Abkhazia-Inform-ვაგრძელებთ ინტერვიუების სერიას მეცნიერებსა და საზოგადო მოღვაწეებთან აფხაზეთის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, მის განვითარებაზე მოქმედი გარე და შიდა ფაქტორების შესახებ, საერთაშორისო პროექტებზე, რომლებიც შეიძლება საინტერესო იყოს აფხაზეთისთვის, ასევე, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხერხდეს პოლიტიკური პოზიციების დათმობის გარეშე გარე სამყაროსთან კონტაქტისთვის გზების განბლოკვა.
მანანა გურგულიას კითხვებს საზოგადოებრივი ორგანიზაცია, ასოციაცია „Инва-Содействие“-ს ხელმძღვანელი, ალხას თხაგუშევი პასუხობს.
– რამდენად თავისუფლად ვითარდება აფხაზეთი? ასე რატომ იგვიანებს მოდერნიზაციის პროცესი სხვადასხვა სფეროში?
ალხას თხაგუშევი: საკმაოდ თავისუფლად, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან თავისუფლადაც კი ვითარდება. ეს გამოიხატება ზოგიერთი პროცესის სტიქიურობაში, ქაოტურობაში. ძირითადად, ჩვენ დინებას მივყვებით, არ ვიღებთ ძალისხმევას, რომ რაღაც მნიშვნელოვანი საკითხები გადავწყვიტოთ. მათ სამომავლოდ ვდებთ.
– რა ფაქტორები უშლის ხელს აფხაზეთის განვითარებას?
– არის გარკვეული საგარეო ფაქტორების ნაკრები, მაგრამ მათ განმსაზღვრელად არ მივიჩნევ, ყოველ შემთხვევაში, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში. აფხაზეთის ნაწილობრივი აღიარება, ამის გამო გარესამყაროსთან ურთიერთობის დამყარების უნართან დაკავშირებული შეზღუდვა, ჩვენი ოპონენტების აგრესიული და არაკონსტრუქციული პოლიტიკა, რუსეთ-საქართველოს გართულებული ურთიერთობები, კიდევ უფრო რთული ურთიერთობები დასავლეთსა და რუსეთს შორის, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს აფხაზეთში საქმეთა ვითარებაზე, მის ეკონომიკასა და სოციალურ სფეროზე, ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა სასიცოცხლო სფეროს ტექნოლოგიურ მხარდაჭერაზე და სხვა მრავალი.
მაგრამ ეს მთავარი არ არის. პრობლემების ძირითადი ნაწილი დაკავშირებულია ჩვენს შიდა უპასუხისმგებლობასთან, იმასთან, რომ იქით არ მივდივართ, საითაც უნდა მივდიოდეთ. მეჩვენება, რომ უზარმაზარი სახელმწიფო აპარატი გვაქვს, ნაკლებად ეფექტიანი და ძლიერ კორუმპირებული. სრულიად გაუგებარია, რაში სჭირდება ჩვენს პატარა ქვეყანას ამდენი სახელმწიფო ჩინოვნიკი, რომლებსაც უკვე დიდი ხანია ვინახავთ არა ჩვენი სახსრებით, არამედ ფინანსური დახმარების ხარჯზე, რომელსაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი – რუსეთი გვაძლევს. ჩვენი ხელისუფლება ამ პრობლემის გადასაჭრელად პოლიტიკური ნების ნაკლებობას ავლენს.
ისევ – პოლიტიკური ელიტის ხარისხის საკითხი, რომელსაც ჩვენ თვითონ ვირჩევთ არა პროფესიონალური ხარისხით, არამედ ნათესაური, ოჯახური, მეგობრული კავშირებით.
პირველ რიგში, მოდერნიზაციის პროცესი იგვიანებს იმიტომ, რომ არ არსებობს მკაფიო გაგება, რატომ და როგორ უნდა განხორციელდეს იგი. აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებს, მასობრივად არ აქვთ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მოდერნიზაციის მოთხოვნა. მაგრამ როდესაც ასეთი მოთხოვნა არ არის ქვემოდან, ის უნდა წამოვიდეს ელიტისგან, მან უნდა შეუწყოს ხელი რაღაც ახალს. მაგრამ ჩვენს ელიტასაც ყველაფერი აწყობს. მოდის ტრანშები, ფული ტრიალებს, აქვთ წვდომა ქვეყნის ძირითად რესურსებზე. დღეს ერთს აქვს წვდომა ძირითად სიმდიდრეზე, ხვალ – სხვას, ეკონომიკა კი უკვე მერამდენე წელია სტაგნაციას განიცდის. რაღაც ციფრები მოჰყავთ, მაჩვენებლები, მაგრამ საქმიანი აქტიურობა არ ჩანს. მართლაც ამდენად წინ წავედით 2008 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი აღიარა?
აღიარებამდე, ჩვენ, ასე ვთქვათ, თავი გაგვქონდა, მაგრამ საკუთარი სახსრებით ვცხოვრობდით. აღიარების შემდეგ კი, როდესაც რუსეთი აფხაზეთის სამხედრო უსაფრთხოების გარანტად იქცა, მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების აღმოჩენა დაიწყო რესპუბლიკისთვის, ხელისუფლება პირობას დებდა და ჩვენც იმედი გვქონდა, რომ საშინაო პრობლემების გადაწყვეტას დავიწყებდით. მაგრამ ამის ნაცვლად სახელმწიფო ჩინოვნიკების აპარატის გაზრდა დავიწყეთ იმ დროს, როდესაც ამისთვის არანაირი რესურსი არ გაგვაჩნდა. კარგი, მთელ ამ ჩინოვნიკებს მკაფიოდ მაინც ესმოდეთ, რა და როგორ გააკეთონ; მაგალითად, მათ დიდ ნაწილს ხომ ესმის, როგორ მიითვისოს საბიუჯეტო სახსრები, და თუ ბიუჯეტი მოულოდნელად შემცირდა ან მორიგი ტრანშის ჩარიცხვა გადაიდო, პანიკა ეწყებათ.
