არის თუ არა საქართველოს მოუგვარებელი კონფლიქტების ადგილი ცვალებად მსოფლიო წესრიგში?

FacebookXMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

მსოფლიო იცვლება – სად ვართ ჩვენ? | ხედვა თბილისიდან

საქართველოსთვის კონფლიქტები უკვე ოცდაათ წელზე მეტი ხანია ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება. ეს კონფლიქტები თავიდანვე რამდენიმე განზომილებაში არსებობდნენ და თითოეულ მათგანს თავისი წილი გავლენა ჰქონდა პროცესებზე.

ამ ოცდაათი წლის მანძილზე ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური, და, რაც მთავარია, ქართულ-რუსული კონფლიქტების საერთაშორისო განზომილებები პერიოდულად იცვლებოდა და სტატიკური არ იყო, თუმცა საერთაშორისო ურთიერთობებში უკრაინის ომის შემდეგ დაწყებული ცვლილებები თავისი მასშტაბით უპრეცედენტოა. ეს ცვლილებები რომელიმე ერთი რეგიონით არ შემოიფარგლება და ის გლობალურია. უკრაინის ომი ამ ცვლილებების მხოლოდ ერთ-ერთი გამოხატულებაა.

მსოფლიო წესრიგი, რომელიც სახელმწიფოთა სუვერენიტეტსა და საზღვრების უცვლელობაზე იდგა, სულ მცირე ბოლო ორი ათწლეულია კრიზისში იმყოფებოდა. ჩინეთის ეკონომიკური ზრდა, რეგიონული ძალების [ინდოეთი, პაკისტანი, ბრაზილია, რუსეთი] ამბიციები თავად წარმოადგენდნენ საერთაშორისო პოლიტიკაში დამოუკიდებელ ცენტრებსა და პოლუსებს საბოლოო ჯამში ამ ცვალებად გარემოს აყალიბებს. ამბიციური საერთაშორისო აქტორები სხვადასხვა პოლიტიკურ იდეოლოგიასა თუ ეკონომიკურ ინტერესებს გამოხატავენ.

მსოფლიო პოლიტიკის არენაზე დემოკრატიული სისტემების ჰეგემონობა ნელ-ნელა სრულდება და ვხედავთ, რომ ავტორიტარული რეჟიმები კონკურენტულ ძალებად ყალიბდებიან. ერთი შეხედვით ახალი არც არაფერი ხდება – საერთაშორისო სისტემა ყოველთვის ცვალებადი იყო და ჩვენ მხოლოდ დროის მცირე მონაკვეთით დამყარებული წესრიგის დასასრულს ვაკვირდებით.

ბევრისთვის ჯერჯერობით კვლავ გაურკვეველია, რეალურად რა სახის ცვლილებები მიმდინარეობს ჩვენს თვალწინ და საითკენ მიდის ზოგადი პროცესი. არ ჩანს, თუ რომელი სახელმწიფო, რომელი იდეოლოგიის მატარებელი პოლიტიკური სისტემა შეძლებს გლობალური თუ რეგიონული დომინანტობის მოპოვებას. როგორ იარსებებს ქართულ-აფხაზური კონფლიქტი ამ ახალ სამყაროში, რა ადგილი ექნება მას ახალ გლობალურ წესრიგში – ეს ალბათ ის მთავარი კითხვებია, რომელიც ენგურის ორივე მხარეზე ბევრს აფიქრებს.

ამ კითხვებზე მსჯელობისა და პასუხების მისაღებად საჭიროა გავითვალისწინოთ თუ ვინ არიან ის საერთაშორისო აქტორები რომელთაც პირდაპირი თუ ირიბი გავლენა აქვთ ამ კონფლიქტებზე, როგორი იყო მათი დამოკიდებულება საქართველოს კონფლიქტების მიმართ და ამჟამად ამ აქტორების საგარეო პოლიტიკა რა ცვლილებებს განიცდიან.

გარე მოთამაშეები შესაძლებელია რამდენიმე ჯგუფად დავყოთ: კავკასიის რეგიონის ძალები, შეერთებული შტატები და ევროპა.

