მოსაზრება აფხაზეთიდან საქართველოს შესახებ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ | ასტამურ ტანია და ინალ ხაშიგი

FacebookXMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

საქართველო არჩევნების შემდეგ

რა შეიცვლება აფხაზეთისთვის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ?

რა პერსპექტივები შეიძლება წარმოიშვას ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ტრანსფორმაციაში?

რეგიონში ცვალებადი გეოპოლიტიკური სურათის გათვალისწინებით, რამდენად რეალურია სამხრეთ კავკასიაში დიდი სატრანსპორტო დერეფნის შექმნა აფხაზეთთან ერთად?

გადაცემის მომდევნო ეპიზოდში გაზეთ “ჩეგემსკაია პრავდას“ რედაქტორმა ინალ ხაშიგმა ეს თემები საქართველოში დასრულებული საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, ისტორიკოსთან და პოლიტოლოგ ასტამურ ტანიასთან ერთად განიხილა.

ინტერვიუს სრული ტექტსტი:

ინალ ხაშიგი: გამარჯობა, ეთერშია “ჩეგემსკაია პრავდა” . დღეს ჩვენ განვიხილავთ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო  არჩევნებს, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. პარლამენტში შესული ზოგიერთი ოპოზიციური პარტია, ბოიკოტს უცხადებს ახალ მოწვევის პარლამენტს, მაგრამ ზოგადად სურათი უკვე მეტ-ნაკლებად ნათელია: „ქართული ოცნება“ კიდევ ერთი ვადით რჩება ხელისუფლებაში.

დღეს   ამ თემაზე ვსაუბრობთ  ჩვენს მუდმივ პოლიტიკურ  ექსპერტ  ასტამურ ტანიასთან ერთად. გამარჯობა. ჩვენ საქართველო გვაინტერესებს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კონტექსტში.

ჩვენმა ხელისუფლებამ არაერთხელ გამოხატა  ინტერესი „ქართული ოცნების“ გამარჯვებასთან დაკავშირებით. რამდენად შეესაბამება აფხაზეთის გრძელვადიან ინტერესებს არსებული ვითარება, სადაც ისევ  „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში?

„ქართველი ამომრჩევლის  უმრავლესობამ  აირჩია სტაბილურობა, გაურკვევლობის ნაცვლად,  რაც ჩვენთვისაც მომგებიანია, რადგან პროგნოზირების საშუალებას იძლევა.

ასტამურ ტანია. ჩვენ უკვე განვიხილეთ ეს საკითხი. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ შეძლებს მთავრობის ფორმირებას, რადგან საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, არ ყოფილა რაიმე სერიოზული დარღვევა, რამაც შეიძლება რადიკალურად იმოქმედოს სიტუაციაზე.  აქ მნიშვნელოვანი  როლი ითამაშა ოპოზიციის მდგომარეობამ და საქართველოში არსებულმა  ვითარებამ. ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობამ აირჩია სტაბილურობა, გაურკვევლობის ნაცვლად,  რაც ჩვენთვისაც მომგებიანია, რადგან პროგნოზირების საშუალებას იძლევა.  ეს არის ეკონომიკის, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის, ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ნდობის აღდგენის ღონისძიებებისა და საზოგადოებრივი დისკურსის დეესკალაციის საკითხები. ვფიქრობ, ახლა ამის შესაძლებლობა არსებობს.  საპარლამენტო კამპანიის დროს გაჩნდა მოსაზრება, რომ „ქართული ოცნება“ პრორუსული ძალაა და ამას რუსი კომენტატორებიც ამტკიცებდნენ. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ზედმეტად გამარტივებული ახსნაა.

„ქართული ოცნება“ საკმაოდ რეალისტური ძალაა, რომელიც რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ცდილობს გამოიყენოს ყველა შესაძლო კავშირი რუსეთთან, თურქეთთან და დასავლეთთან. საქართველოს კონსტიტუციაში კვლავ წერია დებულება ევროკავშირთან ინტეგრაციისკენ სწრაფვის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს უფრო სლოგანს ჰგავს, საქართველო შეეცდება მჭიდრო ურთიერთობა შეინარჩუნოს ყველა საგარეო მოთამაშესთან.

 ვფიქრობ, არსებული სტატუს-კვო ყველასთვის სასარგებლოა – რუსეთისთვის, დასავლეთისთვის, თურქეთისთვის და ირანისთვის, მსოფლიოში დაძაბულობის სხვა ძირითადი წერტილების არსებობის გათვალისწინებით. „ქართული ოცნების“ გამარჯვება შესაძლოა დადებითი ფაქტორი იყოს.