სახელმწიფო აპარატის ზრდამ არანაირად არ გადაჭრა ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის საკითხები, მხოლოდ გააღრმავა კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემები. იმის ნაცვლად, რომ წესრიგში მოგვეყვანა სახელმწიფო-ადმინისტრაციული მმართველობის სისტემა, ჩინოვნიკთა არმიას ვზრდით. ჩვენი მართვის სისტემა ეფექტიანი მუშაობისკენ არ არის მიმართული.
– რამდენად უშლის აფხაზეთის განვითარებას ხელს საქართველოსთან დაურეგულირებელი კონფლიქტი? რა შეზღუდვებს აწყდება აფხაზეთი?
– ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დაურეგულირებლობის ნეგატიურ გავლენაზე საუბრისას, მე გამოვყოფდი საშინაო ფაქტორს, უფრო ზუსტად, ამ თემაზე დაუსრულებელ სპეკულაციებს.
მთავრობები იცვლებიან, ერთ პრეზიდენტს მეორე ცვლის, ოპოზიცია მოდის ხელისუფლებაში, წინა მთავრობა კი ოპოზიციაში გადადის, ამასთან, ფაქტობრივად, ყოველთვის ისმის ბრალდებები მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. სხვადასხვა სახის სპეკულაციები ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისა და კონფლიქტის დაურეგულირებლობის თემაზე – ეს ყველაზე მოწყვლადი და, ამავდროულად, „მოგებიანი“ თემაა. ხელისუფლებისა და ოპოზიციის კონსტრუქციული დიალოგისა და დაგროვებული შიდა პრობლემების გადაწყვეტის ნაცვლად, წლიდან წლამდე ისმის ერთი და იგივე ბრალდებები ეროვნული ინტერესების სავარაუდო გაყიდვის შესახებ, საქართველოსათვის რაღაცის დათმობაზე, აფხაზური პასპორტების უკანონოდ დარიგებაზე მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის, საქართველოდან აფხაზეთში ტვირთის გადაადგილების დაშვებაზე და ა.შ.
ყოველ ჯერზე, ეს სპეკულაციები გვაშორებს რეალური პრობლემების გადაწყვეტას, მუდმივად დღის წესრიგის ჩანაცვლება გვაქვს ქვეყანაში. იმის ნაცვლად, რომ განვიხილოთ, მაგალითად, როგორ გამოვიდეთ ენერგოკრიზისიდან, შევქმნათ პირობები მოსახლეობის ელექტროენერგიით სტაბილური მომარაგებისთვის, ჩვენ „ქართულ კვალს“ ვეძებთ.
ბევრი სპეკულაციებია სასაზღვრო ვაჭრობის შესახებ. აუცილებელია კონტრაბანდისთვის ბარიერის შექმნა, აუცილებელია, რომ საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე ჩვენმა საბაჟომ ნორმალურ რეჟიმში იმუშაოს, გადასახადი დაწესდეს აფხაზეთში შემოტანილ საქონელზე და ა.შ. ისინი, ვინც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ოპოზიციაში აღმოჩნდნენ, გვთავაზობენ საზღვრის ბოქლომით ჩაკეტვას, საზღვრის გავლით საქონლის ნებისმიერი გადაადგილების აკრძალვას.
ჩემი აზრით, ეს ყველაფერი – იმ სიგიჟის ყველაზე ნათელი ილუსტრაციაა, რომელიც ჩვენთან ტრიალებს.
რაც შეეხება საგარეო გარემოებებს, ისინიც მნიშვნელოვანია, მაგრამ არა იმდენად, იმ მხრივ, რომ ბევრი რამ ჩვენზე არაა დამოკიდებული. რაღაც ჩვენზეცაა დამოკიდებული, მაგრამ გვესმის, რომ არიან სხვა მოთამაშეებიც და ამ განლაგებას როგორც მოცემულობას ისე ვიღებთ.
მომავალში ხარჯების შესამცირებლად, კომუნიკაციის ახალი ფორმატებია საჭირო სხვადასხვა დონეზე. ახლანდელ ვითარებაში ინვესტიციებისა და ახალი თანამედროვე ტექნოლოგიების მოსაზიდად ძალიან შეზღუდული შესაძლებლობები გვაქვს. ბევრი რამ სანქციებისა და სხვა შეზღუდვების ქვეშ ექცევა.
საქართველომ ცალმხრივი ნაბიჯებით აფხაზეთთან ურთიერთობის დალაგების დემონსტრირების არასწორი გზა აირჩია. არ მესმის, როგორ შეიძლება ცალმხრივი მოქმედებების გზით გადაწყდეს კონფლიქტი, ოჯახური იქნება ეს, ეროვნებათაშორისი, სახელმწიფოთაშორისი თუ საერთაშორისო. მეჩვენება, რომ ცალმხრივი მოქმედებები, თუკი არ ამძიმებს ვითარებას, არც აუმჯობესებს. ისინი არ გვაახლოებს კონფლიქტის გადაწყვეტასთან, იმ მომენტთან, როდესაც მართლაც შეგვეძლება ვთქვათ, რომ კონფლიქტი ამოწურულია, ქართველები და აფხაზები საერთო მნიშვნელთან მივიდნენ.