ცვლილებები კავკასიაში

საქართველოს კონფლიქტებზე კავკასიაში ყველაზე ნაკლები გავლენა სომხეთსა და აზერბაიჯანს გააჩნიათ. ამ ქვეყნების ინტერესები თუ რესურსები ამ მხრივ დიდად არ შეცვლილა და მათი პოლიტიკა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ბოლო ოცდაათი წლის მანძილზე უცვლელია. ეს დამოკიდებულება შენარჩუნდა სომხეთში მომხდარი რევოლუციისა თუ ყარაბაღის მეორე ომის შემდეგაც.

თუმცა რეგიონში ორი მთავარი სახელმწიფოა, რომელთაც არათუ შეეძლოთ და შეუძლიათ კონფლიქტებზე გავლენა იქონიონ, არამედ უშუალოდ მათ ინტერესსაც წარმოადგენს ამ პროცესებში ჩართვა. აქ საუბარია თურქეთსა და რუსეთზე. მათი საგარეო პოლიტიკის გასააზრებლად და სამომავლო პროცესების დასანახად საჭიროა ცალ-ცალკე მიმოვიხილოთ მოსკოვისა და კრემლის მთავარი შიდა თუ საგარეო გამოწვევები, რომლებსაც ისინი ბოლო სამი ათეული წელია უმკლავდებიან.

თურქეთი

თურქეთი ტრადიციულად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი სახელმწიფოა, თუმცა მისი მყარი პოზიციის მიღმა არ უნდა დაგვავიწყდეს ის საგრძნობელი ცვლილებები, რომელიც ბოლო ოცდაათი წლის მანძილზე ქვეყანამ გაიარა.

ისტორიკოსი დავით ბრაგვაძე აღნიშნავს, რომ თურქეთს XX საუკუნის ბოლოს მოდერნიზაციის, ეკონომიკის ზრდისა და რეგიონულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების კურსი ჰქონდა არჩეული. ამ ყველაფერს ემატებოდა ტრადიციული ქემალისტური მიდგომები ქვეყნის უფრო მეტი სეკულარიზაციის მიმართულებით. თუმცა, რეგიონულ ძალად ჩამოყალიბების პროცესში ქვეყანას ურთიერთობა თითქმის ყველა მეზობელთან დაეძაბა. პოლიტიკურ ცხოვრებაში ისლამის დიდი დოზით შემოსვლისა და დემოკრატიული უკუსვლის გამო კი მნიშვნელოვნად დაიხია უკან ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით.

თურქეთი ერთგულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორულ მთლიანობას და ამ მიმართულებით კითხვის ნიშნები არასოდეს ყოფილა. აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლები პერიოდულად სტუმრობენ თურქეთს და შეხვედრებს მართავენ რომელიმე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან თუ დაბალი იერარქიის ჩინოვნიკებთან, თუმცა მსგავსი აქტივობები თურქეთში XIX საუკუნიდან არსებული მძლავრი აფხაზური დიასპორის გავლენას უკავშირდება. რაც შეეხება ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგს, იქ ეს საკითხი მაღალ დონეზე საჯაროდ არასოდეს დაყენებულა.

ბრაგვაძე მიიჩნევს, რომ თურქეთის საქართველოს კონფლიქტებისადმი დამოკიდებულებაში განსაკუთრებული ცვლილებები არ არის მოსალოდნელი. მისი ვარაუდით თურქეთი გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და იმავდროულად აფხაზეთის მიმართულებით გარკვეული აქტივობები შენარჩუნდება.

რუსეთი

აფხაზეთის კონფლიქტზე რუსული გავლენისა და როლის შესახებ ბევრისთვის ისედაც ნათელია. თუმცა ამჯერად ყურადღებას გავამახვილებთ იმ სისტემურ ტრანსფორმაციაზე, რომელიც რუსეთმა ბოლო ათწლეულებში გაიარა და რაც თავის მხრივ შესაძლოა ყველაზე მეტად განაპირობებდეს საგარეო პოლიტიკაში მის  ქცევასა და სტრატეგიას.

