საქართველოს გაერთიანების ხედვა
ნიკა გვარამიას ინტერვიუს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მოგვარების საკითხზე მისეულ ხედვებს ქართულ საზოგადოებაში ფართო დისკუსია მოჰყვა. განსაკუთრებული კრიტიკა აფხაზეთისა და მთიანი ყარაბაღის შედარებებს მოჰყვა. მოსაზრებები პირობითად რამდენიმე ჯგუფად შეიძლება დახარისხდეს.
პირველი ჯგუფის მოსაზრებები საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაახმოვანა. მან მძიმედ გააკრიტიკა გვარამიას პოზიცია და აქცენტი კონფლიქტის რუსულ-ქართულ განზომილებაზე გააკეთა. სააკაშვილის თქმით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რუსეთის დასუსტების პირობებში ნებისმიერი მეთოდით უნდა მოხდეს.
მიხეილ სააკაშვილმა ამ თემაზე ფეისბუქზე ორი ტექსტი გამოაქვეყნა. გთავაზობთ მისი განცხადებების სრულ ვერსიებს.
ამ დღეებში სრულდება აფხაზეთში რუსების მიერ ჩვენ წინააღმდეგ გაჩაღებული ომის მორიგი წლისთავი და თითქოს რამდენიმე წლის წინ რუსების შემოგდებულ, აფხაზებისადმი ბოდიშის აფხაზურად მოხდის „მშიბზია“ სამარცხვინო კამპანია არ გვეყო (მაშინ ივანიშვილის 2024 წლის საბოდიშო გამოსვლამდე ტესტავდა “ეფ ეს ბე” ამ თემაზე ქართული საზოგადოების რეაქციას.
ახლა ნიკა გვარამიამ და არა მხოლოდ ნიკამ, გამოაგდეს თემა, რომ თურმე როგორც ფაშინიანმა მოიშორა ყარაბაღის „ტრავმა“, ასევე ჩვენ უნდა გადავლახოთ აფხაზეთის ტრავმა და ვიაროთ წინ. ეს თეზისი არა მხოლოდ სრულიად მიუღებელი და მავნეა, არამედ აბსოლუტურად არ ასახავს ისტორიულ და პოლიტიკურ რეალობას.
აფხაზეთი ომამდე იყო ყველაზე განვითარებული, შეიძლება ითქვას ყველაზე ევროპეიზებული, ძირითადად მეგრელებით დასახლებული რეგიონი, რომელიც აუცილებლად გახდებოდა საქართველოს ევროპაში, ბალტიის ქვეყნების მსგავსად, სვლის ლოკომოტივი, რომ არა რუსების დაგეგმილი და ორგანიზებული ომი.
ამ დაგეგმილ ომზე, ჯერ კიდევ 1989 წელს მეორეკურსელ სტუდენტს მაფრთხილებდა აკადემიკოსი გიორგი არბატოვი, გორბაჩოვის პოლიტბიუროს „ლიბერალი“ წევრი. მან მითხრა – „მიხეილ 9 აპრილის ამბები თბილისში მხოლოდ დასაწყისია, თუ გააგრძელებთ შემდგომ მოთხოვნას დამოუკიდებლობის, თქვენზე მთავარი დარტყმა განხორციელდება აფხაზეთში და ამის გეგმები უკვე არსებობს გენშტაბში.
არბატოვი ერთ რამეში შეცდა, პირველი დარტყმა განხორციელდა ჯერ თბილისში, რუსების მხარდაჭერილი შეიარაღებული გადატრიალების სახით და ამას მოჰყვა უკვე აფხაზეთი. აფხაზეთიდან ქართველების გამოყრით, რუსებმა თავიდანვე დაასაჭურისეს ქართული სახელმწიფო.
მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ აფხაზური საზოგადოების რომანტიზების. მინდა კონკრეტული მაგალითი მოგიყვეთ, აფხაზეთის ომის დროს, სხვებთან ერთად ვმუშაობდი ტყვეების გაცვლაზე. სოხუმში ეს ჯგუფი ვრჩებოდით ხოლმე ქალაქის ცენტრში, ძალიან ინტელიგენტ სოხუმელ ახალგაზრდა კაცთან მიშა კოკაიასთან, მის დიდ ბინაში. ეს იყო ე.წ. თეთრი სახლი, სადაც აფხაზეთის მწერალთა კავშირის ცნობილი აფხაზი წევრებიც ცხოვრობდნენ და მიშა პირადად იცავდა მათ ძალადობისგან, საუკეთესო ურთიერთობები ჰქონდა აფხაზებთან. როდესაც აფხაზური შენაერთები შემოვიდნენ სოხუმში, ერთ-ერთი პირველი ვინც დახვრიტეს, იყო მათი ქომაგი მიშა კოკაია.
უფრო შორს რომ წავიდეთ, ომამდე ხშირად დავყავდი ოჯახს აფხაზეთში და მაშინ თვალში საცემი იყო აფხაზების, ჩვენ როგორც ქართველების მიმართ მტრული დამოკიდებულება. მოზარდებს მარტო არსად გვიშვებდნენ, იმიტომ რომ ხშირი იყო შემთხვევები ფიზიკურად თავდასხმის.
