რუსები აფხაზეთში მძიმე გადაწყვეტილებებისთვის ნიადაგს ამზადებენ | ინტერვიუ პაატა ზაქარეიშვილთან

FacebookXMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

ინტერვიუ პაატა ზაქარეიშვილთან

2025 წელი აფხაზეთისთვის მოვლენებით დატვირთული გამოდგა. ის ასევე საინტერესო იყო ქართულ-აფხაზური კონტექსტისა და რეგიონალურ კონფლიქტებთან დაკავშირებული გეოპოლიტიკური ცვლილებების კუთხით. ჩვენ გთავაზობთ ინტერვიუს პაატა ზაქარეიშვილთან, სადაც კონფლიქტოლოგი გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებს აჯამებს.

გასულ წელს აფხაზეთში დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რის შედეგადაც ბადრა გუნბა რეგიონის ფე-ფაქტო ლიდერი გახდა. როგორ შეფასებდით ამ არჩევნებსა და რუსეთის უჩვეულოდ ღია ჩარევას ამ პროცესებში?

დიახ, ეს არჩევნები გამოხატავდა აფხაზეთის მიმართ მნიშვნელოვან შემობრუნებას რუსეთის პოლიტიკაში. მრავალი წელია მოსკოვი აფხაზეთის არჩევნებში ღიად არ ერთვებოდა. ბოლოს ეს მოხდა ბაღაფშისა და ხაჯიმბას დაპირისპირების დროს და მაშინაც, რუსეთისთვის კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა ეს აქტიურობა.

მას მერე რუსეთი არჩევნების საკითხში ღიად არ ერეოდა, რადგან აშკარად ჩანდა, რომ ეს მიდგომა აფხაზებში ვნებათაღელვას იწვევდა. იქ ყველა რუსეთის მომხრეა და არავის მოსწონდა შიდა ამბებში უხეში ჩარევები. მრავალი წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთი პრინციპულად და მიზანმიმართულად ჩაერია აფხაზეთის არჩევნებში.

ამის მიზეზი კი ის არის, რომ ეტყობა უღირდათ ისეთი ადგილობრივი ხელისუფლების მიღება, რომელიც კრიტიკულ სიტუაციაში არ განუდგება რუსეთის ინტერესებს. გეოპოლიტიკურ კონტექსტში რუსეთს აფხაზეთში პრობლემები არ აქვს. საერთაშორისო სანქციების ფონზე აშკარად ჩანს, რომ რუსეთს სჭირდება აფხაზეთი სულ სხვა მიმართულებაში და სწორედ ეს არის 2025 წლის ერთ-ერთი წამყვანი თემა.

რუსეთმა აფხაზეთს ახალი ფუნქცია მოუძებნა და თანაც საქართველოს ფაქტორის გამოყენებით. რუსეთი საქართველოს ტერიტორიას, რომელიც თავადვე აღიარა დამოუკიდებლად, ახლა იყენებს სწორედ როგორც საქართველოს ტერიტორიას და არა როგორც დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულს.

გუნბა ბჟანიას დროს ვიცე-პრეზიდენტი იყო, არ ერეოდა არაფერში და იყო წყნარად, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას გააჩნდა გარკვეული ამბიციები და მზადყოფნა შეესრულებინა თავისი როლი. ეს როლი კი არის ის, რომ იყოს რუსეთის სანდო ფიგურა, მისი ნდობით აღჭურვილი პირი. გუნბა სრულად იღებს თავის თავზე რუსეთის იმპერიალიზმის გათეთრების ვალდებულებას. რუსეთმა რაც არ უნდა დაამციროს აფხაზები – გუნბა ამას ათეთრებს და თავის თავზე იღებს.

აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი რუსეთის დნობით აღჭურვილი პირი უნდა იყოს – ეს ერთგვარი აქსიომაა, მაგრამ რითი აჯობა გუნბამ ადგურ არძინბას, თავის მთავარ კონკურენტს? ისეთი მორჩილების რა დონე შესთავაზა გუნბამ, რომ არძინბას გუნდმა ვერ დაარწმუნა რუსეთის მხარე ფსონი მათზე დაედოთ?