რუსეთის ერთერთი  მთავარი სტრატეგიული გამოწვევა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მსოფლიოს ასპარეზზე წონისა და გავლენის შენარჩუნება იყო, თუმცა ეს წარმატებით ვერ მოხერხდა და 90-იან წლებში მკაფიოდ უნიპოლარული სამყარო ჩამოყალიბდა.

დღეს ბევრი საუბარია იმაზე, რომ ეს პერიოდიც დასრულდა, თუმცა მეორე პოლუსად რუსეთს აღარავინ განიხილავს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიც, რომლებიც თავიანთ ერთადერთ რეალურ პოტენციურ კონკურენტად ჩინეთს მიიჩნევენ. დავით ბრაგვაძე ხაზს უსვამს იმასაც, რომ თავად რუსეთში დემოკრატიის მხრივ დიდი უკუსვლა მოხდა: გამყარდა ძალაუფლების ვერტიკალი, შეიზღუდა მედია, სამოქალაქო საზოგადოება თუ პოლიტიკური საქმიანობა.

2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულმა მორიგმა სამხედრო აგრესიამ მსოფლიოს დამოკიდებულება პუტინის რეჟიმის მიმართ შეცვალა. დღეს რუსეთის რევიზიონიზმი აღარ არის აღქმული უწყინარ რიტორიკად (განსაკუთრებით ევროპაში). უკრაინის ომში გაჭედილი და სანქცირებული რუსეთი ცდილობს სახის შენარჩუნებას და შიდა პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფას.

ამ პროცესების ფონზე, დავით ბრაგვაძისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართ რუსეთის პოლიტიკის პოზიტიური ცვლილებების მოლოდინი არ არსებობს. უკრაინის ომის კონტექსტში, შესაძლოა გაძლიერდეს სხვადასხვა “ინტეგრაციული” მიმართულებები, რაც საბოლოო ჯამში ამ ორი რეგიონის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში სრულ ასიმილაციას ემსახურება. ამ მხრივ, პროცესი უარყოფითად აისახება ადგილობრივ მოსახლეობაზე და რუსეთისთვის საჭიროების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული აფხაზებისა და ოსების უკრაინის ომში ჩართულობის მასშტაბებიც გაიზარდოს. საქართველოს ხელისუფლების დუმილის ფონზე რუსეთი მაინც არ აპირებს რაიმეს დათმობას.

საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართ რუსეთის პოზიცია ყოველთვის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო იყო, იმის მიუხედავად რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე ის ცდილობდა ნეიტრალური მშვიდობისმყოფელის როლის თამაშს.

2008 წლის ომისა და ამ ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, კრემლს განცხადების დონეზეც კი ამ გადაწყვეტილების უკან გახმობისთვის მზაობა არ გამოუმჟღავნებია და პირიქით, ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ ეს გადაწყვეტილება გადახედვას არ ექვემდებარება და საქართველო ახალ რეალობას უნდა შეეგუოს. ვითარება არ შეცვალა არა საქართველოს ხელისუფლების მკვეთრმა ანტიდასავლურმა პოლიტიკამ, აღნიშნავს ბრაგვაძე.

ევროპა და მისი გამოწვევები

უკრაინაში 2022 წელს დაწყებულმა ომმა ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ტოტალური ომის ეპიცენტრად პირველად აქცია. ევროკავშირი, რომელიც წლების მანძილზე ეკონომიკური ურთიერთობისა და დემოკრატიული მშვიდობის იდეებს ატარებდა – იძულებული გახდა ომის საფრთხისთვის კოლექტიურ თუ ცალკეულ სახელმწიფოთა დონეზე ეპასუხა.

უკრაინის ომს ბუნებრივია უდიდესი გავლენა ქონდა ევროპის საგარეო პოლიტიკაზე და ჯერჯერობით კიდევ არ არის გამოკვეთილი, თუ რა სახის ცვლილებებს შეიძლება ველოდოთ. განსაკუთრებით საქართველოს კონფლიქტების ჭრილში.

