“ჩემი მიზანია თანამშრომლობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში”.EU-ს სპეციალური წარმომადგენლის ინტერვიუ JAMnews-თან

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

ინტერვიუ მაგდალენა გრონოსთან

JAMnews აქვეყნებს ექსკლუზიურ ინტერვიუს მაგდალენა გრონოსთან, ევროკავშირის ახალ სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში.

მაგდალენა გრონო ამ თანამდებობაზე 2024 წლის ივლისში დაამტკიცეს. მუშაობას კი 1-ლი ნოემბრიდან შეუდგა.

მოკლე ბიოგრაფია: დანიშვნამდე მაგდალენა გრონო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მთავარი დიპლომატიური მრჩეველი იყო.

ბოლო 25 წლის განმავლობაში იგი მუშაობდა საგარეო პოლიტიკისა და კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე. მათ შორის, მაღალი დონის დიპლომატიურ თანამდებობებზე ევროკავშირში და ანალიტიკურ ცენტრებში, განსაკუთრებული აქცენტით ყოფილ საბჭოთა კავშირსა და განსაკუთრებით, სამხრეთ კავკასიაზე.

პრეზიდენტ მიშელის კაბინეტში მისვლამდე იგი ევროსაბჭოში პრეზიდენტ ტუსკის საგარეო პოლიტიკის მრჩევლად მუშაობდა. ევროსაბჭოში გაწევრიანებამდე იყო დირექტორი ევროპისა და ცენტრალური აზიის საერთაშორისო კრიზისულ ჯგუფში და მანამდე მუშაობდა ევროკომისიაში, სადაც კონსულტაციას უწევდა გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ყოფილ კომისარს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

ქალბატონო გრონო, გილოცავთ ახალ თანამდებობას. დასაწყისისთვის, შეგიძლიათ გვესაუბროთ თქვენს, როგორც სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პრიორიტეტებზე?

გმადლობთ! ჩემი პრიორიტეტები განსაზღვრულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მოწოდებულ მანდატში. პირველ რიგში ეს არის:

  • რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობა. მათ შორის, საქართველოში არსებული კრიზისი და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი;
  • ასევე, რეგიონში სტაბილურობისა და თანამშრომლობის შენარჩუნება და მხარდაჭერა უფრო ფართოდ, რათა წავახალისოთ ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, სადაც ეს შესაძლებელია.

ამ მიზნით, მე გავაგრძელებ თანამშრომლობას დაინტერესებულ მხარეებთან, რათა წავახალისოთ და მხარი დავუჭიროთ თანამშრომლობას სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს, ისევე, როგორც მათ მეზობელ ქვეყნებს შორის. ეს არის გენერალური გეგმა.

უფრო კონკრეტულად, ვაპირებ საკუთარ და ჩემი წინამორბედების მნიშვნელოვან გამოცდილებას დავეყრდნო როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, ასევე ევროკავშირის ძალისხმევაში საქართველოში კონფლიქტების მოგვარების საქმეში.

ასევე, ხელი შევუწყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს.

სულ ახლახან თქვენ იყავით თანათავმჯდომარე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდში. ამ ფორმატში ადრეც მონაწილოებდით. როგორ აფასებთ პროცესს და რა გავლენას ახდენს მასზე რეგიონული კონტექსტი?

-მართლაც, ჩვენ – ჩემს კოლეგა გაეროს და ეუთოს თანათავმჯდომარეებთან ერთად – ახლახან დავასრულეთ 62-ე რაუნდი ჟენევაში 2024 წლის 5-6 ნოემბერს.

როგორც თქვენ მართებულად თქვით, მანამდე ვმუშაობდი მეორე სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარედ, რომელიც ეხება ჰუმანიტარულ საკითხებს. ამჯერად დავბრუნდი როგორც ევროკავშირის თანაპრეზიდენტი და თანათავმჯდომარე დისკუსიების პირველ სამუშაო ჯგუფში, რომელიც ეხება უსაფრთხოების საკითხებს.

მოხარული ვარ, რომ ყველა მონაწილე გამოხატავს ერთგულებას ამ ფორმატის მიმართ, თუნდაც უკიდურესად მძიმე რეგიონული სიტუაციის, ომებისა და კრიზისების პირობებში, რომელსაც ეს რეგიონი აწყდება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.

მოხარული ვარ, შევიტანო წვლილი ჟენევაში ქართველ, აფხაზ, ოს, რუს და ამერიკელ მონაწილეებს შორის.

მჯერა, რომ ბევრად მეტი შეიძლება გაკეთდეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის დიალოგის წახალისებისა და შერიგების ხელშეწყობისთვის.

მართლაც, როგორც თქვენ თქვით, ზოგადად რეგიონული ვითარება განსაკუთრებით რთულია. მაგალითად, „მეორე ფრონტის“ ნარატივი, რომელიც აშკარად მცდარია და მე ეს გავიმეორე ჟენევის შეხვედრის დროს – ამან უარყოფითი გავლენა იქონია ურთიერთობის სიცხადესა და ტონზე.

როგორც ევროკავშირმა, ჩვენ ეს ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ.

ამან არ უნდა იმოქმედოს მონაწილეებზე და არ უნდა აიძულოს ისინი გადადონ ზოგიერთი ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია, რომელიც მათ სჭირდებათ კონფლიქტის შედეგების მოსაგვარებლად.

