პოლიტიკური კრიზისი აფხაზეთში
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა “საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის” (“რონდელის ფონდი”) ვებ-გვერდზე. სტატიის სათაური, ტექსტი და ტერმინოლოგია გადმოტანილია უცვლელად. ყველა უფლება ეკუთვნის “რონდელის ფონდს”. გამოქვეყნების თარიღი: 21/11/2024
ავტორი: მამუკა კომახია
2024 წლის 15 ნოემბერს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დაწყებული პოლიტიკური კრიზისი დე ფაქტო ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეთანხმებით დასრულდა. შეთანხმების მიხედვით, დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია 19 ნოემბერს, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე, გადადგა. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჯერად პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში პირდაპირ არ იყვნენ ჩართული რუსი კურატორები.
რაზე შეთანხმდა დე ფაქტო ხელისუფლება და ოპოზიცია?
15 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს რუსეთთან დადებული ე.წ. საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაცია უნდა მოეხდინა, თუმცა საპროტესტო გამოსვლების გამო საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. ამის მიუხედავად, „სამთავრობო“ შენობებთან შეკრებილმა მოწინააღმდეგეებმა რკინის დამცავი ჯებირები გაარღვიეს და „პარლამენტის“, „პრეზიდენტის ადმინისტრაციისა“ და „მთავრობის“ შენობები დაიკავეს. ბჟანიამ თავი მშობლიურ სოფ. ტამიშს შეაფარა და იქიდან შეუდგა „ქვეყნის“ მართვას.
რამდენიმედღიანი კრიზისი 19 ნოემბერს ბჟანიას გადადგომით დასრულდა. დე ფაქტო ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის რვასაათიანი მოლაპარაკების შედეგად შემდეგ შეთანხმებას მიაღწიეს:
ამ დროისთვის შეთანხმების ყველა პუნქტი შესრულებულია.
რატომ დაიწყო პოლიტიკური კრიზისი?
პოლიტიკური კრიზისი დააჩქარა ე.წ. საინვესტიციო შეთანხმების („აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის იურიდიული პირების მიერ საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შეთანხმება“) რატიფიკაციის საკითხმა, რომლის შესრულებაც გათვალისწინებული იყო 2020 წლის 12 ნოემბრის ე.წ. კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროგრამით („აფხაზეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის საფუძველზე რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამა“). პროგრამის თანახმად, საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობისთვის აუცილებელი კანონმდებლობა 2023 წლისთვის უნდა ყოფილიყო მიღებული, თუმცა შიდა წინააღმდეგობის გამო ბჟანიამ მოსკოვის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულება დროულად ვერ შეძლო.
მიმდინარე წელს რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ბჟანიაზე ზეწოლა გაიზარდა. რუსეთმა გარკვეული სანქციებიც კი დაუწესა ოკუპირებულ აფხაზეთს, კერძოდ, 1 სექტემბრიდან ნაწილობრივ შეუწყვიტა ფინანსური დახმარება, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში კი ელექტროენერგიის მიწოდება მხოლოდ კომერციული ფასით განუსაზღვრა. ამის გამო აფხაზეთში ოთხსაათიანი გრაფიკი უკვე მოქმედებს და ამ მხრივ ვითარების კიდევ უფრო გაუარესებას ელოდებიან. რუსეთიდან ზეწოლის პირობებში, 30 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა და აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა ხელი მოაწერეს ე.წ. საინვესტიციო შეთანხმებას.
დე ფაქტო ხელისუფლების პოზიციით, ეს იყო ერთადერთი გზა აფხაზეთის ტერიტორიაზე ინვესტიციები მოეზიდათ მაშინ, როდესაც, ოპოზიციის შეფასებით, შეთანხმების რატიფიკაცია არათანაბარ პირობებში ჩააყენებდა ადგილობრივ მეწარმეებს და რუს ოლიგარქებს, რომლებიც შეთანხმების ძალით არაერთ შეღავათს მიიღებდნენ და, საბოლოო ჯამში, აფხაზები დაკარგავდნენ სამუშაო ადგილებს და შემოსავლის წყაროს. რუს ოლიგარქებს შორის ყველაზე ხშირად ასახელებენ ალექსანდრ ტკაჩევის სახელს – წარსულში კრასნოდარის მხარის გუბერნატორს და რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს, რომელსაც აფხაზეთში თავისი ბიზნესინტერესები აქვს და აფხაზურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში გავლენიან მოთამაშედ მიიჩნევა.
