გალის პრობლემები – ხედვა თბილისიდან
მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში ოკუპირებული გალის რაიონის დ/ფ გამგებლად ხელახლა აირჩიეს კონსტანტინე ფილია. დ/ფ პრეზიდენტმა მისი კანდიდატურა ოფიციალურად 2 თებერვალს წამოაყენა, ხოლო რაიონის ხელახლა არჩეულმა საკრებულომ ფილია 5 წლის ვადით ექვს თებერვალს ერთხმად დაამტკიცა.
კონსტანტინე ფილია გალის გამგებლად 2020 წლის ივლისში დაამტკიცეს. ის მაშინდელი პრეზიდენტ ასლან ბჟანიას პოლიტიკური გარემოცვის წევრია.
მათ შორის ნათესაური კავშირიცაა – ფილია და ბჟანია მძახლები არიან. ბადრა გუნბას საკადრო პოლიტიკა დ/ფ ხელისუფლებაში ახალი სახეების წარმოჩენას ისახავს მიზნად.
ცვლილებები შეეხო ბევრ რაიონსა თუ ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს, თუმცა ფილია ერთ-ერთი ის გამონაკლისია, სადაც სწორედ ძველი კადრი შეინარჩუნეს. ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი შესაძლოა რამდენიმე იყოს.
გამგებლები აფხაზეთში, როგორც წესი, სოხუმიდან ინიშნებიან და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები ამ გადაწყვეტილებას უბრალოდ ამტკიცებენ.
კანდიდატის შერჩევისას კი ადგილობრივ ურთიერთობებს ითვალისწინებენ. გალის შემთხვევაში კი ვითარება კიდევ უფრო განსხვავებულია. მოსახლეობის უმეტესობას აფხაზეთის მოქალაქეობა არ აქვს და არჩევნებშიც ვერ იღებს მონაწილეობას.
გამგებლის დანიშვნაში გალის ადგილობრივი მოსახლეობა ფორმალურად მონაწილეობს – ადგილობრივების ძალიან მცირე ნაწილი ირჩევს რაიონის საკრებულოს და შემდეგ უკვე ეს წარმომადგენლები სოხუმში შერჩეულ კანდიდატებს ამტკიცებენ.
თავის დროზე, 2020 წელს ადგილობრივებისთვის მაშინაც არავის უკითხავს თუ ვინ უნდა ყოფილიყო გამგებელი. ფილია გალის რაიონიდან არ არის და ის უფრო მეტად დ/ფ ხელისუფლების წარმომადგენლის როლს ასრულებს. ამიტომაც, სოხუმში კანდიდატების შერჩევა მეტწილად ხელისუფლების პოლიტიკას გამოხატავს.
ფილიას წინამორბედი თემურ ნადარაია ცნობილი იყო გალელების მიმართ თავისი ხისტი და უარყოფითი დამოკიდებულებით. მისი ამგვარი დამოკიდებულება ადილობრივების მიმართ პირადი განწყობების გარდა სოხუმის ნებასაც გამოხატავდა – მაშინდელი დ/ფ პრეზიდენტი ხაჯიმბა გალელებისადმი მკაცრ პოლიტიკას ატარებდა.
მის ფონზე ფილიას დანიშვნა გალელებისადმი სოხუმის ახალი პოლიტიკის გამოხატულებას ნიშნავდა, თუმცა რაიონში პოლიტიკის მიღმა პიროვნულ ურთიერთობებს არანაკლები მნიშვნელობა აქვს. “ადამიანად გვთვლის” – სხვადასხვა სოც. მედია ჯგუფში ადგილობრივები ხშირად ამ ორი სიტყვით აფასებენ ფილიას.
რაიონში სადაც ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღა განხორციელდა, სადაც ადგილობრივებს რამდენჯერმე მოუწიათ დევნილობაში წასვლა – მსგავსი შეფასება მრავლისმეტყველია. პიროვნულ დონეზე აწყობილმა ამგვარმა პოლიტიკამ რაიონი გარკვეულწილად დაამშვიდა, თუმცა ადგილზე გადაუჭრელი რჩება ტრადიციული პრობლემები, რომლებიც გალელებს დღემდე ჩაგრულ და უუფლებო მდგომარეობაში აყენებს.
გალელების მთავარი პრობლემა ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეობის არქონა, ქართული ენის სკოლებში აკრძალვა და პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური უფლების ჩამორთმევაა.
აფხაზეთის ე.წ მოქალაქეობის არქონის გამო ისინი ვერ ახერხებენ საკუთარი მიწის ნაკვეთისა თუ ეზო-კარის დაკანონებას, ვერ ახერხებენ თუნდაც არალეგიტიმურ არჩევნებში მონაწილეობასა და პოლიტიკური ნების გამოხატვას. ადგილობრივი პოლიტიკური ძალის შექმნასა ან პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობაზე საუბარიც კი წარმოუდგენელია.
რაიონში წლებია იდენტობის შეცვლის პოლიტიკა ღიად მიმდინარეობს. ეს გამოიხატება ქართული ენის აკრძალვითა და გააფხაზების პოლიტიკის წახალისებით.
გალელებისთვის დოკუმენტების მიღების პრობლემებზე საუბრისას ფილია ჯერ კიდევ 2021-23 წლებში კანონს მიღმა არსებული რეალობების გათვალისწინებაზე საუბრობდა. ის მაშინ „აფხაზურ ფესვებზე“ გალელების დაბრუნებას ახალისებდა და ამავე დროს მათ მიერ ქართული პასპორტის ფლობისთვის შედარებით რბილ დამოკიდებულებას ლობირებდა.
ამ განცხადებებით ის გალელების ინტერესებს ითვალისწინებდა და იცავდა კიდეც ცენტრალურ დ/ფ ხელისუფლებაში – რაც აფხაზური ადმინისტრაციის წარმომადგენლისგან უჩვეულოდ ჟღერდა, თუმცა პრაქტიკაში როგორც მოსალოდნელი იყო არაფერი არ შეცვლილა. ცხადია, ამ პრობლემების გადაჭრა ფილიას, როგორც გამგებელს არ შეუძლია. ეს მის კომპეტენციაში არ შედის.
გამგებლად ფილიას ხელმეორედ დანიშვნა ასევე შესაძლოა იმითაც იყოს განპირობებული, რომ ბადრა გუნბას მისი ალტერნატივა არ ჰყავდა, მაგრამ ეს ნაკლებად რეალისტური ჩანს. გუნბა გალის გამგებლად ნებისმიერ სხვა კანდიდატურასაც დაამტკიცებდა და ამ პროცესში დაბრკოლებები არ შეექმნებოდა.
სავარაუდოდ ფილიას ხელახალი დანიშვნა იმის ნიშანია, რომ სოხუმის პოლიტიკა გალის რაიონისადმი უცვლელი იქნება. დ/ფ ხელისუფლება უფრო მეტად შეძლებს თავისი პოლიტიკის გატარებას, თუკი ადგილზე გარკვეული ნდობისა და ავტორიტეტის მქონე პირი იქნება წარმოდგენილი.