ვფიქრობ მარტივადაა აქ საქმე. გუნბა წინა დე-ფაქტო ხელსუფლების წარმომადგენელი იყო, ვიცე პრეზიდენტი და მისი მხარდაჭერით რუსებს არ მოუწევდათ რაიმე სერიოზული, ძირეული პოლიტიკური ცვლილებების განხორციელება აფხაზეთში. ადგურ არძინბა ისეთივე მორჩილი იქნებოდა, როგორიც გუნბაა დღეს, მაგრამ მას რომ მოეგო ახალი გუნდი მოვიდოდა სოხუმში, ახალი ამბიციებით და ახალი ინტერესების დაკმაყოფილება დასჭირდებოდათ რუსებს.

რუსეთმა არ აიტკივა თავი ზედმეტი რისკებით. მათ შეეძლოთ მიეშვათ პროცესები, არძინბასაც მოეგო და დღეს ზუსტად ისევე იქნებოდა ვითარება, არაფერი ძირეულად არ შეიცვლებოდა. მაგრამ ამას აფხაზებში მოყვებოდა განცდა, რომ ისინი მაგრები არიან, რომ გაუმკლავდნენ რუსულ ზეწოლას, რუსულ წნეხს.

რუსეთმა დაანახა მათ, რომ ვერ გაუმკლავდნენ და ანახა რომ რეგიონში სიტუაციას კრემლი მართავს. რუსეთს შეეძლო გამდგარიყო გვერდზე და არ ჩარეულიყო, მაგრამ ეხლა არ იყო ამის დრო. ისინი უკრაინაში ვერ აღწევენ წარმატებებს, სანქციები დაუწესდათ და ამ დროს აფხაზებს გაუჩინო განცდა რომ მაგრები არიან – აი ეს არ აწყობდათ კრემლში.

რუსები ხვდებიან, რომ მათი წარუმატებლობა სხვებს აძლიერებთ. უკრაინის ომის დაწყების შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრცეში ბევრმა ქვეყანამ [ცენტრალური აზიის ქვეყნები, აზერბაიჯანი] გაიმყარა თვითშეგნება, რომ რუსეთთან კამათი და რაღაცეების მოთხოვნაც კი შეიძლება – აფხაზებსაც შეიძლება გასჩენოდათ ეს განცდა.

ასე რომ აქ არძინბას შეცდომებზე არაა საუბარი. ის უბრალოდ არასწორ დროს არასწორ ადგილას აღმოჩნდა. მისი დრო არ იყო. ამ ჩარევით გამოვლინდა რუსული პრიმიტიული იმპერიალიზმი. ეს დამოკიდებულება მხოლოდ აფხაზებთან არ აქვთ, საქართველოზეც იგივე ვლინდება. სწორედ პრიმიტიული იმპერიალიზმი აიძულებს რუსებს, რომ იფიქრონ და იმოქმედონ შემდეგი ლოგიკით – არ შეიძლება საქართველომ ან სხვა ქვეყანამ რამეში წარმატებას მიაღწიოს ან წარმატებულად იმუშაოს რუსეთთან. სხვა აუცილებლად წარუმატებელი უნდა იყოს ამ ურთიერთობაში და კრემლმა სხვას აუცილებლად უნდა უკარნახოს როგორ მოიქცეს.

მოდით შევეხოთ გასულ წელს რამდენჯერმე გააქტიურებულ საკითხს – ტრანზიტს აფხაზეთის გავლით. არის მოსაზრება, რომ აღიარების შემდეგ აფხაზეთმა რუსეთისთვის ფუნქცია დაკარგა, მაგრამ უკრაინის ომმა ეს ფუნქცია გააჩინა – ტრანზიტი სანქციების გვერდის ასაქცევად. რამდენად ასრულებს აფხაზეთი ამ როლს?

რა ფორმითაც აფხაზეთში გალის ტერმინალი ააშენეს და აპირებენ მის გამოყენებას მეტყველებს, რომ რუსეთი კარგად არ უყურებს აფხაზეთს. მას ანიჭებს მხოლოდ ტერიტორიის ფუნქციას და არა პოლიტიკურ ფუნქციას. აფხაზებს არავინ ეკითხება. რუსები საქართველოს ეკითხებიან, მაგრამ აფხაზებს – არა.

