მკვლელობა აფხაზეთის პარლამენტში
19 დეკემბერს, აფხაზეთის პარლამენტის სხდომაზე, რომელზეც განიხილებოდა კანონპროექტი მაინინგის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრებაზე, დეპუტატმა ადგურ ხარაზიამ პისტოლეტიდან ცეცხლი გაუხსნა კოლეგას, კან ქვარჩიას. შედეგად ქვარჩიამ ჭრილობა მხარის არეში მიიღო, ხოლო მეორე დეპუტატი ვახტანგ გოლანდია, რომელიც მათ აშველებდა – გარდაიცვალა. ადგურ ხარაზია დანაშაულის ადგილიდან მიიმალა და ამჟამად ძებნაშია.
ამ უპრეცედენტო ინციდენტის გაანალიზებით, ადგილობრივი ჟურნალისტები მიდიან დასკვნამდე, რომ ეს აფხაზეთის პოლიტიკური სისტემის სრულ დეგრადაციაზე მიუთითებს.
იზიდა ჭანია, “ნუჟნაია გაზეტას” რედაქტორი:
“პარლამენტის ამჟამინდელმა შემადგენლობამ მთლიანად მოახდინა საკუთარი თავის დისკრედიტაცია.
მართებული იქნება, თუ ამ ტრაგიკული მოვლენების შემდეგ პარლამენტი დაიშლება.
საპრეზიდენტო არჩევნების ნაცვლად (აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის 25 თებერვალს არის დაგეგმილი – JAMnews) საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. იმიტომ, რომ პარლამენტის ასეთი შემადგენლობით შეუძლებელია კანონების შეცვლა საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე.“
ინალ ხაშიგი, გაზეთ “ჩეგემსკაია პრავდას“ რედაქტორი:
“სამწუხაროა ვახტანგ გოლანდიას დაღუპვა, ჭეშმარიტად წესიერი ადამიანი, რომელიც გარემოებების მსხვერპლი გახდა. თუმცა, თუ ემოციებს დავიოკებთ, ეს არ არის გარემოებები, არამედ ეს არის ლოგიკური შედეგი, რომლისკენაც მივდიოდით…
იმიტომ, რომ სწორედ ჩვენ მივეცით ქურდებისა და შარლატანებისგან შემდგარ “ელიტას“ ხელისუფლებაში მოხვედრის საშუალება.
ნორმალურ საზოგადოებაში ისინი გარიყულები არიან.
და რაც უფრო მეტს იპარავდნენ და უგულებელყოფდნენ კანონს, მით მეტი პატივისცემით სარგებლობდნენ.
დრო, როდესაც ელიტა შედგებოდა ინტელიგენციისგან, რომელიც გულწრფელად ფიქრობდა ერისა და სახელმწიფოს მომავალზე, უკვე დიდი ხანია წავიდა. ახლა სხვა გმირები არიან. და ეს არის ჩვენი არჩევანი, რომელიც ჩვენ თვითონ გავაკეთეთ.”
ნიზფა არშბა, ტელეგრამის არხის “აიაშარას” რედაქტორი:
“უბრალოდ დაფიქრდით: ადამიანი, რომელმაც ერთხელ უკვე სცადა სხვისი სიცოცხლის მოსპობა (2020 წელს ადგურ ხარაზიამ „მოწინააღმდეგეს“ ესროლა ფეხში ოჯახური კონფლიქტის დროს – JAMnews), როგორღაც მოხვდა პარლამენტში!
რა წესრიგზე შეიძლება ვილაპარაკოთ ჩვენ ქვეყანაში?!“