საქართველო აფხაზეთს რუსეთს უთმობს | პაატა ზაქარეიშვილის კომენტარი

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

პაატა ზაქარეიშვილის კომენტარი

კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა გადაცემა “360 გრადუსში“ ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ  რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ეკონომიკური მიმართულებით ანექსია მიმდინარეობს, ხოლო საქართველოს ხელისუფლების დუმილი არის “შემაშფოთებელი” იმიტომ, რომ საქართველო აშკარად უთმობს აფხაზეთს რუსეთს.

პაატა ზაქარეიშვილი: “ბოლო ერთი წელია, ოკუპირებულ აფხაზეთში არის მუდმივი დაძაბულობა და, ძირითადად, ეს ეხება რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ანექსიას ეკონომიკური მიმართულებით. ანექსიას იმიტომ ვახსენებ, რომ რუსეთს უნდა, მართვის ბერკეტები ხელში ჩაიგდოს. ამან სხვადასხვა ეტაპი გაიარა, განსაკუთრებით გვახსოვს ბიჭვინთის თემა, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის და ამ პროტესტმა, შეიძლება, ყველაფერი ამოაყირაოს.

ამას კასკადებით მოჰყვა უამრავი სხვა თემები, განსაკუთრებით მკაფიო იყო ეს აპარტამენტების თემა, რომელიც აფხაზურმა საზოგადოებამ, მათ შორის პოლიტიკოსებმა, უარყვეს. შემდეგ მოინდომეს აპარტამენტების თემა, რომელიც იყო ასე – რადგან აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენა მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეებს შეუძლიათ, მაშინ ჩვენ, რუსეთი, ჩვენი ფულით ავაშენებთ კორპუსებს, ანუ აპარტამენტებს და გავყიდით, ვინც იყიდის, იყიდის. ათი წლის შემდეგ რუსეთის 110 ათასი მოქალაქე შეიძლება ჩასახლებულიყო აფხაზეთის ტერიტორიაზე.

შალვა პაპუაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ანექსიის არავითარი ნიშნები არ არისო, წარმოდგენა არ აქვს, იქ რა ხდება. რუსეთის კანონმდებლობით, რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილება პირდაპირ მოქმედებს აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამაზე დათანხმებაც მოუწია აფხაზეთს. ბოლო ეტაპი იყო რამდენიმე კვირის წინ, როდესაც ხელი მოაწერა დე-ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა საინვესტიციო ხელშეკრულებას და ამან აწია ტალღა. დღეს იყო დანიშნული ამ შეთანხმების რატიფიკაცია.

ორი დღით ადრე ისე დაიძაბა სიტუაცია, რომ ხელისუფლებამ სასტიკი მეთოდებით დააპატიმრა ორი ყოფილი დეპუტატი. ამ დაპატიმრებამ გამოიწვია სერიოზული მღელვარება და აქციის მონაწილეებმა მთელი სოხუმი გადაკეტეს. დღეს უკვე ძალიან ბევრი ადამიანი მივიდა ე.წ. პარლამენტთან.

ამ წუთში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ასლან ბჟანიასთან, შეიძლება გადადგეს კიდეც. მოლაპარაკების ერთადერთი საგანი არის ბჟანიას გადადგომა და ის, თუ ვინ შეიძლება იყოს მის ადგილზე დროებით.

მე დარწმუნებული ვარ, რომ “ქართულ ოცნებას” არანაირი რეაგირება არ ექნება ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე. ყველაზე სამარცხვინო იყო ის, როდესაც იქ ლუკაშენკო ჩავიდა სწორედ ბიჭვინთის აგარაკის გამო და სამარცხვინო კომენტარი გააკეთა ირაკლი კობახიძემ – მერე რა მოხდა, შავი ზღვისპირეთში იმოგზაურაო.

ასე დაგვცინა ყველას. ეს დუმილი არის შემაშფოთებელი იმიტომ, რომ საქართველო აშკარად უთმობს აფხაზეთს რუსეთს. ალბათ, ეს ის ფასია, რაც უნდა გადაიხადოს „ქართულმა ოცნებამ,” რაკი შეინარჩუნა ძალაუფლება რუსეთის მხარდაჭერით.”

რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ რუსი ინვესტორები 8 წლით თავისუფლდებიან საბაჟო გადასახადისგან სამშენებლო მასალებისა და აღჭურვილობის იმპორტისთვის, ასევე კორპორაციული ქონების გადასახადისა და მოგების გადასახადის გადახდისგან.

დამატებითი ღირებულების გადასახადი ინვესტორისთვის იქნება მხოლოდ ხუთი პროცენტი – ჩვეულებრივის ნახევარი.

გარდა ამისა, აფხაზეთის მთავრობა ვალდებულია, ამ ხელშეკრულებით დაფარული და ცალკე რეესტრში შეყვანილი ინვესტორები უზრუნველყოს ენერგეტიკული სიმძლავრეებით და კომუნალურ ქსელებთან და კომუნიკაციებთან მიერთების უპირატესი უფლებით.

და ბოლოს, ინვესტორს უფლება აქვს, ბანკში გირაოს სახით ჩადოს აფხაზეთის მთავრობის მიერ მიწოდებული მიწა. შესაბამისად, თუ ინვესტორს რამე “დაემართება”, ბანკს შეუძლია წაართვას ეს “სახელმწიფო“ მიწა.

შეთანხმების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ის სასიკვდილო დარტყმას მიაყენებს ადგილობრივ ბიზნესს, რომელიც უბრალოდ ვერ გაუწევს კონკურენციას რუსულ ბიზნესს ასეთი პირობებით. უფრო მეტიც, მათი აზრით, ეს შეთანხმება საფრთხეს უქმნის აფხაზეთის უსაფრთხოებას.

მსგავსი სტატიები

„ეხო აფხაზეთი“ აქვეყნებს ინტერვიუს საზოგადო მოღვაწესთან და ყოფილ პარლამენტის წევრთან ლეონიდ ჩამაგუასთან - იმის შესახებ, თუ რამდენად დაინტერესებულნი არიან აფხაზი პოლიტიკოსები არჩევნების შედეგით და როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს ამან აფხაზეთზე.
მოსკოვის გამოცხადებულმა მზადყოფნამ, დაეხმაროს თბილისს სოხუმთან და ცხინვალთან შერიგებაში, საქართველოში მორიგი მწვავე პოლემიკა გამოიწვია.