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი თორნიკე ზურაბაშვილი აღნიშნავს, რომ ბოლო ათწლეულების ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას მნიშვნელოვანია ორი ძირითადი პროცესის გათვალისწინება: ევროკავშირის გაფართოება აღმოსავლეთით და ევროკავშირის შიგნით მიმდინარე ინსტიტუციური ინტეგრაცია.

საბჭოთა კავშირის დაშლას ევროპული თანამეგობრობა 12 წევრი სახელმწიფოთი შეხვდა. დღეის მდგომარეობით, ევროკავშირი 27 წევრს მოითვლის. გაფართოება საკმაოდ რთული პოლიტიკური, ეკონომიკური და ადმინისტრაციული საკითხი გამოდგა. ეს საკითხები განსაკუთრებით მწვავედ დადგა 2004 და 2007 წლების გაფართოების დროს, როცა ევროკავშირს ერთდროულად 12 ქვეყანა შეუერთდა. საჭირო გახდა ორგანიზაციულ სტრუქტურის საფუძვლიანი ცვლილებები. შეიქმნა ახალი სამსახურებისა და არსებული სამსახურების გარდაქმნის საჭიროება, გაიზარდა კომისიის, პარლამენტისა და საბჭოს შემადგენლობა, შეიცვალა ამ უკანასკნელის გადაწყვეტილების მიღების პროცედურები.

ამის პარალელურად ბოლო 35 წლის განმავლობაში თანმიმდევრულად მიდიოდა წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილებების ევროკავშირის სტრუქტურებისადმი გადაცემა, მისდამი დელეგირება. მიუხედავად იმისა, რომ ამ წლების მანძილზე ევროკავშირის როლი თანმიმდევრულად იზრდებოდა, საგარეო პოლიტიკის საკითხი მაინც ქვეყნებს შორის კონსენსუსზე რჩებოდა დამოკიდებული.

რაც შეეხება საქართველოს – ევროკავშირში მის მიმართ ინტერესი 2004 წლის შემდეგ ჩნდება. ევროკავშირის საზღვრების აღმოსავლეთით „გადმოწევამ“პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან მიმართებით ახალი, უფრო აქტიური პოლიტიკის ჩამოყალიბების საჭიროება თავისთავად შექმნა. სწორედ ამ დიდი გაფართოების გამოძახილი იყო 2004 წლის სამეზობლო პოლიტიკა, რომელმაც საქართველოც მოიცვა.

ზურაბაშვილი იხსენებს, რომ აგვისტოს ომის დასრულებიდან მალევე ევროკავშირმა შეიმუშავა ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობის ახალი პოლიტიკა, ე.წ. „ჩართულობა აღიარების გარეშე“. ამ პოლიტიკის თანახმად, ევროკავშირის ინსტიტუტები გააგრძელებდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან კონტაქტების დამყარებას, მათ შორის ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობას, თუმცა, ეს ყოველივე დამოუკიდებლობის აღიარების გარეშე მოხდებოდა. სწორედ ამ პოლიტიკის საფუძველზე დაიწყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ მიმდებარედ ჰუმანიტარული პროექტების განხორციელება. 

პარალელურად, ევროკავშირის ეგიდით შეიქმნა სამოქალაქო დიალოგის რამდენიმე პლატფორმა. პარალელურად, ბრიუსელი და ცალკეული წევრი სახელმწიფოები აქტიურად აგრძელებდნენ საქართველოს პოზიციების საერთაშორისო ფორმატებში წარდგენას, მათ შორის ხდებოდა ადგილზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარების, აგრეთვე, ბორდერიზაციის უარყოფითი შედეგების, მუდმივი წამოჭრა. ევროკავშირი მხარს უჭერდა საქართველოს მიერ წარმოებულ არაღიარების პოლიტიკასაც, აგრეთვე, მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ წამოწყებულ სხვადასხვა ნაბიჯსაც, მაგ. „ნაბიჯი უკეთესი მომავლისათვის“.