ჩემი ბოლო ომამდელი გამოცდილება იყო 1991 წლის ზაფხულში დასასვენებელ სახლ „ზალატოი ბერეგის“ სასადილოში, სადაც ჩემმა მეგობარმა უხარისხო კერძი გააპროტესტა და აფხაზმა მზარეულმა გვითხრა – „Собакам собачья пища„
ასე რომ დღემდე აფხაზური საზოგადოება მთლიანად გამსჭვალულია ფაშისტური ტიპის სხვა ერების აუტანლობის იდეოლოგიით და ეს ეხება არა მხოლოდ ქართველების მიმართ დამოკიდებულებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ომის დროს მათ ასევე გაყარეს 100 ათასზე მეტი ბერძნები, ებრალები და ესტონელები და ამ ბოლო დროს აქტიურად ავიწროებენ სომხებსაც, რომლებიც თავის დროზე მათ მხარეს იბრძოდნენ.
მე არ მაქვს არანაირი სიმპათია ასეთი ხალხის მიმართ, თანაც ეს ხალხი აშკარად უუნაროა განავითაროს ის ტერიტორია რომელსაც მოაჯდა, სრულიად გაველურებული ადამიანთა ჯგუფი ტყუილად აცდენს ამ ოქროს მიწას, არც თვითონ ხეირობს, არც სვას ახეირებს (შეადარეთ აბა ბათუმს).
განცხადება „აფხაზეთის ტრავმა უნდა გადავლახოთ“ იგივეა, რომ დავით აღმაშენებელს, რომელსაც თბილისის აღებაზე 30 წელი დასჭირდა, რაღაც მომენტში ეთქვა რომ „თბილისის ტრავმა უნდა გადავლახოთ“, თბილისი არაბებისთვის დაეტოვებინა და სამუდამოდ გადართულიყო სხვა თემებზე.
გარდა იმისა, რომ პირადად მე აფხაზეთში მეძახის ჩემი სისხლი, ბაბუაჩემი დომენტი ალასანიას სახლი ეშერაში, შევხედოთ სრულიად პრაგმატულად ამ საკითხს. გამოანგარიშებულია რომ უახლოეს ათწლეულებში მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი იცხოვრებს ზღვის გასწვრივ, იმიტომ რომ იქ არის კომუნიკაცია და შესაბამისად განვითარება. დღეს ჩვენ ვაკონტროლებთ სარფიდან ანაკლიამდე ზღვის ზოლის 100 კილომეტრზე ნაკლებს, აფხაზეთი დამატებით 200 კილომეტრია. ამას გარდა სოხუმიდან 40 წუთით ნაკლებია ევროპამდე ფრენა ვიდრე თბილისიდან. აფხაზეთის დაბრუნება ნიშნავს, საქართველოს ეკონომიკის ეგრევე მინიმუმ გაორმაგებას და იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთის სანაპიროსთან, ზღვის შელფზე დიდი ალბათობით არის ნავთობი, შემდგომში კიდევ რამდენჯერმე გაზრდას და რას გვთავაზობთ რომ ყველაფერ ამაზე უარი ვთქვათ და რუსებს და აფხაზებს დავუტოვოთ?
ჩვენ რომ აჭარა რუსებისთვის და ადგილობრივი სეპარატისტი ფეოდალისგან არ გამოგვეგლიჯა 2004 წელს, დღეს უკვე ანალოგიურად ისაუბრებდა მავანი, რომ უნდა „გადავლახოთ აჭარის ტრავმა“.
არ ვიცი ვინ რა აზრზეა, მაგრამ მე მიხეილ სააკაშვილი ვაპირებ სხვა პატრიოტებთან ერთად, იმპერიის დასუსტების პარალელურად, აფხაზეთის, კერძოდ საქართველოს ძირძველი გალის, ოჩამჩირის, ტყვარჩელის, გულრიფშის, სოხუმის, გუდაუთის, გაგრის, კოდორის მიწების დაბრუნებას საქართველოს კონტროლ ქვეშ და თუ ვინმეს იქ დარჩენილ მოსახლეობიდან ეს არ მოეწონება, მათ შეუძლიათ სხვა ქვეყნებში გადავიდნენ საცხოვრებლად. ზუსტად ასევე ფიქრობენ ჩემი შვილები და იმედია თქვენი შვილებიც.
ჩვენ აღვადგენთ კონტროლს ყველა საჭირო საშუალების გამოყენებით. ის რაც დღეს არის, ეს არის დროებითი სიტუაცია განპირობებული რუსეთის იმპერიის გაგრძელებული აგონიით, მაგრამ ეს იმპერია მილევად რეჟიმშია და მას ნამდვილად არ უნდა გადავაყოლოთ ის, რაც კანონიერად ჩვენ გვეკუთვნის.