მემგონი აფხაზებს ძალიან დამამცირებელ პოზიციიდან ელაპარაკებიან. რუსები აფხაზებს არ უქმნიან განცდას, რომ მათ რამე ახალი როლი შეიძინეს. აფხაზეთი უბრალოდ უნიკალური შავი ხვრელი აღმოჩნდა: არსად სხვაგან, არც ერთ მეზობელ ქვეყნებში რუსეთს არ აქვს ასეთი რუხი ზონა სადაც შეიძლება ტვირთი შევიდეს ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე და შემდეგ გადაფორმდეს, როგორც რუსეთის ტვირთი.

არც ცხინვალის რეგიონს გააჩნია ეს ნიშნები, რომ ტრანზიტისთვის იქნას გამოყენებულ? რატომ კეთდება ასეთი აქცენტი აფხაზეთზე?

აფხაზეთში რკინიგზაა, აეროპორტი და საზღვაო პორტებია, ხოლო ცხინვალი ჩაკეტილია და მსგავსი ინფრასტრუქტურა არც არის. რუსეთს თუ ძალიან გაუჭირდა ცხინვალის გზასაც გამოიყენებს, მაგრამ დღეს არ არის ამის საჭიროება. ლარსზე შენდება გვირაბები, ავტობანი და ესეც საკმარისია.

აფხაზეთი კი უნიკალურია – თბილი ზღვა, გზები არ იკეტება. რუსებს უფრო მეტად ჭირდებათ არა პორტები, არამედ – გალის ტერმინალი. ფოთში შემოსული ტვირთი დაფიქსირდება როგორც საქართველოს ტვირთი, ხოლო ფოთის იქით რა ხდება ამას ვერავინ გააკონტროლებს. გალი საქართველოს ტერიტორიაა და იქ მოხვედრილ ტვირთზე საერთაშორისო ორგანიზაციები ვერ მოახდენენ მონიტორინგს. გალი არ კონტროლდება და თბილისი იტყვის, რომ არ იცის იქ რა ხდება.

თუმცა ეს საკითხი მაინც გადასამოწმებელია რადგან შესაძლოა ამ სქემით ოკუპაციის შესახებ კანონი რამე ასპექტში ირღვეოდეს. ოკუპაციის თემა რუსეთმა იდეალურად გამოიყენა ამ არასანქცირებული ტრანზიტის გასაკეთებლად.

თუ შეგიძლიათ ამ არასანქცირებული ტრანზიტის სქემა რომ აღგვიწეროთ. როგორც ჩანს აქცენტი გარედან აფხაზეთის გავლით რუსეთში ტვირთის შეტანაზეა და არა პირიქით. როგორია ეს სქემა რეალურად: საიდან მოდის ტვირთი, რა მარშრუტს იყენებენ?

მე ვფიქრობ, ამ პროცესში ჩართული არიან ირანი, თურქეთი და პოტენციურად ნებისმიერი ქვეყანაც შეიძლება მას იყენებდეს. ტრანზიტის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი ფოთის პორტია სადაც საკონტეინერო მიმოსვლაა. სქემა სავარაუდოდ შემდეგია: მესამე ქვეყნიდან ტვირთი გემით შემოდის ფოთის პორტში და რეგისტრირდება როგორც საქართველოს ტვირთი.

აქ მთავარია, რომ დოკუმენტებში ტვირთის საბოლოო დანიშნულების ადგილი იყოს საქართველო. ამიტომ მგონია, რომ ირანის ტვირთებიც ამ მარშრუტით შემოდის ქვეყანაში. ირანს კასპიის ზღვაც აქვს და იმ მარშრუტსაც იყენებენ, მაგრამ ეს გზა სარისკოა, რადგან ამით რუსეთთან სანქციის გვერდით ავლით ვაჭრობა ვერ დაიმალება.

მთელი მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ტვირთი როდესაც შემოვა ფოთის პორტში, გადაიტვირთება და შევა მერე გალში. სად წავა ეს ტვირთი გორში, ქუთაისში თუ შევა გალში და იქიდან რუსეთში – ამის შემოწმება პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს ტვირთი ფოთიდან შევა გალის ტერმინალში, გადაფორმდება, დაიტვირთება ახალ ტრაილერებზე, იქცევა რუსულ ტვირთად.

