ენერგოკრიზისი აფხაზეთში
სოხუმში მიმდინარე მძიმე პოლიტიკურ კრიზისს, რომელსაც დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია შეეწირა, ენერგოსექტორის მოუგვარებელი პრობლემებიც დაერთო. მძიმე ენერგოკრიზისში ჩაფლულ აფხაზეთში ის მოსაზრებებიც გაჟღერდა, რომ სოხუმმა საქართველოს დახმარებით უნდა მიმართოს. სწორედ ამასთან დაკავშირებით, ჩვენმა გამოცემამ კონფლიქტების მიმართულებით მომუშავე ქართველ მკვლევარებს ერთადერთი კითხვით მიმართა – უნდა ქნას თუ არა რამე თბილისმა აფხაზეთის დასახმარებლად?
სიტუაციის აღწერა
ტრადიციულად, ზამთარი მძიმეა ოკუპირებული რეგიონისთვის, რადგანაც ენგურჰესში წყლის დონე იკლებს, ჰესი კი ნაკლებ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. აფხაზური მხარისთვის ენგურჰესი ელექტროენერგიის ერთადერთი წყაროა, გაზიფიკაციის არ არსებობის პირობებში კი, ზამთარში სექტორზე წნეხი კიდევ უფრო მეტად იზრდება.
გაზრდილი მოხმარება და შემცირებული მიწოდება დეფიციტს იწვევს, რომელსაც სოხუმი, როგორც წესი, რუსეთის მიერ მოწოდებული ელექტროენერგიით ფარავდა, რომელსაც გაუარესებულ რუსულ-აფხაზურ ურთიერთობამდე რუსეთის შიდა ტარიფით ყიდულობდა. მოსკოვმა დაფინანსების ნაწილობრივ შეწყვეტასთან ერთად, აფხაზეთს ელექტროენერგიის კომერციულ ფასებში ყიდვა მოსთხოვა.
სწორედ ამ ვითარებაში განსაკუთრებულად გამწვავდა ენერგოკრიზისი აფხაზეთში, რომელსაც დამატებითი ელექტროენერგიის რუსეთიდან შესყიდვის ფინანსური სახსრები არ აღმოაჩნდა. მწვავე ენერგოკრიზისს დამატებით ართულებს მაინინგის მოუგვარებელი პრობლემა, ძალიან დაბალი ტარიფი ელექტროენერგიაზე, რომლის აკრეფასაც კი ვერ ახერხებენ შესაბამისი დე-ფაქტო უწყებები, მოძველებული ინფრასტრუქტურა, რომელიც მუდმივად ავარიებს განიცდის და არასაკმარისი ფინანსური და ადამიანური რესურსები ამ პრობლემების გადასაჭრელად.
შედეგად, ბოლო რამდენიმე კვირა აფხაზეთს დენი გრაფიკით მიეწოდებოდა, რომელიც დილის 7 საათიდან საღამოს 9 საათამდე დენის მიწოდებას 3 საათზე ნაკლები დროით ითვალისწინებდა, უწყვეტად კი მხოლოდ საღამოს 9-დან დილის 7 საათამდე. დე-ფაქტო პრეზიდენტის პოსტის შემსრულებელმა ბადრა გუნბამ რუსეთს ელექტროენერგიის “ჰუმანიტარული დახმარების” თხოვნით მიმართა, რის შედეგადაც 23 დეკემბრიდან დენი მოსახლეობას მხოლოდ 4 საათით შეუწყდება. თუმცა, უცნობია, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება რუსეთის “ჰუმანიტარული დახმარება”, რომელიც, სავარაუდოდ, მხოლოდ საახალწლო პერიოდზე არის გათვლილი.
თბილისის შესაძლო ნაბიჯები
ამ ვითარებაში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს თბილისის რეაქცია, რომელიც, თავად მძიმე პოლიტიკურ კრიზისში გახვეული, აფხაზეთში არსებულ მძიმე ენერგოკრიზისზე ჯერჯერობით დუმილს ამჯობინებს. რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას თბილისმა?
თამთა მიქელაძე \ მკვლევარი
“აფხაზეთსა და რუსეთს შორის კრიზისი ძალიან აშკარაა ჩემთვის. რუსეთი დაინტერესებულია არსებული ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რომელიც მას უკრაინაში სრულმასშტაბიანი, სასტიკი ომის შემდეგ დაუდგა, აითვისოს პერიფერიული ბაზრებიც და რესურსებიც კი. ამიტომ ის მაქსიმალურად ითხოვს აფხაზეთისგან ახალ და ახალ დათმობებს.