ეს არ იყო პირველი შემთხვევა, რამაც დე ფაქტოს ხელისუფლების მოწინააღმდეგეების მწვავე პროტესტი გამოიწვია. გასულ წელს დე ფაქტო ხელისუფლებამ ღამით მოიწვია „დეპუტატები“, რომლებმაც ე.წ. ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას დაუჭირეს მხარი. მწვავეა ე.წ. აპარტამენტების კანონის საკითხიც, რომელიც ოპოზიციის ბრალდებით ბჟანიას გუნდის მიერ კარგად შეფუთული გეგმაა და, საბოლოო ჯამში, რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის შესაძლებლობას იძლევა. აფხაზეთის ტერიტორიაზე უძრავი ქონების გადაცემა განსაკუთრებით მგრძნობიარე საკითხია. აფხაზეთში შიშობენ, რომ ამ უფლების რუსეთის მოქალაქეებისთვის მიცემა, მათ მიწაზე კონტროლისა და ე.წ. სუვერენიტეტის დაკარგვის ტოლფასია.
„პრეზიდენტის“ გადადგომის პრეცედენტები
ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისების მდიდარი ისტორიაა. დე ფაქტო პრეზიდენტები ვადამდე ადრე სხვა დროსაც გადამდგარან, თუმცა ამჟამინდელი კრიზისი განსხვავდება წინა შემთხვევებისგან. საინტერესოა, რომ ამჯერად კრიზისის მოგვარებაში შუამავლის როლის სტატუსით პირდაპირ არ ჩაერთნენ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები.
პირველი მწვავე შიდაპოლიტიკური კრიზისი 2004-2005 წლებში იყო, როდესაც ვლადისლავ არძინბას მემკვიდრის შერჩევის პროცესში მოსკოვმა ფსონი რაულ ხაჯიმბაზე დადო, აფხაზმა „ამომრჩეველმა“ კი – სერგეი ბაღაფშზე. მოსკოველი შუამავლების ძალისხმევით, ხელახალი „საპრეზიდენტო არჩევნები“ დაინიშნა. „არჩევნების“ შედეგად ბაღაფში „პრეზიდენტი“ გახდა, ხაჯიმბა – „ვიცე-პრეზიდენტი“.
„პრეზიდენტის“ გადადგომის პირველი შემთხვევა იყო 2014 წელს, როდესაც მაშინდელი ოპოზიციის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ მოქმედი „პრეზიდენტის“ ალექსანდრ ანქვაბის წინააღმდეგ გაილაშქრა. პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად მოსკოვიდან ოკუპირებული რეგიონების კურატორები, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი ჩავიდნენ. სურკოვის შუამავლობის შედეგად ანქვაბი გადადგა. ახალ „საპრეზიდენტო არჩევნებში“ კი ხაჯიმბამ გაიმარჯვა.
შემდეგი პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც „პრეზიდენტის“ გადადგომა მოჰყვა, 2020 წლის იანვარში იყო. ხაჯიმბა, რომელიც თავადაც მსგავსი კრიზისის შედეგად გახდა „პრეზიდენტი“, მზარდი შიდა პოლიტიკური ზეწოლისა და რუსი კურატორების შუამავლობის შედეგად იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა. რუსი შუამავლები ამჯერადაც სურკოვი და ნურგალიევი იყვნენ. ახალ „საპრეზიდენტო არჩევნებში“ ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა, „პრემიერ-მინისტრი“ კი ალექსანდრ ანქვაბი გახდა.
რუსეთის ხელისუფლების რეაგირება
2024 წლის ნოემბრის მოვლენებისას პირველად მოხდა, რომ აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში უშუალოდ არ ჩაერთნენ რუსი შუამავლები. ამ მხრივ გამოცდილი ნურგალიევი, რუსეთის უშიშროების საბჭოში იმავე თანამდებობას იკავებს, სურკოვი კი ხელისუფლებაში აღარ არის. იყო მოლოდინი, რომ ტრადიციული მექანიზმი ამ შემთხვევაშიც ამოქმედდებოდა და კრემლის კურატორები დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლის როლს შეასრულებდნენ, მაგრამ ამჯერად კრემლმა განსხვავებული ტაქტიკა აირჩია. კრიზისის დღეებში მოსკოვში სავარაუდოდ განხორციელებული სატელეფონო ზარების შინაარსი უცნობია, მაგრამ ცნობილია მოსკოვის განცხადებები, საიდანაც ჩანს, რომ კრემლი პოლიტიკურ კრიზისში მთავარ დამნაშავედ ოპოზიციას მიიჩნევს. რუსულ მედიაში ოპოზიცია ანტირუსული განწყობების გაღვივებაშიც დაადანაშაულეს.
პირველი განცხადება 15 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გაავრცელა. მისი შეფასებით, „ოპოზიციამ ვერ შეძლო უთანხმოების დარეგულირება ქვეყნის კანონიერ ხელისუფლებასთან ცივილიზებული დიალოგის გზით და გავიდა სამართლებრივი ჩარჩოდან“. ზახაროვას განცხადებით, ასეთი სცენარი ხელს არ უწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, რაც აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური აღმავლობისთვის მთავარი ფაქტორია. ზახაროვამ ისევე, როგორც ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ რუს ტურისტებს აფხაზეთში ვიზიტისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.