სომხეთთან და ყარაბაღთან შედარება არის ძალიან უადგილო. იქ აზერბაიჯანმა დაიბრუნა ის ტერიტორია რომელიც მას ეკუთვნოდა. ჩემი პრეზიდენტობის დროს მუდმივად ვსაუბრობდი აფხაზეთზე, ჭორვილის რეჟიმმა ამ თემას ტაბუ დაადო.
და ახლა კიდევ ერთხელ ყველამ უნდა წამოვუძახოთ პირველ რიგში საკუთარ თავს – აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა, რომელზეც კონტროლი დაკარგული გვაქვს მხოლოდ დროებით და როგორც აზერბაიჯანმა 34 წლის შემდეგ დაიბრუნა თავისი ტერიტორია, როგორც ხორვატიამ დაიბრუნა სპლიტი და სხვა ტერიტორიები, აუცილებლად აღვადგენთ ამ კონტროლს. ხოლო აფხაზეთის ჭრილობა ვერ მოშუშდება მანამ, სანამ ეს არ მოხდება. მე ჩემის მხრივ ვაპირებ სოხუმი ბათუმზე ბევრად უკეთესად ავაშენო და განვავითარო. საერთოდ მიმაჩნია, რომ იქ უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი, ევროპასთან და უკრაინასთან ახლოს. თბილისი ამავე დროს დარჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს ქალაქად, რეალურად კავკასიის დედაქალაქად.
ვისაც ჰგონია, რომ აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, მაქსიმუმ 50 000 აფხაზის შემორიგებაზე გადის მხოლოდ, იმას თავში აზრების ნაცვლად ტყლაპი აქვს. აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება.
აფხაზეთი, ეს არის დიდი გეოპოლიტიკური საკუთხი, რომლის გადაწყვეტა გადის რუსეთის იმპერიის დასუსტებაზე და სავარაუდო დაშლაზე. საკითხი, რომელიც დამოკიდებულია უკრაინის წარმატებებზე და დასავლეთის სიძლიერეზე და რა თქმა უნდა თვითონ საქართველოს ფორმაში ყოფნაზე.
ასე რომ მოეშვით მჩხიბაობას და დაინახეთ ფართო სურათი და აქვე მინდა გამოვთქვა ჩემი სამძიმარი გარდაცვლილი აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ოჯახის მიმართ.
მეორე ჯგუფის მოსაზრებები “თავისუფალი ხალხის პარტია“-მ [ყოფილი “გირჩი”] თავის ტრადიციულ YouTube ლაივში გამოხატა. მათი თქმით ქართულ-აფხაზურ ურთიერთობების აღდგენაში ვაჭრობას ცენტრალური ადგილი უკავია, ქართული ოცნებისა თუ სააკაშვილის პოზიციები ან ილუზორულია, ან – მილიტარისტული. ქართულმა საზოგადოებამ უნდა გაარკვიოს აფხაზეთის დაბრუნება სურს, თუ – შურისძიება.
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ქართული ოცნების ნარატივი რა არის? რუსებთან დავლაგდებით, შეიძლება რუსეთის შემადგენლობაში, მაგრამ – გაერთიანებული შევალთ. მიშა ამბობს – იარაღს ავიღებ, თავში ჩავარტყამ.
ქართული ოცნების საუბრები ბოდიშზე, გეორგიევსკის ტრაქტატზე შინაარსობრივად ის არის, რომ რაღაც ფორმით გავხდებით რუსეთის ნაწილი, მაგრამ აფხაზეთს რუსები დაგვიბრუნებენ, იმიტომ რომ ჩვენ უკეთესი მონები ვიქნებით, ვიდრე – აფხაზები ან ოსები არიან. ჩვენ ამ ფუნქციას შევითავსებთ. ეს არის ქართული ოცნების ნარატივი. ამის საწინააღმდეგო ნარატივია „შურს ვიძიებთ“, რუსებს ჩავკლავთ და სად წავლენ მერე აფხაზები? მიიღებენ ჩვენს წესრიგს.
ვახტანგ მეგრელიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით თითქოს რადიკალურად განსხვავებული პოზიციებია – სინამდვილეში ერთი და იგივე ფაქტობრივ შედეგს აყენებს.
ალექსანდრე რაქვიაშვილი: დიახ, რაღაც გაგებით აფხაზების დასჯას.
იაგო ხვიჩია: ერთი არის, რომ „იმპერიასთან დავლაგდები აფხაზეთზე“.
ვახტანგ მეგრელიშვილი: აფხაზებისთვის ორივე მტრული ნაბიჯია.
ალექსანდრე რაქვიაშვილი: დიახ, ასეა. ჩვენს საზოგადოებაში მოიძებნება ხალხი, რომელსაც ურჩევნია რომ ფული ჰქონდეს და რუსეთის შემადგენლობაში იყოს. ასევე მოიძებნება ხალხი, რომელსაც შურისძიების მოტივი მთავარი აქვს და სულ არ აინტერესებს იქნება აფხაზებთან ვაჭრობა თუ არა. მათთვის მთავარია ოღონდ შური იძიოს. ეს განსაკუთრებით ეხება ჩვენზე უფროს თაობას. ამ სეგმენტს, იმათ ვისაც შურისძიება უნდა მიშა გამოიყენებს. ვისაც წესიერი ცხოვრება უნდა – ჩვენი ელექტორატი იქნება.