ვფიქრობ, რომ ოჩამჩირის პორტი უფრო მეტად ექსპორტზე მუშაობს ვიდრე იმპორტზე, მაშინ როცა გალის ტერმინალი აფხაზეთში შესულ ტვირთს ემსახურება. გალიდან ტვირთი შეიძლება რკინიგზით წავიდეს რუსეთში ან სოხუმის აეროპორტიდან საჰაერო გზით.

სავარაუდოდ ვიღაცეები ჩვენთანაც და აფხაზებშიც ამაში ფულს გააკეთებენ. ის რომ ჩვენთან ელიტური კორუფციაა, ვფიქრობ საკამათო თემა არ არის. ოჩამჩირის პორტი შესაძლოა საიდუმლო იარაღის ან მცირე რაოდენობის ტვირთისთვის გამოიყენებოდეს, რადგან ეს სარისკო გზაა და მისი კონტროლი ადვილია.

არის მოსაზრება რომ ენგურზე სატრანზიტო მიმოსვლა დე ფაქტო უკვე მოქმედებს. ზოგი მიიჩნევს, რომ ტრაილერები დადიან აქტიურად. თქვენ რას ფიქრობთ, რამდენად გაზრდილია ეს მიმოსვლა ენგურის ხიდზე?

არ ვფიქრობ, რომ ტემპი გაზრდილია. შესაძლოა ტრაილერები დადიან, მაგრამ რაიმე სახის სიხშირის ზრდაზე მე არ მსმენია. ამის დამალვაც რთული იქნებოდა, ვერ დაიმალებოდა. გალის ტერმინალი დიდი ადგილია და მისი მონიტორინგიც ადვილია თუნდაც რუხის მხრიდან, და იქაც ტვირთების შესვლაზე მონიტორინგი ადვილი იქნება. ჯერჯერობით ეს ტერმინალი არ მუშაობს, მაგრამ რომ მუშაობდეს, ამის დამალვა რთული იქნება.

გალის ტერმინალი ერგნეთის ბაზრობის ანალოგს ხომ არ ქმნის საქართველოსთვის? მათ შორის რაიმე მსგავსებას თუ ხედავთ?

ერგნეთში სტიქიური ბაზრობა იყო და შემდეგ ამ პროცესს მაფია და კორუფცია მოაჯდა. რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებამ ეს პროცესი უხეშად გააჩერა. იმ ფორმით ბაზრობა ვერ დარჩებოდა კანონდარღვევების გამო, მაგრამ რაღაც ფორმით ეს ფორმატი უნდა შენარჩუნებულიყო. ერგნეთში მოსახლეობა იყო ჩართული. ერგნეთი ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე იყო, გალის ტერმინალი კი ენგურს გაღმაა და მას მარტო რუსები აკონტროლებენ, აფხაზებსაც არ ანდობენ ამ საქმეს.

ამავე დროს ერგნეთში თითქმის მთელი კავკასია ვაჭრობდა, რადგან გეოგრაფიულად ცენტრში იყო. აქ ვაჭრობდნენ სომხები, აზერბაიჯანელები და სხვებიც. ამ ფუნქციას უკვე წლებია ლილოს ბაზრობა ასრულებს. გარდა ამისა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ლაგდება ურთიერთობები და პირდაპირი ვაჭრობაც სავარაუდოდ აღდგება.

გალი ერგნეთის ფუნქციას ვერ შეასრულებს და არ მგონია, რომ გალის ტერმინალი მსგავს სავაჭრო ცენტრად გადაიქცეს. ქართულ-აფხაზური სავაჭრო ურთიერთობები წლებია უკვე ჩამოყალიბებულია. ის მახინჯია, არალეგალურია, მაგრამ ისეთია, როგორიც არის.

აფხაზეთში ავეჯიც შედის ქუთაისიდან, ბევრი სხვა პროდუქტი და ნივთი. ქართულ-აფხაზური სავაჭრო უკანონო ურთიერთობები წლებია დალაგებულია და ტერმინალი რამე დამატებითს ვერ მოიტანს.