თორნიკე ზურაბაშვილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე გადამწყვეტი გავლენა უკრაინის ომის დასასრულს ექნება. გარდა ამისა მნიშვნელოვანია ის, თუ რა სახის დამოკიდებულება იქნება ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის, რადგან დიდწილად სწორედ ამ ურთიერთობებზეა დამოკიდებული წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მომავალიც, რომლის მთავარი მოსარგებლე სწორედ საქართველოს მსგავსი, მცირე სახელმწიფოები არიან.

ამავდროულად, ჩანს ისიც, რომ თავად ევროკავშირის შიგნითაც მიმდინარეობს საკუთარი როლისა და რაობის გადააზრების მტკივნეული პროცესი. ერთი მხრივ, დგას უფრო სიღრმისეული ინტეგრაციის საჭიროება, რათა ბრიუსელმა უფრო ეფექტიანად შეძლოს არსებულ პრობლემებთან გამკლავება, ხოლო მეორე მხრივ, გვაქვს ანტიევროპული ძალების მომძლავრების დინამიკა ევროპის მრავალ ქვეყანაში.

ამრიგად, იმდენად ბევრი ცვლადია, რომ შეუძლებელია სანდო პროგნოზის გაკეთება. ამის მიუხედავად, ზურაბაშვილის მოსაზრებით დღეს ევროკავშირში საქართველოსთან მიმართებით გვაქვს ერთი მყარი მოცემულობა. კერძოდ, ჩანს, რომ ევროკავშირის ინტერესი საქართველოსადმი შემცირებულია: თბილისის მიერ ბოლო წლებში გადადგმული არადემოკრატიული ნაბიჯებისა და რუსეთის მიმართ პოლიტიკის კიდევ უფრო დათბობის ფონზე, ბრიუსელი საქართველოს მიმართ აქამდე არსებული პოლიტიკის გადაფასების პროცესშია.

მოკლევადიან პერსპექტივაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროკავშირის ინტერესი ურთიერთობების გაუარესებამდე არსებულ დონეს დაუბრუნდეს. ეს არ ნიშნავს, რომ ბრიუსელი სრულად ჩაეხსნება საქართველოს, მათ შორის მის კონფლიქტურ რეგიონებს.

თუნდაც ფორმალურად, საქართველო რჩება ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად, რაც მას ავტომატურად ტოვებს ბრიუსელის რადარზე. ჩართულობის აქამდე არსებული მექანიზმები თვითდინებით გაგრძელდება, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბრიუსელმა რამე ახალი ინიციატივა წამოიწყოს ან მხარი დაუჭიროს.

ამერიკის შეერთებული შტატები

ბოლო ათწლეულების მსოფლიო პოლიტიკაზე ყველაზე მეტი გავლენა შეერთებულ შტატებს აქვთ და საქართველოს კონფლიქტების მომავალს დიდ წილად სწორედ ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკა განსაზღვრავს. ეს გავლენა შესაძლოა უშუალოდ აშშ-ის ქმედებებით იყოს განპირობებული, ან მისი უმოქმედობით. ორივე შემთხვევაში დიდწილად სწორედ შეერთებული შტატები მისცემენ საერთაშორისო წესრიგს ტონს.

ცვლილებებს ბოლო ოცდაათი წლის მანძილზე გვერდი არც შეერთებული შტატებისთვის აუქცევია. ამ მხრივ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ 90-იანი წლების უნიპოლარულ საერთაშორისო წესრიგზე, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ვაშინგტონი ერთადერთი მსოფლიო ჰეგემონი გახდა. ამგვარმა პოლიტიკამ ნატოს გაფართოებაზეც დიდი გავლენა იქონია და შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ მსოფლიო ჰეგემონობამ ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებში აქტიურად ჩაითრია კიდეც. გლობალური დომინანტობის სტატუსის შენარჩუნების მიზნით ვაშინგტონი ლოკალურ კონფლიქტებს გლობალურ მნიშვნელობას არ ანიჭებდა. ასეთი დამოკიდებულება ჩანდა 2008 წლის ომისა თუ 2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ.