ქართული ოცნება ამბობს, რომ არაფერი არ ვიცით, მკვდრები ვართ, ოპოსუმები ვართ და ამიტომ არ გვჭამენ. თუ რუსები ხელში ჩაგვიგდებენ – აფხაზეთსაც დაგვიბრუნებენ, იმიტომ რომ ჩვენ უფრო კარგი ოპოსუმები ვართ, ვიდრე – აფხაზები.
იაგო ხვიჩია: რუსებთან დავლაგდებით და რაღაცას ვიზამთ არის მათი მთავარი ნარატივი. ის ნარატივი, რომ ჩვენ შევალთ რუსეთის შემადგენლობაში და იქ გავერთიანდებით აფხაზეთთან ეს არ არის ქართული ოცნების პირდაპირი ნარატივი.
ალექსანდრე რაქვიაშვილი: პირდაპირი არ არის, მაგრამ უბრალოდ სხვა მეტი არალოგიკური შესაძლებლობა აღარ გრჩება. შენ უნდა დაუშვა, რომ პუტინი ერთ დღეს გაიღვიძებს და იტყვის ქართველები მაგრად იქცევიან და მოდი აფხაზეთი ხომ არ ვაჩუქოთ?
ჰერმან საბო: არ არის მაგ დაპირების შესრულება საჭირო. შენ სულ შეგიძლია ამ ნარატივით ხალხი დაბმული გყავდეს. შექმნა დაუსრულებელი მოლოდინი და ამ მოლოდინში ნარატივი შეინარჩუნო, რომ მე იქ რაღაც პერსპექტივა მაქვს. არ არის საჭირო რომ რამე მოხდეს. რამდენჯერ ყოფილა ეგრე.
ალექსანდრე რაქვიაშვილი: დიახ, შეიძლება მიშაც არ აპირებდეს სადმე ომის დაწყებას. ცივსისხლიანად შეხედე. არის ხალხი ვინც ერთი ნარატივით ტყუვდება, არის ხალხი, რომელიც სხვა ნარატივით ტყუვდება. ეს ლიდერები კი ამ ხალხს ატყუებს. შენ კი მოდიხარ და ეუბნები: ხალხო, არ გვინდა ჩხუბი, მოდი კარგად ვიცხოვროთ…
ვახტანგ მეგრელიშვილი: ჩვენ თუ კარგად ვიცხოვრებთ შანსი გაგვიჩნდება, რომ იმ ხალხსაც მოუნდეთ ჩვენნაირად ერთად ცხოვრება. აი ჩვენ ხომ დავდივართ კარგ ქვეყანაში, კარგ ქალაქში და ჩვენც მოგვწონს როგორ ცხოვრობენ. როგორც გაყოფილ ბერლინში ხდებოდა. შენ თუ იმას აღწევ, რომ რადიკალური განსხვავება გაქვს აქ ცხოვრების ხარისხში, მაშინ ჰუმანიტარულად კი არ მკურნალობ იმათ – იმან იცის რომ საქართველოში დოკუმენტი იქნება თუ საქმე ყველაფრის გაკეთება შეიძლება და საერთოდაც აქ ცხოვრებაც კარგია, პროფესიული განათლებაც, შვილის განათლება და სხვა.
ჰერმან საბო: მისი სიმართლე იქნება დაცული, საკუთრება დაცული იქნება.
ვახტანგ მეგრელიშვილი: არ არსებობს ბევრი გზა. შენ ერთადერთი გზა გაქვს აფხაზეთი დაიბრუნო. ყველა დანარჩენი გზა სისულელეა.
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ტყუილზეა მოთხოვნა. ჩვენი პოზიცია რა არის? ჩვენ უნდა გავხსნათ ვაჭრობა. გასაგებია რომ იქ რუსები დგანან და აფხაზები. გასაგებია, რომ შენი პროდუქციას ასე მარტივად არ შეუშვებენ. იქ ცალკე კორუფციაა და სხვა რამე.
შენი მხრიდან რომ გააკეთო შემდეგი რამ: შენ რომ მოდიხარ აფხაზეთის მხრიდან, მოგაქვს შენი პროდუქცია [სიგარეტი, მანდარინი, თხილი, რაც გინდა მოგაქვს] – მობრძანდი. როგორც კახელს მე არ ვუშლი ჩაიტანოს რამე თბილისში, არ ვამოწმებ და უსაფრთხოების სამსახური თავზე არ ადგას – ისე არ დაგადგები თავზე შენ. იარაღი არ შემოიტანო. არ გაქვს იარაღი და მანდარინი მოგაქვს? წაიღე. აფხაზური ეკონომიკის მასშტაბით უზარმაზარი ბაზარი ჩნდება.
