. მილები გაიყვანეს სადღაც ზღვაში და ისინიც განადგურდა უკვე. ამ პირობებში წარმოიდგინეთ მოთხოვნის გაორმაგება ან გასამმაგება. ნარჩენები. წარმოიდგინეთ რა მოხდება.”

ექსპერტების აზრით, მნიშვნელოვანი პრობლემაა ასევე საფრთხე, რომელიც კერძო ტურისტულ სექტორს დაემუქრება. “წარმოიდგინეთ, აპარტამენტებში რამდენი ადგილია გამოყოფილი ტურისტებისთვის. რაც თავისკენ მიიზიდავს რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტსაც და კერძო სექტორი ალბათ ჩაიძირება,  რადგან მას არ ექნება საშუალება კონკურენცია გაუწიოს აპარტამენტების პირობებს. ეს დღის წესრიგი სრულიად არ არის ადგილობრივი ბიზნესის ინტერესებში. ეს არა მხოლოდ კერძო სექტორს,  კერძო სექტორი არ არის მხოლოდ ის ხალხი, რომლების სახლებს აქირავებს, ასევე სასტუმროები. ვიცით, რომ სასტუმროში ცხოვრების ფასი მაღალია, შესაძლოა ფასი უფრო  მისაღები  იყოს აპარტამენტებში. ნახეთ რამხელა კონკურენცია იქნება,” – ასკვნის გერზედავა.

დისკუსიის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს იმ გზებზე, თუ როგორ შეიძლება ამ კანონის თავიდან არიდება. მათი აზრით, ამისთვის რამდენიმე გზა არსებობს – მაგალითად, კანონპროექტის ინიციატორი თუ გამოითხოვს კანონს ან პარლამენტი თუ ჩააგდებს მას დეპუტატების მცირე მხარდაჭერის გამო.

მსგავსი სტატიები

„ეხო აფხაზეთი“ აქვეყნებს ინტერვიუს საზოგადო მოღვაწესთან და ყოფილ პარლამენტის წევრთან ლეონიდ ჩამაგუასთან - იმის შესახებ, თუ რამდენად დაინტერესებულნი არიან აფხაზი პოლიტიკოსები არჩევნების შედეგით და როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს ამან აფხაზეთზე.
მოსკოვის გამოცხადებულმა მზადყოფნამ, დაეხმაროს თბილისს სოხუმთან და ცხინვალთან შერიგებაში, საქართველოში მორიგი მწვავე პოლემიკა გამოიწვია.