კანონი უცხოური აგენტების შესახებ აფხაზეთში
აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი „არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი პირების შესახებ“.
მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის იგივე სკანდალური კანონი უცხოური აგენტების შესახებ, რომლის მიღებასაც აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოება დიდი ხანია ეწინააღმდეგება.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ის შექმნილია აფხაზეთის ინტერესების, მისი სუვერენიტეტის, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების უსაფრთხოების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
კანონპროექტის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციები და ფიზიკური პირები შეიძლება აღიარებულ იქნენ უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებლად, თუ ისინი იღებენ სახსრებს უცხოური წყაროებიდან და მონაწილეობენ აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებულ პოლიტიკურ საქმიანობაში.
პრეზიდენტის ინიციატივას სამოქალაქო საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა..
შეიქმნა ტელეგრამ არხი, სადაც იმავე დღეს გამოქვეყნდა მიმართვა ხელისუფლებისადმი. მასში ნათქვამია, რომ უცხოელი აგენტების შესახებ კანონის დებულებები ეწინააღმდეგება აფხაზეთის კონსტიტუციას:
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ აფხაზეთის შემთხვევაში მიუღებელია ისეთი წესების შემოღება, რომლებიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ცალკეული პირების საქმიანობას, მიუხედავად იმისა, თუ რა კონცეფცია გამოიყენება ამისთვის კანონმდებლობაში, რადგან ასეთი შეზღუდვა პირდაპირ წინააღმდეგობაში იქნება კანონთან.”
ადვოკატი საიდ გეზერდაა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი არამარტო იურიდიული, არამედ ფიზიკური პირების რეესტრსაც მოიცავს. ეს ნიშნავს, რომ მასში იქნება არა მხოლოდ ორგანიზაციები, არამედ კონკრეტული ადამიანებიც.
„ფიზიკურ პირთა რეესტრში შესვლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. თქვენ შეგიძლიათ გახდეთ “უცხოური აგენტი”, თუ:
ანუ, აფხაზეთის ნებისმიერი მოქალაქე, თანამდებობის პირების შეხედულებისამებრ, შეიძლება მოხვდეს ამ „არასანდოთა სიაში“.
9 თებერვლის საღამოსთვის სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებისა და სტუდენტების 300-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა. მიმართვას ხელმომწერი ერთ-ერთი აქტივისტი დარწმუნებულია, რომ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მიზანია არა აფხაზეთის დაცვა საგარეო გავლენისგან, არამედ ხელისუფლების მიმართ განსხვავებული აზრისა და კრიტიკის აღმოფხვრა.
„ეს კანონი გაანადგურებს დემოკრატიის აფხაზურ კულტურას“, – ამბობს აქტივისტი.
ეკონომისტი ახრა არისტავაც თვლის, რომ უცხოური აგენტების შესახებ კანონი აფხაზეთში უბრალოდ შეუძლებელია გამოვიდეს.
„ობიექტური, ისტორიული, კულტურული და სხვა მიზეზების გამო, ყველაფერი, რაც რუსეთში გამოიყენება, არ შეიძლება აფხაზეთში გამოიყენებოდეს. ამიტომ, ისეთი კანონები, როგორიც არის უცხოური აგენტების შესახებ, არანაირ სარგებელს არ მოუტანს აფხაზეთს, გარდა ზიანისა“, – წერს ახრა არისტავა ფეისბუქზე.
პარლამენტს კანონპროექტი ჯერ არ მიუღია. ყველა საჭირო პროცედურის გათვალისწინებით, ის პარლამენტის სესიაზე ორ თვეში გავა.