როდესაც საქართველო აფხაზეთის მცხოვრებლების სამკურნალო პროგრამების შესახებ აცხადებს, ამას ერთგვარ ხაფანგად აღვიქვამ. ჩემი წარმოდგენით, ისინი დაახლოებით ასე მსჯელობენ: სხვაგან წასასვლელი აღარ გაქვთ და იძულებულები იქნებით ჩვენი წინადადებები მიიღოთ. მაგრამ საქმეში რეალურად ასეთი ტაქტიკა არ მუშაობს. ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილი სარგებლობს ამ პროგრამებით და მზად არ ვარ მათ გასაკრიტიკებლად, რადგან ჩვენს ქვეყანას არ შეუძლია მათთვის აუცილებელი სამედიცინო მომსახურების აღმოჩენა. იმკურნალებენ თუ არა საქართველოში – ეს თავად მოქალაქეების გადასაწყვეტია, რომლებსაც მკურნალობა ესაჭიროებათ. მაგრამ ისევ, რამდენად ამყარებს ეს პროგრამები ჩვენ შორის ნდობას და გვაახლოებს კონფლიქტის გადაწყვეტასთან? ვფიქრობ, რომ ქართველები თავს იტყუებენ. მართალია, მათთვის პრაქტიკული სარგებელიც არსებობს, ეს ინიციატივები აუმჯობესებს საქართველოს იმიჯს დასავლეთის თვალში და საშუალებას აძლევს მოიზიდონ დამატებითი სახსრები ჰუმანიტარული დახმარებისა და დონორებისგან სხვა დახმარებების სახით, სადაც აუცილებლად არის პუნქტი აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის დახმარების აღმოჩენის შესახებ.
ვიღაცას შეიძლება ეს დაუშვებლად მიაჩნდეს, მაგრამ მე ყოველთვის ვთვლიდი და ახლაც მიმაჩნია, რომ ჩვენ ვალდებული ვიყავით მიგვეღო კანონი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს იმ სოციალური კეთილდღეობის მიღებისა და გაფართოების საშუალებას მისცემდა, რომელიც საქართველომ შეიძლება შესთავაზოს, მაგრამ იმ საფუძველზე, რომ მან კოლოსალური ზიანი მიაყენა ომის დროს აფხაზეთს, ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მათთვის აღმოჩენილი საერთაშორისო დახმარება, აფხაზეთის მცხოვრებლებზეც ვრცელდება.
მაგრამ ეს ძალიან თამამი ნაბიჯი იქნებოდა, რომელზეც ნაკლებად სავარაუდოა, ვინმე დათანხმებულიყო. ეს ვლადისლავ არძინბას შეეძლო, საკუთარი თავისთვის საქმის გამო თბილისში წასვლის უფლება მიეცა. ასეთი თამამი ნაბიჯებისთვის მისი მასშტაბის პოლიტიკოსები არიან საჭირო, რომლებიც საკუთარი მოქალაქეების აბსოლუტური ნდობით სარგებლობენ.
დღევანდელ ვითარებაში, ისეთი წინადადებაც კი, როგორიც მრავალდონიანი ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებებია, ოპოზიციის მხრიდან უკმაყოფილების ტალღას იწვევს.
მიმაჩნია, რომ მხედველობაში უნდა მივიღოთ არა საქართველოს ცალმხრივი წინადადებები, თუნდაც, ძალიან მიმზიდველი, არამედ ინიციატივები, რომელიც ორივე მხრიდან გამოდის. ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შესახებ ყველა წინადადება შიდაპოლიტიკური ბრძოლის იარაღად არ უნდა ვაქციოთ.
ერთმნიშვნელოვნად უნდა განვუცხადოთ საქართველოს: თქვენს ყველა ცალმხრივ ნაბიჯსა და მოქმედებას დავაიგნორებთ, და ყველაფერს, რაც ორივე მხრიდან წამოვა, როდესაც ჩვენთან მოილაპარაკებთ, მნიშვნელობა არ აქვს, ვისი ინიციატივა იყო ეს, როდესაც ყველა ერთად დავამუშავებთ და საერთო დასკვნამდე მივალთ, რომ სასარგებლოა ორივე მხარისთვის, აი, ასეთ ქმედებებს დავუჭერთ მხარს.
საქართველომ არჩევანი უნდა გააკეთოს: ან ცალმხრივი სპეკულაციები, ან სრულყოფილი წინადადებები, რომელიც მხარდაჭერილი იქნება ორივე მხარის მიერ იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს ნდობა, კონკრეტული სფეროების დეპოლიტიზება მოხდეს და ვიფიქროთ ბევრ რამეზე.
– შეზღუდვებზე ვსაუბრობდით, რომელსაც აფხაზეთი აწყდება, კონკრეტულად რაში ვლინდება ისინი?
– შეზღუდვები შეეხება ჩვენი მოქალაქეების გადაადგილებას მსოფლიოში. შეზღუდული გვაქვს ევროპულ უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მიღების შესაძლებლობა. მსოფლიოში მრავალნაირი საგანმანათლებლო პროგრამები არსებობს, მაგრამ ჩვენს შვილებს, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ამით სარგებლობა არ შეუძლიათ. მხედველობაში არ მაქვს ევროკავშირის პროგრამით ჩვენი სტუდენტების სწავლის ერთეული შემთხვევები. აფხაზეთს სჭირდება არა 5-10 კაცი (5 ადამიანი თანამედროვე განვითარებულ სახელმწიფოს ვერ ააშენებს), არამედ უნდა იყოს 50, 500, 5000 განათლებული ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც იცნობს ინოვაციურ ტექნოლოგიებს, მართვის წამყვან გამოცდილებას.