სომხეთსა და აზერბაიჯანზე ვისაუბროთ. რა ეტაპზეა “ბრიუსელის პროცესი”? როგორ აფასებთ ნორმალიზაციის ამჟამინდელ ეტაპს?

როგორც ევროკავშირი, ჩვენ მოხარული ვართ აღვნიშნოთ სხვადასხვა დადებითი ტენდენციები და გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღეს როგორც ერევანმა, ასევე ბაქომ გასული წლის განმავლობაში.

ეს მოიცავდა 2023 წლის დეკემბერში გადადგმულ ნაბიჯებს პატიმრების გასათავისუფლებლად. ასევე, COP29 შეთანხმებას და პროგრესს დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესში, რამაც საბოლოოდ გამოიწვია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი საზღვრის პირველი პრაქტიკული დელიმიტაცია-დემარკაცია აპრილ-მაისში.

გარდა ამისა, ჩვენ ვნახეთ ორივე ქვეყნის შესაბამისი სასაზღვრო კომისიების ერთობლივი საქმიანობის შესახებ დებულების ძალაში შესვლა 2024 წლის 1 ნოემბრიდან.

მე ასევე მამხნევებს ადგილზე არსებული სტაბილურობა. მიუხედავად ბოლო თვეებში ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შესახებ სპორადული ბრალდებებისა, საერთო ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შედარებით მშვიდია.

რაც შეეხება “ბრიუსელის პროცესს” , ვიტყოდი, რომ პირადად მქონდა პატივი უშუალოდ ვყოფილიყავი ჩართული იმ პროცესში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩვენს ოფისებში ბრიუსელში.

მჯერა, რომ ეს შეხვედრები (სულ ექვსი – 2021 წლის დეკემბრიდან 2023 წლის ივლისამდე) ძალიან დაეხმარა ლიდერებს თავიანთი პრობლემების ერთმანეთთან გაზიარებაში, ერთმანეთის მოსმენასა და გადაწყვეტილებების მოსაძებნად ერთად მუშაობაში.

2020-2023 წლებში ხელშეწყობის სხვა მცდელობების გარდა, მათ შექმნეს სტრუქტურა და ჩარჩო მათი შემდგომი განვითარებისთვის, ასევე ორმხრივად, გარე შუამავლების გარეშე.

ამან შესაძლებელი გახადა ნდობის აღდგენის ღონისძიებების დაწყება, როგორიცაა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურთიერთ აღიარება, კომუნიკაცია და საკომუნიკაციო არხების აღდგენა, სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მუშაობა და სხვადასხვა ჰუმანიტარული შედეგები.

დიახ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სამწუხაროდ, იყო ტრაგიკული მომენტები და განმეორებითი ძალადობა. როგორც ევროკავშირი, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ორივე მხარე ახლა გააძლიერებს ძალისხმევას კონფლიქტის შედეგების გადასაჭრელად, რათა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს მტრობა.

ათწლეულების განმავლობაში კონფლიქტებთან დაკავშირებული ტანჯვის შემდეგ, რაც მათმა საზოგადოებებმა გადაიტანეს, ვიმედოვნებთ, რომ ამ ორი ქვეყნის ხელმძღვანელობა გამოავლენს ძლიერ პოლიტიკურ ნებას, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ მშვიდობა იყოს ხანგრძლივი და შეუქცევადი.

როდესაც შევხვდები, ვაპირებ, გადავცე ევროკავშირის მადლიერება იმ გაბედული და წინდახედული გადაწყვეტილებების გამო, რომლებიც დღემდე მიიღეს. ასევე, მოვუწოდებ მათ, დაეყრდნონ წინა პროგრესს, განაგრძონ ყველასთვის ორმხრივად მისაღები გადაწყვეტილებების ძიება და დავის გადაწყვეტისას ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავონ.

ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ხაზი გავუსვა ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიის წვლილს სომხეთში, რომელიც აკვირდება მოვლენებს აზერბაიჯანთან ორმხრივი საზღვრის სომხურ მხარეს.

ევროკავშირი აშკარად უარყოფს დეზინფორმაციას მისი საქმიანობის წინააღმდეგ. იმის ნაცვლად, რომ შევქმნათ „ახალი გამყოფი ხაზები“, როგორც ზოგიერთი ამტკიცებს, ჩვენი მიზანია რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობა და საერთო სამშვიდობო პროცესის გაძლიერება.

როდის დაიწყებთ ოფიციალურ კონსულტაციებს რეგიონში?

უახლოეს კვირებში ვგეგმავ რეგიონში ჩემი ახალი ვიზიტების დაწყებას.

ინტერვიუ მაგდალენა გრონოსთან

მსგავსი სტატიები

„ეხო აფხაზეთი“ აქვეყნებს ინტერვიუს საზოგადო მოღვაწესთან და ყოფილ პარლამენტის წევრთან ლეონიდ ჩამაგუასთან - იმის შესახებ, თუ რამდენად დაინტერესებულნი არიან აფხაზი პოლიტიკოსები არჩევნების შედეგით და როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს ამან აფხაზეთზე.
მოსკოვის გამოცხადებულმა მზადყოფნამ, დაეხმაროს თბილისს სოხუმთან და ცხინვალთან შერიგებაში, საქართველოში მორიგი მწვავე პოლემიკა გამოიწვია.