ჰერმან საბო: როგორც ჩვენთვის ევროკავშირის ბაზარი.
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ამათ რა საჭიროება გაუჩნდებათ? იმის საჭიროება, რომ აქეთ მხარეს საწყობები ააშენონ, ლოგისტიკური ცენტრები ააწყონ, ხიდი გაარემონტონ რომ სატვირთომ სწრაფად გადაიაროს.
კარგი, გასაგებია რომ ჩვენ სოხუმში არ გვიშვებენ, მაგრამ ჩვენ სოხუმის ბაზრის გარეშეც ვიარსებებთ. მათთვის კი ჩვენი ბაზარი უზარმაზარი ბაზარია.
ვინმე აფხაზი ბიზნესმენი, რომელსაც ჩვენ აქ პრობლემას არ ვუქმნით, გადმოვა თბილისში, შეუყვარდება ქართველი გოგო, შექმნიან ოჯახს, ან პირიქით მოხდება. ეს სულ იყო. ადამიანური ურთიერთობები სულ იყო. იქ ბიზნეს პარტნიორები გახდებიან, იქ ოჯახური ურთიერთობა იქნება, ერთმანეთთან სტუმრად მივლენ თუნდაც იმიტომ, რომ საერთო საქმე აქვთ, საერთო ინტერესები აქვთ. აფხაზებში გაჩნდება ხალხი, რომლის ოჯახების კეთილდღეობა საქართველოზე იქნება მიბმული.
გასაგებია, რომ რუსების ოკუპაცია ამით არ დამთავრდება, მაგრამ ოკუპაცია იმ ტერიტორიის რომლის მოსახლეობა შენს წინააღმდეგია – ხომ რთულია. ამ რეალობაში თბილისის ოკუპაცია ხომ ბევრად უფრო რთულია, ვიდრე – სოხუმის?
აი აფხაზები რომ ჩვენ აზრზე გადმოვიდნენ, იფიქრონ თურმე ქართველებთან რა კარგი ყოფილა, რუსები ხელს გვიშლიან, ომებს იწყებენ, ჩემს ახალგაზრდებს კლავენ ამ ომში და აგერ ქართველებთან კარგად ვცხოვრობთ. ისინი რუსებს წინააღმდეგობას გაუწევენ და რუსებისთვისაც რთული იქნება.
თუ მოუნდათ საქართველოსაც დაიპყრობენ, მაგრამ უბრალოდ სარგებელი არ გექნება თუკი ადგილზე წინააღმდეგობას გიწევენ.
ვახტანგ მეგრელიშვილი: ჩვენს პოლიტიკოსებზე ვიძახი, რომ ესე ბრიყვულად ვეხმარებით რუსებს.

ალექსანდრე რაქვიაშვილი: დიახ, სულ ვეხმარებით რუსებს. აი 90-იანებში ბლოკადა რო მოვუწყეთ აფხაზებს. რუსებმა ჩაუკეტეს და ჩვენც ჩავუკეტეთ. ლამის შიმშილისთვის გავწირეთ, ნაცვლად იმისა, რომ გვეთქვა რუსეთისკენ კი არა, ჩვენკენ გადმოდითო. უფრო გავამწარეთ. ჩვენ საწინააღმდეგო უნდა გავაკეთოთ.
მაგალითად: ვხედავ რომ აფხაზი არ მაღიარებს, ჩვენ პასპორტს არ აღიარებს. მე ვაღიარებ რომ ჩემი მოქალაქეა. თუ ესპანეთის მთავრობას შეუძლია ვიღაც აფრიკელი გადმოიყვანოს, ფული მისცეს და დაეხმაროს – მე რატო არ შემიძლია აფხაზს იგივე გავუკეთო? ყველა არ გადმოვა. ვიღაცა ვერ მიტანს. თუ ვერ მიტანს კი ბატონო, იყავი სოხუმში, გაგრაში. მე ხომ არ გაიძულებ?! მაგრამ ვინც გადმოვა, გადმოიტანს მანდარინს და გაყიდის – ფულს იშოვის. რომ ჩავა დაინახავენ, რომ ეს კაცი საქართველოში ვაჭრობს, მანქანა იყიდა, სახლი გაარემონტა და ა.შ. და სხვასაც მოუნდება. გავა დრო, რამდენიმე წელიწადი და საერთოდ სხვა რეალობა დადგება.
ჰერმან საბო: ეს ურთიერთობა არ უნდა ვრცელდებოდეს ისეთ რაღაცეებზე, რასაც დღეს ვაკეთებთ, როდესაც ვჩუქნით ბევრ რამეს. ისე როგორც ევროპაში ჩასულ მიგრანტს, რომ თავზე ფულს აყრიან, დაზღვევას აძლევენ და ბევრ რამეს.
აქედან რაღაცას ვჩუქნით და იქიდან დამოკიდებულებაა, რომ ქართველები ვალდებულები არიან ეს გააკეთონ.