დააკვირდით, რამდენად სწრაფად მიულოცეს საქართველოს სომხეთმა, აზერბაიჯანმა და თურქეთმა – ეს ნიშნავს, რომ ისინი კმაყოფილნი არიან ამ შედეგით. ჩინეთიც, როგორც გლობალური მოთამაშე, შესაბამისად გამოეხმაურა. რეაქცია იმდენად სწრაფი იყო, ჩანს , რომ ისინი  კმაყოფილი იყვნენ მიმდინარე შედეგით. არჩევნების შედეგები ოფიციალურად ჯერ არ არის შეჯამებული, კვლავ რჩება მოთხოვნა ხელახალი გადათვლის შესახებ, მაგრამ ყველა საჭირო პროცედურა იქნება დაცული. თუმცა რეაქციების გამოხატვაში პაუზა არ ყოფილა.

ინალ ხაშიგი: „ქართული ოცნების“ გამარჯვება ბევრ კითხვას აჩენს. არა იმდენად იმაზე, თუ როგორ გაიმარჯვა, არამედ მისი საარჩევნო კამპანიის შინაარსზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კონფლიქტებს. მაგალითად, ყველაზე დასამახსოვრებელი იყო პრემიერ-მინისტრის,  კობახიძის განცხადება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, რომ 2030 წლისთვის საქართველო აფხაზებთან და ოსებთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანდება.

ასტამურ ტანია: იყო განცხადებები ივანიშვილის მხრიდანაც.

ინალ ხაშიგი: დიახ, ივანიშვილმაც ისაუბრა, მაგრამ კობახიძემ უფრო ხაზგასმით თქვა. ივანიშვილმა კი ხაზი გაუსვა, რომ მზად იყო ბოდიში მოეხადა ოსებისთვის  2008  წლის ომის გამო და რომ ამ ომის დამნაშავეები „ნაციონალური მოძრაობიდან“ წარდგებიან ერთგვარ „ნიურნბერგის პროცესზე“.

ასტამურ ტანია: მაგრამ ეს თემა არ მიიღეს.

ინალ ხაშიგი. დიახ, ამ იდეას გამოხმაურება არ მოჰყოლია. აგვისტოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემის პროპაგანდა დაიწყო.  გამოკითხვების თანახმად, კონფედერაციის გეგმებმა და ბოდიშის მოხდამ ასევე ვერ მოიპოვა მხარდაჭერა.

ასტამურ ტანია: ეს სარისკო ნაბიჯი იყო. მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა, აჩვენებს ივანიშვილის მზადყოფნას არაორდინალური  ქმედებებისთვის. ვნახოთ, როგორ იმოქმედებს ამაზე საპარლამენტო არჩევნები.

ინალ ხაშიგი: მას შემდეგ, რაც ბოდიშის მოხდის თემა არ გამოვიდა, გამოჩნდა, რომ კობახიძემ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უკვე საუბრობდა აფხაზებთან და ოსებთან ძმობაზე, დეტალების გარეშე – როგორც განზოგადებული განცხადება, რომელსაც პოლიტიკოსები იმეორებენ ბოლო 30 წლის განმავლობაში, შევარდნაძიდან დაწყებული სააკაშვილამდე.

„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში სიტუაციის დეესკალაციისთვის პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა.

ასტამურ ტანია: მნიშვნელოვანია განვასხვაოთ  პროპაგანდა რეალური ნაბიჯებისგან. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა სიტუაციის დეესკალაციისთვის. მდინარე ენგურის გასწვრივ შემუშავდა  პროგრამები, მათ შორის სამედიცინო, რომლითაც სარგებლობს აფხაზი მოსახლეობა. მთლიანობაში, რეგიონი უფრო სტაბილური გახდა, რაც თავისთავად დიდი ნაბიჯია.

ინალ ხაშიგი: მთავარი განსხვავება „ქართული ოცნებისა“ და სააკაშვილის მმართველობას შორის, არის ომის განახლების რეალური საფრთხის არარსებობა. აფხაზეთის საზღვარზე დივერსიული მოქმედებები შეწყდა, სპეცრაზმი დაიშალა.

მაგრამ ზოგადად, კონფლიქტისადმი მიდგომა არ შეცვლილა. სამედიცინო პროგრამა, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ, სააკაშვილის დროს დაიწყო და კანონი ოკუპაციის შესახებ უცვლელი დარჩა 2008 წლიდან. ახლა „ქართულ ოცნებას“ კვლავ აქვს უმრავლესობა პარლამენტში და, შესაძლოა, იყოს გარკვეული ნაბიჯები კონფლიქტის მოგვარების ან თუნდაც გაყინული კონფლიქტის მდგომარეობიდან გასვლის მიმართულებით გადადგმული.