ადრე ჩვენს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ახალგაზრდებისთვის, იმავე ჩინოვნიკებისთვის, გარკვეული შესაძლებლობების ორგანიზების საშუალება ჰქონდათ, გაცნობითი საგანმანათლებლო ვიზიტების (Study visit), მაგრამ ახლა ამ საქმიანობის ფართობი საგრძნობლად შემცირდა, თუკი საერთოდ ნულს არ გაუთანაბრდა.
შეზღუდვები ჩვენს ეკონომიკაზეც აისახება, ბიზნესზე, ლოგისტიკურ სქემებსა და ა.შ.
როდესაც ჩვენთან ამბობენ, არ შეგვიძლია დავუშვათ ის, რომ საქართველომ რაღაც სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები აამუშაოს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებამდე, ეს ნონსენსია. საქართველოსთვის ღიაა ფაქტობრივად მთელი მსოფლიო, რუსეთის მხრიდან დაწესებული გარკვეული შეზღუდვების გამოკლებით. ქართველები პირობითად თავიანთ დოლარს, ევროსა და რუბლს საგარეო ბაზრებზე ჩვენ გარეშეც აკეთებენ. პრინციპში, მათ ამის პრობლემა არ აქვთ. საქართველოს აფხაზეთი სჭირდება არა როგორც საკუთარი საქონლის გასაყიდი ბაზარი. ჩვენი ბაზარი ძალიან პატარაა საქართველოსთვისაც კი, მისთვის მნიშვნელოვანია რუსული ბაზარი.
აი, აფხაზეთში კი შესაძლებელი იქნებოდა თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნაზე საუბარი, სადაც იგივე აფხაზური, თურქული, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური, ქართული, ებრაული ან კიდევ რომელიმე სხვა ბიზნესი შეძლებდა ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
როდესაც ვიღაცას ენგურჰესის ერთობლივი ექსპლუატაციის მაგალითი მოჰყავს, ჩვენი შინაური პატრიოტები ამბობენ, რომ ეს განსაკუთრებული, გამონაკლისი შემთხვევაა. არ შემიძლია ამას დავეთანხმო. უბრალოდ, როდესაც გარემოებები გაიძულებთ, მშვენივრად ურთიერთობთ ქართველებთან, განიხილავთ სხვადასხვა პრობლემას.
ჩვენთან მთელი ქვეყანა ლოცულობდა, რომ ენგურჰესი სადერივაციო გვირაბის რემონტის შემდეგ სწრაფად ამუშავებულიყო. აი, მათ მინდა ვკითხო: თუკი ასეთი ამაყები და დამოუკიდებლები ვართ, 30 წლის განმავლობაში, რატომ ვერ მოვიფიქრეთ ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგების სხვა სქემა, რომ არ მოგვიწიოს ქართველებთან ურთიერთობა?
– განვითარების თვალსაზრისით აფხაზეთისთვის საინტერესო რომელი საერთაშორისო პროექტი ან შესაძლებლობა არ არის ხელმისაწვდომი დაურეგულირებელ კონფლიქტთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო?
– მიჭირს ვიმსჯელო ყველა შესაძლო სფეროზე, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა, უნარ-ჩვევების შეძენის შესაძლებლობა, რომ გამოიყენო ეს ტექნოლოგიები, გააკეთო რამე ნებისმიერ სფეროში, რომელიც არ უნდა აიღო, რომელიც მნიშვნელოვანია აფხაზეთისთვის, ეს თუ გარღვევა არა, ძალიან ძლიერი მასტიმულირებელი ფაქტორი იქნებოდა ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ზრდისთვის.
– კონკრეტულად რა გაქვს მხედველობაში, როდესაც ახალ ტექნოლოგიებთან წვდომის არარსებობაზე საუბრობ?
– ხშირად იქმნება სირთულეები ამა თუ იმ თანამედროვე აღჭურვილობის ან პროგრამული უზრუნველყოფის შეძენასთან დაკავშირებით. მაგალითად, ჩვენ დაკავებული ვართ რუკების შედგენით. ამისათვის არსებობს მონაცემთა დამუშავების სპეციალური სოფტი, მაგრამ ის ძალიან ძვირია. ვფიქრობდით, რომ მის შესაძენად მთავარი პრობლემა იქნებოდა ფული, მაგრამ რადგან ეს ამერიკული პროდუქციაა, არ მოგვყიდეს სანქციების გამო.
მაგალითად, ჩვენს ორგანიზაციას პერიოდულად ექმნება სირთულეები სამედიცინო და სარეაბილიტაციო აღჭურვილობის შეძენისას. თითქოს, რა უნდა იყოს ნაკლებად პოლიტიზებული, ვიდრე ინვალიდის ეტლია, მაგრამ აქაც შეიძლება პრობლემები შეიქმნას. ჩვენ ხომ საქართველოში არსებული წარმომადგენლობისგან შეძენა არ შეგვიძლია. გამოსავალს, რა თქმა უნდა, ვნახულობთ, მსოფლიო დიდია, მაგრამ ხანდახან არ გვიწევს ყველაზე კარგი ტექნოლოგიური გადაწყვეტის შეძენა.
ცოტა ხნის წინანდელი მაგალითი, რომელიც დაკავშირებულია კომპანია Microsoft-ის პროდუქტის შეძენასთან. არსებობს ასეთი ინიციატივა – Technical support, რომელიც ითვალისწინებს, რომ მსოფლიო პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიების ნაწილი საგრძნობ ფასდაკლებებს აძლევს არაკომერციულ, საქველმოქმედო ორგანიზაციებს. როდესაც მათ მივმართეთ, გვითხრეს, რომ თქვენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას, გეძლევათ 50%-ზე უფრო მაღალი ფასდაკლება. შემდეგ, გვთხოვეს, წარმოგვედგინა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი გვაქვს. მთელი აუცილებელი ინფორმაცია გადავუგზავნეთ, UNDP-ის ხაზით განხორციელებული და სხვა მსგავსი პროექტების ჩათვლით. ბოლოს მოგვწერეს წერილი იმის შესახებ, რომ ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებთ, მაგრამ აფხაზეთის არაღიარებული სტატუსის გამო, ჩვენი მხარდაჭერა არ შეუძლიათ.
