როდის ვიყავით ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებასთან ყველაზე ახლოს? | ინტერვიუ

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი საუბრობს ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებსა და იმ ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებზე, როდესაც კონფლიქტის გადაჭრას მხარეები ყველაზე მეტად მიუახლოვდნენ.

ინტერვიუში საუბარია ომის თავიდან არიდების არგამოყენებულ შანსებზე, არძინბას და შამბას ვიზიტებზე თბილისში, ქართულ დელეგაციებზე სოხუმში, მივიწყებულ შერიგების დოკუმენტებსა და კონკრეტულ ნაბიჯებზე მომავლისთვის, რამაც ვითარება ჩიხური მდგომარეობიდან უნდა გამოიყვანოს.

პაატა ზაქარეიშვილის აზრით, თბილისსა და სოხუმს შორის პირდაპირი დიალოგი აუცილებელია. კონფლიქტოლოგი თვლის, რომ თბილისმა ხელი უნდა შეუწყოს აფხაზურ მხარეს რუსული იზოლაციისგან გასათავისუფლებლად და მას ალტერნატიული გზები და ხედვები შესთავაზოს.

პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო და ის ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ დაშვებულმა შეცდომებმა განაპირობა. “შევარდნაძის უფრო დიდი შეცდომა არა აფხაზეთში ჯარების შეყვანა, არამედ მათი დროულად არ გამოყვანა იყო”, ამბობს მკვლევარი.

1997 წელს თბილისში ვლადისლავ არძინბას ვიზიტთან დაკავშირებით პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ამ დროს აქტიურად მიდიოდა ფედერაციულ მოწყობაზე საუბარი და აფხაზებიც თანახმა იყვნენ. დოკუმენტში, რომელიც ამ დროს დამზადდა, ჩაიწერა “ერთიანი (საერთო) სახელმწიფო”, რაზეც ქართული მხრიდან თავიდან თანხმობა იყო, ბოლოს კი ჩაითვალა, რომ ეს ფორმულირება მიუღებელი იყო.

არძინბას ვიზიტთან დაკავშირებით, კონფლიქტოლოგი ასევე ფიქრობს, რომ ეს შეხვედრა შევარდნაძესა და არძინბას შორის დაგვიანებული იყო და ჯერ კიდევ ომამდე უნდა შემდგარიყო. ზაქარეიშვილის თქმით, 1999 წლიდან აფხაზებმა უკვე თქვეს, რომ მათ საქართველოსთან არანაირი ადმინისტრაციული და ინსტიტუციონალური ბმა აღარ უნდოდათ.

“ვარდების რევოლუციის” შემდგომ პერიოდზე კონფლიქტოლოგი ფიქრობს, რომ ამ დროს გაჩნდა ახალი მოლოდინები მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, თუმცა მიხეილ სააკაშვილის გუნდმა აქცენტი უფრო ცხინვალზე გააკეთა და თავად პრეზიდენტიც იყო ჩასული რეგიონში.

ზაქარეიშვილი საუბრობს სერგეი შამბას ვიზიტზეც თბილისში, როდესაც აფხაზმა პოლიტიკოსმა დოკუმენტი “მომავლის გასაღები” ჩამოიტანა განსახილველად, ამ ვიზიტს კი წინ კონფლიქტების დარგში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის ირაკლი ალასანიას ვიზიტი უძღოდა სოხუმში.

კონფლიქტოლოგი აღნიშნავს, რომ ამ დროს, როდესაც შამბა თბილისში ალასანიას და სახელმწიფო მინისტრს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავას ხვდებოდა, სააკაშვილი სენაკის სამხედრო ბაზას ესტუმრა, სადაც განცხადება გაკეთდა ქართველი მაღალჩინოსნების მიერ, რომ “სენაკიდან სოხუმამდე 3 წუთია ფრენა”. ზაქარეიშვილის აზრით, ამ დროს საქართველოში მილიტარიზმმა გადაწონა მოლაპარაკებების მიდგომა.

“აგვისტოს ომის” შემდეგ “ნაციონალურმა მოძრაობამ” გააკეთა განცხადება, რომ “მათ აფხაზებთან და ოსებთან არაფერი საერთო არ აქვთ და ეს არის ომი რუსეთთან”, აცხადებს მკვლევარი. “მე ვეთანხმები მათ, რომ მთავარი ბოროტება რუსეთია, მაგრამ არ ვეთანხმები, რომ აფხაზებს და ოსებს არ უნდა ველაპარაკოთ”, ფიქრობს ზაქარეიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ომისშემდგომ პოლიტიკაზე.

“ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ, როდესაც თავად პაატა ზაქარეიშვილი კონფლიქტების მიმართულებით მინისტრი გახდა, მისივე განცხადებით, გაჩნდა მზაობა აფხაზურ და ოსურ მხარესთან პირდაპირი დიალოგის. ამ მიმართულებით მოლაპარაკებები განახლდა, თუმცა, “როგორც კი დაიშალა კოალიცია “ქართული ოცნება” და დარჩა პარტია “ქართული ოცნება”, მათ “ნაციონალური მოძრაობის” კონფლიქტების კონცეფცია გააგრძელეს.

უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ეს საბჭოთა კავშირის დაშლის ბოლო ეტაპია, თავად “უკრაინის ომი კი წარმოშობს უნიკალურ შანსს, რომელსაც გამოყენება სჭირდება”.

ამის ფონზე ის რამდენიმე შესაძლო ნაბიჯს სთავაზობს ქართულ ხელისუფლებას, რასაც კონფლიქტების ჩიხიდან გამოყვანა შეუძლია, მათ შორის, მაგალითად, აფხაზებისა და ოსებისთვის საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით სომხეთსა და თურქეთში გამარტივებულ მოგზაურობას და მცირე საბანკო ტრანზაქციების დაშვებას.

კონფლიქტოლოგი ასევე ფიქრობს, რომ საქართველო უნდა შეერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, მაგრამ ქართული მხარე უნდა ეცადოს, რომ ამ სანქციების პირობებში აფხაზური და ოსური მხარე არ დაზარალდეს. “ჩვენ აფხაზებს და ოსებს ევროკავშირის იდეითაც უნდა ველაპარაკოთ”, ასკვნის ზაქარეიშვილი.

მსგავსი სტატიები

„ეხო აფხაზეთი“ აქვეყნებს ინტერვიუს საზოგადო მოღვაწესთან და ყოფილ პარლამენტის წევრთან ლეონიდ ჩამაგუასთან - იმის შესახებ, თუ რამდენად დაინტერესებულნი არიან აფხაზი პოლიტიკოსები არჩევნების შედეგით და როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს ამან აფხაზეთზე.
მოსკოვის გამოცხადებულმა მზადყოფნამ, დაეხმაროს თბილისს სოხუმთან და ცხინვალთან შერიგებაში, საქართველოში მორიგი მწვავე პოლემიკა გამოიწვია.