თუმცა 2022 წლის უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეერთებული შტატები უყურადღებოდ ვერ დატოვებდა ახალ გამოწვევას და სწორედ მისი ლიდერობით გააქტიურდა დასავლეთი და უკრაინას აქტიური მხარდაჭერა აღმოუჩინეს. მიუხედავად ამისა, ამერიკის საგარეო პოლიტიკაში ყველაზე ცხადი ცვლილებები დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემდეგ შეიმჩნევა.

მისი კრიტიკა ნატოს წევრების მიმართ, ევროკავშირის მიმართ, დასავლეთ ნახევარსფეროს ამერიკის გავლენის ზონად ღიად გამოცხადება, გრენლანდიაზე ტერიტორიული პრეტენზიები და ჩინეთის, როგორც მთავარი კონკურენტის გამოცხადება ბევრისთვის იმის ნიშანია, რომ სამყარო იცვლება და ეს ცვლილებები სწორედ იმაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორ მოიქცევა თავად ამერიკა.

საქართველოსადმი შტატების ინტერესი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ თბილისის მხარდაჭერაში გამოიხატებოდა და ეს არაერთ მიმართულებას შეეხებოდა. მართალია შეერთებული შტატები კავკასიის რეგიონში ეტაპობრივად და ნელა შემოდიოდა, თუმცა 2000-იანი წლების პირველ ნახევარში მათი როლი განუზომლად გაიზარდა. უშუალოდ კონფლიქტების მიმართ შეერთებული შტატები საქართველოს ინტერესებს იზიარებდა და დღემდე იმავე პოზიციაზეა, მიუხედავად იმისა რომ თავად მოლაპარაკებებისა თუ კონფლიქტის მოგვარებაში აქტიურად ჩართული მხარე გამოკვეთილად არ ყოფილა.

გასათვალისწინებელია, რომ შეერთებული შტატებმა დეკადის წინ ნელ-ნელა დაიწყეს ახლო აღმოსავლეთიდან გასვლა და 2022 წლიდან მათი ყურადღება უკრაინაზე გადაერთო, ხოლო ბოლო ორი წელია უკრაინის პრობლემაც კი ერთი შეხედვით მეორეხარისხოვნად გამოცხადდა. მათი მთავარი სამიზნე ჩინეთი და მასთან კონკურენცია გახდა.

ამასთანავე ცალმხრივი ნაბიჯები და სამხედრო ძალის დაუფარავი გამოყენება ისე, რომ საერთაშორისო სამართალზე მეტად საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე აპელირება ხდება, ცხადყოფს რომ კავკასიის რეგიონი არა იდეოლოგიური, არამედ – პოლიტიკური და ეკონომიკური კონკურენციისა და კონფლიქტის ზონად შეიძლება ჩამოყალიბდეს. ასეთ პირობებში საქართველოს ფასი მის ტრანზიტულ ფუნქციაშია, მაგრამ გარდა სარგებლისა – ტერიტორიული პრობლემები შესაძლოა ის დაბრკოლება აღმოჩნდეს, რის გამოც შეერთებული შტატები რუსეთთან დაპირისპირებისგან თავის არიდებას შეეცდება.

მთავარი საფრთხე რასაც საქართველო შესაძლოა ელოდეს არის შემდეგი – გავლენის სფეროების გაცოცხლება და რაც მთავარია კონფლიქტის საკითხების რუსეთისთვის „გადაცემა“ იქნება. ამ შემთხვევაში რუსეთს საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ხელ-ფეხი გაეხსნება.

ამასთანავე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 2008 წლის ომისა და 2020 წლის მეორე ყარაბაღის ომის შემდეგ კავკასიის რეგიონში კონფლიქტები ან ძალისმიერად მოგვარდა ან მოხდა მათი კონსერვაცია.