კოლოსალური ლოგისტიკური ხარჯები გვაქვს ბიზნესში. როგორც ცნობილია, ყველაზე მოკლე გზა, როგორც წესი, ყველაზე იაფია. ჩვენ არაოპტიმალურ მარშრუტებს ვიყენებთ, რაც საბოლოოდ მომხმარებელს ურტყამს. ჩვენ, მთელი საზოგადოება ვიხდით ხარჯებს ნებისმიერ პროდუქტზე, რომელიც აქ არ არის წარმოებული. სხვა ლოგისტიკური სქემა რომ იყო, ნაკლები ხარჯი იქნებოდა.
შესაძლებელი იქნებოდა სადღაც საზღვართან თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა ლოგისტიკური საწყობებით, რათა იქ ჩამოსვლა თავისუფლად შეძლებოდათ ბიზნესმენებს თურქეთიდან ან საიდანაც გინდა. ბიზნესი იქ უნდა განხორციელდეს იმ წესებით, რომელიც სწორედ ამ თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში იქნება დაწესებული, რათა შემოსაზღვრო პროექტები ქართულ ან აფხაზურ კანონმდებლობაში არსებული წინააღმდეგობებისგან და დაეხმარო ადამიანებს თანამშრომლობაში. ვფიქრობ, თავისუფალი ეკონომიკური ზონების იდეის განხორციელება შეიძლება სიტუაციის განმუხტვას დაეხმაროს, უჩვენოს ქართველებს, აფხაზებსა და სხვა დანარჩენებს, რომ პრინციპში შესაძლებელია არა ომი, არამედ თანამშრომლობა და განვითარება.
– როგორ შეაფასებ კონფლიქტთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო აფხაზეთის დანაკარგებს?
– ის კოლოსალურია და კიდევ უფრო ღრმავდება იმით, რომ ეკონომიკას საკმარისი ინვესტიციების მიღება არ შეუძლია. ომის შემდეგ დასახელდა რიცხვი, 11.3 მილიარდი დოლარი. და არის კიდევ ასეთი რამ, როგორიც არის ხელიდან გაშვებული ან არარეალიზებული შესაძლებლობები.
მაგალითად, რატომ არ ვითარდება ჩვენთან მთის კურორტების სექტორი სრულყოფილად? ეს ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური პროექტია. ამ სფეროში წამყვანი ქვეყნები, რომლებიც აშენებდნენ იმავე ოლიმპიურ სოფელს სოჭში, „კრასნაია პოლიანაზე“ (გვერდზე დავტოვოთ ჩვენი შიდა პრობლემები, კორუფცია და ვივარაუდოთ, რომ ყველაფერი კარგად გვაქვს), ნაკლებად მოისურვებენ თანხების აქ ჩადებას აფხაზეთის სტატუსის გამო.
აფხაზური ტურისტული სექტორი კიდევ დიდხანს არ იქნება ხელმისაწვდომი არავისთვის, რუსების გარდა.
– რამდენად არსებითია სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ზარალი საქართველოსა და აფხაზეთს შორის დაბლოკილი კომუნიკაციების გამო?
– ყველა განიცდის ხელშესახებ ზარალს.
ცოტა ხნის წინ, პარლამენტმა მიიღო მიმართვა, აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან დროულად გაკეთდა. წინმსწრებად უნდა ვიმუშაოთ, შევთავაზოთ მნიშვნელოვანი იდეები. თუკი არაფერს არ შევთავაზებთ, ჩვენ გარშემო ყველა განვითარდება, შემოსავალს მიიღებს, ჩვენ კი ასე ვისხდებით, და ეს, რბილად რომ ვთქვათ, არაშორსმჭვრეტელობაა.
უნდა ვთქვათ, რომ ღია ვართ მსოფლიოსთვის, მაგრამ გვაქვს რაღაცები, რომელზეც, გვინდა, რომ ყურადღება გავამახვილოთ. არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენს ზურგს უკან საქართველო აფხაზეთს რაღაცაზე შეუთანხმდეს, ჩვენ კი ფაქტის წინაშე დაგვაყენონ.
– არსებობს საკმაოდ ფართო გავრცელებული მოსაზრება, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია ოფიციალურ თბილისთან ყველანაირი მოლაპარაკებების წარმოება მათ მიერ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე ხელმოწერამდე ან საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებამდე.
– მსგავს მიდგომაში ვერაფერ რაციონალურს ვერ ვხედავ. როგორ შეიძლება რაღაცაზე შეთანხმება, თუკი არანაირ მოლაპარაკებებს არ აწარმოებ?
– ასეთმა პოზიციამ შეიძლება გამოიწვიოს აფხაზეთის აღიარება?
– არა, რა თქმა უნდა. ამან შეიძლება მხოლოდ დააზარალოს ჩვენი სურვილი, ვიყოთ აღიარებულები.
– როგორ შეიძლება აფხაზეთის ეკონომიკური განვითარებისა და მოდერნიზაციისთვის შესაძლებლობების გახსნა?
– მიმაჩნია, რომ სავსებით შესაძლებელია ბევრი სფეროს დეპოლიტიზაცია, პირველ რიგში ეკონომიკური. ძალიან ეფექტიანი იქნებოდა.