რას იტყვით რუსეთის სანქციებზე – რამდენიმე აფხაზ ჟურნალისტს უცხო ქვეყნის აგენტის სტატუსი მიანიჭეს, რამდენიმე ოპოზიციონერ პოლიტიკოსს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ზოგიერთის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღძრეს. რა პროცესებთან გვაქვს საქმე?

ეს არის აფხაზეთის მოთვინიერების პროცესის ერთ-ერთი გამოხატულება. აფხაზებო, იცოდეთ თქვენი ადგილი, იცოდეთ რას ამბოთ, როდის და როგორ ამბობთ – აი ამას ეუბნებიან რუსები. ისინი ღიად აჩვენებენ – ჩვენ ახლა ვსჯით რამდენიმეს, მაგრამ ყველამ იცოდეთ, რომ თქვენც მოგწვდებით და ვფიქრობ, რომ რუსებმა ამ ნაბიჯით დააცხრეს კიდეც სიტუაცია. ბევრი გაჩუმდა. იგივე არძინბას წინააღმდეგ წამოწყებული პიარის კამპანია, ანტი-თურქული კამპანია და სხვა ამ პროცესის გამოვლინებებია.

ეს ეგზეკუცია აფხაზების წინააღმდეგ არის ამავე დროს ახალი პოლიტიკის გამოვლინება – რუსები ნიადაგს ამზადებენ, რომ მოასუფთაონ ველი და წინააღმდეგობა მომავალი მძიმე გადაწყვეტილებებისთვის.

ნიადაგს ამზადებენ, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ინვესტიციებისა და სხვა ტიპის ხელშეკრულებები უპრობლემოდ მიაღებინონ აფხაზებს. ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებიც ამ მხრივ ამ შემოდგომაზე გაწმინდეს – გუნბას მხარდამჭერმა ძალებმა თითქმის ყველა ადგილობრივი ორგანოები დააკომპლექტეს.

თვითონ აფხაზებში რა განწყობები შეამჩნიეთ გასულ წელს, როგორ უყურებენ ამ პროცესებს?

ვფიქრობ, რომ აფხაზები დაიღალნენ. ისინი ელოდებიან უკრაინის ომის დასასრულს და ემზადებიან დასათმობად. ხედავენ, რომ საქართველომ დათმო და ასეთ გარემოში აფხაზების წინააღმდეგობის ძალა იწურება. საქართველო რუსეთს არც ეხმარება და არც ხელს უშლის რამე აკეთოს აფხაზეთში და აფხაზები ამასაც გრძნობენ.

მთავარი პრობლემა ის არის, რომ აფხაზეთში უკვე აღარ საუბრობენ და მსჯელობენ მომავალზე. საერთაშორისო ვითარება იცვლება და მსოფლიო ახლებურად ლაგდება. აი, ამ ახალ მსოფლიოში აფხაზები სად იქნებიან – ამაზე მსჯელობა აფხაზებში აღარ მიმდინარეობს.

მათთვის ტრადიციული სურათი რომ რუსეთი მუდმივად არსებობს და კრემლი მათი მფარველია – ეს გარანტია გაქრა. რუსეთი აღარ ჩანს როგორც სტაბილური, მუდმივი ფაქტორი. შესაძლოა უკრაინის ომის დასასრულს რუსეთს მოსთხოვონ ყველა უკანონოდ დაკავებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვა.

არც ბიძინა ივანიშვილია მუდმივი, შესაძლოა საქართველოც გამოფხიზლდეს და რუსეთს მოუწიოს ჯარების გაყვანა. ამ სამომავლო საკითხებზე აფხაზებში მსჯელობა საერთოდ აღარ შეინიშნება.

მსგავსი სტატიები

სტატია განიხილავს რამდენად უნდა ველოდოთ ვენესუალასა და სირიას მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების უკან წაღებას.
სირია აფხაზეთის დამოუკიდებლობას ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც აღიარებს. ჟურნალისტი ინალ ხაშიგი მიიჩნევს, რომ ეს დიასპორის გავლენაა.
"ჩეგემსკაია პრავდას" მორიგ ვიდეოში ჟურნალისტი და წამყვანი ინალ ხაშიგი ისტორიკოს ასტამურ ტანიასთან ერთად კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავს.