აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთისთვის ზედმეტ ტვირთად იქცა

FacebookXMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენები

ორიგინალური სტატია გამოქვეყნდა საიტზეThe Moscow Times

ავტორი: ოლესია ვართანიანი, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარი

მარატ კამბოლოვი და კრემლის კურატორი სერგეი კირიენკო. სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენები.
სამხრეთ ოსეთის დროებით მოქმედი პრეზიდენტი მარატ კამბოლოვი (მარცხნივ) და სერგეი კირიენკო (მარჯვნივ). rsogov.org

სამხრეთ კავკასიაში რუსული გავლენის ეროზიის ფონზე, კრემლის ერთ-ერთ უმაღლეს ოფიციალურ პირს, სერგეი კირიენკოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე კრემლის ზედამხედველობის გაძლიერება დაევალა. რუსეთმა ორივე რეგიონის დამოუკიდებლობა 2008 წლის ომის შემდეგ აღიარა. უკანასკნელ დღეებში მოსკოვმა ერთგან ახალი ელჩი მიავლინა, ხოლო მეორეგან – ახალი ლიდერი დასვა.

ეს დანიშვნები მიანიშნებს, რომ კრემლი ცდილობს ორივე რეგიონი უფრო ადვილად სამართავი გახადოს. ამ ნაბიჯებმა გააცოცხლეს კითხვა, რომელზე პასუხის გაცემასაც რუსეთი ბოლო ორი ათეული წელია ამაოდ ცდილობს. როგორ უნდა გაღრმავდეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე რუსული კონტროლი ისე, რომ კრემლს სამხრეთ კავკასიის სხვა ნაწილებში მოქმედების თავისუფლება არ შეეზღუდოს?

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სამხრეთ ოსეთს ივლისის დასაწყისში ეწვია. ის იქ ახლად მივლენილ დე-ფაქტო პრეზიდენტს შეხვდა და გზა აფხაზეთისკენ განაგრძო, სადაც რუსეთის ახალი ელჩს შეხვდა. ორივე პიროვნება კირიენკოსთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს კირიენკოს, როგორც ამ რეგიონებში კრემლის მთავარი პოლიტიკური ზედამხედველის როლს.

რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლიდან აღიარებს. თითქმის მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა კი მათ კვლავ საქართველოს ნაწილად მიიჩნევს.

მოსკოვი იქ სამხედრო ბაზებს ინარჩუნებს, აფინანსებს მათი ბიუჯეტების დიდ ნაწილს და ადგილზე მუდმივად ჰყავს სამხედრო, უსაფრთხოებისა და სამოქალაქო მოხელეები.

კრემლი ტრადიციულად ოფიციალური ინსტრუმენტების პარალელურად კონტროლისთვის რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ან უშიშროების სამსახურებიდან (ან ორივედან ერთდროულად) მივლენილ მაღალი რანგის პოლიტიკურ ემისრებს ეყრდნობა. ისინი ზედამხედველობდნენ ამ ტერიტორიებთან რუსეთის ურთიერთობებს, ხოლო პოლიტიკური კრიზისების დროს – პროცესებში ერეოდნენ კიდეც.

კირიენკო ამ როლს წელიწადზე ოდნავ მეტია რაც ასრულებს. თავისი წინამორბედი კრემლის ჩინოვნიკების მსგავსად კირიენკოსაც მემკვიდრეობით ერგო რიგი გამოწვევები. რუსეთის წარმომდგენლები ორივე რეგიონის უკეთ სამართავად რუსეთისთვის დამახასიათებელი ადმინისტრაციული პრაქტიკები გამოეყენებინათ. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგონებში კი სხვა წესები მოქმედებდნენ.

ამ პატარა, პოსტკონფლიქტურ თემებში ძალაუფლება ნაკლებად არის დამოკიდებული ოფიციალურ ინსტიტუტებზე, და უფრო მეტად – პირად ურთიერთობებსა და დიდი ხნის განმავლობაში დამკვიდრებულ ადგილობრივ წეს-ჩვეულებებზე. მართვის რუსულ ყაიდაზე გადასვლის მცდელობები ამ ადგილობრივ რეალობებს მუდმივად აწყდებოდნენ.

ამ მცდელობების შედეგები, საუკეთესო შემთხვევაში, არაერთგვაროვანი იყო. ახალი კანონების მიღების მცდელობებმა აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისები გამოიწვია, დაძაბა ურთიერთობები მოსკოვთან და ბიძგი მისცა ისეთ საპროტესტო აქციებს, რომლებსაც ადგილობრივი მთავრობებიც შეეწირნენ.

სამხრეთ ოსეთი აფხაზეთზე გაცილებით პატარაა და რუსეთზე უფრო მეტად დამოკიდებული. აქ რუსეთის თითქმის ყველა ინიციატივა გავიდა. თუმცა, ამ ფორმალურმა დათმობებმა ადგილობრივ მართველობაში მცირე რამ თუ შეცვალა. რეგიონში რუსულ ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალები გასაოცარი სიხშირით იჩენენ ხოლმე თავს.

პროგრესის ნაკლებობა მოსკოვს დიდი ხანია აღიზიანებს. კრემლის რამდენიმე წარმომადგენელმა, რომლებიც ამ რეგიონებზე იყვნენ პასუხისმგებელი, სწორედ შედეგების არარსებობის გამო დაკარგეს თავისი თანამდებობები.

ამ სირთულეებმა განამტკიცა წარმოდგენა, რომ რუსეთს იმ ტერიტორიების მართვაც კი უჭირს, რომელთა გადარჩენაც მის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.

მხარდაჭერის მოსაპოვებლად

კირიენკომ წინამორბედების მსგავსი მისია მემკვიდრეობით მიიღო, თუმცა მიზნის მისაღწევად განსხვავებული გზა აირჩია. ნაცვლად იმისა, რომ ძირითადად ზეწოლა და ადმინისტრაციული ბერკეტები გამოეყენებინა, მან აქცენტი კომუნიკაციაზე გააკეთა. გათვლა იყო, რომ უფრო თვალსაჩინო საჯარო აქტივობა და პირდაპირი ჩართულობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოსკოვის ინიციატივებს უფრო მისაღებს გახდიდა. მიზანი იგივე რჩება, მხოლოდ მიდგომები შეიცვალა.

ამით აიხსნება ის, თუ რატომ დანიშნა ისტორიაში პირველად აფხაზეთში რუსეთის ელჩად პირი, რომელიც დიპლომატიურ წრეს არ განეკუთვნება. ვიაჩესლავ გლადკოვი რუსეთის ბელგოროდის ოლქის ყოფილი გუბერნატორია.

თავის წინა თანამდებობაზე გლადკოვმა სახელი გაითქვა თავისი ხშირი ვიდეომიმართვებითა და ადგილობრივებთან რეგულარული კომუნიკაციით. ბელგოროდის ოლქის მაცხოვრებლები უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ განმეორებითი თავდასხმების ქვეშ აღმოჩნდნენ. ახალი თანამდებობის დაკავებამდე გლადკოვი აფხაზურ საზოგადოებას მეტ „ადამიანურ ურთიერთქმედებას“ დაჰპირდა. აღნიშნა, რომ აფხაზური ენის შესწავლასაც ცდილობს. მისმა წინამორბედმა, მიხეილ შურგალინმა, ბევრი ადგილობრივი ჯგუფი გაიუცხოვა. ის რეგიონში ზოგიერთ ყველაზე ხმამაღალ კრიტიკოსებთან კონტაქტზე უარს ამბობდა.

მსგავსი მიდგომა შეინიშნება სამხრეთ ოსეთშიც, სადაც მარატ კამბოლოვმა დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტი ახლახან დაიკავა. მან უკვე გახსნა Telegram-არხი, საბაჟოს თანამშრომლებს საყვედური კამერის წინ საჯაროდ გამოუცხადა და რეგულარულად აქვეყნებს მოკლე ვიდეოებს, სადაც ბავშვებს ეხუტება ან პარკის სკამებზე ხანდაზმულ ქალებს ესაუბრება.

კამბოლოვი ამავდროულად ამ ახალი სტრატეგიის შეზღუდულობასაც აჩვენებს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ეთნიკური ოსია მეზობელი ჩრდილოეთ ოსეთიდან (რუსეთი), თავად სამხრეთ ოსეთში იგი დიდწილად უცნობია, რადგან კარიერის უმეტესი ნაწილი მოსკოვში გაატარა. მისი ერთ-ერთი ბოლო თანამდებობა იყო კურჩატოვის ინსტიტუტში. მისი ხელმძღვანელი მიხეილ კოვალჩუკი ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირის, იური კოვალჩუკის ძმა არის. სამხრეთ ოსეთის სოციალური მედიაში ძირითადი ვარაუდებია, რომ სწორედ ამ კავშირებმა, მის ოსურ წარმომავლობასთან ერთად, ამ პოსტზე მისი დანიშვნა უზრუნველყვეს.

თუმცა, მოსკოვის წინაშე არსებული დაბრკოლებები ძირითადად არა საკომუნიკაციო, არამედ – სტრუქტურული ხასიათისაა. აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა არაერთხელ აჩვენეს, რომ მართვის იმპორტირებული მოდელები, როგორ ეფექტურადაც არ უნდა ყოფილიყო ისინი წარმოდგენილი, ადგილობრივი პოლიტიკური ტრადიციებისა და არაფორმალური ქსელების ფილტრში გადიან.

კირიენკოს მიდგომამ შესაძლოა რუსეთის ზოგიერთი პოლიტიკა ადგილზე უფრო მისაღები გახადოს. ამ მიდგომებით უფრო მარტივი გახდება თუ არა ამ ტერიტორიების მართვა – ეს სხვა კითხვაა.

ჩემოდანი სახელურის გარეშე

ეს პრობლემა სცდება თავად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ფარგლებს. ამ ორი ტერიტორიის რუსეთის პოლიტიკურ სისტემაში ინტეგრაციისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი მეზობელ საქართველოსთან დაძაბულობის ესკალაციის რისკს ზრდის. ამ რეგიონებს საქართველო კვლავაც საკუთარი სუვერენული ტერიტორიის ოკუპირებულ ნაწილებად მიიჩნევს.

რუსეთის მიერ 2008 წელს ამ ორი ტერიტორიის აღიარებამ თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ სავაჭრო, მიმოსვლისა და კომუნიკაციის შეზღუდული არხები აღდგა, ორ ქვეყანას ოფიციალური დიპლომატიური კავშირები ჯერ კიდევ არ აღუდგენია. ტერიტორიული დავა კვლავ ბლოკავს სრულ ნორმალიზაციას. ეს ხდება „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი მთავრობის პირობებშიც კი, რომელიც მოსკოვთან პირდაპირი კონფრონტაციისგან თავის არიდებას ცდილობს და საკუთარ თავს ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესების უფლებასაც აძლევს.

საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას კრემლისთვის აშკარა სტრატეგიული სარგებელი მოჰყვებოდა. ის გააფართოებდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და პოლიტიკური გავლენის შესაძლებლობებს იმ ქვეყანაში, რომელსაც საკვანძო პოზიცია უჭირავს სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში. თუმცა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ინტეგრაციისკენ გადადგმული ყოველი ახალი ნაბიჯი ამ მიზანს კიდევ უფრო მიუწვდომელს ხდის.

თბილისში კირიენკოს ბოლო დანიშვნებმაც კრიტიკა უკვე გამოიწვია. 50-ზე მეტმა ყოფილმა ქართველმა ოფიციალურმა პირმა და დიპლომატმა უცხოეთის მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა და ბოლო მოვლენებს „ანექსიური ნაბიჯები“ უწოდა. თუ მოსკოვი გააგრძელებს ამ ორ ტერიტორიაზე საკუთარი ჩართულობის გაღრმავებას, საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობისთვისაც კი სულ უფრო რთული გახდება უფრო მკაცრი რეაგირების თავიდან არიდება.

ეს კირიენკოს აბრუნებს იმავე წინააღმდეგობასთან, რომლის წინაშეც 2008 წლიდან მოყოლებული რუსეთის ყველა ოფიციალური პირი აღმოჩნდა. ამ ორი ტერიტორიის აღიარებით, იქ სამხედრო ბაზების განთავსებით და მათ უსაფრთხოებასა თუ ეკონომიკურ გადარჩენაზე პასუხისმგებლობის აღებით, მოსკოვმა შექმნა დილემა, საიდანაც მარტივი გამოსავალი არ არსებობს.

რუსეთთან მათი უფრო მჭიდრო ინტეგრაცია ურთიერთობებს საქართველოსთან ართულებს. უკანდახევა კი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს იმ პოლიტიკას, რომელსაც კრემლი 15 წელზე მეტია ატარებს.

რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილმა დეპუტატმა, ანატოლი ჩეხოევმა ერთხელ სამხრეთ ოსეთი მოიხსენია როგორც „ჩემოდანი სახელურის გარეშე“ : სათრევად ძალიან მძიმე, გადასაგდებად კი – მეტისმეტად ძვირფასი.

კირიენკომ შესაძლოა რუსეთის მიერ ამ ორი ტერიტორიის მართვა იმაზე უფრო ეფექტური გახადოს, ვიდრე ეს მისმა წინამორბედებმა შეძლეს. მაგრამ ვერანაირი ადმინისტრაციული რეფორმა ვერ გადაჭრის იმ წინააღმდეგობას, რომელიც თავად მოსკოვმა შექმნა.

მსგავსი სტატიები

თორნიკე შარაშენიძე: პირველ რიგში ორივე მხარემ უნდა აღიაროს თავისი შეცდომა და დანაშაული. ამ ნაბიჯის შემდეგ ყველა სხვა პროცესი გაადვილდება
პაატა ზაქარეიშვილი: „თბილისს შეუძლია შესთავაზოს აფხაზეთსა და ცხინვალს ის, რასაც რუსეთი ვერასდროს შესთავაზებს: არა მკაცრი კონტროლი, არამედ გრძელვადიანი ურთიერთობები, მათი ადამიანური და პოლიტიკური რეალობის პატივისცემა“