– ამას ვინ გააკეთებს?
– ერთ-ერთ ვარიანტად შეიძლება განვიხილოთ ერთგვარი თავისუფალი ეკონომიკური ზონების ფორმატების შექმნა, როდესაც ჩვენ მოვარიდებთ ეკონომიკურ აქტივობას შესაძლო ნეგატივს, წინააღმდეგობებს, რომელიც შეიძლება იყოს ეროვნული კანონმდებლობის პირობებში. შევთანხმდებით, რომ ეს ერთგვარი ზეეროვნული დონეა, როდესაც ჩვენ იმის რეალური ცოდნის პირობებში, რომ პოლიტიკური კონფლიქტი არ გადაწყვეტილა, არჩევანს სამშვიდობო ინიციატივების სასარგებლოდ გავაკეთებთ და ადამიანებს მწვანე შუქს ავუნთებთ, რათა დაკავდნენ ვაჭრობით, კულტურის გაცვლით და ა.შ. თანაც, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე.
ვფიქრობ, არა მხოლოდ აფხაზეთში ჰყავს მოწინააღმდეგეები მსგავს ინიციატივებს. ვვარაუდობ, რომ საქართველოშიც არ არიან ცოტანი ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ეს არ უნდა გაკეთდეს. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უნდა შეიქმნას ასეთი ფორმატები და დავიცვათ ასე, რათა ადამიანებს, რომლებიც ჩართულები იქნებიან ამ პროცესში, არ დარჩეთ განცდა, რომ ეს რაღაც მოკლევადიანი ვარდისფერი აქციაა.
სერიოზული ბიზნესპროექტის განხორციელება და ინვესტიციების მოზიდვა გულისხმობს, თუკი გრძელვადიანს არა, სავალდებულო საშუალოვადიან პერსპექტივას მაინც. ექვს თვეში „ამოღების“ იმედით ფულს აღარავინ ჩადებს. ბიზნესი რისკთან არის დაკავშირებული, მაგრამ ყველა შესაძლო რისკთან ერთად, აუცილებელია გარანტიებიც.
ყველაზე მეტად ადამიანები შეიძლება გააერთიანოს ნორმალურმა ბიზნესმენის სულმა, ბიზნესმა, როდესაც ადამიანებს შეეძლებათ ეკონომიკურად განვითარება. მეჩვენება, რომ ეს ძალიან ჯანსაღი აზრია, საკმაოდ გასაგები. კულტურული და სოციალური სფეროები არანაკლებ მნიშვნელოვანია, მაგრამ იქ უფრო რთულია პლუსების დათვლა და შედეგი ნაკლებად ჩანს, უფრო მეტი სუბიექტური მომენტია.
ვფიქრობ, რომ ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებს პერსპექტივა აქვს. იგივე ენგურჰესი, ვერ ვხედავ, რომ ვინმე მასზე უარის თქმისთვის მზად იყოს. საქართველოს უკვე დიდი ხანია აღარ აქვს ის ინტერესი ამ გენერაციის მიმართ, რომელიც ომის დამთავრების პირველ ხანებში ჰქონდა, აფხაზეთში კი, წლების განმავლობაში, როგორც ვხედავთ, არა თუ შესუსტდა, პირიქით, გაიზარდა.
– როგორი პროექტი შეიძლება გამხდარიყო აფხაზეთისთვის გარღვევის მომტანი შეზღუდვების მოხსნის შემთხვევაში?
– თუკი შეზღუდვები მოიხსნება, ალბათ, რკინიგზა შეიძლება იყოს ძალიან წარმატებული პროექტი. ტვირთის გადაზიდვის გარდა, რომელიც დამატებით შემოსავალს აძლევს ბიუჯეტს, მივიღებთ თანამედროვე რკინიგზას. მივიღებთ კიდევ ერთ სატრანსპორტო მაგისტრალს ქვეყნისათვის.
როგორი იქნება მულტიპლიკატორის ეფექტი? რესპუბლიკის საავტომობილო ავტომაგისტრალი განიტვირთება. მისი გამტარუნარიანობა არც ისე დიდია. ეს პრობლემა ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან არსებობს. აფხაზეთს დღეს არ აქვს სატრანზიტო მოძრაობა და ჩვენ რომ ომამდელი პერიოდის ტრანზიტის პატარა ნაწილი მაინც დავუმატოთ, გარდაუვლად სატრანსპორტო კოლაფსი გველოდება. როდესაც ქვეყანა, თანაც ტურისტული, საცობში დგას, ეს კატასტროფაა.
მაგრამ ჩვენ გვაქვს რკინიგზა, სადგურები და ინფრასტრუქტურა, რომელიც ახლა არანაირად არ არის მოთხოვნადი. თუმცა, საქმე ისაა, რომ წამოვა ტრანზიტული ტვირთი, მეორეც – თანამედროვე, კომფორტული ელექტრომატარებლების გაშვების საშუალება გვექნება, რომლითაც ტურისტები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ ქვეყნის შიგნით. განიტვირთებოდა საავტომობილო გზა, შემცირდება ავტოსაგზაო უბედური შემთხვევების რაოდენობა, შემცირდება გაზით დაბინძურება. მიმაჩნია, რომ რკინიგზის თემა შეიძლება ერთ-ერთი გარღვევის მომტანი ყოფილიყო.