საქართველოს კონფლიქტების ხელახალი ესკალაცია არც თბილისის, არც მოსკოვისა თუ სხვა მოთამაშის ინტერესებში არ შედის ამ ეტაპზე, რაც გაურკვეველი მშვიდობის ატმოსფეროს ქმნის რეგიონში. შეერთებული შტატების იზოლაციონიზმისა და ყურადღების ჩინეთზე გადატანის ტენდენციებს თუ დავაკვირდებით – საქართველოს კონფლიქტები ნაკლები ყურადღების საგნად უფრო ყალიბდება, ვიდრე პრობლემად რომლის გააქტიურებაა მოსალოდნელი.

გაურკვევლობა პროგნოზებში

როგორც მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებების მიმოხილვა აჩვენებს – რთულია რაიმე სერიოზული და სანდო პროგნოზის გაკეთება. ჩვენ შესაძლოა ცვლილებების საწყის ეტაპზეც ვიმყოფებით და არათუ ამ ცვლილებების საბოლოო შედეგია უცნობი, თავად ისიც გაურკვეველია თუ რა მიმართულებით განვითარდება პროცესები.

ამ ეტაზე იკვეთება ტრადიციული პრობლემები, რისკები და შეიძლება გარკვეულ ახალ რისკებზეც გავამახვილოთ ყურადღება. მაგალითისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის ფაქტორი უმნიშვნელოვანესია საქართველოს კონფლიქტებისთვის და სწორედ ამ ომის დასასრული გამოაჩენს კავკასიისა და საქართველოს კონფლიქტების ადგილს მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებში.

ამ ომის დასასრული დიდწილად რუსეთის სამომავლო პოლიტიკაზეც იქონიებს გავლენას. ომის წარმატებით ან წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში კავკასია შესაძლოა მორიგი დაპირისპირების სივრცედ ჩამოყალიბდეს, რაც იმაზე მიანიშნებს რომ აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტები კვლავ დაიბრუნებენ მნიშვნელობას.

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ რუსეთის ინტერესები და მიზნები, არამედ დასავლეთის – ევროპისა და შეერთებული შტატების ხედვა და ინტერესები, მათი დანახვა და გააზრება. ევროპის შემთხვევაში მთავარ გამოწვევად სავარაუდოდ რჩება შიდა-ევროპული კრიზისი და ამ პრობლემებზე გადართვა. ამ შემთხვევაში კავკასია და საქართველოც პერიფერიად დარჩება, რომლებზეც ევროპა დროსა და რესურსებს არ ან ვერ დახარჯავს.

ამერიკის იზოლაციონიზმი და გავლენის სფეროების პრაქტიკის გაცოცხლება კი იმ რისკებს ატარებს, რომ კავკასია ან კონკრეტულად მხოლოდ საქართველო შესაძლოა რუსეთის გავლენის სფეროდ გადაიქცეს ან ნეიტრალურ, რუხ ზონად, სადაც მთავარი მოთამაშეების ინტერესი არსებული სტატუს კვოს შენარჩუნება იქნება, და არა რაიმე სახის ძირეული ცვლილებების მიღწევა, როგორიც მაგალითად საქართველოს ტერიტორიული პრობლემების მოგვარებაა.

დღევანდელ დღეს იმის აღიარებაც კი, რომ რეგიონიცა და სამყაროც გაურკვევლობაში იმყოფება შესაძლოა უფრო სწორი და მნიშვნელოვანი იყოს დაკვირვება აღმოჩნდეს, ვიდრე არასწორი პროგნოზების გაკეთება და მასზე გეგმების დაშენება.

მსგავსი სტატიები

სტატია განიხილავს რამდენად უნდა ველოდოთ ვენესუალასა და სირიას მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების უკან წაღებას.
ახრა ბჟანია განმარტავს, თუ რატომ არ შეიძლება ეს აფხაზეთში. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე
სირია აფხაზეთის დამოუკიდებლობას ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც აღიარებს. ჟურნალისტი ინალ ხაშიგი მიიჩნევს, რომ ეს დიასპორის გავლენაა.