აფხაზებმა დიდი შეცდომა დაუშვეს, როცა უარი თქვეს ე.წ. მულტივექტორულ საგარეო პოლიტიკაზე და სრულად გახადეს საკუთარი თავი რუსეთზე ჩამოკიდებული. აფხაზებმა კარგად იციან, რომ რუსეთს ამ რეგიონში ყოველთვის იმპერიული ინტერესები ჰქონდა. აფხაზებს რუსული იმპერიისგან შევიწროების ძალიან მძიმე მეხსიერება აქვს.
ამ პირობებში მე მგონია, რომ აფხაზებისთვის გამოსავალი თბილისთან და ევროკავშირთან ურთიერთობების ახალი ვექტორების შექმნაა და ცხადია, რომ თბილისი უნდა იყოს პოლიტიკურად და ეკონომიკურად მზად აფხაზებს შესთავაზოს ეკონომიკური, სოციალური ალტერნატივები.
მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ თბილისი ამას ვერ აკეთებს და ალბათ ვერც გააკეთებს. 1. მას თავად აქვს მძიმე პოლიტიკური კრიზისი; 2. მას მალე დაუდგება უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი. 3. ის დაშორდა ევროკავშირს.
ანუ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ თავი ჩაიგდო იმ მდგომარეობაში, როცა ის უუნარო ხდება კონფლიქტების მიმართულებით შექმნილ მნიშვნელოვან ისტორიულ კონტექსტში იყოს ქმედუნარიანი და სანდო მხარე. სწორედ ამ გაგებით ცალსახაა, რომ “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებები იყო ზედაპირული და ცარიელი.”
მარინა ელბაქიძე | ფსიქოლოგი, კონფლიქტოლოგი
“მე ვფიქრობ, რომ საქართველო უნდა დაეხმაროს აფხაზეთს ენერგოკრიზისის დაძლევაში. ამ პოზიციას რამდენიმე არგუმენტი მიმყარებს.
ზოგადად, ადამიანური მორალი გვკარნახობს, რომ უნდა დაეხმარო ადამიანს, მეგობარს, მეზობელს, როცა მას უჭირს და შენ შეგიძლია მისი დახმარება. გარდა ამისა, პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველოს ოფიციალური პოზიციის თანახმად, აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა და, შესაბამისად, აფხაზები – მისი მოქალაქეები.
სწორედ ამიტომ უნდა იზრუნოს საქართველომ აფხაზეთის ენერგოკრიზისის მოგვარებაზე. მით უმეტეს, რომ ეს ადრეც გაუკეთებია ქართულ მხარეს და სწორი იქნება, კვლავ დაეხმაროს. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ დახმარება ამ საკითხში, ხელს შეუწყობს ნდობის აღდგენას მხარეებს შორის და შესაბამისად, კონფლიქტის ტრანსფორმაციას.”
პაატა ზაქარეიშვილი | კონფლიქტოლოგი
“რთული სათქმელია, ახლა რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს. საქართველოს ხელისუფლება ამისთვის მზად წინასწარ უნდა ყოფილიყო. რუსეთი 2-3 წელია ეტაპობრივად გუდავს აფხაზეთს, განსაკუთრებით 2020 წლის შემდეგ, როდესაც ე.წ. “ჰარმონიზაციის დოკუმენტს” მოეწერა ხელი. იქ აშკარად ჩანს, რომ ენერგეტიკის მიმართ რუსეთს განსაკუთრებული ინტერესი აქვს. ამ დროიდან უნდა დაეწყო საქართველოს ხელისუფლებას აქტიური ქმედებები, რომ რუსეთს არ მიეთვისებინა აფხაზეთის ენერგეტიკა.
საქართველოს უნდა შეეთავაზებინა სოხუმისთვის, რომ, თუ ისინი მოაგვარებდნენ მაინინგის პრობლემას, თბილისი შესთავაზებდა მათ ელექტროენერგიას უაღრესად შეღავათიან ფასებში. რა თქმა უნდა, როცა ასე საშინლად ხდება ელექტროენერგიის გამოყენება, ის მოსახლეობას არ მიეწოდება და მაინინგებით გამდიდრებული ხალხი თავის ინტერესებს ემსახურება, ბუნებრივია, ასეთ დროს ვერ მივაწვდიდით. უნდა ყოფილიყო გარკვეული დათქმები და პირობები.