მსოფლიო ძალიან შორს წავიდა, ჩვენ კი, პერსპექტივების განხილვისას, ყოველთვის ვმსჯელობთ გასული საუკუნის 80-90-იანი წლების კატეგორიებით. დღეს სარკინიგზო კავშირი სხვა დონის კომფორტს, სხვა დონის ორგანიზებას ითვალისწინებს. ამ ყველაფრისთვის თანხებია საჭირო, ინვესტიციები. ლაპარაკიდან პრაქტიკულ სიბრტყეზე უნდა გადავიდეთ. გვაქვს ქვეყანაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგია? არ გვაქვს. მაგრამ ის აუცილებლად უნდა შევიმუშაოთ და მივიღოთ შეიარაღებაში და რკინიგზა ნებისმიერ შემთხვევაში ამ სტრატეგიის ერთ-ერთი საკვანძო ელემენტი იქნება.
გვყავს სატრანსპორტო სფეროში საკმარისი რაოდენობით პროფესიონალები? როგორ აღვადგენთ სადგურებს, რომლებიც ძველ დროში ამშვენებდნენ ჩვენს ქალაქებს? თუკი დაიწყება ტრანზიტი, რა მოცულობით? ყველა ამ საკითხზე დასაბუთებული პასუხია საჭირო. არ უნდა დავივიწყოთ ეკოლოგიაც, იმავე სოჭში ფიქრობენ, როგორ გადაიტანონ სარკინიგზო ინფრასტრუქტურა სანაპიროდან მთებში და ჩვენც უნდა წამოვჭრათ ეს საკითხი შესაძლო რეკონსტრუქციის შემთხვევაში.
ეს გრძელვადიანი პროექტი შეიძლება იყოს, რომელიც დაგვაკავშირებს პოზიტიურ, კონსტრუქციულ დღის წესრიგთან, არა აგრესიასა და ნეგატივთან, არა მილიტარისტულ რიტორიკასთან, არამედ შემოქმედებასთან. საქმე ისე უნდა მოვაწყოთ, რომ ინტერესი სხვადასხვა რეგიონულ მოთამაშეებს გაუჩნდეთ.
– რა პირობებში შეიძლება ამ პროექტის განხორციელება?
– თუკი დეპოლიტიზაციაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, შესაძლებლობა უნდა მივცეთ წაიმუშაონ ტექნიკოსებმა, ეკონომისტებმა, ეკოლოგებმა და არა პოლიტიკოსებმა. პოლიტიკოსებმა შეიძლება ნებისმიერ მომენტში გაანადგურონ ნებისმიერი იდეა. საჭიროა, რომ ტექნიკოსებმა ყველაფერი განიხილონ, გააანალიზონ და რაღაც დასაბუთებული სცენარები შემოგვთავაზონ. შემდეგი ნაბიჯი არის პროექტის საჯარო და გამჭვირვალედ წარდგენა ექსპერტიზის დასაბუთებით. და შემდეგ, მოვა პროექტის პოლიტიკოსების მიერ განხილვის დრო.
როგორც კი აფხაზეთის გავლით სარკინიგზო ტრანზიტის თემა წამოიჭრება, მაშინვე ჩნდება კითხვები: ვინ არის მთავარი ამ პროექტში, რა ერქმევა გზის ამ მონაკვეთს, ეს საქართველოს რკინიგზის ნაწილია, როგორც ოფიციალური თბილისი ამტკიცებს, თუ აფხაზური რკინიგზაა? შეგვიძლია გავრისკოთ და ვივარაუდოთ, ამ საკითხის დეპოლიტიზება შეიძლება, როგორც ენგურჰესის შემთხვევაში ხდება შექმნილი ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით.
შეიძლება იმ კომპანიების იურისდიქციის მოფიქრება, რომლებიც ჩართული იქნებიან ამ პროექტის განხორციელებაში. აფხაზეთიც და საქართველოც შეიძლება წარმოდგენილები იყვნენ აფილირებული კომპანიებით, სურვილის შემთხვევაში, სწორი სამართლებრივი კონსტრუქციის მოძებნა შესაძლებელია.
დავუშვათ, რომ რუსული, თურქული, სომხური და შეიძლება ირანული ბიზნესიც კი დაინტერესდეს ამ პროექტით. პრინციპში, დაინტერესებული მხარეები არსებობენ და საჭირო იქნება, ამ საქმის განხილვისას ისე გაკეთდეს, რომ არც ერთმა ახირებულმა ადამიანმა, რომელიც აფხაზეთსა თუ საქართველოში ხელისუფლებაში მოვა, არ გაანადგუროს ის. ეს კონცესია ზემოდან უნდა იყოს დაცული „ქოლგით“. მასში კონფლიქტის მხარეები მფლობელის რანგში არ იქნებიან წარმოდგენილი. სიტუაციის დეპოლიტიზებით, აფხაზურიც, ქართულიც და სხვა ბიუჯეტებით ამისგან სარგებელს ნახავენ. დარწმუნებული ვარ, რომ სურვილისა და კეთილი ნების შემთხვევაში შეიძლება ისეთი ფორმატის მოძებნა, რომელიც არც ერთი მხარისთვის არ იქნება გულსატკენი და, ამავე დროს, ყველას მოუტანს სარგებელს.
– შენ უკვე აღნიშნე, რომ ეკონომიკური და სატრანსპორტო პროექტები შეიძლება სარგებლის მომტანი ყოფილიყო რეგიონში სხვადასხვა მოთამაშეისთვის, აფხაზებისა და ქართველების ჩათვლით. არის კი დღეს პირობები ამ მიმართულებით ძალისხმევის დასაწყებად? მზად არის აფხაზური საზოგადოება, მხარი დაუჭიროს ასეთ ინიციატივებს?