არაფერი არ აჩუქო, უბრალოდ მიეცი საშუალება, რომ თავისი საქმე აკეთოს ქართველთან ერთად. ყოველგვარი დოტაციების, უფასო მკურნალობების გარეშე.

ალექსანდრე რაქვიაშვილი: არაფერი არ არის უფასო და არ შეიძლება ამის გაკეთება. მაგრამ რომ გადმოვა აქ და დაზღვევა დასჭირდება – როგორც შენს მოქალაქეს ეკუთვნის სახელმწიფო დაზღვევა იგივე გაუფორმე. არ მოსთხოვო შენი პასპორტი. ჩვენი მოქალაქეები ევროპაში დაზღვევას რომ აფორმებენ იქაურ მოქალაქეობას ხომ არ იღებენ.
აქ როგორი წესრიგიც არ უნდა გვქონდეს – იგივე წესრიგი გავავრცელოთ მათზეც ჩვენი მხრიდან. ავად გახდა, რამე პრობლემა აქვს სოხუმში? ჩამოვა ზუგდიდში და როგორც სხვა ქართველი რიგში რომ დგება, ისიც ისევე მიიღებს იგივე მომსახურებას. რაღაცას უფასოდ მიიღებს. მაგრამ საერთო წესრიგში ჩაჯდება.
მე ვეპყრობი მათ როგორც ჩემს მოქალაქეებს. თუ შურისძიება მინდა – სხვა ამბავია, მაგრამ თუ სიმართლეს ვამბობ რომ ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან – მაშინ მათ ასე ვექცევი.
ბევრ ადამიანს ისიც არ ესმის თუ რა არის ვაჭრობა.
ვახტანგ მეგრელიშვილი: აი ერთი მაყურებელიც ამაზე წერს: „ვაჭრობით აფხაზეთის დაბრუნება არის ზღაპარი. დაბრუნება თავისუფალ გადაადგილებას ნიშნავს, საზღვრის კონტროლის არარსებობას.“
ჩვენ საერთოდ ახლოსაც კი არ ვართ ამ ეტაპამდე. ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ ადამიანური განცდების ცვლილებების მექანიზმზე.
ჰერმან საბო: დაბრუნება რამე დროში კი არ არის დაგეგმილი, რომ სიტყვაზე სამშაბათს ხუთ საათზე უნდა დაბრუნდე…
ვახტანგ მეგრელიშვილი: ამათ უნდათ რომ იქ ავტომატიანი ჯარისკაცი დადგეს და თუ იქ ვინმე შევიდა – ესროლოს.
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ზოგი იმასაც ამბობს, რომ არაკონტროლირებადი, არალეგალური ვაჭრობა გაიზრდებაო. ანუ კახელმა ყურძენი თბილისში რომ ჩამოიტანოს ეს არალეგალური ვაჭრობა ყოფილა.
ჰერმან საბო: ერთადერთი შენ რაც თქვი ის არის, რომ აქეთ იარაღი არ შემოვიდეს და სხვა რამე, რაც კანონით გაქვთ აკრძალული და რაზეც კახელსაც გააჩერებს პოლიცია. ვაჭრობა არაფერს არ იბრუნებს. აგერ ერგნეთში ვვაჭრობდით რამდენი ხანი…
ვახტანგ მეგრელიშვილი: ძალიან კარგად ვიყავით ოსებთან მაგ პერიოდში.
ჰერმან საბო: დიახ, მაგრამ სამაჩაბლო არ დაბრუნებულა. ეს ვაჭრობა არის იმის წინაპირობა, რომ შენ ადამიანურ დონეზე რაც შეიძლება მეტი კონტაქტი დაამყარო. იქ რუსები და აფხაზებიც ქართველის მიმართ მიზანმიმართულად აღვივებენ მტრობას და იმ ბავშვებსაც კი ეზიზღებათ ქართველები, რომელთაც ომი არ უნახავთ. აი ამას უპირისპირდები.
ვახტანგ მეგრელიშვილი: სხვა ისტორია არ აქვთ. რა უნდა მოუყვნენ ბავშვებს? აი შენ რომ შვილი გყავდეს და იქ რომ იყო, აფხაზი რომ იყო ან ოსი რომ იყო – შვილს ხომ რაღაცას მოუყვები. რატო ვართ ქართველებთან ესე? ინტერნეტი ხომ აქვთ და უყურებს ის ბავშვი, რომ სამყაროში სხვა რაღაცეები ხდება და აქ არ ხდება არაფერი. ფიქრობს ამაზე და ვინ არის ამაში დამნაშავე? რუსი ხომ ვერ იქნება დამნაშავე – ავტომატიანი კაცი იქვე დგას და იცავს. ესე იგი ვიღაცაა დამნაშავე ვისგანაც იცავენ.
ალექსანდრე რაქვიაშვილი: თან ის ადამიანი როგორ გეპყრობა? ხუთი ლიტრი ბენზინის გადატანა არ შეიძლება, მარტო პირადი მოხმარებისთვისო და ზედმეტი თუ გაატანე – ესე იგი გასაყიდად მიაქვსო. ხუთ ლიტრ ბენზინის გადატანის უფლებას არ აძლევს ჩვენი სუს-ი და პოლიცია.