დღეს ეს როგორ უნდა გაკეთდეს, არ ვიცი. ძნელი გასაკეთებელია. თუმცა, მე “ქართული ოცნებისგან” არაფერს ველოდები კარგს და შესაბამისად, მათგან შეუძლებელია, რაიმე ნაბიჯი იქნას გადადგმული. თუმცა, არაა გამორიცხული, როგორც შარშან, როდესაც საახალწლო პერიოდში გადმოვიდა კრისტინა ოზგანი ჩვენს კონტროლირებად მხარეს, რათა დროებით სადღესასწაულო პერიოდში მიწოდებაზე ეწარმოებინა მოლაპარაკებები, ასეთი რამე ჩვენს მხარეს წელსაც შეუძლია გააკეთოს.
თუ მათ უნდათ, რომ სადღესწაულო პერიოდში 1-2 კვირის გარდა, ასევე უფრო პერმანენტული ფორმა შეიძინოს ჩვენი მხრიდან ელექტროენერგიის მიწოდებამ, ამას უფრო სერიოზული შეთანხმება სჭირდება, თუნდაც არაფორმალური, ჯენტლმენური, მათ შორის ამას დასჭირდება მონიტორინგიც, რომ აფხაზეთი არსებულ პრობლემებს გამოასწორებს და შემდეგ ზამთარს უფრო მომზადებული დახვდება.”
ვანო აბრამაშვილი | მკვლევარი
“ჩემი აზრით, ენერგეტიკის სფეროში აფხაზეთს უფრო სიღრმისეულად უნდა დაეხმაროს თბილისი, ოღონდ კონკრეტული პირობებით. მაგალითად, ქსელს რომელსაც დანაკარგი 30%-მდე აქვს (როგორც მე მითხრეს იქაურმა ენერგეტიკოსებმა) უნდა გარემონტდეს და აქ თანადაფინანსება შეიძლება ქართული მხრიდან.
ასევე, შეიძლება თბილისმა გაურემონტოს ექსკლუზიურად ქართული კომპანიის მეშვეობით, რათა კიდე უფრო მეტი კავშირები დამყარდეს ადამიანური თვალსაზრისით (მაგ. იქ იცხოვრონ ამ პერიოდის განმავლობაში).
ასევე, შეიძლება რემონტთან ერთად ქსელის ინტერნეტ-ადმინისტრირება და მონიტორინგი ხდებოდეს ქართული მხარის მიერ. ვინაიდან აფხაზური ენერგეტიკა მხოლოდ ელექტრო-ენერგეტიკაზეა დამოკიდებული, მნიშვნელოვანია, ქართულმა მხარემ ალტერნატიული ენერგიის ხელშეწყობაც დაიწყოს. მაგალითად, ტყის მდგრადი მართვა, ბიომასა და ა.შ. განახლებადი ელექტროენერგია ამ ეტაპზე მასობრივად ძალიან გაჭირდება ფინანსური რესურსების და უსაფრთხოების გამო (ჭკვიანი სისტემები ჭირდება რომელიც ორმაგი დანიშნულების შეიძლება იყოს).
ზოგადად ეს გრძელვადიანი პროცესია და ახლო მომავალში, როგორც პანდემიისას მიუდგა მყისიერად ქართული მხარე პრობლემას, ეგრე უნდა მიუდგეს – რადგანაც ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხია. თუ მსგავსი დახმარება იქნება ქართული მხრიდან, ერთ-ერთი პირობა მაინინგის კონტროლი უნდა იყოს. სხვანაირად აზრი არ აქვს.”
ზურაბ ბენდიანიშვილი | კონფლიქტოლოგი
“რუსეთის მიერ ბლოკირებული აფხაზეთი რომ საქართველის დახმარებას თხოვს – აქ უკვე კითხვაც არ უნდა არსებობდეს, რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ, რომელიც ნდობის დაბრუნებასა და კონფლიქტის მშვიდობიან კურსს დეკლარილებს.
ამას ემატება გალში ქართული მოსახლეობის მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარების პერსპექტივა სწორედ ამგვარი თანამშრომლობით და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები, რომ არაფერი ვთქვათ ამ გზით რუსული გავლენების ნაწილობრივ შემცირებაზე აფხაზეთში.
თანაც, საქართველოს საბიუჯეტო შესაძლებლობების გათვალისწინებით, რითაც “ქართული ოცნება” ბოლო პერიოდში მუდამ ტრაბახობს, ამგვარი დახმარების გაწევა სრულად შესაძლებელია.”
ენერგოკრიზისი აფხაზეთში