– აშკარაა, რომ უპირველეს ყოვლისა საჭიროა გავერკვეთ იმაში, რაზეც შეგვიძლია 100 პროცენტით ზემოქმედების მოხდენა, რაც ძლიერ არ არის დამოკიდებული საგარეო ფაქტორებზე. უნდა განვიხილოთ შიდაპოლიტიკური კონტექსტი. ჩვენ გვჭირდება თავად მივიდეთ საერთო მნიშვნელამდე. ამასთან, უნდა დავეყრდნოთ არა სამიტინგო ვნებებს, არამედ მშვიდ ტონში წარმართულ საგნობრივ დიალოგს, რომელსაც საფუძვლად უდევს უსაფრთხოების, ტექნიკური, ეკონომიკური, ეკოლოგიური ასპექტების ობიექტური ანალიზი. და როდესაც ასეთი დიალოგი არ არის, მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებიღა რჩება.
ისევ რკინიგზის საკითხს რომ დავუბრუნდეთ, კრედიტის შლეიფი, რომელიც თავის დროზე მის აღსადგენად მივიღეთ, ასევე ძალიან უარყოფით გავლენას ახდენს. რა თქმა უნდა, რაღაც გაკეთდა, სხვა საკითხია, თუ როგორ გაკეთდა. და ეს ის უარყოფითი გამოცდილებაა, რომელიც, ალბათ, მხედველობაში იქნება მიღებული ახალი ინიციატივების განხილვისას.
ამიტომ პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს. ჩვენს საზოგადოებაში ძალიან ძლიერი პოლარიზაციაა, მაგრამ ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით, რამდენად ბევრი ადამიანია კატეგორიულად წინააღმდეგი და რამდენია მომხრე, რამდენისთვის კი საერთოდ სულერთია. ვეჭვობ, რომ მნიშვნელოვანი ნაწილს არ უნდა ჰქონდეს ამ საკითხზე გამოკვეთილი პოზიცია.
თუ ამ თემას განვავითარებთ, მხარეებს ერთმანეთის ოპონირების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ ღიად, პატიოსნად, ყველანაირი, ფარული ქვეტექსტების გარეშე. აქედან უნდა დავიწყოთ. ეს უნდა იყოს საზოგადოებრივი და პოლიტიკური დებატების თემა. მე მინდა ჩემივე თავი დივარწმუნო, მსურს, რომ დამარწმუნონ იმაში, რამდენად სასარგებლო ან სახიფათოა ეს.
– სწორად გაგიგე? როდესაც ე.წ. გარღვევის მომტან პროექტებზე ლაპარაკობ, სატრანსპორტო იქნება, ენერგეტიკული თუ სხვა რაიმე ეკონომიკური პროექტი, რომელიც შეიძლება საინტერესო და სასარგებლო იყოს როგორც აფხაზეთისთვის, ისე საქართველოსთვის, ჩვენ ისინი ფართო განხილვის საგნად უნდა ვაქციოთ? თანაც ყველა აუცილებელი გამოანგარიშებით?
– მეტსაც ვიტყოდი. მას შემდეგ, რაც საექსპერტო დასაბუთება მომზადდება და გაიმართება დებატები, ფართო საზოგადოებრივი განხილვა საქართველოშიც და აფხაზეთშიც, ამ საზოგადოებებს იმასაც კი შევთავაზებდი, ჩაეტარებინათ ზუსტი გაზომვები, რათა გამოერიცხათ ყველანაირი სპეკულაცია, ჩაეტარებინათ რეფერენდუმი, რომელზედაც თითოეული შეძლებს გამოხატოს თავისი დამოკიდებულება შეთავაზებული პროექტის მიმართ. და თუ 70 პროცენტი იტყვის არას, მაშინ მორჩა. და როგორ დაიცავ ამ პროექტს? არც ერთი ხელისუფლება მას არ დაიცავს, გიჟი არავინაა. თუკი უმრავლესობა პროექტს მხარს დაუჭერს, მაშინ ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერას მივიღებთ ორივე საზოგადოებაში და ამ თემაზე სპეკულაციები მაშინვე დაკარგავს აქტუალურობას. ისინი კი, ვინც პროექტს დაიცავენ, საკუთრი პოზიციების არგუმენტირებას შეეცდებიან იმით, რომ ამის უკან ადამიანების ნება დგას.
– და საიდან უნდა დავიწყოთ ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების მხარდაჭერის შემთხვევაში?
– თუ მხარდაჭერა იქნება, მაშინ შეიძლება საქმის კეთება და სიცოცხლით ტკბობა. ადგილობრივ დონეზე ამ პროექტის დაცვა ძალიან ადვილია. ესეც თავდაჯერებულობას შემატებს პოტენციურ ინვესტორებს, ყველას, ვინც მზადაა გრძელვადიან პერსპექტივაზე იმუშაოს. ეს პროექტი მოკლე ან საშუალოვადიანი ვერ იქნება, იდეალურ შემთხვევაში, ის სამუდამო უნდა იყოს.
გავიმეორებ, ეს მხოლოდ ჩემი პირადი ხედვაა. მიმაჩნია, რომ ჩვენ ან ვაწარმოებთ დიალოგს და სამშვიდობო ინიციატივებს განვავითარებთ, ანდა დროთა განმავლობაში ახალი ომი გველოდება მისგან გამომდინარე ყველა შედეგით. ამასთან, საქართველოში ახლა მაგალითად მოჰყავთ ყარაბაღის მოვლენები, მინდა შეგახსენოთ, რომ მათთან უფრო ახლოს უნდა იყოს 2008 წლის გამოცდილება. ნებისმიერ ომს მოაქვს ნგრევა და სიკვდილი და მინდა მჯეროდეს, რომ შევძლებთ მომავალი თაობებისთვის მშვიდობიანი ალტერნატივის შეთავაზებას.