18 ნოემბერს მოკლე კომენტარი გააკეთა პუტინის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა და აღნიშნა: „რუსეთსა და აფხაზეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“. მან თქვა, რომ რუსეთი ვითარების ნორმალიზების მომხრეა, რომ იგი კონსტიტუციურ ჩარჩოს არ გასცდეს.
ყველაზე ყურადსაღები შეფასება გაკეთდა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიაში, „პირველ არხზე“, სადაც მიმდინარე პროცესებზე მომზადებულ სიუჟეტში ოპოზიციონერებს პუტჩისტები უწოდეს. ოპოზიციონერების პუტჩისტებად მოხსენიება შეიძლება მივიჩნიოთ კრემლის პოზიციადაც. ამ ფონზე საინტერესოა, რომ 18 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ პუტინმა ბჟანია 2025 წლის 9 მაისის საზეიმო ღონისძიებაზე მიიწვია, რითაც კრემლმა მიანიშნა თავისი პოზიციის შესახებ – თუ ვისკენაა ამ დაპირისპირებაში მისი სიმპათიები.
ანტირუსული ოპოზიცია?
ბჟანია ე.წ. საინვესტიციო შეთანხმებისა და ე.წ. ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის საკითხისადმი კრიტიკული დამოკიდებულების გამო ოპოზიციასა და საზოგადოების ნაწილს ანტირუსული განწყობების გაღვივებაში ადანაშაულებდა. ბჟანია ისე წარმოაჩენდა ვითარებას, რომ ოპოზიცია რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობის გაღრმავების წინააღმდეგი იყო, რაშიც ოპოზიციას დასავლეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო სექტორიც უჭერდა მხარს. ბჟანიას მოსაზრებას იზიარებდა რუსული მედია და პროპაგანდისტებიც, რომლებიც ბჟანიასგან ასევე მოითხოვდნენ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღებას. ამ „კანონის“ მიღების მიზანი აფხაზეთის ტერიტორიაზე დასავლური საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა და კონტროლი იყო, მაგრამ ამ შემთხვევაშიც დე ფაქტო ხელისუფლება დიდ წინააღმდეგობას წააწყდა და ეს საკითხი დღემდე არ არის გადაჭრილი.
ბჟანიასა და რუსული მედიის შეფასებების მიუხედავად, აფხაზური ოპოზიციის ანტირუსულ განწყობებში დადანაშაულება გადაჭარბებულია. რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ორგანიზებული ანტირუსული პოლიტიკური ჯგუფები არ არსებობენ. ყველა მსგავსი ჯგუფისთვის ნათელია, რომ რუსეთი აფხაზეთის ერთადერთი მოკავშირეა, რომლის ეკონომიკურ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული მათი არსებობა. ანტირუსულ განწყობებში დადანაშაულება უფრო პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტია, რომელსაც, როგორც წესი, მოქმედი დე ფაქტო ხელისუფლება იყენებს ოპოზიციის წინააღმდეგ. ე.წ. საინვესტიციო შეთანხმების, აპარტამენტის კანონისა თუ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის საკითხზე არსებული წინააღმდეგობა უფრო შიდა პოლიტიკური კონტექსტით არის განპირობებული. აფხაზეთში გავრცელებულია მოსაზრება, რომ „აფხაზური მიწის“ სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის დათმობა აფხაზეთის დემოგრაფიას მცირერიცხოვანი აფხაზების საზიანოდ შეცვლის და „აფხაზურ მიწაზე“ მათ „სუვერენიტეტს“ შეასუსტებს. ეს ასევე არის ცალკეულ პოლიტიკურ და ბიზნეს ჯგუფებს შორის, როგორც აფხაზეთში, ისე რუსეთში, ბრძოლა სარფიანი ეკონომიკური პროექტებისთვის, რისი ინტერესიც რუსეთის მხრიდან გაზრდილია.
საქართველოს ხელისუფლების რეაგირება
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, ოფიციალურ თბილისს ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე პროცესები პრაქტიკულად არ შეუმჩნევია. ერთადერთი კომენტარი ამ საკითხზე, ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხის სახით, პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა: „ეს არის შედეგი იმისა, რომ არის საოკუპაციო მმართველობა იქ და ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომელშიც არ არის ინსტიტუციები და არის საოკუპაციო მმართველობა, რა თქმა უნდა, სტაბილურობა შეუძლებელია – ანექსიის მცდელობას მე ვერ დავარქმევდი“. თავმჯდომარის განმარტებით, „საოკუპაციო რეჟიმების მიერ შექმნილი „ნაცრისფერი ზონები“, როგორც საქართველოში, ისე სხვაგან, არის დესტაბილიზაციის წყარო“.
რას უნდა ველოდოთ?