ვახტანგ მეგრელიშვილი: ერთი მაყურებელი გვწერს – “გადასახადების საკითხს რას უშვებითო?” აი აფხაზი რო აქეთ გადმოდის და რამეს ყიდულობს – ხომ ნიშნავს რომ გადასახადს იხდის. რამე რომ იყიდა და იქ მიაქვს გასაყიდად – გამოდის რომ უკვე გადახდილი აქვს ის გადასახადი.
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ხალხი წუხს ამაზე. ფიქრობენ: ბაჟს ვინ გადაიხდისო? თურქეთიდან რომ შევიდეს რამე ტვირთი – ბაჟს ვინ გადაიხდისო? დღგ-ს ვინ გადაიხდისო, აქციზს ვინ გადაიხდისო.
აი უაქციზო სიგარეტი რომ შემოვა აფხაზეთიდან რა არის ამაში პრობლემა? აქციზის გადასახადი რომ გააუქმოს მთავრობას ხომ სიკეთე იქნება ისედაც.
იაგო ხვიჩია: აფხაზები რაღაცაში გვჯობიან და იქ სიგარეტი უფრო იაფია. ჩვენი ნაკლი რომ დაიმალოს იმიტომ არის იქიდან სიგარეტის შემოტანა აკრძალული.

ალექსანდრე რაქვიაშვილი: ბევრი ადამიანია შეწუხებული იმ აზრით, რომ აფხაზები ამ ვაჭრობაში გადასახადს არ გადაიხდიანო. მოდი ჩვენც არ გადავიხადოთ და არა ის რომ აფხაზებს ავუკრძალოთ ვაჭრობა.
ვაჭრობასთან მთავარი პრობლემა არის ის, რომ ბევრს არ უნდა მშვიდობიანად დაბრუნება. ტყუილში ვცხოვრობთ.
ვახტანგ მეგრელიშვილი: მე არ მგონია, რომ ეს ყველაშია. დაბრალება არ გამოგვივიდეს. არიან ადამიანები, რომლებიც მარტო ემოციებით საუბრობენ.
ალექსანდრე რაქვიაშვილი: დიახ, ემოციით. და ეს ემოცია არის, რომ ხალხი დაგვიხოცეს, გაგრაში გენოციდი მოგვიწყვეს. აი ეს ნეგატივი აქვთ. ასეთებს უნდათ რომ ვიღაცას ჩაარტყან, ამბობენ – კიდევ ამათთან უნდა ივაჭრო? წარმოიდგინე, რომ ვიღაც ცუდ ხალხზე ეუბნები, რომ უნდა ვივაჭროო. ისეთ სიტყვებს იყენებ – მოგება ნახონ, ითანამშრომლონ… ამ დროს ფიქრობენ, რომ ესენი ხომ არ არიან კარგი ხალხი, ესენი ხომ ცუდი ხალხია, ჩვენი მტრები არიან. რომ კითხო – ტერიტორიული მთლიანობა და აფხაზების დაბრუნება გინდაო გეტყვიან, რომ უნდათ. ამ ტყუილში ცხოვრობთ. ამ ტყუილზე მოთხოვნაა.
ჩვენი საზოგადოება ვერ ჩამოყალიბდა – ჩვენ ტერიტორიული მთლიანობა გვინდა, აფხაზების დაბრუნება გვინდა თუ შურისძიება გვინდა?
იაგო ხვიჩია: შურისძიება კარგი არ არის, მაგრამ ზოგადად ძლიერი იდეაა.
ვახტანგ მეგრელიშვილი: რამენაირად რომ დავალაგოთ ეს ხედვები. მიშა არის შურისძიებით დაბრუნების მხარეს, ბიძინა არის – იქით მიერთების, რაღაც ფორმით დაბრუნების მხარეს. შევუერთდეთ რუსეთის ქვეშ. ჩვენ კიდე სხვაგან ვართ.
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ჩვენ კარგი ცხოვრება გვინდა.
2024 წლის არჩევნებიც ამას გვაჩვენებს. ხალხს ვუთხარით: კარგად იცხოვრეთ, ეროვნული ბანკის რეზერვებს დაგირიგებთ, პრივატიზაციას გავაკეთებთ, რომ დაფრინავთ იმ ფულსაც თქვენ მოგცეთო, რა არ ვუთხარით. და ხალხმა გიჟები ხომ არ ხართო, ჩვენ ბრძოლაში ვართო, რა დროს ეგ არის აქ რუსული რეჟიმია ან ნაცები ბრუნდებიანო, ჩხუბი გვინდაო. ახლა მთავრობა ძარცვავს მათ, პოლიტიკოსებიც ატყუებენ, ხალხი კი ბრძოლაშია.