ასტამურ ტანია:  ახლა მათ ექნებათ კარტ-ბლანში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად. მაგრამ მე მაინც ეჭვი მეპარება, რომ იურიდიული ურთიერთობის კუთხით იქნება კარდინალური  გადაწყვეტილებები , რადგან მხარეთა პოზიციები ძალიან განსხვავებულია და რეგიონული ვითარება არ არის ამისთვის ხელსაყრელი.

თუ პოლიტიკურ დღის წესრიგს შორდებით და პრაქტიკულ საკითხებზე გაამახვილებთ ყურადღებას-ეკონომიკა, სოციალური ურთიერთობები, მოსახლეობის უფლებები – ამან შეიძლება გამოიწვიოს დეესკალაცია და სიტუაციის გაუმჯობესება.

ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი შეიძლება იყოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმება ან ცვლილება, რომელიც კრძალავს პირდაპირ ურთიერთობას აფხაზურ მხარესთან. ეს ხელს უშლის მოლაპარაკებების პლატფორმის შექმნას.

ინალ ხაშიგი: ჟენევის დისკუსიები…

ასტამურ ტანია: თუ  ჩვენ  შევძლებდით  ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკების ფორმატად გადაქცევას, ეს იქნებოდა გარღვევა, რომლის შემდეგაც  შესაძლებელი იქნებოდა  მომდევნო ნაბიჯების გადადგმა.

ასეთი პერსპექტივები არსებობს და მნიშვნელოვანია არაფორმალური არხების გამოყენება როგორც აზრთა გაცვლისთვის, ასევე საერთაშორისო მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

ინალ ხაშიგი: „ქართული ოცნება“ ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ კონფლიქტი მოგვარდება მშვიდობიანი გზით და არა სამხედრო გზით. ეს საინტერესო მომენტია. მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია დოკუმენტის ხელმოწერით საერთაშორისო მხარეების შუამავლობით, მაგრამ ამან შეიძლება მოითხოვოს ოკუპაციის შესახებ კანონის შეცვლა.

ასტამურ ტანია: ამისათვის კონფლიქტის მხარეები უნდა განისაზღვროს.  

ინალ ხაშიგი: ჩვენ მხარე არ ვართ.

სამომავლოდ სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში კომუნიკაციების განბლოკვის საკითხი აუცილებლად დადგება.

ასტამურ ტანია: ჩვენ ვიყავით კონფლიქტის მხარე. საქართველომ აღიარა ჩვენთვის ეს სტატუსი, საერთაშორისო ორგანიზაციებმა აღიარეს ის დე ფაქტო და დღესაც აღიარებენ.

მოლაპარაკებების და მიღებული გადაწყვეტილებების წინა გამოცდილებამ, რომელიც ახლა, როგორც ჩანს, დავივიწყეთ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, მდინარე ენგურის ორივე მხარეს, პირველ რიგში მოსახლეობის დასაცავად ძალისმიერი ქმედებების

თავიდან აცილებაში.

 ეკონომიკურ საკითხებზე და ნდობის აღდგენის ღონისძიებებზე ხელი მოეწერა დოკუმენტების დიდ პაკეტს, რომელსაც უნდა დავუბრუნდეთ და ხელახლა შევაფასოთ მისი მიღწევები. ეს არის ჩვენი საკუთარი პრეცედენტი, რომელიც შეგვიძლია გავიმეოროთ. ბოლოს და ბოლოს, არის საკითხები, რომლებსაც ერთმანეთის გარეშე ვერ გადავწყვეტთ. სამომავლოდ სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში  სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვის საკითხი აუცილებლად დადგება. მაშინ საჭირო გახდება განვიხილოთ  სატრანსპორტო მარშრუტები დასავლეთ კავკასიის   გავლით, ანუ აფხაზეთის, საქართველოს, სომხეთისა და თურქეთის გავლით.

ეს ორივე მხარისთვის ეკონომიკურად მომგებიანია, რადგან გვაქვს ჩიხი – აღმოსავლეთ აფხაზეთი და დასავლეთ საქართველო განვითარების ძლიერი მამოძრავებლების გარეშეა დარჩენილი, რის გამოც მოსახლეობა იქაურობას ტოვებს. მის ირგვლივ ტრანზიტი და ეკონომიკური აქტივობა მომგებიანი იქნება ორივე მხარისთვის.

ინალ ხაშიგი:  საუბარია სამხრეთ კავკასიაზე, როგორც სატრანზიტო ტერიტორიაზე და მაგისტრალის განბლოკვის პერსპექტივაზე.ვითარება იცვლება: რუსეთი  აქტიურად უჭერს მხარს, ჩინეთიც, რომელიც ანაკლიაში პორტს აშენებს, პერსპექტივას ხედავს. ადრე სომხეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, მაგრამ ახლა მისი ინტერესი შემცირდა.