აფხაზებშიც ეს პრობლემაა. ხალხი იქაც ბრძოლაშია. ჩვენ კი მოვდივართ და ვამბობთ, ხალხო წესიერად ვიცხოვროთ.
მე მაგალითად მინდა, რომ სოხუმში ბაბუაჩემის სახლი ჩემი იყოს და პენსიაზე რომ გავალ სოხუმის უნივერსიტეტში ლექციები წავიკითხო. იმ სახლში ვიღაც აფხაზი ცხოვრობს. მივიდე, ჩავცხრილო და გავაგრძელო ცხოვრება? ამას მთავაზობს ერთი მხარე. არ მინდა! თუ რუსეთში შევიდე და რუსეთის მოქალაქეობით ვიყიდო ის სახლი და ისე დავბრუნდე? ამას მთავაზობს ქართული ოცნება. და კარგად რომ ვიცხოვროთ? ბოლო-ბოლო იმ აფხაზთან სასამართლოში მოვრიგდები. სიტყვაზე სახლს მე დავიტოვებ და ორმაგი თუ ხუთმაგი ფასი წაიღოს იმან. პრობლემა არ მექნება. მე ეს მინდა.
ჰერმან საბო: შეიძლება ხვდებიან, რომ რაღაც კარგი გვინდა, მაგრამ წუხან იმაზე, რომ ეგ კარგი აფხაზებისთვის როგორ გინდათო. ხალხო, ეგ არის პირიქით. ის რაც ჩვენ გვინდა საქართველოსთვის ეგ თუ გამოვიდა – ავტომატურად გამოდის ის რასაც აფხაზეთზეც ვიძახით.
ვახტანგ მეგრელიშვილი: უნივერსალურ რამეს ამბობ. ქართველებისთვის ერთი კი არ არის კარგი და აფხაზებისთვის – მეორე.
ალექსანდრე რაქვიაშვილი: და ვინც ჭკვიანი აფხაზია ხომ ხვდება, რომ არანაირი პერსპექტივა არ აქვთ. შენ რომ აქედან შესთავაზო: სანამ ეს საგიჟეთი ხდება, სანამ ჩემს მხარეს არის ხალხი ვისაც შურისძიება უნდა, იქით რუსები არიან ვისაც სულ ფეხებზე ჰკიდიხარ შენც და მეც და სულ სხვა მიზნები აქვთ, მოდი ვაჭრობა დავიწყოთ.
ვახტანგ მეგრელიშვილი: ჯერ ხელისუფლებაში უნდა იყო ეგეთი რამე შენ რომ გააკეთო.
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ხო მაგრამ შენ თუ აქ გააგებინე ხალხს, რომ ამით სულ სხვა ფუნდამენტი იქმნება… ერგნეთის ბაზრობა რომ არ დახურულიყო – ომი ვერ დაიწყებოდა. ბევრად გაძვირდებოდა მისი დაწყება.
ვახტანგ მეგრელიშვილი: ჩვენ მაგაში ინვესტიცია ჩავდეთ. ჯერ ერგნეთის ბაზარში შევვარდით, მერე საგადასახადო შავ ხვრელებს ვავსებდით, თან ვაგინებდით. მინისტრად გვყავდა ოქრუაშვილი და სიგიჟეებს ვლაპარაკობდით.
ალექსანდრე რაქვიაშვილი: აი ესეც კი არ გვაქვს გარჩეული. ერგნეთის ბაზრობის დახურვა იყო შეცდომა. ეს ამბავი უბრალოდ გარჩეულიც არ გვაქვს და ხალხისთვის რთულია.
მაგრამ თუ ამას ავუხსნით, ამის მხარდაჭერას აქ მოვიპოვებთ, შემდეგ აფხაზებშიც – რა იცი ხვალ რა ხდება.
პარლამენტში რომ ვიყოთ მინიმუმ იმას ხომ არ გავაკეთებთ რაც ახლა ხდება, როცა ერთი და ორი ყველი შეიძლება გადაიტანო მაგრამ სამი არაო, ხუთი ლიტრი ბენზინი არაო.
ჩვენივე მხრიდან ადმინისტრაციული საზღვარი ნამდვილ საზღვრად ვაქციეთ. რუსებს რა პრეტენზიას ვუყენებთ? ავტომატიანი ხალხი გვიყენია და ვიღაც კონტრაბანდისტებს ვებრძვით. თუ შენ ასე უდგები შენს ტერიტორიას – როგორ შეიძლება რუსებს იქეთ რამე მოსთხოვო.
ვახტანგ მეგრელიშვილი: რუსებს ეხმარები რეალურად.
ალექსანდრე რაქვიაშვილი: დიახ, და ამ შემთხვევაში ოცნებაც ეხმარება და ნაცებიც. ეს ნარატივი ეხმარება რუსებს.
ნაცების ნარატივზე რუსი იტყვის, ხომ ხედავთ, როგორც კი ტანკები ექნებათ დაგიპყრობენ, მოგკლავენ, მარტო მე დაგიცავო. ორივე ნარატივი პრორუსულია, ოღონდ სხვადასხვანაირად.