ასტამურ ტანია: როგორც სატრანზიტო ქვეყანას, საქართველოს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს ვიდრე სომხეთს.

ინალ ხაშიგი: ადრე აზერბაიჯანი წინააღმდეგი იყო, მაგრამ სიტუაცია იცვლება. როგორ შეიცვლება საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით?   

„ეს არის შანსი, რომ გავხდეთ სრულფასოვანი სუბიექტი ეკონომიკურ  თუ მოლაპარაკების  პროცესებში  და დავიკავოთ მოთამაშის პოზიცია, რომელიც არ უნდა გამოვტოვოთ“ 

ასტამურ ტანია: ამ თემის ირგვლივ კლიმატი სავარაუდოდ შეიცვლება. ხანგრძლივი სტაგნაციის შემდეგ ვითარება შეიცვალა.

ეს დაიწყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტით 90-იანი წლების ბოლოს, რამაც რეგიონში გეოპოლიტიკური დისბალანსი გამოიწვია. თუ ვიწრო დერეფანი გაიხსნება, მაგალითად, ზანგეზურის  გავლით, შესაძლოა კვლავ მოხდეს ინტერესების გადახრა რეგიონული მოთამაშეების სასარგებლოდ, როგორიცაა თურქეთი.

სიტუაციის სტაბილიზაციისა და ძირითადი მოთამაშეების ინტერესების დასაბალანსებლად, ტრანზიტის საკითხი უნდა გადაწყდეს.

რუსეთიც დაინტერესებულია მსგავს პროექტებში მონაწილეობით. ეს არის შანსი, რომ გავხდეთ სრულფასოვანი სუბიექტი ეკონომიკურ თუ მოლაპარაკების პროცესებში  და დავიკავოთ მოთამაშის პოზიცია, რომელიც არ უნდა გამოვტოვოთ“

ინალ ხაშიგი: როგორი უნდა იყოს ჩვენი ხელისუფლების პოზიცია ამ სიტუაციაში? საქართველოში არჩევნები ჩატარდა,  ჩვენი არჩევნებიც ახლოვდება.

ასტამურ ტანია: აუცილებელია საჯარო, რეალისტური მოდელის შემუშავება და მისი აქტიური წარდგენა სხვადასხვა პლატფორმებზე, მედია შესაძლებლობების გამოყენებით. კონტაქტები შეიძლება იყოს ოფიციალური ან ნახევრად ოფიციალური – ინტერვიუებისა და პუბლიკაციების ფორმატში.

ჩვენ უნდა შევქმნათ საინფორმაციო დისკურსი და ავხსნათ, რომ ეს მოდელი არა მხოლოდ ჩვენ გვჭირდება. არგუმენტირებულად  უნდა ავხსნათ, რატომ არის ეს მომგებიანი საქართველოსთვი ს,  რუსეთისთვის, თურქეთისა და დასავლეთის ქვეყნებისთვის, რათა  წინააღმდეგობა არ გაუწიონ ამ პროექტებს. ამიერკავკასიის ინტეგრაციის იდეამ რამდენჯერმე წამოიწია, თუმცა წარსული მცდელობები წარუმატებელი იყო.

რეგიონულ ინტეგრაციას შეუძლია შეამციროს შეიარაღებული კონფლიქტის რისკი და ჩვენი პოლიტიკური ელიტის და ექსპერტების ამოცანაა შეიმუშაონ ასეთი მოდელი, განიხილონ და მიაწოდონ მსოფლიო საზოგადოებას, რათა გაიგონ, რა  გამოიწვევს ინტერესს. 

ინალ ხაშიგი: ამით ჩვენი გადაცემა სრულდება. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის თემას მაშინ დავუბრუნდებით, როცა კონკრეტული დეტალები გამოჩნდება. შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენი სტუმარი იყო ასტამურ ტანია. გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში და  წაიკითხეთ გაზეთის ვებგვერდზე. გემშვიდობებით, ნახვამდის!

მსგავსი სტატიები

აფხაზი სტუდენტები რუსულ უნივერსიტეტებში სამხედრო აღრიცხვაზე აჰყავთ. არის თუ არა საფრთხე, რომ მათ უკრაინაში საომრად გაგზავნიან?
„ეხო აფხაზეთი“ აქვეყნებს ინტერვიუს საზოგადო მოღვაწესთან და ყოფილ პარლამენტის წევრთან ლეონიდ ჩამაგუასთან - იმის შესახებ, თუ რამდენად დაინტერესებულნი არიან აფხაზი პოლიტიკოსები არჩევნების შედეგით და როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს ამან აფხაზეთზე.